მთავარი,სიახლეები

მერი და ალიოშა – 54-წლიანი სიყვარულის ამბავი აჭარის იალაღიდან

12.08.2022 • 13739
მერი და ალიოშა – 54-წლიანი სიყვარულის ამბავი აჭარის იალაღიდან

მერისა და ალიოშას ხულოში, ლოდიძირის იალაღზე შევხვდი.

77 წლის ალიოშა ხის პატარა სახლში, ფანჯარასთან იდგა, როცა მის სახლს ჩავუარე. ვთხოვე, ფოტოს გადაგიღებთ – მეთქი. დამთანხმდა. 2-3 კადრის გადაღების შემდეგ მითხრა დამელოდეო და ოთახის სიღრმეში დაიძახა: „გამოდი, ფოტო გადავიღოთ ერთად“.

ოთახიდან მერი გამოვიდა და ალიოშასგან ოდნავ მოშორებით დადგა, რასაც ალიოშა არ შეეგუა და მერის სთხოვა, მიახლოებოდა. მერე ხელი გადახვია და დამიძახა: „ახლა, ახლა გადაიღეთ“.

ასე გავიცანი მერი და ალიოშა, მემთეური ცოლ-ქმარი ლოდიძირის იალაღიდან, რომელთა სიყვარულის ამბავს ამ სტატიაში მოგიყვებით.

მერის და ალიოშას სიყვარულის ისტორია ხულოს სოფელ კორტოხში 54 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

54 წლის წინ მაღალმთიან აჭარაში ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო გოგო-ბიჭს სიყვარულით ექორწინათ, ამ საკითხს ძირითადად მშობლები წყვეტდნენ და ახალგაზრდების უმრავლესობა „ბედს“ ემორჩილებოდა.

ალიოშას და მერის ამბავი გამონაკლისია.

მერი და ალიოშა

ალიოშას ზუსტად ახსოვს ის დღე და წუთი, როცა მერი დაინახა პირველად:

„ჩვენთან, სოფელში, მოცვია, გეცოდინებათ. მერი კრეფდა მოცვს, მე ჭალას ვცელავდი. ბუჩქის ძირას უცებ შევნიშნე. შევხედე, მოცვის ბუჩქთან ლამაზი, შავთვალწარბიანი გოგოა, როგორ არ უნდა დაელაპარაკო, კაცო?! იმ დღიდან შემიყვარდა.

მივედი და დავაკრეფინე მოცვი, დავეხმარე. ვუთხარი, რა სწრაფი კრეფა გცოდნია-მეთქი. გაება ჩვენი საუბარი, გაიხსნა. გულში ტყვიასავით ჩამივარდა მერი. დღემდე გულშია.

დასანანია, რომ ერთმანეთს ბოლოს დავშორდებით. სიბერე… ხანში ვართ, ან ერთი მოკვდება – ან მეორე და ყველაფერი მოგონებად დარჩება“, – მიყვება ალიოშა, მერი კი იცინის და მისკენ მორცხვად იხედება.

ამბის თხრობას ახლა მერი აგრძელებს და გვიყვება, რომ ალიოშამ გაცნობიდან მოკლე ხანში ჰკითხა – „გამომყვები ცოლად?“

„მე დავიმორცხვე, ისედაც მორიდებული გოგო ვიყავი. მერე მაჭანკალი მომიგზავნა და მეც არ ვთქვი უარი, მომწონდა და გავყევი ცოლად“, – ამბობს მერი, ალიოშას უყურებს და სიცილით დასძენს -„ჰო, მეც შემიყვარდა. და ასე, სიყვარულით ვცხოვრობთ“.

„ახლა ნანობს“ – ერთვება ალიოშა, რაზეც მერი მაშინვე, მკაცრად პასუხობს – „არ ვნანობ!“ მერე ერთმანეთს უმზერენ და იცინიან.

მერისა და ალიოშას სიყვარული არც ქორწინების შემდეგ გამხდარა ნაცრისფერი. ალიოშა აგრონომად მუშაობდა, სადაც ლამაზი მცენარეები შეხვდებოდა, აგროვებდა და  თაიგული მერისთან მიჰქონდა.

მერი ამბობს, რომ ძალიან მოსწონდა ალიოშას საჩუქრები, თუნდაც მცირედი ყოფილიყო, მაგრამ ერთი საჩუქარი განსაკუთრებული იყო.

ალიოშა ჰყვება:

-„არასდროს დამავიწყდება, მერი და მე ახალდანიშნულები ვიყავით. ბათუმში ვიყავი, გავხედე მაღაზიას, ქალის კოფტა იყო, ვიყიდე და ვაჩუქე მერის. მოეწონა. ხომ ასე იყო?“

–  „კი, ძალიან ლამაზი იყო“ – ადასტურებს მერი.

მერიმ და ალიოშამ ახალგაზრდობის ის ფოტოც მაჩვენეს, სადაც მერის სწორედ ის პერანგი აცვია, ალიოშამ რომ აჩუქა.

მერი და ალიოშა. ფოტო მათი ქორწილიდან მალევეა გადაღებული.

მერის და ალიოშას ვთხოვე, ერთმანეთი დაეხასიათებინათ.

„ჩემი მეუღლე დიდებულია. სტუმართმოყვარე, რაც მთავარია. ერთი ლუკმა საჭმელიც რომ არ იყოს ოჯახში და სტუმარი მოვიდეს, მაგიდაზე ხვავი-ბარაქა იქნება.

ჭიშკართან ხომ ვიღაც მოვა, მიუხედავად იმისა, რომ მოხუცია, შეეგებება – „მობრძანდი“, „ამობრძანდი“, „მიირთვი“, ხელცარიელსაც არავის გაუშვებს.

ერთი მინუსი აქვს – არ უყვარს საზამთრო, ნესვი, ყავა და კომპოტი.

სიცოცხლე და ცხოვრება უყვარს“ – ამბობს ალიოშა.

როგორია ალიოშა? – ვეკითხები მერის.

-„ერთგული ადამიანია“ – მეუბნება მერი. იქვე  ალიოშაც ერთვება: – „ნუ მაქებ, რაც ვარ, ის უთხარი. ხანდახან მრისხანე ვარ“.

მერი არ ეთანხმება: „ჩემთვის კარგი ადამიანია. ამდენ ხანს ერთად ვიქნებოდით, კარგი რომ არ ყოფილიყო?!“ – მიბრუნებს კითხვას.

კითხვაზე – რა უყვარს ალიოშას? – მერი ამბობს, რომ მისი გაკეთებული – ყველაფერი.

-„საოცარი ტოლმის გაკეთება იცის მერიმ“ – ამჯერადაც ჩაერთო ალიოშა.

მერის ისიც ვკითხე, ეუბნება თუ არა ალიოშა კომპლიმენტებს. მერი ამბობს, რომ ხშირად.

„მერის ყოველთვის ვეუბნები, რომ კარგად გამოიყურება. მე რაც ვარ, ეს ვარ, რაღად მინდა ქება-დიდებაო, მაგრამ ადამიანი რომ ბერდება, მერე რა?! როგორი იყო ახალგაზრდობაში, სიკვდილამდე უნდა გქონდეს გულში. სიბერით არ ისაზღვრება ადამიანი. მე თუ მოვხუცდი, რა, ცუდია?!“ – მეუბნება ალიოშა.

რა არის სიყვარული? – მერი ამბობს, რომ სიყვარული ორი ადამიანის ერთმანეთისადმი გამოხატული მხარდაჭერაა.

მის აზრს ისევ ალიოშა აგრძელებს: „თუ ადამიანს ქვეყანა, დედამიწა, ბუნება არ გიყვარს, არ არსებობს სიყვარული. თუ ეს ყველაფერი გიყვარს, სიყვარულიც არსებობს და არსებობს ოჯახიც“.

ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეყვარებულმა წყვილმა ერთმანეთს დრო დაუთმონ, მუდამ, ყველა ასაკში.

„ერთად გვძინავს, მაგრამ მერი გარბის. სიმართლე უნდა გითხრათ. ღამით დავწვებით ერთად, ვნახავ, რომ აღარ არის, გამქრალა, ვეძებ. თავის საწოლში გადადის. ეს სერიოზული საკითხია, თამაში, ხუმრობა, დამალობანა“, – მიყვება ალიოშა, ცოლ-ქმარი იცინის.

მერის და ალიოშას 2 შვილი ჰყავთ. შვილიშვილები ბათუმში ცხოვრობენ. უკვე 13 წელია ყოველ ზაფხულს ალიოშა და მერი იალაღზე ამოდიან და საქმეს ინაწილებენ.

ლოდიძირის იალაღზე ისინი ახლა 3 ძროხას უვლიან – მერის საქმე ძროხების მოწველა, რძის გამოხდა და ყველის ამოღებაა, ალიოშასი კი – პირუტყვის მოვლა, საბალახოდ წაყვანა და საღამოობით მათი შინისკენ მორეკვა.

„ხანდახან მეჩხუბება, რომ არ მოგატყუოთ. მეც ვეჩხუბები, მაგრამ არ გადის 2 წამი, რომ ვრიგდებით,“ – მიმხელს ალიოშა.

„როგორ რიგდებით ასე სწრაფად?“ – ვეკითხები.

„გვიყვარს ერთმანეთი, არ გვინდა ბევრი დრო შესარიგებლად.

რატომ ვეჩხუბები? გული აწუხებს, ინფარქტი გადაიტანა და მერვე წელია ავადმყოფობს.  ვეუბნები, რომ სახლში თუ დარჩები, ავადმყოფობა უფრო მოგერევა, ჩადი ცოტა ხანს ჰაერზე. თორემ, ჩადი იმუშავე, რამე გააკეთე – მაგას ცხოვრებაში არც ვეტყვი,“ – მეუბნება მერი.

რთულია 54 წელი ერთად ყოფნა? – ამ კითხვას ალიოშა და მერი სწრაფად და ერთად პასუხობენ – „არა!“

„ერთმანეთს ვახალისებთ, ვეფერებით, ახალგაზრდობას ვიხსენებთ, მაგრამ სიბერე გულდასაწყვეტია,“ – ამბობს ალიოშა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: