მთავარი,სიახლეები

ანას ცხოვრება 2 შვილთან ერთად 8 კვადრატში 

19.06.2022 • 1731
ანას ცხოვრება 2 შვილთან ერთად 8 კვადრატში 

34 წლის არაქსი (ანა) 2 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. არაქსი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს და ამ სახელით მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებში მიმართავენ. სხვა ყველა იცნობს, როგორც ანას.

პროფესია არ აქვს. 16 წლის იყო, როდესაც მოიტაცეს. მხოლოდ სკოლის დამთავრება შეძლო.

„მამაჩემი ისეთი ადამიანი იყო, უკან არ დამაბრუნებდა სახლში. არც დავბრუნდი. უბრალოდ გავჩუმდი,“ – იხსენებს ანა საკუთარი ქორწინების ისტორიას.

ქმართან მხოლოდ რამდენიმე წელი იცხოვრა. ორი შვილი გააჩინა. უმცროსი გოგო 2 თვის იყო, როდესაც ქმარს დაშორდა და უკან, მშობლიურ სახლში დაბრუნდა.

ანა ქმართან ერთად თანაცხოვრებაზე ბევრს არ ლაპარაკობს. ამბობს, რომ მისი ქმარი „თამაშობდა“. თუმცა იხსენებს ერთ ისტორიას დედამთილზე.

„ჩემი დედამთილი ჩამოვიდა საბერძნეთიდან. საჭმელი გავაკეთე. ვიფიქრე, ბავშვებს ვაჭმევ-მეთქი. მოვიდა ჩემი დედამთილი. შენ ვინ მოგცა უფლება, ჩემს მაცივარში ხელი ჩაგეყოო. ტაფა აიღო და ჩამარტყა თავში. ჩალურჯება მქონდა, მაგრამ მამაჩემმა არ დამიჯერა – ალბათ სადღაც წაიქეციო.

განქორწინებამდე ერთი დღით ადრე აჩუქა ყოფილმა ქმარმა ბინა დედამისს, მე რომ რამე არ მომეთხოვა. არადა, არაფერი არ მომითხოვია მათგან,“ – იხსენებს ანა.

განქორწინების საბუთებს ისე მოაწერა ხელი, რომ ალიმენტი არ მოუთხოვია.

„გერმანიაში ცხოვრობს ახლა. შარშან იყო ჩამოსული. მოვიდა აქ, ცოლთან და ორ შვილთან ერთად. იმ ზაფხულს დაჰყავდა ბავშვები საქანელებზე, ზღვაზე. ბოლოს 10-10 ევრო აჩუქა და ეს იყო, მეტი არაფერი,“ – ამბობს ანა მარკარიანი.

ანა ამბობს, რომ მისი რთული ცხოვრება განქორწინების შემდეგ უფრო გართულდა. ანა იხსენებს, რომ განქორწინების შემდეგ განსაკუთრებით გაუჭირდა.

„დავრჩით  უსაკვებოდ. უარაფროდ. მაშინ არც სოციალური გვქონდა. 8 წლის ბავშვს ვერ ეტყვი – არ მაქვს. მე და ჩემი ბიჭი დავდიოდით და ვითხოვდით – გაქვთ ერთჯერადი საკვები, რომ ბავშვებს ვაჭამო?“ – უყვება „ბათუმელებს“ ანა მარკარიანი.

ახლა ანა მარკარიანი ორ შვილთან ერთად 8 კვადრატული მეტრი ბარაკის ტიპის ნაგებობაში ცხოვრობს.

პატარა ოთახში დევს გასაშლელი დივანი – ის საწოლის ფუნქციასაც ასრულებს სახლში მცხოვრები სამი ადამიანისთვის. ოთახში ასევე დგას მაგიდა ოთხი დამტვრეული სკამით და ორი პატარა ტუმბო. მარცხენა კუთხეში მდგარ პატარა ტუმბოზე გაფუჭებული ტელევიზორია. მას ფეხსაცმლის კარადადაც იყენებენ. მარჯვენა კუთხეში მდგარ ტუმბოზე, კი ანას მამის ფოტოებია. ოთახის კედელი წვიმისა და ნესტისგან გაშავებულია და ბათქაშჩამოყრილი. იატაკზე მეტლახია დაგებული. ანას თქმით, სწორედ მეტლახის გამო მიიღო მაღალი სოციალური ქულა – 63 000.

ანა სოციალური დახმარების სახით თვეში 290 ლარს იღებს. ასევე სარგებლობს უფასო სასადილოთი, საიდანაც მისი 13 წლის შვილი ეზიდება ყოველდღიურად საჭმელს.

მეტლახის იატაკი ზაფხულში ანას საწოლი ხდება, რადგან ცხელა და პატარა დივანზე სამი ადამიანი ვეღარ თავსდება. ანა ამბობს, რომ მაგიდა, სკამები და ტელევიზორი ჩერნოვეცკის ფონდმა მოუტანა. თუმცა დროთა განმავლობაში სკამები დაიმტვრა, ტელევიზორი კი – გაფუჭდა. ანას თქმით, ერთი პერიოდი ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებდა, რადგან მათ ჩანთები და ტანსაცმელი არ ჰქონდათ.

„არ დადიოდნენ სკოლაში ბავშვები, არავის უკითხავს, რატომ არ დადიანო. ახლა დაიწყეს სიარული. ახლა ჩანთაც ვუყიდე, ცოტა რაღაცებს მოვაკელი. როცა რვეული ან რამე მჭირდება, თიკო აბაშიძე [ფონდი „იალქანი“] მეხმარება. აჭარის ანსამბლში დადის პატარა გოგო, ძალიან მიხარია. დიდი ბიჭი იძახის, დედა, მე არსად არ მინდა სიარული, მინდა მათემატიკა ვისწავლო ძალიან კარგად, მეზღვაური გავხდე და აქედან გავიდეთო. ბავშვი ამაზე არ უნდა ფიქრობდეს, ბავშვს უნდა ჰქონდეს ბავშვობა,“ – ამბობს აცრემლებული ანა.

ანას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

„ახლა რომ შემხედონ, იტყვიან – ახალგაზრდაა, რატომ არ მუშაობს. თიკო აბაშიძე [ფონდი „იალქანი“] დამპირდა კბილების გაკეთებას. ასე მიმიღონ სამსახურში, რთულია,“ – ამბობს ანა და კბილებს გვაჩვენებს.

მისი პირის ღრუ თითქმის ცარიელია. 34 წლის ქალს არც ერთი კბილი  მთელი არ აქვს.

ანა ამბობს, რომ „სულ ასე არ იყო“.

„ჩემი მიზანი იყო სწავლა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მინდოდა მესწავლა უნივერსიტეტში და ინგლისურის მასწავლებელი გამოვსულიყავი.

ნაადრევმა ქორწინებამ ეს გეგმები ჩაშალა. ჩვენ არ გადავიხდით სწავლის ფულსო – ჩემი ქმრის ოჯახმა. მამაჩემი აღარ დადიოდა მაშინ გემზე და აღარ ჰქონდა ფული. დავრჩი ასე.

საკომუნიკაციო ინგლისური ვიცი, სკოლიდან. „ორბში“ ვმუშაობდი, ადმინისტრატორი ვიყავი. ასევე მეორადებში ვმუშაობდი. ზედნადებებს ვწერდი. ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო იძულებული გახდა სამუშაო მიეტოვებინა. „ამდენი რამის გადატანა ძალიან ძნელია,“ – ამბობს ანა მარკარიანი.

რა გჭირდებათ ყველაზე მეტად, ვკითხეთ ანას. „ალბათ ბავშვების სიხარული, სხვა არ ვიცი,“ – ამბობს ის.

ანა მარკარიანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: