მთავარი,სიახლეები

ყველა მერი კაცია

14.11.2017 • 2965
ყველა მერი კაცია

წელს თვითმმართველობის არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის მიერ მერობისთვის წარდგენილი 382 კანდიდატიდან სულ 48 კანდიდატი იყო ქალი, ეს მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 12%-ია. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი. ეს მაჩვენებელი არ აღემატება 12%-ს. გარდა ამისა, საქართველოში არც ერთ თვითმართველ ქალაქს ქალი მერი არ ჰყავს და თუ ისტორიას გადავხედავთ, ასეთი პრეცედენტი არც ყოფილა. არჩევნების შედეგად მერობის 48 ქალი კანდიდატიდან 47 დამარცხდა და ქალი მერი, მხოლოდ ერთ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეყოლება.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმარ­თველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. მოქმედი კანონმდებლობით თვითმმართველობებში გამგებლების ნაცვლად მერები აირჩიეს. წელს მერებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ირჩევდნენ.

მმართველი გუნდის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქარველოს“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატების სიის მიხედვით, ამ პარტიის სახელით ქალი კანდიდატები მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში იბრძოდნენ: ლელა ქიტესაშვილი – თიანეთში და ანივარდ მოსონიანი – ნინოწმინდაში.

არჩევნებამდელი მონაცემებით, საქართველოში 69 გამგებლიდან მხოლოდ ორი იყო ქალი.

საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

„პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და ადასტურებს, რომ უგულებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით ასევე არ სრულდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – ასე შეაფასა მერობის ქალი კანდიდატების რაოდენობა არაფორმალურმა გაერთიანებამ – „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი“.

ამ ჯგუფის წევრები საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილებისა და რესურსების მქონე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან.

ქართულ პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას არაერთი პოლიტიკური ფიგურა უჭერს მხარს, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც. თუმცა, როცა სიების შედგენაზე ან კონკრეტული კანონპროექტების მიღებაზე მიდგება ჯერი – შედეგი არ არის. „მმართველი პარტია მუდმივად აცხადებს, რომ ქალთა უფლებები მათთვის პრიორიტეტია, მართავს დიდ შეხვედრებს ტრაფარეტული სიტყვებით, მაგრამ კანონპროექტების მისაღებად სინამდვილეში პულტებს არ აჭერენ ხელს. როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება და მათ უნდა დააყენონ კანდიდატები, ეს ყველაფერი ახლოსაც არ მიდის მათ რეალურ საქმესთან“, – ამბობს ანა არგანაშვილი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

იდა ბახტურიძე, ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არიან მზად იმისთვის, რომ მათ პოლიტიკურ კულტურას ვენდოთ, რადგან დაპირებების მიუხედავად, ქართული პარტიები თავიანთი ნებით ქალების პოლიტიკურ გააქტიურებას ხელს არ უწყობენ. „ეს თემა მიშვებულია იმ კონკრეტული ადამიანების ნებაზე, რომლებიც არიან პარტიის ხელმძღვანელები. ბოლო წინასაარჩევნო პროცესიც ამას გვეუბნებოდა – ქალები კრიტიკულ მინიმუმსაც ვერ აღწევდნენ წამოყენებულ კანდიდატურებში. ისევ არ გვეყოლება ქალები, რომლებიც გაიტანენ განსახილველად სოციალურ საკითხებს და დაიცავენ ქალების ინტერესებს, რომლებიც მთლიანი ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენენ საქართველოში“, – ამბობს იდა. იგი მიიჩნევს, რომ საამისოდ საჭიროა რეგულაციების არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ქალების სათანადო რაოდენობით ჩართვას პოლიტიკაში მანამ, სანამ პოლიტიკური პარტიები ამის აუცილებლობას თავისით გაიაზრებენ.

სწორედ ამიტომ სავალდებულო კვოტირების კანონპროექტის მიღების მოთხოვნით, იდეის მომხრეები უკვე მეორედ მიმართავენ პარლამენტს.

სავალდებულო კვოტირების კანონპროექტის მიხედვით, კანონმა პარტიებს უნდა დაავალდებულოს პროპორციული სიების ისე ფორმირება, რომ პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის პოლიტიკოსი იყოს, რაც, ჯამში, 150-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში ქალების მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ეს 38 დეპუტატი ქალია.

საქართველოს პარლამენტში წლების განმავლობაში ქალი დეპუტატების რაოდენობა იზრდება, თუმცა ნელი ტემპით. მაგალითად, 1992 წელს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა 6.22% იყო ქალი, 2015 წელს – 6.64%, 1999 წელს – 7.17%, 2004 წელს – 9.33%, 2008 წელს – 6.00%, 2012 წელს – 12.00%, ხოლო 2016 წელს – 16.00% (150 დეპუტატიდან 24 ქალი).

„ქართულ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ასეთი ნელი ტემპებით ზრდის მიზეზი კაცების მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების სურვილია. იმ კაცებისა, რომლებიც არ თმობენ პრივილეგიას“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

საქართველოში ხშირად კითხულობენ, თუ რა განსაკუთრებული ცვლილებების მოტანა შეუძლიათ ქალებს პოლიტიკაში. „უპირველეს ყოვლისა, ეს ქალების უნიკალური გამოცდილებაა და შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის აღზრდა თუ ჯანდაცვის საკითხები. ეს თემები უფრო ხშირად ხვდება ქალების პოლიტიკური დღის წესრიგში, ვიდრე კაცების,“- ამბობს ანა არგანაშვილი.

ამის პარალელურად ქალაქებმა ევროპაში დიდი ხანია გაიაზრეს, რომ სხვადასხვა სოციალური საკითხის გარდა, გენდერული ასპექტები ინფრასტრუქტურასაც გააჩნია. მეტიც, ისეთ ქალაქებს, როგორიცაა: პარიზი (2,2 მლნ მოსახლე), რომი (2,7 მლნ მოსახლე) და სხვა, სათავეში ქალები ჰყავთ.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერდა, რომ 1990 წელს გამოკითხვამ ქალაქ ვენაში აიძულა ურბანისტები, გადაეფასებინათ ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების მიდგომა. ვენის მოქალაქეებს ჰკითხეს, თუ რატომ და როგორ იყენებდნენ ისინი საზოგადოებრივ ტრანსპორტს. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ კაცებსა და ქალებს რადიკალურად განსხვავებული პასუხები ჰქონდათ. ტიპიური მარშრუტი კაცებისთვის იყო მოკლე და მარტივი: სახლიდან სამსახურამდე და სამსახურიდან სახლში. ქალების პასუხები საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რაც რამდენიმე მარშრუტს მოიცავდა, როგორც მეტროთი, ისე ფეხით: ბავშვების წაყვანა სკოლაში, ექიმთან ვიზიტი, პროდუქტების ყიდვა და კვლავ სკოლაში მიბრუნება ბავშვების გამოსაყვანად.

ამან აიძულა ქალაქის ურბანისტები გაეაზრებინათ, რომ ინფრასტრუქტურას გააჩნია გენდერული ასპექტები, რომ ქალებსა და კაცებს გააჩნიათ განსხვავებული საჭიროებები და სხვადასხვაგვარად იყენებენ საჯარო სტრუქტურებსა და სისტემებს. შედეგად არქიტექტორებმა ქალების საჭიროებებს მოარგეს სატრანსპორტო პროექტები, დაამატეს ლამპიონები ქუჩებში, რათა ქალებს საღამოობით უსაფრთხოდ ევლოთ ფეხით და გააფართოვეს ტროტუარები, რათა მარტივი ყოფილიყო საბავშვო და სავარძელი-ეტლებით გადაადგილება.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

ქალების საჭიროებები ქართული ქალაქების ურბანული განვითარების პოლიტიკაში არ ჩანს, ამბობს იდა ბახტურიძე: „დღეს თბილისში მინიმუმ საფრთხისშემცველია მიწისქვეშა გადასასვლელები გოგოებისთვის, განსაკუთრებით რამდენიმე ასეთი წერტილი არსებობს, მაგალითად, უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტები ყოველდღიურად აწყდებიან სხვადასხვა ტიპის სექსუალურ შევიწროებას. ამ ტიპის გადასასვლელები უნდა მოწესრიგდეს, მინიმუმ დამონტაჟდეს განათება და შეიქმნას უსაფრთხოების გარანტი“.

იდა ამბობს, რომ ასეთი საკითხების ინიციატორები ძალიან იშვიათად შეიძლება გახდნენ კაცები. ამ პრობლემის მოგვარება კაცთა ადვოკატირებით რთულია, რადგან მათ არ ჰქონიათ გამოცდილება, თუ როგორია ღამე, სიბნელეში სიარული და მინიმუმ იმის შიში, რომ ვიღაც შეგავიწროებს ან იძალადებს შენზე.

„ასევე, როცა ვსაუბროთ გზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, იქ არ არის გათვალისწინებული საბავშვოეტლიანი დედა ან სავარძელი-ეტლით მოსარგებლე ადამიანის ინტერესები, მოუწესრიგებელი და არასწორად დაგეგმილია ტროტუარები. ესეც იმიტომ, რომ ქართველ კაცს თავისი ცხოვრების მანძილზე ალბათ ძალიან ცოტაჯერ გაუტარებია საბავშვო ეტლი ქალაქში“, – ამბობს იდა.

საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამომრჩეველი ადრინდელთან შედარებით უფრო დადებითადაა განწყობილი ქალი პოლიტიკოსების მიმართ, თუმცა ამ მხრივ სტერეოტიპები კვლავ მყარია საზოგადოებაში. იდას თქმით, პოლიტიკური პარტიები სწორედ იმ იდეას ყიდიან, რომ მოსახლეობა არ აირჩევს და არ ენდობა ქალების კომპეტენციას. „თუმცა, ეს არგუმენტი დიდი ხანია გაბათილდა – NDI-ს მიერ გამოკითხული ამომრჩევლის 70%-მდე ამბობს, რომ ქვეყნის პოზიტიური განვითარებისთვის კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, ვიდრე დღეს არის“, – ამბობს იდა.

ანა არგანაშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სამუშაოა ქალ ამომრჩევლებთან, რათა მათ გააცნობიერონ, ქალი კანდიდატების არჩევის შემთხვევაში რა სხვაობა იქნება: „ამ სხვაობის დანახვა მათ ძალიან უჭირთ, რადგან ქალები ტოტალურად არიან ჩაგვრისა და სტრუქტურული უთანასწორობის მსხვერპლები. ხმის მიცემის დროს მათთვის, სამწუხაროდ, უთანასწორობის კონტექსტი გადამწყვეტია. ისინი თავს არ გრძნობენ თანასწორად, შესაბამისად, ეს მოთხოვნა არც პოლიტიკური პარტიის მიმართ არის“.

ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ზოიძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პროპორციული სიით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატიც იყო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ და საკრებულოში მუშაობის სამწლიანი გამოცდილებაც აქვს, ამბობს, რომ მერობაზე უფიქრია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ჯერ ადრეა ამ პოზიციაზე თავისი კანდიდატურის დაყენება. „ვფიქრობ, მერობის კანდიდატად საკუთარი თავის წამოყენება ცოტა ნაადრევი იქნებოდა, მირჩევნია მაჟორიტარობით გავაკეთო საქმე ისე და დავუმსხვრიო ირგვლივ საზოგადოებას სტერეოტიპები, რათა სამომავლოდ რომ ვიფიქრო მერობა, საქმემან შენმან გამოგაჩინოს – ეს იყო კრიტერიუმი“, – ამბობს ის. მას მერის პოზიციაზე პარტიიდან შეთავაზება არც ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ მაინც უარს იტყოდა: „მე თავიდანვე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე ისე, რომ მერე ამაზე საუბარი არ ყოფილა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: