ნეტგაზეთი • RU

100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის

„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წინასაარჩევნოდ ეს დაპირება ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებ 100 ოჯახს მისცა. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ ფოთელები ისევ ქუჩაში დგანან, აქციებს მართავენ და მთავრობისგან დაპირებულ კომპენსაციებს ითხოვენ.

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი ცხოვრობს. კორპუსები ფოთის პორტში მდებარე ერთ-ერთ ტერმინალს, შპს „ტრანსფორდს“ ესაზღვრება. საცხოვრებელ სახლებსა და ტერმინალს ერთმანეთისგან ჯავახიშვილის ქუჩა ყოფს. მოსახლეობა 3 წელია ამტკიცებს, რომ „ტრანსფორდი“ სახიფათო ტვირთების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების ასრულებს და გარემოს აბინძურებს. დაბინძურებული გარემო კი, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

კომპანია მოსახლეობის მოსაზრებებს არ ეთანხმება და ბრალდებებს უარყოფს.

საპროტესტო აქცია ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 10 აგვისტოსაც გაიმართა. მოსახლეობამ გზა გადაკეტა და ტრაილერებს გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. მოქალაქეები საქართველოს მთავრობისგან დაპირებულ კომპენსაციას ითხოვენ. ფოტო: ლუბა ჩალაია

მზია გაგუა 30 წელია ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში ცხოვრობს. მისი აივნიდან ზღვა და ტერმინალი ჩანს. ფოთის პორტში, ტერმინალის ტერიტორიაზე, რომელსაც შპს „ტრანსფორდი“ ფლობს, შავი ფერის ტვირთია. „ან მანგანუმის კონცენტრატია, ან ქვანახშირი“, – ამბობს მზია. ზღვიდან მობერილ ქარს შავი ფერის მტვერი მისი აივნისკენ მოაქვს. აივნის მოაჯირი, იატაკი, ბინის ფანჯრები მტვრის სქელი ფენითაა დაფარული.

მზია მტვერს ხელით წმენდს. მისი ხელი მტვრისგან შავდება.

„ყავასაც კი ვერ დალევ აქ,“ – ამბობს ის და აივნის კარს მჭიდროდ ხურავს. არ უნდა, მტვერმა სახლში შეაღწიოს.

მზია და კიდევ 100 ოჯახი ჯავახიშვილის ქუჩიდან თვეებია აქციებს მართავენ. კეტავენ ქუჩას მათი სახლის წინ, რომელი ქუჩის მეორე მხარესაც ტერმინალია და ერთადერთ რამეს ითხოვენ – უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას.

მზია გაგუა საკუთარი ბინის აივანზე. მის უკან ფონზე ტერმინალია, სადაც ტვირთს ღია სივრცეში ამუშავებენ

ლუბა ჩალაიაც ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში ცხოვრობს. სამი წლის წინ, 2019 წელს, მან შვილი გააჩინა. სოფია დაარქვა. დაბადებიდან მეორე დღეს გოგონას ოპერაცია გაუკეთეს, რადგან ბავშვს ნაწლავზე სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩნდა. კეთილთვისებიანი. ერთი თვე იწვა სოფია რეანიმაციაში. სანამ შვილს გააჩენდა, ლუბამ ტყვიაზე ანალიზი გაიკეთა. ტყვია მის ორგანიზმში დასაშვებ ნორმაზე მაღალი იყო.

„მე არ შემიძლია დავამტკიცო, რომ ეს დაავადებები ტერმინალის გამო დაბინძურებული ჰაერითაა განპირობებული. ჩემი სახსრებით ამის გამოკვლევა წარმოუდგენელია. უბრალოდ, ეჭვი სულ მაქვს. აქ მძიმე ეკოლოგიური ფონია. დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება კი,  სხვადასხვა მძიმე დაავადებას იწვევს,“ – ამბობს ლუბა.

მისი სურვილია, ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მალე დატოვოს ჯავახიშვილის ქუჩა და ისეთ ადგილას დასახლდეს, სადაც გარემო დაბინძურებული არ იქნება.

„30 წელია აქ ვცხოვრობთ. 27 წელი ჩვენი ეზოდან პრეტენზია არავის გაუგია. 3 წლის წინ დაიწყეს ტერმინალიდან ბინძური, სახიფათო ტვირთის გადაზიდვა. მას შემდეგ აქ ცხოვრება გახდა შეუძლებელი. სამი წელია ამაზე გვიწევს ომი. ჯერჯერობით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მთავრობას. ორ კორპუსში 100 ოჯახი ცხოვრობს. ამ 100 ოჯახში 4 ონკოავადმყოფია. ხომ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რატომ ხდება ეს?“ – კითხულობს რამაზ კუბეცია, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრები.

რამაზ კუბეცია და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთა 3-წლიანი ბრძოლა

ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებლებმა ბრძოლა სამი წლის წინ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ფოთის პორტში „პეის ჯორჯიას“ შვილობილმა კომპანია „ტრანსფორდმა“, მოსახლეობის თქმით, სახიფათო ტვირთების ჩატვირთვა/გადმოტვირთვა დაიწყო. ჯავახიშვილის #30-ში მდებარე ორ კორპუსს ტერმინალისგან გზა ჰყოფს. მოქალაქეების ფანჯრები და აივნები ტერმინალის გადაჰყურებს.

„ძირითადად ფხვიერი ტვირთი შემოდის. გოგირდი და მანგანუმის კონცენტრატი იცლება. გემით შემოიტანენ ტვირთს, აქ ღია სივრცეში დაყრიან. ზოგჯერ რამდენიმე თვის შემდეგ მიაქვთ ისევ გემით სხვადასხვა ქვეყანაში.

ბოლოს იყო მანგანუმის კონცენტრატი და ქვანახშირი. ქვანახშირზე რომ გამოვიძახეთ გარემოს დაცვა, გვითხრეს ქვანახშირია და სახიფათო არ არისო. მანგანუმის კონცენტრატზე რომ გამოვიძახეთ, მაშინ რა ზომები მიიღეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი,“ – გვიყვება ლუბა ჩალაია.

ლუბა ჩალაია

ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებლები ითხოვენ თითოეულმა ოჯახმა მიიღოს 50 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაცია. ამით სახლებს შეიძენენ და ასევე იქნება „მიყენებული ჯანმრთელობის ზიანის“ კომპენსაცია.

შპს „ტრანსფორდი“ VS ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები

შპს „ტრანსფორდის“ დირექტორმა, ვასილ მაზიაშვილიმა „ბათუმელების“ მიერ დასმულ კითხვაზე ტერმინალში სახიფათო ტვირთების სავარაუდო გადატვირთვის შესახებ, კითხვითვე გვიპასუხა.

„როდესაც მოდის ბრალდება იმაზე, რომ „ტრანსფორდი“ ამუშავებს და, ზოგადად, ფოთში მუშავდება ჯანმრთელობისათვის საშიში ტვირთები, აქეთ [ვსვამთ] კონკრეტულ კითხვებს, თუ რა ტვირთზე აქვთ აქცენტი და რა ტვირთს თვლიან, რომ არის ჯანმრთელობისთვის საშიში?

ჩვენ ვადასტურებთ, რომ არც ერთი ტვირთი არ გვაქვს სიცოცხლისათვის მავნებელი და ჯანმრთელობისთვის საშიში. ზოგადად, დაუსრულებელი ბელეტრისტიკაა, რომ ვამუშავებთ სიცოცხლისთვის მავნებელ ტვირთებს, მსგავსი ტიპის კომენტარზე ჩვენ პასუხები არ გვაქვს. სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის მავნე, საშიში ტვირთები არ გვაქვს,“ – უთხრა ვასილ მაზიაშვილმა „ბათუმელებს“.

დასაწყობებული კარბამიდი და გოგირდი ტერმინალში

ჯავახიშვილის #30-ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ტრანფორდი“ ტერმინალში ტვირთავს კარბამიდს, მანგანუმის კონცენტრატს და გოგირდს. ეს ტვირთები შემოდის თქვენს ტერმინალში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ვასილ მაზიაშვილს.

„მანგანუმის კონცენტრატი არ ვიცი საერთოდ რა ტვირთია და რაზე საუბრობთ. რაც შეეხება კარბამიდს, კარბამიდი შემოდის ჩვენს ტერმინალზე და არ არის სიცოცხლისთვის მავნე და დამაზიანებელი. ამაზე გვაქვს შესაბამისი დასკვნები და ყველაფერი არის ნორმაში. მათ შორის, ეკოლოგიას შემოწმებული ვყავართ არაერთხელ და რაიმე სიცოცხლისთვის მავნებელი არ იყო გამოვლენილი. არ იქნა რაიმე ხარვეზი გამოკვეთილი,“ – გვიპასუხა მან.

ვასილ მაზიაშვილი, შპს “ტრანსფორდის” დირექტორი. სქრინი ტელეკომპანია “მეცხრე ტალღას” გადაცემიდან “კურსორი”

შპს „ტრანსფორდი“ 2010 წლის 23 აგვისტოს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ფოთის პორტში ტვირთის ინსპექტირება, ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება.

„ტრანსფორდში“ 75%-იან წილს ფლობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს „პეის ჯორჯია“, ხოლო 25%-იანი წილი ეკუთვნის აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანია შპს „პეის ინთერნეიშენალს“.

წესდებიდან გამომდინარე, კომპანიის ორივე დამფუძნებელს თანაბარი უფლებები აქვს კომპანიის მართვისას. კომპანიას არ ჰყავს არც დედა კომპანია და არც მაკონტროლებელი პირი. ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის სრული მოგება 2020 წელს 3, 966 მილიონი ლარი იყო.

რას და როგორ აკონტროლებს სახელმწიფო

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, „ტრანსფორდისა“ და „პეის ჯორჯიას“  საქმიანობა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ტერმინალში არსებული სიტუაციის შესახებ აცნობეს. ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რა დარღვევები აღმოაჩინა ტერმინალში გარემოს დაცვამ.

„ბათუმელებმა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, როდის და რამდენჯერ შეამოწმეს შპს „პეის ტერმინალი“ და „ტრანსფორდი“. ასევე, რა დარღვევები იქნა აღმოჩენილი კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში.

უწყებამ „ბათუმელებს“ ინფორმაცია 2015 წლიდან დღემდე ჩატარებული შემოწმების მონაცემები მოაწოდა.

გზდ-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტერმინალი „ტრანსფორდი“ მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის 4 მარტს შეამოწმეს. ადმინისტრაციული დარღვევა დაუდგინეს და სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

„ტრანსფორდის“ დირექტორის ვასილ მაზიაშვილის მტკიცებით კი, „ტერმინალი არაერთხელ შემოწმდა“.

„რაოდენობრივად ნამდვილად ვერ დავიწყებთ ახლა ამაზე დეტალებში ჩასვლას. ერთხელ იყო, ათჯერ თუ 30-ჯერ. გიდასტურებთ, რომ ბოლო პერიოდშიც (2022 წელს) იქნა შემოწმებული. ძველი დეტალური ინფორმაცია მეც არ გამაჩნია ამ წუთში, მაგრამ არაერთხელ იყო ეკოლოგიის ინსპექტირება ჩვენს ტერმინალზე,“ – განაცხადა ვასილ მაზიაშვილმა.

ჯავახიშვილის ქუჩა ფოთში. ფოტო გადაღებულია ჯავახიშვილის #30-ში მდებარე კორპუსიდან, საიდანაც ჩანს “ტრანსფორდის” კუთვნილი ტერმინალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ორჯერ, – 2017 და 2021 წელს შეამოწმეს „პეის ტერმინალი“. 2017 წელს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, 2021 წელს კი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

შპს „პეის ტერმინალი“ 2015 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. კომპანიის და მისი შვილობილების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ტვირთის უძრავი ქონების იჯარა და საზღვაო პორტის ოპერირება.

2022 წლის 31 იანვრიდან „პეის ტერმინალი“ ახალი სახელით ოპერირებს. სწორედ ამ დღეს გახსნა „პეის ჯორჯიამ“ ფოთში „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“, რომელშიც 93 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.

ჰაერის დაბინძურება ჯავახიშვილის ქუჩაზე და ნახევარმილიონიანი სადგური, რომელიც არ მუშაობს

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 100 ოჯახი კომპენსაციას ითხოვს, ჰაერის დაბინძურებაა.

2020 წლის ივლისში ფოთის საკრებულოს მოქალაქეებმა პეტიციით მიმართეს და ატმოსფერული ჰაერის უწყვეტი მონიტორინგისათვის ავტომატური სადგურების დამონტაჟება მოითხოვეს. კერძოდ, ფოთის პორტისა და სამრეწველო ქარხნების ტერიტორიაზე. ფოთის საკრებულომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები

სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილი წერილის თანახმად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური 2020 წლის 20 ივლისიდან გადაიტანეს ფოთში და ჯავახიშვილის ქუჩაზე განათავსეს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოგვწერეს, ფოთში სადგურის განთავსების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების მონიტორინგი. კერძოდ: სადგურის საშუალებით ავტომატურ რეჟიმში ისაზღვრებოდა შემდეგი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები: ნახშირბადის მონოქსიდი (CO), გოგირდის დიოქსიდი (SO2), აზოტის ოქსიდები (NO2, NO NOx), ოზონი (O3), მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5). ასევე, მეტეოროლოგიური პარამეტრები (ქარის სიჩქარე, მიმართულება, წნევა, ტენიანობა).

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხს 2020 წლის 20 ივლისიდან 13 სექტემბრამდე პერიოდში უწევდნენ მონიტორინგს.

ოფიციალური მონაცემებით, მონიტორინგის პერიოდში ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) ოდენობა დასაშვებ ზღვარს 13 დღის განმავლობაში აჭარბებდა.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული სადგური 2021 წლის 22 იანვარს გაითიშა. სააგენტომ „ბათუმელებს“ მხოლოდ 2020 წლის 13 სექტემბრამდე აღრიცხული მონაცემები მოაწოდა.

შპს „ტრანსფორდის“ დირექტორი ვასილ მაზიაშვილი ამტკიცებს, რომ ტერმინალში ყველაფერი რიგზეა და მათი მიზეზით ჰაერი არ ბინძურდება.

„ჰაერის ხარისხი არის ასევე რაღაცა დაუსრულებელი ციტატა. დეტალები არის ის, რომ დადგენილია კანონმდებლობით ჰაერში მტვრის გაფრქვევის მასა, რომელიც ჩვენ მიერ შემოწმდა.

დავიქირავეთ კომპანია „გამა“, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული კომპანია. მან ოფიციალურად, სხვადასხვა  ტიპის აპარატურით ჩაატარა ჰაერის კვლევა და აბსოლუტურად ნორმაშია ნებისმიერ ტვირთთან დაკავშირებით ჰაერი, რომელზეც ჩვენც ვმუშაობთ“, – თქვა ვასილ მაზიაშვილმა.

კითხვაზე, თუ ყველაფერი ნორმაშია, როგორ ახსნის გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებს, მაზიაშვილი პასუხობს:

„ეგ ჩემთვის არის თქვენი საუბარი და ვიღაცის რაღაც მოტანილი ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ არის ფაქტი – ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ეს დადასტურებულია შესაბამისი დასკვნით. დასკვნის დეტალებს გიზიარებთ.

დანარჩენი ყველაფერი, ვიღაცამ სადღაც ფანჯრიდან გაიხედა და რაღაც არ მოსწონს, ეს ჩვენთვის არის მიუღებელი.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი – ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე, რომელშიც მუშავდება ნებისმიერი ტვირთი შესაბამისი ტექნოლოგიური რუკებით. აღნიშნული ტექნოლოგიური რუკები შეთანხმებულია და დადასტურებულია შესაბამისი უწყებების მიერ“.

„ბათუმელების“ თხოვნაზე, მოეწოდებინა კომპანია „გამას“ მიერ შესრულებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგები, „ტრანსფორდის“ დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა უარი თქვა.

„ბათუმელებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და ჰკითხა, რატომ არ მუშაობს მათ მიერ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგური ან როდის ამუშავდება.

წერილში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური აწერს ხელს, სადგურის ამჟამინდელ უფუნქციობაში ირიბად ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები არიან დადანაშაულებული.

„ფოთში სადგურის განთავსების დღიდან არაერთხელ იქნა განმარტებული ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომ გადაუდებელ აუცილებლობას და საჭიროებას წარმოადგენს, სადგურის პერიოდული ტექნიკური დათვალიერება, დაკალიბრება და სადგურის სათანადო ფუნქციონირებისთვის შესაბამისი სამუშაოების/მომსახურებების გაწევა, სადგურზე განთავსებული აირანალიზატორების სახელმძღვანელოების მიხედვით.

თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მხრიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესი მიმდინარეობდა თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ, აღნიშნული მომსახურებების/ღონისძიებების განხორციელების პროცესს თავად მოსახლეობამ შეუშალა ხელი და შექმნა წინააღმდეგობა. რამაც საბოლოოდ განაპირობა ის, რომ აღნიშნული სადგური დანიშნულებისამებრ ვეღარ ფუნქციონირებდა.

კერძოდ: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან არაერთი თხოვნის და მცდელობის მიუხედავად, მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით სადგურზე ტექნიკური დათვალიერება და სერვისული მომსახურება სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და სტანდარტების  შესაბამისად ვერ განხორციელდა. ამასთან, სადგურზე განთავსებული აირანალიზატორების დისტანციური დათვალიერებით დგინდებოდა, რომ ისინი დეკემბრის თვიდან უკვე ფუნქციონირებდნენ ე.წ. warning (გაფრთხილების) რეჟიმში, შესაბამისად ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს სააგენტო ვეღარ განიხილავდა სანდოდ,“ – ვკითხულობთ წერილში.

სააგენტოს უფროსი ასევე განმარტავს, რომ საჭიროა ავტომატური სადგურის თბილისში ჩატანა  და დეტალური დიაგნოსტიკის ჩატარება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ ენდობა ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა. 2021 წლის აპრილში ჯავახიშვილის ქუჩის ოთხმა მცხოვრებმა – მაია კალანდიამ, მონიკა გამისონიამ, ლუბა ჩალაიამ და ნათია ნოდიამ ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს ფოთის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ.

მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებოდა, შეემუშავებინათ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რათა მიღწეულიყო ტექნიკური რეგლამენტით – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმები.

მოსარჩელეები წერდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ჰაერის მონიტორინგი დაიწყო და საგანგაშო მონაცემები დაფიქსირდა, გაითიშა საიტი, სადაც ეს მონაცემები ისახებოდა.

„არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საიტის გათიშვა სწორედ იმ მონაცემებს უკავშირდება, რაც ფოთში ჰაერის მონიტორინგის მობილურმა სადგურმა აჩვენა. სადგურის გათიშვამ გამოიწვია უნდობლობა მოსახლეობაში.

აღნიშნული მაჩვენებლის საფუძველზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, შედეგები საგანგაშოა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა რეკომენდაცია, ქალაქის დაბინძურებულ უბნებში მოახდინოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება,“ – ნათქვამია სარჩელში.

მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის შეტანიდან 16 თვე გავიდა, ჯერ სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა. შესაბამისად, არც სარჩელი განუხილავთ.

„როდესაც დავრეკე სასამართლოში და ვიკითხე, რა ბედი ეწია, წელიწადზე მეტია შემოტანილია სარჩელი-მეთქი, მოსამართლის თანაშემწემ – ჯერ კიდევ 2018 წლის სარჩელები გვაქვს განუხილველი, ეგ ახალი შემოტანილიაო. ეს მაშინ, როცა სარჩელი დაჩქარებულად განსახილველადაა შეტანილი, რადგან ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება საქმე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელისო ჯანაშიამ, სამოქალაქო პლატფორმის „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა. სწორედ ეს ორგანიზაცია ეხმარება ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს საკუთარი უფლებების დაცვაში.

ტყვია ბავშვებში

როდესაც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები დაბინძურებულ გარემოში ცხოვრებაზე აკეთებენ აქცენტს, თავიანთი ნათქვამის გასამყარებლად ის კვლევები მოჰყავთ, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარდა. ერთ-ერთი ასეთი კვლევაა ბავშვებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა.

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებისა და პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ მიმართვის საფუძველზე, ფოთის მერიამ ტყვიაზე და სხვა მძიმე მეტალებზე კვლევა 2021 წლის ივლისში ჩაატარა.

104 ბავშვი შეამოწმეს სპილენძის, მანგანუმის, ტყვიის, კადმიუმისა და კალას კონცენტრაციაზე. ამ 104 ბავშვიდან 52 ბავშვი ჯავახიშვილის #30-ში მცხოვრები იყო, მეორე 52 კი – ფოთის სხვადასხვა უბანში.

მაია მაკალათია, ფოთის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა შეაფასეს ბავშვები და საბოლოო დასკვნაც მათ დადეს 2021 წლის 21 აგვისტოს.

კვლევაში მონაწილე 104 ბავშვიდან 28 ბავშვს ჰქონდა ტყვია 5 მკგ/დლ-ზე მაღალი, ხოლო 2 ბავშვს ჰქონდა 10 მკგ/დლ-ზე მაღალი. აქედან 14 ბავშვი, რომლებსაც სისხლში ტყვიის შემცველობა 5-ზე მაღალი ჰქონდათ, ჯავახიშვილის ქუჩის#30-ში ცხოვრობს.

„ტყვიის მაჩვენებელი მომატებულად ითვლება, თუკი მისი დონე სისხლში 5 ერთეულზე მეტია. ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების რისკი მატულობს, თუ მისი მაჩვენებელი სისხლში 10-ზე მეტია.

საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ ფოთში შესწავლილი ბავშვების მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, მძიმე მეტალების ზეგავლენა ბავშვების ფიზიკურ, ფსიქო-სომატურ ან ნერვული სისტემის განვითარებაზე არ ფიქსირდებოდა და არც გამოიხატებოდა ბავშვებში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია მაკალათიამ.

NCDC-ის გაიდლაინით, სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5 მკგ/დლ-ზე ნაკლები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა გაიდლაინში ასევე განმარტებულია, რომ არ არსებობს ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე.

თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5-10 მკგ/დლ-ის ფარგლებშია, ფიქსირდება ტყვიის ზეგავლენა მსუბუქი დოზით. ამან, შესაძლებელია, იმოქმედოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 10-30 მკგ/დლ-ის ფარგლებშია, ეს ბავშვის ჯანმრთელობისათვის პოტენციურ რისკებს ქმნის.

როგორ გამოიყენა პრემიერმა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემა წინასაარჩევნოდ

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ფოთში ჩავიდა. 27 აგვისტოს მან ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე წარადგინა. იმავე დღეს შეხვდა ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ამ დრომდე იძებნება ვიდეო, სადაც ღარიბაშვილის ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრაა ასახული. ვიდეოში მკაფიოდ ისმის ყველა დაპირება, რომელსაც პრემიერი მოსახლეობას აძლევს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან, 2021 წლის 27 აგვისტო. სქრინი საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდიდან

ვიდეო, რომელიც 2 წუთსა და 8 წამს გრძელდება, იწყება იმით, რომ მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს აჩვენებენ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსს.

ღარიბაშვილი: რამდენი ხანია მანდ ცხოვრობთ?

მოქალაქე: აფხაზეთის მერე

ღარიბაშვილი: რა შეიძლება გაკეთდეს? ამიხსენით კარგად რა პრობლემაა?

მოქალაქე: ხალხი უნდა გადავასახლოთ. შესაბამისი მკურნალობა იქნება [საჭირო], კომპენსაცია იქნება, ბავშვები უნდა გადავარჩინოთ, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, მეტი არაფერი.

ღარიბაშვილი: ჰაერია ცუდი ხო?

მოქალაქე: ჰაერია ცუდი. კვლევები ჩატარებულია – ჰაერში ალუმინი, გოგირდი, მტვერი ნორმას აღემატება. ძალიან გთხოვთ, მიიღეთ რა…

ღარიბაშვილი: რამდენი ოჯახი ხართ?

მოქალაქე: 100 ოჯახი

ღარიბაშვილი: 100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა

პრემიერისა და მოქალაქეების დიალოგში ჩაერთო იქვე მყოფი მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ნათია თურნავა: არ იქნება, არა. მიწას ჩვენ განვკარგავთ, ერთად უნდა შევარჩიოთ სად შენდება, რომ არც თქვენ შეგეშალოთ ხელი და არც პროექტებს შეეშალოს.

მოქალაქე: ქალბატონო ნათია, ჩვენ აქ ბავშვები გვყავს და ის ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ვითხოვდით, რომ რაღაც თანხა მოეცათ და ჩვენ თვითონ ვნახავდით იმ სახლს. ბავშვებს ჩვენ თვითონ განვკურნავდით და დავანებებდით თავს ყველას. ანგელოზივით ბავშვები გვყავს და…

ღარიბაშვილი: გავიგე! სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას.

ნათია თურნავა: კი, პრემიერმა დავალება მოგვცა, სხვა გზა არ გვაქვს.

ღარიბაშვილი: 100 ოჯახი უნდა  გადავიყვანოთ!

ამგვარად, 2021 წლის 27 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა პრემიერისგან პირობა მიიღეს, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. გვაინტერესებდა რა ეტაპზე იყო პრემიერის მიერ გაცემული დაპირება, მიიღებს თუ არა მოსახლეობა კომპენსაციას ან საცხოვრებელ ბინებს.

მთავრობისგან პასუხი არ მიგვიღია. თუკი მოგვაწვდიან ინფორმაციას, როდის აპირებს ირაკლი ღარიბაშვილი გაცემული დაპირების შესრულებას, მას აქვე შემოგთავაზებთ.  

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები „ბათუმელებს“ უყვებიან, რომ ახლა ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – მიიღონ კომპენსაცია, დატოვონ ჯავახიშვილის ქუჩა და გადავიდნენ ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში საცხოვრებლად.

„ბათუმელებმა“ ფოთის მერიას მიმართა კითხვით, ხომ არ არის რამე გადაწყვეტილება მიღებული აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახის მოთხოვნების შესახებ.

აი, რა მოგვწერეს უწყების პრესსამსახურიდან: „ჩვენთვის დეტალურად ცნობილია ამ ადამიანების პრობლემები, არაერთხელ ვართ ნამყოფი მათთან. იცით, რომ პრემიერი დაჰპირდა მათ პრობლემის მოგვარებას, გაიცა დავალებაც მთავრობის მეთაურის მხრიდან და გვარდება ეს საკითხი – მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე და დროულად მოხდება მშენებლობა მათი თანხმობის შემთხვევაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რა დაპირებაც მათ მიეცათ, შესრულდება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი