მთავარი,სიახლეები

სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლა გრძელდება, ლისიჩანსკი კვლავ დაბომბეს – გაიდაი

21.06.2022 • 1099
სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლა გრძელდება, ლისიჩანსკი კვლავ დაბომბეს – გაიდაი

დღეს, 21 ივნისს, სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონაში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს – წერს ტელეგრამზე ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი, რომელიც დღეში რამდენჯერმე აახლებს ინფორმაციას ტელეგრამზე ლუგანსკში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ.

გაიდაი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაბომბეს ლისიჩანსკი ავიაციის მეშვეობით, განადგურდა ათზე მეტი მაღალსართულიანი შენობა, კერძო სახლები და პოლიციის შენობა.

„მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობას ჯერ ვადგენთ, რადგან გუშინ ქალაქში უსაფრთხოდ გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო,“ – წერს გაიდაი.

მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიაყენეს უსტინივკას, მალორიაზანცევოს, ბელოგოროვკასა და გორსკის.

ამავე დროს, სევეროდენცკში, „აზოტის“ ქარხანაში, კვლავ რჩება 568 ადამიანი, მათ შორის, 38 ბავშვი – ძირითადად კომპანიის თანამშრომლები და მათი ოჯახები, რომლებმაც, გაიდაის თქმით, ევაკუაციაზე, როცა ეს შესაძლებელი იყო, უარი განაცხადეს. ამჟამად უკრაინის ჯარები სევეროდონეცკში აკონტროლებენ მხოლოდ „აზოტის“ ტერიტორიას.

ქალაქ სევეროდენცკსა და მის მიმდებარე სოფლებში ერთი თვეა ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. მიუხედავად დიდი მობილიზებისა, რუსული მხარე ჯერჯერობით ამ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.

________

ლისიჩანსკი. ფოტო სერგეი გაიდაის ტელეგრამის არხიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: