მთავარი,სიახლეები

დანილოვი რუსეთის აგენტების ევროპაში შეგზავნასა და უკრაინის მოღალატეებზე

20.06.2022 • 2062
დანილოვი რუსეთის აგენტების ევროპაში შეგზავნასა და უკრაინის მოღალატეებზე

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, იმ ფონზე, როდესაც ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას, რუსეთი ევროპულ ქვეყნებში თავის აგენტურულ ქსელს აძლიერებს და დეზინფორმაციის გავრცელებით, უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ცდილობს.

უკრაინულ გამოცემა Liga.net-თან ინტერვიუში, დანილოვი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომების ნაწილი სწორედ რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლებას ეხება. მისი თქმით, არაერთხელ საჯაროდ დასახელდა რუსეთის აგენტებისა და გაულაიტერების ვინაობაც, მათ შორის, რადას ყოფილი დეპუტატი ევგენი მურაევი, რომელსაც, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრემლი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე განიხილავდა კანდიდატად, ვისაც  უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის ფონზე ქვეყნის მართვას ჩააბარებდა.

ოლექსი დანილოვის თქმით, უცნობია, სად იმყოფება ახლა მურაევი, „ის შეიძლება მოსკოვში ან ვენაში იყოს“. ავსტრიის დედაქალაქი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მტკიცებით, რუსეთის აგენტებითაა სავსე.

„ვენა გახდა კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულ აგენტურას იფარებს. გადავსებულია იქაურობა. ისტორიულად ასე აეწყო,“ – ამბობს ოლექსი დანილოვი.

Новое Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში, დანილოვმა იმ კოლაბორაციონისტებზეც ილაპარაკა, რომლებმაც, მისი თქმით, უკრაინას უღალატეს და ოკუპანტის მხარეს გადავიდნენ:

ხერსონში დროებით მმართველად პრორუსული შეხედულებებით ცნობილი ვლადიმირ სალდო დანიშნეს. დანილოვის ინფორმაციით, ის რუსეთის სამხედრო აგრესიამდე რამდენიმე დღით ადრე, სავარაუდოდ, იმ საიდუმლო შეკრებაშიც მონაწილეობდა, რომელზეც ქალაქის თავდაცვის საკითხებს განიხილავდნენ.

სვიატოგორსკში, რომელიც რუსებმა გასულ კვირას დაიკავეს, მერმა ვლადიმირ ბანდურამ განაცხადა, რომ თანახმაა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ შეთავაზებული პოსტი დაიკავოს. უკრაინის პროკურატურამ მას უკვე წაუყენა ბრალი სამშობლოს ღალატში.

ოლექსი დანილოვის აზრით, უკრაინის დაზვერვას კოლაბორაციონისტებზე გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მათ „ცხელ კვალზე“ დასაკავებლად საჭირო იყო კონკრეტული და პირდაპირი მიზეზი.

„მე ძალიან ვაფასებ ჩვენი კონტრდაზვერვის მუშაობას. ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, თუმცა ყველაფერი საჯარო არაა. ჩვენ რომ ვიცოდეთ, 24 თებერვლის შემდეგ რამდენი ადამიანი გაანეიტრალა კონტრდაზვერვამ, სხვანაირად ვილაპარაკებდით. ნეტავ ყველა ისე ასრულებდეს დავალებას, როგორც ისინი. სწორედ კონტრდაზვერვის დამსახურებაა, რომ მედვედჩუკი დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა და არა სადმე რუსეთში, და კიდევ უამრავი ადამიანი, რომლებზეც თქვენ არაფერი იცით.“

ოლექსი დანილოვმა დასძინა, რომ მოღალატეთა მხილება და დაკავება უკრაინის კონტრდაზვერვის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.

____

მთავარი ფოტო: ოლექსი დანილოვი/ფოტო: rnbo.gov.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: