„რუსეთის ულტიმატუმი იქნება კიევის სრული კაპიტულაცია“ – მედვედევი ზელენსკის ეხმიანება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება. ზელენსკიმ დღეს, 12 სექტემბერს, CNN-თან განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკებას, სანამ რუსეთი ულტიმატუმებს აყენებს.

მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ამჟამინდელი ულტიმატუმი უმნიშვნელოა:

„ვინმე ზელენსკიმ თქვა, რომ არ აწარმოებს დიალოგს მასთან, ვინც აყენებს ულტიმატუმებს.

ახლანდელი „ულტიმატუმი“ საბავშვო გასართობია მომავალ მოთხოვნებთან შედარებით. და მან იცის ეს რა ულტიმატუმი იქნება – კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“ – დაწერა მედვედევმა დღეს, 12 სექტემბერს, თავის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე.

ბოლო დღეებში უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ახლა მზად არიან რუსეთს მოელაპარაკონ მხოლოდ სრული დეოკუპაციის შემდეგ.

ამავე თემაზე: 

კიევი მხოლოდ სრული დეოკუპაციის შემდეგ მოელაპარაკება რუსეთს – რეზნიკოვი

რომელი სამხედრო პირების ოჯახის წევრებს დაუფინანდება მასწავლებლის პროგრამაზე სწავლა

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ, საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო.

წელს სახელმწიფო დაფინანსებას, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში დაშავებული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც მიიღებენ.

„2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში  მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.“

აღნიშნული კატეგორიის გარდა, სახელმწიფოს დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის პირები:

  • მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
  • ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
  • მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
  • აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.

აღნიშნულ პროგრამებზე განცხადებების მიიღება 2022 წლის 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრიდან დაიწყება.

ხარკოვში უკრაინის დამცველები რუსეთის საზღვრამდე მივიდნენ ზოგ მონაკვეთზე – სინეგუბოვი

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინის დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ.

„ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ოპერაციას ხარკოვის ოლქის რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად. მტერი ნაჩქარევად ტოვებს თავის პოზიციებს და გარბის სიღრმეში, მანამდე ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ან პირდაპირ რუსეთისკენ. გუშინ რუსებმა დატოვეს დასახლებული პუნქტები ბურლუკი და დვურეჩნაია, კუპიანსკის რაიონში. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, ჩვენი დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე გავიდნენ,“ – წერს ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამზე.

ტელეგრამზე აქვეყნებს განახლებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილე კირილ ტიმოშენკოც.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის გათავისუფლებას: ესაა ასობით დასახლებული პუნქტი, ათასობით ქუჩა, ესაა ათობით ათასი უკრაინელის მშობლიური ადგილები. დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მალე ჩავა პირველი დახმარება – 11 000 კომპლექტი პროდუქტებით და ამდენივე ჰიგიენური კომპლექტი. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთები: კვება, პამპერსები, ჰიგიენის საშუალებები. ეს ყველაფერი სასწრაფოდაა საჭირო,“ – წერს კირილ ტიმოშენკო.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის უახლესი შეფასებით, ხარკოვის ოლქში რუსეთმა სერიოზული ოპერატიული მარცხი განიცადა. უკრაინის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით თითქმის მთელი რეგიონი დაიბრუნეს, რუსეთის თავდაცვამ კი ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა დაადასტურა.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის გუშინდელი ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღეში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 12 სექტემბრის მდგომარეობით/Ukraine War Map twitter

7-12 სექტემბრი – უკრაინაში ბრძოლის რუკა  

ბათუმის რა ქუჩებზე დაამატა 6 ახალი ველოსადგომი „ბათუმველომ“

ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებულ „ბათუმველოს“ 17 ველოსადგომს 6 ახალი ადგილი დაემატა.

აქამდე ველოსადგომების უმრავლესობა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, რაც აფერხებდა ბულვარის გარეთ ველოსიპედებით სარგებლობის შესაძლებლობას, ახლა კი ველოსადგომები ქალაქის ტერიტორიაზე, დასახლებულ ნაწილშია განთავსდა, რაც შესაძლებელს ხდის „ბათუმველოს“ ველოსიპედი ბულვარის გარეთ, თუნდაც ჭავჭავაძის ქუჩაზე დააპარკინგოთ.

ახალი ველოსადგომების მისამართებია:

  • ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა
  • ბარათაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთა
  • ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთა
  • გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა
  • ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთა, „დონასთან“
  • ინასარიძის ქუჩა, „ვილმარტის“ მიმდებარედ

ბათუმის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილებისთვის მთავარ ბარიერს ველობილიკებზე მასიურად პარკირებული ავტომობილები ქმნის. ამ დარღვევისთვის ყოველდღიურად საშუალოდ მხოლოდ ათამდე მძღოლი ჯარიმდება. ველობილიკზე პარკირებისთვის ჯარიმა 50 ლარია.

„ბათუმველო“
„ბათუმველო“
„ბათუმველო“
„ბათუმველო“
„ბათუმველო“
„ბათუმველო“

ბუნებრივი აირი აფეთქდა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

„ბავშვები გარეთ იყვნენ ეზოში, ამიტომ გადარჩნენ. დაშავებით არავინ დაშავებულა, მხოლოდ მინებია ჩამსხვრეული“ – გვითხრა ამ უბანში მცხოვრებმა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.

_______________

ინფორმაცია განახლდება. 

 

სევასტოპოლის საზღვაო ქვეითი ბრიგადა თითქმის განადგურებულია – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის არმიამ სევასტოპოლის საზღვაო ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობის 85 % გაანადგურა.

„ხერსონის მიმართულებაზე წარმატებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. არსებული მონაცემებით, საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეულმა ბრიგადამ, რომლის დისლოკაციის ადგილიც სევასტოპოლია, თავისი პირადი შემადგენლობის 85 % დაკარგა,“ – წერს უკრაინის გენშტაბი.

გენშტაბის ცნობით, დანარჩენ სამხედროებს ძალიან დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური განწყობა აქვთ: „ისინი მასობრივად ამბობენ უარს საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაბრუნებაზე.“

ხერსონის მიმართულებაზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, პარალელურად, გრძელდებოდა თავდასხმები რუსეთის არმიის ბაზებზე, საბრძოლო საწყობებზე და ლოგისტიკურ ქსელებზე – უკრაინის არმიამ დნეპრზე გადასასვლელი ყველა საავტომობილო ხიდი დააზიანა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ხერსონთან, მდინარე დნეპრის გასწვრივ, რუსეთი მთელი ძალით ცდილობს საკმარისი რესურსების მობილიზებას.

„იმპროვიზებული მცურავი ხიდი, რომლის მშენებლობაც რუსეთმა ორი კვირის წინ დაიწყო, დაუსრულებელია. უკრაინის შორსმოქმედი არტილერია ახლა უკვე ისეთი სიხშირით ურტყამს დნეპრის გადასასვლელებს, რომ რუსეთი დაზიანებული საავტომობილო ხიდების შეკეთებას ვეღარ ასწრებს,“ – მიუთითებს დაზვერვა.

6 სექტემბერს უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო ხარკოვის ოლქშიც – უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო უწყებების ცნობით, გათავისუფლებულია 3 000 კმ2-ზე მეტი ტერიტორია, რუსეთის თავდაცვამ კი ოლქიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

უკრაინამ ომში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს – ISW

უკრაინამ ომის მიმდინარეობაში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს: გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის ჯარები თავდაცვის ახალ ხაზს მოაწყობენ და ადგილობრივ შეტევებსაც დაიწყებენ; უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასჭირდებათ შეტევების ახალი ტალღა მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად – სავარაუდოდ, ომი 2023 წელსაც გაგრძელდება.

ასეთ დასკვნამდე მიდიან აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები უკრაინის შესახებ ახალ ანგარიშში.

„უკრაინის ხელისუფლება დემონსტრაციულად განიხილავდა ხერსონის კონტრშეტევისთვის მზადებას და ამით რუსეთის ყურადღება გადაიტანა იმ ტერიტორიიდან, რომელზეც ძირითად დარტყმას აპირებდა. საფუძვლიანი მომზადების შედეგად, გეგმამ იმუშავა. გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თავდასხმები მტრის ლოგისტიკურ ქსელებზე ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში, რისთვისაც უკრაინის არმია ეფექტიანად იყენებდა „ჰაიმარსებსა“ და სხვა დასავლურ შეიარაღებას,“ – წერს ISW

ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, უკრაინამ ომში გარდატეხა მოახდინა  – ახლა სწორედ უკრაინის არმია განსაზღვრავს საბრძოლო მოქმედებების ხასიათსა და ადგილს, ხოლო რუსეთი უფრო და უფრო არაადეკვატურად უპასუხებს ამ ზეწოლას – როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

ISW ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე კონტრშეტევა უკრაინას ომის დასრულების საშუალებას არ მისცემს. რუსეთი გარკვეულ მომენტში შეძლებს თავდაცვის ახალი ხაზის შექმნას და მცირე შეტევებზე გადასვლას.

„უკრაინას შეტევების კიდევ ერთი სერია დასჭირდება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, ამიტომაც ომი, სავარაუდოდ, 2023 წელსაც გაგრძელდება,“ – წერს ISW.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთმა სერიოზული ოპერატიული მარცხი განიცადა ხარკოვის ოლქში. უკრაინის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით თითქმის მთელი რეგიონი დაიბრუნეს;
  • უკრაინის ძალებმა წაიწიეს წინ ვოლჩანსკსა და ველიკი ბურლუკში,
  • რუსეთის თავდაცვამ დაადასტურა ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა;
  • იზიუმის აღება ამ სექტორში რუსეთის გეგმებს მთლიანად შლის;
  • სამხრეთში პოზიციური ბრძოლები გრძელდება. უკრაინის არმია მტრის ზურგში დარტყმებს განაგრძობს – ბაზებზე, საწყობებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე;
  • რუსეთის დანაკარგების კომპენსირებას ყველა შესაძლო ძალით ცდილობს;
  • კონტრშეტევამ რუსეთი აიძულა ე.წ. რეფერენდუმების თარიღი განუსაზღვრელი ვადით გადაეწია.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის გუშინდელი ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 52 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 2 168 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 4 640 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 1 269 ერთეული [+6]
  • MLRS – 311 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 162 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 243 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 213 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 903 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 216 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 463 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 117 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 153 ვერტმფრენი
  • 1 938 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 891 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 831 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 379 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 499 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთმა ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

[yellow_box]კიევი მხოლოდ სრული დეოკუპაციის შემდეგ მოელაპარაკება რუსეთს – რეზნიკოვი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

სოცქსელებში ცუდი ინფორმაციები ვრცელდება – კადიროვი რუსეთის თავდაცვას საყვედურობს

რუსეთმა ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ, ოთხშაბათის შემდეგ, ხარკოვის ოლქში, სულ მცირე ლონდონის რაიონზე (Greater London – 1,569 კმ²) ორჯერ დიდი ტერიტორია დაიბრუნა.

„ამ სექტორში მხოლოდ იზოლირებულ ადგილებში რჩება წინააღმდეგობა. უკრაინის კონტრშეტევის პირისპირ დარჩენილმა რუსეთის სარდლობამ, სავარაუდოდ, მდინარე ოსკილის დასავლეთ სანაპიროდან, ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან თავისი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა,“ – წერს უწყება 12 სექტემბრის რელიზში.

დაზვერვის ცნობით, პარალელურად, სამხრეთში, ხერსონთან, მდინარე დნეპრის გასწვრივ, რუსეთის მთელი ძალით ცდილობს საკმარისი რესურსების მობილიზებას.

„იმპროვიზებული მცურავი ხიდი, რომლის მშენებლობაც რუსეთმა ორი კვირის წინ დაიწყო, დაუსრულებელია. უკრაინის შორსმოქმედი არტილერია ახლა უკვე ისეთი სიხშირით ურტყამს დნეპრის გადასასვლელებს, რომ რუსეთი დაზიანებული საავტომობილო ხიდების შეკეთებას ვეღარ ასწრებს,“ – მიუთითებს დაზვერვა.

უწყების შეფასებით, უკრაინის სწრაფი წარმატება სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთო გეგმებს – უკრაინაში მისი ძალების დიდი ნაწილი იძულებულია თავდაცვაზე გადავიდეს, სარდლობისადმი ისედაც შესუსტებულ ნდობა კი კიდევ უფრო უარესდება.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად კი უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.

ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.

კიევი მხოლოდ სრული დეოკუპაციის შემდეგ მოელაპარაკება რუსეთს – რეზნიკოვი

კიევი აღარ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკებისთვის იმ პირობით, რომ ოკუპანტი ქვეყნის ჯარები 24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნდნენ. ახლა ამას უკრაინის სრული დეოკუპაცია სჭირდება. კიევი მზადაა რუსეთს მოელაპარაკოს მხოლოდ 1991 წლის საზღვრებში, სრული დეოკუპაციის შემდეგ – ამის შესახებ დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ისაუბრა.

რეზნიკოვმა დღეს იალტის ევროპული სტრატეგიის ორდღიანი კონფერენცია დახურა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა უკრაინას არწმუნებენ შეუთანხმდეს რუსეთს. თუმცა, კონკრეტულად ვისზეა საუბარი, რეზნიკოვმა არ დაასახელა.

„ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ (ომში), მათ შორის ვისწავლეთ არ ვენდოთ არანაირ საუბარს მშვიდობაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ამასთან, რეზნიკოვმა გაახმოვანა უკრაინის ახალი პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობებთან დაკავშირებით – კიევი აღარ დასთანხმდება იმას, რასაც აქამდე სთავაზობდა რუსეთს.

„საიდუმლოს გავამხელ. ჩვენ რუსებს ვუთხარით: იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ და შეთანხმებას მივაღწიოთ, ჯარი უნდა დააბრუნოთ 23 თებერვლის მდგომარეობაში. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ახლა ისინი გასცდნენ ამ ზღვარს, ამიტომაც ეს ვარიანტი უკვე დიდი ხანია შეუძლებელია“, – განაცხადა მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, კიევი მოლაპარაკებების წინაპირობად ახლა დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას ასახელებს.

„24 თებერვლის ვარიანტები უკვე აღარ არსებობს. 1991 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით. გადით“ – შეაჯამა რეზნიკოვმა.

უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ დღეს ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. სერგეი ლავროვის თქმით, რაც უფრო მეტად გაიწელება ეს პროცესი, მშვიდობის მიღწევა მით უფრო რთული იქნება.

ხარკოვის ოლქის უშიშროების ყოფილი უფროსი ღალატის ბრალდებით დააკავეს – მედია

რომან დუდინი, რომელიც მაისის ბოლომდე ხარკოვის რეგიონში უკრაინის უშიშროების სამსახურის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში დააკავეს. უშიშროების ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინეს.

ამის შესახებ მედია წერს ორ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს წარმოადგენენ.

წყაროების თქმით, დუდინი ბრალდებულია ორი მუხლით – სამშობლოს ღალატი და სამსახურებრივი ადგილის მიტოვება. სწრაფი რეაგირების სამსახურში ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. თავად დუდინთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა.

როგორც მედია წერს, დუდინი დასავლეთ უკრაინის ერთ-ერთ რეგიონში დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 მაისს ხარკოვის ოლქის უშიშროების სამსახურის უფროსი, რომან დუდინი იმის გამო გაათავისუფლა, რომ „მუშაობდა არა ქალაქის დაცვაზე, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა“.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ რეგიონში უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოტივების გარკვევაზე სამართალდამცავები იმუშავებენ.

19 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში უკრაინის უშიშროების სამსახურის დეპარტამენტის უფროსად ალექსანდრე კუცია დანიშნა.

___

მთავარი ფოტო: უნიანი

წელს ავტობანის ახალი, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის გახსნა მიმდინარე, 2022 წელს იგეგმება.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან [შემდგომში, მაგისტრალის ეს მონაკვეთი, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ჩქაროსნულ გზას უნდა მიუერთდეს].

„მშენებლობის ფარგლებში, 9-კილომეტრიან მონაკვეთზე 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, ასევე რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელის და წყალგამტარი მილის მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს; ამასთანავე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე, უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

პროექტის ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება.

„პარალელურ რეჟიმში, ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს. ეს გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთს მიუერთდება და პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ექსპლუატაციაში შევიდეს სამტრედია-გრიგოლეთის 9.5 კმ-იანი მონაკვეთი.“ აცხადებს დეპარტამენტი.

ადგილობრივი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების სამუშაოები ნიგვზიანში / საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

გზის ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ჯამში 23,5 კილომეტრი იქნება გახსნილი. ამ დროისთვის გახსნილია გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთი ჯაპანადან ლანჩხუთამდე.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელში უნდა დასრულდეს ასევე, ამავე ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთი – სამტრედიიდან ჯაპანამდე.

რა ეტაპზეა და როდის უნდა დასრულდეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების მშენებლობა რიკოთიდან-სარფამდე – ნახეთ, დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემები:

როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება

მთავარი ფოტო: სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთი [ხაჯალია-სუფსა] / ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

 

რუსები დნრ/ლნრ-ში მცხოვრებ მოღალატეებს გაქცევას ურჩევენ – ენერგოდარის მერი კოლაბორანტებზე

იმ პირებს, რომლებიც უკრაინის დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ, რუსეთში გაქცევას ურჩევენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას, ენერგოდარის მერზე, დმიტრო ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს დღეს ავრცელებს.

„დღეს ენერგოდარში ოკუპანტებმა თავიანთ საინფორმაციო რესურსების მეშვეობით გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე სხვა ოკუპირებული  ტერიტორიების მცხოვრებლებს რეკომენდაციას უწევენ „ვითარების დაძაბულობიდან გამომდინარე“ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრონ. მათ გარკვეული სახის საინფორმაციო დახმარებასაც სთავაზობენ“, – აღნიშნა დმიტრო ორლოვმა.

„პირველი შემთხვევაა, როცა ძნელია არ დაეთანხმო, რომ ეს მიანიშნებს მათი მხრიდან საღი აზრის ქონაზე – მოღალატეებს ვურჩევთ ისარგებლონ რუსეთის ფედერაციის სამხედროების მოწოდებით, რომლებიც მალე იმავე მიმართულებით გაიქცევიან. თქვენ  მხოლოდ ორი ვარიანტი გაქვთ: ან გაიქცევით, ან დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსვლას და პირადად შეხვდით ჩვენს დამცველებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ორლოვმა.

როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული შეტევის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ „გადადო“ რეფერენდუმის ჩატარება, რომლის შედეგადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები „რუსეთს უნდა შეერთებოდა“.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან სასწრაფო წესით გაიწვია რუსი „პოლიტტექნოლოგები“, რომლებიც რეფერენდუმის მომზადებაზე მუშაობდნენ.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, უკრაინამ 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნა. უკრაინის არმიას განსაკუთრებული წარმატება ხარკოვის რეგიონში აქვს. შეტევა გრძელდება სხვა მიმართულებებზეც.

სამუშაოზე მსუბუქ უბედურ შემთხვევებს შრომის ინსპექცია აღარ მოიკვლევს – ახალი წესი

სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან, აღარ ექვემდებარება აღრიცხვას, მოკვლევას და ანგარიშგებას, თუ ის წარმოადგენს მსუბუქ უბედურ შემთხვევას.

ამასთან, ინსპექცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს მოკვლევას, თუ „გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ უბედური შემთხვევა გამოწვეულია სისტემური დარღვევებით“. ანუ, ახალი წესის მიხედვით, მსუბუქი უბედური შემთხვევა არ ექვემდებარება მოკვლევას [აღრიცხვას, ანგარიშგებას] თუ „არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ უბედური შემთხვევა უკავშირდება სამუშაო სივრცეში არსებულ სისტემურ დარღვევებს“.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მსუბუქ უბედურ შემთხვევად ითვლება – „დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე, ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა“.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესში“, 2022 წლის 9 სექტემბერს შევიდა და ამავე დღეს ამოქმედდა.

ცვლილებამდე, შესაბამისი პუნქტი ასე იყო ჩამოყალიბებული:

„აღრიცხვას, მოკვლევასა და ანგარიშგებას არ ექვემდებარება შემთხვევები, რომლებიც არ არის განპირობებული საწარმოო მიზეზებითა და ტრავმებით, რომლებიც მიიღეს დასაქმებულებმა მათ მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას, აგრეთვე დამსაქმებლის ნებართვის გარეშე პირადი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედებისას და არსებობს მათი დამადასტურებელი მტკიცებულება.“

ახალი ცვლილებით კი, ეს პუნქტი ასე ჩამოყალიბდა:

„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა ზედამხედველი ორგანოს მხრიდან არ ექვემდებარება აღრიცხვას, მოკვლევასა და ანგარიშგებას, თუ:
ა) არ არის განპირობებული საწარმოო მიზეზებითა და ტრავმებით;
ბ) გამოწვეულია დასაქმებულ(ებ)ის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო/პროცესში;
გ) გამოწვეულია პირადი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედებისას და აღნიშნული ქმედების განხორციელებაზე არ არსებობდა დამსაქმებლის ნებართვა;
დ) წარმოადგენს მსუბუქ უბედურ შემთხვევას (დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა) და არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ უბედური შემთხვევა უკავშირდება სამუშაო სივრცეში არსებულ სისტემურ დარღვევებს.“;

მინისტრის ახალი ცვლილებით:

  • ზემოთ აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული „უბედური შემთხვევის დასადასტურებლად ზედამხედველი ორგანოს [შრომის ინსპექციის] მიმართ მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს;
  • დამსაქმებელი ასევე ვალდებულია პრევენციული მიზნებისათვის, აღრიცხოს, მოიკვლიოს და შეაფასოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევები;
  • ხოლო, „თუ ზედამხედველ ორგანოს გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული უბედური შემთხვევა გამოწვეულია სისტემური დარღვევებით, განახორციელებს უბედური შემთხვევის მოკვლევას ამ წესის შესაბამისად.“.

ამ ცვლილებით, გაიზარდა ფატალური უბედური შემთხვევისას მოკვლევის ვადა. თუ უბედური შემთხვევის გარემოება და მიზეზები, შესაბამისი კომისიის მიერ მოკვლეული უნდა ყოფილიყო  კომისიის შექმნიდან 7 დღის ვადაში, ამჯერად ეს ვადა 20 დღემდე გაიზარდა.

ზედამხედველი ორგანო [შრომის ინსპექციის სამსახური], ამ დრომდე, ვალდებული იყო „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა მოეკვლია 30 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაგრძელება კი შესაძლებელი იყო ერთხელ, იმავე ვადით“.

ახალი ცვლილების მიხედვით კი, შრომის ინსპექცია ვალდებულია „უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა 30 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაგრძელება შესაძლებელია ზედამხედველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უბედური შემთხვევის მოკვლევისთვის საჭირო გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს უბედური შემთხვევის მოხდენის შედეგების დადგენის მიზნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ვადისა.“

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

აჭარის მთავრობა გოდერძიზე მიწას სასტუმროს აშენების პირობით ყიდის – აუქციონი

გოდერძის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალთან, აჭარის მთავრობა 3 151 კვ.მ მიწის ნაკვეთს, სასტუმროს აშენების პირობით, აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა.

ნაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დანისპარაულის ადმინისტრაციულ საზღვრებშია და საწყისი გასაყიდი ფასი, 600 ათასი ლარია. აქ 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.

ხედი გასაყიდი მიწის ნაკვეთიდან / გოდერძის უღელტეხილი, ხულო, სოფელი დანისპარაული / ფოტო აუქციონიდან

აუქციონის პირობა ასეთია:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ: 2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა; 2024 წლის 1-ელ ივნისამდე კი, დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე სამთოსათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა;
  • არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის, სადაც განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 50 სასტუმროს ნომერი, მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • არაუგვიანეს 2024 წლის 30 დეკემბრისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
  • არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრისა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში გადაცემა/ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;
  • დასაქმებულთა თანაფარდობის და პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;

პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ აუქციონში გამარჯვებულმა ამ პროექტში არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ელექტრონული აუქციონი, სადაც ვაჭრობის ბიჯი 15 ათასი ლარია, დაწყებულია და ის 2022 წლის 19 სექტემბერს დასრულდება.

სოცქსელებში ცუდი ინფორმაციები ვრცელდება – კადიროვი რუსეთის თავდაცვას საყვედურობს

„საინტერესო“ – ასე უწოდა ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ხარკოვის ოლქში შექმნილ ვითარებას. კადიროვმა დღეს, 11 სექტემბერს, თავის ტელეგრამარხზე გამოაქვეყნა 11-წუთიანი ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც ბევრი საინტერესო რამ თქვა.

კადიროვის თქმით, „სოციალურ ქსელებში ცუდი ინფორმაციები ვრცელდება“, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი არაფერი განმარტა – „ეს რატომ ხდება“.

რამზან კადიროვმა ტელეგრამარხზე აუდიო მიმართვის ტექსტში მიმოიხილა უკრაინაში, კონკრეტულად კი ხარკოვის რეგიონში შექმნილი ვითარება. ის ირწმუნება, რომ „რუსეთის არმიას რომ სდომებოდა, უკან არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევდა“.

მაშინ, როცა კრემლი ამჯობინებს გაჩუმდეს ან ამტკიცოს, რომ ყველაფერი „გეგმის მიხედვით მიდის“, კადიროვი სიტუაციას აფასებს, როგორც „საინტერესოს“. ის ელის, რომ ერთ-ორ დღეში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ტაქტიკა შეიცვლება, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება და რუსი სამხედროების ტაქტიკა არ შეიცვალა, სიტუაციაში გასარკვევად ის თავდაცვის სამინისტროს და ასევე ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდება.

კადიროვის თქმით, ბოლო დღეებში მას ბევრ ინფორმაციას აწვდიან, თუმცა კონკრეტული ახსნა-განმარტება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსგან ვერ მოისმინა.

კადიროვი ამავე მიმართვაში აღიარებს ოკუპანტების წარუმატებლობას იზიუმში, კუპიანსკსა და ბალაქლეში:

„თუ დღეს და ხვალ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარებაში ცვლილებები არ განხორციელდება, მე იძულებული ვიქნები მივიდე თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის (რუსეთის ფედერაცია) ხელმძღვანელობასთან, რათა ავუხსნა, რაც რეალურად ხდება, იქ ადგილზე. ვითარება არის ძალიან საინტერესო… „გასაოცარი“ სიტუაციაა… ის, რომ გადავიდა, გადაეცათ რამდენიმე ქალაქი, სოფელი, ამასაც აქვს თავისი პლუსები“.

კადიროვი იმედს არ კარგავს, რომ რუსული არმია უახლეს მომავალში მიაღწევს ოდესამდე და ასევე დაიბრუნებს ყველა ქალაქს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს. ის პირობას დებს, რომ მალე დაიკვეხნის „კონკრეტული შედეგებით“.

დღის წესრიგში ახლა განრიგია, სწრაფი მომარაგება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს – კულება

„მადლობა პარტნიორებს, უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე ჩვენი საერთო წარმატებაა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

კულებას თქმით, უკრაინა გაზაფხულიდან ითხოვდა იარაღს პარტნიორებისგან, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდების დაჩქარებაა – „სწრაფი მომარაგება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს“.

„იარაღი, იარაღი, იარაღი – ჩვენს დღის წესრიგში გაზაფხულიდან დგას. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებმაც უპასუხეს ჩვენს მოწოდებას: უკრაინის წარმატებები ბრძოლის ველზე ჩვენი საერთო წარმატებებია. დღის წესრიგში ახლა სამი საკითხია – განრიგი, განრიგი და განრიგი. სწრაფი მომარაგება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

უკრაინის სამხედრო ძალებმა, ბოლო დღეებში წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს ხარკოვის მიმართულებით. ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინულმა შეტევამ ხარკოვის ოლქში დააბნია რუსული ძალები და სრულიად ჩამოშალა დონბასის შეტევის ჩრდილოეთ მიმართულება. ISW წერს, რომ უკრაინამ 5 დღეში იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 10 სექტემბრის განცხადებით, სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს დაახლოებით 2 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 11 სექტემბრის მონაცემებით, დღემდე რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 52 650 ადამიანი, ასევე ათასობით სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 სექტემბრის 21 საათიდან 12 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი, 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი,
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 13 სექტემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი, 14-15 სექტემბერს კი, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 52 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 2 154 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 4 617 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 1 263 ერთეული [+4]
  • MLRS – 311 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 162 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 242 ერთეული [+3]
  • ვერტმფრენი – 213 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 902 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 216 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 445 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 117 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 153 ვერტმფრენი
  • 1 933 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 883 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 831 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 378 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 469 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]სექტემბრის დასაწყისიდან 2 000 კმ² ტერიტორია გავათავისუფლეთ — ზელენსკი[/yellow_box]

„ინიციატივა გადადის უკვე უკრაინელების მხარეს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, უკრაინელების წარმატება უკვე გარდაუვალია, თუმცა პუტინს ზამთრის იმედი აქვსო, დასძენს სამხედრო ექსპერტი და არ გამორიცხავს, დაზამთრებამდე უკრაინელებმა „გარდამტეხი“ წარმატებების მიღწევა ვერ მოასწრონ.

ამავე თემაზე:

როგორ ჩამოაგდეს 11 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 რაკეტა და 13 დრონი – უკრაინის გმირი

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა

დღეს, 11 სექტემბერს, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა.

ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ბორტი აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა და ტრაპიზონის მიმართულებით გაფრინდა.

„ქარის გამო მხოლოდ ეს თვითმფრინავი ვერ დაჯდა. სხვა ბორტები აეროპორტში თავისუფლად მივიღეთ“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტში.

განახლება: თვითმფრინავი რიზეს აეროპორტში დაჯდა:

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა. ბორტი უკან გაბრუნდა და რიზეს აეროპორტში დაჯდა / 11.09.2022

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორ ჩამოაგდეს 11 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 რაკეტა და 13 დრონი – უკრაინის გმირი

იაროსლავ მელნიკი – Buk M1 საზენიტო სარაკეტო დანაყოფის მეთაურია. მან მტრის 28 სამიზნე გაანადგურა: სხვადასხვა ტიპის 11 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 ფრთოსანი რაკეტა და 13 უპილოტო ფრთოსანი აპარატი.

ნახევარი წელია იაროსლავ მელნიკის დანაყოფი ხარკოვის რეგიონში რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს იგერიებს. ამ დანაყოფმა აიძულა რუსი პილოტები დაეტოვებინათ ხარკოვის რეგიონი და შეეწყვიტათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა.

იაროსლავ მელნიკს არ შეშინებია ცეცხლსასროლი რაკეტებით აღჭურვილი თავისი სამხედრო ავტომობილით მარტო გამკლავებოდა რუსული თვითმფრინავების დიდ ჯგუფს, მეტიც, ოკუპანტების რაკეტამ მისი სამხედრო ავტომობილი დააზიანა, მაგრამ მან შეძლო  ცეცხლსასროლი რაკეტებით აღჭურვილი მანქანის ევაკუაცია და მისი ამოქმედება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მელნიკს უკრაინის გმირის წოდება შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე მიანიჭა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალურ საინფორმაციო გამოცემასთან АрмияInform, იაროსლავ მელნიკი საუბრობს თავის პირველ ბრძოლაზე ოკუპანტების წინააღმდეგ, რისკსა და გამარჯვებებზე, იღბალზე, როცა შეუძლებელი შეძლო. საუბრობს შიშისა და ბრაზის შესახებაც, რასაც ომში ყველა მებრძოლი ატარებს.

იაროსლავ მელნიკოვის მონათხრობი:

  • პირველი ბრძოლის შესახებ

ჩვენი დანაყოფი საბრძოლო მოვალეობას ასრულებდა ხერსონის ოლქში. 24 თებერვალს 4:25 საათზე საარტილერიო დაბომბვების ხმა გავიგეთ, ჰორიზონტს აფეთქებების ცეცხლი ანათებდა.

მივიღეთ ბრძანება გადავსულიყავით ჯერ ნოვაია კახოვკაში, შემდეგ კი ზაპოროჟიეშ. აქ, 26 თებერვალს, დილით პირველი რუსული სამიზნე ჩამოვაგდეთ. რუსული ვერტმფრენების ჯგუფი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, ჩვენს დანაყოფებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ორი რაკეტით ჩამოვაგდეთ ერთი მათგანი – Mi-17. ზაპოროჟიეს მახლობლად მარტის შუა რიცხვებამდე ვიბრძოდით. შემდეგ გვიბრძანეს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მიმართულებით წასვლა, რადგან იქ რუსი პილოტები ძალიან აქტიურობდნენ. პირველივე დღეს ჩამოაგდო იქ ჩვენმა საბრძოლო ეკიპაჟმა ოკუპანტების საბრძოლო ვერტმფრენი. უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ოკუპანტების მანქანებსა და ეკიპაჟის ნაშთებს პოულობდნენ.

  • ერთი ბუკი ათ თვითმფრინავ წინააღმდეგ

ხარკოვის ცაზე ერთდროულად მტრის თვითმფრინავების დიდი ჯგუფი იყრიდა თავს. ხანდახან მათი რაოდენობა ათსაც აჭარბებდა. რუსები ქალაქ იზიუმს და მის შემოგარენს ბომბავდნენ და ჩვენს საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ნადირობდნენ. ჩემი დანაყოფი მარტო იბრძოდა მათ წინააღმდეგ. ჩვენზე ნადირობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ჩავრთავდით აპარატურას მტრის სამიზნის დასაფიქსირებლად, მაშინვე შეგვნიშნავდა ათობით რუსი პილოტი და მათ სამიზნედ ჩვენც ვიქცეოდით.

თუკი შეგვნიშნავდნენ უყოყმანოდ შეიცვლიდნენ მისიას, გადადებდნენ ქალაქის დაბომბვას და ჩვენს საზენიტო სარაკეტო კომპლექსს დაუშენდნენ ბომბებს გასანადგურებლად.

თანამებძოლებთან ერთად

ათ თვითმფრინავს ათი ანტი-სარადარო რაკეტის გასროლა შეუძლია. მეტიც შეუძლია. რბილად რომ ვთქვათ, ძალთა დისბალანსი იყო, მაგრამ მაინც ჩავერთეთ საზენიტო ბრძოლებში. რუსმა ოკუპანტებმა ჩვენზე ნადირობა დაიწყეს, ჩვენ კი მათზე ვნადირობდით.

წამები გვქონდა აღჭურვილობის ჩასართავად, სამიზნის აღმოსაჩენად და ობიექტის დასაფიქსირებლად. ვრთავდით რადარს, ამ დროს კაბინაში ტკაცუნი ისმოდა და ანათებდა ინდიკატორი, რაც მიანიშნებდა, რომ სამიზნე ვიპოვეთ. თუმცა ამ დროს უკვე ჩვენს თავზე მფრენი ყველა რუსი პილოტისთვისაც ცხადი იყო სად ვუსაფრდებოდით.

სწრაფად ვუშვებდით ცეცხლს ცაში და უსწრაფესად ვტოვებდით პოზიციებს ანტი-სარადარო რაკეტებისთვის რომ დაგვეღწია თავი – ჩვენი ცეცხლის შემდეგ რუსები აუცილებლად დაგვიშენდნენ.

ერთ დღეს მივიღეთ ინფორმაცია ჩვენს ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის ორი თვითმფრინავის შესახებ. ორივე ამოვიღეთ მიზანში. ერთი ჩამოვაგდეთ, მეორეს შეეძლო საპასუხოდ თავს დაგვსხმოდა და სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ პილოტი უნებისყოფო გამოდგა – რომ შეხედა რა დაემართა მის მსგავს პილოტს გაიქცა, გაფრინდა. შეგვეძლო გაგვეშვა, არ გადმოდიოდა შეტევაზე, მაგრამ ვესროლეთ და ჩამოვაგდეთ.

  • ქვეითებს საზენიტო მსროლელების დანახვა უხაროდათ

ჩვენი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზონა რამდენიმე ათეული კილომეტრი იყო, თუმცა საბრძოლო პოზიციების მოწყობა ამ ტერიტორიის მიღმა, უსაფრთხო ადგილებშიც შეგვეძლო, ბრძოლის წინა ხაზისგან მოშორებით, ეს მაინც გვაძლევდა შესაძლებლობას აღმოგვეჩინა მტრის სამიზნე. თუმცა ჩვენი დანაყოფი პირიქით, ახლოს მიდიოდა ბრძოლის წინა ხაზთან. წინა ხაზს ქვეითები ამაგრებდნენ, გვებრალებოდნენ. ისინი საჰაერო დარტყმების საფრთხის ქვეშ იყვნენ. ამ საფრთხის ქვეშ ყოფნა გაცილებით რთულია, ვიდრე საარტილერიო ცეცხლის გამკლავება. ვცდილობდით დაგვეცვა ჩვენი ქვეითი ჯარისკაცები ავიადაბომბვებისგან და რაც შეიძლება ახლოს მივდიოდით ფრონტის ხაზთან.

ასე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ავიადარტყმები მიგვეყენებინა მტრისთვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენი დანაყოფი ძალიან დაუცველი ხდებოდა.

ჩვენ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ვაცნობიერებდით, რომ ქვეით ჯარისკაცებს, ტანკისტებს და არტილერიას ჩვენი დაცვა სჭირდებოდა საჰაერო დარტყმებისგან.

უბრალოდ ის ფაქტიც კი, რომ გვერდით „ბუკი“ იდგა, დიდი იმედი იყო სახმელეთო ნაწილების მებრძოლებისთვის. დიდ პატივისცემას და მადლიერებას ვგრძნობდით მათგან. ეს საბრძოლო ძმობაა, რომლის გადმოსაცემადაც სიტყვები უძლურია.

ერთხელ რუსული რაკეტა ჩვენს თვითმავალ საცეცხლე სისტემას მოხვდა. არადა ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. მიზანში ამოვიღეთ მტერი, თუმცა არ გაამართლა და დაგვარტყეს, აფეთქების ხმა გაისმა. შოკში ვარ. თავს ვიმოწმებ – მთელი თუ ვარ: ხელები და ფეხები ადგილზეა. ირგვლივ ვიხედები, ყველა ცოცხალია და უვნებელი. ვტოვებთ ჩვენს საბრძოლო მანქანას და მივდივართ უახლოესი ტყისკენ. ვაკვირდებით იქიდან, როგორ დგას ჩვენი „ბუკი“ მინდორში მარტო.

ცოტა ხნის შემდეგ გადავწყვიტე მივირბინო და შევამოწმო რა მდგომარეობაშია, იქნებ ევაკუაცია შევძლო.  ერთის მხრივ, ეს უბრალოდ „რკინაა“, რისთვისაც სიცოცხლის გარისკვა არ ღირს. მეორეს მხრივ, „რკინას“ კიდევ აქვს შანსი გაანადგუროს მტრის ბევრი თვითმფრინავი და გადაარჩინოს ხალხის სიცოცხლე.

გავრბივარ „ბუკისკენ“, ვცდილობ ავამუშაო და გამომდის. თავშესაფრისკენ ვიღებ გეზს. თუ მეშინოდა? კი, მეშინოდა,  მაგრამ მე თვითონ ავირჩიე ეს პროფესია. ახლა კი ომია და ჩემი საქმე კარგად უნდა გავაკეთო. სამშობლოს, უკრაინას ვიცავ.

ერთხელ ისე მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ყოველგვარი გასროლის გარეშე ჩამოაგდო ჩვენმა დანაყოფმა. შევნიშნეთ პილოტი და მიზანში ამოვიღეთ, ოკუპანტმა სიგნალი მიიღო, მიხვდა, რომ მიზანში ამოვიღეთ, პილოტი პარაშუტით გადაფრინდა ბორტიდან – მოასწრო კატაპულტირება, მალე კი მისი თვითმფრინავი ჩვენი გასროლის გარეშე დაენარცხა მიწას.

იასროსლავ მელნიკი რუსეთის არმიის განადგურებულ ტექნიკასთან

იყო ერთი ასეთი შემთხვევაც: 1983 წელს დამზადებული რაკეტა გვქონდა. ეჭვით ვუყურებდი, მიზნისკენ თუ გაფრინდება ნეტა საერთოდ-მეთქი, ვფიქრობდი. მოვამზადეთ, გავისროლეთ და  თითქმის ორმოცი წლის წინანდელმა რაკეტამ სამიზნე გაანადგურა. რუსული თვითმფრინავი შემოდგომის ფოთოლივით დაეცა მიწაზე.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სხვადასხვა ადგილიდან ბევრმა გადაიღო და კადრები ინტერნეტში გავრცელდა.

  • სახლი ტანკში, მცველი ბავშვები სათამაშო თოფებით და ადამიანების მხარდაჭერა

ძალიან რთულ პირობებში ვიბრძოდით. მარტის დასაწყისში ხარკოვში სასტიკი სიცივე იყო. ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცა. ყველაფერი გაიყინა. რამდენიმე დღის განმავლობაში შალის ტანსაცმელს არ ვიცვლიდით. არც სითბო იყო სადმე, არც ცხელი წყალი. ახლომახლო ცეცხლსაც კი ვერ დაანთებდი, მაშინვე შეგვნიშნავდნენ რაშისტები.

ვცხოვრობდით ტანკში, კონსერვებს ვათბობდით პატარა ცეცხლზე, ტანკში გვეძინა, იქ ვჭამდით და ვსვამდით.

შემდეგ დასახლებებს მივუახლოვდით. შინ გვეპატიჟებოდნენ, ჩვენზე ოჯახის წევრებივით ზრუნავდნენ,  ღუმელს გვინთებდნენ, კერძებს გვიმზადებდნენ, გამოჰქონდათ ყველაფერი, რაც გააჩნდათ.

ჩვეულებრივი მოქალაქეები გვიყურებდნენ როგორ ვიგერიებდით რუსების თავდასხმებს, უყურებდნენ როგორ ვესროდით მათ თვითმფრინავებს, თუ ჩვენი ტექნიკა დაზიანდებოდა, ხალხი მოდიოდა და გვეუბნებოდნენ: რა გჭირდებათ, რა ნაწილები დაზიანდა, წავალთ მოვძებნით ყველაფერსო.

ბავშვები მოდიოდნენ, სათამაშო თოფებით და დაცვას, დახმარებას გვთავაზობდნენ: იქ, პოსტზე თქვენი ჯარისკაცები დგანან და პოზიციებს იცავენ, დავდგებით რა ჩვენ მათ ნაცვლად ან ერთად მაინც ვიომოთო, გვთავაზობდნენ.

საჭირო სიტყვებს ძლივს ვპოულობდით, ძლივს ვუხსნიდით ბავშვებს, რომ მათი დახმარება არ იყო საჭირო.

  • ზოია და ნადიუშა

ორი თვითმავალ საცეცხლე სისტემას სახელები დავარქვით, ერთს ნადიუშა, მეორეს ზოია.

ორივეს მადლობას ვუხდიდით ერთგულების და თავდადებისთვის. ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ ბრძოლის ჯოჯოხეთში და არასდროს უღალატიათ, არასდროს გაუცრუებიათ ჩვენი იმედი ყველაზე რთულ მომენტებში.

მივდიოდი ყოველ დილით ზოიასთან და ვეუბნებოდი, „გამარჯობა გოგო, როგორ ხარ? ხომ კარგად გიმუშავებს ყველაფერი?“ ვამოწმებდი და ვუშვებდი… საზენიტო ბრძოლების დროსაც ველაპარაკებოდი ხშირად: „აბა ზოია, კიდევ ერთი რაკეტაც გავუშვათ და დავისვენოთ“, – მეგობარი მებრძოლივით ველაპარაკებოდი.

ხანდახან ხდებოდა ისეც, რომ ზოიას მუშაობა არ უნდოდა და მწყობრიდან გამოდიოდა. „რა ხდება ზოია? წავიდეთ სარემონტოდ?“ – ვეკითხებოდი. ვფიქრობდი, რომ ზოიამ ალბათ რაღაც ჩვენზე მეტი იცოდა და არ სურდა ბრძოლის ველზე წასვლა იმ დღეს.

ზოია ჩვენი თილისმაა. ჩვენ ვზრუნავდით მასზე და ის ჩვენზე ზრუნავდა. ზოია გვიცავდა, როცა რაკეტებს გვესროდნენ, მას ასობით უკრაინელი ჯარისკაცის და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩენია, აურიდებია მათთვის საჰაერო დაბომბვები.

ზოიას თანამებრძოლი იყო ნადიუშაც, მათი ერთად ბრძოლა ფრონტზე ყოველთვის შედეგიანი იყო. „ბუკებით“ ბრძოლა ნამდვილი საბრძოლო ხელოვნებაა. მათი საშუალებით ცაში შეგიძლია რადიკალურად შეცვალო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, თუ ტექნიკა გიყვარს და იცი მისი გამოყენება.

ზალუჟნისთან ერთად

იზიუმი თავისუფალია, უკრაინელი სამხედროები ჯერ ისევ მუშაობენ – მერის მოადგილე

უკრაინის ქალაქ იზიუმის მერის მოადგილე, ვლადიმერ მაცოკინი აცხადებს, რომ იზიუმი განთავისუფლდა რუსული ოკუპაციისგან. მისი თქმით, ხარკოვის რეგიონის უმაღლეს წერტილზე უკვე უკრაინის დროშა ფრიალებს.

იზიუმის მერის მოადგილის კომენტარს უკრაინული 24tv.ua ავრცელებს.

მაცოკინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იზიუმში არიან განლაგებული. მისივე თქმით, სამხედრო ოპერაცია დასრულებული არ არის და უკრაინელი სამხედროები ჯერ ისევ მუშაობენ.

„კრემენეცის მთაზე, ეს ხარკოვის ოლქის ყველაზე მაღალი წერტილია, უკვე ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა ფრიალებს. ეს დადასტურებულია“  – აცხადებს მერის მოადგილე.

მისივე თქმით, ეს ქალაქის გათავისუფლების დღე და ნამდვილი დღესასწაულია.

ამ დროისათვის ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქ ლიმანისთვის, ასევე, უკრაინელები უკვე არიან ქალაქ ლისიჩანსკისთან.

გუშინ, 9 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება აიღეს.

„ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას“, — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ ვითარება შემაშფოთებელია – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დღეს, 10 სექტემბერს twitter-ზე უკრაინაში ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით დატვიტა.

„ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ შექმნილი ვითარება კვლავ შემაშფოთებელია. ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ ვდგავართ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით და მოვუწოდებთ რუსეთს ტერიტორიიდან ძალები გაიყვანონ“ – წერს მაკრონი.

სექტემბერში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში იმყოფებოდნენ აესს-ის ექსპერტები, რომლებმაც რამდენიმე საათი გაატარეს ატომურ ელექტროსადგურში, რათა სადგურისთვის მიყენებული ზიანი და უსაფრთხოების სისტემები შეეფასებინათ.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარინო გროსი აცხადებს, რომ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა“, რაც აღარ უნდა განმეორდეს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელმა მხარემ გამოიწვია ეს.

დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ლისიჩანსკთან იმყოფებიან. ვრცელდება ცნობები ქალაქ ლისიჩანსკის დეოკუპაციის შესახებაც.

გუშინ 9 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება აიღეს.

_______________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

ამ თემაზე:

კიევი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს რომ რუსეთს დააბრალოს – რუსეთის თავდაცვა

რა ელის რუსეთს – პოდოლიაკი ჩამონათვალს აქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის იმ „მიზნებზე“, რომლებიც რუსეთის უშიშროების საბჭოს გამორჩა ომის დაწყების დროს.

პოდოლიაკმა ჩამონათვალი ტვიტერზე გამოაქვეყნა:

  1. „დნრ“-ისა და „ლნრ“-ის ანკლავების ლიკვიდაცია
  2. ყირიმის დაბრუნება უკრაინის შემადგენლობაში
  3. ნატოს გაფართოება
  4. უარი გაზის მონოპოლიაზე ევროპაში
  5. განადგურებული ეკონომიკა
  6. იზოლაცია და რკინის ფარდა

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ვადაზე ადრე…“, – დასძენს პოდოლიაკი.

დღეს, 10 სექტემბერს, დილიდან უკრაინელმა მებრძოლებმა არაერთი დასახლებულ პუნქტი და ქალაქი გაათავისუფლეს რუსეთის არმიისგან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსეთის ჯარმა ქალაქი იზიუმიც დატოვა.

დღეს ტელეგრამის არხებზე დილიდან ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქის დეოკუპაციის შესახებ, ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს უკრაინის გენერალური შტაბი.

უკრაინელი ჯარისკაცები ლისიჩანსკთან არიან – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ლისიჩანსკთან იმყოფებიან. უკრაინამ ეს ქალაქი 2022 წლის ივლისში დაკარგა.

დღეს, 10 სექტემბერს, გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ამჟამად იმყოფებიან ქალაქ ლისიჩანსკთან ახლოს. სხვა დეტალებზე გაიდაი არ საუბრობს, მაგრამ მან ფეისბუქზე დაწერა:

„ლისიჩანსკი… მშვენიერი უკრაინული ქალაქი.  ოჰ, რამდენი სამუშაო იქნება საჭირო აღსადგენად“.

დღეს, 10 სექტემბერს, ტელეგრამის არხებზე დილიდან ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქის დეოკუპაციის შესახებ, ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს უკრაინის გენერალური შტაბი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება აიღეს.

„ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას“, — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

 

 

აგვისტოში საქართველოში 912 ათასი მოგზაური იყო, მათ შორის ყველაზე მეტი – რუსეთიდან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა.

ადმინისტრაცია შედარებას აკეთებს გასული წლის ამავე პერიოდთან და აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 195.5 პროცენტითაა გაზრდილი.

რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდს, 2019 წლის აგვისტოს მონაცემებს თუ შევადარებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1 %-ია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში 582 995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +135.8%-ით მეტია.

საზღვრის კვეთის მონაცემებით მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი – 260 810 რუსეთის მოქალაქე იყო შემოსული, 178 483 – სომხეთის მოქალაქე, ხოლო მესამე ადგილზეა თურქეთი – 116 882 მოქალაქე.

ევროკავშირის ქვეყნებიდან აგვისტოში საქართველოს საზღვარი 46 790 ადამიანმა გადმოკვეთა.

ქალაქი ბალაკლია თავისუფალია რუსი ოკუპანტებისგან – სინეგუბოვი

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის ოკუპაციური არმიისგან გაათავისუფლეს ქალაქი ბალაკლია.

სინეგუბოვმა თავის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე მოკლე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქ ბალაკნიას ადმინისტრაციულ შენობაზე უკრაინის დროშა ფრიალებს.

უკრაინის ქალაქი ბალაკნია მარტში დაიკავა რუსეთის საოკუპაციო ჯარმა.

„ბალაკლია უკრაინაა!

დღეს აქ უკრაინის დროშა აღმართეს სამხედროებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მეთაურობით.

ბიჭებო და გოგოებო შეიარაღებული ძალებიდან, დღეს თქვენ ქმნით თავისუფალი უკრაინის ახალ ისტორიას, ჩვენ ვამაყობთ!

გაგრძელება იქნება..“ – წერს სინეგუბოვი ტელეგრამზე.

დღეს, 10 სექტემბერს, ტელეგრამის არხებზე დილიდან ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქის დეოკუპაციის შესახებ, ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს უკრაინის გენერალური შტაბი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება აიღეს.

„ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას“, — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

 

 

დასაქმდებით თუ არა უცხოეთში ქართული პროფესიული განათლების დიპლომით – ინტერვიუ

შეუძლია თუ არ პირს დასაქმდეს ლეგალურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ქართული პროფესიული განათლების დიპლომით ან სერტიფიკატით? – სწორედ ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებთ ახალგაზრდებს პროფესიული განათლების პროგრამის შერჩევისას. „ბათუმელები“ ამ თემაზე პროფესიული კოლეჯის, „ბლექსის“ დირექტორის მოადგილეს, მაია თოიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, თქვენი კოლეჯის მაგალითზე შეგიძლიათ აგვიხსნათ პრინციპი, თუ როგორ უნდა ჩაირიცხონ ახალგაზრდები ისეთ პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგ მათ უცხო ქვეყანაში დასაქმებაც შეეძლებათ?

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წელს დაამტკიცა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მოთხოვნებს. შესაბამისად, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო მოთხოვნებს.

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებს და ჩვენ, პროფესიული სასწავლებლები, ამ სტანდარტების საფუძველზე შევიმუშავებთ ხოლმე საგანმანათლებლო პროგრამებს.

  • მოდით, განვმარტოთ ნათლად, რა განსხვავებაა, მოკლე ან გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებში. ყველა ამ პროგრამას მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასიფიკაციის კოდი?

არა, რა თქმა უნდა. პროფესიული განათლება შეიძლება განხორციელდეს როგორც ფორმალური გზით, ასევე არაფორმალური გზით. იმისათვის, რომ პროგრამის ფარგლებში პირს მიენიჭოს კვალიფიკაცია და გაიცეს ფორმალური განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ამისთვის აუცილებელია დაწესებულებას მოპოვებული ჰქონდეს ავტორიზაცია.

ერთთვიანი, ორთვიანი, სამთვიანი თუ ერთწლიანი მომზადება/გადამზადების პროგრამებიც შეიძლება იყოს ფორმალური და შესაძლოა აღიარონ სხვა ქვეყნებშიც. თუმცა ამ შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და არა დიპლომი.

  • მოზარდი, რომელმაც დაასრულა საბაზო საფეხური და გადაწყვიტა კონდიტერი გახდეს, თქვენს კოლეჯში შესაბამისი პროგრამის გავლის შემდეგ, მაგალითად, შეძლებს პოლონეთში, ან გერმანიაში დასაქმებას?

დიპლომი გაიცემა მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც არის მე-3, მე-4 ან მე-5 დონის. მე-3 დონის პროგრამებზე სწავლისთვის აუცილებელია მინიმუმ საბაზო [9 კლასი] განათლება, ხოლო მე-4 და მე-5 დონის პროგრამებზე – სრული ზოგადი განათლება.

ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მეოთხე დონის პროგრამას ინტეგრირებული მიდგომით, რაც ნიშნავს, რომ ამ პროგრამაში ჩაშენებულია ზოგადი მოდულები, რომლითაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი სწავლის შედეგები და შესაბამისად, ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მიიღებს დიპლომს, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.

ასევე, ვახორციელებთ მეოთხე დონის არაინტეგრირებული პროგრამასაც, მაგალითად, სარესტორნო მომსახურება, რომელიც დუალური მიდგომით ხორციელდება. დუალური პროგრამის ფარგლებში დამსაქმებელ კომპანიებთან გვაქვს სწავლის შედეგები განაწილებული. სტუდენტი პარალელურად სწავლობს კოლეჯსა და პარტნიორ ორგანიზაციებში. თუმცა კანონი გვაძლევს იმის უფლებას, რომ ამ პროგრამაშიც ჩავაშენოთ ინტეგრირებული ზოგადი მოდულები და პროგრამა განვახორციელოთ ინტეგრირებული მიდგომითაც.

  • მეოთხე დონის რომელი პროგრამა გაქვთ ამ დროისთვის?

მეოთხე დონის მხოლოდ სამი პროგრამა გვაქვს. მათ შორის, სასტუმრო მომსახურება ხორციელდება დუალური და ინტეგრირებული მიდგომით, სარესტორნო მომსახურება – მხოლოდ დუალურია, ხოლო კომპიუტერული ქსელი და სისტემების პროგრამა ხორციელდება როგორც ინტეგრირებული ასევე, არაინტეგრირებული მიდგომით.

  • მოთხოვნა ალბათ ისეთ პროგრამებზეა, რომელიც ინტეგრირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, არა?!

ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, კულინარიაზე წელს 180 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ეს არ არის ინტეგრირებული პროგრამა. ინტეგრირებულია სასტუმრო მომსახურების პროგრამა, თუმცა ასეთი მაღალი კონკურსი არ გვქონდა.

ინტეგრირებულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კი სტუდენტმა აუცილებლად სამი წელი უნდა ისწავლოს.

  • როცა ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამას სტუდენტი დაასრულებს, ის შეძლებს ევროპის რომელიმე ქვეყანაში დასაქმებას?

რა თქმა უნდა. როგორც აღვნიშნე, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი, შესაბამისად, პროგრამა, ითვალისწინებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ შარშან მასიურად იყო პოლონეთსა და გერმანიაში დასაქმების მსურველთა მომართვიანობა, სურვილი ჰქონდათ მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამები გაევლოთ, მაგალითად, შეესწავლათ ელექტრობა.

ოღონდ ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ ფორმალურ განათლებაზე, რომელიც არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ და შეუძლიათ მარტივად დასაქმდნენ უცხოეთში.

  • თუმცა ბევრ ქვეყანას თავისი შიდა სტანდარტები აქვს და ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში, მაინც საჭიროა საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება. მაგალითად ისეთი პროფესიის შემთხვევაში, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება. ამის შესახებ აწვდით ინფორმაციას სტუდენტებს?

ყველა უცხოეთში დაიწყებს მუშაობას მეთქი, მე ამის თქმა არ შემიძლია. რომელიღაც ქვეყანაში შესაძლოა აღიარონ ეს დიპლომები ან სერტიფიკატი, ან შესაძლოა მოუწიოთ იმ ქვეყნის მიერ დაწესებული რეგულაციების დაკმაყოფილება. მაგალითად, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიებზე სხვადასხვა ქვეყნებს გამკაცრებული აქვთ მოთხოვნები, მათ აქვთ თავიანთი რეგულაციები, რეგლამენტები და თუ სხვა ქვეყანაში სურთ ადამიანებს დასაქმება, იმ ქვეყნის მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილონ.

მაგრამ თუ ადამიანი დაინტერესებულია უცხო ქვეყანაში დასაქმებით, სჯობს ავტორიზებულ სასწავლებელში მიიღოს ფორმალური განათლება.

  • როგორც ვიცი, გარკვეულ პროგრამებზე ჩასარიცხად ეროვნულ გამოცდების ჩაბარება უწევთ აბიტურიენტებს. რა შემთხვევაში აბარებს ეროვნულ გამოცდას?

პროფესიული ტესტირება მხოლოდ მეხუთე დონის პროგრამაზეა აუცილებელი. ჩვენთან ასეთია, მაგალითად, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების პროგრამა. თუმცა წელს, ჩვენ აღნიშნულ პროგრამაზე, მონიჭებული უფლების შესაბამისად, დავამატეთ შერჩევის მეორე ეტაპი – მოტივაციური გასაუბრება.

მესამე და მეოთხე დონის პროგრამებზე კი შერჩევა ხდება მოტივაციური გასაუბრებით, დაწესებულების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, არსებული რეკომენდაციების საფუძველზე.

დაწესებულებების უმრავლესობას შემუშავებული გვაქვს მოტივაციური გასაუბრების სქემაც, ეს არის წინასწარ გაწერილი კითხვარი, რომელსაც პასუხობენ აპლიკანტები.

ვიყენებთ ე.წ. ფილტრაციის მეთოდსაც, იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტულ პროგრამაზე ძალიან მაღალი კონკურსია. მაგალითად, კულინარიის ხელოვნების პროგრამაზე დარეგისტრირებულ პირებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ჩაუტარდათ ტესტირება და რეიტინგული სიების შესაბამისად შეირჩევა 45 აპლიკანტი, რომლებიც გადავლენ მოტივაციურ გასაუბრებაზე.

მოტივაციური გასაუბრებით კი ვარჩევთ იმ აპლიკანტებს, რომელთაც აქვთ ინფორმაცია პროფესიის შესახებ, ინტერესი, სწავლის მზაობა, გააზრებული აქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

თუმცა აქ არ იგულისხმებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, ისინი სხვა, ალტერნატიული პროფესიული მოსინჯვის გზით ირიცხებიან პროგრამებზე.

  • აბიტურიენტების ინფორმირება რამდენად სწორად ხდება სასწავლებლების მიერ?

დაწესებულებას შემუშავებული აქვს აპლიკანტთა ინფორმირების მექანიზმები. თუმცა ონლაინ რეგისტრაციების გამო ბევრი მათგანი მაინც ვერ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას. ზოგი ფიქრობს, რომ ჩაირიცხება და შემდეგ შეუძლია გააცდინოს მეცადინეობები. ამ მიზეზით გასული წლის მიღებაზე ერთ-ერთ პროგრამაზე 6 პირს სწავლის დაწყებიდან 2 თვეში შეუწყდა ან შეუჩერდა სტატუსი, რადგან ვერ შეძლეს სასწავლო გრაფიკს მორგებოდნენ.

ჩარიცხვები მხოლოდ შემოდგომაზეა, რეგისტრაცია კი მაისში იწყება. აბიტურიენტს შეუძლია რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გვერდზე (vet.emis.ge) გაიაროს და დარეგისტრირდეს იმ პროგრამაზე, რომელზეც სურს სწავლა.

მაგრამ კარგი იქნება თუ რეგისტრაციამდე ან მის შემდეგ აპლიკანტები ჩვენთან წინასწარ გაივლიან კონსულტაციას, რომ ყველა პროგრამაზე ამომწურავად მიიღონ პასუხი. ხშირად ასე არ ხდება.

  • ყველაზე მოთხოვნადი რომელი პროგრამები იყო წელს?

წელს ტოპ ოთხეულში იყო კულინარიის ხელოვნება, ელექტრობა, ინფორმაციის ტექნოლოგია, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები.

მაღალი კონკურსია ასევე კონდიტერიაზე და სამკერვალო წარმოებაზე. ამის შემდეგ, შედარებით ნაკლები კონკურსი იყო კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების, სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების პროგრამებზე.

მშენებლობის მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ ორ დუალურ პროგრამასაც, ეს არის საავტომობილო გზების მშენებლობა, ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი. თუმცა სამშენებლო მიმართულებით გრძელვადიან პროგრამებზე მოთხოვნა ყოველ წელს ყველაზე ნაკლებია. სამშენებლო მიმართულებით უფრო მოთხოვნადია მოკლევადიანი პროგრამები.

მოკლევადიანი პროგრამებიდან ყველაზე მოთხოვნადია ელექტრობის პროგრამა.

2022 წლიდან ვახორციელებთ პროგრამებს ქედისა და შუახევის მისამართებზე. შუახევში უკვე ჩატარდა შერჩევის პროცესი ელექტრობისა და შედუღების პროგრამებზე და შედეგების მიხედვით, ორთავე პროგრამა დაკომპლექტდება გამოცხადებული კვოტის ფარგლებში.

როგორ დავეხმაროთ სკოლის დაწყების წინ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან

საქართველოს საჯარო სკოლებში საშუალო განათლების მიღება უფასოა, მაგრამ განათლებასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯები, როგორიცაა: სკოლის ფორმა, ჩანთა, საკანცელარიო ნივთები და სხვა, დიდ გავლენას ახდენს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებსა და ოჯახებზე.

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სასკოლო ხარჯების ნაწილის დასაფარად ამჟამად შემოწირულობებს აგროვებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად ბავშვებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან თანხა უგროვდებათ როგორც ნაღდი ფულით, ისე ონლაინ. წითელი ჯვრის დონაციის ყუთი ბათუმში განთავსებულია გორგილაძის#88-ში (მაღაზია „გუდვილში“).  ანგარიშის ნომერია: GE21BG0000000533402753

კიდევ ერთი გზა მოსწავლეების დასახმარებლად არის საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმა „ჩართე”, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაურთოთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. პროექტი საქართველოში 2017 წლიდან მუშაობს და მისი ავტორია საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia. დონორებისა და მხარდამჭერების დახმარებით, ორგანიზაციამ უკვე 1945 მოსწავლე ჩართო პროექტში.

„ჩართეს“ გუნდის მონაცემებით, დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. პროექტში თქვენს მიერ შეწირული თანხებით სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს მთელი საქართველოს მასშტაბით უფინანსებთ ინტერნეტის ყოველთვიურ გადასახადს ან კომპიუტერს. შეგიძლიათ ამ მოსწავლეებისთვის თანხა გაიღოთ როგორც ერთჯერადად, ისე ყოველთვიურად.

„ჩართეს“ ცნობით, 2022 წლის მაისში, ივლისსა და აგვისტოში აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებში 103 მოსწავლემდე მიიტანეს ლეპტოპები და ინტერნეტთან წვდომა.

Слава Україні – ამ წარწერისთვის სასამართლომ 500 ლარით დამაჯარიმა – აქტივისტი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტი ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ ის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა წარწერისთვის – „Слава Україні!“.

ხათუნა ბერიძის თქმით, ის გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„წარწერა გავაკეთე მაისში, ერთ-ერთი შენობის ვიტრინაზე, სადაც იმ დროს განთავსებული იყო პრორუსი „ალტ-ინფოს პარტიის ოფისი. თავად შენობის მეპატრონეს არ მიუმართავს პოლიციისთვის, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ თავისი ინიციატივით გამოწერა სამართალდარღვევის ოქმი“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.

მისი თქმით, წარწერის გაკეთების დროს „მუნიციპალურმა ინსპექცია“ ადგილზე არ ყოფილა. „ფეისბუკში ჩემს მიერ განთავსებული ვიდეოს ნახვის შემდეგ გამომიწერა ჯარიმა“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.

სასამართლოზე მუნიციპალურმა ინსპექციამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარწერა კერძო საკუთრებაზე იყო გაკეთებული „ეს არ გამორიცხავს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების ფაქტს“.

ხათუნა ბერიძე კი მიიჩნევს, რომ სასამართლოს და მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება პოლიტიკურია, „რადგან ჩვენ გვყავს პრორუსი ხელისუფლება და მართლმსაჯულება“-ამბობს ხათუნა ბერიძე.

„სხვა რამე დამეწერა კიდევ კი, მაგრამ Слава Україні დღეს ისეთი მხარდამჭერი განცხადებაა, რომ არათუ კერძო ფასადებზე, ადმინისტრაციულ შენობებზეც კი აწერენ უცხოეთში. და ეს წარწერა რომ აღიზიანებს დღეს ხელისუფლებას, ეს არის მთავარი პრობლემა“ – ამბობს ბერიძე.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სავარაუდოდ კუპიანსკი გაათავისუფლეს – ინტერნეტში ფოტო ვრცელდება

პირველადი ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს ოკუპირებული ქალაქი კუპიანსკი.

დღეს, 10 სექტემბერს, ტელეგრამის არხებზე დილიდან გავრცელდა უკრაინელი ჯარისკაცების ფოტო, რომელიც ქალაქ კუპიანსკშია გადაღებული, ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასთან. ფოტოზე ჩანს, რომ ძირს რუსეთის დროშა აგდია.

უკრაინის გენშტაბი ჯერჯერობით ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ინტერნეტში ვრცელდება სხვა ფოტოებიც, რაც ქალაქის დეოკუპაციაზე მიუთითებს.

კუპიანსკის გათავისუფლებაზე წერს „უკრიანსკაია პრავდაც“, ხარკოვის საოლქო საბჭოს სამხარეო საბჭოს ხელმძღვანელის მრჩეველზე ნატალია პოპოვაზე დაყრდნობით.

„კუპიანსკი უკრაინაა! დიდება ВСУ-ს“ – წერს პოპოვა ფეისბუქზე.

დიდი ბრიტანეთის დაცვერვის ცნობით, კუპიანსკის დეოკუპაცია უდიდესი დარტყმა იქნება რუსებისთვის, რადგან კუპიანსკი დონბასის ფრონტისთვის მთავარი ლოგისტიკური კვანძია.

 

შვილის ცემის და ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული პირი ოჯახის წევრის ცემის და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა.

„1980 წელს დაბადებული შ.ა. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს – ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა შესაბამისი საგამოძიებო, ასევე, საპროცესო მოქმედებების შედეგად, შ. ა. შეტყობინების მიღების დღესვე, ბრალდებულის სახით დააკავეს“-წერს შსს.

ფაქტის შესახებ წერს პროკურატურაც, სადაც ნათქვამია, რომ „ბრალდებული  ჩხუბით და მუქარით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც მამაკაცის გადაწყვეტილებას, აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც დაზარალებულმა 8 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა“.

ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და გენდერის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 52 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 2 136 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 4 584 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 1 259 ერთეული [+22]
  • MLRS – 311 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 162 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 239 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 212 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 898 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 215 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 426 ერთეული [+27]
  • სპეცტექნიკა – 116 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 152 ვერტმფრენი
  • 1 929 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 870 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 830 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 375 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 432 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში და სამხრეთის ფრონტზე: ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება ავიღეთ — ზელენსკი

რუსეთს ხარკოვში დამატებითი ძალები შეჰყავს — CNN, ხერსონში კი, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 1 300-მდე ე.წ. კადიროველი ჩავიდა.

ამავე თემაზე:

რუსული არმიის შემხედვარე, გენერალს ვერ მოსთხოვ შუბლში ტყვია დაიხალოს, ისიც ადამიანია – ინტერვიუ 

კუპიანსკის გათავისუფლება რუსეთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქში 50 კილომეტრით დაახევინეს უკან რუსეთის არმიას.

„უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში კონტრშეტევა 6 სექტემბერს დაიწყო, რაც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა რუსეთის ძალებისთვის. ეს სექტორი სუსტად იყო გამაგრებული და უკრაინის დანაყოფებმა აიღეს რამდენიმე ქალაქი, რამდენიმე კი ალყაში მოაქციეს,“ – წერს უწყება 10 სექტემბრის რელიზში.

დაზვერვის ცნობით, იზიუმის გარშემო მყოფი რუსეთის ძალები იზოლირებულნი არიან.

„უკრაინის დანაყოფები ახლა კუპიანსკს „ემუქრებიან“. მისი აღება უდიდესი დარტყმა იქნება რუსებისთვის, რადგან კუპიანსკი დონბასის ფრონტისთვის მთავარი ლოგისტიკური კვანძია,“ – აღნიშნავს უწყება და დასძენს, რომ იმ ფონზე, როდესაც კონტრშეტევა ხერსონშიც გრძელდება, რუსეთის დაცვის ხაზი, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის ფლანგზე ძლიერი ზეწოლის ქვეშაა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიამ უკვე 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

_________________

ფოტოზე: უკრაინელი სამხედროები კუპიანსკთან/ფოტო: ილია პონომარენკო, ტვიტერი

„ჯერ ვერ ვფიქრობ საკუთარ თავზე“ – 19 წლის იაკობის ცხოვრება ნინოწმინდის პანსიონის შემდეგ

„დიდი არაფერი. ერთხელ აღმზრდელმა სილა გამაწნა. გული მეტკინა. არ მესმოდა რა დავაშავე. კუთხეში დავჯექი და ვტიროდი. პანსიონის ერთი ბავშვი მოვიდა ჩემთან. გვერდით დაჯდა, მხარზე ხელი მომკიდა და მითხრა, არაფერია, მალე გავიზრდებით და წავალთ აქედანო.

გამიხარდა.

როცა მარტო ხარ და მხარდამჭერი არ გყავს, მხოლოდ ცუდზე ფიქრობ: არავინ მყავს… ყურადღებას არავინ მაქცევს… ასე ფიქრობ.

ორმა სიტყვამ შეიძლება ისე გაგაძლიეროს და გადაგადგმევინოს წინ ნაბიჯი, რომ ვერც მიხვდე რა მოხდა.“

ეს 19 წლის იაკობ მანჯავიძის მონათხრობია. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იაკობმა 4 წელი გაატარა. იგი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა.

იაკობი 15 წლის რომ გახდა, პანსიონიდან დედასთან, ზესტაფონში დაბრუნდა. ახლა დროებითი, არასტაბილური სამსახური აქვს. უყვარს კერვა, ქსოვა და ქარგვა, მაგრამ სამსახურის რუტინა და ოჯახის საზრუნავი მას დროს და შესაძლებლობას არ უტოვებს აკეთოს საყვარელი საქმე და ისწავლოს.

იაკობი „ბათუმელებთან“ ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე, საყვარელ საქმეზე, ახლანდელ სამსახურსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

  • „პანსიონში მეც მსჯიდნენ ხანდახან ღამისთევით, ჩემს მეგობრებსაც“

ხანდახან პანსიონიდან გაქცევა მინდოდა, მაგრამ მეშინოდა სადმე არ დავკარგულიყავი და მიწევდა იქ ყოფნა. ნინოწმინდის ამბები რომ გახმაურდა, ბევრმა იკითხა: თუ ასეთი პირობები იყო რატომ აქამდე არ ამბობდნენ არაფერს ბავშვებიო. ვიცი, რომ გაჩნდება ეს კითხვა და წინასწარ მინდა ვთქვა:

არ მინდოდა დედა დამემძიმებინა და ჩემზე ენერვიულა. ვიცოდი, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა პირობები სახლში რომ წავეყვანე, მერჩივნა ჰგონებოდა, რომ კარგად ვარ. ვარჩიე 14 წლამდე ისევ პანსიონში გამეძლო როგორმე.

როცა პანსიონიდან წამოვედი, დედას ყველაფერი ვუთხარი.

მინდოდა გავქცეულიყავი პანსიონიდან მაშინ, როცა ჯოხის დარტყმა და ტკივილი მახსენდებოდა, როცა რაღაცას მესროდნენ, მკაცრად გვისჯიდნენ, კუთხეში ცალ ფეხზე გვაყენებდნენ სკამით ხელში და ასე შემდეგ… სასჯელის იმდენი მძიმე ფორმა იყო, რომ აღარ შემეძლო. არამხოლოდ მე, ჩემს თანატოლებსაც აღარ შეეძლოთ.

ნინოწმინდის პანსიონში ასაკის მიხედვით ჯგუფებად ვიყავით დაყოფილი. ზოგ ჯგუფში კარგად ექცეოდნენ ბავშვებს, ზოგან არ იყენებდნენ დასჯის ამ მეთოდებს და მათ არც იცოდნენ რა ხდებოდა სხვა ჯგუფებში.

იყო პატარების, საშუალო ასაკის და მოზრდილების ჯგუფები.

კარგად გვკვებავდნენ, საჭმელი გემრიელი იყო. მაგრამ ხშირად ერთ კერძს მთელი კვირა ვჭამდით, ბორშჩს ან სხვა წვნიანს.

გვქონდა საერთო ოთახი, სადაც ტელევიზორს ვუყურებდით ან ვთამაშობდით. საერთო საძინებელში საწოლები ცალ-ცალკე იდგა, ყველას ჩვენ-ჩვენი თეთრეული გვქონდა. თუ რამეს არა დავაშავებდით, ღამე კარგად ჩაივლიდა. თუ ვიცელქებდით ან უბრალოდ ჩურჩულით შეწუხდებოდნენ აღმზრდელები, ღამეს გვათევინებდნენ – მუხლებზე გვაყენებდნენ.

ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ გავდიოდით პანსიონის მიღმა სადმე, მაგრამ გარე სამყაროსთან ნაკლები შეხება გვქონდა.

გვექცეოდნენ კარგადაც, მაგრამ ამ კარგ პერიოდს მერე ისევ სასტიკი სასჯელი ცვლიდა. მახსოვს ბევრი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა.

მეც მსჯიდნენ ხანდახან ღამისთევით, ჩემს მეგობრებსაც. იქ 4 წელი გავატარე. დასჯის ამ მეთოდებს მთელი ეს 4 წელი იყენებდნენ.

პანსიონატიდან ჩვეულებრივ სკოლაში დავდიოდით, საგნები კარგად ისწავლებოდა, მასწავლებლები ჩვენთვის ენერგიას არ იშურებდნენ.

სკოლა პანსიონს მიღმა იყო, გარე სამყაროსთან ურთიერთობას ნიშნავდა ჩვენთვის სკოლაში სიარული.

ბევრ ოჯახში გაუსაძლისი პირობებია ბავშვების გასაზრდელად და სასიკეთო საქმე უნდა იყოს პანსიონის არსებობა, მაგრამ ბავშვმა იქ თავი დამცირებულად, შეზღუდულად არ უნდა იგრძნოს.

თუ მშობელს ურჩევნია შვილი პანსიონატს მიაბაროს, იქ ბავშვობის წლებს ლაღად უნდა ატარებდნენ. ყველა იმსახურებს კარგ ბავშვობას. მერე ზოგი ითრგუნება, რომ აი, სხვებს ასეთი კარგი ბავშვობა ჰქონდათ, მე კი ასეთი ცუდიო. ასე არავინ უნდა ფიქრობდეს.

ვის ხელში გავიზარდე, რატომ გავიარე ეს ყველაფერიო – ეს საფიქრალი არავის არ უნდა ჰქონდეს.

  • „ყოველ წელს ვიცვლით ადგილსამყოფელს, ვიხდით ქირას“

ახლა ოჯახში სამნი ვართ, მე, ჩემი ძმა და დედაჩემი. 2 და მყავს კიდევ. ერთი სტუდენტია და სწავლობს, მეორე ბათუმშია – მუშაობს და თან ჩაბარება უნდა.

ზესტაფონში კერძო სახლში, ნაქირავებ ერთ ოთახში ვცხოვრობთ. რთული პირობებია სახლში.

პირველ რიგში ადამიანს ნორმალური სახლი სჭირდება. ყოველ წელს ვიცვლით ადგილსამყოფელს, ვიხდით ქირას. რაც ბინაში იხარჯება, ის საკვებზე, სამოსზე, ელემენტარულ საჭიროებებზე გვაკლდება.

მაღაზიაში ვმუშაობ, მოლარე-კონსულტანტი ვარ, დილის ცვლაში 8:30-დან 15:30-მდე ვმუშაობ, საღამოს – 15:00-დან 22:00-მდე. მაბარია სალარო, ვემსახურები მომხმარებლებს, ვავსებ მაცივრებს, თაროებს.

მიყვარს და გამომდის თექაზე მუშობა, კერვა და ქსოვა.

მადლიერი ვარ ადამიანების, ვინც ხელსაქმე შემაყვარა და შენიშნა, რომ ეს შემიძლია. პანსიონიდან ზესტაფონში რომ წამოვედი 14 წლის და აქაურ სკოლაში გავაგრძელე სწავლა, გავიგე, რომ ჩემი კლასელის მეგობარი დადიოდა დღის ცენტრში – „ცხოვრების მეგზური“.

  • „ალბათ ოდესმე გამომივა, კი არა და… აუცილებლად გამომივა! მოვინდომებ“

რუსუდან მუმლაძე იყო დღის ცენტრის ხელმძღვანელი. ბევრი იშრომა ჩემთვის საინტერესო გარემო რომ შეექმნა, საქმე რომ შემყვარებოდა და გამომსვლოდა.

ამ ცენტრში ბევრი რამ ვისწავლე და მათი დამსახურებაა, რომ დიზაინით დავინტერესდი, მინდა ეს საქმე კარგად და ძირფესვიანად ვისწავლო. ძალიან მსიამოვნებს კერვა.

დასაწყისისთვის მინდა პროფესიულ კოლეჯში ჩავაბარო, მერე ვნახოთ. მაგრამ ვერ ვაბარებ ჯერ. არ არის ამის შესაძლებლობა.

ალბათ ეს ოდესმე გამომივა, კი არა და… აუცილებლად გამომივა! მოვინდომებ.

რომ შეკერო, მასალებია საჭირო. საკერავი მანქანა, ძაფები, ქსოვილი, თექა, ათასი რამ. ამისთვის ფული გჭირდება, მე ხელფასიდან მასალების ფული არ მრჩება.

ჩემი შემოსავალი ხმარდება ბინის ქირას, გადასახადებს, საკვებს და თუ რამე დაგვრჩება, სამოსს ვყიდულობთ, ყოველდღიურ, აუცილებელ რაღაცებს. ჩემს სამსახურთან ერთად სწავლა შეუძლებელია. თუ ისწავლი, უნდა ისწავლო. 

ჯერ მინდა ოჯახში მქონდეს სტაბილური გარემო: ქირა, საკვები, გადასახადები – ეს აუცილებელია, მხოლოდ მერე შემიძლია ვიფიქრო საკუთარ თავზე, როცა ოჯახში ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული იქნება.

  • „სწავლა რომ დაიწყო ნორმალურად უნდა გეცვას, თავს უნდა მიხედო“

არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე ძალიან ხელსაქმე მაინტერესებს. ბევრს უკვირს, ბიჭი ასეთი რამეებით რატომ ინტერესდებაო, მაგრამ სხვების სიტყვები ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემი ცხოვრება მაქვს და თავად ვწყვეტ რა პროფესიას ავარჩევ.

ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებს. ყველა იმას აკეთებს, რაც მოსწონს. მე არავის ვეკითხები ვინ, რას და რატომ აკეთებს, ამიტომ მეც იმას გავაკეთებ რაც მსიამოვნებს და ერთიანს, სრულყოფილს მხდის.

სკოლის დამთავრებისთანავე მინდოდა კოლეჯში ჩაბარება, მაგრამ ვერ მოხერხდა. მიწევს დროებით სამსახურებში მუშაობა. ჩასაბარებლად საჭიროა მობილიზება, მომზადება, ცოტა თავისუფალი დრო და ფული.

საკერავი მასალები მინდა მქონდეს, რამე ისეთი სამოსის შექმნა რომ შემეძლოს. ხელითაც შევკერავდი, შემიძლია კარგად კერვა, მაგრამ საკერავი მანქანა კარგია. სამოსიდან დაწყებული სახლის აქსესუარებით დამთავრებული ყველაფრის დიზაინი მაინტერესებს, მაგრამ უფრო ალბათ სამოსი.

თუ ყველაფერი გამომივა, ვფიქრობ ვიქნები ის, ვინც მინდა რომ ვიყო.

სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე მუშაობა დავიწყე. საკუთარი შემოსავალი თავისუფლებაა. პირველი ხელფასი ჩემთვის დიდი იმედი იყო.

გამწვანების სამსახურში დავსაქმდი პირველად, ვცელავდი ბალახს, ხეებს ძირებს ვუღებავდი კირით, გამხმარ ხეებს ვჭრიდით. მერე მაღაზიაში მუშაობა დავიწყე.

პანსიონატი რომ მახსენდება, პირველ რიგში მეგობრებთან ერთად გატარებული დრო ამოტივტივდება ხოლმე გონებაში. არ მინდა ცუდი ამბები მახსენებდეს თავს, მაგრამ მინდა თუ არა, მახსენდება მძიმე დღეებიც.

მერე მოდის მოგონებები აღმზრდელებზე… ძალიან არ მინდა, მაგრამ მაინც მახსენდება.

_____________________________________

რუსული არმიის შემხედვარე, გენერალს ვერ მოსთხოვ შუბლში ტყვია დაიხალოს, ისიც ადამიანია – ინტერვიუ 

„ინიციატივა გადადის უკვე უკრაინელების მხარეს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, უკრაინელების წარმატება უკვე გარდაუვალია, თუმცა პუტინს ზამთრის იმედი აქვსო, დასძენს სამხედრო ექსპერტი და არ გამორიცხავს, დაზამთრებამდე უკრაინელებმა „გარდამტეხი“ წარმატებების მიღწევა ვერ მოასწრონ.

გადამდგარი გენერალ-მაიორი ბოლო დღეებში უფრო უკრაინელების ტაქტიკით მოიხიბლა: მოწინავე რაზმის მიერ ამოცანის შესრულებას უფრო ჰგავდა პროცესი, იმდენად მსუბუქი იყო ქვედანაყოფი სამხედრო თვალსაზრისით – მდინარეც არ გადალახეს და ისე გადაიარეს გორაკები, რუსებმა საერთოდ ვერაფერი გაიგესო.

„რუსული არმიის შემხედვარე, ვერ მოსთხოვ ახლა გენერალს, რომ შუბლში ტყვია დაიხალოს, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია…“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, რომელსაც უკრაინელების მიერ გავრცელებულ ბოლო ამბავზეც ვკითხეთ, გენერალი ტყვედ ჩავიგდეთო.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეძლებენ უკრაინელები გათავისუფლებული ტერიტორიის დაცვას და რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი? წუხელ ზელენსკიმ თქვა, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინამ უკვე 1000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. 

იმედი მაქვს, რომ უკრაინელები შეძლებენ ამ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაცვას. უკრაინელები მოქმედებენ მსუბუქი დანაყოფებით და ძირითადი დატვირთვა მოდის ე.წ. სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებზე, რომლებიც მოწინააღმდეგის სიღრმეში შედიან და ისედაც არეულ რუსებს სულ აურიეს თავგზა. უკრაინელები ახერხებენ რუსების კოლონების განადგურებას. ფაქტია, რომ რუსების რეზერვიც დაიძრა უკვე ამ მიმართულებით. დღეს და ხვალ იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლები ამ რაიონში.

უკრაინელების მოქმედება ძალიან ჰგავს გერმანელთა ტაქტიკას მე-2 მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, კერძოდ სწრაფად გადაადგილდებიან მოწინავე რაზმების აქტიური გამოყენებით.  იქ, სადაც ხვდებოდნენ ხისტ წინააღმდეგობას, არ ერთვებოდნენ ბრძოლაში, უვლიდნენ გვერდს და თავდაცვითი პოზიციებშორისი ღრიჭოებით ახორციელებდნენ გასვლას რუსების ზურგში, ქმნიდნენ პანიკას და ქაოსს.  უკრაინელების წარმატების საწინდარი იყო: მოულოდნელობის ეფექტი, მცირე დანაყოფთა მეთაურების ინიციატივა, კარგი დაზვერვა, კარგად ორგანიზებული და ზუსტი საცეცხლე მხარდაჭერა, ტერიტორიის კარგი ცოდნა… ანუ, ყველაფერი ის, რაც მოეთხოვება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებს.

უკრაინელებმა გარღვევა განახორციელეს ბალაკლეია – შევჩენკოს დერეფნით კუპიანსკის მიმართულებით.  მათი ოპერატიული ამოცანაა ხარკოვ – იზიუმის მაგისტრალის გადაჭრა ვესიოლოეს და კუნიას რაიონში, შედეგად იზიუმის დაჯგუფების ალყაში მოქცევა.  ამავე დროს, თუ უკრაინელების ძირითადი ძალები არ იქნა დროულად მიხმარებული, დერეფანი გაფართოებული და წარმატება განვითარებული, შეიქმნება საფრთხე მათი „სოლის“ მოკვეთის, ვინაიდან, რუსების რეზერვები უკვე ორგანიზებულია და კონცენტრირებულია გარღვევის აღსაკვეთად.  ნებისმიერ შემთხვევაში, შემოდგომის გენერალური ბრძოლის კონტურები უკვე იკვეთება და ხვალ-ზეგ, ეს შეტაკება მოხდება კიდეც.

ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეული დარტყმა მიიღეს რუსებმა და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა რუსული დაზვერვის სისუსტეც.

არ ვფიქრობ, რომ ყურადღების გადატანის მიზნით წამოიწყეს ხერსონის მიმართულების გააქტიურება უკრაინელებმა და სინამდვილეში ხარკოვის მიმართულება ჰქონდათ დაგეგმილი, ვინაიდან დიდი ძალებით ცრუ მანევრები არ ხორციელდება, ხოლო უკრაინელებმა იქ სხვადასხვა მონაცემით, 30 000-მდე მებრძოლს მოუყარეს თავი.  უფრო მგონია, რომ ხერსონში უკრაინელების წინსვლა შეფერხდა, მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს, რუსებმა გააქტიურეს დარტყმა ღრმად შეჭრილ უკრაინელებზე და ბალაკლეას მიმართულების გააქტიურება გამოიყენეს რუსების ზეწოლის ვექტორის შეცვლისთვის.

ვინაიდან ბალაკლეას მიმართულებაზე უკრაინამ მიიღო წარმატება, არ არის გამორიცხული, აქცენტი გადაიტანოს იზიუმის მიმართულებაზე. ფაქტობრივად, ბალაკლეა აღებულია და დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით არიან იმ დასახლებულ პუნქტთან, რომელიც პირველი ჩაბარდა რუსეთს კოლაბორაციონისტული ხელისუფლების გამო. ეს უკვე ლუგანსკის ტერიტორიაა და ფაქტია, რომ ლუგანსკის რაიონშიც ექნებათ მნიშვნელოვანი წარუმატებლობა რუსებს.

  • იმუშავა ტაქტიკამ, რომ ძალების კონცენტრაცია ვერ მოახერხოს რუსებმა კონკრეტულ ადგილზე? 

არათუ იმუშავა, მუშაობს ახლაც. არ ვარ კორექტორი და არ ვიცი, ზუსტად რა ტერიტორიები გაათავისუფლეს უკრაინელებმა, მაგრამ ფაქტია, რომ ინიციატივა გადადის უკვე უკრაინელების მხარეს. ეს არის რეალობა. ჩვენ ახლა ვუყურებთ იმ ნიშნებს, რის შესახებაც ვსაუბრობდით წინა თვეებში თქვენთან ინტერვიუებში, რომ ზაფხულის ბოლოს გამოჩნდებოდა ნიშნები, რას შეძლებდა უკრაინა.

  • ეს არის ნიშანი, რომ უკრაინა მოახერხებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას და ოკუპირებული ტერიტორიების სრულად გათავისუფლებას? 

ეს უნდა შეძლოს უკრაინამ. მე მაინც თავს შევიკავებ ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი ტერიტორიების გათავისუფლებას შეძლებს, მაგრამ ვხედავთ, რომ ინიციატივა გადავიდა უკრაინელების მხარეს. უკრაინა ძლიერდება და ალბათ შემდეგი წლის შუამდე მნიშვნელოვანი წარმატებები ექნება.

ეს არ არის ხანმოკლე ომი და რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, შეინარჩუნოს დაკარგული ტერიტორიები.

  • რა ტაქტიკით მოქმედებს ამჯერად რუსეთი? 

წარმოიდგინეთ, იზიუმი ნახევარკუნძულივით არის შეჭრილი უკრაინელების თავდაცვის სიღრმეში. აქ თავის დროზე გერმანელებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, 23-ე არმია ბლოკადაში მოაქციეს და გაანადგურეს. დაახლოებით იგივე სურათი შეიძლება დაუდგეს რუსეთს, თუ ისინი ვერ შეაჩერებენ უკრაინელების წინსვლას. უკრაინელებმა მოახერხეს საცეცხლე ზემოქმედების მანძილზე გასულიყვნენ ტრასაზე, რომელიც უკავშირდება იზიუმის რაიონში მომარაგების წერტილებს. რუსებმა სამხედრო ძალები უნდა გადმოისროლონ ახლა ამ მიმართულებაზე, არ მისცენ საშუალება გააფართოვონ გარღვევის რაიონი, მოახდინონ უკრაინელების წინსვლის შეჩერება და შემდგომ თვითონ შეეცადონ აქეთ მოაქციონ უკრაინელების მოწინავე დანაყოფები ალყაში.

თუმცა ამ დროს სუსტდება ხერსონის მიმართულება.  უკრაინელებმა ისევ განაახლეს შეტევები დაიწყეს ისევ ხერსონის მიმართულებაზე მცირე მასშტაბით.  ჩანს, მათაც მთავარი ძალისხმევა იზიუმისკენ აქვთ მიმართული.

  • ფაქტობრივად მძიმე ბრძოლები მიდის სამ მიმართულებაზე: ჩრდილოეთით – ხარკოვთან, აღმოსავლეთით – დონბასში და სამხრეთით – ხერსონის ოლქში, ანუ ფრონტის ხაზი არის ძალიან გრძელი. რატომ აირჩია უკრაინამ ეს ტაქტიკა, აქვს ამის რეალური რესურსი?

უკრაინა მთლიან ფრონტზე ერთდროულად არ იბრძვის, ის ახერხებს კონცენტრირებას გარკვეულ მონაკვეთებზე, ქმნის უპირატესობას, აღწევს მოულოდნელობის ეფექტს და ახორციელებს შეტევას. ნახეთ, ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინამ დაიწყო შეტევა ტანკების კოლონების გარეშე, მხოლოდ მსუბუქი ქვედანაყოფები მოქმედებდნენ და მოწინავე რაზმის მიერ ამოცანის შესრულებას ჰგავდა ეს პროცესი, როცა მზადდება ტერიტორია, როგორც პლაცდარმი ძირითადი ძალებისთვის საბრძოლველად შემოსაყვანად.

უკრაინელებს იქ მდინარე ბალაკლეიაც არ გადაულახავთ. მიჰყვებოდნენ მდინარის წყალგამყოფს და ხელოვნურ გორაკებს, რაც იქ წარმოქმნილია წლების განმავლობაში ქვანახშირის მოპოვების შედეგად. მოახერხეს გადადგილება სწრაფად, ფარულად და ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რუსების საჰაერო დაზვერვის საშუალებები რომ ვერ არის ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს. იქ ასევე იყო მხოლოდ დონეცკის მილიცია, რომელიც არაა საბრძოლო დანაყოფი. ეს ყველაფერი გამოიყენეს წარმატებით უკრაინელებმა.

ახლა რუსები იძულებული ხდებიან, რომ ხერსონის მიმართულებიდან ძალები გადმოიყვანონ აქეთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხერსონი არ იყოს მუდმივად საცეცხლე დარტყმების ქვეშ. უკრაინისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სამხრეთის მიმართულება და ნუ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოქმედებები ზუსტად სამხრეთით კვლავ შეტევისთვის საჭირო მოქმედებები იყოს.

  • უკრაინა ხერსონს აუცილებლად დაიბრუნებს და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება,“ – თქვა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესმა. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ხერსონის მიმართულებაზე? 

ჩემი აზრით, უკრაინა რამდენიმე კვირაში ვერ დაიბრუნებს ხერსონს, გააჩნია, რამდენი კვირა იგულისხმა რეალურად ჰოჯესმა.

ფაქტია, რომ უკრაინასაც ძვირად დაუჯდა კონტრშეტევა და თავიდან მომზადება დასჭირდება. ცხადია ისიც, რომ უკრაინამ შეცვალა ტაქტიკა და ხერსონის მიმართულებით უშუალოდ საკონტაქტო მოქმედებების ნაცვლად იყენებს აქტიურ საცეცხლე ზემოქმედებას, რომ ნაკლებად ჰქონდეს ადამიანური დანაკარგები. უკრაინელები ცდილობენ მუდმივად საცეცხლე ტერორის ქვეშ ამყოფონ რუსების სამხედრო დანაყოფები და აქვთ ზუსტი დარტყმის შესაძლებლობა, ეს მათი უპირატესობაა.

  • მართალია „ჰაიმარსების“ მცირე ოდენობა მიაწოდეს უკრაინას, თუმცა ეს აღმოჩნდა ერთგვარი გარდატეხა უკრაინელებისთვის. ამ ეტაპზე რა შეიძლება იყოს გარდამტეხი, რომ უკრაინამ მოახერხოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა?

უკრაინამ მიიღო და კიდევ მიიღებს მნიშვნელოვან აღჭურვილობას, არ დაგავიწყდეს, რომ ჰაუბიცა 777-ებზეც გამოჩნდა ის სამიზნეები, რაზეც წინა ინტერვიუში ვისაუბრე და ნიშნავს, რომ მათ ასევე მიიღეს „ესკალიბურის“ მართვადი ჭურვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არტილერიისთვის.

  • აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატებისგან კიდევ 675 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს – 105 მმ-იან ჰაუბიცებს; საარტილერიო საბრძოლო მასალებს; HARM-ის რაკეტებს; Humvee-ს მრავალპროფილიან მანქანებს. რამდენად გაზრდის ეს აღჭურვილობა უკრაინის შესაძლებლობებს?

მაგალითად, „ჰარმის“ რაკეტები არის რადარსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლითაც უკრაინელები რუსებს უნადგურებენ საჰაერო თავდაცვის სისტემების დაზვერვისა და თვალთვალის კომპონენტებს. ეს საშუალებას აძლევს უპილოტო საფრენ აპარატებს უფრო აქტიურად იმოქმედონ და მეტი ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს. გარკვეული პერიოდი ვხედავდით, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტიანობა იყო დაბალი, რაც გამოწვეული იყო რუსების მხრიდან საჰაერო თავდაცვის ადაპტირებით ამ საფრთხეზე, „ჰარმის“ რაკეტებით კი უკრაინელებმა ისევ შეუწყვეს ხელი უპილოტო საფრენი აპარატების აქტიურად გამოყენებას.

  • ძირითადად რა კუთხით აქვს უკრაინას ამ ეტაპზე პრობლემა, რის გამოც ის ფართომასშტაბიან კონტრშეტევას ჯერ ვერ ახერხებს? 

ეს არის ერთიანობაში რაოდენობრივ-ხარისხობრივი უპირატესობა რუსებთან მიმართებით. განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებით, სადაც სტეპებია, უკრაინას სჭირდება შესაბამისი ჯავშანტექნიკა, საჰაერო ძალები, მეტი სამხედრო შესაძლებლობა.

გაითვალისწინეთ, რომ ხერსონთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ზაპოროჟიე, რომელიც უფრო მოწყვლადია, ვინაიდან უკრაინელებს პირდაპირ შეუძლიათ გასვლა აზოვის ზღვაზე, მიმართულება იქნება: კრივოი-როგი  –  მარიუპოლი ან მელიტოპოლი.  თავად ხერსონის რაიონს თავდაცვის სიღრმე  გააჩნია, ვინაიდან მასზეა მიბმული შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული. ზაპოროჟიე კი არის უფრო მოწყვლადი, რადგან მას თავდაცვის სიღრმე არ გააჩნია, მაგრამ ხერსონის რაიონის აღების გარეშე ზაპოროჟიეს აღება ძალიან რთული იქნება, ვინაიდან ხერსონის რაიონის კონტროლის გარეშე შესაძლოა უკრაინელები თავად აღმოჩნდნენ ბლოკირებული.

  • იგივე ბენ ჰოჯესის აზრით, უკრაინელები რაც უფრო სამხრეთით წავლენ წინ, უფრო მიუახლოვდებიან ყირიმს და მიეცემათ საშუალება, რომ ყირიმს HIMARS-ების მოკლე მოქმედების რაკეტებითაც კი მისწვდნენ, შესაბამისად იგი და განსაკუთრებით სევასტოპოლი [ქალაქი ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც განთავსებულია სამხედრო ბაზები და შავი ზღვის ფლოტის სარდლობა] რუსული სამხედრო ნაწილებისთვის გამოუსადეგრად აქციონ.

ამიტომაც ვამბობ, რომ ზაპოროჟიე არის მნიშვნელოვანი, თორემ ყირიმი მხოლოდ გარედან ჩანს, როგორც მიუწვდომელი და აუღებელი ნახევარკუნძული, ვინაიდან მას მხოლოდ მას ორი ვიწრო გამოსასვლელი აკავშირებს კონტინენტურ ნაწილს. ისტორიას თუ გავიხსენებთ, ფაქტია: ვინც მოინდომა ყირიმის დაკავება, ყველამ დაიკავა: ალიანსმა ყირიმის ომის დროს, შემდეგ ჯერ „თეთრებმა“, მერე „წითლებმა“, შემდეგ მანშტეინმა რუმინული კორპუსებით და საერთოდ ტანკების გარეში, შემდგომ საბჭოებმა, შემდგომ რუსებმა…. ყირიმი მიუდგომელი და დაუკავებელი არ არის, მთავარია, მსოფლიო რამდენად ღრმად გაყვება უკრაინას მხარდაჭერაში…. ჟღერდება ვერსიები, რომ უკრაინა უნდა შეეუგოს გარკვეულ დანაკარგებს.

  • უკრაინულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ დაატყვევა გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სიჩევოი, რაც ჯერ ოფიციალურ კიევს არ დაუდასტურებია. რა შემთხვევაში ვარდებიან გენერლები ტყვედ. ამით შეიძლება განვაზოგადოთ, რა ხდება რუსულ არმიაში?

გენერლები ზოგადად იშვიათად ვარდებიან ტყვედ და ეს ხდება რაღაც ძალიან დიდი მოვლენის შემდეგ, როცა უკვე მთელი არმია მოქცეულია ალყაში, ან სპეცოპერაცია ტარდება. რუსული არმიის შემხედვარე, ვერ მოსთხოვ ახლა გენერალს, ტყვედ ჩაბარების მაგივრად შუბლში ტყვია დაიხალოს, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია… ეს აჩვენებს იმასაც, რომ შესაძლოა გენერლები უშუალოდ წინა ხაზზე იყვნენ, რათა თავად მართონ სიტუაცია, რადგან არ ენდობიან, ან ვერ ასრულებენ ქვეშევრომები გენერლების მიერ დასახულ ამოცანებს.

ზოგადად, უკრაინაში კონტროლდება სამხედრო ტიპის ინფორმაციის გავრცელება და მხოლოდ ის ინფორმაცია ვრცელდება, რაც გენშტაბის მიერ არის ვიზირებული. ვერ გეტყვით, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია. თუ ჩაიგდეს გენერალი ხელში, ლოგიკურია, რომ აჩვენონ კიდეც, თუმცა არაა გამორიცხული, „აზოვსტალელი“ მებრძოლების გასაცვლელად გამოიყენონ და ამიტომაც არ აჩვენებენ.

  • „რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობად შეფასდეს“, – მიიჩნევს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი, რომელმაც ასევე თქვა, რომ „პუტინი ფსონს ახლა იმაზე დებს, რომ თვითონ უფრო გამძლეა, ვიდრე უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები“. ეს ასეა თუ თავისი არმიის იმედი ისევ შეიძლება ჰქონდეს პუტინს?

ამას ვამბობ მეც ამდენი ხანი – რუსეთის შეჭრა უკრაინაში თავიდანვე იყო წარუმატებლობა, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა რუსეთისთვის.

ჩემი აზრით, პუტინის ფსონია ახლა იმაზე, რომ მოვა ზამთარი და ევროპის რამდენიმე ქვეყანას აიძულებს, მოახდინონ ზემოქმედება უკრაინის ხელმძღვანელობაზე. არა მგონია, პუტინს თავისი გრანდიოზული გეგმის შესრულების სჯეროდეს, ის მინიმალურ წარმატებაზეც თანახმაა, რომ გავიდეს ამ ბრძოლიდან.

  • აქვს ამ წარმატების შანსი პუტინს? 

პუტინს რჩება ზამთარი, ასევე ატომური სადგური, ამას იყენებს ზემოქმედებისთვის. არ დაივიწყოთ ასევე რუსული ლობი და ზემოქმედება სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ძალიან ღრმად არის შესული რუსული ფული და სპეცსამსახურებიც. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

  • უშვებთ, რომ შესაძლოა ზამთრამდე უკრაინამ გარდამტეხი ეტაპი ვერ შეიტანოს ამ ომში? 

ჩემი აზრით, ვერ მოახერხებს უკრაინა დაზამთრებამდე მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანას ამ ომში… გარდატეხის ნიშნები უკვე ჩანს, უკრაინამ უკვე აიღო ინიციატივა, რასაც ის იყენებს, მაგრამ გარდატეხას ამ სამ თვეში ვერ მოახერხებს. უკრაინას ექნება წარმატებები, მაგრამ 2014 წლის სიტუაციას დაუბრუნდეს, ეს ძალიან გაუჭირდება. ასევე მგონია, რომ ომის ამ ეტაპზე ლუგანსკი-დონეცკის გათავისუფლებას ვერ მოახერხებს უკრაინა.

ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ ქალაქ ხერსონის აღება ზამთრამდე კიდევ შესაძლებელია, მთლიანად ხერსონის რაიონის – ვერა.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სურათია. აღჭურვილობას მასიურად, ასე სწრაფად ვერ მიიღებს უკრაინა. გარდა ამისა, ის მიწოდებული აღჭურვილობით დანაკარგებს ავსებს, რუსებიც ახდენენ შევსებას, თუმცა ბევრად უფრო ნაკლებად და ხარისხობრივად სუსტი ტექნიკით. უკრაინას სჭირდება მნიშვნელოვნად გაძლიერება, რომ უპირატესობა შექმნას.

Exit mobile version