მთავარი,სიახლეები

რუსი გენერალი გადააყენეს მედესანტეებს შორის დიდი დანაკარგის გამო – ISW

19.06.2022
რუსი გენერალი გადააყენეს მედესანტეებს შორის დიდი დანაკარგის გამო – ISW

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის ცნობით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ახალი მეთაური დონბასის მკვიდრი გახდა.

აქამდე საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი იყო. თუმცა კრემლი აგრძელებს უკრაინასთან წარუმატებელ ომის „განტევების ვაცის“ ძიებას. შესაბამისად, გენერალ-პოლკოვნიკი სერდიუკოვი რუსი მედესანტეების რიგებში მასობრივი დანაკარგების გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).

სერდიუკოვი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობდა ყირიმის აღების ოპერაციას 2014 წელს, მოგვიანებით – 2019 წლის აპრილიდან სექტემბრამდე – ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებას სირიაში. 2022 წლის იანვარში, მისი მეთაურობით, ყაზახეთში პროტესტის ჩასახშობად შეიყვანეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტი.

სერდიუკოვს დააკისრეს პასუხისმგებლობა უკრაინაში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფების დაბალ ეფექტურობასა და დიდ დანაკარგებზე, განსაკუთრებით კიევის მახლობლად პირველი კვირების ოპერაციების დროს, – წერს ISW.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ის იყო მეთაური, როდესაც კიევის მახლობლად რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ჯავშანტექნიკის 60%-ზე მეტი განადგურდა, ხოლო უკან დახევის შემდეგ მან, საბრძოლო მზადყოფნის აღდგენის გარეშე, გააგზავნა მედესანტეები ხარკოვის მიმართულებით. აქ საჰაერო-სადესანტო ძალებმა შეიმუშავეს ახალი დევიზი: „ჩვენ გარდა არავინ, ჩვენ კი თქვენს შემდეგ“.

ანდრეი სერდიუკოვი 2016 წლის 4 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური იყო, 2017 წლის მაისში კი უკრაინის სანქციების სიაში მოხვდა.

ISW-ის ცნობით, სერდიუკოვი შეცვალა ცენტრალური სამხედრო ოლქის შტაბის უფროსმა, დონეცკის ოლქის მკვიდრმა გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ ტეპლინსკიმ.

ტეპლინსკი 1969 წელს დაიბადა მოსპინოში, დონეცკის ოლქში. 1992-1993 წლებში მონაწილეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის ლიკვიდაციაში. 1994-1995 წლებში – ჩეჩნეთის პირველ ომში. 1995 წელს მიიღო რუსეთის გმირის წოდება. 2019 წლიდან ის ხელმძღვანელობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ადმინისტრაციულ ერთეულს – ცენტრალური სამხედროოლქის შტაბს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის ომში უკვე დაკარგა 33 ათასზე მეტი ჯარისკაცი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: