მთავარი,სიახლეები

ფოთთან, მდინარე რიონზე, 436 მეტრი სიგრძის ახალი ხიდი აშენდება

26.05.2021
ფოთთან, მდინარე რიონზე, 436 მეტრი სიგრძის ახალი ხიდი აშენდება

ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე, ახალი, 8-მალიანი, 436 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდი აშენდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება.

სამუშაოების შესყიდვაზე დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.

ფოთთან, მდინარე რიონზე, არსებული ხიდი /ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

„ამჟამად არსებული გზა  ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობით მოგვარდება არსებული პრობლემები და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო მგზავრობა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

ახალი ხიდი / რენდერი /ფოტო:დეპარტამენტი

ფოთის ხიდის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიებისთვის სატენდერო წინანდადებების წარდგენის ვადა 2021 წლის 6 ივლისის 16:00 სთ-მდეა განსაზღვრული.

პირობის მიხედვით, „საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი ერთკონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ეროვნების პრეტენდენტს“.

„ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც მისი მდებარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლია შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.“

კონკრეტულად რა თანხაა გათვალისწინებული ხიდის მშენებლობისთვის, დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, თუმცა ხიდის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით დაიფარება.

სეხი, საქართველოს მთავრობამ, აზიის განვითარების ბანკისაგან ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისათვის მიიღო. „აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის [ხიდის მშენებლობა] ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/343988/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: