„უსაფრთხოების მიზეზით ტელევიზიის შენობა პერსონალისგან დაიცლება, ხოლო საინფორმაციო გამოშვების გარდა, გადაცემები დროებით შეჩერდება. ერთადერთი, რაც მაუწყებლობას გააგრძელებს, არის საინფორმაციო გამოშვება დაიჯესტის ფორმატში,“ – აცხადებს „აჭარის ტელევიზია“ დღეს, 8 მარტს.
„აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ტელევიზიაში დაგეგმილია რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია. ამ სიუჟეტის მიხედვით, გაურკვეველია, როდის დაბრუნდება გადაცემები პირდაპირ ეთერში, ან რომელი გადაცემა დაუბრუნდება ეთერს.
„შენობას აქვს ძალიან დიდი პრობლემა“ – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი ირაკლი კიკვაძე. მისი განმარტებით, ნიუსრუმი დროებით გადავა აჭარის რადიოს, ასევე თითების თეატრის შენობაში, მენეჯმენტისთვის კი, ტელევიზიამ დამატებით ფართობი დაიქირავა.
მაუწყებლის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ აჭარის ტელევიზიის შენობა, რომელიც ბათუმის ცენტრშია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, უსაფრთხო არ არის და ამას ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს.
„გეგმის მიხედვით ტელევიზიაში უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, ვემზადებით ამ კონკრეტული ქმედებისთვის, იქნება სპეციალური კომისია, რომელიც შეაფასებს არსებულ ვითარებას,“ – აცხადებს ირაკლი კიკვაძე აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამ ტელევიზიის დირექტორს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თანამშრომლები, რომლებიც სამუშაოს აღარ შეასრულებენ, მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას და არც იმის შესახებ – რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია დასაქმებულების რაოდენობის შემცირებას ხომ არ ითვალისწინებს.
წელს აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი 22.7 მილიონი ლარია. აჭარის ტელევიზიაში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის თქმით, კომისია წარუდგენს „აჭარის ტელევიზიის“ ცვლილებების გეგმას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.






