მოსაზრება,სიახლეები

თურქმა მკვლევრებმა შავ ზღვაში 15 სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაწილაკი იპოვეს

21.06.2022 • 13574
თურქმა მკვლევრებმა შავ ზღვაში 15 სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაწილაკი იპოვეს

ცნობილი ხამსას გარდა, შავ ზღვაში 5680 სახეობა ბინადრობს, აქედან 200 თევზის და 4 ძუძუმწოვრების ნაირსახეობაა, მაგრამ ისევე როგორც ყველგან, დაბინძურების გამო მათ საფრთხე ემუქრებათ. ტრაპიზონის, თურქეთის შავი ზღვის პროვინციის, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ ართვინის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთით გადაჭიმულ ტერიტორიაზე შავი ზღვის წყალი 15 სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაწილაკითაა დაბინძურებული.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ივნისის თვის ანგარიშში წერია, რომ წიაღისეულის საწვავზე დაფუძნებული პლასტმასის წლიური წარმოება 2060 წლისთვის 1,2 მილიარდ ტონას მიაღწევს, ხოლო ნარჩენები 1 მილიარდ ტონას გადააჭარბებს.

მიკროპლასტიკი პლანეტის ყველაზე შორეულ და თითქოს ხელუხლებელ რეგიონებში, მათ შორის ანტარქტიდის ახალდაცვენილ თოვლშიც არის აღმოჩენილი. ამ უსიამოვნო სიახლის შესახებ ალჯაზირა თვის დასაწყისში წერდა. მიკროპლასტიკი წელს პირველად, მარტის თვეში, ადამიანის სისხლშიც იპოვეს. ნაგავი ყოველწლიურად იწვევს მილიონზე მეტი ზღვის ფრინველის და 100000-ზე მეტი ზღვის ძუძუმწოვრის სიკვდილს.

„პლასტიკური დაბინძურება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევაა, რომელიც ფართო ზიანს აყენებს ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობას“, – ამბობს OECD-ის ხელმძღვანელი მათიას კორმანი დეილი საბაჰთან საუბრისას.

პროექტის კოორდინატორი, ტრაპიზონის კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სურმენეს საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრი, დოქტორი იაჰია თერზი ამბობს, რომ მათ შეამოწმეს ტერიტორია, ართვინის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთით სტამბოლის ნაპირებამდე და შეაგროვეს ნიმუშები სანაპიროს გასწვრივ მდებარე 23 სადგურიდან, რათა გამოეკვლიათ ზღვის წყალში 5 მილიმეტრზე ნაკლები ზომის მიკროპლასტიკის ნაწილაკების არსებობა.

საბოლოოდ, მათ იპოვეს 15 სხვადასხვა „სახეობის“ პლასტმასი. სტამბოლში კი, რომელიც თურქეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, შავ ზღვაში მიკროპლასტიკური დაბინძურების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დაადგინეს – 55 ნაწილაკი ყოველ კუბურ მეტრზე.

შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ეს მაჩვენებელი 30 იყო, ხოლო რეგიონის შუა მონაკვეთები – ნაკლებად დაბინძურებული.

იაჰია თერზიმ გუშინ, 20 ივნისს, თურქულ მედიაორგანიზაცია Demirören News Agency-ს (DHA) უთხრა, რომ პოლიეთილენის ტერეფტალატი იგივე PET-ი, პოლიმერული ფისი, რომელი გამოიყენება პლასტმასის წყლის ბოთლებში, იყო ყველაზე გავრცელებული პლასტმასი, რომელიც მათ ზღვაში აღმოაჩინეს.

მას მოსდევს პოლიეთილენი და პოლიპროპილენი, პოლიმერი, რომელიც გამოიყენება ყველაფერში – ტანსაცმელში, კემპინგის ხელსაწყოებში, სამომხმარებლო პროდუქტების ფართო სპექტრის ჩანთებსა და კონტეინერებში.

ამავე თემაზე:

პირბადეებითა და პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული ზღვა – წყალქვეშა კადრები [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: