მთავარი,სიახლეები

კაცი, რომელმაც ქორწილში საცოლეს დაარტყა, უზბეკეთის სასამართლომ არ დასაჯა 

20.06.2022
კაცი, რომელმაც ქორწილში საცოლეს დაარტყა, უზბეკეთის სასამართლომ არ დასაჯა 

უზბეკეთის სასამართლომ არანაირი სასჯელი არ დააკისრა კაცს, რომელმაც ქორწილში საცოლეს დაარტყა. ამის მიზეზად სასამართლომ ქალის მხრიდან პრეტენზიის არარსებობა დაასახელა.

ინციდენტი 6 ივნისს მოხდა, წყვილის ქორწილში. მომხდარის ამსახველ ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ჩანს, რომ სიძე ძლიერად ურტყამს თავში პატარძალს, სიძის მეჯვარე იცინის, პატარძალი კი სცენიდან გაჰყავთ. ვიდეოდან ირკვევა ისიც, რომ კაცის საქციელს დარბაზში უკმაყოფილება არ მოჰყოლია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარს წინ უძღოდა კონკურსი – სიძე და პატარძალი ერთმანეთს კანფეტის სწრაფად გახსნაში ეჯიბრებოდნენ. კონკურსი საცოლემ მოიგო, რის შემდეგაც გაბრაზებულმა საქმრომ მას თავში ძლიერად ჩაარტყა.

სურხანდარიის ოლქის პოლიციამ საქმე ადმინისტრაციული კოდექსით, მსუბუქი ხულიგნობის მუხლით, ვიდეოს გავრცელებისა და საზოგადოების გამოხმაურების შემდეგ აღძრა.

ადგილობრივი ტელეკომპანიის სიუჟეტის მიხედვით, საქმრომ საცოლეს ბოდიში მოუხადა და დაჰპირდა, რომ მსგავსი რამ აღარასდროს გამეორდება. „თავი ვერ შევიკავე, ხელი თავისით გამექცა. გაუგებრობა მოგვარდა და ქორწილიც გაგრძელდა. ბოდიში მოვიხადე. ასეთი რამ აღარასოდეს გამეორდება,“  – თქვა კაცმა.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ წყვილი ერთი წლის წინ დაინიშნა, ქორწილიდან 9 დღის შემდეგ კი ქორწინების მოწმობაც აიღეს. ტელეარხთან ინტერვიუში ქალის დედა ჰყვება, რომ ცოლ-ქმარი დღეს ბედნიერად ცხოვრობს.

უზბეკი ბლოგერი და ქალთა უფლებების დამცველი აკიდა ხანუმი ამბობს, რომ ის, რაც აუდიტორიამ ამ ვიდეოში ნახა, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და უზბეკი საზოგადოება ქალის მიმართ ამგვარ მოპყრობას და ძალადობას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს.

მთავარი ფოტო: სქრინი ქორწილის ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: