გასულ კვირაში სევეროდენცკისთვის ბრძოლებში 28 კადიროველი მოკლეს – ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი ავრცელებს. როგორც ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, დაჭრილია კადიროველთა რაზმ „ახმადის“ 47 მებრძოლი, რომლებიც უკრაინაში ჩეჩნეთიდან ჩავიდნენ.
რომან ციმბალიუკი რამდენიმე მოკლულ კადიროველსაც ასახელებს: მაჰმუდ დოლდაევი, მოვლა მუსაევი, ხოვაჯი ბაკმურზაევი, მაგომედ იბლიევი, მალიკ ჯაბრაილოვი, ზაინულ ლიუბხანი, ასლან იანდიევი.
ჟურნალისტის თქმით, „ახმადი“ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს, კადიროველები ძირითადად სახლებისა და ქუჩების „წმენდით“ არიან დაკავებული.
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პიოტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, კადიროველები მარიუპოლშიც იმყოფებიან. აქ ისინი არა ქალაქის ცენტრში, არამედ გარეუბნებში არიან განლაგებული. ორი კვირის წინ ლუგანსკის ოლქში დაიჭრა კადიროვის საგანგებო პოლკის მეთაურის მოადგილე, პოდპოლკოვნიკი მეჯედ უცმიგოვი.
სევეროდენცკი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, რუსეთის ქალაქს სრულად ვერ აკონტროლებს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს, ამ მიმართულებაზე, რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ძალა და შეიარაღება გადაისროლოს.






