მთავარი,სიახლეები

4 წლის შემდეგ აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ჟურნალისტმა სასამართლო დავა მოიგო

26.04.2024
4 წლის შემდეგ აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ჟურნალისტმა სასამართლო დავა მოიგო

4 წლის შემდეგ მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება „თეონა ბაკურიძის საქმეზე“ – ეს ის ტელეწამყვანია, რომელიც „აჭარის ტელევიზიაში“ დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ხელისუფლების კრიტიკის გამო ეთერიდან მოხსნეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად მიიჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს უკვე ყოფილი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„არ ვიცი შერცხვება თუ არა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მაგრამ მახარებს, რომ სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც. სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა, რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო, რომელიც მოიგეს – 4 წელი, სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან. ჩვენ მაშინაც ვიცოდით რომ „ოცნების“ ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. შეგიძლიათ ერთ გამოშვებას შეხედოთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით,“ – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე.

სააპელაციომდე თეონა ბაკურიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. მან თეონა ბაკურიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თეონა ბაკურიძის სარჩელი დისკრიმინაციის ნაწილში, რაზეც დავა გაგრძელდება.
თეონა ბაკურიძის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა.
ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიაში აღარც გიორგი კოხრეიძე მუშაობს, რომელმაც საინფორმაციო სამსახურს კრიტიკული ჟურნალისტები ჩამოაშორა.
————
თეონა ბაკურიძე სასამართლოში ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას.

თეონა ბაკურიძე „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, როცა 2020 წელს სამსახურიდან გაუშვეს, მას შემდეგ, რაც ამ ტელევიზიის დირექტორს – ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. მაშინ, როცა ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საქმიანობის უფლება წაართვეს და გაჩნდა შეფასება „პოლიტიკურ ზეწოლაზე“, სასამართლოში 9 სარჩელი შევიდა. ამ საქმეებით საგრძნობია ერთი ტენდენცია, რაც ბოლო წლებში, ზოგადად, ქვეყანაში შრომით დავებს ახასიათებს:

გათავისუფლებულები მეტწილად შრომით დავებს იგებენ, დასტურდება უკანონო გათავისუფლება და ადამიანების დევნა, სასამართლოში დავას აგებს სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებებით ცნობილი მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა ასევე მეტწილად სასამართლო სამსახურში არ აბრუნებს სისტემას ჩამოშორებულ ადამიანებს.

აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო — იმ პერიოდიდან, როდესაც დირექტორი, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული დაუკავშირა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს.

ამ თემაზე:

საქმეები სასამართლოში, როცა მოგებულიც წაგებულია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: