მამუკა ვასაძე, ანუ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეგობარია. მამუკა ვასაძემ ამის შესახებ 2019 წელს თავად განაცხადა პარლამენტში, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო.
ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს დაასანქცირა და ღიად აღნიშნა, რომ ფარცხალაძე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმაც.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოფილ მთავარ პროკურორს დღეს უკვე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ედავება. ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
მამუკა ვასაძე ფიგურირებს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეშიც. მაშინ ის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
„2014 წლის იანვარში თქვენ დაინიშნეთ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. ამას წინ უძღოდა ოთარ ფარცხალაძის გადადგომა და მერაბიშვილის სკანდალური განცხადება, რომ უკანონოდ გაიყვანეს საკნიდან და მასზე ზეწოლა განახორციელეს. მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა და მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემაც კი განაცხადეს გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე. ისინი პროკურატურას მოუწოდებდნენ, დაეწყო გამოძიება. როცა გავრცელდა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რატომ არ დაიწყეთ გამოძიება?“ – ეს კითხვა ვასაძეს ოთარ კახიძემ დაუსვა, რომელიც მაშინ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ამის საპასუხოდ ვასაძემ თქვა, რომ მის დეპარტამენტში „შესაბამისი კორესპონდენცია“ არ შესულა.
„მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყავით გამოძიება დაგეწყოთ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ეს გამოძიება არ დაიწყეთ და ახლა არსებობს ეჭვი და ვარაუდი, რომ თქვენი მეგობარი [ოთარ ფარცხალაძე] გარეული იყო ამ დანაშაულში. სწორედ ამის გამო არ დაიწყეთ გამოძიება“, – განაცხადა მაშინ კახიძემ.
განჩინებაში, რომელსაც მამუკა ვასაძეც აწერს ხელს, წერია, რომ „მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, მის მიმართ უკანონო მოპყრობის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება“.
ეს სიცრუეა.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში მინიმუმ რამდენიმე ვიდეომტკიცებულებაა, სადაც ჩანს დაკავებული ჟურნალისტის მიმართ პოლიციელების მხრიდან დამამცირებელი და უკანონო მოპყრობა.
მამუკა ვასაძესთან ერთად მზია ამაღლობელის საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარი კიდევ ორმა მოსამართლემ თქვა – ლევან თევზაძემ [თავმჯდომარე] და მერაბ გაბინაშვილმა.






