ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ – თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის

ყოველწლიურად, მარტში, თიბისი საზოგადოებას ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უზიარებს. წელს კი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ იმ ქალების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საკუთარი ძალით, მიზანდასახულობითა და სიჯიუტით შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს.

კამპანიის „ჯიუტი ქალების თვე“ ფარგლებში თიბისი წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საქმის ერთგულებით, მიზნებისკენ ჯიუტი სვლითა და ბარიერების დაძლევით, არა მხოლოდ საკუთარ გზას ქმნიან, არამედ მაგალითს აძლევენ გარშემო მყოფ ქალებსა და გოგოებს, რომლებსაც სურთ დაიჯერონ, რომ მათაც შეუძლიათ მიზნების მიღწევა.

ქალებისა და გოგოების გაძლიერება, მათი ოცნებებისა და მიზნებისკენ სვლის ხელშეწყობა, თიბისისთვის უკვე ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ბრენდი მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს ეხმარება, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ.

თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უკეთესი მომავლისთვის ცვლილებები ხშირად საკუთარი ძალის და შესაძლებლობების რწმენით იწყება. სწორედ ეს რწმენა იქცევა ყველაზე ძლიერ მოტივაციად, რომელიც ადამიანებს მიზნების მიღწევაში ეხმარება – მთავარია გჯეროდეს!

ეთნიკური უმცირესობების მიღება ქართული ენის პროგრამაზე და უნივერსიტეტებში 20%-ით მცირდება – ტაბატაძე

„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, უმაღლეს განათლება კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდება, რადგან რეფორმის შედეგად, თბილისში არსებულ მულტიპროფილურ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ადგილები საგრძნობლად მცირდება“, – ამბობს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე.

მისი თქმით, დღეს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების 85% თბილისის ოთხ მულტიპროფილურ უნივერსიტეტშია (თსუ, ილიაუნი, სტუ, სოხუმის უნივერსიტეტი) გადანაწილებული.

„თუ 2025 წელს ქართული ენის პროგრამაზე ამ უნივერსიტეტებში 1 368 სტუდენტი ჩაირიცხა, 2026 წლისთვის ეს რაოდენობა, საუკეთესო შემთხვევაში, 1 120-მდე (20%-ით) შემცირდება“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი აზრით, ადგილების კლება განსაკუთრებით მწვავედ შეეხებათ აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს.

„2025 წელს ამ ჯგუფისთვის გამოყოფილი 976 ადგილიდან, მომავალ წელს მხოლოდ 560 დარჩება. ეს ნიშნავს, რომ მათი ჩარიცხვის შესაძლებლობა 40%-ზე მეტით იკლებს.

რეფორმა საგანგაშო მდგომარეობას ქმნის რეგიონულ უნივერსიტეტებშიც, სადაც სტუდენტთა მიღება განახევრდება. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სომხურენოვან სტუდენტთა კვოტა 60%-ით მცირდება (54-დან 22 ადგილამდე), ხოლო გორის უნივერსიტეტში აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების მიღება 41-დან 23-მდე იკლებს.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში კვოტების შემცირება და პროგრამების შეზღუდვა პირდაპირ დარტყმას აყენებს ინტეგრაციის პოლიტიკას.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში განაცხადების რაოდენობა ყოველთვის აღემატებოდა გამოცხადებული ადგილების რაოდენობას. სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებში და თბილისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი, ხშირ შემთხვევაში, სომხურენოვანთათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა შეუვსებელი რჩებოდა, რაც ძირითადად თბილისში ან სხვა რეგიონში გადაცხოვრებასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული. ფინანსური ბარიერების გამო, ადგილობრივი ახალგაზრდები ხშირად ამჯობინებენ სწავლის სომხეთში  გაგრძელებას.

ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება, რადგან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს კვოტირების შედეგად 60%-ზე მეტით უმცირდება კვოტების რაოდენობა, ხოლო პროგრამებზე არჩევანი მთლიანად იზღუდება და მხოლოდ პედაგოგიურ და აგრარული მიმართულებებს შესთავაზებს აბიტურიენტებს. ეს კი პრობლემურია როგორც დემოგრაფიული, ასევე ინტეგრაციული თუ საგანმანათლებლო პოლიტიკის თვალსაზრისით“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 361 სტუდენტი ჩაირიცხა ქართული ენის ერთწლიან პროგრამებზე. ხოლო 2026-2027 აკადემიურ წელს უნივერსიტეტს აღარ ექნება ის პროგრამები, რომელზე სწავლის გაგრძელება ამ სტუდენტებს სურთ.

„პირველ წელს სტუდენტთა გარე მობილობაც ვერ ხორციელდება დღევანდელი რეალობით (თუმცა ეს მოგვარებადია თუკი ცვლილებებს განახორციელებენ კანონმდებლობაში, თუმცა  ფაქტია, რომ ამ საკითხზე არავის უფიქრია).

ტექნიკურ უნივერსიტეტშიც შარშან 336 სტუდენტი ჩაირიცხა ქართული ენის ერთწლიან პროგრამაზე. წინა წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა 50 %-ზე მეტი ირჩევდა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებებს, რომლებიც 2026 წლიდან ამ უნივერსიტეტში აღარ იარსებებს.

თსუ-ს ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის სტუდენტებიც კარგავენ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას განათლების, ფსიქოლოგიის, მედიცინის მიმართულებით ამავე უნივერსიტეტში. წინა წლებში ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებული სტუდენტების 25% ირჩევდა მედიცინის, განათლებისა და ფსიქოლოგიის მიმართულებებს, რომლებიც 2026-2027 წელს თსუ-ში აღარ იფუნქციონირებს.

სოხუმის უნივერსიტეტის ქართული ენის პროგრამის კურსდამთავრებულებსაც ანალოგიური პრობლემები ელით. სოხუმის უნივერსიტეტში 2025 წელს ქართული ენის ერთწლიან პროგრამაზე აზერბაიჯანულენოვანთათვის ჩაირიცხა 86 სტუდენტი. პრაქტიკა აქაც აჩვენებს, რომ სტუდენტების მხოლოდ მცირე ნაწილი ირჩევს მასწავლებელთა განათლების პროგრამას და უმრავლესობა ირჩევს ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიების მიმართულებებს, რომლებიც 2026-2027 წელს სოხუმის უნივერსიტეტში აღარ იფუნქციონირებს“, – ამბობს ტაბატაძე.

მის აზრით, რეფორმის შეეწირა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მულტილინგვური განათლების პროგრამა. თსუ-ს ეს პროგრამა ორენოვან დაწყებითი კლასების მასწავლებლებს ამზადებდა და მაღალი დასაქმებით გამოირჩეოდა.

„რეფორმის“ შედეგად ეს პროგრამა გაუქმებულია და არაქართულენოვანი სკოლებისთვის დაწყებითის მასწავლებლები აღარ მომზადდება. საბაზო და საშუალო საფეხურისთვის არც მანამდე მზადდებოდნენ არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლები. შედეგად, კადრების დეფიციტი არაქართულენოვან სკოლებში მაღალია, მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთენოვანია, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. თუმცა შრომითი ბაზრის ანალიზმა საბაზო და საშუალო საფეხურის ორენოვანი მასწავლებელთა საჭიროება ვერ დააიდენტიფიცირა.

თერთმეტწლიან სწავლებაზე გადასვლა და მე-11 კლასში „რეპეტიტორიუმის“ მოდელის შემოღება ბუნდოვანს ხდის უმცირესობების ზოგად განათლების საკითხს. გაუგებარია, რა იქნება მე-11 კლასის სასწავლო გეგმა, როცა არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ მშობლიურ ენაზე. თავად უნარების ტესტიც ხარვეზიანია, ის ქართული ტექსტების თარგმანია და არა მშობლიური ენობრივი კომპეტენციის საზომი“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი აზრით, ამ რეფორმის ერთადერთი ცალსახა პლუსი დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებაა, რადგან ახალი მოდელით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, როგორც ქართული ენის პროგრამაზე, ისე ბაკალავრიატში.

„ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხი ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ თემთან ჯერ კიდევ იმ დროიდან ვმუშაობდი, როცა ახალქალაქში ჩასასვლელად 6 საათი გვჭირდებოდა და იქ ჩასულთ, რუსული არმიის უშიშროების ოფიცერი გვსტუმრობდა და ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით გვკითხავდა.

როცა ქართული ლარით მაღაზიაში პურს ვერ ვყიდულობდით და ქართულ ენაზე მხოლოდ ქართული ენის მასწავლებლებს ვესაუბრებოდით, რომელთა შორისაც ნაწილს პასუხის გაცემა მხოლოდ რუსულად შეეძლო. ამ ყველაფრის შეცვლაში ჩვენც მინიმალური წვლილი მაინც გვაქვს შეტანილი, ამიტომ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით მგრძნობიარეა“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“ და დასძენს, რომ  ინტეგრაციული პროცესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით, მათ შორის, როგორც უფლებრივ ჭრილში, ასევე უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების ჭრილში.

„თანამედროვე მსოფლიოში გაზრდილია უსაფრთხოების რისკები და თუკი ქვეყანა შესაძლებლობებს ზღუდავს, ჩნდება ალტერნატიული შესაძლებლობების ალბათობა. ამიტომ საზოგადოების ინტეგრაცია და ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირება უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამოცანა.

დემოკრატიულობის კონტექსტში თუკი განვითარება გვინდა, თუკი ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება გვინდა, როგორც მნიშვნელოვანი დემოკრატიული განვითარების გზა, მნიშვნელოვანი არაქართულენოვანი მოსახლეობის განათლება და აქტიურ მოქალაქეებად ქცევა.

შესაბამისად, საზოგადოების ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების გარდაუვალი წინაპირობაა უფლებრივ, უსაფრთხოების თუ დემოკრატიული განვითარების ჭრილში.

სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი. ძირითადი მამოძრავებელი ამ მიმართულებით სწორედ ეს სექტორი გახლდა და სახელმწიფოს ინიციატივებიც მათ შორის 1+4 პროგრამა სამოქალაქო სექტორის ინიციატივებისა და აქტიურობის ხარჯზე შეიქმნა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების პასიურობა და არასამთავრობო სექტორის ფაქტობრივად ჩახსნა აზარალებს ამ პროცესს. სახელმწიფოს მიერ დაწესებული რაიმე ტიპის შეზღუდვები და არსებული სწორი გადაწყვეტილებების გადახედვა, მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს საზოგადოების ინტეგრაციის პროცესს, რომელიც ისედაც ხარვეზიანი იყო: გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლებოდა ამ წლებში, თუმცა მთლიანობაში დინამიკა ნამდვილად პოზიტიური იყო“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

______________

მთავარი ფოტო: ეთნიკური უმცირესობები სკოლაში/ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად 518 ათასი ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ბათუმის აეროპორტის დაცვის ზონაში დაბრკოლებათა მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების დასადგენად კვლევას „საქაერონავიგაცია“ ტენდერის გარეშე შეისყიდის.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 518 167 ლარს შეადგენს.

კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.

აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის ახალი წესი, რომელიც ვრცელდება როგორც აეროდრომის ექსპლუატანტზე, ისე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე – მოცემულ შემთხვევაში, „საქაერონავიგაციაზე“.

„საქაერონავიგაციის“ განმარტებით, მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის მიზეზი ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერების უარყოფითი შედეგით დასრულებაა.

ვინაიდან მთავრობამ მომსახურების შესყიდვა 2026 წლის ივნისამდე დაავალა, უწყების განცხადებით, ტენდერის გზით პროცედურების დასრულება ამ ვადაში ვეღარ მოხერხდება.

„ელექტრონული ტენდერით ზეოაღნიშნული მომსახურების შესყდვა, შესყიდვის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან, რაც თავის მხრივ პირდაპირ ბმაშია მომსახურების გაწევის ვადებთან…“ – წერს „საქაერონავიგაცია“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან წარდგენილ განაცხადში, რომლითაც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

კონკრეტულად, „საქაერონავიგაცია“ შეისყიდის შემდეგ მომსახურებას: ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული ზედაპირების შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების განსაზღვრის სააერნაოსნო კვლევას.

განაცხადის მიხედვით, მიმწოდებელმა აღნიშნული კვლევა ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრაზე „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი პირველად 623 ათას 356 ლარით გამოაცხადა, ხელახალი ტენდერი კი – 523 ათას 367 ლარით.

ამ თემაზე: ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში სიმაღლეების განსაზღვრაზე „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი თავდაპირველად 623 356 ლარით გამოაცხადა, ხელახალი ტენდერი კი – 523 367 ლარით.

ორივე შემთხვევაში მასში მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ორივე მათგანს ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

პირველ ტენდერში გერმანული კომპანია airsight GmbH მომსახურებას 623 356 ლარად სთავაზობდა, ხოლო თურქული HARİTAEVİ HAVACILIK MÜHENDİSLİK ANONİM ŞİRKETİ – 164 700 ლარად. მეორე ტენდერში კი გერმანული კომპანიის შეთავაზება 518 167 ლარი იყო, თურქულის კი – 517 977 ლარი

დაგეგმილი კვლევის დეტალებზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

„ოცნება დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლებას აგრძელებს“ – რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

„საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები აჩვენებს ხელისუფლების მცდელობას, სრულად დაიმორჩილოს და პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს ინსტიტუტები ამ მიზნით, საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ტალღა ამ დრომდე გრძელდება. ბათუმის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესიც სწორედ ამ ტენდენციის აშკარა გაგრძელებაა,“ –  ორგანიზაციები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ეხმაურებიან.

რეორგანიზაცია- რესტრუქტურიზაციის პროცესი ბათუმის მერიაში 2026 წლის იანვარში დაიწყო, შედეგად სამსახურის დატოვება მოუწიათ სპეციალისტებს, რომელთაგან უმრავლესობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას საჯაროდ გაემიჯნენ და საკუთარი პოზიცია პროევროპულ პეტიციაზე ხელმოწერით დააფიქსირეს.

ორგანიზაციების შეფასებით აღნიშნული გარემოება ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ რეორგანიზაცია არა ინსტიტუციური ეფექტიანობის გასაზრდელად, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე საჯარო მოხელეების სისტემიდან ჩამოსაშორებლად გამოიყენეს:

„საკონკურსო კომისიის 2026 წლის 2 მარტის სხდომის ოქმის მიხედვით, კონკურსის მეორე და მესამე ეტაპის შედეგების შეჯამების შემდეგ დადგინდა, რომ პროევროპული პეტიციის ხელმომწერმა კანდიდატებმა კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

თუმცა აღნიშნულ ოქმში მითითებული ქულების ანალიზი აჩვენებს, რომ გამარჯვებულ კანდიდატებსა და კონკურსის სხვა მონაწილეებს შორის ქულათა სხვაობა უმნიშვნელოა, რაც ბუნებრივად წარმოშობს კითხვებს შეფასების კრიტერიუმების ობიექტურობასთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.“

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით მმართველმა გუნდმა 2024 წლის ბოლოს საკანონმდებლო დონეზე მოამზადა ნიადაგი, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რეორგანიზაციის საფუძვლების გაფართოებასა და მოხელეთა უფლებრივი გარანტიების გაუქმებაში გამოიხატა.

ცვლილებების შედეგად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი ავტომატური გახდა, რაც  გულისხმობს იმას, რომ რეორგანიზაციის გამო დასაქმებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და ახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელს მინიჭებული აქვს დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, თუ რა სახის კონკურსის საფუძველზე შეირჩეს ყველა რანგის მოხელე – ღია, დახურული თუ შიდა.

სწორედ ამ ცვლილებების ფონზე დღემდე  საჯარო უწყებებიდან ასობით მოხელე გაათავისუფლეს.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონით, რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება გახდეს ისეთი მინიმალური ცვლილებები, როგორიც „სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილებაა“.

ეს მაშინ, როდესაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ძველი რედაქციით რეორგანიზაციის საფუძვლად ვერ ჩაითვლებოდა არათუ კონკრეტული თანამშრომლისთვის, არამედ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი ფუნქციის დაკისრებაც კი.

ორგანიზაციების შეფასებით  მოცემულ შემთხვევაში ბათუმის მერიის 21 თანამშრომლის სამსახურიდან საბოლოო გათავისუფლება მობილობის შეთავაზებისა თუ პოზიციაზე აღდგენის ყველანაირი პერსპექტივის გარეშე წარმოადგენს განსაკუთრებით ხისტ ზომას, რომელიც ვერ მიიჩნევა მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად:

„თანამშრომელთა პეტიცია ეხმიანებოდა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებას, რომელიც დღემდე  საჯარო დისკუსიის ცენტრალურ საგანს წარმოადგენს და რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. საჯარო მოხელეები სწორედ ის ინდივიდები არიან, რომელთა საქმიანობა უშუალო შემხებლობაშია კონსტიტუციაში დეკლარირებული მიზნების განხორციელებასთან. შესაბამისად, ბათუმის მერიის თანამშრომლებს ჰქონდათ არათუ უფლება, არამედ ერთგვარი ეთიკური ვალდებულებაც საზოგადოების წინაშე, დაეფიქსირებინათ პოზიცია მათ კომპეტენციასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ საკითხზე.

რაც შეეხება პეტიციის შინაარსს, მასში გაცხადებულია ერთგულება საქართველოს კონსტიტუციისა და მასში დეკლარირებული მიზნებისადმი და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ არის მიჩნეული ხელისუფლების მიერ საგარეო-პოლიტიკური კურსის გადახედვა, რაც პოლიტიკური მოვლენების სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს.

განცხადება თავისუფალია ზედმეტი პოლიტიკური რიტორიკისაგან, არ მიემართება კონკრეტულ პიროვნებებს თუ მათ ქმედებებს.

მერიის თანამშრომელთა გამოხატვის თავისუფლების აღნიშნული ფორმით განხორციელება საფრთხის ქვეშ არ აყენებს საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტს ან სახელმწიფოს წესრიგს.

მასში არ იკვეთება მიკერძოება კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა თუ იდეისადმი, არამედ ერთგულება კონსტიტუციაში დეკლარირებული მიზნებისადმი, რაც ისედაც ნებისმიერი საჯარო მოხელის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.

ამრიგად, მათი ქმედება საფრთხეს არ უქმნიდა რაიმე სახელმწიფოებრივ ინტერესს, რომლის დაცვის ვალდებულებაც სახელმწიფოს ქმედებას გაამართლებდა. ამავდროულად, მოხელეები დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ დამაკმაყოფილებლად და სტაბილურად იღებდნენ მაღალ შეფასებებს. რეორგანიზაციის დაწყებამდე კითხვის ნიშნები არ დასმულა მათ კომპეტენციასთან ან პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ განხორცელებულა აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად.

გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, პეტიციის ხელმომწერი ბათუმის მერიის თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლების დარღვევას, რადგან ისინი რეორგანიზაციის პროცესში არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმ თანამშრომლებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ განხადებაზე ხელი მოწერილი.“

ორგანიზაციები შეფასების ნაწილში ხაზგასმით აღნიშნავენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გატარებულ ზომებზე.

„დამატებით აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჯარო მოხელეთა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დაწესებული შემზღუდველი ზომები, რომლებიც გამოიხატა მათ უკანონო გათავისუფლებაში, ისახავდა არა ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს, არამედ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე მოხელეებისაგან საჯარო სამსახურის წმენდის, უფრო მორჩილი საჯარო სექტორის შენების, პეტიციაზე ხელმომწერი მოხელეების დასჯისა და მათ მაგალითზე სხვა მოხელეების დაშინების ფარულ მიზნებს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნას.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ბათუმის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაცია წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას განსხვავებული აზრის მქონე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. პროევროპული პეტიციის ხელმომწერთა მასობრივი გათავისუფლება, რაც წინასწარ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით გახდა შესაძლებელი, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.

საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნიშნით წმენდის ეს პრაქტიკა ანგრევს ინსტიტუციურ მეხსიერებას, აზიანებს პროფესიული ნეიტრალიტეტის პრინციპს და ქმნის საშიშ პრეცედენტს, სადაც მოხელის კარიერული სტაბილურობა დამოკიდებულია არა მის კომპეტენციაზე, არამედ მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკურ ლოიალობაზე.“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

ვის უშვებს სამსახურიდან ბათუმის მერია – შტატს უუქმებენ EU-ს მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერთა უმეტესობას

„ჩემს შვილზე ციხეში იძალადეს, სცემეს. დანაშაულის აღიარებას აიძულებენ“ – ენვერ შარაძე ხელვაჩაურიდან

„ჩემმა შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მასზე ციხეში იძალადეს, სცემეს, მას დანაშაულის აღიარებას აიძულებენ,“ – ამბობს ენვერ შარაძე. იგი „ხელვაჩაურში, მანქანაში ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის, თამაზ შარაძის მამაა.

ამ საქმეზე მკვლელობისთვის ნაფიცმა მსაჯულებმა გოგი ბარამიძე უკვე გაასამართლეს. მსაჯულებმა ვერდიქტი 2026 წლის 4 მარტს მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, გოგი ბარამიძე დამნაშავეა. მას სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თამაზ შარაძეს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის შესახებ თამაზ შარაძეს ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

„ახლა ჩემი შვილი ლაითურის დაწესებულებაშია, სადაც მასზე იძალადეს. დღესაც უნდა გაიმართოს პროცესი, მოსამართლე ლევან ყოლბაიაა, მაგრამ არ ვიცი, დაესწრება თუ არა პროცესს თამაზი. მე შვილთან ამ თემაზე არ მისაუბრია, არ დაურეკავს…

თამაზმა [ბრალდებულმა] მანამდე, გასული წლის ზაფხულშიც, როცა დააკავეს, უთხრა მოსამართლეს, რომ პოლიციის დეპარტამენტში სცემეს. ორმა პოლიციელმა გამაკავა და მირტყამდნენ, დანაშაული აღიარეო. ირაკლი დგებუაძეც ახსენა ჩემმა შვილმა, ისიც იქ იყოო, “ – ამბობს ენვერ შარაძე.

ენვერ შარაძე

ეს შემთხვევა ლაითურის დაწესებულებაში, ბრალდებულის თქმით, გუშინწინ, 9 მარტს მოხდა. ძალადობაზე ბრალდებულმა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ადვოკატ მალხაზ ზოიძის თქმით, ბრალდებულმა თქვა, რომ ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ძირს დააგდეს, აგინებდნენ და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს კარცერში, ასევე ჰკითხეს: „არ აღიარებ დანაშაულს?“

„ბრალდებულმა თქვა, რომ მას აიძულებდნენ სასამართლო პროცესზე გამოსვლას. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და 9 მარტს პროცესს არ დაესწრო, გამოგზავნილია ცნობა. ამის გამო ერთ-ერთი მთავარი მოწმის დაკითხვა გადაიდო. განაჩენი ამ საქმეზე მოსამართლემ ხვალ, 12 მარტს უნდა მიიღოს, რადგან უკვე იწურება 9-თვიანი ვადა.

9 მარტს, როცა ბრალდებული პროცესს არ დაესწრო და მას ამის უფლება ჰქონდა, ამის შემდეგ მოხდა ეს ინციდენტი, რაც არაადამიანური მოპყრობაა. გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. მე ამ შემთხვევის შესახებ ასევე ვაცნობე სახალხო დამცველს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.

მალხაზ ზოიძის თქმით, იგივე ბრალდებული პოლიციის დეპარტამენტის შენობაში დაკავების დროს ცემის შესახებ ნამდვილად მოუყვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს, რომელმაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა თამაზ შარაძეს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ მასზე პოლიციელებმა და მათ შორის ირაკლი დგებუაძემ ფიზიკურად იძალადა. ამ შემთხვევაზეც გამოძიება დაწყებულია.

ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი იყო 2025 წლის ზაფხულში. დღეს ის ამ თანამდებობას აღარ იკავებს, თუმცა ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დააწინაურეს. ამავე საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული კაცის საქმის განხილვის დროს, კიდევ ერთმა პირმა, მოწმის სახით დაბარებულმა ჯემალ ზანდარაძემ 2026 წლის 25 თებერვალს მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ სცემა. პროკურატურის თქმით, ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დასჯილი არავინაა.

ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე დავუკავშირდით პენიტენციურ სამსახურს, ასევე პროკურატურას. პასუხების მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

—————-

ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს. ეს ამბავი 2025 წლის 3 ივნისს ღამით მოხდა.

2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბარამიძე და 1993 წელს დაბადებული თამაზ შარაძე დააკავეს. გოგი ბ.-ს განზრახ მკვლელობის ჩადენა ედება ბრალად, და, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. თამაზ შ.-ს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.

__

მთავარი ფოტო: ენვერ შარაძე

ამ თემაზე:

„წილის დათმობას სთხოვდა ქურდული სამყარო“ – ვერსია აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 275 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 763 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 177 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 38 263 ერთეული [+61]
  • MLRS – 1 680 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 328 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 170 966 ერთეული [+2 157]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 403 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 31 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 82 791 ერთეული [+281]
  • სპეცტექნიკა – 4 088 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტი უფროს კლასელებსა და სტუდენტებს დიზაინის საფუძვლების ინტენსიურ, გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს.

პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დიზაინი აინტერესებთ, თუმცა ჯერ არ აქვთ პროფესიული გამოცდილება და საკუთარი მიმართულების ძიებაში არიან.

30-ზე მეტი ლექტორისა და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალის ჩართულობით, 200-საათიანი კურსის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • სრულყოფილად გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ პროფესიებს
  • შეისწავლონ დიზაინის აკადემიური საფუძველი
  • განივითარონ ტექნიკური უნარები
  • დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ რეალურ პროექტებზე
  • გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესისა და სოციალური სექტორის წარმომადგენლებისგან
  • განივითარონ იდეების ვიზუალიზაციისა და პრობლემის დიზაინის გზით გადაწყვეტის უნარები

კურსზე მიღებული გამოცდილებების საფუძველზე, სტუდენტები უკეთ გააზრებული პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და პორტფოლიოს შექმნას შეძლებენ. არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა. პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელი 24 მარტამდე, ბმულზე:  https://shorturl.at/qtB9Z

თიბისი ქმნის და მხარს უჭერს განათლების პროგრამებს, რომლებიც ახალი თაობისთვის ცოდნას შესაძლებლობად, ხოლო შესაძლებლობას კი რეალურ წინსვლად აქცევს. დიზაინის ინსტიტუტის და თიბისის ერთობლივი ინიციატივები ახალ თაობას აძლევს სივრცეს საკუთარი ინტერესების აღმოსაჩენად, უნარების გასავითარებლად და იმ გზის გამოსავლენად, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ არჩევანს განსაზღვრავს.

ევროპარლამენტის ქვეკომიტეტი მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე გამოძიებას ითხოვს

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) თავმჯდომარე მუნირ სატურიმ და ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, ნილს უშაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს X-ზე, სადაც ქალთა მსოფლიო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით ეხმიანებიან „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის პატიმრობას.

„მსოფლიოში ქალების გამბედაობისა და მიღწევების აღნიშვნისას, ჩვენ ასევე გავიხსენეთ ისინი, ვინც სიმართლის თქმის გამო იდევნებიან.

მათ შორისაა საქართველოში პირველი ქალი ჟურნალისტი — პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამო კვლავ პატიმრობაში რჩება.

გასულ წელს ჩვენ პატივი მივაგეთ მის სიმამაცეს და ის, დაპატიმრებულ ბელარუს ჟურნალისტ ანჯეი პოჩობუტთან ერთად, სახაროვის პრემიით დავაჯილდოვეთ.

ჩვენ კვლავ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და ვითხოვთ სამართლიანობასა და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ამაღლობელის მიმართ დაკავების დროს დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ყველა ქალის გვერდით, რომელიც სიმართლესა და თავისუფლებას იცავს“.

მზია ამაღლობელი უკვე 14 თვეა რჩება უკანონო პატიმრობაში.

2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

„დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე“ – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დღეს, 10 მარტს, პენტაგონში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანზე განხორციელდება აშშ-ის „ყველაზე ინტენსიური“ თავდასხმა.

„დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე. ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა“, — განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ (Epic Fury) მიზნები უცვლელი რჩება — ირანის რაკეტების მარაგების, მისი გამშვები დანადგარებისა და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის განადგურება; ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურება და ირანისთვის ბირთვული იარაღის სამუდამოდ ჩამორთმევა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა ომის დაწყებიდან მოყოლებული რაკეტების ყველაზე მცირე რაოდენობა გაუშვა.

„ირანი მარტოა და ის გამანადგურებელ მარცხს განიცდის“, — განაცხადა ჰეგსეთმა.

  • რა ხდება?

28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე.

პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.

ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია სამხედრო ბაზები, რომელთაც აშშ იყენებს.

იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადგურზე. ირანიდან ნასროლმა ბალისტიკურმა რაკეტამ დაარღვია ასევე თურქეთის საჰაერო სივრცე. რაკეტა ნატოს სისტემებმა ჩამოაგდეს და თუმცა ირანი უარყოფს, რომ მისი სამიზნე თურქეთი იყო, უცნობი რჩება, საით იყო მიმართული იყო რაკეტა.

5 მარტს ირანული დრონების სამიზნე გახდა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტიც.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CRISTOBAL HERRERA-ULASHKEVICH

როდის აშენდება რიონზე ხიდები, რომლებიც წლების წინ უნდა გახსნილიყო

მდინარე რიონზე, სამტრედიასთან და ფოთთან ორი მნიშვნელოვანი ხიდის მშენებლობა დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხიდები კარგა ხნის გახსნილი უნდა იყოს.

ამათგან ერთი ხიდი – სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, მშენებლობის დროს ჩაინგრა, ხოლო მეორე – ქალაქ ფოთთან, ორი წლის წინ უნდა გახსნილიყო.

რატომ არ აშენდა აღნიშნული ხიდები დაგეგმილ დროში, როდის დასრულდება მშენებლობა და როდის გაიხსნება? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.

  • ახალი ხიდი ფოთთან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2026 წლის 20 თებერვლის ინფორმაციით, ფოთის ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

არადა, ამავე დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის ინფორმაციით, ამ ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა ორ წელში [ანუ 2023 წლის ბოლოს] უნდა დასრულებულიყო.

ამ თემაზე: ფოთთან, მდინარე რიონზე, 436 მეტრი სიგრძის ახალი ხიდი აშენდება

ფოთთან, დეპარტამენტის ინფორმაციით, „შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის 8-მალიანი ხიდი, რომლის სიგრძე 436 მეტრია.

პროექტი ასევე ითვალისწინებს 2 კილომეტრი სიგრძის მისასვლელი გზების მოწყობას. სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს და ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია MIRBUD-CS ასრულებს“.

რატომ არ დასრულდა აღნიშნული ხიდის მშენებლობა დაგეგმილ ორ წელში? დღევანდელი ინფორმაციით, როდის უნდა დასრულდეს ამ ხიდის/მისასვლელი გზების მშენებლობა და როდის უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში? – მივწერეთ დეპარტამენტს.

„დეპარტამენტმა კომპეტენციის ფარგლებში განიხილა თქვენი განცხადება და გაცნობებთ, რომ ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება 2026 წლის მეორე ნახევარში“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 2026 წლის 5 მარტს. 

დეპარტამენტმა ხიდის და მისასვლელი გზების მშენებლობის გაჭიანურების მიზეზებზე არაფერი მოგვწერა.

მშენებარე საავტომობილო ხიდი მდინარე რიონზე, რომელიც 2023 წლის ბოლოს მაინც უნდა დასრულებულიყო / ფოტო: 20.02.2026 / გზების დეპარტამენტი
  • ჩანგრეული ხიდი სამტრედიასთან

სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა.

იმავე წლის დეკემბერში დეპარტამენტმა სამხარაულის დასკვნა გამოაქვეყნა, რომ „ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი [ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია]“.

ჩანგრეული მშენებარე ხიდის აღსადგენად კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ამ მონაკვეთის [ლოტი 1] მშენებლობა 2014 წლის ივლისში დაიწყო და თავდაპირველი გათვლებით 2017 წელს, შემდეგი მონაცემებით კი, მთლიანად ეს გზა, 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. ამ მონაკვეთშია აღნიშნული ხიდიც რიონზე.

გვაინტერესებს, დასრულდა თუ არა მდინარე რიონზე ჩანგრეული ხიდის აღდგენა/მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის პირველ ლოტზე? თუ არა, როდის უნდა დასრულდეს? – ამ კითხვებზე პასუხად დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ გრძელდება აღდგენითი სამუშაოები:

„რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ11+500 [ლოტი I] მონაკვეთის ფარგლებში მდინარე რიონის სახიდე გადასასვლელს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 2026 წლის 5 მარტს.

2025 წლის ნოემბერში საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, რომელიც უკავშირდება 2023 წლის 21 თებერვალს სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეს. მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

ამ თემაზე: გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს

საქართველოს პროკურატურის მაშინდელი განცხადებით, ხიდის „აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხა, საერთო ჯამში კი, აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი მატერიალური ზიანი“.

მშენებარე ხიდი მდინარე რიონზე [სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე], რომელიც 2023 წელს ჩაინგრა / ფოტო: 18.10.2025 / გზების დეპარტამენტი
მთავარ ფოტოზე: მშენებარე ხიდები მდინარე რიონზე – ფოთთან და ჩანგრეული ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე / გზების დეპარტამენტის ფოტოები.

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ჩატარდა. ღონისძიება სახელწოდებით “იაპონური ბიზნესი საქართველოში ხიდი შუა დერეფნისკენ” თიბისი კაპიტალთან პარტნირობით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველო–იაპონიის ბიზნესასოციაცია და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისი.

ღონისძიებამ 100-მდე მონაწილე გააერთიანა, მათ შორის, წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიები, ინვესტორები და საჯარო მოხელეები.

ბიზნესფორუმის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს; განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიებისა და ლოგისტიკური მიმართულებით.

კონფრენციაზე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო გადაზიდვებსა და მიწოდების ჯაჭვებში.

ოფიციალური პროგრამის მიღმა, გაიმართა არაფორმალური სესიებიც, რაც იაპონურ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ახალი კონტაქტები, განიხილონ სამომავლო პარტნიორობა და განსაზღვრონ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში.

ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ტოიოტა კავკასია, თიბისი კაპიტალი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, სილქ ჰოსფითალითი.

„2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა“ – ნონა ქურდოვანიძე

საიას ყოფილი თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობების გამოყენების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2013 წლიდან დღემდე.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს 27%-ით მეტ ადამიანს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 2024 წელთან შედარებით.

მონაცემები წლების მიხედვით:

🔴 2025 წელი – 2270 პირი

🔴 2024 წელი – 1791

🔴 2023 წელი -1961

🔴 2022 წელი – 1708

🔴 2021 წელი – 620

🔴 2020 წელი – 662

🔴 2019 წელი – 901

🔴 2018 წელი – მონაცემი არ არის გამოქვეყნებული

🔴 2017 წელი – 590

🔴 2016 წელი – 704

🔴 2015 წელი – 998

🔴 2014 წელი – 871

🔴 2013 წელი – 1127

„ეს მონაცემებიც ნათლად აჩვენებს იმ რეპრესიული რეგულაციების შედეგებს, რომლებიც 2024-2025 წლებში ამოქმედდა“, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილება თვალნათელი გახდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც „ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ისინი აჩერებდნენ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს გაწევრიანებაზე.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების პარალელურად, „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან გაიზარდა რეპრესიები, რომელიც აისახა ერთმანეთის მიყოლებით მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობაშიც.

დღეს უკვე, საქართველოს მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და უსჯიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. დაკავებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

___________
ამ თემაზე:

ბათუმში დააკავეს სექსუალური ძალადობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. ის თურქეთის მოქალაქეა და თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის.

ინფორმაციას შსს დღეს, 10 მარტს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო
  • ღამით:0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 11 და 12 მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში კვირის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 274 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 758 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 24 174 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 38 202 ერთეული [+73]
  • MLRS – 1 679 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 328 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 168 809 ერთეული [+2 169]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 403 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 31 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 82 510 ერთეული [+221]
  • სპეცტექნიკა – 4 087 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში – მაუწყებლის დირექტორი გადაცემების შეჩერებაზე

„თუ დავაკვირდებით, როგორ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზაქციის პროცესი ერთი შენობიდან მეორეში, მივხვდებით, რომ ეს გამოიყენება კრიტიკული, ობიექტური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვის ინსტრუმენტად.

ამის მაგალითი სახეზეა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სახით“, – ამბობს ნათია კუპრაშვილი, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი და თსუ-ს პროფესორი. მას „აჭარის ტელევიზიაში“ გადაცემების შეჩერებაზე ვკითხეთ.

ტელევიზიის შენობის ავარიულობის მოტივით, „აჭარის ტელევიზიამ“ ყველა გადაცემა დროებით შეაჩერა საინფორმაციო გამოშვების გარდა, რომელიც დაიჯესტის სახით გავა ეთერში.

„აჭარის ტელევიზიის“ შენობის ავარიულობაზე ექსპერტიზის დასკვნა 2025 წლის ივლისში დაიდო. დასკვნის მომზადებიდან 8 თვის შემდეგ ტელევიზიის მენეჯმენტმა შენობის დაცლასთან ერთად რესტრუქტურიზაციის და რეორგანიზაციის პროცესის წამოწყებაც დააანონსა.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი, ირაკლი კიკვაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს იმას, რომ გადაცემების ნაწილი შესაძლოა, საერთოდ აღარ დაუბრუნდეს ეთერს. იგი უარყოფს, რომ ამ პროცესი მიზანი „აჭარის ტელევიზიას“ შემორჩენილი კრიტიკული ჟურნალისტების რედაქციისგან ჩამოშორებაა.

„აჭარის ტელევიზიიდან“ კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორების პროცესი 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მაშინდელ დირექტორს – ნათია კაპანაძეს ბორდმა იმპიჩმენტი მოუწყო. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანათ.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ტელევიზიიდან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს, ნაწილი კი, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორეს და სხვა სამსახურში გადაიყვანეს. 4-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ აჭარის ტელევიზიიდან უკანონო გათავისუფლება სასამართლომ დაადასტურა, მაგალითად,თეონა ბაკურიძისშემთხვევაში. ის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანად მუშაობდა და ხელისუფლების კრიტიკის გამო სამსახურიდან გაუშვეს.

დღეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებს ღიად არ სურთ ისაუბრონ იმაზე, რაც ტელევიზიაში ხდება.

„გაურკვევლობაა. გვეუბნებიან, რომ ერთი თვის შემდეგ ეტაპობრივად დავბრუნდებით ეთერში, თუმცა უცნობია, როგორ მოხდება ეს,“ – ამბობენ ჟურნალისტები და ხაზს უსვამენ იმას, რომ მენეჯმენტს შენობის დაცლასა თუ დაწყებულ რეორგანიზაციაზე მათთან უშუალოდ არ უსაუბრია.

ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ „აჭარის ტელევიზიის“ შენობაში ნამდვილად არის პრობლემები, თუმცა ეს ახალი ამბავი არ არის. ჭერის დაზიანების და ბათქაშის ცვენის შემდეგ ჟურნალისტებს დაუტოვებიათ რამდენიმე სამუშაო ოთახი.

რატომ დაუკავშირა ტელევიზიის მენეჯმენტმა შენობის ავარიულობა ტელევიზიის რეორგანიზაციას და რესტრუქტურიზაციას? – ეს არის კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხის არარსებობა აძლიერებს ეჭვს, რომ აჭარის ტელევიზიის ისტორიული შენობიდან ჟურნალისტების დაცლა ემსახურება არა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზანს, არამედ იმას, რომ ტელევიზია სრულად დაიცალოს კრიტიკისგან.

ტელევიზიის ზოგიერთი თანამშრომელი „ბათუმელებთან“ პირად საუბარში განიხილავს ვერსიასაც, რომ რეალურად „აჭარის ტელევიზიისგან“ მხოლოდ საინფორმაციო დაიჯეტს დატოვებენ, ხოლო ტელევიზიას ეტაპობრივად აუქმებენ.

„ეს შენობა რომ ავარიულია, ეს არ არის ახალი და ფორსმაჟორული მდგომარეობა. შესაბამისად, ამას სჭირდებოდა და იმიტომაც ჰყავს დაქირავებული მენეჯმენტი, იმიტომ იზრდება მისი ფინანსური მხარდაჭერა ყოველწლიურად და ეს დაფინანსება უპრეცედენტოდ მაღალია, რომ მზაობა ამისთვის ყოფილიყო. სხვა შენობაში ტელევიზია უნდა გადასულიყო ისე, რომ წარმოება არ უნდა შეწყვეტილიყო. ეს შესაძლებელია იყო სრულიად.

„მომინდა და შევწყვეტ პროგრამებს“ – ასეთი გადაწყვეტილება არის პირდაპირ მაუწყებლის შესახებ კანონის დარღვევა. მათ აქვთ ვალდებულება უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მაუწყებელს, რომელსაც ასევე აქვს პასუხისმგებლობა, როგორც წესი, არ შეწყდეს წარმოება – მაყურებელთან აქვთ ეს პასუხისმგებლობა,“ – ამბობს ნათია კუპრაშვილი, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი.

„შენობას აქვს პრობლემა, ჩამოენგრა ჭერი, რამაც გამოიწვია მესამე სართულის პარალიზება და ასევე, მეორე სართულის ნაწილის. არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მე დამხვდა. სამწუხაროდ, თანამშრომლები იყვნენ შემჭიდროებულები სხვადასხვა ოთახში, გადანაწილებული შენობაში, სადაც საფრთხის შემცველი იყო ყოფნა. მოწვეულმა ექსპერტმაც იგივე თქვა, რომ წარმოუდგენელია მუშაობა ამ პირობებში, რა პირობებშიც ახლა არის შენობა.

ჩვენ, როგორც ახალმა მოსულმა ხელმძღვანელობამ, ჩავთვალეთ, რომ შენობას ჰქონდა პრობლემა,“ – გვეუბნება ირაკლი კიკვაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი. მან გვაჩვენა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2025 წლის 15 ივლისსაა გაცემული.

„შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგრადობა არადამაკმაყოფილებელია. მზიდ კონსტრუქციებს განცდილი აქვთ ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა, ხოლო სახურავი ავარიულ მდგომარეობაშია“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში. „აჭარის ტელევიზიის“ ისტორიული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა ბათუმის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, მემედ აბაშიძის 41-ში.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის, ირაკლი კიკვაძის თქმით, მათ ხელახლა მიმართეს ექსპერტიზის ბიუროს დეტალური კვლევებისთვის. ახალი დასკვნა ტელევიზიას სავარაუდოდ ხვალ უნდა ჩაბარდეს.

თუ უკვე არსებული დასკვნა ნიშნავს იმას, რომ შენობა ავარიულია, რატომ არ დაიცალა ტელევიზიის შენობა აქამდე, ან, მაგალითად, დღეს რატომ მუშაობდნენ იგივე მისამართზე საინფორმაციო სამსახური?

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი არხი, რომელსაც აქვს ცოტა ბიუროკრატიული წინაპირობები, მაგალითად, არსებობს საევაკუაციო შტაბი, მას თავისი ეტაპები აქვს გასავლელი. ეს ამბავი ამიტომ გაიწელა აქამდე.

ნიუსრუმი გადადის უკვე ხვალ დილიდან რადიოს შენობაში. „თითების თეატრში“ ვიწყებთ რემონტს ხვალიდანვე, მაგრამ ჯერ ვერ გადავა, იმიტომ, რომ მოსაწყობია ის შენობა ტექნიკურად. ჯერჯერობით რადიოში იქნება ნიუსრუმი და შემდგომ მოხდება „თითების თეატრში“ გადაყვანა. პარალელურად კიდევ ვქირაობთ ფართს, სადაც ადმინისტრაცია განთავსდება, ასევე მოეწყობა სტუდიები გადაცემებისთვის,“ – გვითხრა ირაკლი კიკვაძემ.

ირაკლი კიკვაძის განმარტებით, დაახლოებით ორ კვირაში გადავა ნიუსრუმი ყოფილი თითების თეატრის შენობაში და შესაძლებელი გახდება საინფორმაციო გამოშვების სრულყოფილად მომზადება, სხვა გადაცემები კი, ეტაპობრივად აღდგება, თუმცა მათი ეთერში დაბრუნება კომისიის შეფასებაზე იქნება დამოკიდებული.

„აჭარის ტელევიზია“ საბოლოოდ ორბელიანის ქუჩაზე გადადის, სადაც მდებარე შენობა ამჟამად აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ შენობაში რემონტის შემდეგ ადგილი საკმარისი იქნება, როგორც ადმინისტრაციისთვის, ისე გადაცემებისთვის, სტუდიებისთვის.

საინტერესო ამ ყველაფერში ისაა, რომ ამდენ შენობაში გადასვლა-გადმოსვლის პარალელურად, ტელევიზიის მენეჯმენტმა რესტრუქტურიზაციის და რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. თანხმობა „აჭარის ტელევიზიამ“ უკვე მიიღო საზმაუს ბორდის სხდომაზე, რომელიც 5 მარტს გაიმართა.

ირაკლი კიკვაძე, რომელიც 2026 წლის იანვარში დაინიშნა „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად, აცხადებს, რომ კომისიას მოიწვევს და ის შეაფასებს არსებულ გადაცემებს.

რატომ წამოიწყო ორი პროცესი ერთდროულად „აჭარის ტელევიზიის“ მენემენტმა: ახალ შენობაში გადასვლა და ამავდროულად, რეოგანიზაცია? 

„ჩვენ არაფერი არ დაგვიკავშირებია, შენობა დაგვხვდა ასე“, – ამბობს ირაკლი კიკვაძე და ხაზს უსვამს იმას, რომ დანიშვნამდე მისი დაპირება იყო, ტელევიზიაში ჩაეტარებინა რესტრუქტურიზაცია.

როცა შენობის ავარიულობასა და რესტრუქტურიზაციაზეც ერთდროულად მიმართეთ საზმაუს მრჩეველთა საბჭოს, ეს არ აჩენს ეჭვს, რომ რეალურად სხვა ამოცანა აქვს მენეჯმენტს? – ვკითხეთ ირაკლი კიკვაძეს.

ის ვერ განმარტავს, რატომ იყო გადაუდებელი აუცილებლობა პრაქტიკულად ფორსმაჟორში რეორგანიზაციის პროცესი – ირაკლი კიკვაძემ გვითხრა, რომ მან ბორდისგან მიიღო თანხმობა და ეს უნდა მივიღოთ არგუმენტად.

„გეუბნებით, რომ ასეთი რაღაც, სპეციალურად დაგვემთხვია შენობის ავარიულობა რესტრუქტურიზაციას, არ არსებობს, რაღაც ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება… ჩემი გეგმა, რაც წარვუდგინე ბორდს და ბორდში არიან განსხვავებული აზრის ადამიანები, ერთნაირად დამეთანხმნენ.

ჩემს ზემოთ არის სამეურვეო საბჭო, რომელიც გვირჩევს, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გეგმა. მათ ეს გეგმა მიიღეს ჩვეულებრივად, არანაირი კითხვა არ ყოფილა, ყველანაირი თანხმობა მივიღეთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების,“ – ამბობს ირაკლი კიკვაძე.

„სწორედ ეს ამხელს საბოლოო ჯამში, რისი გაკეთება უნდათ,“ – მიიჩნევს ნათია კუპრაშვილი, – „ეს რომ იყოს გამოწვეული ფორსმაჟორით – ტექნიკურად აღარ შეგიძლია რაღაცის გაკეთება ამ შენობაში, რომელშიც ხარ, მოიძებნა ახალი შენობა და იქ გჭირდება გადაცემების ნელ-ნელა გადატანა – ეს არის სხვა პროცესი, მაგრამ ამას არ სჭირდება გადაცემების შეფასება.

გადაცემების შეფასება, როგორც წესი, ხდება წლის დასრულების დროს: ხედავ, რა დაგეხარჯა, რა ტიპის აუდიტორიაა და ასე შემდეგ. ახლა, ამ პროცესში გადაცემების შეფასება, რა თქმა უნდა, სრულიად გაუგონარი ამბავია – ერთი მეორესთან არანაირ კავშირში არ არის.

მე ზუსტად ვიცი, რომელი ადამიანები აღარ იქნებიან ახალ კონცეფციაში, თუმცა ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ იყოს. ჩემი აზრით, ფუნდამენტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს მორყეული, მარტო შენობას კი არა,“ – მიიჩნევს ნათია კუპრაშვილი.

ნათია კუპრაშვილი, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „აჭარის ტელევიზიის“ შენობის ამბავი ფორსმაჟორი არ არის და ფორსმაჟორის დროსაც კი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს პროგრამების შენარჩუნება და არა მათი დახურვა.

„ნებისმიერი ფორსმაჟორის დროს, ყველა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის მთავარი ამოცანაა პროგრამების შენარჩუნება და არა მათი დახურვა. თუ ამ ამოცანას ვერ უზრუნველყოფს მენეჯმენტი, ის თავად არის წასასვლელი სახლში.

არ შეიძლება გააჩერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ასე უვადოდ – როცა არ იცი, როდის განაახლებ გადაცემებს. როგორც წესი, მაუწყებლებს აქვთ მხოლოდ რამდენიმესაათიანი ტრანზაქციის უფლება და ეს არ უნდა ეტყობოდეს ეთერს,“ – აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა „ბათუმელებთან“.

რაც შეეხება ისტორიულ შენობას მემედ აბაშიძის გამზირზე – ჯერჯერობით მისი ბედი გაურკვეველია, რადგან ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა არ მომზადებულა.

742 600 ლარი მიუღებელია – აუდიტი მუნიციპალიტეტებში საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს თანხაზე

მოიჯარეები არღვევდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და დროულად არ იხდიდნენ საიჯარო გადასახადებს – აუდიტი სახელმწიფო ქონების არაეფექტურად განკარგვაზე მიუთითებს და არაერთ პრობლემურ საკითხს განიხილავს.

ანგარიშში 2022 წლიდან  2024 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის პროცესია მიმოხილული.

აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში 2024 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, მიუღებელი საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს თანხა 742 600 ლარია. ზოგ მუნიციპალიტეტში კი ქირის გადაუხდელობის ან დაგვიანების მიუხედავად არ არის დარიცხული პირგასამტეხლო.

აუდიტის ინფორმაციით, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებს ქონების მართვის სტრატეგია შემუშავებული არ აქვთ. შესაბამისად, გადაწყვეტილებები არ ეფუძნება სათანადო კვლევას და არასისტემური, ერთეული შემთხვევების ხასიათი აქვს.

მუნიციპალიტეტებს არ აქვთ მოძიებული და იდენტიფიცირებული საჭიროებები თითოეული დასახლების მიხედვით, სერვისების და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ. ასევე არ არის განსაზღვრული რაოდენობრივი მაჩვენებლები: „აქედან გამომდინარე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სერვისების განვითარების, მოქალაქეთა საჭიროებების გამოვლენისა და დაკმაყოფილების მიზნით ქონების ფორმირების პროცესში მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობები არასაკმარისია.“

  • ქონების გასხვისების ინიციატორები მეტწილად მისი შეძენით დაინტერესებული პირები არიან

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე, როცა ქონების გასხვისების ინიციატორები მეტწილად მისი შეძენით დაინტერესებული პირები არიან. შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტებმა შემდგომი გასხვისების მიზნით სახელმწიფოდან მოითხოვეს 104 ობიექტის გადმოცემა-დარეგისტრირება, საიდანაც 76 შემთხვევაში პროცესის დაწყების ინიციატორი იყო დაინტერესებული მხარე.

„ქონების ფორმირების პროცესში, მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული არ არის შესაბამისი კვლევა, რომლის საფუძველზე მოიძიებდნენ და გამოავლენდნენ ბიზნესისთვის საინტერესო ქონებას, რომელსაც ასევე შესაძლოა შემოსავლების მოზიდვის მნიშვნელოვანი პოტენციალი ჰქონდეს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესგარემოს მხარდაჭერისა და ადგილობრივი შემოსავლების ზრდის მიმართულებით, არასაკმარისია.“

კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტების საქმიანობა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის პროცესში შემოსავლების მიღების მიზანს ნაწილობრივ შეესაბამება, თუმცა არსებობს გაუმჯობესების პოტენციალი.

„მუნიციპალიტეტებმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვრონ ის უძრავი ქონება, რომელიც საჭირო არ არის, არ გამოიყენება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სერვისების მიწოდებისა და მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში. ამ ტიპის, ე.წ. „ჭარბი“ ქონების იდენტიფიცირების შემდეგ კი განკარგონ იგი ბიზნესგარემოს განვითარებისა და შემოსავლების მიღების მიმართულებით. მუნიციპალიტეტებში ამ მიზნით არ არის ჩატარებული შესაბამისი კვლევა, არ არის გამოვლენილი დაინტერესებული მხარეების მოთხოვნა და შესაძლებლობა, უძრავი ქონება განიკარგოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და დამატებითი შემოსავლების მისაღებად.“

„მუნიციპალიტეტების მიერ ქონების განკარგვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად არ ეფუძნება შესაბამის გათვლებსა და ანალიზს – უმჯობესია ერთჯერადი ფისკალური ეფექტი, თუ შემოსავლების მიღება გრძელვადიან პერიოდში ან ადგილობრივი ბიზნესგარემოს განვითარება. აღნიშნული მნიშვნელოვანია ქონების განკარგვის ოპტიმალური ვარიანტის შესარჩევად.“

  • აუდიტი ინფორმირებულობის ნაკლებობაზეც ამახვილებს ყურადღებას

აუდიტი მუნიციპალიტეტის ორგანოებს ახსენებს, რომ ვალდებული არიან უზრუნველყონ მოსახლეობის ინფორმირებულობა თვითმმართველობის საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით. „კარგი მმართველობის“ პრინციპების დაცვა და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება.

„მუნიციპალიტეტები საინფორმაციო შეხვედრებს პრაქტიკულად არ იყენებენ. სათანადოდ არ აქვთ შესწავლილი არსებული ბიზნესგარემო და ინვესტიციების მოზიდვის რესურსი, არ არის იდენტიფიცირებული ბიზნესისთვის საინტერესო მუნიციპალური უძრავი ქონება და არ არის შემუშავებული პოტენციურ დაინტერესებულ ინვესტორებთან მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მექანიზმები. შესაბამისად, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენებით, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია და სათანადოდ არ არის გამოყენებული ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს განვითარების პოტენციალი.

აუდიტის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საპრივატიზებო ან სარგებლობის უფლებით გადასაცემ ქონებაზე წვდომა [აუქციონში მონაწილეობა] შეეძლოთ დაინტერესებულ პირებს. ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება ელექტრონული აუქციონის ორგანიზებაა. მიუხედავად ამისა, ძირითად შემთხვევებში [57%] მუნიციპალიტეტებმა გამოიყენეს ქონების განკარგვის ისეთი მეთოდები, რომლებიც ქმნიან უკონკურენტო ან შეზღუდულ/ ნაკლებად გამჭვირვალე გარემოს [პირდაპირი წესით განკარგვის მეთოდი და საჯარო აუქციონი].

ელექტრონული აუქციონის ორგანიზების უპირატესობას განაპირობებს ის გარემოება, რომ მასში მონაწილეობა ქონების შეძენით დაინტერესებულ პირთათვის ნაკლებ დროსა და ფინანსურ დანახარჯთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტებმა 26 შემთხვევაში ქონება განკარგეს საჯარო აუქციონით, თუმცა დასაბუთებული არ არის განკარგვის აღნიშნული ფორმის გამოყენების მიზანშეწონილობა.

პირდაპირი განკარგვა გამორიცხავს კონკურენციას – შესაბამისად, აუქციონთან შედარებით ნაკლებად გამჭვირვალე ფორმაა, თუმცა მისი გამოყენება კანონით ნებადართულია და ძირითადად ისეთ შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც ქონების პირდაპირი ფორმით გადაცემა დაკავშირებულია გარკვეულ ობიექტურ გარემოებებთან ან/და პირდაპირი განკარგვა ითვალისწინებს ისეთ პირობებს, რომლებიც ხელსაყრელია მუნიციპალიტეტისათვის.

აუდირებულ პერიოდში მუნიციპალიტეტებმა პირდაპირი განკარგვის წესით გასცეს სარგებლობით გაცემული ქონების 80%. პირდაპირი განკარგვის წესის გამოყენებით მუნიციპალიტეტებმა შეზღუდეს კონკურენცია და დაკარგეს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

ქონების ზუსტი შეფასება მნიშვნელოვანია მისი ღირებულების დასადგენად. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტებში ქონების განკარგვის შესახებ ინფორმაციების გავრცელების და დაინტერესებული პირების ჩართულობის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს.

შესაბამისად, აუდიტორული დასკვნები უნდა იყოს კვალიფიციურად შედგენილი და იძლეოდეს რწმუნებას საბაზრო ფასებთან შესაბამისობაზე. შესწავლილი აუდიტორული დასკვნების მიხედვით, შეფასებული 286 ქონებიდან, 160-ზე მეტ შემთხვევაში მითითებული არ არის იმ ანალოგების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრა შესაფასებელი ქონების ღირებულება. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება, იყო თუ არა შეფასებული ობიექტის ღირებულება განსაზღვრული ან/და დაკორექტირებული შესაბამის ანალოგებზე დაყრდნობით.

სუს-მა 12 მუნიციპალიტეტში მერიის თანამშრომლები და მათთან დაკავშირებული პირები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტში 30 ადამიანი დააკავა.

დაკავებულთა უმეტესობა ადგილობრივი მერიების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან.

დღეს, 9 მარტს, საგანგებო ბრიფინგი გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ და 12 მუნიციპალიტეტში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

უცვლელად გთავაზობთ სუსი-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და უწყების მიერ ბრალის ფორმულირებას.

  • ახმეტა

„ახმეტის  მუნიციპალიტეტში, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის დახმარებით, ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს სუსი.

  • ქობულეთი

„ქობულეთში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის  ფაქტზე, დაკავებულია ორი ადამიანი, მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის – სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალი ტალღის” პროფესიული კურსის კოორდინატორი, რომელმაც მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან წინასწარი შეთანხმებით, ერთ პირს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს სუსი.

  • თბილისი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, დაკავებულია  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.

გამოძიებით გამოვლინდა, რომ მეხანძრე-მაშველი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, საბერძნეთის მოქალაქეს სავაჭრო ჯიხურის გასახსნელად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ქირით აღებასა და  შემდგომ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა.

სანაცვლოდ 5 000 ლარი მოსთხოვა და წინასწარ 1 300 ლარი გამოართვა.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

  • მარტვილი

„დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორ სპეციალისტს სოფელ ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბრალდება წარედგინა.

ბრალდებულებმა შეადგინეს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმი, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი, 13 500 ლარის ღირებულების 2 560 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 341-ე და 342-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

  • წალენჯიხა

„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე პასუხისგებაშია მიცემული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობა გასცა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 300 ლარის ღირებულების 1 900 კვ.მ  და 22 800 ლარის ღირებულების 6 620 კვ.მ მიწის ნაკვეთები.

ყალბი ცნობა გასცა ამავე მუნიციპალიტეტის ყოფილმა წარმომადგენელმა სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, რის შემდეგაც მოქალაქემ  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3 216 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე  341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

  • ცაგერი

„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილ წარმომადგენელს, რომელმაც გასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 165 930 ლარის ღირებულების 11 448 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

  • გარდაბანი

„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა გარდაბნის  მუნიციპალიტეტში მერის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მის მიერ გაცემული ყალბი ცნობის საფუძველზე, მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა 8 840 კვ.მ  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი, რომელთა ღირებულება 67 060 ლარს შეადგენდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

  • მცხეთა

„ბრალდება წარედგინა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე.

ბრალდებულმა  მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტი შეადგინა, რომელშიც არასწორი ინფორმაცია შეიტანა, თითქოს მცხეთაში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დაინტერესებული პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს, რის საფუძველზეც მოქალაქემ საკუთრებაში უკანონოდ დაირეგისტრირა 92 636 ლარის ღირებულების 217 კვ.მ  მიწის ნაკვეთი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

  • მარნეული

„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, პასუხისგებაშია მიცემული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 20 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა-გამიჯვნის საკითხის თითქოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ დოლარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

  • ახმეტა

„დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის თავმჯდომარეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელს, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, ასევე კონტრაქტორი კომპანია შპს „არტიფექსის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტ ექსპერტის“ ექსპერტს ბრალდება წარედგინათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ახმეტის N2 და N4 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების  პროცესში, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტ ექსპერტის“ ექსპერტის დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, შპს „არტიფექსის“ დირექტორი მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 22 242 ლარს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

  • სენაკი

„დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ასევე, ამავე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკის საფეხბურთო კლუბის“ დირექტორსა და მის მოადგილეს ბრალდება წარედგინათ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით ეკრძალებოდა პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს დაარსება და მის მართვაში მონაწილეობა, დააარსა და ფლობდა კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ფორმალურად რეგისტრირებული იყო მისი მეუღლის სახელზე, ხოლო კომპანიის საქმიანობას იგი ერთპიროვნულად წარმართავდა და სამსახურებრივ მფარველობას უწევდა.

აღნიშნული კომპანიის მეშვეობით მან მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ა(ა)იპ „სენაკის საფეხბურთო კლუბის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც, ევალებოდა საფეხბურთო კლუბ „ეგრისის“ ფეხბურთელების სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯების მომსახურება.

საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, საფეხბურთო კლუბის დირექტორსა და მის მოადგილესთან წინასწარი შეთანხმებით, შეადგინა მომსახურების გაწევის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტები, დოკუმენტებში გაწეული მომსახურების გაზრდილი ოდენობების შესახებ ყალბი ინფორმაცია შეიტანეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 21 212 ლარს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

  • ხულო

„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ორ წევრი, ასევე, სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რა დროსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირების მხრიდან  სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო კომპანიის ხელმძღვანელი პირები სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებს სუსი.

ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აპროტესტებს შსს-ს მიერ იმ ჟურნალისტების სამართლებრივი დევნას, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ.

ქარტია განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ჟურნალისტთა სამართლებრივ დევნას პროტესტის გაშუქებისას, უდგენს რა მათ სამართალდარღვევის ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სრულიად აშკარაა, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ,“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

განცხადებაში ქარტია მიმოიხილავს გასულ კვირას მომხდარ ამბავს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შსს, 18 თებერვალს, ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება ტროტუარზე დგომით ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს.

ქარტია წერს, რომ თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ამ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები 6 მარტს გამოიკვლია და გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.

გიორგი თარხნიშვილის ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ფოტოგრაფი იმ საღამოს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – მას ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა წარწერა „PRESS” და ე.წ. ჟურნალისტის ბეიჯი და მუშაობდა დიდი ზომის პროფესიული კამერით ხელში.

შსს „ტაბულას“ ჟურნალისტს მარიამ კუპრავას 7 თებერვალს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება.

„ტაბულას“ ინფორმაციით, ამ დროს მარიამ კუპრავა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და „შაბათის მარშს“ აშუქებდა.

იმავეს ედავება შსს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს მარიამ ძიძარიასაც, ოღონდ 31 იანვარს.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ამ დროს მარიამ ძიძარია „შაბათის“ მარშს აშუქებდა. მას ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა სამხრე ნიშანი „PRESS” და ჟურნალისტის ე.წ. ბეიჯი, და მუშაობდა კამერით ხელში.

მარიამ კუპრავას და მარიამ ძიძარიას საქმეებზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

სამივე ჟურნალისტს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით.

„შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტრუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ.

სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და, გამოგონილ საფრთხეებზე აპელირების ნაცვლად, თავისი რესურსი მოძლიერებულ კრიმინალთან ბრძოლასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე დახარჯოს,“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტებს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, შსს გზის ხელოვნურად „გადაკეტვას“ ედავება

ბათუმში ბინების გაყიდვების რაოდენობა და ფასები ისევ გაიზარდა – კვლევა

ორგანიზაცია Galt & Taggart-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2025 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ.

ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე და ჯამში 17 478 ბინას მიაღწია.

კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ღირებულებაც და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბაზარზე აქტივობის ზრდას უსვამს ხაზს.

ორგანიზაციის შეფასებით, ამას ხელი შეუწყო 2025 წელს ახალი მსხვილმასშტაბიანი პროექტების გაყიდვების დაწყებამ და მეორად ბაზარზე გაზრდილი საბინაო ფონდის გამო გაზრდილმა აქტივობამ.

Galt & Taggart-ი დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, რომ პირველად ბაზარზე, რეალურ დროში სისტემური გაყიდვები წლიურად გაიზარდა 2025 წელს, თუმცა ბაზარი ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა 2023 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულს.

ამავდროულად, გასაყიდი ბინების რაოდენობა სწრაფად ზრდას განაგრძობს, თუმცა, ბაზარზე მაღალი აქტივობის მიუხედავად, გაზრდილი მიწოდება ჯერ კიდევ არ არის ათვისებული.

კვლევის მიხედვით, გასაყიდი ბინების ფასი კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 1865 დოლარს შეადგენდა 2025 წლის დეკემბერში, მეორად ბაზარზე კი ფასი საშუალოდ 1 450 დოლარ იყო.

რაც შეეხება მდებარეობებს, ყველაზე დიდი რაოდენობა – 6 807 ბინა გაიყიდა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 993 ბინაა გაყიდული გმირთა ხეივნის მიმდებარედ. 1 727 ბინა გაიყიდა ძველ ბათუმში, 1 686  გაყიდულია ქალაქის გარეუბნებში.

კვლევის მიხედვით, პირველადი ბაზრის ფასების ზრდა მოთხოვნის ზრდას უსწრებს, რაც ართულებს მიმდინარე ზრდის ტემპის შენარჩუნებას.

ფასის ზრდა პირველად ბაზარზე დაჩქარდა და გადააჭარბა მეორადი ბაზრის ზრდის ტემპს  [9.4% წ/წ და 6.9% წ/წ საშუალო ზრდა, შესაბამისად], რამაც სხვაობა ბაზრების ფასებს შორის კიდევ უფრო გააფართოვა.

ამასთან, ბათუმში ქირის ფასი წლიურად უცვლელი დარჩა და საშუალოდ დღეში $35.6-ია. შედეგად, ბათუმში ქირის ამონაგები – საინვესტიციო მოთხოვნის მთავარი კატალიზატორი – 2024 წლის 8.8%-დან 7.4%-მდე შემცირდა 2025 წელს.

აღსანიშნავია, რომ კლების მიუხედავად, ბათუმში ამონაგები კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სხვა საზღვაო კურორტებთან შედარებით.

Galt & Taggart-ის მკვლევრების შეფასებით, 2026 წელს გაყიდვების დონე პირველად ბაზარზე მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ხოლო მეორად ბაზარზე ზრდაა მოსალოდნელი, რასაც ხელს შეუწყობს გაზრდილი საბინაო ფონდი და ბაზრის გააქტიურება.

„მოსალოდნელია, რომ პირველად ბაზარზე ფასის ზრდა 2026 წელს წლიურად 4-6%-მდე შენელდება 2025 წელს დაფიქსირებული 9.4% წლიური ზრდის შემდეგ. პირველად და მეორად ბაზრებს შორის ფასთა სხვაობა აღარ გაიზრდება. ამასთან, ქირის ამონაგები შემცირებას განაგრძობს, მზარდი ფასისა და დიდი რაოდენობით მიმდინარე მშენებლობების ფონზე, რომლებიც მომდევნო წლებში ჩაბარდება.

„საერთო ჯამში, 2026 წლის მოლოდინები უფრო საფრთხილოა, ვიდრე 2025 წლის აღდგენით შეიძლება ჩანდეს. ბათუმში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პრემიუმ პროექტის დაწყებაა დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მშენებარე საბინაო ფონდს და დამატებით ზეწოლას მოახდენს ბაზარზე.

მნიშვნელოვანი იქნება ახალი ქვეყნების დაინტერესება ბათუმის უძრავი ქონებით, რადგან სწორედ მშენებარე პროექტებში ათვისების ტემპი და უცხოელი მყიდველების მხრიდან საინვესტიციო მოთხოვნის მდგრადობა განსაზღვრავს ბაზარი დასტაბილურდება თუ შენელდება 2026 წელს“ – აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის განმარტებით, შესაძლოა ბაზარზე გარკვეული გავლენა ირანში ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც მოახდინოს:

„ირანში ბოლოდროინდელი კონფლიქტის ესკალაცია და მასთან დაკავშირებული რეგიონული რისკები მოკლევადიან პერიოდში საფრთხეს, პირველ რიგში, ისრაელიდან მოთხოვნას უქმნის – ეს სეგმენტი ბათუმში ყველაზე სწრაფად მზარდია უცხოელ მყიდველთა შორის და მასზე გაყიდვების 13% მოდიოდა 2025 წელს. თუმცა, როგორც წესი, ხანგრძლივი არასტაბილურობის დროს ისინი უსაფრთხო თავშესაფრის [safe haven] აქტივებს ეძებენ და ბათუმს, რომელიც მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ბაზარია, შესაძლოა საშუალო ვადაში ამან სარგებელი მოუტანოს“.

ბათუმში პოლიციელი მაღაზიის მენეჯერს თავს დაესხა საკანცელარიო დანით – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული ბათუმის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივია. ინფორმაცია პოლიციელის მხრიდან რამდენიმე დღის წინ ჩადენილ ყაჩაღობაზე პროკურატურამ დღეს, 2026 წლის 9 მარტს, ამ ამბის მედიაში გაშუქების შემდეგ გაავრცელა.

გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცა 2 915 ლარი.

ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით [ყაჩაღობა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ 9 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქობულეთში კოლეჯ “ახალი ტალღას” პროფესიული კურსის კოორდინატორი დააკავეს – ბრიფინგი სუსში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქობულეთში 2 პირი დააკავა ყალბი სერტიფიკატის დამზადების ბრალდებით.

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ გაავრცელა დღეს, 9 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

„ქობულეთში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, დაკავებულია ორი ადამიანი.

მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღის“ პროფესიული კურსის კოორდინატორი, რომელმაც მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან, წინასწარი შეთანხმებით, ერთ პირს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა,“ – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დააკავეს ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები დააკავა.

მათთან ერთად დაკავებულია სამუშაოების ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები.

გამოძიება დაკავებულებს კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარებას და ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება.

ინფორმაცია დღეს, 9 მარტს გახდა ცნობილი სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის ბრიფინგზე.

„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ორი წევრი.

ასევე სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რა დროსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო კომპანიის ხელმძღვანელი პირები სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ,“ – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხულოს მერიის თანამშრომლებს აკავებენ.

გასული წლის ნოემბერში ქრთამის აღების ბრალდებით ხულოს მერიის ერთი თანამშრომელი დააკავეს.

„ბაკურიანში 5 სასტუმრო თვითნებურად ააშენა“ – შპს „კრისტალ ჯგუფის“ უფროსი დააკავეს

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი ბათუმში სასამართლომ დააპატიმრა

პოლიციელი, რომელსაც ბათუმში მაღაზიის დაყაჩაღებას ედავებიან, სასამართლომ დააპატიმრა.

პოლიციელ ტარიელ რიჟვაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა შეუფარდა. სასამართლო სხდომა 2026 წლის 26 თებერვალს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ-ერთი ქსელური მაღაზია კი, ბათუმში 24 თებერვალს დააყაჩაღეს.

დაპატიმრებულ პოლიციელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ყაჩაღობის მუხლით აქვს წარდგენილი, რომლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე.

ნავთობის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე 2022 წლის შემდეგ

აშშ-ისრაელის ირანთან ომისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის პარალელურად, ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე – წერს დასავლური მედია.

„ბიბისის“ ცნობით, 9 მარტს, დილით, აზიაში Brent-ის ნავთობის ფასი დაახლოებით 15.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 107.16 დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ის Nymex Light Sweet-ის ნავთობის ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა და 106.77 დოლარს მიაღწია.

ჰორმუზის სრუტის გრძელვადიანი ბლოკირების შიში, რომლის გავლითაც ყოველდღიურად მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადაიზიდება, ნავთობის ბაზარზე მთავარ პრობლემად რჩება.

გლობალურ ნავთობის ბაზარზე დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 6 მარტს განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს ტანკერებზე არსებული რუსული ნავთობის მიმართ სანქციების შემსუბუქებას.

ასევე 6 მარტს, აშშ-მ, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს 30 დღით მოუხსნა აკრძალვა ტანკერებზე უკვე დატვირთული რუსული ნავთობის შეძენაზე.

___________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.  EPA/ALI HAIDER

ამავე თემაზე: 

რატომ იწვევს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების შეფერხება ნავთობის ფასის ზრდას

 

პოლიციელმა ბათუმში მაღაზია დააყაჩაღა

ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ პოლიციელმა ქსელური მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურატურა ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვეს პროკურატურის პრესცენტრში.

შსს-ს პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ შემთხვევას პროკურატურა იძიებს და ინფორმაციას შსს ვერ მოგვაწვდის.

 

უკვე 10 წელია საიმედო მეზობელი – როგორ უჭერს მხარს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ადგილობრივ მოსახლეობას

„ერთგული და საიმედო მეზობელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ – უკვე 10 წელია ამ პრინციპზეა დაფუძნებული ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მაღალმთიან აჭარაში, იქ, სადაც კომპანიამ დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე დიდი ენერგოობიექტი – „შუახევი ჰესი“ ააშენა.

როცა დიდი ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში, სხვადასხვა დაინტერესებული თუ განხილვაში მონაწილე მხარისგან ხშირად ისმის კითხვა: „რა სარგებელი ექნება ამით ადგილობრივ მოსახლეობას?“ – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შემთხვევაში ამ კითხვაზე ცხადი პასუხი კომპანიის მიერ განხორციელებული სოციალური პროექტებია. ამ პროექტების საშუალებით კომპანია 10 წელია უწყვეტად უჭერს მხარს მოსახლეობას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც.

მნიშვნელოვანია, რომ ამ 10 წლის განმავლობაში ადგილობრივთა ჩართულობისა და საჭიროების კვლევის გარეშე არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ თითოეული პროექტი კონკრეტულ ადამიანებს უკავშირდება: ბავშვებს, რომლებმაც შედარებით უკეთეს პირობებში მიიღეს განათლება; აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომლებსაც ადგილზე შეექმნათ უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელი პირობები; ოჯახებს, რომლებსაც გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებს; ადამიანებს, რომლებმაც ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეს და დასაქმდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტში, სახლთან ახლოს.


სატიშ რამეშ ბჰატი

„შუახევი ჰესების კასკადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებით.

პროექტის საწყისი ეტაპიდან, ადგილობრივ თემებთან ღია და უწყვეტი დიალოგი დაგვეხმარა რეალური საჭიროებების გაცნობასა და გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ამ ათწლეულის განმავლობაში სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა და მოიცავს განათლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, თემების მხარდაჭერასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

საერთაშორისო სტანდარტებსა და გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ ვქმნით საერთო ღირებულებას პასუხისმგებელი ბიზნესპრაქტიკების მეშვეობით. მომავალშიც დავრჩებით სანდო პარტნიორად იმ თემებისთვის, სადაც ვსაქმიანობთ, და განვაგრძობთ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და გრძელვადიან დადებით გავლენას “ – ამბობს სატიშ რამეშ ბჰატი, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი. 

განათლება და ცნობიერების ამაღლება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ადგილობრივი თემების მხარდაჭერა – ეს ის მიმართულებებია რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდა ასობით წარმატებული სოციალური პროექტი, რომელთა საერთო მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარება იყო.

„რიცხვები არ ტყუიან“, ამიტომ, მხოლოდ სტატისტიკაზე დაყრდნობით გთავაზობთ მნიშვნელოვან მონაცემებს, რაც იოლად შეგიქმნით წარმოდგენას, რის გაკეთება მოესწრო ამ 10 წლის განმავლობაში.

ათი წლის განმავლობაში სოციალური პროექტებისთვის დახარჯულია 9 000 000 ლარი.

აქედან:

1 250 000 ლარი – განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლებისთვის;

4 550 000 ლარი – ადგილობრივი თემების მხარდაჭერისთვის;

3 000 000 მეტი ლარი – ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალურმა პროექტებმა 8000 -ზე მეტ ადამიანს მოუტანა სარგებელი. 

ადგილობრივი თემების მხარდაჭერისთვის განხორციელდა 93 პროექტი, პირდაპირი სარგებელი მიიღო 438 მოქალაქემ, არაპირდაპირი – 5000-ზე მეტმა.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სულ განხორციელდა 88 პროექტი, პირდაპირი სარგებელი მიიღო 291 მოქალაქემ, არაპირდაპირი – 1200-მდე ადგილობრივმა.

განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის განხორციელდა 10 პროექტი და პირდაპირი სარგებელი მიიღო 5000-მა მოქალაქემ.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის გზა ეფუძნება აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის ჩართულობას, პარტნიორობასა და ერთიან პროგრესს. ის, რაც თავდაპირველად საზოგადოებისთვის სარგებლის დაბრუნების სურვილით დაიწყო, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა გრძელვადიან თანამშრომლობად, რომელიც ერთმანეთის მოსმენით, ერთად სწავლითა და საერთო საქმეებით იქნა გამყარებული.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ადგილობრივ ოჯახებთან, სკოლებთან, ფერმერებთან და თემის ლიდერებთან ერთად ვმუშაობდით განათლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თუ მცირე მეწარმეების გაძლიერების მიზნით. ჩვენი ინიციატივები ერთი რწმენით იყო წარმართული: გრძელვადიანი და რეალური შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც მოსახლეობა ცვლილებების აქტიური თანამონაწილეა.

მაღალმთიანი აჭარა მდიდარია კულტურითა და ტრადიციებით. ჩვენ ვამაყობთ იმით, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივაღწიეთ, თუმცა კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ იმ ნდობას, მეგობრობასა და მჭიდრო ურთიერთობებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამ 10-წლიანი ეტაპის აღნიშვნისას ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და ვაგრძელებთ შუახევი ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიან განვითარებას“ – ამბობს ნინო დიასამიძე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.


ნინო დიასამიძე

  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება 

ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან ერთად უკვე მესამე წელია აფინანსებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას და ამ დროის განმავლობაში, ჯამში 31 პროექტის თანადამფინანსებელია. კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ადგილობრივი ქალების წახალისება და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა.

YouTube video player

ნახეთ მასალა ამ თემაზე: „ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია“ – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა

  • განათლება და ცნობიერების ამაღლება

განათლების მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს გრძელვადიანი შესაძლებლობების შექმნისა და ადგილობრივი თემების გაძლიერების საფუძველს. სწორედ ამ მიზნით, 10 წლის განმავლობაში „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დააორგანიზა და დააფინანსა არაერთი მიზნობრივი ტრენინგი, შეხვედრა და აკადემიური მხარდაჭერისა თუ პროფესიული განვითარების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც კომპანია ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში პრაქტიკული უნარების განვითარებას, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობების ზრდას და მომავალი თაობების, როგორც მატერიალურ, ისე ფინანსურ მხარდაჭერას.

შეგვიძლია ამ შემთხვევაშიც მხოლოდ რიცხვებით ვისაუბროთ:

  • 1189 მოსწავლე მონაწილეობდა სხვადასხვა ინგლისურენოვან აქტივობაში;
  • 121 მოზარდმა გაიარა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ;
  • 99 ადგილობრივმა ქალმა გაიარა ჯანდაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგი;
  • 88 ადგილობრივმა მამაკაცმა მიიღო ინფორმაცია მამაკაცის ჯანმრთელობის შესახებ;
  • 30 სტუდენტმა მიიღო სრული საბაკალავრო სტიპენდია;
  • 4-მა სკოლამ მიიღო გრანტი STEM პროგრამის ფარგლებში;
  • 40 მოსწავლემ გაიარა მოსამზადებელი კურსები ეროვნული გამოცდებისთვის;
  • 14-მა სკოლამ მიიღო დაფინანსება სკოლის ეზოების, ბიბლიოთეკების და სპორტული დარბაზების რეაბილიტაციისათვის;
  • მოძრაობის უსაფრთხოებაში გადამზადდა 80 მოსწავლე, 35 მასწავლებელი, 15 მძღოლი და 25 მარშალი;
  • 79 ინგლისური ენის მასწავლებელი გადამზადდა;
  • 2 ინჟინერი გადამზადდა ტრენერად;
  • 7-მა სტუდენტმა დაასრულა სტაჟირება;
  • 660-მა ადგილობრივმა გაიარა უნარების ამაღლების ტრენინგი შუახევი ჰესის მშენებლობაზე დასაქმებამდე.

ამავე დროს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ყოველწლიურად უჭერს მხარს ლიტერატურულ ფესტივალ კონკურს „პეგასს“, რომელიც აჭარის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა. ფესტივალი პირველად 2019 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა, დღეს კი რეგიონის მასშტაბით ტარდება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან აერთიანებს ახალგაზრდებსა და დამწყებ ავტორებს.

პროექტის მიზანია ახალი ავტორების გამოვლენა და მათი პოპულარიზაცია, ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ხუთივე მუნიციპალიტეტში.

ნახეთ ამ თემაზე:
YouTube video player

  • ადგილობრივი თემების მხარდაჭერა

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ თემების განვითარების ინიციატივები მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) გაძლიერებისკენ, დასაქმების ხელშეწყობისა და თემის შესაძლებლობების განვითარებისკენ. კომპანია ხელს უწყობს ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობას, უნარების გაძლიერებასა და რეგიონის გრძელვადიან განვითარებას.

ისევ რიცხვები რომ მოვიშველიოთ:

  • 88 ბიზნესი დაფინანსდა ხულოსა და შუახევში;
  • აქედან 52 ბიზნესი ქალების მართულია;
  • 142 ადამიანი დასაქმდა – 62 მამაკაცია და 82 ქალი;
  • 89 პირმა მიიღო მონაწილეობა მეფუტკრეობის ტრენინგში;
  • 41 ადგილობრივი მცხოვრები დაესწრო მესაქონლეობის შესახებ გამართულ ტრენინგს;
  • 42-მა მონაწილემ მიიღო ინფორმაცია თხილის წარმოების შესახებ;
  • 180 ფუტკრის სკა გადაეცა ტრენინგის მონაწილეებს;
  • 39 მსხვილფეხა საქონელი გადაეცა ადგილობრივებს, რომლებმა ტრენინგი გაიარეს;
  • თხილის 8550 ნერგი გადანაწილდა მსურველებზე.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, რომელთა მიზანია ადგილობრივთა ჩართულობით არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

სკოლების, წყლის სისტემების, გზებისა და საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაციის გზით, „აჭარისწყალი ჯორჯია“ აძლიერებს ადგილობრივ შესაძლებლობებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ადგილობრივი თემების გაძლიერებას.

კვლავ სტატისტიკური მონაცემები:

  • 291 ადგილობრივი დასაქმდა მოკლევადიან სამუშაოებზე;
  • 14 სკოლაში ჩატარდა ეზოების, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია;
  • 15 სასმელი წყლის სისტემა რეაბილიტირდა;
  • 10 სარწყავი და სადრენაჟე სისტემა მოწესრიგდა;
  • 15 სოფლის გზაზე ჩატარდა სხვადასხვა სახის რეაბილიტაცია – მოხრეშვა, გაბიონების და დამცავი კედლების მონტაჟი;
  • 1 სოფლის სახლი აშენდა.

ასევე, კომპანიამ „შუახევი ჰესის“ პროექტის ფარგლებში სოფელ ჩანჩხალოში საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა. ეს ინიციატივა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მაგალითია. მშენებლობისთვის გათვალისწინებული 150 000 ლარის ინვესტიცია თანაბრად განახორციელეს ენერგოკომპანიამ და შუახევის მუნიციპალიტეტმა.

საბავშვო ბაღი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო, კომფორტული და შემეცნებითი გარემო, შესაბამისი ასაკობრივი ლიტერატურით.

ამავე დროს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ სკოლებს, მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით. ჰესის ოპერირების არეალში კომპანიის მხარდაჭერით სკოლებში განთავსდა თანამედროვე ტრენაჟორები, განახლდა სათამაშო მოედნები და მოეწყო შიდა კალათბურთის დარბაზები, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს სუფთა გარემოში, აქტიურად ივარჯიშონ და სპორტით დაკავდნენ.

„აჭარისწყალი ჯორჯიაში“ განსაკუთრებით ამაყობენ, რომ გოდერძის ალპური ბაღის განვითარებას დაუჭირეს მხარი.

YouTube video player

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარების ინფრასტრუქტურა ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ 100 000 აშშ დოლარით დააფინანსა.

გოდერძის ალპური ბაღი 200-მდე ენდემური ჯიშის მცენარეს აერთიანებს, მისი ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სუბალპური ზონის ტყის ზოლის აღდგენა, ეკო-განათლების პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარება.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარების პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსსა“ (Mercy Corps) და ბათუმის ბოტანიკური ბაღთან ერთობლივი თანამშრომლობით.

შუახევი ჰესი ათწლეულების განმავლობაში გააგრძელებს ელექტროენერგიის გამომუშავებას, კომპანიაში კი პირობას დებენ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ ერთგული და საიმედო მეზობლები იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ბსუ-ს რექტორი სწავლის დაწყების წინ შვებულებაში გავიდა

უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განახლდა. დღეს, 9 მარტს, საგაზაფხულო სემესტრი დაიწყო ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, თუმცა უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე, სწორედ სწავლის დაწყების წინ გავიდა ერთთვიან შვებულებაში. რატომ, უცნობია.

შვებულების შემდეგ, თანამდებობა დატოვა ტიტე აროშიძის ერთ-ერთმა მოადგილემ, ბსუ-ს ყოფილმა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.

როგორც „ბათუმელებთან“ საუბრისას მერაბ ხალვაში ამბობს, თანამდებობის დატოვების მიუხედავად ის უნივერსიტეტში რჩება სრული პროფესორის თანამდებობაზე.

აქამდე ბსუ-ს რექტორს სამი მოადგილე ჰყავდა. ერთი მოადგილის შტატი გაუქმდა თუ ისევ ვაკანტურია თანამდებობა? – უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

საიამ სტრასბურგში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა.

საჩივარი 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი  საჩივრით საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა; დისკრიმინაციის აკრძალვა; არაეფექტიანი გამოძიება; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება.

„2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და დაეხა ქურთუკი.

პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა.

მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა.

გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი, ზემოაღნიშნული საჩივრით საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები:

  • მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა),
  • მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი (არაეფექტიანი გამოძიება) აკრძალვა),
  • მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება),
  • მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა),
  • მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.

კერძოდ: დამამცირებელი მოპყრობა (მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის მხრიდან გამოყენებული გაუმართლებელი ფიზიკური ძალა, რამაც სხეულის დაზიანებები გამოიწვია, სახეში შეფურთხება, წყლის მიწოდებისა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა და გენდერული ნიშნით განხორციელებული მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს ღირსების შემლახველ მოპყრობას.

აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა მზია ამაღლობელის დამცირებას დისკრიმინაციული მოტივით.

არაეფექტიანი გამოძიება (მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი): სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება, კერძოდ, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის ერთი შესასვლელის ვიდეოჩანაწერი, საიდანაც მზია ამაღლობელი შენობაში საერთოდ არ შეუყვანიათ.

გამოძიების არაეფექტიანობას კიდევ უფრო მკაფიოს ხდის ის გარემოება, რომ ადვოკატის წერილზე, არსებობდა თუ არა შენობის პერიმეტრზე ვიდეოჩანაწერები, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა უპასუხა, რომ მოთხოვნილი პერიოდის ჩანაწერები საერთოდ არ მოიპოვებოდა.

გამოძიებამ არ გამოითხოვა ბათუმის მერიიდან დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ გარე სათვალთვალო კამერა, რომელიც ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელსა და ეზოს აღბეჭდავს, დამონტაჟდა 2025 წლის 11 იანვრის შემდგომ.

ასევე არ შეისწავლა მზია ამაღლობელის დაცვის უფლების დარღვევის მიზეზები და რეალური გარემოებები. ასევე არ არის მიღებული ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი.

გამოძიებამ რეაგირების გარეშე დატოვა პოლიციელთა ცრუ ჩვენებებიც: ირაკლი დგებუაძე ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ აქციაზე დარჩა, თუმცა ვიდეო კადრებში ჩანს, რომ იგი მზიას ეზოში გაჰყვა და აგინებდა.

ასევე, ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა თავს დამკავებლებად ასახელებენ, მაშინ როცა კადრებით დასტურდება, რომ ბჟალავას დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.

გამოძიებამ არ დააიდენტიფიცირა და არ გამოჰკითხა რეალური დამკავებლები, რომლებიც მზიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უშუალო მოწმეები არიან. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძემ აღიარა, რომ სწორედ ის აგინებს მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფა (მე-8 მუხლი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა და ხელბორკილების გამოყენება ყოველგვარი უსაფრთხოების რისკის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას. ვინაიდან ეს ზომები მზია ამაღლობელის მიმართ მხოლოდ მისი დამცირების მიზნით, ცინიკური და გენდერულად დისკრიმინაციული მოტივით იქნა გამოყენებული და სცილდებოდა სამართლებრივ ფარგლებს.

სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში): ქვეყნის შიგნით არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რათა პირმა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი.

მას შემდეგ, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა, საქმე აჭარის პროკურატურამ გადაიბარა და გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა.

კერძოდ, პროკურატურა მომჩივნის ადვოკატის მოთხოვნებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით არ პასუხობს, ხოლო სასამართლო კი, თავის მხრივ, ფორმალისტური მიდგომით უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობს პროკურატურის წერილობითი უარი.

პროკურატურის მხრიდან პასუხის გაუცემლობამ და სასამართლოს ამგვარმა პოზიციამ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის რეალური საშუალების გარეშე, რამაც შეუძლებელი გახადა დარღვეული უფლებების აღდგენა ეროვნულ დონეზე“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი გააგზავნა

სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს მზია ამაღლობელის 2 საქმეს.

პირველი საქმე ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საიამ უკვე წარადგინა წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე, ხოლო მეორე საქმის საჩივარი, რომელიც უკავშირდება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს, ევროპულმა სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში.

მზია ამაღლობელი დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით და უკანონოდ – სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ სისხლის სამართლის წესით – ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის აქციაზე სილის გაწვნის გამო.

მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პროკურატურა “პოლიციელზე თავდასხმას” ედავებოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება. ეს მუხლი სხვა უფრო მსუბუქ სასჯელს არ ითვალისწინებს.

2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა შედარებით ნაკლებად მძიმე, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე [სსკ-ის 353-ე მუხლი].

მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი არასაპატიმრო სასჯელებსაც ითვალისწინებს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

ამას გარდა, უკანონო პატიმრობაში მყოფმა მედიამენეჯერმა არაერთი პრიზი მიიღო ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს, არ შეაფასებს მტყუან-მართალს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ დავა დასრულებულია.

მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში აღარ შეიძლება.

გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო შემდეგი შემადგენლობით: ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე.
მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს, ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 274 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 745 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 167 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 38 129 ერთეული [+70]
  • MLRS – 1 675 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 326 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 166 640 ერთეული [+2 224]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 403 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 31 ერთეული [+1]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 82 289 ერთეული [+188]
  • სპეცტექნიკა – 4 083 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აჭარის ტელევიზია გადაცემებს აჩერებს – ეთერში მხოლოდ დაიჯესტი გავა

„უსაფრთხოების მიზეზით ტელევიზიის შენობა პერსონალისგან დაიცლება, ხოლო საინფორმაციო გამოშვების გარდა, გადაცემები დროებით შეჩერდება. ერთადერთი, რაც მაუწყებლობას გააგრძელებს, არის საინფორმაციო გამოშვება დაიჯესტის ფორმატში,“ – აცხადებს „აჭარის ტელევიზია“ დღეს, 8 მარტს.

„აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ტელევიზიაში დაგეგმილია რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია. ამ სიუჟეტის მიხედვით, გაურკვეველია, როდის დაბრუნდება გადაცემები პირდაპირ ეთერში, ან რომელი გადაცემა დაუბრუნდება ეთერს.

„შენობას აქვს ძალიან დიდი პრობლემა“ – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი ირაკლი კიკვაძე. მისი განმარტებით, ნიუსრუმი დროებით გადავა აჭარის რადიოს, ასევე თითების თეატრის შენობაში, მენეჯმენტისთვის კი, ტელევიზიამ დამატებით ფართობი დაიქირავა.

მაუწყებლის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ აჭარის ტელევიზიის შენობა, რომელიც ბათუმის ცენტრშია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, უსაფრთხო არ არის და ამას ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს.

„გეგმის მიხედვით ტელევიზიაში უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, ვემზადებით ამ კონკრეტული ქმედებისთვის, იქნება სპეციალური კომისია, რომელიც შეაფასებს არსებულ ვითარებას,“ – აცხადებს ირაკლი კიკვაძე აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ ტელევიზიის დირექტორს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თანამშრომლები, რომლებიც სამუშაოს აღარ შეასრულებენ, მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას და არც იმის შესახებ – რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია დასაქმებულების რაოდენობის შემცირებას ხომ არ ითვალისწინებს.

წელს აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი 22.7 მილიონი ლარია. აჭარის ტელევიზიაში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის თქმით, კომისია წარუდგენს „აჭარის ტელევიზიის“ ცვლილებების გეგმას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.

რატომ შეიძლება აწყობდეს „ოცნებას“ ქალების ჩაგვრის წახალისება? – „მიზანია მათ არ დარჩეთ ძალა პოლიტიკისთვის“

„დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს“ – მკაფიოა უფლებადამცველი ანა თავხელიძის შეფასება ირაკლი კობახიძის ახალ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველომ შესაძლოა სტამბოლის კონვენცია დატოვოს.

ამ კონვენციაზე მიერთებით სახელმწიფომ თქვა, რომ ის ქალების ჩაგვრაზე თვალს აღარ დახუჭავს…

„ქალები ის ჯგუფია, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ არა პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უსაფრთხოება – საკუთარი თავის გადარჩენა. მიზანია ის, რომ ქალებს არ დარჩეთ რესურსი და ძალა, იბრძოლონ პოლიტიკური პროცესებისთვის,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე. ის არაერთ საქმეშია ადვოკატი, სადაც ქალებზე იძალადეს.

რა ეტაპზე გადადის ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში? – „ბათუმელებმა“ იურისტთან, უფლებადამცველ ანა თავხელიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ანა, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს გამოსვლას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ სტამბოლის კონვენციიდან. ამ კონვენციას საქართველო 2017 წელს შეუერთდა. თქვენ დღეს წერდით ფეისბუქგვერდზე, რომ „კობახიძემ სიმბოლურად ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება დააანონსა“. რასთან გვაქვს საქმე?

ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს გვართმევენ, რაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად დავნერგეთ. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ სტამბოლის კონვენციიდან გასვლა კი არ ახსენა, არამედ ამ კონვენციის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებიც. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ კანონმდებლობაშიც არ აპირებენ დატოვონ მარეგულირებელი ნორმები. მაგალითად, კონვენციის საფუძველზე ჩვენ შემოვიღეთ „სექსუალური შევიწროების“ დეფინიცია დასაქმების ადგილზე და ავკრძალეთ სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობებში, ასევე, შემოვიღეთ დასჯად ქმედებად ადევნება, რაც დამცავი ფაქტორია ქალებისთვის. თუ შეხედავთ იგივე ადევნების მაჩვენებელს – რამდენად ბევრი ქეისია – ვნახავთ, რომ ეს მუხლი საჭირო იყო.

ანა თავხელიძე

სტამბოლის კონვენციამ მოგვცა შესაძლებლობა, დაზარალებულად და მსხვერპლად გვეღიარებინა ძალადობის შემსწრე ბავშვი. ამის პრეცედენტები ჩვენ შევქმენით კონვენციის რატიფიცირებისთანავე: როგორც კი ძალაში შევიდა, მაშინვე დავიწყეთ სამართალწარმოება და ძალიან კარგი პრაქტიკა გვქონდა.

ამ კონვენციის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად ხდებოდა. გამოწვევები და ხარვეზები, ბუნებრივია, ბევრი რჩებოდა, მაგრამ პროგრესი ძალიან დიდი გვქონდა – აი, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე უკეთესი კანონმდებლობა და შედეგიც კი გვქონდა ამ ნაწილში, ვიდრე არ აირეოდა მდგომარეობა საქართველოში 2023-2024 წლიდან.

  • ელით, რომ შესაძლოა ეროვნულ დონეზე კიდევ უფრო გაუარესდეს ამ კუთხით გაუმჯობესებული კანონმდებლობა? მაგალითად, „გენდერი“ უკვე ამოიღეს კანონმდებლობიდან… 

ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ სტამბოლის კონვენციის საფუძველზე რა ცვლილებებიც განხორციელდა, ეს კანონმდებლობა გადაიხედება. ეს ნიშნავს, რომ აპირებენ გადახედონ შრომის კოდექსს, სისხლის სამართლის კოდექსს, თანასწორობის შესახებ კანონმდებლობას და ასე შემდეგ. ბევრგან შევიდა ცვლილება და შესწორება, რომ ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში ყოფილიყო სტამბოლის კონვენციასთან.

მთავარი ბარიერი გვრჩებოდა გაუპატიურების დეფინიცია, რომელიც არ შეცვლილა. ცხადია, დღეს, ამ პირობებში, როცა კანონმდებლობა უარესდება, გაუპატიურების დეფინიციას არავინ შეცვლის. შესაბამისად, დავბრუნდებით იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავით.

  • უფლებადამცველები ითხოვთ იმას, რომ გაუპატიურების განმარტება დაკავშირებული იყოს თანხმობის არარსებობასთან და არა ძალადობასთან?  

ახლაც ერთ-ერთი მიმდინარე საქმე მაქვს გაუპატიურების, სადაც უწევს სახელმწიფოს ამტკიცოს, რომ იყო ძალადობა და უმწეო მდგომარეობის გამოყენება. თუ ამას ვერ დაამტკიცებს პროკურატურა, გამოვა, რომ რადგანაც თანხმობაზე დაფუძნებული დეფინიცია არ გვაქვს, რიგ შემთხვევებში დაუსჯელი რჩება მოძალადე.

ხშირ შემთხვევაში თანხმობის გარეშეა ჩადენილი გაუპატიურება. დღეს უწევს პროკურატურას დაარქვას ამას ძალადობის გამოყენება – როგორმე უნდა გამოკვეთოს ფიზიკური ძალის გამოყენებაზე რაღაც გარემოებები. სხვა შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. გაუპატიურების საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მათ შორის, არის ხარვეზიანი კანონმდებლობა.

ყველა მექანიზმი და ინსტრუმენტი, საერთაშორისო კონვენცია, რაც კი რატიფიცირებული გვაქვს ამ საკითხზე, ითხოვს, რომ ეს დეფინიცია გასწორდეს. ამას ითხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკაც დიდი ხანია ერთგვაროვანია. ევროპარლამენტში LIBE-სა და FEMM-ის კომიტეტებმა ევროკავშირის კანონმდებლობაში თანხმობაზე დაფუძნებული გაუპატიურების დეფინიციის მიღებას დაუჭირეს მხარი.

  • უშუალოდ სტამბოლის კონვენციამ რა შეცვალა? გვახსოვს, როგორ გააქტიურდა პოლიციაში ძალადობის შესახებ შეტყობინებები მას შემდეგ, რაც კანონით დასჯადი გახდა ოჯახში ძალადობა… თქვენ ქალთა მიმართ ძალადობის არაერთი საქმეში იყავით ადვოკატი. რა მოგვცა რეალურად სტამბოლის კონვენციამ?  

სტამბოლის კონვენცია 2017 წელს შემოდგომისკენ შევიდა ძალაში და პრინციპში მალევე გვქონდა ჩვენ პირველი საქმე: მივაღწიეთ იმას, რომ სასამართლომ, შემდგომში პროკურატურამაც, დაამკვიდრა სტანდარტი, რომ მსხვერპლის და დაზარალებულის სტატუსი ენიჭებოდა ძალადობის, ოჯახში ძალადობის, გენდერული ძალადობის შემსწრე ბავშვს. მანამდე ასეთი სტატუსი არ არსებობდა, ანუ ბავშვის თანდასწრებით შეიძლება მომხდარიყო ძალიან მძიმე დანაშაული, მათ შორის, ფემიციდი და ამ ბავშვს მსხვერპლის სტატუსი არ ენიჭებოდა. ეს შესაძლებელი გახდა სწორედ სტამბოლის კონვენციის საფუძველზე.

ასევე, სტამბოლის კონვენციის საფუძველზე გვქონდა შესაძლებლობა, ფსიქოლოგიურ ძალადობად შეგვეფასებინა ბავშვის თანდასწრებით ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება, ან ბავშვთან ამგვარი საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვეცვა ბავშვების ინტერესები ოჯახში და არა მხოლოდ.

ადევნების დეფინიციაც ამის შემდეგ გაჩნდა სისხლის სამართლის კოდექსში. ჩვენ არაერთი საქმე ვაწარმოვეთ, როდესაც ქალები დავიცავით ადევნებისგან. სექსუალური შევიწროების საქმეები გახსოვთ – რამდენად ხშირად ისმოდა ქალების ისტორიები, რომლებიც იმიტომ ვერ იცავდნენ თავს, რომ სათანადო საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა, არ არსებობდა მექანიზმები. ბევრი მიმართულებით შევძელით, რომ უკეთესი სტანდარტი შეგვექმნა.

რაც მთავარია, სტამბოლის კონვენციამ სახელმწიფოს დაავალა – პრინციპში ეს აღასრულეს კიდეც გარკვეული თვალსაზრისით – რისკების შეფასება, რომ, მაგალითად არ დავლოდებოდით, როდის მოხდებოდა ფემიციდი – გაგვეუმჯობესებინა შემაკავებელი ორდერის გამოცემის სტანდარტი. ამას თან დაერთო რისკის შეფასების მექანიზმი, რომ პოლიციელს შესძლებოდა შეეგროვებინა რელევანტური ინფორმაცია, რითაც გაზომავდა რისკებს და განსაზღვრავდა, არსებობდა ძალადობის განმეორების რისკი თუ არა.

სტამბოლის კონვენციის საფუძველზე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტები შექმნილი: მაგალითად, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა სტამბოლის კონვენციის საფუძველზე დაიწყეს გენდერული სტატისტიკის წარმოება, ძალადობის ფორმების აღრიცხვა და დათვლა, რასაც მანამდე არ აკეთებდნენ.

სტამბოლის კონვენციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ მსხვერპლზე მორგებული იყოს სერვისები – იქნება ეს თავშესაფარი, სამედიცინო, ფსიქოლოგიური თუ იურიდიული დახმარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

  • რა სიგნალია ახლა ირაკლი კობახიძის გზავნილი, რომ საქართველო შეიძლება გავიდეს ამ კონვენციიდან? 

რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს ეხება, როგორც ქალთა, ასევე ბავშვთა უფლებებს. კობახიძე იყენებს ამ თემას, როგორც იარაღს იმისთვის, რომ პრობლემური საკითხები გადაფაროს, მაგალითად, მწვავე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ვნახეთ, რომ ეს საკითხი მან დაუკავშირდა შობადობის და დემოგრაფიის საკითხებს – თითქოს მიზეზი იპოვეს, რითაც გაამართლებდნენ, რატომ მცირდება შობადობა ქვეყანაში.

სინამდვილეში, აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არის. ეს არის დეზინფორმაცია, რის გავრცელებასაც ცდილობენ.

  • ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი ზეწოლა იყო ხელისუფლებაზე, რომ მანკიერი იდეოლოგია დაემკვიდრებინათ. რამდენიმე დღით ადრე ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ შობადობის კატასტროფულად შემცირებული მაჩვენებელი გაჭირვებას კი არა, მსოფლმხედველობას უკავშირდება. 

ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის სამართლებრივი საკითხი და გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, რაზეც შეთანხმებულია ცივილიზებული სამყარო. არსებობს ათობით, ასობით გადაწყვეტილება ევროკავშირის ფარგლებში, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, რომლითაც თუ არ ვცდები 2004 წელს დაგვევალა, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ცალკე დანაშაული, დასჯადი გამხდარიყო. ის, რაზეც კობახიძე საუბრობს, არათუ სამართლებრივი არგუმენტია, არამედ საერთოდ სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა დისკუსიაა.

ვისთან არის ეს დისკუსია და ვინ შემოჰყავს კობახიძეს ამ საკითხის განმხილველად და შემფასებლად? – იმ დაჯგუფების წარმომადგენელი [ზურაბ მახარაძე, რომელიც პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძესთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდა], რომლის წევრებიც ძალადობისთვის არიან მსჯავრდებულები, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის.

თავად კობახიძესაც არ აქვს არანაირი გამოცდილება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობის, თუნდაც ბავშვებთან. შეიძლება  ნანახიც კი არ ჰყავდეს მსხვერპლი ბავშვი ან ქალი, არასოდეს ყოფილა მისი წარმომადგენელი. იგი არც მოსამართლე ყოფილა, რომ მოესმინა ძალადობაგამოვლილი ქალის ისტორია და სამართლებრივ ჭრილში ემსჯელა.

გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს კომპეტენცია. გადაწყვეტილებას სჭირდება საზოგადოების ჩართულობა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა. იცით, რომ სამოქალაქო სექტორი გამორიცხეს ამ პროცესებისგან და ამის ნაცვლად, რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები იღებენ მონაწილეობას საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ შეიძლება აწყობდეს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად ქალების ჩაგვრის წახალისება? 

საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო სტამბოლის კონვენციის წინააღმდეგ გალაშქრება, ასევე ანტიგენდერული განცხადებები და ანტიუფლებრივი გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მზარდია, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში.

ტრამპის განცხადებაც გახსოვთ გენდერთან დაკავშირებით, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ მალევე გადაწყვიტა კანონებიდან გენდერის ამოღება.

ეს არის ჩემი აზრით, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გადადგმული ნაბიჯი, რასაც იყენებენ სხვა ლიდერები, რომლებსაც ასევე თავიანთ ქვეყნებში ნაკლებად დემოკრატიული გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული. ამ სოციუმში, ამ პირთა პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანებას და თავის წარმოჩენას ცდილობს ახლა „ქართული ოცნება“.

  • გამოდის, რომ ავტორიტარიზმის ერთ-ერთი სამიზნეა ქალების ჩაგვრის წახალისება?

ავტორიტარიზმის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მკაფიო ნაბიჯი არის სწორედ ქალთა უფლებების შეზღუდვა და თავდასხმა ქალებზე – რაც შეიძლება მარწუხებში უნდა მოაქციონ და შეზღუდონ მათი თავისუფლება.

გლობალურად ქალებია ის ჯგუფი, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უსაფრთხოება – საკუთარი თავის გადარჩენა. მიზანია ის, რომ ქალებს არ დარჩეთ რესურსი და ძალა, იბრძოლონ პოლიტიკური პროცესებისთვის.

  • შეიძლება, ქალებში შეამცირო პროტესტი, თუ მათ სისტემა ძალადობის პირისპირ დაუცველს დატოვებს და დააშინებს, უფრო არ წაახალისონ ჩაგვრა? 

სხვა რამისთვის აღარ გრჩება დრო და სივრცე – საკუთარი უსაფრთხოება გაქვს დასაცავი. მოწყდები პოლიტიკურ პროცესებს, სამოქალაქო აქტივიზმს, ქუჩაში გასვლის გეშინია – პარტნიორმა არ მოგკლას, ან ოჯახის წევრმა რამე არ დაგიშავოს.

ეს არის პროცესი, რაც რუსული კანონის მიღებით – 2023 წელს დაიწყო საქართველოში. ამას მოჰყვა შემდეგ ე.წ. „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, შემდეგ გენდერის ამოშლა და ასე შემდეგ. ეს პროცესი ამით არ დასრულდება: კიდევ უფრო მკაცრ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, ანტიდემოკრატიულ, უფლებების შემზღუდავ და დამრღვევ კანონმდებლობას უნდა ველოდოთ, რომელიც სხვადასხვა ჯგუფს ამოიღებს მიზანში.

ამ ეტაპზე ქალებია მიზანში. კიდევ ბევრი შემზღუდავი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქალებთან დაკავშირებით და შემდეგ დადგება ჯერი სხვა ჯგუფების.

„ოცნებას“ იყენებს ზუსტად იმ ნარატივს სტამბოლის კონვენციასთან დაკავშირებით, რასაც იყენებენ სხვა ავტორიტარი ლიდერები, მაგალითად, რუსეთში, ან ბელარუსში – თითქოს ოჯახის წინააღმდეგ არის ეს კონვენცია.

პირიქით, სტამბოლის კონვენციას ერთადერთი მიზანი და სულისკვეთება აქვს, რომ დაიცვას ქალების, ბავშვების უსაფრთხოება და არა მარტო. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ოჯახებში. ბუნებრივია, ეს ვერანაირად ვერ გადაითარგმნება ოჯახის და რაღაც ღირებულებების წინააღმდეგ კონვენციად. ძალიან მარტივია ამ კონვენციაში სწორი ღირებულებების დანახვა, მაგრამ მათ სურთ, რომ რაც შეიძლება გააუარესონ ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

  • ირაკლი კობახიძემ კონვენციიდან შესაძლოა გასვლა დააანონსა 7 მარტს. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? 

მას სურდა უფრო მეტი გამოხმაურება. ასე უფრო მარტივად მიიქცევდა საზოგადოების ყურადღებას – გადაიტანდა საზოგადოების ყურადღებას იმ საკითხებისგან, რაც ასევე ძალიან მწვავე და პრობლემურია საქართველოში.

  • როგორია მასშტაბი ამ უკან დახევის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ? 

ეს ყველაფერი რომ გამოვაცალოთ – სამართლებრივი საფუძვლები და დაცვის მექანიზმები, რაც გაჩნდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2017 წლის შემდეგ განსაკუთრებით – დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს, თუმცა ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მზარდია რისკები, საფრთხეები ძალადობის. ვხედავთ პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებას, რაღაც დიფფეიკების გასაჯაროებას, სადაც ქალები იყვნენ სამიზნეებად.

ამ მექანიზმების გაქრობა გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა. თანაც, 20 წლის წინ ეს საფრთხეები არ არსებობდა, ასეთი მასშტაბი არ იყო ტექნოლოგიების გამოყენების, რაც დღესაა. შესაბამისად, რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო 20 წლის წინ, ხოლო დაცვის მექანიზმი რჩება ის, რაც გვქონდა 20 წლის წინ.

დაკვამლიანება იყო ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორანში მეხანძრე მაშველებმა დაკვამლიანების პრობლემა მოაგვარეს. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საწრაფო სამედიცინო სამსახური.

ძლიერი დაკვამლიანების გამო რესტორანი ადამიანებმა დატოვეს. შემთხვევა დღეს, 8 მარტს მოხდა.

სამაშველოს სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამწოვი მილის პრობლემის გამო იყო დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შპრიცები და ანტისანიტარია ბავშვების სათამაშო მოედანთან – მოქალაქე მესხის ჩიხიდან

„ანტისანიტარიას ვინ ამბობს, შპრიცები ვიპოვეთ სათამაშო მოედანთან… არასდროს გვინახავს ეს მოედანი და აქაურობა დალაგებული,“ – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის ჩიხიდან.

მოქალაქის თქმით, სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, მათ შორის, ბათუმის მერიას, მაგრამ არაფერი იცვლება. ამ დასახლებაში სანაგვე ურნების დასაცლელადაც კი, შესაბამისი სამსახური იშვიათად ჩნდება.

ბათუმი, ივანე მესხის ჩიხი

ივანე მესხის ჩიხში მცხოვრები მოქალაქის თქმით, მინი სტადიონი და გამაჯანსაღებელი მოედანი დაახლოებით ერთი წლის წინ მოეწყო, თუმცა დასახლებაში ბევრი მწვავე პრობლემაა: ჩიხის რამდენიმე მონაკვეთში წყალი გუბდება და გავლა შეუძლებელია. ამ დასახლებაში არც კანალიზაციის სისტემა აქვთ.

ივანე მესხის მეორე ჩიხის პრობლემებზე „ბათუმელები“ 2026 წლის 4 მარტს წერდა – ამ ჩიხში ადამიანებს დატბორილ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. ტბორის გამო ქუჩაზე ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია.

ბათუმი, ივანე მესხის მეორე ჩიხი

პრობლემაზე „ბათუმელებს“ ბათუმის მერიამ 6 მარტს უპასუხა:

„ივანე მესხის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. რაც შეეხება, ივანე მესხის მეორე ჩიხს, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება და შესაბამისი სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.

რაც შეეხება ნაგვის ურნებთან დაკავშირებულ საკითხს, ადგილობრივმა მოსახლეობამ განცხადებით უნდა მიმართოს სანდასუფთავების სამსახურს, რის შემდეგაც შესაბამის ლოკაციებზე განხორციელდება ნაგვის ურნების განთავსება,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

__

ამ თემაზე:

უგზო, უტრანსპორტო და დატბორილი ქუჩა ბათუმში – რას ამბობენ მერიაში

 

„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა. უკვე მეორე წელია 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის სულისკვეთებით არის შთაგონებული,“ – აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ მიერ დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან.

8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს. ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება!“ – წერია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებაში.

———–

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 14 თვეა რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

ამ თემაზე:

ფარცხალაძის მეგობარია მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმე განსახილველად არ მიიღო

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში წვიმა.

მთაში მოსალოდნელია თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით:0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 10 და 11 მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

Exit mobile version