მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

15.06.2020 • 3633
პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული პირბადეები და რეზინის ხელთათმანები შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზეც გამოჩნდა.

უცხოელმა გარემოსდამცველებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს იმის შესახებ, რომ პანდემიის პრევენციისთვის გამოყენებული ნივთები საგრძნობლად აბინძურებს გარემოს პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და ზღვის ძირითადი დამაბინძურებლების გვერდით.

მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ  COVID19- ის პრევენციისთვის გამოყენებული ინვენტარი: პირბადეები და რეზინის ხელთათმანები გამოყენების შემდეგ თავდახურულ ურნაში მოათავსონ, მსგავს ნარჩენებს ბათუმის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.

პანდემიის პერიოდში ურნებს აცდენილი ერთჯერადი პირბადეები და რეზინის ხელთათმანები საბოლოოდ ქუჩებში, ზღვებსა და ველურ ბუნებაში ხვდება.

ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენად გადამდებია ინფიცირებული პაციენტის მიერ ზღვაში ჩაგდებული პირბადე ან ხელთათმანი – არ იძებნება. ფრანგული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ifremer წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგებით, რომლის ფარგლებშიც ზღვის წყალი და მოლუსკები შეამოწმეს, აღებულ სინჯებში SARS-CoV-2-ის ნიშნები არ დადასტურდა. ინსტიტუტის ცნობით, კვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი საკანალიზაციო წყლებში დაფიქსირდა. მანამ სანამ ზუსტი ცნობები ზღვის წყალსა და COVID-19-ის ვირუსის შესახებ არ იქნება ცნობილი, დაზუსტებით ერთი რამ შეიძლება ითქვას –  თუ ასე გაგრძელდა, ისედაც დაბინძურებული ზღვებისა და ოკეანეების მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმდება.

პლაჟის დაბინძურებისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 80 ლარიანი ჯარიმა აქვს დაწესებული. „მას შემდეგ რაც ტენდერი გამოცხადდება, (პლაჟის მიმდებარედ) მოიჯარეებმა უნდა უზრუნველყონ მათ სექტორში სისუფთავის დაცვა, ურნებსაც დადგამენ. დილაობით პლაჟს ალაგებს სანდასუფთავების სამსახური, ასევე გვყავს მონიტორინგის სამსახური, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს ბულვარის ტერიტორიაზე” – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

წელს ბულვარისა და მის მიმდებარედ პლაჟის დანაგვიანების გამო ჯერ არავინ დაჯარიმებულა, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, პანდემიის პირობებში პლაჟის დანაგვიანებაზე ზედამხედველობა გამკაცრდება.

პლაჟის დაბინძურებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ბულვარის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე: 0422 27 88 08

გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, უშუალოდ წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, ორასიდან სამას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

COVID-19-ის პრევენციისთვის გამოყენებული პირბადე, ამოტანილია ზღვიდან

ზღვიდან ამოტანილი რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი, რომელიც წყლით იყო სავსე და ბოლოში, ბუშტივით იყო განასკვული

COVID-19 ის პრევენციისთვის გამოყენებული მრავალშრიანი პირბადე ბათუმის სანაპიროზე

სეზონის გახსნასთან ერთად, ბათუმის სანაპიროზე “ტრადიციული” ნარჩენებიც გამოჩნდა:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: