„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, უმაღლეს განათლება კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდება, რადგან რეფორმის შედეგად, თბილისში არსებულ მულტიპროფილურ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ადგილები საგრძნობლად მცირდება“, – ამბობს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე.
მისი თქმით, დღეს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების 85% თბილისის ოთხ მულტიპროფილურ უნივერსიტეტშია (თსუ, ილიაუნი, სტუ, სოხუმის უნივერსიტეტი) გადანაწილებული.
„თუ 2025 წელს ქართული ენის პროგრამაზე ამ უნივერსიტეტებში 1 368 სტუდენტი ჩაირიცხა, 2026 წლისთვის ეს რაოდენობა, საუკეთესო შემთხვევაში, 1 120-მდე (20%-ით) შემცირდება“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
მისი აზრით, ადგილების კლება განსაკუთრებით მწვავედ შეეხებათ აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს.
„2025 წელს ამ ჯგუფისთვის გამოყოფილი 976 ადგილიდან, მომავალ წელს მხოლოდ 560 დარჩება. ეს ნიშნავს, რომ მათი ჩარიცხვის შესაძლებლობა 40%-ზე მეტით იკლებს.
რეფორმა საგანგაშო მდგომარეობას ქმნის რეგიონულ უნივერსიტეტებშიც, სადაც სტუდენტთა მიღება განახევრდება. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სომხურენოვან სტუდენტთა კვოტა 60%-ით მცირდება (54-დან 22 ადგილამდე), ხოლო გორის უნივერსიტეტში აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების მიღება 41-დან 23-მდე იკლებს.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში კვოტების შემცირება და პროგრამების შეზღუდვა პირდაპირ დარტყმას აყენებს ინტეგრაციის პოლიტიკას.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში განაცხადების რაოდენობა ყოველთვის აღემატებოდა გამოცხადებული ადგილების რაოდენობას. სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებში და თბილისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი, ხშირ შემთხვევაში, სომხურენოვანთათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა შეუვსებელი რჩებოდა, რაც ძირითადად თბილისში ან სხვა რეგიონში გადაცხოვრებასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული. ფინანსური ბარიერების გამო, ადგილობრივი ახალგაზრდები ხშირად ამჯობინებენ სწავლის სომხეთში გაგრძელებას.
ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება, რადგან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს კვოტირების შედეგად 60%-ზე მეტით უმცირდება კვოტების რაოდენობა, ხოლო პროგრამებზე არჩევანი მთლიანად იზღუდება და მხოლოდ პედაგოგიურ და აგრარული მიმართულებებს შესთავაზებს აბიტურიენტებს. ეს კი პრობლემურია როგორც დემოგრაფიული, ასევე ინტეგრაციული თუ საგანმანათლებლო პოლიტიკის თვალსაზრისით“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 361 სტუდენტი ჩაირიცხა ქართული ენის ერთწლიან პროგრამებზე. ხოლო 2026-2027 აკადემიურ წელს უნივერსიტეტს აღარ ექნება ის პროგრამები, რომელზე სწავლის გაგრძელება ამ სტუდენტებს სურთ.
„პირველ წელს სტუდენტთა გარე მობილობაც ვერ ხორციელდება დღევანდელი რეალობით (თუმცა ეს მოგვარებადია თუკი ცვლილებებს განახორციელებენ კანონმდებლობაში, თუმცა ფაქტია, რომ ამ საკითხზე არავის უფიქრია).
ტექნიკურ უნივერსიტეტშიც შარშან 336 სტუდენტი ჩაირიცხა ქართული ენის ერთწლიან პროგრამაზე. წინა წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა 50 %-ზე მეტი ირჩევდა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებებს, რომლებიც 2026 წლიდან ამ უნივერსიტეტში აღარ იარსებებს.
თსუ-ს ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის სტუდენტებიც კარგავენ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას განათლების, ფსიქოლოგიის, მედიცინის მიმართულებით ამავე უნივერსიტეტში. წინა წლებში ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებული სტუდენტების 25% ირჩევდა მედიცინის, განათლებისა და ფსიქოლოგიის მიმართულებებს, რომლებიც 2026-2027 წელს თსუ-ში აღარ იფუნქციონირებს.
სოხუმის უნივერსიტეტის ქართული ენის პროგრამის კურსდამთავრებულებსაც ანალოგიური პრობლემები ელით. სოხუმის უნივერსიტეტში 2025 წელს ქართული ენის ერთწლიან პროგრამაზე აზერბაიჯანულენოვანთათვის ჩაირიცხა 86 სტუდენტი. პრაქტიკა აქაც აჩვენებს, რომ სტუდენტების მხოლოდ მცირე ნაწილი ირჩევს მასწავლებელთა განათლების პროგრამას და უმრავლესობა ირჩევს ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიების მიმართულებებს, რომლებიც 2026-2027 წელს სოხუმის უნივერსიტეტში აღარ იფუნქციონირებს“, – ამბობს ტაბატაძე.
მის აზრით, რეფორმის შეეწირა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მულტილინგვური განათლების პროგრამა. თსუ-ს ეს პროგრამა ორენოვან დაწყებითი კლასების მასწავლებლებს ამზადებდა და მაღალი დასაქმებით გამოირჩეოდა.
„რეფორმის“ შედეგად ეს პროგრამა გაუქმებულია და არაქართულენოვანი სკოლებისთვის დაწყებითის მასწავლებლები აღარ მომზადდება. საბაზო და საშუალო საფეხურისთვის არც მანამდე მზადდებოდნენ არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლები. შედეგად, კადრების დეფიციტი არაქართულენოვან სკოლებში მაღალია, მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთენოვანია, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. თუმცა შრომითი ბაზრის ანალიზმა საბაზო და საშუალო საფეხურის ორენოვანი მასწავლებელთა საჭიროება ვერ დააიდენტიფიცირა.
თერთმეტწლიან სწავლებაზე გადასვლა და მე-11 კლასში „რეპეტიტორიუმის“ მოდელის შემოღება ბუნდოვანს ხდის უმცირესობების ზოგად განათლების საკითხს. გაუგებარია, რა იქნება მე-11 კლასის სასწავლო გეგმა, როცა არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ მშობლიურ ენაზე. თავად უნარების ტესტიც ხარვეზიანია, ის ქართული ტექსტების თარგმანია და არა მშობლიური ენობრივი კომპეტენციის საზომი“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
მისი აზრით, ამ რეფორმის ერთადერთი ცალსახა პლუსი დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებაა, რადგან ახალი მოდელით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, როგორც ქართული ენის პროგრამაზე, ისე ბაკალავრიატში.
„ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხი ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ თემთან ჯერ კიდევ იმ დროიდან ვმუშაობდი, როცა ახალქალაქში ჩასასვლელად 6 საათი გვჭირდებოდა და იქ ჩასულთ, რუსული არმიის უშიშროების ოფიცერი გვსტუმრობდა და ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით გვკითხავდა.
როცა ქართული ლარით მაღაზიაში პურს ვერ ვყიდულობდით და ქართულ ენაზე მხოლოდ ქართული ენის მასწავლებლებს ვესაუბრებოდით, რომელთა შორისაც ნაწილს პასუხის გაცემა მხოლოდ რუსულად შეეძლო. ამ ყველაფრის შეცვლაში ჩვენც მინიმალური წვლილი მაინც გვაქვს შეტანილი, ამიტომ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით მგრძნობიარეა“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“ და დასძენს, რომ ინტეგრაციული პროცესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით, მათ შორის, როგორც უფლებრივ ჭრილში, ასევე უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების ჭრილში.
„თანამედროვე მსოფლიოში გაზრდილია უსაფრთხოების რისკები და თუკი ქვეყანა შესაძლებლობებს ზღუდავს, ჩნდება ალტერნატიული შესაძლებლობების ალბათობა. ამიტომ საზოგადოების ინტეგრაცია და ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირება უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამოცანა.
დემოკრატიულობის კონტექსტში თუკი განვითარება გვინდა, თუკი ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება გვინდა, როგორც მნიშვნელოვანი დემოკრატიული განვითარების გზა, მნიშვნელოვანი არაქართულენოვანი მოსახლეობის განათლება და აქტიურ მოქალაქეებად ქცევა.
შესაბამისად, საზოგადოების ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების გარდაუვალი წინაპირობაა უფლებრივ, უსაფრთხოების თუ დემოკრატიული განვითარების ჭრილში.
სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი. ძირითადი მამოძრავებელი ამ მიმართულებით სწორედ ეს სექტორი გახლდა და სახელმწიფოს ინიციატივებიც მათ შორის 1+4 პროგრამა სამოქალაქო სექტორის ინიციატივებისა და აქტიურობის ხარჯზე შეიქმნა.
ამიტომ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების პასიურობა და არასამთავრობო სექტორის ფაქტობრივად ჩახსნა აზარალებს ამ პროცესს. სახელმწიფოს მიერ დაწესებული რაიმე ტიპის შეზღუდვები და არსებული სწორი გადაწყვეტილებების გადახედვა, მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს საზოგადოების ინტეგრაციის პროცესს, რომელიც ისედაც ხარვეზიანი იყო: გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლებოდა ამ წლებში, თუმცა მთლიანობაში დინამიკა ნამდვილად პოზიტიური იყო“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
______________
მთავარი ფოტო: ეთნიკური უმცირესობები სკოლაში/ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.






