„საჩივარს სასამართლო განიხილავს შესაძლებლობისთანავე“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ნათია კაპანაძისთვის გაგზავნილ წერილში. სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „კაპანაძე საქართველოს წინააღმდეგ“ აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის კანონიერებას შეისწავლის.
ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი 2019 წელს მოუწყვეს. საქართველოს საერთო სასამართლოებმა საქართველოში ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილეს.
„შიდასამართლებრივი მექანიზმი“ ალბათ გადაჭარბებული ნათქვამია იმ ცინიზმზე, უფლებების დარღვევის გაგრძელების სერიებზე, რაც ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოებში გადამხდა. ალბათ, ამ ამბავს ხელისუფლების ყველა ცუდი დავალების შემსრულებელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მამა, მოსამართლე შოთა სირაძეც გაიგებენ.
მე არაფერს ვითხოვ უსამართლობის დადასტურების გარდა. ჩემი კომპენსაციის ნომინალური თანხაა 41 ლარი, მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრის მიხედვით, რადგან ზუსტად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დევნის და დაშინების სამიზნე აღმოვჩნდი,“ – ამბობს ნათია კაპანაძე, რომელიც ამჟამად „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელია.
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანათ.
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ტელევიზიიდან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს, ნაწილი კი, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორეს და სხვა სამსახურში გადაიყვანეს. 4-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ აჭარის ტელევიზიიდან უკანონო გათავისუფლება სასამართლომ დაადასტურა, მაგალითად, თეონა ბაკურიძის შემთხვევაში. ის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანად მუშაობდა და ხელისუფლების კრიტიკის გამო სამსახურიდან გაუშვეს.
„ვისურვებდი, მქონდეს შანსი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვისაუბრო, რამდენად ჩაერია სახელმწიფო დამოუკიდებელი საზოგადოებრივი არხის მუშაობაში, როგორი იყო დაშინების, დევნის და პოლიტიკური ანგარიშსწორების სქემა. კიდევ ერთხელ ვისაუბრებდი, რამდენად საჭიროა ქართული დემოკრატიისთვის ადამიანების საჭიროებებსა და უფლებებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორ შეიძლება შეცვალოს საზოგადოებრივი არხის მიუკერძოებლად მუშაობამ ადამიანების ბედი ჩვენს ქვეყანაში.
დღეს ჩვენ – მედიას და სამოქალაქო სექტორს „რუსული კანონის“ საცეცებით გვიპირებს ხელისუფლება მოხრჩობას, მე ეს საფრთხე 2019 წლის აპრილიდან ყველაზე ნათლად ვიგრძენი იმპიჩმენტის უკანონობით, ბინძური სპექტაკლით და სპეკულაციებით, რომელზედაც სიტყვის თავისუფლებას ცხადია არ გავყიდი არასდროს. იმპიჩმენტის დღეს ყველაზე მასშტაბურმა რუსულმა გაერთიანებამ „უკვდავმა პოლკმა“ დაწერა, რომ ჩემი გათავისუფლებით მათ გაიმარჯვეს.
არავინაა დამარცხებული მანამ, სანამ არ ჩათვლის საკუთარ თავს დამარცხებულად – როგორ უნდა გაემარჯვა რუსულ ძალებს, როცა ეს ჯგუფური პოლიტიკური ძალმომრეობა არ ჩამითვლია ჩემი, როგორც ინდივიდის დამარცხებად? უფლებადამცველი ვარ და ახლაც ვაგრძელებ ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
ეს სარჩელიც კი თავად დავწერე ოპერაციებიდან ოპერაციამდე რეაბილიტაციისას, ამ ომში ვკარგავდი სმენასაც, მაგრამ უკვე ორი ოპერაციის და ნიუ იორკის საუკეთესო ექიმების წყალობით, ჩემი ჯანმრთელობა ყოველდღე უმჯობესდება. შემდეგ კვირაში ველოდები ჩემს საჭიროებებზე მორგებულ ყურსასმენებს, რომელიც APPLE-მა სულ ახლახან გამოუშვა და ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი პირველი მიგნებაა სმენადაქვეითებულებისთვის.
რამდენიმე თვეში ევროპული სასამართლოც იტყვის აჭარაში მომხდარი უკანონობის და მავნე შედეგების შესახებ. ამიტომ გვჭირდება დემოკრატია – დემოკრატიის პირობებში ხელისუფლება ვერასდროს დაჩაგრავს ინდივიდს.
ჩვენ არ უნდა გავხდეთ ჩამორჩენილი რუსეთის სამფლობელო და უკანა ეზო, ჩვენ ახლა გვაქვს ყველაზე დიდი შანსი, ევროპული ტიპის დემოკრატია დავამკვიდროთ, გვაქვს შანსი, ამერიკის პარტნიორად დარჩენით უკეთესი სამედიცინო ტექნიკა, ჯანდაცვის სისტემა, სამართლიანი გარემო და ეკონომიკური მხარდაჭერა მივიღოთ.
არჩევანი არის ძალიან მარტივი. ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მჯერა, რომ პროგრესი გარდაუვალია. მე თუ რამე მასწავლა ამ პროცესმა, ისაა, თუ როგორ უნდა აშენდეს ადამიანების გულშემატკივარი, თავისუფალი და კრიტიკული, ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში. ეს დღე აუცილებლად დადგება. ვაგრძელებ მედიის უფლებების დაცვას,“ – უთხრა ნათია კაპანაძემ „ბათუმელებს“.
___
ამ თემაზე: