მთავარი,სიახლეები

მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი რუსებს ინფორმაციას აწვდიდა – უკრაინის უშიშროება

21.06.2022 • 2127
მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი რუსებს ინფორმაციას აწვდიდა – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროებამ ორ თანამდებობის პირს სამშობლოს ღალატის ბრალდება წარუდგინა. უშიშროების სამსახურის განცხადებით, მრავალეტაპიანი სპეცოპერაციის ფარგლებში, კიევში დააკავეს მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.

„ეს ჩინოვნიკები მტერს აწვდიდნენ სხვადასხვა ინფორმაციას: თავდაცვის შესაძლებლობებზე, საზღვრების მდგომარეობაზე, ცნობებს უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებზე“, – ნათქვამია უშიშროების განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსი კურატორები მათ 2-დან 15 ათასამდე დოლარს უხდიდნენ დავალებაში. თანხა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად გასაიდუმლოებული და მნიშვნელოვანი იქნებოდა მიწოდებული ინფორმაცია.

უკრაინის უშიშროების ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი „ფეესბემ“ 2012 წელს რუსეთში ყოფნისას გადაიბირა: „ის მოსკოვიდან უკვე ოპერატიული ფსევდონიმით, მობილური ტელეფონით და საიდუმლო დავალებით დაბრუნდა – მას უნდა მიეწოდებინა რუსებისთვის ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტიდან“.

უშიშროების სამსახურის მტკიცებით, გადაბირებული ჩინოვნიკი საიდუმლო დოკუმენტებს ბეჭდავდა, კამერით იღებდა და მეხსიერების ბარათზე ინახავდა. ფაილების გადასაცემად ის იყენებდა დახურულ ტელეგრამ არხს, რომლის მეშვეობითაც თავის „კონტაქტს“ შეხვედრაზე უთანხმდებოდა. სწორედ ჩინოვნიკის „კონტაქტი“ იყო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „კონტაქტიც“ მოსკოვში გადაიბირეს, მასთან „ფეესბეს“ აგენტი იური ვოდოლაზსკი მუშაობდა.

ინფორმაციის გადაცემის სქემა ასეთი იყო: ჩინოვნიკი გადასცემდა მასალებს „კონტაქტს“, ის კი კომუნიკაციის დაშიფრული არხებით რუსეთში გზავნიდა.

„კურატორისგან „კონტაქტი“ ჯილდოს ყირიმში ან მესამე ქვეყანაში პირადი შეხვედრებისას იღებდა. როგორც წესი, „ფეესბე“ მას ორი ადამიანის გასამრჯელოს უხდიდა, ფული უკვე კიევში ნაწილდებოდა,“ – აღნიშნავს უწყება.

ორივე დაკავებულის მიმართ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე, სამშობლოს ღალატის მუხლითაა აღძრული. სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა.

მთავარი ფოტო: უკრაინის უშიშროების სამსახური/ფოტო:ssu.gov.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: