მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი ვეღარ უნდა მოატყუოს“ – რა დრო სჭირდება კლანის დაშლას

20.06.2022 • 1044
„ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი ვეღარ უნდა მოატყუოს“ – რა დრო სჭირდება კლანის დაშლას

„რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის,“ – მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და „სასამართლოს გუშაგი“ ხელმძღვანელი რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გაუწერა, მათ შორის, სასამართლო სისტემის ნაწილში.

ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, ხელისუფლება, პირველ რიგში, სასამართლო კლანის არსებობას უნდა დაუპირისპირდეს, თუ მას გაუჩნდება ნება, რეალურად დაუახლოვდეს ევროპას და რეფორმები ფორმალური არ იქნება –  სასამართლო სისტემაში რეფორმების 4 ტალღა უკვე განხორციელდა.

„აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი,“ – გვიყვება ნაზი ჯანეზაშვილი. მას ვესაუბრეთ, რა დრო და რესურსი შეიძლება დასჭირდეს სასამართლო ხელისუფლების ნაწილში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

  • ქალბატონო ნაზი, ევროკომისიის რეკომენდაცია ეხება სასამართლოს სისტემას – „გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია“ – წერია ამ ნაწილში და ხაზგასმულია, რომ საუბარია არა მხოლოდ რეფორმაზე, არამედ სასამართლოზე, რომელიც იქნება „სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი“. თქვენი აზრით, რა რესურსი და დრო დასჭირდება ამ პროცესს, ცხადია, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში? 

საკითხები, რომელიც ჩამოთვლილია დოკუმენტში, საჭიროებს ფუნდამენტურ მიდგომას, რასაც სჭირდება დრო, თუმცა რაღაც ნაწილი შეიძლება ხვალვე გააკეთოს პარლამენტმა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, გამოაცხადოს კონკურსი არამოსამართლე წევრების არჩევაზე.

ჩემი აზრით, ყველაზე მწვავე საკითხების გადაჭრას და პირველი რიგის პრობლემების მოგვარებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება… უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები: რის გაკეთება შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში, რა არის გრძელვადიანი. ვიცით, რომ წლებია საუბარია ამაზე, რეფორმების ტალღაზე, სასამართლოს სტრატეგიაშიც გაწერილია ბევრი რამ, დიაგნოზი დასმულია და ვიცით, რა სჭირდება სასამართლო სისტემას. მთავარია პოლიტიკური  ნება, რომ ორგანიზებულად წავიდეს ეს პროცესი.

მე არ ვიცი, ამ ეტაპზე რას დათმობს ხელისუფლება, ხელისუფლების პოზიციაც ამ დოკუმენტში სასამართლო სისტემის ნაწილზეც არ მოგვისმენია, თუმცა ევროკომისიის დოკუმენტი გულისხმობს სასამართლოს რეალურ გაძლიერებას და არა ფორმალურად რეფორმების ჩატარებას. ცხადია ერთი რამ: რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის. რეკომენდაციებში სიტყვა „კლანი“ ნახსენები არ არის, მაგრამ ხაზგასმულია ის, რომ ეს რეფორმები უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, ეფექტური და არა ფორმალური და თვალთმაქცური.

აქამდე ჩვენ არაერთხელ გვინახავს ხელისუფლების თვითკმაყოფილება, რომ ოთხი ტალღა განახორციელეს წარმატებით. ახლაც შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები გაატარონ, მაგრამ თუ ეს რეფორმა არ იქნება ნამდვილი, ისინი ვეღარ მოატყუებენ ევროკავშირს, ეს უკვე გამორიცხულია.

  • ევროკომისია აქცენტს აკეთებს „ძალაუფლების გადანაწილების“ საჭიროებაზე, როცა სასამართლო სისტემაზე საუბრობს. ეს რა გზავნილია? 

იმის, რომ რეალურად პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო, საქართველოში ფაქტობრივად ერთია პოლიტიკურად. ხელისუფლების დანაწილება იმიტომ არსებობს, რომ არსებობდეს ურთიერთშეკავება და კონტროლის მექანიზმი. მაგრამ საქართველოში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ მუშაობს, ამას კი ყველაზე მკაფიოდ სასამართლო აჩვენებს.

ამ კუთხით კანონი არ გვაქვს შესაცვლელი. ხელისუფლების დანაწილება კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, თუმცა პრაქტიკაში ასე არ არის. ამის შეცვლასაც სჭირდება პოლიტიკური ნება.

  • სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის გამო ევროპარლამენტის რეზოლუცია ეხებოდა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიასაც. თქვენი აზრით, რატომ აღარ არის მათ შესახებ საუბარი ევროკომისიის რეკომენდაციებში? 

არ ვიცი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ეს რეკომენდაციები მიემართება კონკრეტული ინსტიტუციების გაძლიერებას და არა კონკრეტულ ადამიანებს.

  • თქვენი აზრით, რატომ გამოყო სასამართლო სისტემის რეკომენდაციაში ევროკომისიამ უზენაესი სასამართლო და მისი „სათანადო ფუნქციონირებასაც“ გაუსვა ხაზი? 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა მოხდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ, ეუთო/ოდირის არაერთ დასკვნაშიც კი მოხვდა ეს საკითხი.

ფუნქციონირებაში კი ის იგულისხმება, რომ მოსამართლეები, რომლებიც აირჩიეს, უნდა განახორციელონ მართლმსაჯულება იმ ხარისხით და დამოუკიდებლობით, რაც კანონით არის განსაზღვრული. როცა ისინი ძალიან საეჭვოდ არიან არჩეულები, ბუნებრივია, უფლებების დაცვის გარანტი ვერ იქნებიან.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში, ევროკომისია ითხოვს „საფუძვლიან რეფორმას“. რას მოიცავს ეს რეფორმა და ამას რა დროს დასჭირდება? 

ბუნებრივია, იუსტიციის საბჭოს სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. პირველ რიგში, უნდა გაანალიზდეს პრობლემები, რაც არსებობს. მაგალითად, იუსტიციის საბჭომ შესაძლოა ჩანიშნოს სხდომა, მიხვიდეთ სხდომაზე და სხდომა არ ჩატარდეს ისე, რომ განმარტებაც კი არ გაკეთდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, რაც მისი ვალდებულებაა კანონით. თუ შეიკრიბებიან, იმსჯელებენ მოსამართლეების გამწესებაზე და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

ცხადია, აქ მასშტაბური ხასიათის ცვლილებებია საჭირო, თუმცა ამ შემთხვევაშიც 6 თვეა საჭირო რამდენიმე კომპონენტი რომ ავიღოთ, რაც არსებითი ხასიათის პრობლემებს ეხება. ამ დროში პირველი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება. მთავარია, ხელისუფლება რამდენად წამოვა ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომელიც მართლაც მოგვიტანს ხელშესახებ ცვლილებებს… ბევრი რამ უკვე გაკეთებულია სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და შესაძლებელია, სწრაფ რეჟიმში წავიდეს ეს პროცესი წინ.

  • რა შეიძლება იყოს რეალური რეფორმების ბერკეტი? თქვენ სად ხედავთ რესურსს, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემაში რეალურ ცვლილებებს დაიწყებს?

ერთადერთ გამოსავალს ვხედავ თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, რომელიც უნდა იყოს ადეკვატური. ეს პრობლემები, რაც დგას მართლმსაჯულების წინაში, გავლენას არ ახდენს მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე, ეს ადრე თუ გვიან შეეხება ყველას. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს შეაჩეროს, ისინი არიან, მნიშვნელოვანია, ეს უკმაყოფილება იარსებებს თუ არა საერთოდ და ეს იქნება ამოსავალი. იმედი მაქვს ის იმოქმედებს, რომ ჩვენ შეიძლება ვყოფილიყავით წარმატებული ქვეყანა და აშკარად ჩამორჩენა გვაქვს.

ვფიქრობ, მოსამართლეებიც, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ, დაფიქრდებიან ამაზე, ამ ჩამორჩენაზე იმ დროს, როცა შეგვეძლო, სამაგალითო ვყოფილიყავით.

თანაც, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამ პროცესში: ახლა კი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილია. ამიტომაც წერია ძალიან მკაფიოდ ახლა ამ რეკომენდაციებში, – რეფორმები უნდა იყოს ნამდვილი. „ოცნება“ ვეღარავის ვეღარ მოატყუებს. იმედი მაქვს, არც მისი ამომრჩეველი აღარ მოტყუვდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: