ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს, ტიტე აროშიძე 3 მოადგილე ჰყავს. მანამდე უნივერსიტეტის რექტორს ორი მოადგილე ჰყავდა.
რატომ დასჭირდა ბსუ-ს რექტორის კიდევ ერთი მოადგილე? – ახალი შტატი ბსუ-ში მას შემდეგ გაჩნდა, როცა 2025 წლის იანვარში სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. ტიტე აროშიძე მანამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.
ბსუ-ს წინა რექტორი, მერაბ ხალვაში ახალი რექტორის მოადგილე გახდა. მას ტიტე აროშიძემ ინოვაციების და სტრატეგიული განვითარების მიმართულება ჩააბარა. რექტორის მოადგილეა ასევე თამარ სირაძე – საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
გიორგი ქათამაძე კი, რექტორის კიდევ ერთი მოადგილე, სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით გახდა ბსუ-ს რექტორის მოადგილე. ის ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორია. „ბათუმელები“ მას დაუკავშირდა და ჰკითხა: შექმნეს თუ არა ახალი შტატი სპეციალურად მისთვის, იმიტომ, რომ მას რექტორობისთვის ამზადებენ?
- ბატონო გიორგი, თქვენ რექტორის მოადგილე ხართ ახალ შტატზე. ბსუ-ს რექტორს უკვე სამი მოადგილე ჰყავს. რატომ გახდა ეს საჭირო?
უნივერსიტეტში აქამდე იყო ორი პრორექტორი: სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით. ახლა უკვე ცალკეა ინოვაციების და პროფესიული მიმართულება, გაჩნდა საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების პრორექტორი, ანუ რექტორის მოადგილე და ასევე, სასწავლო-სამეცნიერო მიმართულება. მანამდე თავმოყრილი იყო ერთად.
ინტერნაციონალიზაციაზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება: უცხოური პროგრამები, გაცვლითი პროგრამები…
- მას შემდეგ, რაც „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, გაქვთ მოლოდინი, რომ ეს პროგრამები ისევ გექნებათ?
პირიქით, დაემატა უცხოეთის უნივერსიტეტთან, მაგალითად, სტაჟირების პროექტი, გაცვლითი პროექტები, ძლიერდება საერთაშორისო მიმართულება… არცერთი მიმართულებით შეფერხება ჩვენთან არ ყოფილა.
- არ თვლით პრობლემად იმას, რომ ევროპულ გზას საქართველო დაშორდა? რუსეთის ორბიტაზე გადასვლაზე არ აისახება უნივერსიტეტის პროგრამებზე?
მე არ ვარ პოლიტიკაში კარგად ჩახედული. მე გეტყვით ჩემს პოზიციას ამ წუთას, სადაც ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში – სასწავლო-სამეცნიერო პროცესს რაც შეეხება…
ჩვენ რაც დაწყებული გვაქვს, ის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, პირიქით, გეუბნებით, რომ კიდევ სამი-ოთხი ახალი პროექტი დავიწყეთ.
- თქვენ გამზადებენ უნივერსიტეტის რექტორობისთვის, ამიტომ დაგნიშნეს რექტორის მოადგილედ?
არ ვიცი, რა გითხრათ, საიდან? ეს პირველად მესმის, აქამდე არ გამიგია, პირველად მესმის თქვენგან ნამდვილად.
- აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან აქვს კავშირი და ამიტომაც სურთ ტიტე აროშიძის ჩანაცვლებაო.
საიდან? პირადად არც კი ვიცნობ სულხან თამაზაშვილს.
მე არ მაქვს სულხან თამაზაშვილთან ნათესაური კავშირი ნამდვილად, გარდა იმისა, რომ უბრალოდ, წარმოშობით ქობულეთიდან ვარ.
- ვისი ინიციატივა იყო თქვენი რექტორის მოადგილედ დანიშვნა, თანაც, როცა შტატი დაამატეს?
ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ უნივერსიტეტში, კერძო სექტორში მუშაობის პარალელურად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრიც ვიყავი უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტისგან ადმინისტრაციულ პოზიციაზე აქამდეც ბევრჯერ მქონია შემოთავაზება, მათ შორის, წინა რექტორისგან. უნივერსიტეტში მუშაობა ჩემი საყვარელი სფეროა. აქამდეც აქტიურად განიხილებოდა გარკვეული ადმინისტრაციული პოზიციები, თუმცაღა პრობლემა იყო დრო და ასე შემდეგ. ამჯერად მივიღე ეს გადაწყვეტილება და დავთანხმდი.
ამავე თემაზე:
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე სტუდენტების პროტესტის ფონზე აირჩიეს






