ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქვაფენილების აყრა მაისში დაიწყეს და სამუშაოებს დღემდე აგრძელებენ. ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე, გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში, ქვაფენილს მთლიანად აყრიან და მის ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ.
ქვაფენილს მერია საწყობში ინახავს, სამუშაოებში კი, ბიუჯეტიდან 3,6 მილიონ ლარს გადაიხდის.
ქვაფენილებს აყრიან, ასევე, ფარნავაზ მეფისა და გორგილაძის ქუჩებს შორის არსებული ქუჩების მონაკვეთებში [ლერმონტოვიდან თავდადებულის ქუჩამდე არეალში].
გასული წლის ბოლოს ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ქვაფენილის ჩანაცვლება მოაგვარებს საცობების პრობლემას [ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში მოძრაობის ახალი სქემაც აამოქმედეს]. ამასთან, მერიაში მიიჩნიეს, რომ ქვაფენილების მოვლა „ძალიან ძვირი და შრომატევადია“.
თუმცა მერია არათუ მთლიან ქვაფენილიან ქუჩებს, არამედ იმ ქუჩებსაც ვერ უვლის, სადაც ბეტონის საფარია, ასე ვთქვათ, „ფილებად“ დაგებული, ხოლო მათ შორის ზოლში ქვაფენილია. მერია ამ ქვაფენილსაც ყრის და ბეტონით ავსებს:
ფარნავაზ მეფის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით; ასევე, ვახტანგ გორგასლის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით, ხელშეკრულება შპს „ბონდი-2009“-თან 3 659 056 ლარზეა გაფორმებული.
სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ტენდერის ფარგლებში უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციის ქსელები და ველობილიკი.