„საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები აჩვენებს ხელისუფლების მცდელობას, სრულად დაიმორჩილოს და პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს ინსტიტუტები ამ მიზნით, საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ტალღა ამ დრომდე გრძელდება. ბათუმის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესიც სწორედ ამ ტენდენციის აშკარა გაგრძელებაა,“ – ორგანიზაციები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ეხმაურებიან.
რეორგანიზაცია- რესტრუქტურიზაციის პროცესი ბათუმის მერიაში 2026 წლის იანვარში დაიწყო, შედეგად სამსახურის დატოვება მოუწიათ სპეციალისტებს, რომელთაგან უმრავლესობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას საჯაროდ გაემიჯნენ და საკუთარი პოზიცია პროევროპულ პეტიციაზე ხელმოწერით დააფიქსირეს.
ორგანიზაციების შეფასებით აღნიშნული გარემოება ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ რეორგანიზაცია არა ინსტიტუციური ეფექტიანობის გასაზრდელად, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე საჯარო მოხელეების სისტემიდან ჩამოსაშორებლად გამოიყენეს:
„საკონკურსო კომისიის 2026 წლის 2 მარტის სხდომის ოქმის მიხედვით, კონკურსის მეორე და მესამე ეტაპის შედეგების შეჯამების შემდეგ დადგინდა, რომ პროევროპული პეტიციის ხელმომწერმა კანდიდატებმა კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.
თუმცა აღნიშნულ ოქმში მითითებული ქულების ანალიზი აჩვენებს, რომ გამარჯვებულ კანდიდატებსა და კონკურსის სხვა მონაწილეებს შორის ქულათა სხვაობა უმნიშვნელოა, რაც ბუნებრივად წარმოშობს კითხვებს შეფასების კრიტერიუმების ობიექტურობასთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.“
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით მმართველმა გუნდმა 2024 წლის ბოლოს საკანონმდებლო დონეზე მოამზადა ნიადაგი, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რეორგანიზაციის საფუძვლების გაფართოებასა და მოხელეთა უფლებრივი გარანტიების გაუქმებაში გამოიხატა.
ცვლილებების შედეგად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი ავტომატური გახდა, რაც გულისხმობს იმას, რომ რეორგანიზაციის გამო დასაქმებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და ახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელს მინიჭებული აქვს დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, თუ რა სახის კონკურსის საფუძველზე შეირჩეს ყველა რანგის მოხელე – ღია, დახურული თუ შიდა.
სწორედ ამ ცვლილებების ფონზე დღემდე საჯარო უწყებებიდან ასობით მოხელე გაათავისუფლეს.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონით, რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება გახდეს ისეთი მინიმალური ცვლილებები, როგორიც „სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილებაა“.
ეს მაშინ, როდესაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ძველი რედაქციით რეორგანიზაციის საფუძვლად ვერ ჩაითვლებოდა არათუ კონკრეტული თანამშრომლისთვის, არამედ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი ფუნქციის დაკისრებაც კი.
ორგანიზაციების შეფასებით მოცემულ შემთხვევაში ბათუმის მერიის 21 თანამშრომლის სამსახურიდან საბოლოო გათავისუფლება მობილობის შეთავაზებისა თუ პოზიციაზე აღდგენის ყველანაირი პერსპექტივის გარეშე წარმოადგენს განსაკუთრებით ხისტ ზომას, რომელიც ვერ მიიჩნევა მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად:
„თანამშრომელთა პეტიცია ეხმიანებოდა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებას, რომელიც დღემდე საჯარო დისკუსიის ცენტრალურ საგანს წარმოადგენს და რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. საჯარო მოხელეები სწორედ ის ინდივიდები არიან, რომელთა საქმიანობა უშუალო შემხებლობაშია კონსტიტუციაში დეკლარირებული მიზნების განხორციელებასთან. შესაბამისად, ბათუმის მერიის თანამშრომლებს ჰქონდათ არათუ უფლება, არამედ ერთგვარი ეთიკური ვალდებულებაც საზოგადოების წინაშე, დაეფიქსირებინათ პოზიცია მათ კომპეტენციასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ საკითხზე.
რაც შეეხება პეტიციის შინაარსს, მასში გაცხადებულია ერთგულება საქართველოს კონსტიტუციისა და მასში დეკლარირებული მიზნებისადმი და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ არის მიჩნეული ხელისუფლების მიერ საგარეო-პოლიტიკური კურსის გადახედვა, რაც პოლიტიკური მოვლენების სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს.
განცხადება თავისუფალია ზედმეტი პოლიტიკური რიტორიკისაგან, არ მიემართება კონკრეტულ პიროვნებებს თუ მათ ქმედებებს.
მერიის თანამშრომელთა გამოხატვის თავისუფლების აღნიშნული ფორმით განხორციელება საფრთხის ქვეშ არ აყენებს საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტს ან სახელმწიფოს წესრიგს.
მასში არ იკვეთება მიკერძოება კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა თუ იდეისადმი, არამედ ერთგულება კონსტიტუციაში დეკლარირებული მიზნებისადმი, რაც ისედაც ნებისმიერი საჯარო მოხელის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.
ამრიგად, მათი ქმედება საფრთხეს არ უქმნიდა რაიმე სახელმწიფოებრივ ინტერესს, რომლის დაცვის ვალდებულებაც სახელმწიფოს ქმედებას გაამართლებდა. ამავდროულად, მოხელეები დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ დამაკმაყოფილებლად და სტაბილურად იღებდნენ მაღალ შეფასებებს. რეორგანიზაციის დაწყებამდე კითხვის ნიშნები არ დასმულა მათ კომპეტენციასთან ან პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.
შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ განხორცელებულა აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად.
გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, პეტიციის ხელმომწერი ბათუმის მერიის თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლების დარღვევას, რადგან ისინი რეორგანიზაციის პროცესში არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმ თანამშრომლებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ განხადებაზე ხელი მოწერილი.“
ორგანიზაციები შეფასების ნაწილში ხაზგასმით აღნიშნავენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გატარებულ ზომებზე.
„დამატებით აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჯარო მოხელეთა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დაწესებული შემზღუდველი ზომები, რომლებიც გამოიხატა მათ უკანონო გათავისუფლებაში, ისახავდა არა ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს, არამედ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე მოხელეებისაგან საჯარო სამსახურის წმენდის, უფრო მორჩილი საჯარო სექტორის შენების, პეტიციაზე ხელმომწერი მოხელეების დასჯისა და მათ მაგალითზე სხვა მოხელეების დაშინების ფარულ მიზნებს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ბათუმის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაცია წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას განსხვავებული აზრის მქონე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. პროევროპული პეტიციის ხელმომწერთა მასობრივი გათავისუფლება, რაც წინასწარ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით გახდა შესაძლებელი, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.
საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნიშნით წმენდის ეს პრაქტიკა ანგრევს ინსტიტუციურ მეხსიერებას, აზიანებს პროფესიული ნეიტრალიტეტის პრინციპს და ქმნის საშიშ პრეცედენტს, სადაც მოხელის კარიერული სტაბილურობა დამოკიდებულია არა მის კომპეტენციაზე, არამედ მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკურ ლოიალობაზე.“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ თემაზე:






