მთავარი,სიახლეები

ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულებს 20 და 21 წელი მიუსაჯეს

20.06.2022
ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულებს 20 და 21 წელი მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს გორში ოთხი პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულს.

ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი ის მდინარე მტკვარში დაახრჩვეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ბრალდებულებმა უთხრეს მეგობარს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცავებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს. ოთხს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის მუხლებით წარედგინა. ხოლო ერთ პირს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობისთვის წარედგინა ბრალდება.

გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის, ბრალდებულებს 21 და 20-20 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, პროკურატურის ცნობით, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: