„ჩემმა შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მასზე ციხეში იძალადეს, სცემეს, მას დანაშაულის აღიარებას აიძულებენ,“ – ამბობს ენვერ შარაძე. იგი „ხელვაჩაურში, მანქანაში ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის, თამაზ შარაძის მამაა.
ამ საქმეზე მკვლელობისთვის ნაფიცმა მსაჯულებმა გოგი ბარამიძე უკვე გაასამართლეს. მსაჯულებმა ვერდიქტი 2026 წლის 4 მარტს მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, გოგი ბარამიძე დამნაშავეა. მას სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თამაზ შარაძეს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის შესახებ თამაზ შარაძეს ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
„ახლა ჩემი შვილი ლაითურის დაწესებულებაშია, სადაც მასზე იძალადეს. დღესაც უნდა გაიმართოს პროცესი, მოსამართლე ლევან ყოლბაიაა, მაგრამ არ ვიცი, დაესწრება თუ არა პროცესს თამაზი. მე შვილთან ამ თემაზე არ მისაუბრია, არ დაურეკავს…
თამაზმა [ბრალდებულმა] მანამდე, გასული წლის ზაფხულშიც, როცა დააკავეს, უთხრა მოსამართლეს, რომ პოლიციის დეპარტამენტში სცემეს. ორმა პოლიციელმა გამაკავა და მირტყამდნენ, დანაშაული აღიარეო. ირაკლი დგებუაძეც ახსენა ჩემმა შვილმა, ისიც იქ იყოო, “ – ამბობს ენვერ შარაძე.

ენვერ შარაძე
ეს შემთხვევა ლაითურის დაწესებულებაში, ბრალდებულის თქმით, გუშინწინ, 9 მარტს მოხდა. ძალადობაზე ბრალდებულმა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ადვოკატ მალხაზ ზოიძის თქმით, ბრალდებულმა თქვა, რომ ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ძირს დააგდეს, აგინებდნენ და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს კარცერში, ასევე ჰკითხეს: „არ აღიარებ დანაშაულს?“
„ბრალდებულმა თქვა, რომ მას აიძულებდნენ სასამართლო პროცესზე გამოსვლას. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და 9 მარტს პროცესს არ დაესწრო, გამოგზავნილია ცნობა. ამის გამო ერთ-ერთი მთავარი მოწმის დაკითხვა გადაიდო. განაჩენი ამ საქმეზე მოსამართლემ ხვალ, 12 მარტს უნდა მიიღოს, რადგან უკვე იწურება 9-თვიანი ვადა.
9 მარტს, როცა ბრალდებული პროცესს არ დაესწრო და მას ამის უფლება ჰქონდა, ამის შემდეგ მოხდა ეს ინციდენტი, რაც არაადამიანური მოპყრობაა. გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. მე ამ შემთხვევის შესახებ ასევე ვაცნობე სახალხო დამცველს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.
მალხაზ ზოიძის თქმით, იგივე ბრალდებული პოლიციის დეპარტამენტის შენობაში დაკავების დროს ცემის შესახებ ნამდვილად მოუყვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს, რომელმაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა თამაზ შარაძეს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ მასზე პოლიციელებმა და მათ შორის ირაკლი დგებუაძემ ფიზიკურად იძალადა. ამ შემთხვევაზეც გამოძიება დაწყებულია.
ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი იყო 2025 წლის ზაფხულში. დღეს ის ამ თანამდებობას აღარ იკავებს, თუმცა ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დააწინაურეს. ამავე საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული კაცის საქმის განხილვის დროს, კიდევ ერთმა პირმა, მოწმის სახით დაბარებულმა ჯემალ ზანდარაძემ 2026 წლის 25 თებერვალს მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ სცემა. პროკურატურის თქმით, ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დასჯილი არავინაა.
ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე დავუკავშირდით პენიტენციურ სამსახურს, ასევე პროკურატურას. პასუხების მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
—————-
ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს. ეს ამბავი 2025 წლის 3 ივნისს ღამით მოხდა.
2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბარამიძე და 1993 წელს დაბადებული თამაზ შარაძე დააკავეს. გოგი ბ.-ს განზრახ მკვლელობის ჩადენა ედება ბრალად, და, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. თამაზ შ.-ს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.
__
მთავარი ფოტო: ენვერ შარაძე
ამ თემაზე:
„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“- ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში






