მთავარი,სიახლეები

ენდობით პუტინს, დაგპირდათ ის ტერიტორიების დაბრუნებას? – რა ჰკითხეს ღარიბაშვილს ყატარში

21.06.2022 • 2513
ენდობით პუტინს, დაგპირდათ ის ტერიტორიების დაბრუნებას? – რა ჰკითხეს ღარიბაშვილს ყატარში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. მას გამოსვლისას კითხვები დაუსვეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე.

მისი თქმით, 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მსოფლიოს არ ჰქონია ისეთი რეაქცია, როგორც ეს აქვს უკრაინის შემთხვევაში.

„მაშინ მსოფლიოს არანაირი ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის. იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ რუსეთის ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ სიტუაციაში.

რა თქმა უნდა, გვაღელვებს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე – გაერო, ეუთო, 260 რეზოლუციას მივუერთდით.

ჩვენ ვთქვით საჯაროდ, რომ ინდივიდუალურად, კომპანიებს არ ექნებათ სანქციების გვერდის ავლის საშუალება, ერთ-ერთი ბანკი იყო „ვითიბი“, ვმართეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ, ქართველები, ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსებს, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია, ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევები და ეს არის ჩვენი მოტივაცია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს იმ საფრთხეების გამო.

ჩვენ პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვიმყოფებით ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

მოლდოვა ავიღოთ, ასოცირებულ ტრიოშია, მაგრამ მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, რადგან მეტი უსაფრთხოების გამოწვევა გააჩნია მას“, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უსამართლოა.

„უსამართლოა ევროკომისიის გადაწყვეტილება, მაგრამ გვესმის, თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენ რეფორმებს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მოდერატორის კითხვას – ევროკავშირი უსამართლოდ მოექცა საქართველოს თქვენი აზრით? ღარიბაშვილმა უპასუხა: „მაკრონმა თქვა საჯაროდ, რომ უკრაინას და მოლდოვას იმიტომ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რომ ომშიაო. ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის“-ამბობს ღარიბაშვილი.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ნატო და ევროკავშირი ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი.

„80 პროცენტზე მეტი ჩვენი მოსახლეობის მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ყველაფერს აკეთებდა მთავრობა მოსვლის დღიდან. ნატოში გაწევრიანება არის ჩვენი განსაზღვრული მიზანი, ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული ნატოში გაწევრიანება, კონსესუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ მიენიჭოს ნატოში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ გვაქვს ტერიტორიების პრობლემები, ჯერ ეს უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზრება“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ამის მოგვარება ნიშნავს პუტინთან ურთიერთობას, მას ენდობით იმის შემდეგ, რაც უკრაინას გაუკეთა? – ჰკითხეს მას ფორუმზე.

„ბოლო 30 წლის მანძილზე სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება, ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში, ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი აღვადგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე“.

პუტინი დაგპირდათ? მას ენდობით? – კიდევ ჰკითხეს ღარიბაშვილს.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, მასთან არანაირი პოლიტიკური ურთიერთობა არ გვქონია, მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“, – თქვა ღარიბაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: