„თუ დავაკვირდებით, როგორ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზაქციის პროცესი ერთი შენობიდან მეორეში, მივხვდებით, რომ ეს გამოიყენება კრიტიკული, ობიექტური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვის ინსტრუმენტად.
ამის მაგალითი სახეზეა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სახით“, – ამბობს ნათია კუპრაშვილი, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი და თსუ-ს პროფესორი. მას „აჭარის ტელევიზიაში“ გადაცემების შეჩერებაზე ვკითხეთ.
ტელევიზიის შენობის ავარიულობის მოტივით, „აჭარის ტელევიზიამ“ ყველა გადაცემა დროებით შეაჩერა საინფორმაციო გამოშვების გარდა, რომელიც დაიჯესტის სახით გავა ეთერში.
„აჭარის ტელევიზიის“ შენობის ავარიულობაზე ექსპერტიზის დასკვნა 2025 წლის ივლისში დაიდო. დასკვნის მომზადებიდან 8 თვის შემდეგ ტელევიზიის მენეჯმენტმა შენობის დაცლასთან ერთად რესტრუქტურიზაციის და რეორგანიზაციის პროცესის წამოწყებაც დააანონსა.
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი, ირაკლი კიკვაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს იმას, რომ გადაცემების ნაწილი შესაძლოა, საერთოდ აღარ დაუბრუნდეს ეთერს. იგი უარყოფს, რომ ამ პროცესი მიზანი „აჭარის ტელევიზიას“ შემორჩენილი კრიტიკული ჟურნალისტების რედაქციისგან ჩამოშორებაა.
„აჭარის ტელევიზიიდან“ კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორების პროცესი 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მაშინდელ დირექტორს – ნათია კაპანაძეს ბორდმა იმპიჩმენტი მოუწყო. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანათ.
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ტელევიზიიდან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს, ნაწილი კი, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორეს და სხვა სამსახურში გადაიყვანეს. 4-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ აჭარის ტელევიზიიდან უკანონო გათავისუფლება სასამართლომ დაადასტურა, მაგალითად,თეონა ბაკურიძისშემთხვევაში. ის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანად მუშაობდა და ხელისუფლების კრიტიკის გამო სამსახურიდან გაუშვეს.
დღეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებს ღიად არ სურთ ისაუბრონ იმაზე, რაც ტელევიზიაში ხდება.
„გაურკვევლობაა. გვეუბნებიან, რომ ერთი თვის შემდეგ ეტაპობრივად დავბრუნდებით ეთერში, თუმცა უცნობია, როგორ მოხდება ეს,“ – ამბობენ ჟურნალისტები და ხაზს უსვამენ იმას, რომ მენეჯმენტს შენობის დაცლასა თუ დაწყებულ რეორგანიზაციაზე მათთან უშუალოდ არ უსაუბრია.
ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ „აჭარის ტელევიზიის“ შენობაში ნამდვილად არის პრობლემები, თუმცა ეს ახალი ამბავი არ არის. ჭერის დაზიანების და ბათქაშის ცვენის შემდეგ ჟურნალისტებს დაუტოვებიათ რამდენიმე სამუშაო ოთახი.
რატომ დაუკავშირა ტელევიზიის მენეჯმენტმა შენობის ავარიულობა ტელევიზიის რეორგანიზაციას და რესტრუქტურიზაციას? – ეს არის კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხის არარსებობა აძლიერებს ეჭვს, რომ აჭარის ტელევიზიის ისტორიული შენობიდან ჟურნალისტების დაცლა ემსახურება არა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზანს, არამედ იმას, რომ ტელევიზია სრულად დაიცალოს კრიტიკისგან.
ტელევიზიის ზოგიერთი თანამშრომელი „ბათუმელებთან“ პირად საუბარში განიხილავს ვერსიასაც, რომ რეალურად „აჭარის ტელევიზიისგან“ მხოლოდ საინფორმაციო დაიჯეტს დატოვებენ, ხოლო ტელევიზიას ეტაპობრივად აუქმებენ.
„ეს შენობა რომ ავარიულია, ეს არ არის ახალი და ფორსმაჟორული მდგომარეობა. შესაბამისად, ამას სჭირდებოდა და იმიტომაც ჰყავს დაქირავებული მენეჯმენტი, იმიტომ იზრდება მისი ფინანსური მხარდაჭერა ყოველწლიურად და ეს დაფინანსება უპრეცედენტოდ მაღალია, რომ მზაობა ამისთვის ყოფილიყო. სხვა შენობაში ტელევიზია უნდა გადასულიყო ისე, რომ წარმოება არ უნდა შეწყვეტილიყო. ეს შესაძლებელია იყო სრულიად.
„მომინდა და შევწყვეტ პროგრამებს“ – ასეთი გადაწყვეტილება არის პირდაპირ მაუწყებლის შესახებ კანონის დარღვევა. მათ აქვთ ვალდებულება უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მაუწყებელს, რომელსაც ასევე აქვს პასუხისმგებლობა, როგორც წესი, არ შეწყდეს წარმოება – მაყურებელთან აქვთ ეს პასუხისმგებლობა,“ – ამბობს ნათია კუპრაშვილი, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი.
„შენობას აქვს პრობლემა, ჩამოენგრა ჭერი, რამაც გამოიწვია მესამე სართულის პარალიზება და ასევე, მეორე სართულის ნაწილის. არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მე დამხვდა. სამწუხაროდ, თანამშრომლები იყვნენ შემჭიდროებულები სხვადასხვა ოთახში, გადანაწილებული შენობაში, სადაც საფრთხის შემცველი იყო ყოფნა. მოწვეულმა ექსპერტმაც იგივე თქვა, რომ წარმოუდგენელია მუშაობა ამ პირობებში, რა პირობებშიც ახლა არის შენობა.
ჩვენ, როგორც ახალმა მოსულმა ხელმძღვანელობამ, ჩავთვალეთ, რომ შენობას ჰქონდა პრობლემა,“ – გვეუბნება ირაკლი კიკვაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი. მან გვაჩვენა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2025 წლის 15 ივლისსაა გაცემული.
„შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგრადობა არადამაკმაყოფილებელია. მზიდ კონსტრუქციებს განცდილი აქვთ ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა, ხოლო სახურავი ავარიულ მდგომარეობაშია“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში. „აჭარის ტელევიზიის“ ისტორიული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა ბათუმის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, მემედ აბაშიძის 41-ში.
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის, ირაკლი კიკვაძის თქმით, მათ ხელახლა მიმართეს ექსპერტიზის ბიუროს დეტალური კვლევებისთვის. ახალი დასკვნა ტელევიზიას სავარაუდოდ ხვალ უნდა ჩაბარდეს.
თუ უკვე არსებული დასკვნა ნიშნავს იმას, რომ შენობა ავარიულია, რატომ არ დაიცალა ტელევიზიის შენობა აქამდე, ან, მაგალითად, დღეს რატომ მუშაობდნენ იგივე მისამართზე საინფორმაციო სამსახური?
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი არხი, რომელსაც აქვს ცოტა ბიუროკრატიული წინაპირობები, მაგალითად, არსებობს საევაკუაციო შტაბი, მას თავისი ეტაპები აქვს გასავლელი. ეს ამბავი ამიტომ გაიწელა აქამდე.
ნიუსრუმი გადადის უკვე ხვალ დილიდან რადიოს შენობაში. „თითების თეატრში“ ვიწყებთ რემონტს ხვალიდანვე, მაგრამ ჯერ ვერ გადავა, იმიტომ, რომ მოსაწყობია ის შენობა ტექნიკურად. ჯერჯერობით რადიოში იქნება ნიუსრუმი და შემდგომ მოხდება „თითების თეატრში“ გადაყვანა. პარალელურად კიდევ ვქირაობთ ფართს, სადაც ადმინისტრაცია განთავსდება, ასევე მოეწყობა სტუდიები გადაცემებისთვის,“ – გვითხრა ირაკლი კიკვაძემ.
ირაკლი კიკვაძის განმარტებით, დაახლოებით ორ კვირაში გადავა ნიუსრუმი ყოფილი თითების თეატრის შენობაში და შესაძლებელი გახდება საინფორმაციო გამოშვების სრულყოფილად მომზადება, სხვა გადაცემები კი, ეტაპობრივად აღდგება, თუმცა მათი ეთერში დაბრუნება კომისიის შეფასებაზე იქნება დამოკიდებული.
„აჭარის ტელევიზია“ საბოლოოდ ორბელიანის ქუჩაზე გადადის, სადაც მდებარე შენობა ამჟამად აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ შენობაში რემონტის შემდეგ ადგილი საკმარისი იქნება, როგორც ადმინისტრაციისთვის, ისე გადაცემებისთვის, სტუდიებისთვის.
საინტერესო ამ ყველაფერში ისაა, რომ ამდენ შენობაში გადასვლა-გადმოსვლის პარალელურად, ტელევიზიის მენეჯმენტმა რესტრუქტურიზაციის და რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. თანხმობა „აჭარის ტელევიზიამ“ უკვე მიიღო საზმაუს ბორდის სხდომაზე, რომელიც 5 მარტს გაიმართა.
ირაკლი კიკვაძე, რომელიც 2026 წლის იანვარში დაინიშნა „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად, აცხადებს, რომ კომისიას მოიწვევს და ის შეაფასებს არსებულ გადაცემებს.
რატომ წამოიწყო ორი პროცესი ერთდროულად „აჭარის ტელევიზიის“ მენემენტმა: ახალ შენობაში გადასვლა და ამავდროულად, რეოგანიზაცია?
„ჩვენ არაფერი არ დაგვიკავშირებია, შენობა დაგვხვდა ასე“, – ამბობს ირაკლი კიკვაძე და ხაზს უსვამს იმას, რომ დანიშვნამდე მისი დაპირება იყო, ტელევიზიაში ჩაეტარებინა რესტრუქტურიზაცია.
როცა შენობის ავარიულობასა და რესტრუქტურიზაციაზეც ერთდროულად მიმართეთ საზმაუს მრჩეველთა საბჭოს, ეს არ აჩენს ეჭვს, რომ რეალურად სხვა ამოცანა აქვს მენეჯმენტს? – ვკითხეთ ირაკლი კიკვაძეს.
ის ვერ განმარტავს, რატომ იყო გადაუდებელი აუცილებლობა პრაქტიკულად ფორსმაჟორში რეორგანიზაციის პროცესი – ირაკლი კიკვაძემ გვითხრა, რომ მან ბორდისგან მიიღო თანხმობა და ეს უნდა მივიღოთ არგუმენტად.
„გეუბნებით, რომ ასეთი რაღაც, სპეციალურად დაგვემთხვია შენობის ავარიულობა რესტრუქტურიზაციას, არ არსებობს, რაღაც ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება… ჩემი გეგმა, რაც წარვუდგინე ბორდს და ბორდში არიან განსხვავებული აზრის ადამიანები, ერთნაირად დამეთანხმნენ.
ჩემს ზემოთ არის სამეურვეო საბჭო, რომელიც გვირჩევს, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გეგმა. მათ ეს გეგმა მიიღეს ჩვეულებრივად, არანაირი კითხვა არ ყოფილა, ყველანაირი თანხმობა მივიღეთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების,“ – ამბობს ირაკლი კიკვაძე.
„სწორედ ეს ამხელს საბოლოო ჯამში, რისი გაკეთება უნდათ,“ – მიიჩნევს ნათია კუპრაშვილი, – „ეს რომ იყოს გამოწვეული ფორსმაჟორით – ტექნიკურად აღარ შეგიძლია რაღაცის გაკეთება ამ შენობაში, რომელშიც ხარ, მოიძებნა ახალი შენობა და იქ გჭირდება გადაცემების ნელ-ნელა გადატანა – ეს არის სხვა პროცესი, მაგრამ ამას არ სჭირდება გადაცემების შეფასება.
გადაცემების შეფასება, როგორც წესი, ხდება წლის დასრულების დროს: ხედავ, რა დაგეხარჯა, რა ტიპის აუდიტორიაა და ასე შემდეგ. ახლა, ამ პროცესში გადაცემების შეფასება, რა თქმა უნდა, სრულიად გაუგონარი ამბავია – ერთი მეორესთან არანაირ კავშირში არ არის.
მე ზუსტად ვიცი, რომელი ადამიანები აღარ იქნებიან ახალ კონცეფციაში, თუმცა ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ იყოს. ჩემი აზრით, ფუნდამენტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს მორყეული, მარტო შენობას კი არა,“ – მიიჩნევს ნათია კუპრაშვილი.
ნათია კუპრაშვილი, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „აჭარის ტელევიზიის“ შენობის ამბავი ფორსმაჟორი არ არის და ფორსმაჟორის დროსაც კი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს პროგრამების შენარჩუნება და არა მათი დახურვა.
„ნებისმიერი ფორსმაჟორის დროს, ყველა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის მთავარი ამოცანაა პროგრამების შენარჩუნება და არა მათი დახურვა. თუ ამ ამოცანას ვერ უზრუნველყოფს მენეჯმენტი, ის თავად არის წასასვლელი სახლში.
არ შეიძლება გააჩერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ასე უვადოდ – როცა არ იცი, როდის განაახლებ გადაცემებს. როგორც წესი, მაუწყებლებს აქვთ მხოლოდ რამდენიმესაათიანი ტრანზაქციის უფლება და ეს არ უნდა ეტყობოდეს ეთერს,“ – აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა „ბათუმელებთან“.
რაც შეეხება ისტორიულ შენობას მემედ აბაშიძის გამზირზე – ჯერჯერობით მისი ბედი გაურკვეველია, რადგან ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა არ მომზადებულა.






