ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა პრობლემების გადაწყვეტა გსურთ თქვენს სოფელში? – არასამთავრობოს დახმარება ხალხს

12.08.2022 • 1193
რა პრობლემების გადაწყვეტა გსურთ თქვენს სოფელში? – არასამთავრობოს დახმარება ხალხს

„აჭარის ჰაბმა“ მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გამართა. შეხვედრას მაჭახელას თემის სოფლების – ჩიქუნეთისა და ჩხუტუნეთის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაში, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შედგა, არასამთავრობო ორგანიზაციები: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, „შშმ ქალთა ალიანსი“ და „ეკოვიტა“ მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ეკოლოგიის სფეროში არსებულ პროექტებზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პროგრამებზე. ასევე, მოსახლეობას აუხსნეს, თუ რა შემთხვევაში და როგორ ეხმარება სოფელს თუ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს „აჭარის რეგიონული ჰაბი“.

„ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება: შევდივართ სოფელში, ვსწავლობთ სიტუაციას და შემდეგ ადგილობრივების შრომითი ჩართულობით ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. პრინციპი ასეთია – თუ სოფელს სურს ჩვენთან თანამშრომლობა, ქმნის საინიციატივო ჯგუფს, შემდეგ ვსწავლობთ სოფლის სიტუაციას – პირველ რიგში, რა პრობლემების გადაწყვეტაა აუცილებელი. ვთქვათ, სოფელმა გამოავლინა 10 პრობლემა – სოფლის გადაწყვეტილებით, ვირჩევთ ერთ კონკრეტულს და ვიწყებთ მის მოგვარებას“, – განაცხადა შეხვედრაზე ასლან ჭანიძემ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა.

შეხვედრა სოფელ ქედქედში

ასლან ჭანიძის თქმით, ორგანიზაციამ აჭარის არაერთ სოფელში განახორციელა და ამ ეტაპზეც ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს [გზებისა და წყლის სისტემის მოწესრიგება, გარეგანათება, ახალგაზრდული ცენტრების მოწყობა და აღჭურვა შესაბამისი აპარატურით და სხვა].

ყველა პროექტი აუცილებლად ხორციელდება სოფლის მოსახლეობის ჩართულობით. მაგალითად, ორგანიზაცია ყიდულობს შესაბამის მასალებს, ხოლო სამუშაოებს ასრულებს მოსახლეობა.

„ამასთან, სოფლის მოსახლეობა არანაირ ხელფასს არ იღებს. ჩვენი მიზანია რამდენიმე კომპონენტში შევთავაზოთ სოფელს დახმარება და თავად მოსახლეობა იყოს ჩართული პროცესებში. პრინციპი არის ასეთი – თუ სოფელი არ იქნება აქტიური და არ ითანამშრომლებს, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ასეთ სოფელს დავეხმაროთ,“ – თქვა ასლან ჭანიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები  სოფლის მოსახლეობის გაძლიერებას ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებით:

●  სოფლის პასპორტის მომზადება – სადაც აღწერილია ყველა ის საჭიროება, რაც არსებობს სოფელში

● პროგრამები, რომლებიც კარიერულ კონსულტაციებს გულისხმობს

მაგალითად, 18-დან 28 წლამდე ახალგაზრდებისთვის მოქმედებს ტრენინგკურსები [ინგლისური ენის კურსი, რომელიც სექტემბერში დაიწყება; კომპიუტერული თუ სამეწარმეო კურსები]. შემდეგ ეს ახალგაზრდები გადიან ანაზღაურებად [162 ევროს ეკვივალენტს] სტაჟირებას.

„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდას, რომელმაც მიიღო რაღაც განათლება და სამსახური ვერ იშოვა, ხელი შევუწყოთ, გამოცდილება მივცეთ. ასევე, ახალგაზრდებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს – სხვადასხვა ტიპის კურსს, რაც მათ ხელს უწყობს განსხვავებული მიმართულებით უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ვცდილობთ მათი კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლებას. გარკვეულ პერიოდებში გვაქვს ასევე ბანაკები, თან ისვენებენ, თან ტრენინგებს გადიან,“ – აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ასლან ჭანიძემ.

● სხვადასხვა სასწავლო პროგრამა უფროსი თაობის ადამიანებისთვის – მაგალითად, ბიზნესპროექტების წერა

აჭარის რეგიონული ჰაბის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, მიიჩნევენ, რომ სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ დაწერონ ბიზნესპროექტი. ამასთან, მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდიან სხვადასხვა პროგრამაზე და ბიზნეს-პროექტის მომზადების დროსაც გაუწევენ კონსულტაციას.

„ჩვენ შევთავაზებთ ისეთ პროგრამებს, რომლებიც სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას რეალურად გააუმჯობესებს“, – ამბობს ჰაბის წარმომადგენელი.

● ტურიზმის მიმართულება

მაჭახელას ხეობა ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მიმზიდველია. აჭარის ჰაბში მიაჩნიათ, რომ მეტი ტურისტის მოსაზიდად, აუცილებელია თითოეული სოფლის ცნობადობა გაიზარდოს: „მაგალითად, ჩვენ, იმ სოფელს, სადაც შევდივართ და ვიწყებთ თანამშრომლობას, ვუკეთებთ ფეისბუქგვერდებს, ასე ხელმისაწვდომი ხდება ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დამახასიათებელია ამ სოფლისთვის. ეს ერთგვარი ხელშეწყობაა, რომ სოფლის ტურისტული პოტენციალი გაიზარდოს“.

შეხვედრა სოფელ ქედქედში

„შშმ ქალთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას, აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს შშმ ქალების უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა კაც შშმ პირებსაც ეხმარებიან სხვადასხვა აქტივობაში: „ეს იქნება დასაქმებაში, სხვადასხვა სერვისში ჩართვა და ა.შ. საჭიროებების კვლევას ვიწყებთ და ინდივიდუალურად ვეხმარებით. მსოფლიოში ძალიან განვითარებულია ინკლუზიური ტურიზმი, ანუ შშმ პირები მსოფლიოდან ბევრ დროსა და ფულს ხარჯავენ, რომ დაისვენონ საზღვარგარეთ, განვითარდნენ. ბათუმში უკვე არის ადაპტირებული პლაჟები, სადაც ეტლით მოსარგებლეს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილდეს.

თუმცა, შშმ ტურისტებს მხოლოდ ზღვა არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ მთაც და რაც უფრო მეტი ადაპტირებული ადგილი გაჩნდება, რაც უფრო ხელმისაწვდომი სასტუმრო და მორგებული სერვისი იქნება, მით მეტი ტურისტი ჩამოვა“, – აღნიშნა დეა ერემაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წლის განმავლობაში მსოფლიოში 6 მილიარდზე მეტ დოლარს ხარჯავენ შშმ პირები ტურიზმში.

„ასევე ვეხმარებით ადამიანებს სტატუსის მინიჭებაში. შეიძლება თქვენს სოფელშიც არიან ადამიანები, ვისაც  შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო ვერ ჩავიდა ექიმთან და ა.შ. არ აქვს შშმ პირის სტატუსი, რაც მას გარკვეულ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, საქართველოში პროგრამებსა და სერვისებზე [დასვენება, დამხმარე საშუალებები, მედიკამენტები, რეაბილიტაცია] წვდომა დამოკიდებულია სტატუსის ქონაზე. ეს ადამიანები კი ნაკლებად ინფორმირებული არიან მიზეზთა გამო და ამ ინფორმაციის მიღებაში ვეხმარებით. შესაძლოა, სრულად იყოს ჩართული შშმ პირი საზოგადოებრივ საქმიანობაში, მთავარია, სწორი მიდგომა. ჩვენ ასევე ვეხმარებით შშმ პირთა მშობლებს, მათაც სჭირდებათ გაძლიერება – დასაქმებაში ხელშეწყობა, გადამზადება“, – განაცხადა დეა ერემაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ესაუბრა ქედქედში შეკრებილ მოქალაქეებს ორგანიზაცია „ეკოვიტას“ წარმომადგენელი, ვიტალი კილასონია.

„არის ახალი მეთოდები და ჩვენი მიზანია ეს მეთოდები მივიტანოთ ფერმერებამდე, ვუწევთ კონსულტაციებს. თქვენგან დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ შევისწავლით სიტუაციას და დაგეხმარებით იმ პროექტების მომზადებაში, რომლითაც ესა თუ ის პრობლემა უნდა გადაიჭრას… ჩვენ ვმუშაობთ ნარჩენების მართვის მიმართულებითაც.

ნარჩენების გადამუშავების და არა მისი დაწვის, როგორც ჩვენში შემორჩენილი პრაქტიკაა. გადამუშავებული ნარჩენი, იგივე კომპოსტი – უკვე ითვლება უვირუსო და ხარისხიან სასუქად და მისი შეტანით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ნიადაგის ნაყოფიერება და ხარისხი. შეიძლება მარტივი საკითხებია, მაგრამ თუ თქვენი სურვილი იქნება, თეორიულად დაგეხმარებით, გაგიწევთ კონსულტაციას“, – უთხრა შეკრებილებს ვიტალი კილასონიამ.

შეხვედრა სოფელ ქედქედში

„დათვმა გამინადგურა თხილის მოსავალი. ან მომეცით ნებართვა, რომ დათვი მოვკლა, ან ამინაზღაურეთ ზარალი“, – აღნიშნა შეხვედრაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ. მას ორგანიზაციის წევრებმა განუმარტეს, რომ ბუნებიდან დათვის ამოღების ნებართვის გაცემა, თუ ზარალის ანაზღაურება მათი კომპეტენცია არ არის, მაგრამ თუ სოფელი ითანამშრომლებს, რადგან ეს პრობლემა ბევრს აწუხებს, არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიები – ელექტრობადე და სხვა, რომლითაც მოსავლის დაცვა ხდება – შესაძლებელია შემდგომში ასეთი ტექნოლოგიების შეძენა-მონტაჟზე იფიქრონ.

მოსახლეობამ შეხვედრის ბოლოს დაასახელა როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საჭიროებები.

ერთ-ერთ ასეთ საკითხად განიხილეს ის, რომ სოფელში არის ჩანჩქერი, რომლის შესახებ არავინ იცის. ჰაბთან თანამშრომლობით კი შესაძლებელია ამ ჩანჩქერის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მისასვლელი ბილიკის მოწყობა მოსახლეობის ჩართულობით.

ასევე დაისვა საკითხი სოფლისთვის საწვავი ბრიკეტის საწარმოებლად სპეციალური აპარატის შესაძენად, ვინაიდან სოფელი დაცულ ტერიტორიაზეა და მოსახლეობას შეშის პრობლემა აქვს.

ამ და სხვა საკითხების მოგვარებაზე „ჰაბი“ ითანამშრომლებს მოსახლეობასთან, თუ, რა თქმა უნდა, თავად სოფლის მოსახლეობის დაინტერესდება.

„აჭარის რეგიონული ჰაბი“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.

____

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: