დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელის სახით მიუსაჯა წლით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარზე გამოაცხადეს.
————
საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ღამით ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.
2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბ. და 1993 წელს დაბადებული თამაზ შ. დააკავეს. გოგი ბ.-ს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. თამაზ შ.-ს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.
ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და სოფელ აჭარისწყალთან – იქ, სადაც ჰესის აშენების შედეგად დაგუბდა წყალი – ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ერგეში მცხოვრებ ბესო ბოლქვაძეს მეზღვაურ ნიკა კოკობინაძესთან ერთად კატერების გასაქირავებელი ადგილი დაახლოებით 2 წლის წინ მოუწყვია. ამ პირებს ბიზნესი, ანუ ადგილი, სადაც კატერი ქირავდებოდა, დარეგისტრირებული არ ჰქონდათ.
მოკლული კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბესო ბოლქვაძე აპირებდა ბიზნესის რეგისტრაციას და მის გაფართოებას, რადგან საქმე მომგებიანი გამოდგა. დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, მას ე.წ. „ქურდული სამყაროს“ ჩართულობით ბიზნესის დათმობას აიძულებდნენ.
___________________
მთავარ ფოტოზე გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია ხელოვნური ინტელექტის, chatgpt-ის გამოყენებით.






