ვისაც იარაღი შენახვის უფლებით აქვს, მას ტირში და სასროლეთშიც გადაიტანს – ახალი წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ პირებს, ვისაც შენახვის უფლებით აქვთ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, დროებითი მოწმობის საფუძველზე, იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის უფლება მიენიჭათ.

„დაინტერესებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეძლებენ დროებითი მოწმობის მიღებას, რომლის საფუძველზეც უფლება ექნებათ, იარაღი ტირში ან სასროლეთში გადაიტანონ და შენახვის ადგილზე დააბრუნონ, არაუმეტეს კვირაში ერთხელ. ამ დრომდე, ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობდა, რაც იარაღის მესაკუთრეთა უკმაყოფილებას იწვევდა.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, იარაღის დროებითი მოწმობით შესაძლებელი იქნება შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის გადატანა, ხოლო ტირის ან სასროლეთის მფლობელის თანხმობის შემთხვევაში − გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების (ერთ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნა) გადატანა ტირში ან სასროლეთში. იარაღის გადატანისას პირმა თან უნდა იქონიოს იარაღის დროებით მოწმობა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.

  • „იარაღის დროებითი მოწმობის მისაღებად მესაკუთრემ წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს. ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური წარმოადგენს ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი.
  • მომსახურების სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში გასცემს იარაღის დროებით მოწმობას, რომელშიც მითითებულია იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების დროები.
  • ტირში ან სასროლეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ტირის ან სასროლეთის მესაკუთრე იარაღის დროებით მოწმობაში უთითებს ვიზიტის დასრულების დროს. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, არაუგვიანეს მოწმობით განსაზღვრული დროისა, იარაღი და გამოუყენებელი ვაზნები დააბრუნოს შენახვის ადგილზე.
  • დროებითი მოწმობის გარეშე იარაღის გადატანა ან გადატანის სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.“

„ამასთანავე, მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს ელექტრონული პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება და შესაძლებელი გახდება იარაღის დროებითი მოწმობის ელექტრონულად გაცემა, ასევე, იარაღის გადატანის ეფექტიანი მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ უკვე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რითაც მნიშვნელოვნად გამარტივდა ღია ტიპის ტირების, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღების პირობები და პროცედურა. მიღებული ცვლილებების თანახმად დადგინდა ნებართვის მიღების უფრო მოქნილი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პირობები და პროცედურები. ცვლილებებით გათვალისწინებულია ყველა ის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია პრევენციისა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დასანერგად.“ – აცხადებს შსს.

რუსეთი ხერსონთან დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდებს ვეღარ იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ორი ძირითადი საავტომობილო ხიდი, რომლებიც დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რუსეთის ოკუპირებულ ხერსონს უკავშირდება, სავარაუდოდ, გამოუსადეგარია და სამხედრო მარაგების გადასატანად ვეღარ გამოიყენება.

უწყების ცნობით, 10 აგვისტოს უკრაინელთა ზუსტმა დარტყმებმა შეუძლებელი გახადა მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ნოვა კახოვკის ხიდზე, დაზიანებულ ანტონოვსკის ხიდზე კი რუსეთმა მხოლოდ ზედაპირული რემონტის ჩატარება მოახერხა.

საავტომობილოების გარდა, დაზიანებულია ხერსონთან მდებარე ძირითადი სარკინიგზო ხიდიც.

„2022 წლის ივლისის შემდეგ, ამ ხიდთან რუსეთი პონტონის ბორანს იყენებს, როგორც თავის ძირითად სამხედრო გზას.

მაშინაც კი, თუ რუსეთი ამ ხიდების საფუძვლიანად შეკეთებას მოახერხებს, ისინი მაინც დაუცველი დარჩება. დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მყოფი რუსეთის რამდენიმე ათასიანი არმიის მომარაგება პონტონის ორ ბორანის იმედზეა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 13 აგვისტოს განახლებაში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება „საკის“ ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებებზე წერდა და აღნიშნავდა, ყირიმი რუსეთისთვის უსაფრთხო აღარაა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 13 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 856 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 4 115 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 978 ერთეული [+3]
  • MLRS – 261 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 233 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 193 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 779 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 187 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 036 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 91 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 736 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 798 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 295 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 858 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„არ შეიძლება ევროპა სუპერმარკეტად გადაიქცეს, სადაც მნიშვნელობა არ აქვს ვინ შევა“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს.

ამავე თემაზე:

ატომური სადგური, ძველი იარაღი და „გენერალი“ ზამთარი – კიდევ რა ბერკეტი დარჩა რუსეთს

ატომური სადგური, ძველი იარაღი და „გენერალი“ ზამთარი – კიდევ რა ბერკეტი დარჩა რუსეთს

„რუსები უკვე ემზადებიან ომის მესამე ეტაპისთვის, რომელიც იქნება მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცვა და პოლიტიკური ვაჭრობა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

რა ხდებოდა კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე და რას უნდა ველოდოთ უახლეს მომავალში? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვახტანგ, სხვადასხვა ვერსიით, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზე მომხდარი აფეთქებისას რუსეთს გაუნადგურეს მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 14 სამხედრო თვითმფრინავი. 9 აგვისტოს მოვლენები რომ შეაფასოთ, რა მოხდა საკის ბაზაზე და რატომ ვერ იმუშავა რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა?

ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები და რამდენიმე ვერსიაა, თუ რით შეიძლება განადგურებულიყო ეს საწყობი, საავიაციო ბაზა. ერთი ვერსიით, ეს იყო უკრაინელების მიერ მოდერნიზებული Hrim-2-ის ხმელეთის რაკეტა, ისკანდერის ტიპის. მას შეეძლო ამ მანძილს მისწვდომოდა. ისმის კითხვა – უკრაინელებს ჯერ არ ჰქონდათ დასრულებული მოდერნიზაცია [რაკეტის], რამდენად განახორციელეს ეს ამ რაკეტით?

მე არ ვიცი ახალმა რაკეტამ გამოცდის გარეშე როგორ მიაღწია ასეთ სიზუსტეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვთ უკრაინელებს წინ გადადგმული. თუკი ეს ის რაკეტაა, რომელიც მათ მიერაა შემუშავებული.

მეორე მოსაზრებაა, რომ ეს იყო ხომალდსაწინააღმდეგო, ჰარპუნის ან ნეპტუნის ტიპის რაკეტები, რომლებსაც აქვთ მიწვდომის მანძილი და შეეძლოთ მისწვდომოდნენ ამ ბაზას.

მესამე ვერსიაა სპეცდანიშნულების რაზმის მიერ განხორციელებული სპეციალური ოპერაცია, რომელთა დივერსიის შედეგად აფეთქდა აღნიშნული საწყობი.

საბოლოო  ვერსიას ვერ ვიტყვით, სანამ არ იქნება უფრო კონკრეტული პასუხები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავე დღეს აფეთქებები მოხდა რუსეთის კიდევ ერთ ბაზაზე, რომელიც განახორციელეს სპეცდანიშნულების დანაყოფებმა ნაღმმტყორცნების საშუალებით.

რუსებს ურჩევნიათ უფრო სასირცხვილო მიზეზები მოიგონონ – ვთქვათ მთვრალმა ჯარისკაცმა სიგარეტი მოწია აკრძალულ ადგილას ან შიდა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა აფეთქება, ვიდრე აღიარონ, რომ უკრაინელებმა შეძლეს ასეთი მტკივნეული დარტყმის მიყენება რუსეთისთვის. ფაქტია, რომ ეს უკრაინელებმა განახორციელეს.

ვიდეოზე რაც ვნახე, არ ჩანდა რაკეტის მოხვედრის მომენტი. პირდაპირ ჩანდა, რომ მოხდა დეტონაცია. მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ ეს იყო სპეციალური ოპერაცია. ჩემის აზრით, სანამ დამატებითი მონაცემები არ მაქვს, ეს იყო დივერსია, რამაც გამოიწვია დიდი აფეთქება.

რით განახორციელეს ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის ფაქტი, რაც უკრაინელებმა აჩვენეს რუსეთს – მათ შეუძლიათ მისწვდნენ ოპერატიულ დონეზე და ისინი არ აპირებენ ყირიმის უბრძოლველად დავიწყებას.

აი, ეს გამოჩნდა. ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი რუსებისთვის. თან მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ მიუღიათ უკრაინელებს ჰაიმარსის ის რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრზე მიფრინავს.

როცა ამ რაკეტებს მიიღებენ და აშშ-ში პოლიტიკურ დონეზე ამაზე თითქოს უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, მერე მართლა გაუჭირდებათ რუსებს. ნამდვილად გაურთულდებათ ცხოვრება.

საშუალებაა არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ამ ამბის სამხედრო-პოლიტიკური ეფექტი.

  • Hrim 2-ზე რომ გვითხრათ ცოტა ვრცლად, რა ტიპის შეიარაღებაა ეს და როგორ გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუ მასზე მუშაობა უკვე დასრულებულია?

ეს არის ისკანდერის ტიპის უკრაინული რაკეტა. უკრაინელები მუშაობდნენ, რომ 250 კმ მიღწევადობამდე გაეზარდათ მისი შესაძლებლობები.

თუ ეს გააკეთეს, არ ვიცი რა რაოდენობით აქვთ, არის თუ არა გამოყენებული, მაგრამ თუკი გააკეთეს ფაქტია, რომ მნიშვნელოვან წილად გაიუმჯობესებენ საპასუხო დარტყმების სიღრმეს. ისკანდერების გამოშვებული რაკეტის საპასუხო დარტყმა შეუძლია განახორციელოს ამ რაკეტამ. მე არ ვიცი მათი ოდენობა, ეს იყო ერთეული რაკეტა, თუ კიდევ რაღაც მარაგი აქვთ, რომელიც მართლა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დამატება ჰაიმარსის რაკეტებზე, რომელსაც ელოდებიან უკრაინელები.

ეს მართლა მძლავრი პასუხი იქნება რუსეთის საცეცხლე დარტყმებზე.

  • მართალია, რუსეთის თავდაცვა ვერ ადანაშაულებს მომხდარში უკრაინას და აცხადებს, რომ აეროდრომზე საბრძოლო მასალები აფეთქდა, თუმცა ალბათ იმოქმედებს. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება ამ აფეთქებისთვის უკრაინის დასჯა მოინდომოს?

ფაქტობრივად ეს უკვე განახორციელა რუსეთმა. მეორე დღეს იყო ძალიან მძლავრი სარაკეტო დარტყმები ნიკოლაევისა და დნიპროს მიმართულებაზე. თუ არ ვცდები 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინელების მხრიდან. ეს საცეცხლე დარტყმა რუსეთის მხრიდან, სწორედ ბოღმის მაჩვენებელი იყო. გამწარებული ადამიანის ქმედებას ჰგავდა.

როგორც წესი, ყველა უკრაინულ წარმატებას მოჰყვება ხოლმე სადამსჯელო მოქმედება. ეს სადამსჯელო მოქმედება მიმართულია მშვიდობიან მოსახლეობაზე და მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე. ეს არის ის, რაც შეუძლიათ დღეს განახორციელონ რუსებმა.

  • პოლიტიკოსების შეფასებით, „აფეთქება ყირიმში მოხდა, მაგრამ ექო მკაფიოდ გაიგეს მოსკოვში“. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებენ ვითარების სწორად შეფასებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში?

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არა მგონია ვითარება სწორად შეაფასონ. მათ, უბრალოდ, აღარ აქვთ რესურსი დასკვნები გამოიტანონ, რომ შეცვალონ რაღაცა მნიშვნელოვანი თავიანთ ქმედებებში. ახლა ემზადებიან ომის მესამე ეტაპისთვის და ინერციით ახორციელებენ შეტევებს აღმოსავლეთ უკრაინის, დონბასის მიმართულებაზე. ფაქტია, ცდილობენ მეორე ეტაპი რაღაცნაირად დაამთავრონ გარკვეული პოზიტივით. სათქმელი რომ ჰქონდეთ – ფეხი დავდგით დონეცკის საზღვარზე, რაც ამოცანად დაუსახა პუტინმა. მაგრამ აქაც კი ძალიან უჭირთ.

რუსები აკონტროლებენ დონეცკის რაიონის მხოლოდ 50%-ს. დონეცკის სრულად გასაკონტროლებლად, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, მაგრამ სიმბოლურად საზღვარზე რომ გავიდნენ, ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გააჩნია რუსეთს.

გავიმეორებ, აშკარად ეტყობა, რომ რუსები უკვე ემზადებიან მესამე ეტაპისთვის, რომელიც იქნება მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცვა და პოლიტიკური ვაჭრობა.

რუსეთი ცდილობს მესამე ეტაპი გაიჭიმოს ზამთრამდე, ყინვების დადგომამდე, როდესაც ე.წ. გენერალი ზამთარი მოვა და დაეხმარება რუსებს. ეს გამოიხატება იმაში, რომ, პირველ რიგში, მოსახლეობა იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ენერგომატარებლების ბლოკადის გამო.

ევროპის ბევრ ქვეყანაში იქნება მძიმე მდგომარეობა, რაც მისცემს რუსებს საშუალებას, რომ მეტი მოთხოვნა დააყენონ და აიძულონ ევროპული ქვეყნები უკრაინა გარკვეულ შეთანხმებებზე წამოვიდეს.

ასევე, შეტევაში მყოფი დანაყოფებისთვის უფრო მძიმეა ზამთარში შეტევის განხორციელება, ვიდრე თავდაცვაში მყოფი დანაყოფებისთვის.

ჩემის აზრით, ახლა რუსეთი მთელი ძალით შეეცდება დაიცვას ოკუპირებული ტერიტორიები და მოემზადოს, თუკი მას რესურსი აქვს, თავისი ამოცანის გაგრძელებისთვის. თუკი შეძლებს ამ რესურსის მოძიებას, უკრაინის მიმართულებით გააგრძელებს თავის ექსპანსიას, თუ არადა საბოლოოდ დააფიქსირებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.

მოსახლეობა იღლება. იღლება აი, ამ გაჭირვებით,  ამ არაკომფორტულობით, რომელსაც უქმნის რუსეთი თავისი გაზის და ენერგომატარებლების შეზღუდვით. უკვე დაიწყეს ამაზე ლაპარაკი ევროპაში. მე არ მგონია ევროპის გაყოფა შეძლოს რუსეთმა ამ გზით, მაგრამ ის, რომ ევროპის გარკვეული ქვეყნები შეეცდებიან უკრაინა დაიყოლიონ რუსეთთან რაღაც მოლაპარაკებებზე, ეს ფაქტია.

არ დაგავიწყდეთ, რომ სექტემბერში იგეგმება რეფერენდუმები ამ ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით.

რეფერენდუმის სრულიად ახალი ფორმა მოიგონეს, პირდაპირ სახლებში შეუძლიათ ჩაატარონ და ამის შემმოწმებელი არავინ არ იქნება.

წარმოიდგინეთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კოლაბორაციული მთავრობის პირობებში როგორ ჩატარდება რეფერენდუმი. იქ ჩაყრიან იმ ხმებს და იმ რაოდენობით, რაც მათ სჭირდებათ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რამდენი უკრაინელი დარჩა იმ ტერიტორიაზე ეგ ცალკე თემაა, რამდენი ათასი გაიყვანეს რუსეთში და რამდენი ათასი უკრაინის სხვა ქალაქებში გადავიდა. ეს იქნება ადგილობრივი უკრაინული მოსახლეობა.

ის ვინც დარჩა, არის ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა, მათზე ზემოქმედება არ გაუჭირდება რუსეთს თავისი კადიროველებითა და პოლიციით.

პოლიტიკურად რუსეთი შეძლებს, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს თავის ტერიტორიებად. მერე, როცა ზამთარი დადგება, შეეცდება ვაჭრობა დაიწყოს ევროპასთან და შესაბამისად უკრაინასთან.

  • ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის – მძიმე ბრძოლები გადაინაცვლებს სამხრეთ აღმოსავლეთით, ზაპოროჟიედან ხერსონამდე, მდინარე დნეპრის გასწვრივ, 350 კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტზე. ეს რას ნიშნავს უკრაინისთვის? – წინა თვეებში სპეციალისტები ვარაუდობდით, რომ აგვისტო იქნებოდა გარდამტეხი და მძიმე თვე ამ ომში.

არაფერი შეცვლილა. ომის მესამე ფაზაში მთავარი დაპირისპირების რაიონი და ოპერაციის თეატრი ნამდვილად იქნება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ზაპოროჟიე ხერსონის მიმართულება.

ეს მიმართულება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის. არ გამიკვირდება თუკი უკრაინელები განახორციელებენ ფართომასშტაბიან კონტრდარტყმებს სამხრეთ მიმართულებაზე. ასევე რუსები შეეცდებიან შეინარჩუნონ აღნიშნული ტერიტორია და მოამზადონ პლაცდარმი იმისათვის, რომ თუკი შეძლებენ შესაბამისი ძალების მობილიზებას ნიკოლაევი-ოდესაზე გადასვლით დნესტრისპირეთს შეუერთდნენ. ეს მათთვის იქნება მთავარი ამოცანა მეოთხე ეტაპზე. მაგრამ მესამე ეტაპზე მაინც მგონია, რომ უპირველესად შეეცდებიან თავიანთი ტერიტორიის შენარჩუნებას.

რაც შეეხება აგვისტოს. დიახ,  აგვისტო მეც ვახსენე, ექსპერტებიც ახსენებენ, აგვისტოს ბოლოსთვის უნდა გამოჩნდეს ნიშნები გარკვეული გარდატეხის ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, მაგრამ ეს არ იქნება სრული ცვლილება და მთლიანი ომის სურათის შეცვლა. აქ მხოლოდ გამოჩნდება ნიშნები.

ომის სურათში ცვლილებებს უფრო უნდა ველოდოთ ზამთარში. წლის ბოლომდე გამოჩნდება რა ფორმას მიიღებს ეს დაპირისპირება მომავალში.

აგვისტოში არაფერი არ დამთავრდება. აგვისტოში მხოლოდ ნიშნები შეიძლება გამოჩნდეს ცვლილებების და გარდატეხის.

  • უკრაინის დაზვერვა ამბობს, რომ რუსებმა ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. სპეციალისტების შეფასებით თუკი სადგურიდან გაჟონვა მოხდება, ეს გამანადგურებელი იქნება არამარტო უკრაინისთვის. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ შანტაჟის ენაა რუსეთის მხრიდან თუ უკიდურეს სიტუაციაში ის გამოიყენებს ამ ატომურ სადგურს, როგორც იარაღს?

ეს არის შანტაჟის საშუალება. როცა ვთქვი, რომ რუსეთი პოლიტიკურ ვაჭრობას დაიწყებს, ეს იქნება ამ ვაჭრობის ერთ-ერთი ფორმა. თუმცა პუტინის თავში რა ბნელი აზრები ტრიალებს, ძნელია ამის თქმა. არც გამოირიცხება, რომ იქ მართლა მოაწყოს რაღაც კატასტროფა.

მთელ რეგიონს შეეხება ეს, არამარტო უკრაინას. როგორც ფიზიკოსები ამბობენ, ჩერნობილი მოგონება იქნება. ატომურ სადგურს აქვს თავისი უნიკალური აუცილებლობა, ის მუდამ უნდა მუშაობდეს და რეჟიმი არ უნდა იცვლებოდეს. ძნელი წარმოსადგენია ამ რეჟიმის შენარჩუნება, როდესაც ოკუპირებულია ეს რაიონი.

გამწარებული რუსები რას მოიმოქმედებენ არავინ არ იცის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კატასტროფა უფრო მეტად შეეხება ოკუპირებულ რაიონებს, რომელიც რუსებს აქვთ დაკავებული თავის ყირიმიანად.

თუ გავრცელდა რადიაცია, არც ყირიმი დარჩება რადიაციის არეალს მიღმა, არც ტაგანროგი და არც როსტოვის მიმართულება. ეს მხოლოდ უკრაინისთვის არ იქნება პრობლემა, ეს იქნება მთელი შავი ზღვისპირეთისთვის. რუსეთისთვისაც მათ შორის.

ის ბუნკერში დამალული კაცი რას გადაწყვეტს, რას გააკეთებს, ამაზე ძნელია პროგნოზის გაკეთება.

რაც შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რუსეთი ატომურ სადგურს იყენებს სავაჭროდ, როგორც პოლიტიკურ იარაღს.

  • მოახლოვდა ის დრო, როცა ლენდლიზი სრულად ამოქმედდება.  ეს რას შეცვლის და რამდენად სწრაფად უკრაინის სასარგებლოდ?

ყოველდღიურად მოდის მონაცემები, რომ მაგალითად, დამატებით კიდევ ექვსი გეპარდი გადასცეს გერმანელებმა. 12 გეპარდი ჰყავთ უკვე უკრაინელებს. ასევე 100 ჰაუბიცას აძლევენ. პოლონელები 100 ერთეულ კრაბს აძლევენ, თვითმავალ ჰაუბიცას, რომელიც ფაქტობრივად ბრიტანული კოშკურისა და ქვემეხისგან შედგება და პლატფორმა აქვს სამხრეთ კორეული.

ასევე შემჩნეულია კოლონა, რომელსაც გადაჰქონდა ჰაიმარსის პაკეტები.

არ დაგვავიწყდეს, რომ „რამშტაინი 4-ზე“ რა გადაწყვეტილება მიიღეს ეს არ უთქვამთ. არ არის გახმაურებული, რას და როგორ მიაწვდიან. ეს არ გახმაურება ნიშნავს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან აღჭურვილობაზეა საუბარი. ასევე ამერიკელებმა განაცხადეს, რომ დავეხმარებით იმდენს, რამდენის დასჭირდება უკრაინას. ასე რომ ეს დახმარება უკრაინას ნამდვილად ექნება.

აი, რუსეთს ნამდვილად უჭირს უკვე თანამედროვე შეიარაღებაში.

ირანს, რომ თანამგზავრს სთხოვ და ჰაერში გაუშვებ დაზვერვისთვის, ან/და უპილოტოებს ირანს სთხოვ ე.ი. ძალიან კარგად აღარ გაქვს საქმე ტექნოლოგიურად ირანზე როცა ხარ დამოკიდებული.

  • ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსეთის არმია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის ბრძოლების შემდეგ დაუძლურებულია, რის გამოც რუსები ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას ვერ ახერხებენ. ფრონტის წინა ხაზზე კი დაქირავებულ მებრძოლებს უშვებენ. გადაჭარბებულია შეფასება, რომ „რუსეთის არმია დაუძლურებულია“?

წინა ინტერვიუშიც გავუსვი ხაზი, რომ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსებმა ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი წინსვლა დონბასის მიმართულებაზე. შეფერხდნენ სევერსკი-სოლედარი-ბახმუტის ზღუდეზე. ეს ზღუდე არ არის მთავარი ზღუდე დონბასი-დონეცკის დაცვის. მთავარი დაცვის ბარიერია კრამატორსკი-სლავიანსკი. იქამდეც კი ვერ მივიდნენ, ჯერჯერობით, რუსები. ერთი თვეა ტკეპნიან ადგილს, გამუდმებით აწარმოებენ ცეცხლს. ლოკალურ შეტევებს, მაგრამ წინ ვერ მიდიან. ახლა გამოჩნდა მონაცემები, თითქოს სოლედარის სამხრეთ გარეუბანში შეაღწიეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს. მათ კიდევ ბევრი საბრძოლო ექნებათ.

სოლედარი არის ქალაქი, რომლის ჩრდილოეთ რაიონში არის მარილის მაღაროები. შესაბამისად, მთელი მიწისქვეშა ლაბირინთია სამას მეტრ სიღრმეზე. ადრე იქ ტურისტებიც კი დაჰყავდათ. მიწისქვეშა კომუნიკაცია მარიუპოლზე არანაკლებია.

ასე რომ, საკმაოდ დიდი ბრძოლები მოუწევთ რუსებს.

რომც მოიკრიბონ მთელი ძალები, აიღონ კრამატორსკი, სლავიანსკი და გავიდნენ დონეცკის საზღვარზე, ეს უკრაინელებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც სამხრეთი მიმართულება.

დონბასი არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია უკრაინისთვის სამხრეთი. აზოვის ზღვაზე გასასვლელად მათ აუცილებლად სჭირდებათ ხერსონის აღება, მარიუპოლი-მელიტოპოლის რაიონში გასვლა და იქიდან აზოვის ზღვაზე. მათ საშუალება ექნებათ, რომ ყირიმს მისწვდნენ სამი მხრიდან და ამავე დროს გაწყვიტონ ის სახმელეთო დერეფანი, რომელიც რუსებმა შექმნეს ყირიმი რუსეთის შემაერთებელი დერეფანი, რომელიც ზაპოროჟიეში გადის.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიამ 43 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. რამდენად დიდი დანაკარგია ეს ომში თავდამსხმელი ქვეყნისთვის?

ეს ძალიან დიდი დანაკარგია რუსეთისთვის. ეს არის 25-30 %-იანი დანაკარგი იმ ძალების, რომელსაც რუსებმა თავი მოუყარეს უკრაინაში. ეს შემტევი მხარისთვის არის შეტევის შეჩერების მომენტი.

ოპერატიულ გათვლებში იანგარიშება, რომ როდესაც შემტევი მხარე კარგავს 30%-ს თავისი შესაძლებლობების, ის წყვეტს შეტევას. თავდაცვაში მყოფი მხარისთვის ეს მონაცემი 50%-ია. სულ მომყავს მაგალითად – ავღანეთში 9 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა დაკარგა 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ახლა კი ვსაუბრობთ რამდენიმე თვეზე. ეს ძალიან დიდი დანაკარგია რუსებისთვის.

მათ უჭირთ ცოცხალი ძალა. ამიტომაც აგროვებენ მოხალისეებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბელარუსში 13 ათასი მოხალისე შეაგროვეს, ასევე საუბარია ჩრდილოეთ კორეელებთან მოლაპარაკებაზე. გაჟღერდა ისიც, რომ არარუს მოსახლეობას, ვინც მიიღებს ომში მონაწილეობას და მოაწერს ხელს კონტრაქტს, სამი თვის საომარი მოქმედებების შემდეგ მისცემენ რუსეთის მოქალაქეობას.

მაგრამ მოხალისეებისგან შემდგარი დანაყოფები ნამდვილად ვერ შეედრება იმ დანაყოფებს, რომლებიც იყვნენ ომის დასაწყისში. შესაბამისად, ეს არის საზარბაზნე ხორცი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ეს კვალიფიკაციას ვერ გაზრდის. რაოდენობა ისევ შეიძლება შეავსონ, მაგრამ კვალიფიკაციას ვერ გაზრდიან.

რუსები ვერ ახერხებენ იმ აღჭურვილობის ანაზღაურებას, რომელიც დაკარგეს. მათ გააჩნიათ ძველი, საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა, რომელსაც უკვე იყენებენ. თანამედროვე, ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი მასალები მათ ფაქტობრივად ეწურებათ.

  • დასავლეთში ექსპერტებმა მიახლოებით გამოთვალეს, რომ რუსეთს აქვს შეიარაღების უზარმაზარი რესურსი, თუ არ ჩავთვლით მაღალი სიზუსტის რაკეტებსა და არტილერიას. რუსული იარაღი „არაეფექტიანი“ და „მოძველებულია“ – ეს არის ამონარიდი უკრაინის თავდაცვის ანგარიშიდან. თქვენ ომის დასაწყისში თქვით, რომ რუსეთს შეაჩერებს მხოლოდ დამწვარი ტანკები. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლა, რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი?

არ შემიცვლია აზრი – ეს არის დანაკარგების კომპლექსი საბრძოლო ველზე და სანქციები, რომელიც უშუალოდ რუსეთის მიმართ გატარდა მსოფლიოში. დანაკარგები მას აუცილებლად სჭირდება, რომ შეჩერდეს. ეს უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი. ამის ნიშნები არის. დრო მუშაობს უკრაინაზე. უკრაინა იღებს თანამედროვე იარაღს. რუსეთი თანამედროვე იარაღს ვერ იღებს. იყენებს იმ აურაცხელ მარაგებს, რომელიც მათ გააჩნიათ, მაგრამ ეს მარაგები არის ძველი. კი, შეიძლება მოსახლეობას ესროლო, დააზიანო, ქალაქები გაანადგურო, მიწასთან გაასწორო დასახლებული პუნქტები, მაგრამ არაეფექტიანია სამხედრო თვალსაზრისით.

ხარისხში აგებს რუსეთი უკრაინასთან. თუკი უკრაინა რაოდენობრივ-ხარისხობრივად გაუსწორდება რუსეთს, თუ ვერ აჯობებს, გაუტოლდება მაინც, ეს ნამდვილად იქნება გარდატეხა ამ ომში.

დენის დიკი, უკრაინის ცოცხალი გმირი – „ჩვენ რომ გავქცეულიყავით, აქ ბუჩა დატრიალდებოდა“

სუმის ოლქის ქალაქ ოხტირკას ერთ თვეზე მეტხანს იცავდნენ უკრაინელი ჯარისკაცები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურს, პოლკოვნიკ დენის დიკის, ამ ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

დენის დიკის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა „Armyinform” წერს.

როგორც ის იხსენებს, 24 თებერვალს დილის 4 საათზე დაურეკა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რაიონული განყოფილების უფროსმა და აცნობა, რომ რუსებმა საზღვრის დაბომბვა დაიწყეს. დენის დიკიმ მორიგე ქვედანაყოფის შეკრების ბრძანება გასცა, განგაში ჩაირთო და დილის 5 საათზე მთელი პოლკი ადგილზე იყო. ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა ქალაქის, ქვეყნის დასაცავად.

იყვნენ რეზერვისტები და უბრალოდ გულისხმიერი ადამიანები. ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით მესაზღვრეებმა უკვე იცოდნენ მტრის რამდენი ტანკისგან შემდგარი კოლონა მიემართებოდა ქალაქისკენ. ხუთი საათის შემდეგ ოკუპანტები უკვე ქალაქში იყვნენ.

დენის დიკი

„გვესმოდა, რომ მტრის მძიმე ტექნიკასთან ბრძოლა გაგვიჭირდებოდა, რადგან ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ცოტა გვქონდა. დილის 8-9 საათზე ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები გამოგვიგზავნეს.

ქალაქის ირგვლივ დაცვა გავამაგრეთ. ჩავუსაფრდით მტრის კოლონის მოძრაობას. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები შენობების სახურავებზე დავაყენეთ. რა თქმა უნდა, გაქცევას არ ვაპირებდით, მთავარსარდლისაგან ბრძანება მივიღე, რომ ქალაქის დაცვაზე ამეღო პასუხისმგებლობა. ჩვენ რომ გავქცეულიყავით, აქ ბუჩა და ტროსტიანე დატრიალდებოდა“ – იხსენებს დენისი.

ხარკოვსა და სუმში თავდაცვის დანაყოფი მთელი თვის განმავლობაში იცავდა ოხტირკას და მოწინააღმდეგეს ქალაქში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. ძირითადი შემადგენლობა ქალაქის სტრატეგიულ ადგილებს იცავდა. აღმართეს ბარიკადები, გააკეთეს ყველაფერი, რაც მოასწრეს, მაგრამ მტერი შეჭრისთანავე ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ.

როცა რუსებმა ქალაქის შუაგულამდე შეაღწიეს დენისმა მეგობრები, სამოქალაქო პირები შეკრიბა და სთხოვა მათ სამხედრო ნაწილისთვის ედარაჯათ და პოლკის „ყურებად“ და „თვალებად“ ქცეულიყვნენ.

ამ დროს უკრაინული სამხედრო დანაყოფების სიახლოვეს სამოქალაქო მანქანებით გადაადგილდებოდნენ მზვერავები რუსული ფორმებით. მერე რაშისტების კოლონას უკრაინელმა სამხედროებმა სახურავიდან გაუხსნეს ცეცხლი, ამოუყირავეს საბრძოლო მასალებით სავსე სატვირთო მანქანა და დაუზიანეს ტანკები. ეს იყო პირველი ბრძოლა ქალაქისთვის.

„ტყვია-წამლიან მანქანას დავარტყით და ავაფეთქეთ. შემდეგ „ტაიფუნებს“ და სხვა ტიპის საბრძოლო მანქანებს დავარტყით. რუსი ჯარისკაცების ნაწილი ტყვედ ავიყვანეთ, ნაწილს ვუთვალთვალებდით.

რუსებმა სამწუხაროდ ჩვენი ერთ-ერთი ჯარისკაცი შეიპყრეს ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფიდან. შემდეგ ჩვენ მისი სხეული ვიპოვეთ…

ჩვენებმა ორი კვირის განმავლობაში ტყეებში 15 რუსი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ.

ოკუპანტების მიერ დაბომბილი ოხტირკა

ასე წარიმართა პირველი ბრძოლა. მათ აიღეს ჩვენი შტაბ-ბინა, სადაც უამრავი საიდუმლო დოკუმენტი იყო. ჩემი ბიოგრაფია, მონაცემები სუმის რეგიონის ქვედანაყოფების ყველა მეთაურის შესახებ, მარშრუტების ვარიანტები, რითაც გადაადგილება შეეძლოთ და ბევრი ახალი იარაღი.

ჩვენს მიერ მოპოვებული ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა ხოლოდნოიარსკის ბრიგადას გადაეცა. ასე დაიწყო ჩვენთვის ომი“, – იხსენებს დენის ძიკი.

მეორე დღეს პოლკი გადაიარაღდა, ერთდროულად რამდენიმე სამხედრო დავალებას ასრულებდნენ, ჯარისკაცები ნაღმავდნენ და აფეთქებდნენ ხიდებს მტრის გზაზე.

რუსებმა შემოსვლა კირიკოვკას მხრიდან სცადეს, სადაც მათ უკვე ხოლოდნოიარსკის ბრიგადის ჯარისკაცები დახვდნენ. იყო სასტიკი სატანკო ბრძოლა, რომელიც ნახევარი დღე გაგრძელდა. განადგურდა უამრავი რუსული ტექნიკა და პერსონალი. უკრაინელთა დანაკარგები კი უმნიშვნელო იყო.

დენისი მწუხარებით იხსენებს ბრძოლის მესამე დღეს:

„ბრძოლის მესამე დღე ყველაზე საშინელი იყო ჩვენი ქვედანაყოფის ისტორიაში. პირველ საათზე ჩვენს დანაყოფს ორი ბომბი და ერთი რაკეტა ესროლეს. ბომბი პირდაპირ ყაზარმას დაეცა, სადაც იარაღს ვინახავდით და თან სადილობდნენ ჯარისკაცები. ბევრი ადამიანი დავკარგეთ. ბიჭებისგან არავინ გაქცეულა, დაიწყეს დაჭრილების გამოყვანა და სამედიცინო ცენტრში გადაყვანა. რაკეტა პირდაპირ სამედიცინო ცენტრს ესროლეს. იყვნენ დაღუპულები და დაჭრილებიც. იმ დღეს დაიღუპა 54 ადამიანი, ჩვენი ქვედანაყოფიდან 30, ამ დროისთვის დაკარგულად კიდევ 15 ადამიანი ითვლება.

5 დღის შემდეგ რაშისტულმა ავიაციამ ოხტირკაზე აქტიური საჰაერო თავდასხმა დაიწყო. ჯერ თბოელექტროსადგური და ნავთობის საცავი ააფეთქეს, გაანადგურეს სადგური, მერია და ცენტრალური უნივერმაღი.

ოკუპანტების თავდასხმა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ ოხტირკაზე

საზენიტო თავდაცვის საშუალებები არ გვქონდა მაგრამ მალევე მოგვაწოდეს სტინგერები. სწრაფად ვასწავლიდით ხალხს მათ გამოყენებას“, – იხსენებს დენისი.

საკუთარ თავზე მოკრძალებით საუბრობს:

„თავი გმირად არ მიმაჩნია, რადგან მეთაურისთვის გმირი მისი ხალხია. ნამდვილი გმირები ისინი არიან. მამაცი პოლკი. როცა ბრძოლები დაიწყო, არც შიში ჰქონდა ვინმეს, არც პანიკა იგრძნობოდა. შევკრიბე ქვედანაყოფების მეთაურები, გავამხნევე ჯარისკაცები და ავუხსენი ყველას, რომ ჩვენი მიწიდან არსად წავიდოდით.

პირველი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი გამარტივდა, ცოტა სხვაგვარად დავიწყე ყველაფრის აღქმა, შიში საერთოდ გამიქრა, ჩვენ უკან არ დაგვიხევია, არ გავქცეულვართ, ფიცი არ გავტეხეთ და ავიტანეთ ყველაფერი. დავიცავით ქალაქი“.

დენის დიკის სწორედ ამ ნიშნით გადასცა უკრაინის პრეზიდენტმა გმირის „ოქროს ვარსკვლავი“ – განსაკუთრებული გამბედაობის, გმირობის და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის.


წყარო: Armyinform

ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალები

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია. სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.

ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.

სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის – „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე“ წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ  ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით.

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანება – რა შენიშვნები მისცეს ბათუმის მერიას

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტების განხილვა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა და ბათუმის მერიას შენიშვნები გადაუგზავნა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ბინებით უზრუნველყოფა სწორედ ამ გეგმის განხორციელებაზეა დამოკიდებული.

სააგენტოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი იყო „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება.

სააგენტომ, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

ბათუმის მერიას სააგენტოდან შენიშვნებთან ერთად მიწერეს, რომ „განახლებული სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენის შემდგომ სააგენტო უზრუნველყოფს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.“

მოკლედ იმ შენიშვნების შესახებ, რაც სააგენტომ ბათუმის მერიას გადაუგზავნა:
  • „სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილ უნდა იქნას ზოგადი ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ზემოქმედების
    ხასიათისა და ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის მახასიათებლების შესახებ, მათ შორის: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხები (გაფრქვევის წყაროები და მავნე ნივთიერებები); ნიადაგზე ზემოქმედების საკითხები; უნდა იყოს იდენტიფიცირებული ხმაურის გავრცელების წყაროები, ასევე ზემოქმედების დონე (მაღალი, საშუალო, დაბალი);
  • საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები მოცემულია ზოგადად. როგორც ანგარიშის ავტორები უთითებენ, წარმოდგენილი ინფორმაცია არის ამონარიდები გეოლოგიური ანგარიშიდან, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან არ ახლავს. წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ანგარიში;
  • სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიულ დოკუმენტის ტექსტურ ნაწილში წარმოდგენილია ინფორმაცია საცხოვრებელი ზონა-3-ის კოეფიციენტების შესახებ,
    თუმცა ტექსტურად არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ნაკვეთების მიხედვით, ცვლილებით მოთხოვნილი კოეფიციენტების მნიშვნელობების შესახებ… საჭიროა, ტექსტურ ნაწილში მოცემული იყოს თითოეული ზონისთვის განსაზღვრული კოეფიციენტების მაჩვენებლები (კონცეფციის გრაფიკული ნაწილის შესაბამისად) და შენობების სართულიანობა;
  • სკრინინგის განცხადებაში აისახოს ინფორმაცია სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი განაშენიანების სიმაღლის ზედა ზღვარის შემზღუდავი ფაქტორის შესახებ… გეგმარებითი ერთეული მდებარეობს ბათუმის აეროდრომის რაიონში, სადაც მოქმედებს აეროდრომის უსაფრთხოების რეჟიმი. წინასწარი მონაცემებით აღნიშნული შეადგენდა 56 მ-ს ზღვის დონიდან, საბოლოოდ დადასტურებული მონაცემებით კი — 56.38 მ-ს ზღვის დონიდან; შესაბამისად, წარმოდგენილ იქნას შპს „ბათუმის აეროპორტთან“ საკითხის თაობაზე შეთანხმების წერილი.
  • წარმოდგენილ უნდა იქნას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადები და შესაბამისად, ზემოქმედების ხანგრძლივობა, ასევე საპროექტო ტერიტორიის ათვისებისა და დოკუმენტით დაგეგმილი საქმიანობების განხორციელების ეტაპები;
  • წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ;
  • ინფორმაცია საგზაო მოძრაობის სქემისა და საერთო სარგებლობის გამწვანებულ სივრცეებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია რეკრეაციული ტერიტორიების შესახებ ან/და მათი განაწილების თაობაზე ერთ სულ მოსახლეზე. ტერიტორიები, რომელთაც შემდგომ მიენიჭებათ შესაბამისი სარეკრეაციო ზონალობა, უნდა აისახოს რუკაზე, მოხდეს მათი გამიჯვნა საცხოვრებელი და სხვა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული სარეკრეაციო ტერიტორიების ფართობის შემცირება.
  • დოკუმენტში უნდა აისახოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებას და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ნარჩენების მართვის კოდექსისა და „ტექნიკური რეგლამენტის – მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წერილში მეჯინისწყალში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი მითითებულია სხვა, ხოლო სკრინინგის განცხადებაში – სხვა;
  • ამასთან, სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის მიხედვით, ინიციატორის თავდაპირველი მოსაზრებით გეგმარებითი ერთეული და გეგმარებითი ტერიტორია შედგებოდა მხოლოდ  ერთი მიწის ნაკვეთისგან; საბოლოოდ დაზუსტებულ გეგმარებით ერთეულში კი მოექცა 6 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დაზუსტებული ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა გეგმარებითი ერთეულის შემადგენელი მიწის ნაკვეთების შესახებ.“

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე უფრო ვრცლად, ნახეთ:

როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ – მშენებელს დამატებით 494 ათასი ლარი გამოუყვეს

 

მთავარი ფოტო: ფოტომონტაჟი „ნიუ სითი დეველოფმენთის“ ესკიზური წინადადებიდან / წყარო: შესყიდვების პორტალი

100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის

„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წინასაარჩევნოდ ეს დაპირება ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებ 100 ოჯახს მისცა. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ ფოთელები ისევ ქუჩაში დგანან, აქციებს მართავენ და მთავრობისგან დაპირებულ კომპენსაციებს ითხოვენ.

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი ცხოვრობს. კორპუსები ფოთის პორტში მდებარე ერთ-ერთ ტერმინალს, შპს „ტრანსფორდს“ ესაზღვრება. საცხოვრებელ სახლებსა და ტერმინალს ერთმანეთისგან ჯავახიშვილის ქუჩა ყოფს. მოსახლეობა 3 წელია ამტკიცებს, რომ „ტრანსფორდი“ სახიფათო ტვირთების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების ასრულებს და გარემოს აბინძურებს. დაბინძურებული გარემო კი, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

კომპანია მოსახლეობის მოსაზრებებს არ ეთანხმება და ბრალდებებს უარყოფს.

საპროტესტო აქცია ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 10 აგვისტოსაც გაიმართა. მოსახლეობამ გზა გადაკეტა და ტრაილერებს გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. მოქალაქეები საქართველოს მთავრობისგან დაპირებულ კომპენსაციას ითხოვენ. ფოტო: ლუბა ჩალაია

მზია გაგუა 30 წელია ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში ცხოვრობს. მისი აივნიდან ზღვა და ტერმინალი ჩანს. ფოთის პორტში, ტერმინალის ტერიტორიაზე, რომელსაც შპს „ტრანსფორდი“ ფლობს, შავი ფერის ტვირთია. „ან მანგანუმის კონცენტრატია, ან ქვანახშირი“, – ამბობს მზია. ზღვიდან მობერილ ქარს შავი ფერის მტვერი მისი აივნისკენ მოაქვს. აივნის მოაჯირი, იატაკი, ბინის ფანჯრები მტვრის სქელი ფენითაა დაფარული.

მზია მტვერს ხელით წმენდს. მისი ხელი მტვრისგან შავდება.

„ყავასაც კი ვერ დალევ აქ,“ – ამბობს ის და აივნის კარს მჭიდროდ ხურავს. არ უნდა, მტვერმა სახლში შეაღწიოს.

მზია და კიდევ 100 ოჯახი ჯავახიშვილის ქუჩიდან თვეებია აქციებს მართავენ. კეტავენ ქუჩას მათი სახლის წინ, რომელი ქუჩის მეორე მხარესაც ტერმინალია და ერთადერთ რამეს ითხოვენ – უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას.

მზია გაგუა საკუთარი ბინის აივანზე. მის უკან ფონზე ტერმინალია, სადაც ტვირთს ღია სივრცეში ამუშავებენ

ლუბა ჩალაიაც ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში ცხოვრობს. სამი წლის წინ, 2019 წელს, მან შვილი გააჩინა. სოფია დაარქვა. დაბადებიდან მეორე დღეს გოგონას ოპერაცია გაუკეთეს, რადგან ბავშვს ნაწლავზე სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩნდა. კეთილთვისებიანი. ერთი თვე იწვა სოფია რეანიმაციაში. სანამ შვილს გააჩენდა, ლუბამ ტყვიაზე ანალიზი გაიკეთა. ტყვია მის ორგანიზმში დასაშვებ ნორმაზე მაღალი იყო.

„მე არ შემიძლია დავამტკიცო, რომ ეს დაავადებები ტერმინალის გამო დაბინძურებული ჰაერითაა განპირობებული. ჩემი სახსრებით ამის გამოკვლევა წარმოუდგენელია. უბრალოდ, ეჭვი სულ მაქვს. აქ მძიმე ეკოლოგიური ფონია. დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება კი,  სხვადასხვა მძიმე დაავადებას იწვევს,“ – ამბობს ლუბა.

მისი სურვილია, ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მალე დატოვოს ჯავახიშვილის ქუჩა და ისეთ ადგილას დასახლდეს, სადაც გარემო დაბინძურებული არ იქნება.

„30 წელია აქ ვცხოვრობთ. 27 წელი ჩვენი ეზოდან პრეტენზია არავის გაუგია. 3 წლის წინ დაიწყეს ტერმინალიდან ბინძური, სახიფათო ტვირთის გადაზიდვა. მას შემდეგ აქ ცხოვრება გახდა შეუძლებელი. სამი წელია ამაზე გვიწევს ომი. ჯერჯერობით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მთავრობას. ორ კორპუსში 100 ოჯახი ცხოვრობს. ამ 100 ოჯახში 4 ონკოავადმყოფია. ხომ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რატომ ხდება ეს?“ – კითხულობს რამაზ კუბეცია, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრები.

რამაზ კუბეცია და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთა 3-წლიანი ბრძოლა

ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებლებმა ბრძოლა სამი წლის წინ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ფოთის პორტში „პეის ჯორჯიას“ შვილობილმა კომპანია „ტრანსფორდმა“, მოსახლეობის თქმით, სახიფათო ტვირთების ჩატვირთვა/გადმოტვირთვა დაიწყო. ჯავახიშვილის #30-ში მდებარე ორ კორპუსს ტერმინალისგან გზა ჰყოფს. მოქალაქეების ფანჯრები და აივნები ტერმინალის გადაჰყურებს.

„ძირითადად ფხვიერი ტვირთი შემოდის. გოგირდი და მანგანუმის კონცენტრატი იცლება. გემით შემოიტანენ ტვირთს, აქ ღია სივრცეში დაყრიან. ზოგჯერ რამდენიმე თვის შემდეგ მიაქვთ ისევ გემით სხვადასხვა ქვეყანაში.

ბოლოს იყო მანგანუმის კონცენტრატი და ქვანახშირი. ქვანახშირზე რომ გამოვიძახეთ გარემოს დაცვა, გვითხრეს ქვანახშირია და სახიფათო არ არისო. მანგანუმის კონცენტრატზე რომ გამოვიძახეთ, მაშინ რა ზომები მიიღეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი,“ – გვიყვება ლუბა ჩალაია.

ლუბა ჩალაია

ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებლები ითხოვენ თითოეულმა ოჯახმა მიიღოს 50 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაცია. ამით სახლებს შეიძენენ და ასევე იქნება „მიყენებული ჯანმრთელობის ზიანის“ კომპენსაცია.

შპს „ტრანსფორდი“ VS ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები

შპს „ტრანსფორდის“ დირექტორმა, ვასილ მაზიაშვილიმა „ბათუმელების“ მიერ დასმულ კითხვაზე ტერმინალში სახიფათო ტვირთების სავარაუდო გადატვირთვის შესახებ, კითხვითვე გვიპასუხა.

„როდესაც მოდის ბრალდება იმაზე, რომ „ტრანსფორდი“ ამუშავებს და, ზოგადად, ფოთში მუშავდება ჯანმრთელობისათვის საშიში ტვირთები, აქეთ [ვსვამთ] კონკრეტულ კითხვებს, თუ რა ტვირთზე აქვთ აქცენტი და რა ტვირთს თვლიან, რომ არის ჯანმრთელობისთვის საშიში?

ჩვენ ვადასტურებთ, რომ არც ერთი ტვირთი არ გვაქვს სიცოცხლისათვის მავნებელი და ჯანმრთელობისთვის საშიში. ზოგადად, დაუსრულებელი ბელეტრისტიკაა, რომ ვამუშავებთ სიცოცხლისთვის მავნებელ ტვირთებს, მსგავსი ტიპის კომენტარზე ჩვენ პასუხები არ გვაქვს. სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის მავნე, საშიში ტვირთები არ გვაქვს,“ – უთხრა ვასილ მაზიაშვილმა „ბათუმელებს“.

დასაწყობებული კარბამიდი და გოგირდი ტერმინალში

ჯავახიშვილის #30-ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ტრანფორდი“ ტერმინალში ტვირთავს კარბამიდს, მანგანუმის კონცენტრატს და გოგირდს. ეს ტვირთები შემოდის თქვენს ტერმინალში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ვასილ მაზიაშვილს.

„მანგანუმის კონცენტრატი არ ვიცი საერთოდ რა ტვირთია და რაზე საუბრობთ. რაც შეეხება კარბამიდს, კარბამიდი შემოდის ჩვენს ტერმინალზე და არ არის სიცოცხლისთვის მავნე და დამაზიანებელი. ამაზე გვაქვს შესაბამისი დასკვნები და ყველაფერი არის ნორმაში. მათ შორის, ეკოლოგიას შემოწმებული ვყავართ არაერთხელ და რაიმე სიცოცხლისთვის მავნებელი არ იყო გამოვლენილი. არ იქნა რაიმე ხარვეზი გამოკვეთილი,“ – გვიპასუხა მან.

ვასილ მაზიაშვილი, შპს “ტრანსფორდის” დირექტორი. სქრინი ტელეკომპანია “მეცხრე ტალღას” გადაცემიდან “კურსორი”

შპს „ტრანსფორდი“ 2010 წლის 23 აგვისტოს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ფოთის პორტში ტვირთის ინსპექტირება, ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება.

„ტრანსფორდში“ 75%-იან წილს ფლობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს „პეის ჯორჯია“, ხოლო 25%-იანი წილი ეკუთვნის აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანია შპს „პეის ინთერნეიშენალს“.

წესდებიდან გამომდინარე, კომპანიის ორივე დამფუძნებელს თანაბარი უფლებები აქვს კომპანიის მართვისას. კომპანიას არ ჰყავს არც დედა კომპანია და არც მაკონტროლებელი პირი. ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის სრული მოგება 2020 წელს 3, 966 მილიონი ლარი იყო.

რას და როგორ აკონტროლებს სახელმწიფო

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, „ტრანსფორდისა“ და „პეის ჯორჯიას“  საქმიანობა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ტერმინალში არსებული სიტუაციის შესახებ აცნობეს. ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რა დარღვევები აღმოაჩინა ტერმინალში გარემოს დაცვამ.

„ბათუმელებმა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, როდის და რამდენჯერ შეამოწმეს შპს „პეის ტერმინალი“ და „ტრანსფორდი“. ასევე, რა დარღვევები იქნა აღმოჩენილი კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში.

უწყებამ „ბათუმელებს“ ინფორმაცია 2015 წლიდან დღემდე ჩატარებული შემოწმების მონაცემები მოაწოდა.

გზდ-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტერმინალი „ტრანსფორდი“ მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის 4 მარტს შეამოწმეს. ადმინისტრაციული დარღვევა დაუდგინეს და სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

„ტრანსფორდის“ დირექტორის ვასილ მაზიაშვილის მტკიცებით კი, „ტერმინალი არაერთხელ შემოწმდა“.

„რაოდენობრივად ნამდვილად ვერ დავიწყებთ ახლა ამაზე დეტალებში ჩასვლას. ერთხელ იყო, ათჯერ თუ 30-ჯერ. გიდასტურებთ, რომ ბოლო პერიოდშიც (2022 წელს) იქნა შემოწმებული. ძველი დეტალური ინფორმაცია მეც არ გამაჩნია ამ წუთში, მაგრამ არაერთხელ იყო ეკოლოგიის ინსპექტირება ჩვენს ტერმინალზე,“ – განაცხადა ვასილ მაზიაშვილმა.

ჯავახიშვილის ქუჩა ფოთში. ფოტო გადაღებულია ჯავახიშვილის #30-ში მდებარე კორპუსიდან, საიდანაც ჩანს “ტრანსფორდის” კუთვნილი ტერმინალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ორჯერ, – 2017 და 2021 წელს შეამოწმეს „პეის ტერმინალი“. 2017 წელს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, 2021 წელს კი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

შპს „პეის ტერმინალი“ 2015 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. კომპანიის და მისი შვილობილების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ტვირთის უძრავი ქონების იჯარა და საზღვაო პორტის ოპერირება.

2022 წლის 31 იანვრიდან „პეის ტერმინალი“ ახალი სახელით ოპერირებს. სწორედ ამ დღეს გახსნა „პეის ჯორჯიამ“ ფოთში „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“, რომელშიც 93 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.

ჰაერის დაბინძურება ჯავახიშვილის ქუჩაზე და ნახევარმილიონიანი სადგური, რომელიც არ მუშაობს

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 100 ოჯახი კომპენსაციას ითხოვს, ჰაერის დაბინძურებაა.

2020 წლის ივლისში ფოთის საკრებულოს მოქალაქეებმა პეტიციით მიმართეს და ატმოსფერული ჰაერის უწყვეტი მონიტორინგისათვის ავტომატური სადგურების დამონტაჟება მოითხოვეს. კერძოდ, ფოთის პორტისა და სამრეწველო ქარხნების ტერიტორიაზე. ფოთის საკრებულომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები

სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილი წერილის თანახმად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური 2020 წლის 20 ივლისიდან გადაიტანეს ფოთში და ჯავახიშვილის ქუჩაზე განათავსეს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოგვწერეს, ფოთში სადგურის განთავსების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების მონიტორინგი. კერძოდ: სადგურის საშუალებით ავტომატურ რეჟიმში ისაზღვრებოდა შემდეგი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები: ნახშირბადის მონოქსიდი (CO), გოგირდის დიოქსიდი (SO2), აზოტის ოქსიდები (NO2, NO NOx), ოზონი (O3), მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5). ასევე, მეტეოროლოგიური პარამეტრები (ქარის სიჩქარე, მიმართულება, წნევა, ტენიანობა).

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხს 2020 წლის 20 ივლისიდან 13 სექტემბრამდე პერიოდში უწევდნენ მონიტორინგს.

ოფიციალური მონაცემებით, მონიტორინგის პერიოდში ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) ოდენობა დასაშვებ ზღვარს 13 დღის განმავლობაში აჭარბებდა.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული სადგური 2021 წლის 22 იანვარს გაითიშა. სააგენტომ „ბათუმელებს“ მხოლოდ 2020 წლის 13 სექტემბრამდე აღრიცხული მონაცემები მოაწოდა.

შპს „ტრანსფორდის“ დირექტორი ვასილ მაზიაშვილი ამტკიცებს, რომ ტერმინალში ყველაფერი რიგზეა და მათი მიზეზით ჰაერი არ ბინძურდება.

„ჰაერის ხარისხი არის ასევე რაღაცა დაუსრულებელი ციტატა. დეტალები არის ის, რომ დადგენილია კანონმდებლობით ჰაერში მტვრის გაფრქვევის მასა, რომელიც ჩვენ მიერ შემოწმდა.

დავიქირავეთ კომპანია „გამა“, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული კომპანია. მან ოფიციალურად, სხვადასხვა  ტიპის აპარატურით ჩაატარა ჰაერის კვლევა და აბსოლუტურად ნორმაშია ნებისმიერ ტვირთთან დაკავშირებით ჰაერი, რომელზეც ჩვენც ვმუშაობთ“, – თქვა ვასილ მაზიაშვილმა.

კითხვაზე, თუ ყველაფერი ნორმაშია, როგორ ახსნის გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებს, მაზიაშვილი პასუხობს:

„ეგ ჩემთვის არის თქვენი საუბარი და ვიღაცის რაღაც მოტანილი ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ არის ფაქტი – ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ეს დადასტურებულია შესაბამისი დასკვნით. დასკვნის დეტალებს გიზიარებთ.

დანარჩენი ყველაფერი, ვიღაცამ სადღაც ფანჯრიდან გაიხედა და რაღაც არ მოსწონს, ეს ჩვენთვის არის მიუღებელი.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი – ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე, რომელშიც მუშავდება ნებისმიერი ტვირთი შესაბამისი ტექნოლოგიური რუკებით. აღნიშნული ტექნოლოგიური რუკები შეთანხმებულია და დადასტურებულია შესაბამისი უწყებების მიერ“.

„ბათუმელების“ თხოვნაზე, მოეწოდებინა კომპანია „გამას“ მიერ შესრულებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგები, „ტრანსფორდის“ დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა უარი თქვა.

„ბათუმელებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და ჰკითხა, რატომ არ მუშაობს მათ მიერ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგური ან როდის ამუშავდება.

წერილში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური აწერს ხელს, სადგურის ამჟამინდელ უფუნქციობაში ირიბად ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები არიან დადანაშაულებული.

„ფოთში სადგურის განთავსების დღიდან არაერთხელ იქნა განმარტებული ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომ გადაუდებელ აუცილებლობას და საჭიროებას წარმოადგენს, სადგურის პერიოდული ტექნიკური დათვალიერება, დაკალიბრება და სადგურის სათანადო ფუნქციონირებისთვის შესაბამისი სამუშაოების/მომსახურებების გაწევა, სადგურზე განთავსებული აირანალიზატორების სახელმძღვანელოების მიხედვით.

თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მხრიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესი მიმდინარეობდა თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ, აღნიშნული მომსახურებების/ღონისძიებების განხორციელების პროცესს თავად მოსახლეობამ შეუშალა ხელი და შექმნა წინააღმდეგობა. რამაც საბოლოოდ განაპირობა ის, რომ აღნიშნული სადგური დანიშნულებისამებრ ვეღარ ფუნქციონირებდა.

კერძოდ: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან არაერთი თხოვნის და მცდელობის მიუხედავად, მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით სადგურზე ტექნიკური დათვალიერება და სერვისული მომსახურება სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და სტანდარტების  შესაბამისად ვერ განხორციელდა. ამასთან, სადგურზე განთავსებული აირანალიზატორების დისტანციური დათვალიერებით დგინდებოდა, რომ ისინი დეკემბრის თვიდან უკვე ფუნქციონირებდნენ ე.წ. warning (გაფრთხილების) რეჟიმში, შესაბამისად ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს სააგენტო ვეღარ განიხილავდა სანდოდ,“ – ვკითხულობთ წერილში.

სააგენტოს უფროსი ასევე განმარტავს, რომ საჭიროა ავტომატური სადგურის თბილისში ჩატანა  და დეტალური დიაგნოსტიკის ჩატარება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ ენდობა ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა. 2021 წლის აპრილში ჯავახიშვილის ქუჩის ოთხმა მცხოვრებმა – მაია კალანდიამ, მონიკა გამისონიამ, ლუბა ჩალაიამ და ნათია ნოდიამ ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს ფოთის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ.

მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებოდა, შეემუშავებინათ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რათა მიღწეულიყო ტექნიკური რეგლამენტით – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმები.

მოსარჩელეები წერდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ჰაერის მონიტორინგი დაიწყო და საგანგაშო მონაცემები დაფიქსირდა, გაითიშა საიტი, სადაც ეს მონაცემები ისახებოდა.

„არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საიტის გათიშვა სწორედ იმ მონაცემებს უკავშირდება, რაც ფოთში ჰაერის მონიტორინგის მობილურმა სადგურმა აჩვენა. სადგურის გათიშვამ გამოიწვია უნდობლობა მოსახლეობაში.

აღნიშნული მაჩვენებლის საფუძველზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, შედეგები საგანგაშოა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა რეკომენდაცია, ქალაქის დაბინძურებულ უბნებში მოახდინოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება,“ – ნათქვამია სარჩელში.

მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის შეტანიდან 16 თვე გავიდა, ჯერ სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა. შესაბამისად, არც სარჩელი განუხილავთ.

„როდესაც დავრეკე სასამართლოში და ვიკითხე, რა ბედი ეწია, წელიწადზე მეტია შემოტანილია სარჩელი-მეთქი, მოსამართლის თანაშემწემ – ჯერ კიდევ 2018 წლის სარჩელები გვაქვს განუხილველი, ეგ ახალი შემოტანილიაო. ეს მაშინ, როცა სარჩელი დაჩქარებულად განსახილველადაა შეტანილი, რადგან ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება საქმე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელისო ჯანაშიამ, სამოქალაქო პლატფორმის „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა. სწორედ ეს ორგანიზაცია ეხმარება ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს საკუთარი უფლებების დაცვაში.

ტყვია ბავშვებში

როდესაც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები დაბინძურებულ გარემოში ცხოვრებაზე აკეთებენ აქცენტს, თავიანთი ნათქვამის გასამყარებლად ის კვლევები მოჰყავთ, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარდა. ერთ-ერთი ასეთი კვლევაა ბავშვებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა.

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებისა და პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ მიმართვის საფუძველზე, ფოთის მერიამ ტყვიაზე და სხვა მძიმე მეტალებზე კვლევა 2021 წლის ივლისში ჩაატარა.

104 ბავშვი შეამოწმეს სპილენძის, მანგანუმის, ტყვიის, კადმიუმისა და კალას კონცენტრაციაზე. ამ 104 ბავშვიდან 52 ბავშვი ჯავახიშვილის #30-ში მცხოვრები იყო, მეორე 52 კი – ფოთის სხვადასხვა უბანში.

მაია მაკალათია, ფოთის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა შეაფასეს ბავშვები და საბოლოო დასკვნაც მათ დადეს 2021 წლის 21 აგვისტოს.

კვლევაში მონაწილე 104 ბავშვიდან 28 ბავშვს ჰქონდა ტყვია 5 მკგ/დლ-ზე მაღალი, ხოლო 2 ბავშვს ჰქონდა 10 მკგ/დლ-ზე მაღალი. აქედან 14 ბავშვი, რომლებსაც სისხლში ტყვიის შემცველობა 5-ზე მაღალი ჰქონდათ, ჯავახიშვილის ქუჩის#30-ში ცხოვრობს.

„ტყვიის მაჩვენებელი მომატებულად ითვლება, თუკი მისი დონე სისხლში 5 ერთეულზე მეტია. ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების რისკი მატულობს, თუ მისი მაჩვენებელი სისხლში 10-ზე მეტია.

საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ ფოთში შესწავლილი ბავშვების მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, მძიმე მეტალების ზეგავლენა ბავშვების ფიზიკურ, ფსიქო-სომატურ ან ნერვული სისტემის განვითარებაზე არ ფიქსირდებოდა და არც გამოიხატებოდა ბავშვებში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია მაკალათიამ.

NCDC-ის გაიდლაინით, სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5 მკგ/დლ-ზე ნაკლები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა გაიდლაინში ასევე განმარტებულია, რომ არ არსებობს ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე.

თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5-10 მკგ/დლ-ის ფარგლებშია, ფიქსირდება ტყვიის ზეგავლენა მსუბუქი დოზით. ამან, შესაძლებელია, იმოქმედოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 10-30 მკგ/დლ-ის ფარგლებშია, ეს ბავშვის ჯანმრთელობისათვის პოტენციურ რისკებს ქმნის.

როგორ გამოიყენა პრემიერმა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემა წინასაარჩევნოდ

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ფოთში ჩავიდა. 27 აგვისტოს მან ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე წარადგინა. იმავე დღეს შეხვდა ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ამ დრომდე იძებნება ვიდეო, სადაც ღარიბაშვილის ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრაა ასახული. ვიდეოში მკაფიოდ ისმის ყველა დაპირება, რომელსაც პრემიერი მოსახლეობას აძლევს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან, 2021 წლის 27 აგვისტო. სქრინი საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდიდან

ვიდეო, რომელიც 2 წუთსა და 8 წამს გრძელდება, იწყება იმით, რომ მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს აჩვენებენ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსს.

ღარიბაშვილი: რამდენი ხანია მანდ ცხოვრობთ?

მოქალაქე: აფხაზეთის მერე

ღარიბაშვილი: რა შეიძლება გაკეთდეს? ამიხსენით კარგად რა პრობლემაა?

მოქალაქე: ხალხი უნდა გადავასახლოთ. შესაბამისი მკურნალობა იქნება [საჭირო], კომპენსაცია იქნება, ბავშვები უნდა გადავარჩინოთ, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, მეტი არაფერი.

ღარიბაშვილი: ჰაერია ცუდი ხო?

მოქალაქე: ჰაერია ცუდი. კვლევები ჩატარებულია – ჰაერში ალუმინი, გოგირდი, მტვერი ნორმას აღემატება. ძალიან გთხოვთ, მიიღეთ რა…

ღარიბაშვილი: რამდენი ოჯახი ხართ?

მოქალაქე: 100 ოჯახი

ღარიბაშვილი: 100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა

პრემიერისა და მოქალაქეების დიალოგში ჩაერთო იქვე მყოფი მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ნათია თურნავა: არ იქნება, არა. მიწას ჩვენ განვკარგავთ, ერთად უნდა შევარჩიოთ სად შენდება, რომ არც თქვენ შეგეშალოთ ხელი და არც პროექტებს შეეშალოს.

მოქალაქე: ქალბატონო ნათია, ჩვენ აქ ბავშვები გვყავს და ის ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ვითხოვდით, რომ რაღაც თანხა მოეცათ და ჩვენ თვითონ ვნახავდით იმ სახლს. ბავშვებს ჩვენ თვითონ განვკურნავდით და დავანებებდით თავს ყველას. ანგელოზივით ბავშვები გვყავს და…

ღარიბაშვილი: გავიგე! სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას.

ნათია თურნავა: კი, პრემიერმა დავალება მოგვცა, სხვა გზა არ გვაქვს.

ღარიბაშვილი: 100 ოჯახი უნდა  გადავიყვანოთ!

ამგვარად, 2021 წლის 27 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა პრემიერისგან პირობა მიიღეს, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. გვაინტერესებდა რა ეტაპზე იყო პრემიერის მიერ გაცემული დაპირება, მიიღებს თუ არა მოსახლეობა კომპენსაციას ან საცხოვრებელ ბინებს.

მთავრობისგან პასუხი არ მიგვიღია. თუკი მოგვაწვდიან ინფორმაციას, როდის აპირებს ირაკლი ღარიბაშვილი გაცემული დაპირების შესრულებას, მას აქვე შემოგთავაზებთ.  

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები „ბათუმელებს“ უყვებიან, რომ ახლა ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – მიიღონ კომპენსაცია, დატოვონ ჯავახიშვილის ქუჩა და გადავიდნენ ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში საცხოვრებლად.

„ბათუმელებმა“ ფოთის მერიას მიმართა კითხვით, ხომ არ არის რამე გადაწყვეტილება მიღებული აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახის მოთხოვნების შესახებ.

აი, რა მოგვწერეს უწყების პრესსამსახურიდან: „ჩვენთვის დეტალურად ცნობილია ამ ადამიანების პრობლემები, არაერთხელ ვართ ნამყოფი მათთან. იცით, რომ პრემიერი დაჰპირდა მათ პრობლემის მოგვარებას, გაიცა დავალებაც მთავრობის მეთაურის მხრიდან და გვარდება ეს საკითხი – მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე და დროულად მოხდება მშენებლობა მათი თანხმობის შემთხვევაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რა დაპირებაც მათ მიეცათ, შესრულდება“.

რა მოხდება თუ ჩაუბარებელ კორპუსში ნაყიდი ბინის დარეგისტრირებას მოინდომებ – ახალი წესი

ამ დრომდე უკანონოდ აშენებულ კორპუსს მშენებელი საჯარო რეესტრში უპრობლემოდ არეგისტრირებდა, არც დოკუმენტებში ფიქსირდებოდა რაიმე სახის ჩანაწერი იმის შესახებ იყო თუ არა კონკრეტულ ნაკვეთზე ახალაშენებული, დაშენებული ან მიშენებული ფართობი კანონიერი. შესაბამისად ამ ფართობების გაყიდვით ფულის შოვნას არაფერი აფერხებდა.

ვწერდით ისეთ შემთხვევებზეც, როცა რეესტრმა დაარეგისტრირა შენობა მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტისგან ჰქონდა წინასწარი შეტყობინება, რომ ის უკანონოდ იყო აშენებული.

როცა კონკრეტული შენობის ფართობის გაზრდის დაფიქსირების მოთხოვნით რეესტრს ყოველ წელს მიმართავდნენ და რეესტრიც ყოველგვარი შეფერხების გარეშე არეგისტრირებდა მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკანონოდ აშენდა.

ვწერდით ისეთ შემთხვევაზეც როცა უკანონოდ აშენებული ფართობები საჯარო რეესტრში თავად მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაირეგისტრირეს.

მიდგომა შეცვალეს. ფართობს ისევ დაარეგისტრირებენ, თუმცა დოკუმენტებში გაჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელმა ფართობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი  ვერ წარადგინა:

„რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად მზადდება ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც შესაბამის განყოფილებაში ინფორმაცია აისახება მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობაზეც, ჩანაწერით – „სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე“ – განგვიმარტეს საჯარო რეესტრში.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ირაკლი მოქია ხშირად განმარტავდა, რომ ეს იყო ერთგვარი დამაბრკოლებელი, რადგან  მშენებელს აძლევდა შესაძლებლობას მერიის გვერდის ავლით მოეგვარებინა პრობლემა.

ამჯერად გვინდოდა მისთვის გვეკითხა, რას შეცვლის ეს სიახლე კონტროლის გაძლიერების თვალსაზრისით და კიდევ რა პრობლემები რჩება, რისი მოგვარებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ეფექტური შედეგისთვის. თუმცა ის არ დაგველაპარაკა, უარის მიზეზად ხელმძღვანელის, არჩილ კონცელიძის გადაწყვეტილება დაგვისახელეს.

შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე უფლების რეგისტრაციის წესი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის  ბრძანებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-16 მუხლით არის განსაზღვრული.

ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემების საფუძველზე ხორციელდება.

ინსტრუქციის მე-16 მუხლის შესაბამისად [ მე-9 პუნქტი] მშენებარე შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაცია, ხოლო მშენებლობის დასრულებისას მისი ვარგისად აღიარების, ანუ, ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„ამდენად, შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა.“

რაც შეეხება ბოლო ჩანაწერს, რომელიც ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, შენობის რეესტრში დარეგისტრირებას შეეხება – ეს ჩვენს სივრცეში, ბათუმში და მთლიანად ქვეყანაში საჩქარო საქმედ არ  ითვლება,  შეიძლება ათწლეულიც გავიდეს ისე, რომ დასრულებული და ფუნქციონირებადი შენობა რეალურად ჩაუბარებელი იყოს, ასეთი ბევრია.

საქმე იმაშია, რომ ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტით რეესტრში მისვლას არავინ ჩქარობს, ეს არავის სჭირდება. უკანონოდ აშენებულ კორპუსში ბინების გაყიდვას, მისი ექსპლუატაციაში მიუღებლობა ხელს ვერ უშლის, არც ნებართვის პირობების დარღვევით აშენებულ შენობაში სასტუმროს გახსნას უქმნის რაიმე ბარიერს.

ცოტა ადრე მსგავსი პრობლემების განხილვისას საჯარო რეესტრიდან გვპასუხობდნენ, რომ რეესტრი მარეგისტრირებელი ორგანოა და მშენებლობის კანონიერების გარკვევას ვერ დაიწყებს, ამჯერად კი ცოტა მეტი მოინდომეს.

საჯარო რეესტრი გვწერს:

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიზანია, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში უზრუნველყოს გარემოებათა გამოკვლევის სრულყოფილების ხარისხი, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა.“

უსაფრთხო გარემოს საჭიროებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებში გაერთიანებული არაერთი სპეციალისტი საუბრობდა. ისინი დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ უკონტროლო და ქაოსური მშენებლობა „ბოლოს ისეთ ჩიხში შეგვიყვანდა, საიდანაც გაგვიჭირდებოდა გამოსვლა“. როგორც ჩანს უკვე სახელმწიფო სტრუქტურებშიც ფიქრობენ, რომ „მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა“  უკანონო მშენებლობასთან რაღაც კავშირშია.

რეესტრი ასვე გვწერს:

„სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობები ზრდის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკს, რის გამოც, ცალკეულ შემთხვევებში, საჭიროა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე.“

  •  კიდევ რას/ვის შეაფერხებს ეს სიახლე უკანონოდ აშენებული ფართობის დარეგისტრირებისას?

რეესტრში განგვიმარტეს, რომ თუ განმცხადებელი ითხოვს საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ფაქტობრივად განთავსებულია შენობა-ნაგებობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა საჯარო რეესტრს უნდა წარუდგინოს სამშენებლო დოკუმენტაცია შენობის ვარგისად აღიარების [ექსპლუატაციაში მიღების] დამადასტურებელი დოკუმენტი ან უკანონოდ აშენებულის ლეგალიზების [დაკანონების] აქტი.

თუ განცხადებას არ ერთვის შენობაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ არსებობს მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც მიწის ნაკვეთზე, ისე მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე უფლება რეგისტრირდება. თუმცა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად მზადდება ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც შესაბამის განყოფილებაში ინფორმაცია აისახება მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობაზეც, ჩანაწერით – „სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე“.

რეგისტრაციის შედეგად მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე აისახება ინფორმაცია მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის თაობაზეც.

  • რაც შეეხება შენობა-ნაგებობების ან მისი ერთეულის დაყოფა/გაერთიანებას

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამგვარი რეგისტრაცია წარმოებს უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება, რომ შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის დაყოფა/გაერთიანება საფრთხეს არ შეუქმნის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცეს, მდგრადობას, საიმედოობას, სეისმომედეგობასა და ცეცხლმედეგობას.

შესაბამისი ცვლილება ინსტრუქციაში 2022 წლის 2 ივნისს შევიდა. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოა – „მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანო,“  ანუ, ბათუმის შემთხვევაში ეს არის ბათუმის მერია. ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

რა პრობლემების გადაწყვეტა გსურთ თქვენს სოფელში? – არასამთავრობოს დახმარება ხალხს

„აჭარის ჰაბმა“ მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გამართა. შეხვედრას მაჭახელას თემის სოფლების – ჩიქუნეთისა და ჩხუტუნეთის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაში, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შედგა, არასამთავრობო ორგანიზაციები: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, „შშმ ქალთა ალიანსი“ და „ეკოვიტა“ მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ეკოლოგიის სფეროში არსებულ პროექტებზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პროგრამებზე. ასევე, მოსახლეობას აუხსნეს, თუ რა შემთხვევაში და როგორ ეხმარება სოფელს თუ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს „აჭარის რეგიონული ჰაბი“.

„ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება: შევდივართ სოფელში, ვსწავლობთ სიტუაციას და შემდეგ ადგილობრივების შრომითი ჩართულობით ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. პრინციპი ასეთია – თუ სოფელს სურს ჩვენთან თანამშრომლობა, ქმნის საინიციატივო ჯგუფს, შემდეგ ვსწავლობთ სოფლის სიტუაციას – პირველ რიგში, რა პრობლემების გადაწყვეტაა აუცილებელი. ვთქვათ, სოფელმა გამოავლინა 10 პრობლემა – სოფლის გადაწყვეტილებით, ვირჩევთ ერთ კონკრეტულს და ვიწყებთ მის მოგვარებას“, – განაცხადა შეხვედრაზე ასლან ჭანიძემ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა.

შეხვედრა სოფელ ქედქედში

ასლან ჭანიძის თქმით, ორგანიზაციამ აჭარის არაერთ სოფელში განახორციელა და ამ ეტაპზეც ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს [გზებისა და წყლის სისტემის მოწესრიგება, გარეგანათება, ახალგაზრდული ცენტრების მოწყობა და აღჭურვა შესაბამისი აპარატურით და სხვა].

ყველა პროექტი აუცილებლად ხორციელდება სოფლის მოსახლეობის ჩართულობით. მაგალითად, ორგანიზაცია ყიდულობს შესაბამის მასალებს, ხოლო სამუშაოებს ასრულებს მოსახლეობა.

„ამასთან, სოფლის მოსახლეობა არანაირ ხელფასს არ იღებს. ჩვენი მიზანია რამდენიმე კომპონენტში შევთავაზოთ სოფელს დახმარება და თავად მოსახლეობა იყოს ჩართული პროცესებში. პრინციპი არის ასეთი – თუ სოფელი არ იქნება აქტიური და არ ითანამშრომლებს, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ასეთ სოფელს დავეხმაროთ,“ – თქვა ასლან ჭანიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები  სოფლის მოსახლეობის გაძლიერებას ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებით:

●  სოფლის პასპორტის მომზადება – სადაც აღწერილია ყველა ის საჭიროება, რაც არსებობს სოფელში

● პროგრამები, რომლებიც კარიერულ კონსულტაციებს გულისხმობს

მაგალითად, 18-დან 28 წლამდე ახალგაზრდებისთვის მოქმედებს ტრენინგკურსები [ინგლისური ენის კურსი, რომელიც სექტემბერში დაიწყება; კომპიუტერული თუ სამეწარმეო კურსები]. შემდეგ ეს ახალგაზრდები გადიან ანაზღაურებად [162 ევროს ეკვივალენტს] სტაჟირებას.

„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდას, რომელმაც მიიღო რაღაც განათლება და სამსახური ვერ იშოვა, ხელი შევუწყოთ, გამოცდილება მივცეთ. ასევე, ახალგაზრდებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს – სხვადასხვა ტიპის კურსს, რაც მათ ხელს უწყობს განსხვავებული მიმართულებით უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ვცდილობთ მათი კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლებას. გარკვეულ პერიოდებში გვაქვს ასევე ბანაკები, თან ისვენებენ, თან ტრენინგებს გადიან,“ – აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ასლან ჭანიძემ.

● სხვადასხვა სასწავლო პროგრამა უფროსი თაობის ადამიანებისთვის – მაგალითად, ბიზნესპროექტების წერა

აჭარის რეგიონული ჰაბის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, მიიჩნევენ, რომ სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ დაწერონ ბიზნესპროექტი. ამასთან, მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდიან სხვადასხვა პროგრამაზე და ბიზნეს-პროექტის მომზადების დროსაც გაუწევენ კონსულტაციას.

„ჩვენ შევთავაზებთ ისეთ პროგრამებს, რომლებიც სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას რეალურად გააუმჯობესებს“, – ამბობს ჰაბის წარმომადგენელი.

● ტურიზმის მიმართულება

მაჭახელას ხეობა ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მიმზიდველია. აჭარის ჰაბში მიაჩნიათ, რომ მეტი ტურისტის მოსაზიდად, აუცილებელია თითოეული სოფლის ცნობადობა გაიზარდოს: „მაგალითად, ჩვენ, იმ სოფელს, სადაც შევდივართ და ვიწყებთ თანამშრომლობას, ვუკეთებთ ფეისბუქგვერდებს, ასე ხელმისაწვდომი ხდება ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დამახასიათებელია ამ სოფლისთვის. ეს ერთგვარი ხელშეწყობაა, რომ სოფლის ტურისტული პოტენციალი გაიზარდოს“.

შეხვედრა სოფელ ქედქედში

„შშმ ქალთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას, აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს შშმ ქალების უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა კაც შშმ პირებსაც ეხმარებიან სხვადასხვა აქტივობაში: „ეს იქნება დასაქმებაში, სხვადასხვა სერვისში ჩართვა და ა.შ. საჭიროებების კვლევას ვიწყებთ და ინდივიდუალურად ვეხმარებით. მსოფლიოში ძალიან განვითარებულია ინკლუზიური ტურიზმი, ანუ შშმ პირები მსოფლიოდან ბევრ დროსა და ფულს ხარჯავენ, რომ დაისვენონ საზღვარგარეთ, განვითარდნენ. ბათუმში უკვე არის ადაპტირებული პლაჟები, სადაც ეტლით მოსარგებლეს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილდეს.

თუმცა, შშმ ტურისტებს მხოლოდ ზღვა არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ მთაც და რაც უფრო მეტი ადაპტირებული ადგილი გაჩნდება, რაც უფრო ხელმისაწვდომი სასტუმრო და მორგებული სერვისი იქნება, მით მეტი ტურისტი ჩამოვა“, – აღნიშნა დეა ერემაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წლის განმავლობაში მსოფლიოში 6 მილიარდზე მეტ დოლარს ხარჯავენ შშმ პირები ტურიზმში.

„ასევე ვეხმარებით ადამიანებს სტატუსის მინიჭებაში. შეიძლება თქვენს სოფელშიც არიან ადამიანები, ვისაც  შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო ვერ ჩავიდა ექიმთან და ა.შ. არ აქვს შშმ პირის სტატუსი, რაც მას გარკვეულ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, საქართველოში პროგრამებსა და სერვისებზე [დასვენება, დამხმარე საშუალებები, მედიკამენტები, რეაბილიტაცია] წვდომა დამოკიდებულია სტატუსის ქონაზე. ეს ადამიანები კი ნაკლებად ინფორმირებული არიან მიზეზთა გამო და ამ ინფორმაციის მიღებაში ვეხმარებით. შესაძლოა, სრულად იყოს ჩართული შშმ პირი საზოგადოებრივ საქმიანობაში, მთავარია, სწორი მიდგომა. ჩვენ ასევე ვეხმარებით შშმ პირთა მშობლებს, მათაც სჭირდებათ გაძლიერება – დასაქმებაში ხელშეწყობა, გადამზადება“, – განაცხადა დეა ერემაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ესაუბრა ქედქედში შეკრებილ მოქალაქეებს ორგანიზაცია „ეკოვიტას“ წარმომადგენელი, ვიტალი კილასონია.

„არის ახალი მეთოდები და ჩვენი მიზანია ეს მეთოდები მივიტანოთ ფერმერებამდე, ვუწევთ კონსულტაციებს. თქვენგან დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ შევისწავლით სიტუაციას და დაგეხმარებით იმ პროექტების მომზადებაში, რომლითაც ესა თუ ის პრობლემა უნდა გადაიჭრას… ჩვენ ვმუშაობთ ნარჩენების მართვის მიმართულებითაც.

ნარჩენების გადამუშავების და არა მისი დაწვის, როგორც ჩვენში შემორჩენილი პრაქტიკაა. გადამუშავებული ნარჩენი, იგივე კომპოსტი – უკვე ითვლება უვირუსო და ხარისხიან სასუქად და მისი შეტანით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ნიადაგის ნაყოფიერება და ხარისხი. შეიძლება მარტივი საკითხებია, მაგრამ თუ თქვენი სურვილი იქნება, თეორიულად დაგეხმარებით, გაგიწევთ კონსულტაციას“, – უთხრა შეკრებილებს ვიტალი კილასონიამ.

შეხვედრა სოფელ ქედქედში

„დათვმა გამინადგურა თხილის მოსავალი. ან მომეცით ნებართვა, რომ დათვი მოვკლა, ან ამინაზღაურეთ ზარალი“, – აღნიშნა შეხვედრაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ. მას ორგანიზაციის წევრებმა განუმარტეს, რომ ბუნებიდან დათვის ამოღების ნებართვის გაცემა, თუ ზარალის ანაზღაურება მათი კომპეტენცია არ არის, მაგრამ თუ სოფელი ითანამშრომლებს, რადგან ეს პრობლემა ბევრს აწუხებს, არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიები – ელექტრობადე და სხვა, რომლითაც მოსავლის დაცვა ხდება – შესაძლებელია შემდგომში ასეთი ტექნოლოგიების შეძენა-მონტაჟზე იფიქრონ.

მოსახლეობამ შეხვედრის ბოლოს დაასახელა როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საჭიროებები.

ერთ-ერთ ასეთ საკითხად განიხილეს ის, რომ სოფელში არის ჩანჩქერი, რომლის შესახებ არავინ იცის. ჰაბთან თანამშრომლობით კი შესაძლებელია ამ ჩანჩქერის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მისასვლელი ბილიკის მოწყობა მოსახლეობის ჩართულობით.

ასევე დაისვა საკითხი სოფლისთვის საწვავი ბრიკეტის საწარმოებლად სპეციალური აპარატის შესაძენად, ვინაიდან სოფელი დაცულ ტერიტორიაზეა და მოსახლეობას შეშის პრობლემა აქვს.

ამ და სხვა საკითხების მოგვარებაზე „ჰაბი“ ითანამშრომლებს მოსახლეობასთან, თუ, რა თქმა უნდა, თავად სოფლის მოსახლეობის დაინტერესდება.

„აჭარის რეგიონული ჰაბი“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.

____

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

თეთნულდზე მყოფი ტურისტების ჯგუფიდან შეტყობინება SOS შემოვიდა – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს სჭირდება მაშველთა დახმარება.

„დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ამჟამად მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება,“ – იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

___________

ფოტო: ვიკიპედია

რუსეთს უკრაინისგან „რუხი ზონის“ შექმნა სურს – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, ტელემარათონის ეთერში რუსეთის შესაძლო გეგმებზე ილაპარაკა. მისი თქმით, რუსებს სურთ, „რუხ ზონად“ აქციონ არამხოლოდ ზაპოროჟიე, არამედ მთელი უკრაინა.

„მათ აქვთ პროექტი, რომელსაც ეწოდება „კუნძული რუსეთი“. მისი მიზანი ძალიან მარტივია – რუსეთი შეიძლება გარშემორტყმული იყოს ან წყლით, ან ვასალი სახელმწიფოებით. არანაირი სხვა სცენარი არ განიხილება. ერთადერთი გამონაკლისი ჩინეთია, რომელთანაც მათ მეგობრობა უნდათ,“ – ამბობს დანილოვი.

საბჭოს მდივანი დასძენს, რომ კოლონიზაციას რუსები უკვე ძალიან დიდი ხანია ეწევიან, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ პროექტის განხორციელებას ვერასდროს შეძლებენ, რადგან ახლა ხდება ის, რაც მათ გეგმებში გათვალისწინებული არ ყოფილა – წინააღმდეგობა.

დანილოვის თქმით, რუსეთის არმიამ შეტევის პოტენციალი უკვე დაკარგა და ბრძოლის ველზე ვითარება რადიკალურად იცვლება.

რა განაპირობებს შუახევიჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას

„შუახევიჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის დასაწყისში დაიწყო.

ჰესმა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 75% -ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის გამომუშავება, სავარაუდოდ, 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს, თუ წყალუხვობა  შენარჩუნდება წლის ბოლომდე.

2022 წლის 12 აგვისტოს მონაცემებით, „შუახევიჰესის“ მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 350 მლნ კვტსთ შეადგინა. წარმატებული წელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ჰიდროლოგიამ და „შუახევიჰესის“ თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკურმა აღჭურვილობამ, რაც გაზრდილი ნაკადის ათვისების და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა.

„შუახევიჰესის წარმატებას, პირველ რიგში, განსაზღვრავს გუნდი, რომელიც ყოველდღიურად, მაღალი პროფესიონალიზმით, თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას მიაწოდოს ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე. ვფიქრობთ, მიმდინარე წლის დაგეგმილი გამომუშავება საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს, თუ წყალუხვობა  შენარჩუნდება წლის ბოლომდე.“ – განაცხადა „შუახევიჰესის“ დირექტორმა, ბალა სუბრამანიამ.

„შუახევიჰესის“ მშენებლობა-ოპერირება განახორციელა ქართულმა კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, რომლის მფლობელებსაც წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest-ი და ინდური Tata Power-ი. 187 მგვტ სიმძლავრის „შუახევიჰესი“ წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ყველაზე მსხვილ ენერგოპროექტს.

„შუახევიჰესი არის საუკეთესო მაგალითი ქართულ ენერგეტიკაში – კარგ გუნდს როგორ შეუძლია ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა და წარმატების მიღწევა. შუახევიჰესი უკვე მესამე წელია ოპერირებს, თითქმის 5%-ით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. შუახევიჰესის მსგავსი სუფთა ენერგიის მწარმოებელი  ობიექტები, ამცირებენ ნახშირორჟანგის გამოფრქვევას გარემოში, რითაც ხელს უწყობენ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იქნას ათვისებული ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროები, ბუნებრივია, საუკეთესო ადგილობრივი პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“ – განაცხადა, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რაკეშ ნაიკმა.

მერი და ალიოშა – 54-წლიანი სიყვარულის ამბავი აჭარის იალაღიდან

მერისა და ალიოშას ხულოში, ლოდიძირის იალაღზე შევხვდი.

77 წლის ალიოშა ხის პატარა სახლში, ფანჯარასთან იდგა, როცა მის სახლს ჩავუარე. ვთხოვე, ფოტოს გადაგიღებთ – მეთქი. დამთანხმდა. 2-3 კადრის გადაღების შემდეგ მითხრა დამელოდეო და ოთახის სიღრმეში დაიძახა: „გამოდი, ფოტო გადავიღოთ ერთად“.

ოთახიდან მერი გამოვიდა და ალიოშასგან ოდნავ მოშორებით დადგა, რასაც ალიოშა არ შეეგუა და მერის სთხოვა, მიახლოებოდა. მერე ხელი გადახვია და დამიძახა: „ახლა, ახლა გადაიღეთ“.

ასე გავიცანი მერი და ალიოშა, მემთეური ცოლ-ქმარი ლოდიძირის იალაღიდან, რომელთა სიყვარულის ამბავს ამ სტატიაში მოგიყვებით.

მერის და ალიოშას სიყვარულის ისტორია ხულოს სოფელ კორტოხში 54 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

54 წლის წინ მაღალმთიან აჭარაში ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო გოგო-ბიჭს სიყვარულით ექორწინათ, ამ საკითხს ძირითადად მშობლები წყვეტდნენ და ახალგაზრდების უმრავლესობა „ბედს“ ემორჩილებოდა.

ალიოშას და მერის ამბავი გამონაკლისია.

მერი და ალიოშა

ალიოშას ზუსტად ახსოვს ის დღე და წუთი, როცა მერი დაინახა პირველად:

„ჩვენთან, სოფელში, მოცვია, გეცოდინებათ. მერი კრეფდა მოცვს, მე ჭალას ვცელავდი. ბუჩქის ძირას უცებ შევნიშნე. შევხედე, მოცვის ბუჩქთან ლამაზი, შავთვალწარბიანი გოგოა, როგორ არ უნდა დაელაპარაკო, კაცო?! იმ დღიდან შემიყვარდა.

მივედი და დავაკრეფინე მოცვი, დავეხმარე. ვუთხარი, რა სწრაფი კრეფა გცოდნია-მეთქი. გაება ჩვენი საუბარი, გაიხსნა. გულში ტყვიასავით ჩამივარდა მერი. დღემდე გულშია.

დასანანია, რომ ერთმანეთს ბოლოს დავშორდებით. სიბერე… ხანში ვართ, ან ერთი მოკვდება – ან მეორე და ყველაფერი მოგონებად დარჩება“, – მიყვება ალიოშა, მერი კი იცინის და მისკენ მორცხვად იხედება.

ამბის თხრობას ახლა მერი აგრძელებს და გვიყვება, რომ ალიოშამ გაცნობიდან მოკლე ხანში ჰკითხა – „გამომყვები ცოლად?“

„მე დავიმორცხვე, ისედაც მორიდებული გოგო ვიყავი. მერე მაჭანკალი მომიგზავნა და მეც არ ვთქვი უარი, მომწონდა და გავყევი ცოლად“, – ამბობს მერი, ალიოშას უყურებს და სიცილით დასძენს -„ჰო, მეც შემიყვარდა. და ასე, სიყვარულით ვცხოვრობთ“.

„ახლა ნანობს“ – ერთვება ალიოშა, რაზეც მერი მაშინვე, მკაცრად პასუხობს – „არ ვნანობ!“ მერე ერთმანეთს უმზერენ და იცინიან.

მერისა და ალიოშას სიყვარული არც ქორწინების შემდეგ გამხდარა ნაცრისფერი. ალიოშა აგრონომად მუშაობდა, სადაც ლამაზი მცენარეები შეხვდებოდა, აგროვებდა და  თაიგული მერისთან მიჰქონდა.

მერი ამბობს, რომ ძალიან მოსწონდა ალიოშას საჩუქრები, თუნდაც მცირედი ყოფილიყო, მაგრამ ერთი საჩუქარი განსაკუთრებული იყო.

ალიოშა ჰყვება:

-„არასდროს დამავიწყდება, მერი და მე ახალდანიშნულები ვიყავით. ბათუმში ვიყავი, გავხედე მაღაზიას, ქალის კოფტა იყო, ვიყიდე და ვაჩუქე მერის. მოეწონა. ხომ ასე იყო?“

–  „კი, ძალიან ლამაზი იყო“ – ადასტურებს მერი.

მერიმ და ალიოშამ ახალგაზრდობის ის ფოტოც მაჩვენეს, სადაც მერის სწორედ ის პერანგი აცვია, ალიოშამ რომ აჩუქა.

მერი და ალიოშა. ფოტო მათი ქორწილიდან მალევეა გადაღებული.

მერის და ალიოშას ვთხოვე, ერთმანეთი დაეხასიათებინათ.

„ჩემი მეუღლე დიდებულია. სტუმართმოყვარე, რაც მთავარია. ერთი ლუკმა საჭმელიც რომ არ იყოს ოჯახში და სტუმარი მოვიდეს, მაგიდაზე ხვავი-ბარაქა იქნება.

ჭიშკართან ხომ ვიღაც მოვა, მიუხედავად იმისა, რომ მოხუცია, შეეგებება – „მობრძანდი“, „ამობრძანდი“, „მიირთვი“, ხელცარიელსაც არავის გაუშვებს.

ერთი მინუსი აქვს – არ უყვარს საზამთრო, ნესვი, ყავა და კომპოტი.

სიცოცხლე და ცხოვრება უყვარს“ – ამბობს ალიოშა.

როგორია ალიოშა? – ვეკითხები მერის.

-„ერთგული ადამიანია“ – მეუბნება მერი. იქვე  ალიოშაც ერთვება: – „ნუ მაქებ, რაც ვარ, ის უთხარი. ხანდახან მრისხანე ვარ“.

მერი არ ეთანხმება: „ჩემთვის კარგი ადამიანია. ამდენ ხანს ერთად ვიქნებოდით, კარგი რომ არ ყოფილიყო?!“ – მიბრუნებს კითხვას.

კითხვაზე – რა უყვარს ალიოშას? – მერი ამბობს, რომ მისი გაკეთებული – ყველაფერი.

-„საოცარი ტოლმის გაკეთება იცის მერიმ“ – ამჯერადაც ჩაერთო ალიოშა.

მერის ისიც ვკითხე, ეუბნება თუ არა ალიოშა კომპლიმენტებს. მერი ამბობს, რომ ხშირად.

„მერის ყოველთვის ვეუბნები, რომ კარგად გამოიყურება. მე რაც ვარ, ეს ვარ, რაღად მინდა ქება-დიდებაო, მაგრამ ადამიანი რომ ბერდება, მერე რა?! როგორი იყო ახალგაზრდობაში, სიკვდილამდე უნდა გქონდეს გულში. სიბერით არ ისაზღვრება ადამიანი. მე თუ მოვხუცდი, რა, ცუდია?!“ – მეუბნება ალიოშა.

რა არის სიყვარული? – მერი ამბობს, რომ სიყვარული ორი ადამიანის ერთმანეთისადმი გამოხატული მხარდაჭერაა.

მის აზრს ისევ ალიოშა აგრძელებს: „თუ ადამიანს ქვეყანა, დედამიწა, ბუნება არ გიყვარს, არ არსებობს სიყვარული. თუ ეს ყველაფერი გიყვარს, სიყვარულიც არსებობს და არსებობს ოჯახიც“.

ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეყვარებულმა წყვილმა ერთმანეთს დრო დაუთმონ, მუდამ, ყველა ასაკში.

„ერთად გვძინავს, მაგრამ მერი გარბის. სიმართლე უნდა გითხრათ. ღამით დავწვებით ერთად, ვნახავ, რომ აღარ არის, გამქრალა, ვეძებ. თავის საწოლში გადადის. ეს სერიოზული საკითხია, თამაში, ხუმრობა, დამალობანა“, – მიყვება ალიოშა, ცოლ-ქმარი იცინის.

მერის და ალიოშას 2 შვილი ჰყავთ. შვილიშვილები ბათუმში ცხოვრობენ. უკვე 13 წელია ყოველ ზაფხულს ალიოშა და მერი იალაღზე ამოდიან და საქმეს ინაწილებენ.

ლოდიძირის იალაღზე ისინი ახლა 3 ძროხას უვლიან – მერის საქმე ძროხების მოწველა, რძის გამოხდა და ყველის ამოღებაა, ალიოშასი კი – პირუტყვის მოვლა, საბალახოდ წაყვანა და საღამოობით მათი შინისკენ მორეკვა.

„ხანდახან მეჩხუბება, რომ არ მოგატყუოთ. მეც ვეჩხუბები, მაგრამ არ გადის 2 წამი, რომ ვრიგდებით,“ – მიმხელს ალიოშა.

„როგორ რიგდებით ასე სწრაფად?“ – ვეკითხები.

„გვიყვარს ერთმანეთი, არ გვინდა ბევრი დრო შესარიგებლად.

რატომ ვეჩხუბები? გული აწუხებს, ინფარქტი გადაიტანა და მერვე წელია ავადმყოფობს.  ვეუბნები, რომ სახლში თუ დარჩები, ავადმყოფობა უფრო მოგერევა, ჩადი ცოტა ხანს ჰაერზე. თორემ, ჩადი იმუშავე, რამე გააკეთე – მაგას ცხოვრებაში არც ვეტყვი,“ – მეუბნება მერი.

რთულია 54 წელი ერთად ყოფნა? – ამ კითხვას ალიოშა და მერი სწრაფად და ერთად პასუხობენ – „არა!“

„ერთმანეთს ვახალისებთ, ვეფერებით, ახალგაზრდობას ვიხსენებთ, მაგრამ სიბერე გულდასაწყვეტია,“ – ამბობს ალიოშა.

მერისა და ალიოშას 54 წლიანი სიყვარულის ისტორია ხულოს იალაღიდან

 

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან მიიღო M270 სარაკეტო სისტემები

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას M270 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მორიგი პარტია გადასცა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს, რომ იარაღი უკვე უკრაინაშია.

„თქვენი მხარდაჭერა გასაოცარია და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. უკრაინის არმია ოსტატურად გამოიყენებს მას ბრძოლის ველზე. მეტი „საჩუქრები“ მალე ჩამოვა“, – წერს რეზნიკოვი.

მრავალფუნქციურ სარაკეტო სისტემას — M270-ს შეუძლია წუთში 12 რაკეტის გასროლა და 80 კმ-ის რადიუსში სამიზნის დარტყმა მაღალი სიზუსტით.

____________

ფოტოზე: სისტემა M270. ფოტო: ოლექსი რეზნიკოვი/Twitter

პარტნიორებს შიშველი სხეულის ფოტოებს უღებდნენ და უვრცელებდნენ, დავაკავეთ 5 პირი – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო და ვიდეომასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

აღნიშნული უწყების ინფორმაციით, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების [პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა] გამოძიებაც დაექვემდებარა.

ბათუმის პორტიდან 400 000 ტონა გოგირდის გადაზიდვას გეგმავენ, საჭიროა პირობების შეცვლა

ბათუმის პორტი ახალი ტერმინალიდან, საიდანაც კარბამიდი გადააქვთ, გოგირდის გადატვირთვასაც გეგმავს. პორტის ინფორმაციით, წლის განმავლობაში დაგეგმილია 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა. აღნიშნული ოპერაციისთვის საჭიროა პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება. შესაბამისად, საქმიანობა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რომლის დროსაც დადგინდება, გოგირდის გადატვირთვა ექვემდებარება თუ არა გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასებას].

ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით უკვე მიმართა და ანგარიშიც წარუდგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების გადასატვირთი ტერმინალი ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წლის 23 იანვარს მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე: „აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტერმინალი ახორციელებს გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის ოპერაციებს. ტერმინალის საპროექტო წარმადობის მიხედვით, წლის განმავლობაში შესაძლებელია 2 მილიონამდე ტონა ნაყარი ტვირთის გადატვირთვა.“

სამინისტროს მიერ 2019 წელს მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილებით ბათუმის პორტიდან გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მოწყობა და ექსპლუატაცია არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს];

გრანულირებულ გოგირდთან დაკავშირებით მოსთხოვენ თუ არა პორტს გზშ-ს, ჯერ უცნობია. სააგენტოს ინფორმაციით, პორტის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით წარუდგინონ.

„ტერმინალში ნაყარი ტვირთების გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება სრული დახურული ციკლით, ატმოსფეროში მტვრის შესაძლო გავრცელების ყველა კვანძი აღჭურვილია ასპირაციული სისტემებით და მტვერდამჭერი ფილტრებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ატმოსფეროში მტვრის გავრცელებს რისკებს“, – აღნიშნულია პორტის სკრინინგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში აღწერილია თუ როგორ ხდება ტვირთის მიღება ტერმინალში და აქედან გემზე გადატვირთვა:

„[რკინიგზის] სადგურ ბათუმი სატვირთოდან, ტერმინალის ჩამოსაცლელ პუნქტში ვაგონების შემოყვანა ხდება ნავსადგურის სარკინიგზო ჩიხის საშუალებით. პროდუქციის ჩამოცლის პუნქტში თავსდება ერთი ვაგონი, საიდანაც ტვირთი იცლება მიწისქვეშა ბუნკერში. მიწისქვეშა ბუნკერიდან საწყობში გადატანა ხდება ლენტური კონვეიერის საშუალებით რომლის ნაწილი განთავსებულია გვირაბში, ხოლო შემდეგ გალერეაში. საწყობებიდან პროდუქციის გემის ტრიუმში ჩატვირთვის მიზნით, ორივე საწყობის იატაკის ქვეშ მოწყობილია მიწისქვეშა ბუნკერები. საწყობიდან ტვირთი იცლება ბუნკერში, საიდანაც ჩამტვირთველის საშუალებით ხდება გემის ტრიუმში გადატანა.“

ამავე ანგარიშის მიხედვით:

  • „დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, გადატვირთული კარბამიდის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 600 000 ტონას და უახლოესი პერიოდისათვის გადატვირთული პროდუქციის რაოდენობის გაზრდა დაგეგმილია 1.2 მილიონ ტონამდე.
  • ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების მიხედვით, ნაყარი ტვირთების ტერმინალის საშუალებით გარდა გრანულირებული კარბამიდისა, გათვალისწინებულია წელიწადში 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა.
  • გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა მოხდება ტერმინალში არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ისე, რომ ტექნოლოგიური ციკლის ცვლილებას ადგილი არ ექნება. გოგირდის მტვრის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებით გათვალისწინებულია მტვრის ჩამხშობი სისტემის გამოყენება. გრანულირებული გოგირდის დროებითი დასაწყობებისათვის მუდმივად გამოყენებული იქნება სამი საწყობიდან ერთ-ერთი.
  • ნაყარი ტვირთების გადასატვირთი ტერმინალის ექსპლუატაციის პროცესში ამ ეტაპზე ადგილი აქვს გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის პროცესში წარმოქმნილი მტვრის გაფრქვევას, ხოლო გრანულირებული გოგირდის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში ადგილი ექნება გოგირდის მტვრის გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ტერმინალში არსებული ტექნოლოგიური სქემის მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ ერთი სახის ტვირთის გადატვირთვა და შესაბამისად კონკრეტული ტვირთის გადატვირთვის პროცესში ადგილი ექნება მხოლოდ ერთი სახით მტვრის გავრცელებას…
  • ტერმინალის მტვერდამჭერი სისტემების ფილტრებში დაჭრილი გოგირდის მტვერი წარმოადგენს პროდუქციას და დაემატება გადასატვირთ გრანულირებულ გოგირდს.
  • გაანგარიშებისათვის აღებული ნარჩენი კონცენტრაციის მაქსიმალური მნიშვნელობის (50 მგ/მ3) შემთხვევაში გოგირდის კონცენტრაცია არ გადააჭარბებს დადგენილ ნორმას უახლოესი საცხოვრებელი ზონის საზღვარზე. მტვრის ჩამხშობი ტექნოლოგიის გამოყენების და ფილტრების გამოსავალზე 30 მგ/მ3 ნარჩენი კონცენტრაციის პირობებში, საცხოვრებელი ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ზემოქმედება არ იქნება მნიშვნელოვანი.“
ტერმინალი ბათუმის პორტში საიდანაც გრანულირებული კარბამიდი გადააქვთ / აქედან გრანულირებული გოგირდის გადატვირთვაც იგეგმება / ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

ახალი ტერმინალი ბათუმის პორტში 2021 წლის ივნისში გაიხსნა.


ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით [რომელიც „ბათუმელებმა“ ახალი ტერმინალის მშენებლობის პერიოდში  მოიპოვა], ტერმინალიდან სხვადასხვა სატრანზიტო ტვირთების გადატანაა შესაძლებელი. მათ შორის:

აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები.

ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი.

ნედლეული: გოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები.

ამ თემაზე ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან:

რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები

 პოდოლიაკი უკრაინაში გადამწვარი მინდვრების ვიდეოს აქვეყნებს – ეს არის „რუსული სამყარო“ 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინაში გადამწვარი მინდვრების ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ რუსეთის უდიდესი სურვილია მთელი ევროპა სწორედ ასეთ მდგომარეობაში იხილოს:

„დამწვარი მინდვრები უკრაინაში. ეს არის „რუსული სამყაროს“ სახე: ნგრევა, სიკვდილი და განადგურება. რუსეთის ყველაზე დიდი სურვილი ევროპის ასეთ მდგომარეობაში ხილვაა. ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა და ჩვენ ბოროტებას გავაბრუნებთ განსაწმენდელში. მხოლოდ ეგზორციზმის იარაღია საჭირო“.

ყირიმის აეროდრომზე მომხდარი აფეთქების კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ასეთი „პატარა აფეთქებები“, როგორც მას თავად რუსებმა უწოდეს, ოკუპანტების საწყობებში კიდევ გაგრძელდება.

„ვფიქრობ, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ასეთი „პატარა აფეთქებები“ რუსეთის საბრძოლო მასალების თითქმის ყველა საწყობში იქნება,“ – ამბობს პოდოლიაკი და დასძენს, რომ რუსების მხრიდან მსგავსი განცხადებები გახშირდება.

მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ ახლა იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ რა ტიპის ომი მიიღო უკრაინაში: „რუსები ხომ 3-7 დღით შემოვიდნენ. ჯერ კიდევ ვერ ვიგებ, გავიდა კი ის სამი დღე, კიევი რომ უნდა აეღოთ. იქნებ ჩვენ უბრალოდ არასწორად გვესმის ეს დღეები. იქნებ მათთვის ერთი დღე – ნახევარი წელია“.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთი საბჭოთა სტანდარტებით იბრძვის – დამრტყმელ დაჯგუფებებს კონკრეტული მიმართულებისთვის ქმნის და კონკრეტული ტერიტორიების დაპყრობას ცდილობს.

„მათთვის ბრძოლა უფრო იოლი იყო, როდესაც ფრონტის წინა ხაზის მომარაგება შეეძლოთ, მაგრამ ახლა, იძულებული არიან, რაც შეიძლება ღრმად ზურგში გადაიტანონ ეს ყველაფერი. ჩვენ რუსეთის არმიის ლოჯისტიკას ვანგრევთ,“ – ამბობს პოდოლიაკი.

მისი შეფასებით, ლოჯისტიკური პრობლემები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და რუსეთის დანაკარგიც გაიზრდება: „ეს ომის სრულიად განსხვავებულია. ისეთი, რომლისთვისაც ისინი მზად არ იყვნენ“.

ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე რამდენიმე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ მომხდარი უკრაინულ მხარეს არ უკავშირდება და აეროდრომზე საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა.

რუსეთის ზარალი სამმა უცხოურმა წყარომ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით შეაფასა. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 9-დან 14-მდე თვითმფრინავი განადგურდა ან დაზიანდა.

8 საბრძოლო თვითმფრინავის განადგურება დაადასტურა დიდი ბრიტანეთის დაზვერვამაც.

აესს დირექტორი მზადაა, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მისიას უხელმძღვანელოს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მზადაა თავად უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობას შეისწავლის.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ თავისი წინადადება 11 აგვისტოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარადგინა.

მისიის მიზანი იქნება:

  • შეფასდეს სადგურისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანი. კერძოდ, რა მდგომარეობაშია უსაფრთხოების ძირითადი და სარეზერვო სისტემები; პერსონალის სამუშაო პირობები.
  • გატარდეს სასწრაფო ზომები უსაფრთხოების მისაღწევად; შემოწმდეს რეაქტორებისა და აპარატურის, ბირთვული მასალების, ნედლი და გადამუშავებული საწვავის საცავები.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა დასძინა, რომ ანალოგიური მისიისთვის სააგენტო ივნისშიც მზად იყო, თუმცა „პოლიტიკური თუ სხვა ფაქტორების გამო“ ეს ვიზიტი ვერ შედგა.

გროსის თქმით, მოცემულ მომენტში ავარიის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს, თუმცა ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ სადგურის სიახლოვეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ყველანაირი საბრძოლო მოქმედება. გარდა ამისა, სპეციალისტები ასეთ პირობებში ვერ იმუშავებენ.

სააგენტოს პირობაა, რომ მისიასთან როგორც უკრაინულმა, ისე რუსულმა მხარემ უნდა ითანამშრომლოს.

თავისი თანხმობა უკრაინამ გაეროშივე გამოთქვა, ელჩმა სერგეი კისილიცამ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მზადაა მისია ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოს.

რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ, უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.

გასულ კვირაში „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსებმა სადგურს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.

სპეციალისტების თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, შედეგები გამანადგურებელი იქნება. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსებმა სადგურს ცეცხლი 11 აგვისტოსაც გაუხსნეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

მთავარი ფოტო: რაფაელ მარიანო გროსი/ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფოტო

საქართველოში უნივერსიტეტები სოციალურ თავშესაფრად იქცა – ინტერვიუ

განათლების სამინისტრომ არათუ არ დაამტკიცა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სტრატეგია, ჯერ განხილვაც კი არ დაუწყია. არადა, ახალი სტრატეგია გასული წლის დეკემბერში უნდა შესულიყო ძალაში. რატომ ვერ ტარდება უმაღლესი განათლების რეფორმა, რას აფუჭებს სახელმწიფო და რა ზიანი ადგება ამით სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს და ქვეყანას? – ამ პრობლემაზე „ბათუმელებთან“ ერაზმუს +ის ყოფილი ხელმძღვანელი, ლიკა ღლონტი საუბრობს.

  • ქალბატონო ლიკა, თქვენ 16 წელია, რაც განათლების პოლიტიკაზე მუშაობთ. ჩართული იყავით განათლების რეფორმების სამოქმედო გეგმის შემუშავებაშიც. პირადად თქვენ რაში ხედავთ მთავარ პრობლემას, რა ნაკლი აქვს ქართული უმაღლესი განათლების სისტემას, რა არის შესაცვლელი? რადგან უკვე ტენდენციაა, ახალგაზრდების უცხოეთში წასვლა სასწავლებლად.

აქ უნდა განვასხვაოთ ორი მნიშვნელოვანი ასპექტი. ის, რომ სტუდენტებს და მათ მშობლებს უნდათ ახალგაზრდებმა განათლება უცხოეთში მიიღონ, ეს არ არის პირდაპირი ინდიკატორი იმის, რომ განათლების დაბალი ხარისხია ქვეყანაში. ეს უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დასაქმების პერსპექტივებზე ფიქრობენ ადამიანები და ძალიან ბევრი საზღვარგარეთ სწავლებას იყენებს როგორც ტრამპლინს, შესაძლებლობას, რომ დასაქმდეს საზღვარგარეთ.

ამის ცალკე სიღრმისეული კვლევა არ არის, მაგრამ ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, მათ შორის, აკადემიურ სფეროში დასაქმებულებისგან, რომ „აი, ბავშვებს გავაგზავნით საზღვარგარეთ, იქ ისწავლიან, იმუშავებენ და შემდეგ ჩვენც მათ მივყვებით და გადავალთ“.

ეს არის ეკონომიკური, გნებავთ, პოლიტიკური ვითარების გარკვეული გამოძახილი. შეიცვალა ტენდენციაც, რადგან თუ ადრე ძირითადად მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე მიდიოდნენ უცხოეთში სასწავლებლად, ახლა ოჯახები, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ცდილობენ ბაკალავრიატის საფეხურზე გააგზავნონ სასწავლებლად შვილები საზღვარგარეთ. ვიცით, რომ როცა ამ საფეხურზე იწყებ სწავლას საზღვარგარეთ, შენი სოციალიზაცია უკვე იმ ქვეყანაში ხდება და მერე შეიძლება არათუ მუშაობა, დაბრუნებაც კი გაგიჭირდეს საქართველოში.

რიგ შემთხვევებში, არათუ უნივერსიტეტებში, სკოლის ბოლო კლასებსაც კი უფინანსებენ შვილებს, რომ საზღვარგარეთ ისწავლონ ბავშვებმა. ეს მთლად მასობრივი მოვლენა არ არის, რადგან დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ყველა ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ განათლების ხარისხის გარდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის საქართველოდან წასვლის სურვილი და ეს უფრო საგანგაშოა, ვიდრე მხოლოდ განათლების დაბალი ხარისხი.

ეს არის საერთო ტენდენციის ნაწილი, რომელიც მიგრაციის თემას უკავშირდება და მტკივნეულია, რადგან უკვე ინტელექტუალური ფენის გადინებაზეა საუბარი.

მეორე თემა, რომელიც ასევე პრობლემატურია, ბუნებრივია, განათლების ხარისხს უკავშირდება. თუმცა მე გენერალიზაციისგან აქაც თავს შევიკავებ, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად კრიტიკულად ვარ განწყობილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი, ერთ ქვაბში მაინც არ ჩავყრი ყველა უნივერსიტეტს, რადგან მთელ რიგ უნივერსიტეტებში არსებობს ძალიან მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზარზე. ამის დასტურია ის საერთაშორისო აკრედიტაციები, რაც მიღებული აქვთ ამ პროგრამებს. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე, დამერწმუნეთ, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობების ან იმის გამო, რომ რაღაც კოჭი გაგვიგორონ, ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტები აკრედიტაციას არ მოგვცემენ.

ასე, რომ ბოლო წლების რეფორმებმა გარკვეულ სფეროებში ნამდვილად დადებითი შედეგი გამოიღო. მაგრამ, ეს არ არის საერთო მდგომარეობის მაჩვენებელი, ძალიან ჰეტეროგენული ვითარებაა, 64 უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში თუ საპატრიარქოს სასწავლებლებსაც მივათვლით, ამდენი სასწავლებელი, უნივერსიტეტი ვერ იქნება თანაბრად კარგი ხარისხის.

მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას უყურებენ არა როგორც ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების საშუალებას, არა როგორც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების საშუალებას, არამედ როგორც სოციალურ თავშესაფარს. ქვეყნისთვის, პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლის კურსდამთავრებულები არ დარჩნენ ქუჩაში და ყველამ თავი შეაფაროს ამა თუ იმ უნივერსიტეტს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ უნივერსიტეტებში ხალხი იყოს დასაქმებული.

რომ შევხედოთ იგივე რეგიონულ უმაღლეს სასწავლებლებს, როგორ წესი, ისინი ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ადმინისტრაციაში ხშირად ნახავთ დუბლირებად ადმინისტრაციულ ერთეულებს – ხალხის პენსიაში გაშვება არ უნდათ. დღეს უნივერსიტეტები დასაქმების თავშესაფარია და განათლებას, მეცნიერებას სამწუხაროდ აქვს სოციალური ფუნქცია.

არ შენდება კონკურენტუნარიანი სისტემა, რადგან ამის ფინანსური საშუალება არ არის, ფინანსური რესურსები რომ მობილიზდეს, მაშინ 64 უმაღლესის შენახვას ვერ მოახერხებს ქვეყანა, მკვეთრად უნდა შემცირდეს სასწავლებლების რაოდენობა, ეს კი პოლიტიკურად ძალიან არამომგებიანი ნაბიჯია. არა მგონია, უახლოეს წლებში რომელიმე ხელისუფლებამ ეს გაბედოს, რადგან ეს გამოიწვევს უმუშევრობის ტალღის გაზრდას აკადემიურ სფეროებში და ეს არავის არ აწყობს.

  • თქვენ შეეხეთ კომპლექსურ პრობლემას, სადაც პრობლემის ერთ-ერთი მთავარი რგოლი პოლიტიკური ნების არქონაა – სკოლებს, უნივერსიტეტებს ხელისუფლება ყოველთვის იყენებს ადმინისტრაციულ რესურსად არჩევნების დროს. მეორე მხრივ, რა დააშავეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც ხარისხიანი განათლების მიღება სურთ საკუთარ ქვეყანაში, რატომ უნდა გადაიხადონ თუნდაც 2500 ლარი იმაში, რაც არ გამოგადგება კარგი ცხოვრების მოწყობაში?

ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან საზღვარგარეთ წასვლის საშუალება ყველას არ აქვს. ყველა ვერ წავა აქედან. უმაღლესი განათლების მიღების მოთხოვნა კი ყოველთვის იქნება ამ ქვეყანაში.

მდიდარი ხალხის და ჩინოვნიკების შვილები საქართველოშიც კერძო სკოლებში სწავლობენ. ესეც იმის კარგი ინდიკატორია, რომ ხელისუფლება არ ენდობა საჯარო განათლების სექტორს.

ახალგაზრდაც იმიტომ მიდის უნივერსიტეტში, რომ პირველი – არ უნდა ქუჩაში იყოს, მეორე – სჭირდება სოციალიზაცია, მეგობრების შეძენა და ასევე, არსებობს იმის თეორიული იმედი, რომ შეიძლება სულაც არ იყოს წყალში გადაყრილი მისი განათლება. მთელ რიგ შემთხვევებში ეს მართლაც ასეა. ნაწილი უნივერსიტეტებისა, მართლა უკეთესი ხარისხის განათლებას იძლევა, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ.

ეს არ არის თანაბარი პროცესი და ყველა უნივერსიტეტზე ამას ნამდვილად არ ვიტყვი. ის კი არა, უნივერსიტეტის შიგნითაც კი, მთელი რიგი საგანმანათლებლო პროგრამები და ფაკულტეტები მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

ხარისხის თემას თუ დავუბრუნდებით, აქ დაფინანსების ნაკლებობაა მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგან წარმოუდგენლად დაბალი დაფინანსება აქვთ მეცნიერებს. ეს სავალალოა, რადგან პროფესორი, რომელიც არ არის კვლევაში ჩართული და არაფერს იკვლევს თანამედროვე თემატიკაზე,  სტუდენტებს ვერ დაელაპარაკება ხარისხიანად და ვერც დოქტორანტის ადეკვატური ხელმძღვანელი იქნება, რაც არ უნდა კარგი ყოფილიყო წარსულში.

ის მწირი დაფინანსებაც კი, რაც ეძლევათ, მთელ რიგ შემთხვევებში, ვერ გამოიყენება სათანადოდ, რადგან ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებს ძალიან შეზღუდული აქვთ ამ ფულის გამოყენების შესაძლებლობები. არიან ხაზინაზე, ტენდერებზე დამოკიდებული, არ არის არანაირი მოქნილი მექანიზმი. რიგ შემთხვევებში იკარგება დრო და ნერვები იმისთვის, რომ ეს მწირი დაფინანსებაც კი ადეკვატურად იყოს გამოყენებული.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს მსოფლიო კვლევითი დაწესებულებების რანჟირების სისტემაში (SCImago Institutions Rankings) საქართველოდან პირველ ადგილს იკავებს. წინა წელს მათი მეცნიერები ყველაზე ციტირებადი მეცნიერების სიაშიც მოხვდნენ. როგორ ხდება ეს, რომ თითქოს წარმატებულია კონკრეტული უნივერსიტეტი, მაგრამ სტუდენტი შეიძლება მაინც უკმაყოფილო იყოს განათლების ხარისხით?

რანჟირებაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან რანჟირების სხვადასხვა სისტემაა: ზოგ შემთხვევაში შეიძლება თსუ იყოს პირველ ადგილზე, ზოგან ილიაუნი და ზოგან კიდევ ტექნიკური უნივერსიტეტია პირველ სამეულში. თუმცა რეალობაში, რანჟირების სისტემებიც ძირითადად სამეცნიერო მიღწევებს ასახავს, რაც ჩვენ ძალიან გვიჭირს.

ის, რომ საქართველოში, ვთქვათ, ილიაუნი რაღაც ნაწილში პირველია და შეიძლება სამხრეთ კავკასიაშიც იყოს მოწინავე, ბევრს არ ნიშნავს, რადგან სამხრეთ კავკასია სამეცნიერო სიახლეებით და ინოვაციებით გამორჩეული რეგიონი არ არის. ასე, რომ აზერბაიჯანთან ან სომხეთთან შედარებით თუ უკეთესი შედეგები გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის ან აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან კონკურენცია შეგვიძლია და ეს შეაჩერებს ჩვენგან სტუდენტების გადინებას. სამწუხაროდ, ასე არ არის.

ჩვენ მეცნიერებაში გვჭირდება ბევრად მეტი ფული, ათჯერ მეტი იმაზე, ვიდრე გამოყოფილია. საჭიროა მოქნილი მექანიზმები ამ თანხის გამოყენებისთვის – როცა რომელიმე უნივერსიტეტი გრანტს იღებს უცხოურ ვალუტაში, ის ფული მიდის ხაზინაში, კონვერტირდება ლარებში და შემდეგ ამ თანხის განკარგვისთვის მილიონი წერილია საჭირო. იკარგება თანხა გაცვლითი კურსების სხვაობების გამო და ასე შემდეგ.

ამიტომ უნივერსიტეტს უნდა ვენდოთ, რომ მოპოვებული გრანტი თვითონ დახარჯოს. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო დაფინანსებაზე, როცა ტუალეტის ქაღალდზე, ფურცელსა თუ პრინტერზე, ყველაფერზე ტენდერების გამოცხადებაა საჭირო. მეცნიერება დიდწილად მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში კეთდება, ამიტომ საჭიროა უფრო მეტი თავისუფლება მივცეთ მათ ხარჯვისას.

  • რას ფიქრობთ რუსთაველის სამეცნიერო ფონდზე, რამდენად კარგად ეხმარება ის მეცნიერებს?

ეს ფონდიც, ძირითადად გაცემული თანხის და ქვითრების უკან დევნის მონიტორინგზეა დაყვანილი. რაიმე ძირეული კვლევა არ დაუფინანსებია. ინდიკატორები, რომლებითაც რუსთაველის ფონდი ზომავს თავის მიერ გაცემულ გრანტების წარმატებას, დაიყვანება მხოლოდ ტექნიკურ, საბუღალტრო ნაწილზე და არა შედეგებზე, რომ რეალურად რა დააფინანსა ინოვაციური. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ პროფესორები გვყავს შავ დღეში. ადამიანი, რომელსაც უნდა სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა, ამის საშუალება არ აქვს: ლექციებს ატარებს, ჩართულია ადმინისტრაციულ პროცესებში და რატომღაც ბოლო ადგილზე გადადის მეცნიერება.

  • რატომ იღებენ ადმინისტრაციულ ტვირთს პროფესორები, ხომ შეიძლება კვლევაზე დახარჯონ მეტი დრო?

იმიტომ, რომ გარკვეული ფინანსური გარანტიები შეიქმნან. მათ ხშირად სამწლიანი კონტრაქტები აქვთ უნივერსიტეტში და ყოველთვის აქვთ განცდა, რომ კონტრაქტებს აღარ გაუგრძელებენ. ამიტომ ყველა შეთავაზებას თანხმდებიან და შემდეგ არიან გადატვირთულები.

სამეცნიერო მუშაობას უნდა დრო და შესაბამისი განწყობა, თავისუფალი ტვინი იმისთვის, რომ კონცენტრირდე სამეცნიერო მუშაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ სფეროებში გვაქვს წარმატებული სამეცნიერო დინამიკა, მთლიანობაში, საქართველოში ეს პრობლემად რჩება.

ასეთივე მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენ ვერ ვეღირსეთ ეროვნული პრიორიტეტული სფეროების ჩამოყალიბებას, რადგან კონკრეტული ინდივიდების დონეზე ლობირებენ სფეროებს. ქვეყანას, რომლის მოსახლეობა 4 მლნ-ზე ნაკლებია და რომელშიც მეცნიერების დაფინანსება მშპ-ს 1%-ზე ნაკლებია, წარმოუდგენელია 80 მიმართულების სამეცნიერო პროექტები ხორციელდებოდეს. უბრალოდ ანეკდოტია, ამას არავინ დაიჯერებს.

ავიღოთ იგივე რუსთაველის ფონდი, 80-100 ათას ლარს გაძლევს სამეცნიერო პროექტში, რომლის ანალოგი ნორმალურ ქვეყანაში რამდენიმე მილიონით ფინანსდება. გასაგებია ხომ, რა ხარისხზეა საუბარი. ასევე მეცნიერს, რომელიც 80 ათასად ფუნდამენტურ კვლევას აკეთებს, ტრილიონი ვალდებულება აქვს უნივერსიტეტში, ეს ხალხი მართლა წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს. სასწაულია, რომ პუბლიკაციებს აქვეყნებენ, კონფერენციებზე დადიან და კვალიფიკაციას არ კარგავენ, მაგრამ მათ სჭირდებათ ძალიან სერიოზული ხელშეწყობა, ნორმალურად რომ იმუშაონ.

პროფესორს რომ შეუქმნა სათანადო პირობები, უნდა შეუმცირო ლექციები, მისცე ასისტენტები, შეუქმნა ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც გრანტების მოძიებაში დაეხმარება.

ზოგიერთი უნივერსიტეტი ცდილობს ამ სისტემის შექმნას, მაგრამ ვისაც არ ესმის ან არ აქვს რესურსი, იქ მეცნიერება იქმნება ენთუზიაზმის ხარჯზე.

არ შეიძლება ეს მწირი რესურსები ყველა მიმართულებაზე გავფანტოთ. არ გამოვა კონკურენტუნარიანი მეცნიერება, თუ ყველაფერს მოვედებით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ რა სფეროებში შეგვიძლია მსოფლიოში კონკურენტუნარიანი კვლევების გაკეთება.

  • რა სფეროებში შეგვიძლია უფრო მეტი წარმატების მიღწევა?

იქ, სადაც გვაქვს სკოლა, რესურსები, არის მათემატიკა, ბიომედიცინა, ლინგვისტიკა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქართულ ენასთან და კულტურასთან, არქეოლოგიასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან. მეორე მიდგომაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შესაძლოა სჭირდებოდეს რაღაც კონკრეტული მეცნიერული მიმართულების განვითარება და ეს მიმართულება დავაფინანსოთ.

თუ ჩვენ ვართ სოფლის მეურნეობის ქვეყანა, მაშინ შეიძლება გვჭირდებოდეს ნიადაგმცოდნეობის განვითარება, მთაგორიანი ქვეყანა ვართ და მჭირდება ხიდების და გვირაბების მშენებლობა? უნდა დავთვალო მაშინ, უცხოელი სპეციალისტის მოყვანა სჯობს, თუ გავზარდოთ ჩვენი სპეციალისტები და გვქონდეს სამეცნიერო კვლევა საქართველოს გეოლოგიასა და გეოგრაფიაზე. ეს არჩევანის საკითხია. მაგრამ ჩვენთან მეცნიერებისა და ეკონომიკის ბმა არ გვაქვს, მოშლილია ეს ყველაფერი.

აბსოლუტური ქაოსია, რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულია, ვინ უფრო ყოჩაღად ლობირებს თავის ინტერესებს. შესაბამისად, ეს მწირი თანხები ნაწილდება არა 5-6 მნიშვნელოვან მიმართულებაზე, არამედ 80 სფეროზე.

  • თქვენ საუბრობთ პროფესორ-მასწავლებლების გასაჭირზე, მაგრამ შევხედოთ სტუდენტების მდგომარეობასაც. მოსმენილი ლექციისგან ვერ იღებენ კმაყოფილებას, არ არიან ბედნიერი სწავლით, ბევრს არ აქვს უკეთესი მომავლის განცდა იმის გამო, რომ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობენ. რა შეგვიძლია ამაზე ვთქვათ?

პანდემიამ ძალიან დიდი კვალი დაამჩნია ამ ყველაფერს, მაგრამ საქართველოში არც მანამდე იყვნენ სტუდენტები ბედნიერები. ის სტუდენტები, რომლებსაც მართლა უნდათ განათლების მიღება, ყოველთვის წუხან ხოლმე. შეიძლება სასწავლო მასალა არ მოსწონდეთ, შეიძლება ლექცია არ მოსწონთ, მეორე თემაა საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების საკითხები, როცა პრობლემაა ცხრილი, აუდიტორია, თარიღები-გამოცდები და ასე შემდეგ. რიგი პრობლემებისა არის ეროვნულ დონეზე მისახედი, მაგრამ რიგი საკითხები უნდა გვარდებოდეს უნივერსიტეტების დონეზე. ამ მხრივ, პატარა, კერძო უნივერსიტეტები ბევრად უკეთ აგვარებენ ასეთ საკითხებს.

ესეც იმ პრობლემის გაგრძელებაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, რომ როცა ლექტორი ლექციაზე შედის, შემდეგ მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური კონსულტაციების საშუალება სტუდენტთან, შუალედური შეფასება იქნება თუ ფინალური, მნიშვნელოვანია სტუდენტთან გქონდეს უკუკავშირი, აუხსნა რატომ დააკლდა ქულა, ან რატომ ვერ იყო კონკურენტუნარიანი. პროფესორს კი გადატვირთული გრაფიკის გამო არ აქვს ამის დრო. გამორიცხულია 300 სტუდენტთან უკუკავშირი გქონდეს. ამიტომ უნდა ჰყავდეს ასისტენტი.

უმაღლესი განათლების და მეცნიერების დაფინანსების მოდელი, რომელიც შარშან შემოდგომაზე უნდა დამტკიცებულიყო, დღემდე განხილულიც არ არის. მიხვდნენ, რომ როგორი სქემაც არ უნდა შემოიღონ, რომელიღაც უნივერსიტეტი აუცილებლად დაზარალდება.

როცა უნივერსიტეტები არის სოციალური პროექტი და არა საგანმანათლებლო, მაშინ მის დაზარალებას გაურბიხარ. ამიტომ არ გვეღირსა ეს მოდელი. არადა, უამრავი ფული დაიხარჯა, ცალკე ევროკავშირის გრანტები, მსოფლიო ბანკისგან კრედიტი აიღეს, რომ ეს რეფორმა გატარებულიყო.

  • ფიქრობთ, რომ ამდენი თანხა წყალში ჩაიყარა?

ყველაფერს სჭირდება გამოყენება ინდივიდუალურ, ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე. ინდივიდებმა მეტ-ნაკლებად ყველაფერი გამოიყენეს, უნივერსიტეტებმა, ვისაც რაიმეს შნო და მარიფათი ჰქონდა, გამოიყენეს. ეროვნულ დონეზე ვერ გეტყვით, რომ გამოყენებულია.

სამინისტროს კი არც პროცესების მართვის კომპეტენცია ეყო და არც პოლიტიკური ნება გამოიჩინა. გააფუჭა ის, რომ არაფერი არ გაუკეთებია. სამინისტრო არ იყო პროაქტიული, ბოლო წლებში ის მხოლოდ პრობლემებზე რეაგირების რეჟიმში მუშაობს. როცა რაღაც პრობლემა წარმოიქმნება, იქ ცეცხლს აქრობენ. გეგმა, სტრატეგია არ არსებობს. არც ის, თუ რატომ არ შესრულდა წინა წლებში დაგეგმილი სტრატეგია.

  • რა დევს ამ სტრატეგიაში, რომელიც სამინისტროს უნდა მიეღო და მისი დანერგვა რას შეცვლიდა უმაღლეს განათლებაში?

ეს სტრატეგია ჯერ არ არის განხილული. ერთი კვირის წინ მქონდა ფეისბუქზე მიწერ-მოწერა სამინისტროს წარმომადგენელთან, მითხრა ამ კვირაში გამოქვეყნდებაო, მაგრამ არაფერი გამოქვეყნებულა. ქვეყანა არ შეიძლება ფუნქციონირებდეს გეგმის გარეშე. წარმოუდგენელია, რადგან ვერ თანამშრომლობ დონორებთან ამის გარეშე, ვერც სტუდენტებთან.

სამინისტრო აქტიურად არ უშლის ხელს უნივერსიტეტებს მუშაობაში და ის უნივერსიტეტი, რომელსაც გაუმართლა და ჰყავს ადეკვატური პროფესურა და ადმინისტრაცია, რაღაცებს აგვარებს. თუმცა ეროვნული პოლიტიკა, უბრალოდ არ გვაქვს.

პრობლემაა ისიც, რომ აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესიც ფორმალურად აფასებს ბევრ რამეს და ხარისხის დამკვიდრება პოლიტიკური ნება არ არის. ქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი მუშაობს, შემდეგ იმ ხალხსაც მართლა სჯერა, რომ პროფესორია.

  • იმას ამბობთ, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა, არ გვქონდეს ხარისხიანი განათლება?  

იმედია, ეს არ არის შეგნებული გადაწყვეტილება. მაგრამ სახელმწიფოს ამ წუთას სოციალური, თუნდაც ღარიბი სტაბილურობა ურჩევნია. სერიოზული რეფორმა აკადემიურ სივრცეში გარკვეულ რყევებს გამოიწვევს, ჩვენ მუდმივ საარჩევნო ციკლში ვიმყოფებით, ამიტომ ეს არავის აწყობს.

ახალი მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ დაფინანსება უნდა მიეცეს იმ უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს კარგი სამეცნიერო მიღწევები, კარგი შედეგები სწავლებაში და სტუდენტზე არ იქნება მიბმული დაფინანსება. ბუნებრივია, მიხვდნენ, რომ ამ პირობით ბევრი უნივერსიტეტის დაკეტვა მოუწევთ.

  • რა გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან სისტემას?

არაფერი. ქვეყნის მთავარი მმართველი გეუბნება, რომ „წადით ქვეყნიდან“, სხვაგან იმუშავეთო და მიდის კიდევაც ეს ხალხი უცხოეთში.

ეს რომ შეიცვალოს, ჩვენ გვინდა მკაფიო პოლიტიკური ნება, პლუს ძალიან მკვეთრად გაზრდილი დაფინანსება. აი, ამ ორი ფაქტორის შერწყმით შეიძლება რაღაც გვეშველოს.

მანამდე ყველა სხვა მცდელობა იქნება წერტილოვანი, არასისტემური და ინტელექტუალური რესურსიც არათანაბრად გადანაწილდება.

ზოგი სასწავლებელი უკვე მთლიანად უცხოელ სტუდენტებზეა ორიენტირებული. იგივე სამედიცინო ავიღოთ, ბიზნესმოდელებად გარდაიქმნენ და ვხედავთ, რომ წარმატებით მუშაობს ეს მოდელი.

ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ გადახდისუნარიანი სტუდენტები მესამე სამყაროდან, მაგრამ ევროპიდან და ამერიკიდან აქ სასწავლებლად არავინ ჩამოვა. ამის ილუზია ვერავის ექნება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 აგვისტოს 21 საათიდან 13 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 აგვისტოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

„სარფის“ საბაჟოდან დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები მალულად შემოიტანეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა 35 094,4 ლარის საბაჟო ღირებულების 374,62 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 849 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 4 108 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 975 ერთეული [+1]
  • MLRS – 261 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 233 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 193 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 778 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 185 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 021 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 90 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 146 ვერტმფრენი
  • 1 732 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 293 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 797 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 290 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 844 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა დაადგინა CNN-მა ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე

ყირიმი რუსეთისთვის უსაფრთხო აღარაა – ბრიტანეთის დაზვერვა აეროდრომის აფეთქებაზე

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყირიმის ავიაბაზაზე რუსეთის 8 სამხედრო თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებს. დღევანდელ რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ 9 აგვისტოს მომხდარის მიზეზი უცნობია.

თუმცა უზარმაზარი სოკოსებრი ღრუბლები, რომლებიც მოწმეთა ვიდეოში ჩანს, მიუთითებს, რომ საბრძოლო მასალების დაახლოებით ოთხი ღია საწყობი მაინც აფეთქდა.

„აფეთქებების შედეგად სულ მცირე ხუთი სუ-24, გამადგურებელი-ბომბდამშენი და სამი სუ-40, მულტიფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა „საკის“ ცენტრალური გაშლის ზონა, თუმცა აეროდრომი კვლავაც მოქმედია“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების ცნობით, 8 საბრძოლო თვითმფრინავი იმ საჰაერო ფლოტის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლის გამოყენებაც რუსეთს უკრაინასთან ომში შეუძლია.

„აეროდრომი, ძირითადად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თვითმფრინავების ავიაბაზად გამოიყენებოდა. საზღვაო ფლოტის ავიაციის შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ინციდენტი, სავარაუდოდ, აიძულებს რუს სამხედროებს, გადააფასონ შესაძლო საფრთხეები, რადგან ყირიმი მათთვის უსაფრთხო ზურგად განიხილებოდა,“ – მიუთითებს დაზვერვა.

ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე, რამდენიმე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ მომხდარი უკრაინულ მხარეს არ უკავშირდება და აეროდრომზე საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა. უწყების ცნობით, არ დაზიანებულა სამხედრო ტექნიკა და არ არის მსხვერპლი.

უკრაინის თავდაცვის უწყებამ იმავე დღეს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ხანძრის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და რუსებს „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და არასათანადო ადგილებში მოწევის აკრძალვის შესახებ“ შეახსენა.

რუსეთის ზარალი სამმა უცხოურმა წყარომ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით შეაფასა. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 9-დან 14-მდე თვითმფრინავი განადგურდა ან დაზიანდა.

აჭარაში ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კაცია – სად არიან ქალები

აჭარის ექვს მუნიციპალიტეტს (ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური) ექვსი მერი და საკრებულოს ექვსი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თორმეტ წამყვან პოზიციაზე მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილნი.

აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს არც ერთი თავმჯდომარე და არც ერთი მერი ქალი არ არის.

საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეთა საერთო რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტებში თვრამეტია. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებიც აჭარის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, კაცები არიან.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ქალი მხოლოდ ორგან გვხვდება: ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოებში. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ნატალია ზოიძეა, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი – ნათია თხილაიშვილი.

აჭარის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეთა საერთო რაოდენობა 15-ია, მათ შორის, მხოლოდ სამია ქალი: ბათუმის მერის ორი მოადგილე – ლელა სურმანიძე და სოფიკო ხალვაში, ასევე, შუახევის მერის ერთ-ერთი მოადგილეა რუსუდან შავაძე.

რას ფიქრობენ გენდერული საბჭოების წევრები და თავმჯდომარეები აჭარის მუნიციპალიტეტებში ამ დისბალანსზე, როგორ აფასებენ მათსავე მუნიციპალიტეტებში მერიისა და საკრებულოს წამყვან პოზიციებზე ქალების არარსებობას?

ეკა გოგუაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრია. ქედის მერს ორი მოადგილე ჰყავს, საკრებულოს თავმჯდომარეს – სამი. ყველა მათგანი კაცია.

„ქალი შეიძლება არ იყოს თანამდებობის პირი, მაგრამ სამსახურის უფროსებად გვყავს ქალები, ბევრი განყოფილების უფროსიც ქალია.

თანამდებობის პირთაგან რახან არავინაა ქალი, არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი პრობლემაა. განყოფილების უფროსები ხომ არიან ქალები? დიდ პრობლემას ვერ ვხედავ“, – ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.

ქალები არც ხულოს მუნიციპალიტეტის მერებად, საკრებულოს წევრებად და მათ მოადგილეებად არ გვევლინებიან.

ხულოს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნარგიზ დეკანაძის თქმით, მოხარული იქნებოდა, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, მერი ან მათი რომელიმე მოადგილე ქალი იქნებოდა ხულოს მუნიციპალიტეტში.

რატომ ვერ ხვდებიან აჭარის მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიმღებ მაღალ პოზიციებზე ქალები? ეს კითხვა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ნატალია ზოიძესაც დავუსვით. საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნატალია ზოიძის კანდიდატურას უჭერდა კიდეც მხარს „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერც ნატალია ზოიძეზე შეაჩერეს ეს არჩევანი.

„არასდროს მქონია პრობლემა წამყვან თანამდებობებზე მემუშავა, ამ დროს პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევებია გადამწყვეტი. რახან საკრებულოებზე ვსაუბრობთ: ეს არის პოლიტიკური ორგანო და პოლიტიკურ ორგანოში მოსახვედრად პოლიტიკური გამოცდილებაა საჭირო.

პოლიტიკურ ცოდნას გამოცდილებით აგროვებ. 2012 წლამდე არ ვიყავი პოლიტიკაში და ეს გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ შემდეგ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, დამეკავებინა მოადგილის ადგილი და საკრებულოს თავმჯდომარეობაც არ იყო ჩემთვის შორეული პერსპექტივა, ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილებოდი. ჩემი გადაწყვეტილებით და გუნდის შიდა განხილვის საფუძველზე, უარი ვთქვი საკრებულოს თავმჯდომარეობაზე“, – ამბობს ნატალია ზოიძე და დასძენს:

„გუნდის შიდა განხილვის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამაზ ჯინჭარაძე გამხდარიყო საკრებულოს თავმჯდომარე. მე თავად გადავწყვიტე, რომ არ გავმხდარიყავი საკრებულოს თავმჯდომარე, გენდერული ნიშნით არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება.“

გენდერის მკვლევრის, მარიამ ჭანჭალეიშვილის შეფასებით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი საქართველოში არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ქალები ნაკლებად გვხვდებიან წამყვან პოზიციებზე მერიებსა და საკრებულოებში:

„ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ აქ, ზოგადად, ქალები ნაკლებად არიან გადაწყვეტილების მიმღებნი.

ძალიან საინტერესოა არჩევნებზე დაკვირვება, როგორ არის ქალების რესურსი გამოყენებული, მაგალითად, ცესკოში. კამპანიის პროცესში არიან აქტიურად ჩართული ქალები და მძიმე, რუტინული, თანმიმდევრული შრომაც არჩევნების დროს მათ ზურგზე გადადის.

ეს არ ეხება მხოლოდ აჭარის მუნიციპალიტეტებს.

ასეა მთელ საარჩევნო პროცესში, მძიმე შრომას ეწევიან ქალები, მაგრამ არა – წინსვლისთვის. მათი საქმე არჩევნებში ძირითადად „შავი მუშის“ შრომაა.

ზოგადი წარმოდგენაა ასეთი, რომ ქალმა თავისით უნდა მიაღწიოს წარმატებას რთული გზით, რაღაცნაირი სენია ასეთი და არამარტო ჩვენს ქვეყანაში. წარმატებული ქალის სახე საზოგადოებაში შექმნილია შრომით, თავდადებით, იმით, თუ როგორი გამორჩეულია ეს ქალი და შეძლო რაღაცისთვის მიეღწია დ ა.შ. მაშინ, როცა წარმატებული კაცები ხდებიან ჩვეულებრივი კაცებიც, არაფრით გამორჩეულები“, – ამბობს გენდერის მკვლევარი.

მას მიაჩნია, რომ შეიძლება ქალებმა არაფერი შეცვალონ მერიებსა და საკრებულოებში და მათი რაოდენობის ზრდით პარლამენტსა თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში  სპეციფიკური ცვლილებები არც მოხდეს, მაგრამ მათი ფიზიკური არსებობა ნებისმიერ ადგილას ბევრ რამეს ცვლის.

„შეიძლება ქალს არ ჰქონდეს კონკრეტული ცოდნა, რა რეპროდუქციული სერვისები შესთავაზოს ადგილობრივ დონეზე ქალებს, მაგრამ მინიმუმ რამეს დაინახავს და თუ ქალებთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს, ჩაეჭიდება და მეტი შანსია, რომ ქალმა ქალებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება დაიწყოს, ეს პრობლემები შენიშნოს“, – ამბობს გენდერის მკვლევარი.

___

ამავე თემაზე:

ყველა მერი კაცია

რა დაადგინა CNN-მა ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე

ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე, რომლის დროსაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა, CNN სპეციალურ რეპორტაჟს აქვეყნებს. რეპორტაჟის თანახმად, სიცრუეა რუსეთის ვერსია, თითქოს კოლონიას უკრაინამ „ჰაიმარსით“ დაარტყა.

ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც დაფუძნებულია ადგილზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების, ასევე აფეთქებამდე და მის შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებისა და შეიარაღების ექსპერტების მოსაზრებებზე, მივიდა დასკვნამდე, რომ მომხდარის რუსული ვერსია, დიდი ალბათობით, გამოგონილია.

პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ შენობას, რომელშიც ტყვეები იმყოფებოდნენ, ზიანი „ჰაიმარსის“ რაკეტისგან მიადგა.

ექსპერტები, რომლებთან კონსულტაციაც CNN-მა გაიარა, დარწმუნებული არიან, რომ ოლენოვკაზე თავდასხმა „ჰაიმარსით“ არ მომხდარა, თუმცა მათ არ შეუძლიათ იმის თქმა, რამ მოკლა და დაჭრა სამხედრო ტყვეები.

 „ადგილზე შესვლის აკრძალვა შეუძლებელს ხდის საბოლოო დასკვნების გაკეთებას, თუმცა ექსპერტების თქმით, ვიზუალური მასალები ძლიერ ხანძარზე მიუთითებს,“ – წერს CNN.

“ჰაიმარსის” რაკეტის ნარჩენები/ფოტო: “ზვევზდა”

„29 ივლისის დილით, ანდრეი ლაზარევმა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხზე „ზვეზდაზე“ მუშაობს, აჩვენა აკურატულად დაწყობილი ფრაგმენტები, რომელთაგანაც ერთ-ერთზე „ჰაიმარსის“ რაკეტის სერიული ნომერი ჩანდა, ხანძრის მიუხედავად შესანიშნავ მდგომარეობაში. რუსეთის თავდაცვის პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ იზოლატორს „ამერიკული „ჰაიმარსით“ დაარტყეს“. თუმცა სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ „ჰაიმარსით“ დარტყმა ორმოებს და სერიოზული დაზიანების კვალს ტოვებს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა,“ – მიუთითებს CNN.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ტრაგედიის შემდგომი ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ შენობის კედლები და სახურავის დიდი ნაწილი არ დანგრეულა. როგორც ექსპერტები ამბობენ, „ჰაიმარსით“ დარტყმა ბევრად უფრო თვალსაჩინო ზიანს გამოიწვევდა.

იმის საჩვენებლად, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო „ჰაიმარსის“ თავდასხმა, ჟურნალისტებმა ერთმანეთს შეადარეს სატელიტური ფოტოები – ერთზე ჩანს „ჰაიმარსის“ რაკეტის კვალი ნოვა კახოვკაში, ხოლო მეორეზე შენობა ოლენოვკაში.

შედარება: მარცხნივ: “ჰაიმარსის” დარტყმის კვალი ნოვა კახოვკაში, მარჯვნივ: შენობა ოლენოვკაში

რამდენიმე ექსპერტი ასევე ეუბნება CNN-ს, რომ ის, რაც ოლენოვკაში გადაღებულ ვიდეოში ჩანს, „ჰაიმარსის“ თავდასხმის შესაძლო შედეგებს არ შეესაბამება.

შეიარაღების ექსპერტი კრის კობ-სმიტი ამბობს, რომ შენობა თხელი კედლებითა და მეტალის სახურავით, „ჰაიმარსის“ დარტყმის შემთხვევაში მთლიანად დაინგრეოდა:

„ამ ვიდეოებზე არსად ჩანს კრატერი. საწოლები არც კი ამოძრავებულა, ბოძები არ დაზიანებულა, თუმცა ჩანს ხანძრით მიყენებული ზიანი. ეს რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტა ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად დავინახავდით კრატერებს, დანგრეულ ჭერსა და კედლებს, აფეთქებულ სხეულებს. აფეთქებით გამოწვეულ შედეგები შენობაზე ან სხეულებზე ფაქტობრივად არ ჩანს. რაც ჩანს, ძლიერი და ინტენსიური ცეცხლით გამოწვეული ზიანია. სახურავის დაზიანებაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია მისი ჩამოშლით და არა აფეთქების შედეგად“.

„ჰაიმარსის“ გამოყენების ალბათობას გამორიცხავენ აშშ-ის ოფიციალური პირებიც.

„ეს ნამდვილად არ იყო „ჰაიმარსი“, – ეუბნება CNN-ს ერთ-ერთი ჩნოვნიკი. მეორე ოფიციალური პირი კი დასძენს, რომ „ცეცხლი, სავარაუდოდ შიგნითვე გაჩნდა“.

სქრინი ვიდეოდან, რომელშიც ჩანს, რომ ჭერი მხოლოდ ნაწილობრივაა დაზიანებული

სამხედრო ტყვეების ნათესავები CNN-ს ეუბნებიან, რომ ოლენოვკაში მყოფებს რაკეტის დარტყმის ხმა არ გაუგიათ.

ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ უკრაინისთვის არანაირი აზრი ექნებოდა შორსმოქმედი რაკეტის გამოყენებას, მაშინ, როდესაც შენობა ფრონტის ხაზიდან სულ რაღაც 15 კილომეტრშია. გარდა ამისა, „ჰაიმარსის“ რაკეტა ძვირადღირებულია და მისი კვალის დადგენაც ძალიან იოლია.

რეპორტაჟში ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა უკრაინელთა იმ ვერსიის გადამოწმებაც, რომლის მიხედვით, კოლონიას რუსებმა თერმობარული იარაღით, „შმელით“ დაარტყეს.

CNN აღნიშნავს, რომ ოლენოვკაში, ყოფილი გამოსასწორებელი კოლონიის ტერიტორიაზე მყოფი 200 სამხედრო ტყვე, მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ცალკე შენობაში გადაიყვანეს – შენობაში, რომელშიც 28 ივლისის ღამის 11 საათზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

როგორც ორი უკრაინელი ჩინოვნიკი CNN-ს ეუბნება, ოლენოვკაში თავდასხმა ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინული მხარე ტყვეების გაცვლას ელოდა.

თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 28 ივლისს, ღამით მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კი თავდასხმისას 130-მდე უკრაინელი ტყვე დაიჭრა.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო – რა უნდა ვიცოდეთ ოპერაციაზე

კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემებით, 2015 წლიდან ქალებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მომატებულია. ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებას ასახელებენ.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა შემთხვევათა 99%-ში ქირურგიული მეთოდით ხდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ონკო-ქირურგის თემურ გოგიტიძის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი კიბო, რომელიც ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება 100%-ით განიკურნოს. „გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს იმ მხრივ, რომ ახლა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციისას შესაძლებელია ხმის ნერვის მონიტორინგი, რაც აქამდე რეგიონში არ ხდებოდა” – ამბობს თემურ გოგიტიძე.

  • ბატონო თემურ, რა კავშირია დიაგნოსტიკასა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მაჩვენებლის ზრდას შორის? რა შეიცვალა? 

ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც გამოვლენის, დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესების გამო, დაიწყო ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის უფრო მეტი შემთხვევის გამოვლენა. ეს უკავშირდება მაღალი სიხშირის, ახალი თაობის ექოსკოპების გამოშვებას, რომლებსაც შეუძლიათ განასხვაონ დაახლოებით 5 მმ-ის ფარგლებში კვანძები ფარისებრში, შესაბამისად, უფრო მეტ შემთხვევაში ხდება დაეჭვება, ბიოფსია და დიაგნოსტიკა, ანუ შესაძლებელი გახდა ფარისებრი ჯირკვლის 5 მმ-იანი კიბოს ნახვა.

  • რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს?

ძირითად მიზეზად მიიჩნევა რადიაცია, თუმცა ეს ჩვენთან ნაკლებად სავარაუდოა, ჩერნობილთან, ნაგასაკისთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის კი აქტუალურია, იმ რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის ეს ძალიან დიდი რისკია.

ისეთ რეგიონებში, სადაც რადიაცია არ არის აქტუალური, ფარისებრის კიბოს რისკფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ, თუ კი ადამიანს აქვს სხივური თერაპიის (ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობის მეთოდი) ჩატარების გამოცდილება სხეულის ზემოთა ნაწილში, გულმკერდზე, კისერზე. ასევე, იშვიათ შემთხვევებში მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ ფაქტორსაც.

ქალებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალ შემთხვევებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია.

  • დიაგნოსტიკა როგორ ხდება?

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს აღმოჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე, კარგი ხარისხის ულტრაბგერითი აპარატი, მის გარეშე ეს შეუძლებელია.

დიაგნოსტიკაში ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად აქვს ექიმს ბიოფსიის გაკეთების გამოცდილება, რადგან ამ დროს საჭიროა სიზუსტე. ამ მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, დაახლოებით 10-წლიანი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დიაგნოსტიკა, რაც ჩვენთან კეთდება, ნამდვილად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

  • რა ასაკში და პერიოდულობით არის რეკომენდებული ფარისებრი ჯირკვლის შემოწმებას პროფილაქტიკისთვის?

საქმე ის არის, რომ ენდემური ზონა არ არის სარისკო ფარისებრის კიბოსთვის, მაგრამ კვანძოვანი ჩიყვისთვის – არის. მაგალითად, მაღალმთიანი აჭარა ენდემური ზონაა, სადაც იოდის დიდი ნაკლებობაა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობაში შესაძლოა უფრო მეტად იყოს კვანძოვანი ჩიყვი.

რაც შეეხება ასაკს, ჩემი რჩევაა, ბავშვებში 2-3 წლიდან ჩატარდეს ერთი ექოსკოპია. თუ ბავშვს ნორმაში აქვს ფარისებრი, შემდეგი ექოსკოპია შეიძლება გაკეთდეს 5 ან 10 წელში, შემდეგ ერთი ექოსკოპია უკვე გარდატეხის პერიოდში, რომ დავრწმუნდეთ, რომ მოზარდს არ აქვს კვანძები, შემდეგ კი უკვე 30-40 წლამდე შეიძლება აღარ დასჭირდეს ადამიანს ექოსკოპია.

თუ კი რომელიმე ეტაპზე ვლინდება კვანძოვანი პათოლოგია, მაშინ საჭირო ხდება დამატებითი კვლევა, ეს არის ჰორმონალური კვლევა, ბიოფსია და ა.შ. პერიოდული შემოწმებების დროს ექიმი განსაზღვრავს.

ფარისებრზე არ არსებობს ერთი, ორი და სამთვიანი კონტროლის პერიოდები. თუ საკონტროლოა კვანძი, ყველაზე მოკლე პერიოდი არის 6 თვე.

როგორც წესი კვანძები არ გადაგვარდება ხოლმე. თუ კვანძი კეთილთვისებიანია, ის შეიძლება ბოლომდე იყოს კეთილთვისებიანი. მაგრამ საქმე ის არის, რომ შეიძლება იყოს რაღაც ჩანასახი, რასაც ატიპია ჰქვია და რაღაც პერიოდის შემდეგ ის შეიძლება გადაგვარდეს.

  • როგორია მკურნალობა?

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობა სხივური თერაპიით არ ხდება, არც მედიკამენტური მკურნალობა მიიჩნევა ეფექტურად, მას ძირითადად ქირურგიული გზით მკურნალობენ.

ოპერაცია შეიძლება დასჭირდეს ფარისებრის კიბოს, ან სხვა კვანძს, ისეთს, რომელიც არის დიდი ზომის, მაგალითად 3-5 სმ და რომელიც იწვევენ დეფორმაციას ან რაიმე სხვა გამოვლინება აქვს. ოპერაცია ასევე შეიძლება დასჭირდეს ტოქსიკურ კვანძებს, ანუ კვანძებს, რომლებიც წამლავენ ორგანიზმს. სხვა ჩვენება ოპერაციისთვის არ არსებობს.

დავაზუსტოთ, კვანძების ამოღება იმისთვის, რომ მომავალში კიბოს განვითარებისგან დავიცვათ თავი, ან ოპერაციის გაკეთება იმისთვის, რომ კვანძები არ განვითარდეს – ასეთი ჩვენება არ არსებობს.

არის შემთხვევები, როცა მომმართავენ პაციენტები და მეუბნებიან, რომ ოპერაციაზე რეკომენდაცია მომცეს და რა ვქნათო. სამწუხაროდ ძალიან ფართოდ გამოიყენება ოპერაცია ჩვენს რეალობაში, რაც არ არის გამართლებული.

თუ ადამიანს არ აქვს დიდი კვანძები, არ აქვს კიბო დიაგნოსტირებული ბიოფსიით და არ არის კვანძი მომწამვლელი, მაგრამ ეუბნებიან ოპერაციას, სჯობს პაციენტმა ეს ჩვენება კიდევ ერთხელ, კარგად გადაამოწმოს.

  • რა რისკები ახლავს ოპერაციას და შესაძლებელია თუ არა ამ რისკების შემცირება?

თუ კი პაციენტს აქვს ფარისებრი ჯირკვლის კიბო ან თუ კვანძები 2-3 სმ-ზე დიდია, ხდება მისი ამოკვეთა.

შესაძლოა საჭირო გახდეს თვითონ ფარისებრი ჯირკვლის ორივე მხარის, ორივე წილის ამოკვეთა. ამ წილებთან ძალიან ახლოს, საოპერაციო ჭრილშივე, სადაც კეთდება ოპერაცია, გადის ხმის ნერვი, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს ხორხის შებრუნებული ნერვის დაზიანება, რაც კლინიკურად ვლინდება ხმის ჩახლეჩით ან დაკარგვით.

თუ დაზიანება ხდება ცალი მხრიდან – ადამიანს ხმის ტემბრი დაუვარდება, აღარ ექნება მაღალი ხმა, თუ მომღერალია, ვეღარ იმღერებს; თუ დაზიანება ხდება ორივე მხრიდან – მაშინ პაციენტი საერთოდ კარგავს ხმას. ამის აღდგენა ზოგჯერ შეიძლება, ზოგჯერ არა. რთული პროცესია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება სუნთქვის პრობლემებიც გამოიწვიოს.

სწორედ ამიტომ აშშ-ში, თურქეთში და გერმანიაში არის სტანდარტია, ანუ აუცილებელია, რომ ოპერაციისას გამოყენებული იქნეს ხმის ნერვის მონიტორინგის აპარატი. ეს არის სპეციალური აპარატი, რომელიც გვეხმარება ოპერაციაზე აღმოვაჩინოთ ეს ნერვი და მთელ სიგრძეზე დავიცვათ ის შემთხვევითი გადაჭრისგან, ან თუ კი მასში ჩაზრდილია სიმსივნე, გვეხმარება მის გადარჩენაში.

ქართული პროტოკოლით ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, ამიტომ ბევრგან ეს ოპერაცია კეთდება ამ აპარატის გარეშე და ეს დანაშაულს არ წარმოადგენს, თუმცა, თუ კი ასეთი გართულების თავიდან აცილების საშუალება არსებობს, ჩვენი, როგორც ქირურგების და ექიმების მხრიდან, ძალიან არასწორი იქნება მისი არ გამოყენება.

ჩვენ ეს აპარატი თურქეთიდან ჩამოვიტანეთ და თუ ადრე ასეთი ოპერაციებისთვის პაციენტებს თურქეთში უწევდათ წასვლა, ახლა ამ ოპერაციის ისეთივე მაღალი ხარისხით ჩატარება ჩვენს რეგიონშიც შესაძლებელია. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოპერაცია 100%-ით იქნება დაზღვეული ხმის ნერვის დაზიანებისგან, მაგრამ რისკები ძალიან შემცირებულია.

ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში 30 მისამართზე 49 ძველ, ამორტიზებულ ლიფტს, ახლით ჩაანაცვლებენ. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი ლარია გამოყოფილი.

საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 162 593 ლარით გამოაცხადა.

პირობაში აღნიშნულია, რომ „ლიფტის მონტაჟის სამუშაოები უნდა შესრულდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადაპტირებისათვის გათვალისწინებული ნორმების დაცვით [არსებული შახტების ზომების გათვალისწინებით]“.

ბათუმში ლიფტებს შეცვლიან შემდეგ მისამართებზე:

ჭავჭავაძის ქუჩა N78/88 – IV და VI სადარბაზოებში
26 მაისის N10/12 – I და II სადარბაზოებში
ჰაიდარ აბაშიძის N10/12 – II სადარბაზოში
გ. ლეონიძის N4 – [სატვირთო]
ლერმონტოვის N101 – I სადარბაზოში
ალ. გრიბოედოვის N26
მ. ლერმონტოვის N1/9 – I და III სადარბაზოებში
ზ. გორგილაძის N54 – II სადარბაზოში
ალ. გრიბოედოვის N32 [ძველით 38, სატვირთო]
შ. ხიმშიაშვილი N41 – II სადარბაზოში
ზ. გორგილაძის N86 – I სადარბაზოში
ბესიკის N44 – I და II სადარბაზოებში
პ. ბაგრატიონის N138 – I და II სადარბაზოებში
გ. ტაბიძის N5
შ. ხიმშიაშვილის N25 – I, II და III სადარბაზოებში
ბესიკის N42 – II სადარბაზოში
შ. ხიმშიაშვილის N9 – I, II და III სადარბაზოებში
დ. აღმაშენებლის N11 – I და II სადარბაზოებში
ს. ხიმშიაშვილის N37 – [სატვირთო ლიფტი]
შ. ხიმშიაშვილის N35 – I სადარბაზოში
ლ. გუდიაშვილის N20 – I და II სადარბაზოებში
ლ. გუდიაშვილის N18 – I სადარბაზოში
ა. ახმეტელის N1 – [სატვირთო ლიფტი]
შ. ხიმშიაშვილის N23 – I და II სადარბაზოებში
ლუკა ასათიანის 79/81 – I სადარბაზოში
ზ. გორგილაძის 86ა – I და II სადარბაზოებში
ზ. გორგილაძის 54/62 – VI სადარბაზოში
ი. ჭავჭავაძის N39/47-ში – I, III, IV და V სადარბაზოებში
შ. ხიმშიაშვილის N43 – I, II და III სადარბაზოებში
შ. ხიმშიაშვილის N33 – I და II სადარბაზოებში

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და ხუთ დღეში, 22 აგვისტოს დასრულდება.

ახალი ლიფტები, მითითებულ მისამართებზე, ტენდერში გამარჯვებულმა 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დაამონტაჟოს.

ამასთან, მერიის სამმართველო, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული: „უფლებას იტოვებს პროექტის ვადების მართვის მიზნით მოსთხოვოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა ან შემოიფარგლოს წერილობითი დავალების მიცემით, რომელიც უნდა შეიცავდეს სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტულ ვადებს“.

უკრაინელი პილოტის ბოლო ფრენა – გმირი, რომლის ვერტმფრენიც ოკუპანტებმა ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ფლოტის უფროსი პილოტი, პოლკოვნიკი იგორ ბეძაი 20 ივლისს 50 წლის გახდებოდა.

მისი ვერტმფრენი პროფესიონალური მანევრის წყალობით სასწაულებრივად გაექცა რუსულ გამანადგურებელ სუ-30, რომელმაც ორჯერ გაისროლა ბეძაის ვერტმფრენისკენ. თუმცა უკრაინელი პილოტი ვეღარ გადაურჩა ამავე გამანადგურებლისგან გასროლილ მართვად რაკეტას Р-73.

ეს პოლკოვნიკ ბეძაის ბოლო ფრენა იყო. ბორტზე ხუთი უკრაინელი სამხედრო პირი იმყოფებოდა. ვერტმფრენი რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს.

უკრაინის გმირის, იგორ ბეძაის შესახებ ვრცელ მასალას უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა  Armyinform-ი აქვეყნებს.

  • საბედისწერო 7 მაისი

„შვიდ მაისს, დილის შვიდ საათზე დამირეკა. ჩვეულებრივად ვისაუბრეთ. ცუდი წინათგრძნობა არ მქონია. დამირეკა და მკითხა, როგორ ვიყავით, შვილები როგორ იყვნენ. ხმაზე ეტყობოდა – უძინარი იყო. საუბრისას მესმოდა, როგორ ქროდა ქარი და მივხვდი – აეროდრომზე იყო, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენიმე საათი გავიდა და სახლთან მანქანა გაჩერდა, ორი გოგო გადმოვიდა. იგორი აღარ არისო, მითხრეს. ძაფივით გაწყდა ჩემი ცხოვრება. ფეხზე ძლივს ვიდექი და ვფიქრობდი, როგორ უნდა მეთქვა ეს ამბავი იგორის დედისთვის“, – იხსენებს პილოტ ბეძაის ცოლი, იულია ბეძაი.

იგორ ბეძაი მეუღლესთან, იულიასთან ერთად

იგორს უახლოესი მეგობარი ჰყავს, სერგეი, ასევე ოფიცერი. მეექვსე კლასიდან მეგობრობდნენ და ერთად გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ პილოტები.

იგორის მეუღლე ქმრის მონათხრობს იხსენებს, რომ მფრინაობისკენ იგორს და მის მეგობარ სერგეის სკოლაში სამხედრო საქმის მასწავლებელმა უბიძგა.

სამხედრო საქმის მასწავლებლის შვილი პილოტი იყო და ბიჭებს ხშირად ესაუბრებოდა სამხედრო ავიაციაზე. იგორი სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავის მართვაზე ოცნებობდა, სერგეის კი ვერტმფრენის პილოტობა უნდოდა.

1989 წლის ზაფხულში სერგეი ხარკოვში საავიაციო საინჟინრო სასწავლებელში ჩაირიცხა. იგორი კი მფრინავების უმაღლესი სამხედრო საავიაციო სკოლის სტუდენტი გახდა. სკოლის მეგობრებმა სამხედრო უნივერსიტეტიც ერთად დაასრულეს 1993 წელს. ამის შემდეგ სერგეიმ მიკოლაევის, იგორმა კი ოჩაკოვოს საზღვაო საავიაციო დანაყოფში დაიწყო მუშაობა.

  • როგორ გადაარჩინა იგორ ბეძაიმ საავიაციო ტექნიკა ყირიმში

2004 წელს იგორ ბეძაი – ნოვოფედოროვკაში, ყირიმში გადაიყვანეს. იგორი ყირიმში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. რუსი დამპყრობლების მიერ ყირიმის ანექსიის დროს, 2014 წელს, ის უკვე საზღვაო საავიაციო ჯგუფის მეთაური იყო.

„შეურაცხმყოფელი და ამაზრზენი იყო, როცა ვხედავდი, ყირიმში, სამხედრო ნაწილზე აპირებდა თავდასხმას ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ის ხალხი, ვინც სხვა დროს გვიღიმოდა და სამხედრო მფრინავებს პროფესიულ დღესასწაულებსაც კი ულოცავდა.

ვხედავდი ჩემი შვილის, ილიას ინგლისური ენის მასწავლებელი როგორ მოდიოდა საგუშაგოსკენ და ყვიროდა – კმარა, უნდა გავყაროთ ეს ბანდერელებიო“, – იხსენებს იულია ბეძაი, იგორ ბეძაის მეუღლე.

მისი თქმით, იგორს ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, მაგრამ უკიდურესად რთულ მომენტშიც კი ოფიცერს არ დაუკარგავს თავდაჯერებულობა და იუმორის გრძნობა:

„2014 წელსაც ასე იყო, როცა დაურეკეს და აცნობეს, რომ 19 მარტს ავიადაჯგუფება შტურმით აიღებდა დანაყოფს. იგორის პასუხი ზარზე ასეთი იყო – მაინც და მაინც 19 მარტს? შვილის დაბადების დღეა და არ ვისურვებდი დღესასწაულის ჩაშლასო.

ფაქტია, რომ 19 მარტს რაშისტებს არ დაურტყამთ იგორის დანაყოფისთვის. ბლოკპოსტს ოკუპანტები თავიანთ კოლაბორაციონისტებთან ერთად 22 მარტს მიადგნენ.

იგორის ინიციატივით საავიაციო ტექნიკა მიკოლაევის ოლქში ისე გადაანაწილეს, რომ რადიოსალოკაციო აპარატურა გამორთო (მოწინააღმდეგისთვის ტექნიკის ადგილსამყოფელის დამალვის მიზნით).

ისე მყისიერად, უეცრად და ფარულად გააკეთა ეს იგორმა, რომ უკრაინელი სამხედროებიც კი ვეღარ პოულობდნენ ავიატექნიკის ადგილს“, – იხსენებს უკრაინის გმირის ცოლი 2014 წლის ყირიმის ამბებს და აგრძელებს:

„მახსოვს, იგორი ჰყვებოდა, როცა ჩვენი ვერტმფრენები და თვითმფრინავები აფრინდა, 40 წუთის განმავლობაში, ხელები გვქონდა ჩაჭიდებული ერთმანეთისთვის პილოტებს და ვლოცულობდით, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყოო.

მოგვიანებით, როცა გააცნობიერეს, რომ დავალება წარმატებით დასრულდა, შვებით ამოისუნთქეს.

ყირიმში, იგორის დანაყოფმა 6 აპრილს მიიღო პირველი დარტყმა რუსებისგან: საღამოს, ოფიცერთა საერთო საცხოვრებელში ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით, ორი გასროლით მოკლეს შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი, მაიორი სტანისლავ კარაჩევსკი.

ასე ტრაგიკულად დასრულდა ჩვენი ათწლიანი ყოფნა ყირიმში. მე და იგორი დავბრუნდით ჩვენს მშობლიურ მიკოლაევში, სადაც ყოველთვის გვინდოდა დაბრუნება, მაგრამ არა ასე“, – იხსენებს იულია ბეძაი.

უკრაინელი იგორ ბეძაის შეუიარაღებელი, თეთრი ვერტმფრენი, საბედისწერო ფრენის დროს სამძებრო-სამაშველო დანიშნულების სამუშაოს ასრულებდა. მას ამ პერიოდში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენადაც იყენებდნენ. ამის მიუხედავად რუსმა პილოტმა, ილია სიზოვმა ვერტმფრენს მაინც ესროლა.

სიზოვს, როგორც თავად გაავრცელა შემდეგ ინტერნეტში ინფორმაცია, რუსეთში გმირის ვარსკვლავი მიანიჭეს.


წყარო: Aryinform

ქვეყნდება შემოკლებით

ფოტოები: უკრაინის თავდაცვის ძალები

საქართველოს, როგორც დერეფნის როლი, უფრო მნიშვნელოვანი ხდება – იაპონიის ელჩი

„გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთის გზას, რომელიც რუსეთზე გადის, პრობლემები აქვს“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში იაპონიის ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ.

იგი მიიჩნევს, რომ ეს მოცემულობა საქართველოს როლს უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

„საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის „შუა დერეფნის“ შემადგენელი ქვეყნის როლი, უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბევრი ექსპერტის თანახმად, ეს დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებისთვის და უფრო კონკურენტუნარიანია ჩრდილოეთის და სხვა პრობლემურ გზებთან შედარებით.

ამავე დროს, იაპონია საკმაო ხანია წინ წევს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის შორის ხიდის როლს. 1990-იანი წლებიდან აზიის განვითარების ბანკმა დაიწყო პროგრამა „CAREC“ – რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა „შუა კორიდორის“ ქვეყნებისთვის. ამ ჯგუფს საქართველოც შეუერთდა.

ჩვენ ცენტრალურ აზიაში ინფრასტრუქტურის განვითარებით ვართ დაკავებული, საქართველოს კი დავეხმარეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მოდერნიზაციაში. ინფრასტრუქტურა არაა ერთადერთი ელემენტი.

ასევე, დაკავებული ვართ სავაჭრო ფასილიტაციით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, სანამ არ იქნება ქვეყნებს შორის კოორდინირებული საბაჟო სისტემა. „შუა დერეფანი“ ხუთ-ექვს ქვეყანაზე გადის, ყველას სხვადასხვა სისტემა აქვს, ამიტომ ახლო კოორდინაცია გვჭირდება. ჰარმონიზაცია საბაჟო სისტემაში და პროდუქციისა და მომსახურების თავისუფალი გაცვლა – აი, რით ვართ დაკავებული.

ახლა ვაკვირდებით პროექტებს, რომლებიც მომავალში „შუა დერეფანს“ მისცემს სახეს. ასევე, ვაკვირდებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, მაგალითად, ანაკლიის პორტს. მიმაჩნია, რომ ეს საქართველოსთვის შესაძლებლობაა, არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი“ – თქვა იმამურა აკირამ.

„ბათუმელები“ იაპონიის ელჩთან სრულ ინტერვიუს 12 აგვისტოს გამოაქვეყნებს. 

ქედასა და ხულოში ოჯახებისთვის 77 მზის სადგურს შეისყიდიან – მსურველია 196

ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მზის პანელებს შეისყიდიან. 77 მიკროელექტრული მზის სადგურის შესყიდვაზე ტენდერი „აგროსერვისცენტრმა“ 615 800 ლარით უკვე გამოაცხადა. მომსახურებაში შედის მონტაჟიც.

„აგროსერვისცენტრში“ განაცხადეს, რომ მზის პანელებს ევროკავშირის გრანტით შეისყიდიან. ამასთან, მოქალაქეების მხრიდან განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და სულ 196 განაცხადია შესული. აქედან მაქსიმუმ 77 ბენეფიციარს შეარჩევენ. თითოეულს კი, მზის ელექტროსადგურის ღირებულების 10 პროცენტის გადახდა მოუწევს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი ბენეფიციარების შესარჩევად. ადგილზე გადამოწმდება საცხოვრებელი სახლების მდებარეობა, პრიორიტეტი იქნება, მაგალითად, ის სახლი, რომელსაც შედარებით მეტ ხანს ანათებს მზე; ასევე, ოჯახი ეწევა თუ არა რაიმე ბიზნესს, მაგალითად, საოჯახო სასტუმრო თუ სხვა. არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც სპეციალური კომისია შეარჩევს ჯერ პოტენციურ ბენეფიციარებს, შემდეგ მათ გაესაუბრებიან და ყველა პროცედურის ამოწურვის შემდეგ შეარჩევენ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ მზის მიკროელექტრულ სადგურებს,“ – გვითხრეს „აგროსერვისცენტრში“.

ტენდერში წინადადების მიღება 2022 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 9 სექტემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, „საქონლის მიწოდება [თანმდევი მონტაჟით] უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში“.

აგროსერვისცენტრის ინფორმაციით, „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში.

გრანტის მოცულობა შეადგენს მზის ფოტოვოლტური სისტემის მთლიანი ღირებულების 90%-ს, მაგრამ არაუმეტეს 8 000 ლარს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა შეადგენს, ამ სისტემის საერთო ღირებულების არანაკლებ 10%-ს.“

აღნიშნული პროგრამა ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. ამ ეტაპზე უცნობია, ანალოგიური პროგრამა მომავალში გაგრძელდება თუ არა.

რადიაციულ ქარს ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ კრემლის შეჩერება შესაძლებელია – ზელენსკი

„რუსეთი უკრაინაში იქცევა როგორც ბირთვული ტერორისტი. კატასტროფის შემთხვევაში რადიაციის გავრცელებას ვერავინ შეუშლის ხელს, მაგრამ მოსკოვის შეჩერება შესაძლებელია“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოკავშირე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების კონფერენციაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული „24 კანალი“ ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, რუსეთს მძევლად ჰყავს აყვანილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ყველას აშანტაჟებს მოსალოდნელი კატასტროფით.

„საფრთხე ძალიან დიდია, რადგან რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული კატასტროფის პროვოცირება. ავარია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლოა ჩერნობილზე უარესიც კი იყოს“ – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ავარიის შემთხვევაში ეს რეალურად იქნება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ბირთვული დარტყმის გარეშე.

„ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეაჩერებს რადიაციულ ქარს, მაგრამ ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ტერორისტული სახელმწიფო,“ – თქვა ზელენსკიმ.

რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

8 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ოკუპანტები ღიად იმუქრებიან ბირთვული ტერორიზმით და აცხადებენ, რომ თუ უკან დახევა მოუწევთ, მზად არიან ზაპოროჟიეს დანაღმული ელექტროსადგური ააფეთქონ.

ამავე თემაზე: 

რუსები მზად არიან ზაპოროჟიეს ატომური სადგური ააფეთქონ – ენერგოატომი

რა სისუსტეები აქვს რუსულ შეიარაღებას – უკრაინის თავდაცვის შიდა ანგარიშის დეტალები

რუსული იარაღი „არაეფექტიანი“ და „მოძველებულია“ – ასე აფასებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის შეიარაღებას შიდა დოკუმენტში, რომლის დეტალებსაც ბრიტანული The Times გაეცნო.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბრძოლაში მოპოვებული რუსული შეიარაღება არასანდოა და თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება.

გამოცემას მოჰყავს რამდენიმე მაგალითი, კერძოდ, რა სისუსტეები აქვს რუსულ ტექნიკას უკრაინის თავდაცვის შეფასებით:

თვითმფრინავ Ka-51 „ალიგატორს“, რუსეთის ფედერაცია „მფრინავ ტანკს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ მისი ჯავშნიანი კაბინა 12,7 მმ კალიბრის ტყვიას უძლებს, თუმცა მისი  ჩამოგდება 7,62 მმ-ის კალიბრის იარაღით შეიძლება.

ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ სიზუსტე 33 %-ია. უკრაინაში გამოყენებული რაკეტების 30 % კი სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა. კიდევ ერთი რაკეტის სიზუსტე, რომლის სახელსაც უკრაინის თავდაცვა ანგარიშში არ ასახელებს, 49%-ითაა შეფასებული.

ჯავშანმანქანა Ural-63706-0010 Tornado-U-ს, რომელიც შეიარაღებისა და სამხედრო აპარატურის გადასატანადაა შექმნილი, სერიოზული ჯავშანი უნდა ჰქონდეს, თუმცა „მისი დაზიანება იოლად შეუძლია ცეცხლსასროლ იარაღით“.

BMD-4M, რომელიც ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანაა, ასევე სუსტადაა დაცული ცეცხლსასროლი იარაღისგან, ნაღმების ნამსხვრევებისა და ჭურვებისგან. უკრაინის არმიამ ბრძოლაში 10 ასეთი მანქანა მოიპოვა.

რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკი Т-72Б3, ასევე BTR-82A ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა სამხედრო ჯავშანტექნიკა დაუცველი აღმოჩნდა დასავლური ტანკსაწინააღმდეგო იარაღის პირისპირ.

უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“, ანგარიშის თანახმად, ძირითადად შედგება უცხოური ნაწილებისგან, რომლებიც „მალე ცვდება“, რის გამოც დრონი იოლად გამოდის წყობიდან. კიდევ ერთ უპილოტო საფრენს აპარატს „ელერონ 3СВ-ს“, უკრაინის თავდაცვის შეფასებით, აქვს Olympus-ის კამერაა, რომელიც საკმაოდ ჩამორჩება ანალოგიური აპარატის Sony-ს კამერებს.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Pantsir-S1, დოკუმენტის თანახმად, ვერ უმკლავდება ერთდროულად რამდენიმე დრონის შეტევას და დაუცველია ჰაერიდან თავდასხმის შემთხვევაში.

რა უნდა ვიცოდეთ კიბოს სკრინინგის ჩატარებამდე

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია.

კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია. კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, მთავარ გამოწვევად ისევ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდა რჩება.

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში ჩართვა შეუძლია სამიზნე ასაკის ყველა ქალს: 40-დან 70 წლამდეძუძუს კიბოს სკრინინგისთვის; 25-დან 60 წლამდესაშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის.

პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე ასაკის კაცებს უტარდებათ, ხოლო სწორი ნაწლავიდან ფარული სისხლდენის სკრინინგი 50-დან 70 წლამდე ქალებსა და კაცებს.

  • ძუძუს გამოკვლევები – 40-დან 70 წლამდე ქალებისთვის პროგრამა ითვალისწინებს მამოგრაფიას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიურ გამოკვლევას. მამოგრაფია უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც მკერდზე ტარდება სპეციალური აპარატით. პროცესი რამდენიმე წამს გრძელდება. ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები –  25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის პროგრამა უზრუნველყოფს პაპ ტესტის ჩატარებას[ნაცხის აღება] და პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული გამოკვლევა). საჭიროებისამებრ ხდება ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური გამოკვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება სამ წელიწადში ერთხელ.
  • პროსტატის გამოკვლევა – 50-დან 70 წლის ჩათვლით კაცებისთვის, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას.
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები [კოლორექტული] – 50-დან 70 წლის ჩათვლით ადამიანებისთვის, პროგრამა უზრუნველყოფს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლონოსკოპია და ამ დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

კლინიკა „მედცენტრის“ ონკოქირურგი მზია ხალვაში ამბობს, რომ მამოგრაფიამდე, ანუ ძუძუს გამოკვლევებზე, პაციენტს არ უნდა ჰქონდეს მენსტრუაციის პერიოდი.

„ძუძუს კიბოს სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუაციის დაწყებიდან მე-7-14 დღეს. ასევე, გამოკვლევის დღეს ნუ წაისვამთ დეოდორანტს, კრემს, პუდრს“ – ამბობს მზია ხალვაში.

მისი თქმით,  გარკვეული შეზღუდვები არსებობს პაპ ტესტის აღების [საშვილოსნოს ყელის შემოწმებისას] შემთხვევაშიც, კერძოდ:

„გასათვალისწინებელია, რომ სკრინინგისთვის საუკეთესოა ციკლის შუა პერიოდი [მენსტრუაციის დაწყებიდან დაახლოებით მე-14- მე-15 დღე]. გარდა ამისა, დაუშვებელია Pap ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დროს.

ასევე, თუ სქესობრივი კონტაქტის დროს გამოიყენეთ დაცვის ბარიერული საშუალება [კონდომი], უახლოესი 24 საათის განმავლობაში Pap ტესტის ჩატარება რეკომენდებული არ არის, რადგანაც კონტრაცეპტივებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ტესტის შედეგზე გავლენას ახდენს და შესაძლოა საჭირო გახდეს ტესტის განმეორებით ჩატარება,“ – ამბობს ონკოლოგი.

რაც შეეხება კაცების სკრინინგს, „ხდება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა და აქაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რეკომენდაციები,  კერძოდ, ტესტის ჩატარება აუცილებლად უნდა მოხდეს უზმოზე. სისხლის სინჯები უნდა იქნას აღებული დილით, უროლოგიური მანევრების ჩატარებამდე და პროსტატის ანთებითი დაავადების (პროსტატიტის) განკურნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ,“ – განმარტავს ონკოლოგი.

ექიმი ამბობს, რომ სკრინინგის პროგრამით მოსარგებლე შეიძლება იყოს როგორც სიმპტომური, ისე უსიმპტომო პაციენტი.

„სკრინინგით მოსარგებლე არის ნებისმიერი ასიმპტომური პაციენტი, ვისაც არანაირი ჩივილი არ გააჩნია. ეს ემსახურება იმას, რომ დროულად გამოვავლინოთ პრობლემა, მანამ, სანამ სიმპტომი გაჩნდება. ასევე, პაციენტმა უნდა მოგვმართოს მაშინ, როცა მას აქვს ნებისმიერი სახის ჩივილი. ეს შეიძლება იყოს ტკივილი ძუძუში, კანის გამოხატული სიმპტომები, დვრილის ჩაბრუნება, არეოლის გასქელება, გამკვრივება, ან იღლიაში ლიმფური კვანძის შემჩნევა.

ნებისმიერ შემთვევაში პაციენტი უნდა მოვიდეს და პროფილაქტიკურად უნდა მოხდეს მისი სკრინინგული გამოკვლევა,“ – ამბობს მზია ხალვაში, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ეს ჩივილები აუცილებლად კიბოს დიაგნოზზე არ მიანიშნებენ.

ამ პროგრამების გარდა, ბათუმში რეგისტრირებულ მოსახლეობას შეუძლია ჩაერთოს ბათუმის მერიის უფასო პროგრამაში: „ფილტვის კიბოს სკრინინგი“. პროგრამით  სარგებლობა შეუძლიათ ქალებს 50-დან 60 წლამდე და კაცებს – 50-დან 65 წლამდე. შემოწმება ტარდება კლინიკა „მედცენტრში“. პროგრამის ფარგლებში ხდება სპეციალური კითხვარით რისკჯგუფის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ტარდება უფასო კომპიუტერული ტომოგრაფია.

სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში, სადაც შესაძლებელია სკრინინგის ჩატარება:

  • შპს”ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი”
  • BROTHERS ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
  • ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
  • შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი
  • შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი
  • შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“
  • ბათუმის ევექსის პოლიკლინიკა
  • შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“
  • შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო (ახალი)
  • ევექსის კლინიკები ქედის ს/ც
  • ევექსის კლინიკები შუახევის ს/ც
  • ევექსის კლინიკები ხულოსს/ც
  • ევექსის ჰოსპიტლები ქობულეთის სამედიცინო ცენტრი
  • ს.ს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი
  • ევექსის კლინიკები ჩაქვის ს/ც

______________________

ფოტოზე: მზია ხალვაში, ონკოლოგი

ყირიმის ხიდი რაც შეიძლება მალე უნდა განადგურდეს – ჩუბაროვი

რუსეთმა ქერჩის ხიდი [იგივეა, რაც ყირიმის ხიდი] უკანონოდ ააგო და ახლა უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. შესაბამისად, ეს ხიდი ძალიან მალე უნდა დაინგრეს. ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ, რეფატ ჩუბაროვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ნოვოფედოროვკაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ააფეთქეს.

9 აგვისტოს, ამ აფეთქების შედეგად, რუსეთის საჰაერო ძალებმა უდიდესი დანაკარგი განიცადა – მინიმუმ 9 თვითმფრინავია განადგურებული.

ჩუბაროვმა აღნიშნა, რომ ეს ხიდი არის მთავარი საკომუნიკაციო არხი, რომლითაც ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე რუსული ტექნიკა და ჯარები შეჰყავთ.

„ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის აკვატორია, რომელიც საზღვაო კანონის თანახმად ჩვენს ტერიტორიას ესაზღვრება… ეს ხიდი უკანონოდ აშენდა და მას ახლა იყენებენ უკრაინელი ხალხის, უკრაინის სახელმწიფოს გასანადგურებლად. ვფიქრობ, სწორედ თავად ყოვლისშემძლე მიუთითებს, რომ ასეთი ობიექტი, რაც შეიძლება მალე უნდა განადგურდეს“, – განაცხადა მეჯლისის ხელმძღვანელმა.

იმაზე საუბრისას, თუ რამდენად არსებობს ასეთი დარტყმის შესაძლებლობა, ჩუბაროვმა აღნიშნა, რომ სამხედროებმა „იციან რასაც აკეთებენ და იციან, რომ ხალხი ამას ელის“.

„მაგრამ ეს აღარ იქნება მხოლოდ გამოფხიზლება, ეს განგაშის სიგნალია არა მხოლოდ ყირიმში დასახლებული ოკუპანტებისთვის,  არამედ ეს უკვე განგაშია რუსეთის საზოგადოებისთვის. მათ უნდა იფიქრონ, ხომ არ აიღებენ ხელში სახელმწიფოს მართვას, ხომ არ დაამხობენ საერთაშორისო მკვლელს, რომელიც კრემლში ზის“, – დასძინა ჩუბაროვმა.

___

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

რატომ აყარეს ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ – აქ ისევ ასფალტს აგებენ

ქვაფენილი აყარეს ბათუმში, ქალაქის მერიის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩის მონაკვეთზე.

მერიაში ამბობენ, რომ ეს სამუშაოები იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, გარკვეულ ქუჩებზე, ქვაფენილი მთლიანად უნდა აიყაროს და მის ნაცვლად ასფალტი დაიგოს.

წელს ქვაფენილის აყრა ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] დაიწყო, სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარი იხარჯება. ლუკა ასათიანის ქუჩის ეს მონაკვეთი [მერიის წინ] ფარნავაზ მეფის ქუჩის მიერთებად ითვლება.

რატომ აგებენ ბათუმში ასფალტს ის, სადაც ქვაფენილია? – გასული წლის ბოლოს ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ქვაფენილის ჩანაცვლება მოაგვარებს საცობების პრობლემას და გაზრდის საპარკინგე სივრცეს.

აყრილი ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ. ფოტო: „ბათუმელები“
აყრილი ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ. ფოტო: „ბათუმელები“
აყრილი ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ. ფოტო: „ბათუმელები“
აყრილი ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ. ფოტო: „ბათუმელები“
Exit mobile version