მთავარი,სიახლეები

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან

17.11.2021 • 1656
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან

დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმში სამ მისამართზე განიხილეს ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი.

მერიას ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას კანონი ავალდებულებს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას ინასარიძის №29-ში დაესწრო, საზღვაო სასწავლებლის, „ანრის“ საკონფერენციო დარბაზში.

საბავშვო ბაღების აშენება და საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოების შემოწმება – ეს ის ორი თემაა, რაზეც ბიუჯეტის განხილვის დროს ინასარიძისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ყველაზე მეტი ისაუბრეს.

მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვას ესწრებოდნენ, ინასარიძეზე და სხვაგანაც უმეტესად ამხანაგობების თავმჯდომარეები არიან. ძირითადად ისინი ავსებენ დარბაზს და საუბრობენ ხალხის სახელით.

ამხანაგობების თავმჯდომარეები ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობებით გამოირჩევიან და რამდენიმე მათგანი მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ კოორდინატორადაც მუშაობს არჩევნებზე. ასე იყო ბოლო არჩევნებზეც.

„არ ვიცი, სად არის განხილვა, რის განხილვაა? შეგვიშვებენ?“, – გვითხრეს ინასარიძის №29-ის მიმდებარედ ადამიანებმა, რომლებიც იქვე ცხოვრობენ და ბიუჯეტის საჯაროდ განხილვის შესახებ ინფორმაცია არც კი აქვთ. რადგან არ მიიწვიეს, მათ შენობაში შესვლაც აღარ ისურვეს.

„არჩევნებამდე ხომ გვნახულობენ?“ – გვითხრა ერთმა მოქალაქემ საბიუჯეტო განხილვის დაწყებამდე.

„მე-6 სართულზე უნდა იყვნენ, თუ მეხუთეზეა, აღარ მახსოვს,“ – მეუბნება საზღვაო სასწავლებლის დაცვის თანამშრომელი, შესასვლელში რომ დგას და ხელით მანიშნებს კიბის უჯრედისკენ.

საკონფერენციო ოთახში სიმშვიდეა. მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი, გიორგი სურმანიძე, 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს აცხადებს. ის მაგიდის თავშია. გრძელი მაგიდის გარშემო ყველა ადგილი დაკავებულია. ამხანაგობის თავმჯდომარეები ხალხის სახელით დიდ ეკრანზე აკვირდებიან რიცხვებს და მშვიდად ისმენენ იმავე რიცხვებს, რასაც მერიის წარმომადგენელი დაუზარებლად აცხადებს.

ბიუჯეტის განხილვა

„…ხალხი ითხოვს სახლების შემოწმებას, ყველა ითხოვს,“ – ამბობს ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარე იზო ხალვაში, როცა ბიუჯეტის პრეზენტაცია სრულდება. სხვა თავმჯდომარეებიც სხვადასხვა მოძრაობით ეთანხმებიან მოსაზრებას ავარიულ სახლებზე.

„თავის დროზე, სამართლიანი დამოკიდებულება რომ ყოფილიყო, ალბათ ეს შემთხვევაც არ მოხდებოდა,“ – არ აკონკრეტებს, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსში სადარბაზოს ჩამოქცევას იხსენებს, ნანგრევებში მოყოლილ და დაღუპულ ადამიანებს, ბავშვებს.

იზო ხალვაში ითხოვს ამხანაგობის თავმჯდომარეების ინფორმირებას და პასუხისმგებლობაში გარკვევას.

„ტელევიზიით ვნახე 100-პროცენტიანი ხელმოწერა იყოო და ნოტარიულად დამოწმებულიო… სინამდვილეში ვიცით, როგორ შაბლონურად კეთდება ეს ოქმები, თითქოს თანხმობა არსებობს,“ – ამბობს იზო ხალვაში.

„გაყალბებას გულისხმობთ?“ – ჩუმად კითხულობს მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, აკაკი ბერიძე.

„ვითხოვ, რომ გაძლიერდეს ამხანაგობების ინსტიტუტი… ამხანაგობის თავმჯდომარეებს აჯობებს ჰკითხოთ, რა ხდება, რადგან ძალიან ბევრგან არის გამოღებული საყრდენი კედელი, მარკეტებია მოწყობილი და ასე შემდეგ,“ – განმარტავს ამხანაგობის თავმჯდომარე და აქცენტი ხელმოწერების გაყალბებიდან უკვე ქალაქის საცობის პრობლემაზე გადააქვს.

„იგეგმება საპარკინგე ადგილების მოწყობა? ძალიან ხშირად გავლა ჭირს, ასევე დილით და საღამოს ისეთი საცობებია ქობულეთის მიმართულებით…,“ – მიმართა მერიის წარმომადგენლებს ისევ ლია ხალვაშმა.

კითხვის პასუხად მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ აკაკი ბერიძემ თქვა, რომ რამდენიმე ქუჩაზე ქალაქის ცენტრში ქვაფენილის აყრა და ასფალტ-ბეტონის მოწყობა იგეგმება.

„საპარკინგე სივრცე გაიზრდება… გარდა ამისა, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგალითად, გადაკეტილი იყო ბაგრატიონის ქუჩა, ესეც ქმნიდა საცობებს,“ – აღნიშნა აკაკი ბერიძემ.

„ავარიული სახლები როგორ შემოწმდება? ჩემი კორპუსი 40 წლის წინ არის აშენებული,“ – საუბარში ერთვება ამხანაგობის თავმჯდომარე დარეჯან მამულაძე. მერიის წარმომადგენლები მას და სხვებსაც პასუხობენ, რომ მომავალი წლიდან უკვე 20 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არსებული სახლებისთვის. ხოლო მომდევნო 4 წელში ავარიული სახლებისთვის 80 მილიონის დახარჯვაა დაგეგმილი.

მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, აკაკი ბერიძე ამხანაგობების თავმჯდომარეებს ეუბნება იმასაც, რომ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ მიმართონ ექსპერტიზას და საცხოვრებელი კორპუსების ტექნიკური შემოწმება მოითხოვონ.

„როგორც ვიცი, დაახლოებით 2 ათასი ლარი ჯდება ტექნიკური შემოწმება,“ – გვპასუხობს აკაკი ბერიძე, რომელსაც იქვე ვკითხეთ, თუ იცის, რა ჯდება ექსპერტიზის ჩატარება ამ მიმართულებით და ვინმემ შეუკვეთა თუ არა ეს დამოუკიდებლად?

„ბათუმელებს“ ექსპერტიზის ბიუროში უთხრეს, რომ 500 კუბურ მეტრამდე ნაგებობის ტექნიკური შემოწმება 500-მდე ლარი ღირს. აქ ნახავთ, დაახლოებით რა დაგიჯდებათ საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოების შემოწმება.

ამხანაგობის თავმჯდომარეები უარყოფის ნიშნად ხელს იქნევენ და მოკლედ დასძენენ, რომ დამოუკიდებლად ექსპერტიზისთვის არ მიუმართავთ.

„კერძო სახლებზე თუ ვრცელდება ეს შემოწმება? ბევრი კერძო სახლია,“ – სახლების ტექნიკურ შემოწმების პრობლემას ხედავს ლევან ბერიძეც, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. მან ასევე ისურვა, რომ ნარკომომხმარებლების სარეაბილიტაციო პროგრამაზე გააკეთოს აქცენტი მერიამ.

„კარგია სამი ბაღი რომ შენდება, მაგრამ ეს არაა საკმარისი,“ – საბავშვო ბაღების საკითხის გააქტიურება სცადა ამხანაგობის კიდევ ერთმა თავმჯდომარე ომარ ბოლქვაძემ.

„ჩემს სახლს უკან ბაღია და ვერ მიმყავს ბავშვი… დამატება გვინდა ხალხო, უბანი გაიზარდა, ხომ ხედავთ რამხელა მშენებლობებია,“ – ფანჯრებისკენ ითხოვა ყურადღება ამხანაგობის თავმჯდომარემ.

„ელექტრონული სისტემაა, ბევრი მიწერილია…“, – განმარტება სცადა მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, სოფიო მიქელაძემ. სხვებმა დაამატეს, რომ ზოგი ხელვაჩაურიდანაც დადის, სხვა ადგილებიდან და ამიტომ აღარაა ადგილი.

„ხო მაგრამ ისიც ბავშვია ხომ? ყველა ბავშვი კარგია, ყველა ბავშვი ლამაზია,“ – გაცხარდა ომარ ბოლქვაძე და დარბაზიდან გასვლა დააპირა.

მერიის წარმომადგენლებმა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ამ მიმართულებით კონკრეტული ვერაფერი უთხრეს, გარდა ამისა, რომ გაისად დამატებით 3 საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება.

„ისედაც იცით, რა მდგომარეობაა,“ – შეხვედრის დასრულების შემდეგ ამხანაგობების თავმჯდომარეებმა კომენტარისგან თავის შეკავება არჩიეს, თუმცა რამდენიმეს ჰქონდა სათქმელი.

„მე მინდა გაშუქდეს ბაღების პრობლემა. ჩემს ბინაში, მაგალითად, ახლაც შეგიძლიათ მოიკითხოთ სამი შვილის დედა. ახლა შეეძინა მესამე შვილი და გუშინ დამირეკა, იქნებ სადმე დამატოვებინო უფროსებიო… სად წაიყვანოს? მუშაობს. ბევრია ასეთ დღეში,“ – გვითხრა დარეჯან მამულაძემ.

ამხანაგობების თავმჯდომარეების თქმით, ისინი ბიუჯეტის განხილვას რომ უნდა დასწრებოდნენ, მერიიდან გააფრთხილეს.

რატომ არ მიიწვიეს სხვა მოქალაქეები საბიუჯეტო განხილვაზე როგორც მერიამ, ასევე ამხანაგობების ხელმძღვანელებმა?

„შეეძლო ყველას მოსულიყო, მაგრამ ამხანაგობის კრებაზე აღარ ჩამოდის ხალხი, დაიღალა ყველაფრისგან ხალხი, პანდემიის გამო ვიწრო წრეში ჩატარდა,“ –  გვიყვება ირინე გოჩოლეიშვილი უკვე დაცარიელებულ საკონფერენციო დარბაზში, სადაც მერიის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელი ასწორებს დაცარიელებულ სკამებს მაგიდის გარშემო.

„ჩემი სახლიც ავარიულია, ხელოვანების სახლია, მაგრამ ხომ ხედავთ მხატვრები ვეღარ ხატავენ, მომღერლები აღარ მღერიან… წლინახევრის წინ აივანი ჩავარდა, სინკარებითაა ნაშენები ჩვენი სახლი. შეგვეშინდა და შემოწმება ვითხოვეთ. გვითხრეს, დაგაფინანსებთო, ველით ტენდერს და აღდგენას,“ – ამბობს ის.

„ოთხი მოქალაქეც იყო, მხოლოდ ამხანაგობების თავმჯდომარეები არ ყოფილან,“ – გვეუბნება ქალი რწმუნებულის აპარატიდან, ვიდრე საკონფერენციო დარბაზის კარს გამოკეტავს.

მოქალაქეებს კითხვები არ დაუსვამთ.

ბათუმის საკრებულოს ჯერ ბიუჯეტის განხილვა არ დაუწყია, თუმცა არაა გამორიცხული, ბიუჯეტი უკვე გადარჩეულმა საკრებულომ დაამტკიცოს. მაგალითად, ზუგდიდში, სადაც ბათუმის მსგავსად, საკრებულოში უმრავლესობაში ოპოზიციაა, მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესი დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: