„დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს“ – მკაფიოა უფლებადამცველი ანა თავხელიძის შეფასება ირაკლი კობახიძის ახალ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველომ შესაძლოა სტამბოლის კონვენცია დატოვოს.
ამ კონვენციაზე მიერთებით სახელმწიფომ თქვა, რომ ის ქალების ჩაგვრაზე თვალს აღარ დახუჭავს…
„ქალები ის ჯგუფია, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ არა პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უსაფრთხოება – საკუთარი თავის გადარჩენა. მიზანია ის, რომ ქალებს არ დარჩეთ რესურსი და ძალა, იბრძოლონ პოლიტიკური პროცესებისთვის,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე. ის არაერთ საქმეშია ადვოკატი, სადაც ქალებზე იძალადეს.
რა ეტაპზე გადადის ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში? – „ბათუმელებმა“ იურისტთან, უფლებადამცველ ანა თავხელიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ქალბატონო ანა, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს გამოსვლას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ სტამბოლის კონვენციიდან. ამ კონვენციას საქართველო 2017 წელს შეუერთდა. თქვენ დღეს წერდით ფეისბუქგვერდზე, რომ „კობახიძემ სიმბოლურად ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება დააანონსა“. რასთან გვაქვს საქმე?
ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს გვართმევენ, რაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად დავნერგეთ. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ სტამბოლის კონვენციიდან გასვლა კი არ ახსენა, არამედ ამ კონვენციის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებიც. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ კანონმდებლობაშიც არ აპირებენ დატოვონ მარეგულირებელი ნორმები. მაგალითად, კონვენციის საფუძველზე ჩვენ შემოვიღეთ „სექსუალური შევიწროების“ დეფინიცია დასაქმების ადგილზე და ავკრძალეთ სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობებში, ასევე, შემოვიღეთ დასჯად ქმედებად ადევნება, რაც დამცავი ფაქტორია ქალებისთვის. თუ შეხედავთ იგივე ადევნების მაჩვენებელს – რამდენად ბევრი ქეისია – ვნახავთ, რომ ეს მუხლი საჭირო იყო.

ანა თავხელიძე
სტამბოლის კონვენციამ მოგვცა შესაძლებლობა, დაზარალებულად და მსხვერპლად გვეღიარებინა ძალადობის შემსწრე ბავშვი. ამის პრეცედენტები ჩვენ შევქმენით კონვენციის რატიფიცირებისთანავე: როგორც კი ძალაში შევიდა, მაშინვე დავიწყეთ სამართალწარმოება და ძალიან კარგი პრაქტიკა გვქონდა.
ამ კონვენციის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად ხდებოდა. გამოწვევები და ხარვეზები, ბუნებრივია, ბევრი რჩებოდა, მაგრამ პროგრესი ძალიან დიდი გვქონდა – აი, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე უკეთესი კანონმდებლობა და შედეგიც კი გვქონდა ამ ნაწილში, ვიდრე არ აირეოდა მდგომარეობა საქართველოში 2023-2024 წლიდან.
- ელით, რომ შესაძლოა ეროვნულ დონეზე კიდევ უფრო გაუარესდეს ამ კუთხით გაუმჯობესებული კანონმდებლობა? მაგალითად, „გენდერი“ უკვე ამოიღეს კანონმდებლობიდან…
ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ სტამბოლის კონვენციის საფუძველზე რა ცვლილებებიც განხორციელდა, ეს კანონმდებლობა გადაიხედება. ეს ნიშნავს, რომ აპირებენ გადახედონ შრომის კოდექსს, სისხლის სამართლის კოდექსს, თანასწორობის შესახებ კანონმდებლობას და ასე შემდეგ. ბევრგან შევიდა ცვლილება და შესწორება, რომ ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში ყოფილიყო სტამბოლის კონვენციასთან.
მთავარი ბარიერი გვრჩებოდა გაუპატიურების დეფინიცია, რომელიც არ შეცვლილა. ცხადია, დღეს, ამ პირობებში, როცა კანონმდებლობა უარესდება, გაუპატიურების დეფინიციას არავინ შეცვლის. შესაბამისად, დავბრუნდებით იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავით.
- უფლებადამცველები ითხოვთ იმას, რომ გაუპატიურების განმარტება დაკავშირებული იყოს თანხმობის არარსებობასთან და არა ძალადობასთან?
ახლაც ერთ-ერთი მიმდინარე საქმე მაქვს გაუპატიურების, სადაც უწევს სახელმწიფოს ამტკიცოს, რომ იყო ძალადობა და უმწეო მდგომარეობის გამოყენება. თუ ამას ვერ დაამტკიცებს პროკურატურა, გამოვა, რომ რადგანაც თანხმობაზე დაფუძნებული დეფინიცია არ გვაქვს, რიგ შემთხვევებში დაუსჯელი რჩება მოძალადე.
ხშირ შემთხვევაში თანხმობის გარეშეა ჩადენილი გაუპატიურება. დღეს უწევს პროკურატურას დაარქვას ამას ძალადობის გამოყენება – როგორმე უნდა გამოკვეთოს ფიზიკური ძალის გამოყენებაზე რაღაც გარემოებები. სხვა შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. გაუპატიურების საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მათ შორის, არის ხარვეზიანი კანონმდებლობა.
ყველა მექანიზმი და ინსტრუმენტი, საერთაშორისო კონვენცია, რაც კი რატიფიცირებული გვაქვს ამ საკითხზე, ითხოვს, რომ ეს დეფინიცია გასწორდეს. ამას ითხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკაც დიდი ხანია ერთგვაროვანია. ევროპარლამენტში LIBE-სა და FEMM-ის კომიტეტებმა ევროკავშირის კანონმდებლობაში თანხმობაზე დაფუძნებული გაუპატიურების დეფინიციის მიღებას დაუჭირეს მხარი.
- უშუალოდ სტამბოლის კონვენციამ რა შეცვალა? გვახსოვს, როგორ გააქტიურდა პოლიციაში ძალადობის შესახებ შეტყობინებები მას შემდეგ, რაც კანონით დასჯადი გახდა ოჯახში ძალადობა… თქვენ ქალთა მიმართ ძალადობის არაერთი საქმეში იყავით ადვოკატი. რა მოგვცა რეალურად სტამბოლის კონვენციამ?
სტამბოლის კონვენცია 2017 წელს შემოდგომისკენ შევიდა ძალაში და პრინციპში მალევე გვქონდა ჩვენ პირველი საქმე: მივაღწიეთ იმას, რომ სასამართლომ, შემდგომში პროკურატურამაც, დაამკვიდრა სტანდარტი, რომ მსხვერპლის და დაზარალებულის სტატუსი ენიჭებოდა ძალადობის, ოჯახში ძალადობის, გენდერული ძალადობის შემსწრე ბავშვს. მანამდე ასეთი სტატუსი არ არსებობდა, ანუ ბავშვის თანდასწრებით შეიძლება მომხდარიყო ძალიან მძიმე დანაშაული, მათ შორის, ფემიციდი და ამ ბავშვს მსხვერპლის სტატუსი არ ენიჭებოდა. ეს შესაძლებელი გახდა სწორედ სტამბოლის კონვენციის საფუძველზე.
ასევე, სტამბოლის კონვენციის საფუძველზე გვქონდა შესაძლებლობა, ფსიქოლოგიურ ძალადობად შეგვეფასებინა ბავშვის თანდასწრებით ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება, ან ბავშვთან ამგვარი საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვეცვა ბავშვების ინტერესები ოჯახში და არა მხოლოდ.
ადევნების დეფინიციაც ამის შემდეგ გაჩნდა სისხლის სამართლის კოდექსში. ჩვენ არაერთი საქმე ვაწარმოვეთ, როდესაც ქალები დავიცავით ადევნებისგან. სექსუალური შევიწროების საქმეები გახსოვთ – რამდენად ხშირად ისმოდა ქალების ისტორიები, რომლებიც იმიტომ ვერ იცავდნენ თავს, რომ სათანადო საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა, არ არსებობდა მექანიზმები. ბევრი მიმართულებით შევძელით, რომ უკეთესი სტანდარტი შეგვექმნა.
რაც მთავარია, სტამბოლის კონვენციამ სახელმწიფოს დაავალა – პრინციპში ეს აღასრულეს კიდეც გარკვეული თვალსაზრისით – რისკების შეფასება, რომ, მაგალითად არ დავლოდებოდით, როდის მოხდებოდა ფემიციდი – გაგვეუმჯობესებინა შემაკავებელი ორდერის გამოცემის სტანდარტი. ამას თან დაერთო რისკის შეფასების მექანიზმი, რომ პოლიციელს შესძლებოდა შეეგროვებინა რელევანტური ინფორმაცია, რითაც გაზომავდა რისკებს და განსაზღვრავდა, არსებობდა ძალადობის განმეორების რისკი თუ არა.
სტამბოლის კონვენციის საფუძველზე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტები შექმნილი: მაგალითად, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა სტამბოლის კონვენციის საფუძველზე დაიწყეს გენდერული სტატისტიკის წარმოება, ძალადობის ფორმების აღრიცხვა და დათვლა, რასაც მანამდე არ აკეთებდნენ.
სტამბოლის კონვენციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ მსხვერპლზე მორგებული იყოს სერვისები – იქნება ეს თავშესაფარი, სამედიცინო, ფსიქოლოგიური თუ იურიდიული დახმარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
- რა სიგნალია ახლა ირაკლი კობახიძის გზავნილი, რომ საქართველო შეიძლება გავიდეს ამ კონვენციიდან?
რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს ეხება, როგორც ქალთა, ასევე ბავშვთა უფლებებს. კობახიძე იყენებს ამ თემას, როგორც იარაღს იმისთვის, რომ პრობლემური საკითხები გადაფაროს, მაგალითად, მწვავე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ვნახეთ, რომ ეს საკითხი მან დაუკავშირდა შობადობის და დემოგრაფიის საკითხებს – თითქოს მიზეზი იპოვეს, რითაც გაამართლებდნენ, რატომ მცირდება შობადობა ქვეყანაში.
სინამდვილეში, აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არის. ეს არის დეზინფორმაცია, რის გავრცელებასაც ცდილობენ.
- ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი ზეწოლა იყო ხელისუფლებაზე, რომ მანკიერი იდეოლოგია დაემკვიდრებინათ. რამდენიმე დღით ადრე ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ შობადობის კატასტროფულად შემცირებული მაჩვენებელი გაჭირვებას კი არა, მსოფლმხედველობას უკავშირდება.
ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის სამართლებრივი საკითხი და გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, რაზეც შეთანხმებულია ცივილიზებული სამყარო. არსებობს ათობით, ასობით გადაწყვეტილება ევროკავშირის ფარგლებში, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, რომლითაც თუ არ ვცდები 2004 წელს დაგვევალა, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ცალკე დანაშაული, დასჯადი გამხდარიყო. ის, რაზეც კობახიძე საუბრობს, არათუ სამართლებრივი არგუმენტია, არამედ საერთოდ სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა დისკუსიაა.
ვისთან არის ეს დისკუსია და ვინ შემოჰყავს კობახიძეს ამ საკითხის განმხილველად და შემფასებლად? – იმ დაჯგუფების წარმომადგენელი [ზურაბ მახარაძე, რომელიც პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძესთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდა], რომლის წევრებიც ძალადობისთვის არიან მსჯავრდებულები, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის.
თავად კობახიძესაც არ აქვს არანაირი გამოცდილება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობის, თუნდაც ბავშვებთან. შეიძლება ნანახიც კი არ ჰყავდეს მსხვერპლი ბავშვი ან ქალი, არასოდეს ყოფილა მისი წარმომადგენელი. იგი არც მოსამართლე ყოფილა, რომ მოესმინა ძალადობაგამოვლილი ქალის ისტორია და სამართლებრივ ჭრილში ემსჯელა.
გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს კომპეტენცია. გადაწყვეტილებას სჭირდება საზოგადოების ჩართულობა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა. იცით, რომ სამოქალაქო სექტორი გამორიცხეს ამ პროცესებისგან და ამის ნაცვლად, რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები იღებენ მონაწილეობას საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში.
- თქვენი დაკვირვებით, რატომ შეიძლება აწყობდეს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად ქალების ჩაგვრის წახალისება?
საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო სტამბოლის კონვენციის წინააღმდეგ გალაშქრება, ასევე ანტიგენდერული განცხადებები და ანტიუფლებრივი გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მზარდია, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში.
ტრამპის განცხადებაც გახსოვთ გენდერთან დაკავშირებით, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ მალევე გადაწყვიტა კანონებიდან გენდერის ამოღება.
ეს არის ჩემი აზრით, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გადადგმული ნაბიჯი, რასაც იყენებენ სხვა ლიდერები, რომლებსაც ასევე თავიანთ ქვეყნებში ნაკლებად დემოკრატიული გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული. ამ სოციუმში, ამ პირთა პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანებას და თავის წარმოჩენას ცდილობს ახლა „ქართული ოცნება“.
- გამოდის, რომ ავტორიტარიზმის ერთ-ერთი სამიზნეა ქალების ჩაგვრის წახალისება?
ავტორიტარიზმის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მკაფიო ნაბიჯი არის სწორედ ქალთა უფლებების შეზღუდვა და თავდასხმა ქალებზე – რაც შეიძლება მარწუხებში უნდა მოაქციონ და შეზღუდონ მათი თავისუფლება.
გლობალურად ქალებია ის ჯგუფი, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უსაფრთხოება – საკუთარი თავის გადარჩენა. მიზანია ის, რომ ქალებს არ დარჩეთ რესურსი და ძალა, იბრძოლონ პოლიტიკური პროცესებისთვის.
- შეიძლება, ქალებში შეამცირო პროტესტი, თუ მათ სისტემა ძალადობის პირისპირ დაუცველს დატოვებს და დააშინებს, უფრო არ წაახალისონ ჩაგვრა?
სხვა რამისთვის აღარ გრჩება დრო და სივრცე – საკუთარი უსაფრთხოება გაქვს დასაცავი. მოწყდები პოლიტიკურ პროცესებს, სამოქალაქო აქტივიზმს, ქუჩაში გასვლის გეშინია – პარტნიორმა არ მოგკლას, ან ოჯახის წევრმა რამე არ დაგიშავოს.
ეს არის პროცესი, რაც რუსული კანონის მიღებით – 2023 წელს დაიწყო საქართველოში. ამას მოჰყვა შემდეგ ე.წ. „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, შემდეგ გენდერის ამოშლა და ასე შემდეგ. ეს პროცესი ამით არ დასრულდება: კიდევ უფრო მკაცრ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, ანტიდემოკრატიულ, უფლებების შემზღუდავ და დამრღვევ კანონმდებლობას უნდა ველოდოთ, რომელიც სხვადასხვა ჯგუფს ამოიღებს მიზანში.
ამ ეტაპზე ქალებია მიზანში. კიდევ ბევრი შემზღუდავი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქალებთან დაკავშირებით და შემდეგ დადგება ჯერი სხვა ჯგუფების.
„ოცნებას“ იყენებს ზუსტად იმ ნარატივს სტამბოლის კონვენციასთან დაკავშირებით, რასაც იყენებენ სხვა ავტორიტარი ლიდერები, მაგალითად, რუსეთში, ან ბელარუსში – თითქოს ოჯახის წინააღმდეგ არის ეს კონვენცია.
პირიქით, სტამბოლის კონვენციას ერთადერთი მიზანი და სულისკვეთება აქვს, რომ დაიცვას ქალების, ბავშვების უსაფრთხოება და არა მარტო. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ოჯახებში. ბუნებრივია, ეს ვერანაირად ვერ გადაითარგმნება ოჯახის და რაღაც ღირებულებების წინააღმდეგ კონვენციად. ძალიან მარტივია ამ კონვენციაში სწორი ღირებულებების დანახვა, მაგრამ მათ სურთ, რომ რაც შეიძლება გააუარესონ ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.
- ირაკლი კობახიძემ კონვენციიდან შესაძლოა გასვლა დააანონსა 7 მარტს. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
მას სურდა უფრო მეტი გამოხმაურება. ასე უფრო მარტივად მიიქცევდა საზოგადოების ყურადღებას – გადაიტანდა საზოგადოების ყურადღებას იმ საკითხებისგან, რაც ასევე ძალიან მწვავე და პრობლემურია საქართველოში.
- როგორია მასშტაბი ამ უკან დახევის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ?
ეს ყველაფერი რომ გამოვაცალოთ – სამართლებრივი საფუძვლები და დაცვის მექანიზმები, რაც გაჩნდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2017 წლის შემდეგ განსაკუთრებით – დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს, თუმცა ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მზარდია რისკები, საფრთხეები ძალადობის. ვხედავთ პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებას, რაღაც დიფფეიკების გასაჯაროებას, სადაც ქალები იყვნენ სამიზნეებად.
ამ მექანიზმების გაქრობა გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა. თანაც, 20 წლის წინ ეს საფრთხეები არ არსებობდა, ასეთი მასშტაბი არ იყო ტექნოლოგიების გამოყენების, რაც დღესაა. შესაბამისად, რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო 20 წლის წინ, ხოლო დაცვის მექანიზმი რჩება ის, რაც გვქონდა 20 წლის წინ.






