სარფში უკანონოდ მიგრანტის გადაყვანისა და საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1971 წელს დაბადებული ს.ქ. და 1990 წელს დაბადებული ს.ჰ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ს.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ს. ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ. თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ს.ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. პოლიციამ ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.“ – აცხადებს შსს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

სააგენტო თხილის ბაღების აღრიცხვას იწყებს – 500 ლარი სუბსიდია 1 ჰექტარზე

სოფლის განვითარების სააგენტო, რომელმაც თხილის სუბსიდირების პროგრამა უნდა განახორციელოს, თხილის ბაღების კადასტრის შესაქმნმელად 174 ათას 420 ლარის შესაბამის მოწყობილობებს, ასევე საოფისე საქონელსა და ტექნიკას შეისყიდის.

174 ათას 420 ლარის შესყიდვას სოფლის სააგენტო ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს.

თხილის ბაღების კადასტრი მთავრობის დადგენილებაში ასეა განმარტებული:საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აეროგადაღების საფუძველზე შექმნილი ორთოფოტო გეგმების, ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფაში (ABACO) ინტეგრირებული სატელიტური გადაღების მასალების გამოყენებით, ბენეფიციართა განაცხად(ებ)ისა და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლების მიერ დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს მონაცემებს თხილის ბაღ(ებ)ისა და მის მესაკუთრეთა (მოსარგებლეთა) ან/და ფაქტობრივ მფლობელთა  შესახებ“.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე და თხილის ბაღების კადასტრის შექმნაზე 150-კაციანი ჯგუფი იმუშავებს [რომელშიც შევლენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,სურსათის ეროვნული სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები].

„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტების მერიებს ეთხოვათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თხილის ბაღების კადასტრის წარმოების პროცესის ორგანიზაციული მხარდაჭერა, სამუშაო ჯგუფის წევრების სამუშაო სივრცით უზრუნველყოფა, განაცხადში დაფიქსირებული თხილის ბაღ(ებ)ის მესაკუთრეთა ან/და მოსარგებლეთა ან/და ფაქტობრივ მფლობელთა იდენტიფიცირება და ბენეფიციარის მიერ განაცხადში მითითებული მონაცემების ხელმოწერით დადასტურება.“ – აღნიშნულია სოფლის სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებით ბარათში.

სოფლის ეროვნული სააგენტო ამჯერად 133 ათასი ლარის ფარგლებში იყიდის: GPS მოწყობილობებს [50 ცალს], საოფისე/საკანცელარიო საქონელსა და სხვადასხვა საოფისე ტექნიკას.

დამატებით, 41 420 ლარად კი, ასევე ტენდერის გარეშე შეისყიდის პრინტერებს და მაუსებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებს ფერმერი, ვისაც 2 000 კვ/მ-დან 3 ჰექტარამდე თხილის ბაღი აქვს [ანუ, მაგალითად, 2 000 კვ.მ ბაღის შემთხვევაში მიიღებს 100 ლარს, 1,5 ჰექტარის შემთხვევაში – 750 ლარს, ხოლო 3 ჰექტარის შემთხვევაში – 1 500 ლარს.]

„თუ ბენეფიციარს  საკუთრებაში  ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად აქვს არანაკლებ 0.2 ჰა-იდან არაუმეტეს 3 ჰა-ის ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, თხილის ბაღ(ებ)ის  თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე“ – აღნიშნულია პროგრამაში.

ამავე პროგრამის მიხედვით, ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენების ბოლო ვადა 2023 წლის 31 აგვისტოა.

„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022-2023 წლებში ჯამურად 20 935 000 ლარი უნდა გამოყოს.

 

[toggle title=”თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ “]

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით.

2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.

მუხლი 2 . პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო.

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სახელმწიფოსგან ან/და მუნიციპალიტეტისაგან ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე აქვს თხილის ბაღ(ებ)ი;

ბ) ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სახელმწიფოსგან ან/და მუნიციპალიტეტისაგან ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე აქვს თხილის ბაღ(ებ)ი და რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღებს სახელმწიფოსგან სუბსიდიას;

გ) სუბსიდია – საქონლის შესყიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ პროგრამის პირობების შესაბამისად ბენეფიციარ(ებ)ისათვის გათვალისწინებული დახმარება;

დ) ბარათი – საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც მოხდება სუბსიდიის ქულების ან/და თანხის სახით დარიცხვა (1 ქულა = 1 ლარი) და რომლის გამოყენებასაც ბენეფიციარი შეძლებს მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ე) საქონელი – თხილის მოვლისთვის ან/და მოყვანისთვის საჭირო საქონელი;

ვ) საქონლის მიმწოდებელი – საქონლის სარეალიზაციო ობიექტები, რომელთაც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების – „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საფუძველზე მინიჭებული აქვთ უვადო აღიარება და სადაც ბენეფიციარი პროგრამით განსაზღვრული პირობების ფარგლებში ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს საქონლის მიღებას;

ზ) ბანკი – სს „ლიბერთი ბანკი“, რომელთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას, ბენეფიციარ(ებ)ისათვის ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან/და ბარათ(ებ)ის დამზადების ან/და გაცემის ან/და უკვე არსებულ ანგარიშ(ებ)ზე/გადაცემულ ბარათ(ებ)ზე სუბსიდიის დარიცხვისა და მათი პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების მიზნით;

თ) თხილის ბაღი – ამ პროგრამის მიზნებისთვის არანაკლებ 0.2 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ინტენსიურად, ნახევრად ინტენსიურად ან ტრადიციულად არის გაშენებული თხილის კულტურა;

ი) თხილის ბაღების კადასტრი – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აეროგადაღების საფუძველზე შექმნილი ორთოფოტო გეგმების, ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფაში (ABACO) ინტეგრირებული სატელიტური გადაღების მასალების გამოყენებით, ბენეფიციართა განაცხად(ებ)ისა და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლების მიერ დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს მონაცემებს თხილის ბაღ(ებ)ისა და მის მესაკუთრეთა (მოსარგებლეთა) ან/და ფაქტობრივ მფლობელთა შესახებ;

კ) სამუშაო ჯგუფი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სააგენტოს, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჯგუფი.

მუხლი 4. თხილის ბაღების კადასტრის წარმოების წესი

1. თხილის ბაღების კადასტრის წარმოებას უზრუნველყოფს სააგენტო.

2. თხილის ბაღების კადასტრში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია განაცხადის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი ან/და ბენეფიციარი.

მუხლი 5. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები

პროგრამის მე-6 მუხლის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საქართველოში საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა ჰქონდეს თხილის ბაღ(ებ)ი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა-ისა და არაუმეტეს 3 ჰა-ისა.

მუხლი 6. პროგრამის პირობები და სუბსიდიის მოცულობა

1. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი პირობებით სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას:

ა) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად აქვს არანაკლებ 0.2 ჰა-იდან არაუმეტეს 3 ჰა-ის ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, თხილის ბაღ(ებ)ის თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე;

ბ) თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში აქვთ არანაკლებ 0.2 ჰა-იდან არაუმეტეს 3 ჰა-ის ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ ბენეფიციარებზე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს თხილის ბაღ(ებ)ი აქვს/აქვთ, როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებაში, თანასაკუთრებასა და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით;

დ) თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე ან/და თანამოსარგებლეზე ან/და ფაქტობრივ თანამფლობელზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების ან/და თანამოსარგებლის ან/და ფაქტობრივი თანამფლობელის სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია, ან – ყველა თანამესაკუთრის ან/და თანამოსარგებლის ან/და ფაქტობრივი თანამფლობელის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე ან/და თანამოსარგებლე ან/და ფაქტობრივი თანამფლობელი და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების ან/და თანამოსარგებლეების ან/და ფაქტობრივი თანამფლობელების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.

2. თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია ან რეგისტრაციის მონაცემები გავლენას ვერ იქონიებს უძრავ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების აღიარებაზე ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, ასევე საკუთრების ან სხვა მართლზომიერი უფლების წარმოშობაზე.

მუხლი 7. სუბსიდიის გაცემა

1. სამუშაო ჯგუფის მიერ თხილის ბაღების კადასტრიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე სააგენტო ბანკს გადასცემს ბენეფიციარების ჩამონათვალს.

2. სააგენტო მოახდენს ბანკში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხის განთავსებას.

3. ბანკი სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოახდენს ბენეფიციარების ბარათებზე შესაბამისი ოდენობის ქულების ან/და თანხის დარიცხვას.

4. სააგენტო, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბანკისთვის საქონლის მიმწოდებლების მონაცემების გაგზავნას. ამასთანავე, შესაძლებელია საქონლის მიმწოდებლების რაოდენობის ცვლილება სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული განახლებული ინფორმაციის საფუძველზე.

5. ბანკი უზრუნველყოფს საქონლის მიმწოდებლებისთვის ისეთი პოსტერმინალების გადაცემას, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ბენეფიციარების ბარათებზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენება.

6. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

მუხლი 8. სუბსიდიის გაცემის პროცედურა

1. სუბსიდიის გაცემის პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

2. პროგრამის მიმდინარეობის პროცესში სააგენტო განსაზღვრავს განაცხადების მიღების ბოლო ვადას.

მუხლი 9. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

[/toggle]

 

ამავე თემაზე:

20 მლნ ლარი თხილისთვის – ვინ მიიღებს სუბსიდიას

 

ავარია ბათუმში – 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 2 მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმელებს“ კლინიკაში განუცხადეს, რომ დაშავებულებს კიდურების დაზიანებები აქვთ და შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე / 5.11.2022

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ნოემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 75 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
  • ტანკი – 2 758 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 5 601 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 1 776 ერთეული [+4]
  • MLRS – 391 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 202 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 277 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 260 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 462 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 184 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 155 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 331 თვითმფრინავი
  • 169 ვერტმფრენი
  • 2 435 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 386 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 335 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 882 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 554 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 048 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]მობილიზაციამ პუტინს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

თუ პუტინს მიიმწყვდევენ ვირთხასავით, შეიძლება ბირთვული იარაღიც გამოიყენოს – ინტერვიუ

მოუმზადებელი რეზერვისტები დამატებით საბრძოლო ძალა ვერ იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთს ძალიან უჭირს მობილიზებულებისა და საშემოდგომო გაწვევის ციკლის ახალწვეულების სამხედრო მომზადება.

„რუსეთის შეიარაღებული ძალებს მობილიზებული 300 000 სამხედროს მომზადებაც უკვე უჭირდა. სწორედ ამდენი რეზერვისტვის გაწვევა იყო დაგეგმილი 21 სექტემბერს გამოცხადებული მობილიზაციით.

პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს დამატებითი რეგულარული საშემოდგომო გაწვევა, რომელიც 30 სეტემბერს გამოცხადდა და პირველ ნოემბერს დაიწყო და რომელმაც რუსეთის არმიას დამატებითი 120 000 სამხედრო უნდა შესძინოს,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 5 ნოემბრის რელიზში.

უწყების აზრით, ახალმობილიზებული რეზერვისტები საერთოდ არ გადიან წვრთნას ან მხოლოდ მინიმალური მომზადების შემდეგ მიდიან ფრონტზე, რადგან “გამოცდილი ოფიცრები და ინსტრუქტორები რუსეთმა უკრაინაში გაუშვა საომრად და ბევრი მათაგნი, სავარაუდოდ, უკვე დაიღუპა ან დაიჭრა”.

დაზვერვა მიუთითებს, რომ სწორედ პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო მასალების ნაკლებობის გამო ატარებენ რუსეთის ჯარები წვრთნებს ბელარუსში.

„მინიმალურად მომზადებული ან საერთოდ მოუმზადებელი ძალების ომში ჩართვა რუსეთს დამატებით საბრძოლო შესაძლებლობებს ვერ გაუჩენს,“ – ასკვნის უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა ტექნიკის ნაკლებობაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ ტანკები და ჯავშანმანქანები რუსეთს უკვე ბელარუსის მარაგებიდან გამოჰყავს.

მობილიზაციამ პუტინს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებების მიუხედავად, მობილიზაციამ რუსეთის პრეზიდენტს მისი მიზნების მისაღწევად სასურველი შედეგები ვერ მოუტანა.

ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მობილიზაციის შედეგად დაგეგმილზე უფრო მეტი რეზერვისტი შეგროვდა, თუმცა ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად წინაპირობებს ქმნის. ეს კი ადასტურებს, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ხარჯზე კრემლმა ვერ შექმნა საკმარისი დამატებითი ძალა უკრაინაში მაქსიმალური მიზნების მისაღწევად.

„პუტინი ცდილობს შეაჩეროს სოციალური დაძაბულობა და ამას მიანიშნებს ისიც, რომ მან რეზერვისტების მობილიზაციასთან ერთად მსჯავრდებულების მობილიზაციაზეც გასცა ნებართვა,“ – წერს ISW და დასძენს, რომ მობილიზაცია მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის ეკონომიკას და შესაძლოა გაამძაფროს სოციალური დაძაბულობა, თუკი კრემლი „სპეციალური ოპერაციის“ მონაწილეებისადმი საკუთარ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.

ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის სარდლობა ცდილობს, ახალმობილიზებული პირადი შემადგენლობა დონეცკის შეტევებისთვის გამოიყენოს, თუმცა დიდი ალბათობით, ამ რესურსით კრემლი სასურველ შედეგებს ვერც ამ რაიონში აღწევს.

„დონეცკის ოლქში რუსეთის შეტევითი ოპერაციების გაძლიერება მიუთითებს, რომ კრემლი უკვე დაშვებულ შეცდომას იმეორებს. პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდამ მოწინავე პოზიციებზე შესაძლოა რუსეთს მცირე ოპერატიული წარმატება მოუტანოს დონეცკის ოლქში, თუმცა ცუდი მომზადება, ლოგისტიკა და მეთაურობა მას მომავალში ძალიან შეუშლის ხელს სერიოზული წინსვლაში”.

ISW ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია დეზერტირების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, უკიდურეს ზომებს მიმართავს და ასე პასუხობს პირადი შემადგენლობის დაბალი მორალური განწყობით გამოწვეულ სერიოზულ პრობლემებს. ინსტიტუტის მონაცემებით, დიდი ალბათობით, მეთაურებს დეზერტირების დახვრეტის ბრძანება აქვთ.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ჯარები განაგრძობენ დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან გასვლას, რათა ხარკოვის მსგავსი უკონტროლო უკანდახევა აიცილონ თავიდან;
  • ირანი სარგებლობს რუსეთის დამოკიდებულებით მის შეიარაღებაზე და მოსკოვს თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელებაში დახმარებას სთხოვს;
  • საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ ხერსონის ოლქიდან მოქალაქეების იძულებით ევაკუაციას;
  • რუსეთისა და საოკუპაციო ხელისუფლებების ჩინოვნიკები ასევე განაგრძობდნენ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანას.

თუ პუტინს მიიმწყვდევენ ვირთხასავით, შეიძლება ბირთვული იარაღიც გამოიყენოს – ინტერვიუ

„ზამთრის მოახლოება და ამინდის ცვლილებები დაეტყოთ, რა დროსაც საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობა ქვეითდება ღრუბლიანობის და ნისლის გამო, ასევე რთულდება ფარულად გადაადგილების და შენიღბვის შესაძლებლობები,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც გასულ კვირაშიც ყურადღებით აკვირდებოდა ბრძოლის ველს.

გადამდგარი გენერლის აზრით, გადამწყვეტი წარმატებისთვის უკრაინას სჭირდება არამხოლოდ თანამედროვე აღჭურვილობა შესაბამისი რაოდენობით, არამედ ამ აღჭურვილობის ერთდროულად მიწოდება.

„ვერ იქმნება მასირებული დარტყმის შესაძლებლობა,“ – ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, რამდენად რთულია 1000 კილომეტრზე მასირებულ დარტყმა შეძლოს უკრაინამ. ის ამ ეტაპზე ვერ ხედავს წარმატებული კონტრდარტყმის რესურსს.

„არ ვიცი, როგორ, მაგრამ უკრაინამ უნდა შეძლოს რაღაცნაირად მიწოდებული ტექნიკის აკუმულირება, რომ არ გაფანტოს აქეთ-იქეთ და მასირების ეფექტს მიაღწიოს. ეს აუცილებელია წარმატებული დარტყმისთვის,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, გასულ კვირას უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას კრემანაიასა და სვატოვოს მიმართულებაზე, ხოლო რუსეთის ძალებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს ბახმუტის, ავდეევკისა და დონეცკის რაიონებში, თუმცა არცერთი მიმართულებით არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორებმა შექმნა ეს მოცემულობა?

უკრაინელები მიუახლოვდნენ ე.წ. კულმინაციის წერტილს, რომლის შემდეგაც ყალიბდება გარემოება, როცა შემტევ მხარეს აღარ შეუძლია შეტევის გაგრძელება
და შეიქმნა ეს მოცემულობა, მათ ახლა სჭირდებათ ოპერატიული პაუზა: რეზერვების მომზადება, გადაჯგუფება და მომზადება გაზაფხულის კამპანიისთვის. რუსებმა კი, შეძლეს მობილიზაციის ხარჯზე თავდაცვის ზოლში არსებული „ღრიჭოების“ შევსება. რუსებმა ახალმობილეზებულების რაოდენობით მოახერხეს შეენელებიათ უკრაინელების შეტევები.

გაწონასწორდნენ ერთგვარად და პოზიციურ დაპირისპრიებაში გადავიდა უკვე ორივე მხარე, ამას ემატება ზამთრის მოახლოვება და ამინდის ცვლილებები, რა
დროსაც საჰაერო თვალთვალის და დაზვერვის შესაძლებლობა ქვეითდება ღრუბლიანობის და ნისლის გამო, ასევე რთულება ფარულად გადაადგილების და
შენიღბვის შესაძლებლობა.

  • ამ ერთგვარი სტაგნაციის მიუხედავად, უკრაინელების ინფორმაციით, ყოველდღიურად სულ ცოტა 700 რუსი ჯარისკაცი კვდება. ბოლო დღეებში 4 ქართველი მეომარი დაიღუპა და ამ ციფრით ჩანს, რომ უკრაინელებსაც დანაკარგი დიდი აქვთ. რა განაპირობებს ამ მასშტაბთ დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას?

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა განსაკუთრებით ქართველი მებრძოლების დაღუპვა. ვერ ვიტყვი, რომ ეს დაკავშირებულია ზოგადად უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგის ზრდასთან, მაგალითად, კადიროველებმა ერთდროულად 30-მდე მებრძოლი დაკარგეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ გაზარდეს თავისი აქტიურობა. ეს ომია და შესაძლებელია მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინელები შეტევაში იმყოფებიან და ეს ოპერატიული გარემოებაც ზრდის დანაკარგების რაოდენობას.

არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ის ციფრები, რასაც უკრაინელები აჟღერებენ რუს დაღუპულებზე, თანაც, არ აუღიათ ბოლო დროს რამე მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომ დაეთვალათ, თუმცა არ გამოვრიცხავ დანაკარგების გაზრდას რუსებში – ახალმობილიზებულების კვალიფიკაცია ძალიან დაბალია.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი ამბობს, რომ რუსეთმა 2-ჯერ მეტი ავიაცია დაკარგა უკრაინაში, ვიდრე ავღანეთში 10 წლის განმავლობაში: 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს უკრაინაში, ავღანეთში კი, 118 საბჭოთა თვითმფრინავი. ეს დანაკარგი რამდენი პროცენტია რუსული არმიისთვის და რას ნიშნავს მსგავსი დანაკარგი ნებისმიერი არმიისთვის?

ვერ გეტყვით რამდენი პროცენტია, თუმცა თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მონაცემი უფრო სარწმუნო ციფრია, ეს ფიქსირდება და დათვლადია, ვიდრე პირადი შემადგენლობის დანაკარგი.

ავღანეთთან შედარება არარელევანტური მგონია, ვინაიდან უკრაინას გააჩნია საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე, ან მასთან მიახლოებული, საბჭოთა კავშირის სისტემა მაინც. ავღანეთს კი, ეს არაფერი არ გააჩნდა იმ ომის შემთხვევაში. ეს რომ იყოს შედარება თანაზომიერ ოპერაციასთან, უფრო სარწმუნო იქნებოდა.

  • რა ხდება ხერსონთან – რამდენად გაიზარდა შესაძლებლობა, რომ უკრაინელებმა გაააქტიურონ კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებაზე?

ვერ ვხედავ ამის ნიშნებს, რომ უკრაინელები ამზადებდნენ მნიშვნელოვან დარტყმას. შესაძლოა, ისინი ამას არ აპირებენ, ან ნიღბავენ, რომ არ ჩანდეს ძალების გადაჯგუფება და თავმოყრა. ფაქტია, რომ უკრაინელების აქტიურობა ხერსონის მიმართულებაზე შეჩერებულია. არ გამოვრიცხავ, თუმცა, როგორც წინა ინტერვიუებში ვამბობდი, ახლაც ეჭვი მეპარება, რომ უკრაინამ ამ ეტაპზე ხერსონის მიმართულებით მნიშვნელოვანი ოპერაციის განხორციელება შეძლოს.

უკრაინას ამ ეტაპზე სჭირდება ძალების მოგროვება და ოპერატიული პაუზა, რაც არ გააკეთა რუსეთმა სევეროდონეცკის და ლისიჩასკის აღების შემდეგ, შესაბამისად, მიიღეს ის, რაც მიიღეს. ვფიქრობ, უკრაინელები ამას ითვალისწინებენ, არ ჩქარობენ და სწორ ნაბიჯებს დგამენ. მოსალოდნელია, რომ  უკრაინელებმა კიდევ შეანელონ ტემპი და მოემზადონ ზამთრის ყინვებისთვის, გაზაფხულზე კი, კონტრდარტყმის განახლებისთვის.

ორივე მხარე ცდილობს ახლა, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგით დაასრულოს წელი, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ დიდი მასშტაბის საომარი ოპერაცია მოხდეს გაზაფხულამდე.

  • ისევ მაღალია ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე? მაგალითად, ბრიტანელი პოლკოვნიკი და სამხედრო ექსპერტი, რიჩარდ კემპი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უშვებს ამის ალბათობას. „ეს უნდა იყოს ნატოს შეტევა, რომელსაც ექნება ჯეროვანი ეფექტი – მაგალითად, შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა, ან რამე ასეთი,“ – ამბობს ის. მისივე თქმით, „თუ ქალაქს დაუმიზნებს… და თუ ათასობით ადამიანს ამოხოცავს, ამას ალბათ ექნება გავლენა უკრაინელების მორალზე, მაგრამ წინასწარ ვერავინ ივარაუდებს, როგორი იქნება ეს გავლენა – უკრაინელები ბრძოლის გაგრძელების სურვილს დაკარგავენ თუ პირიქით, უფრო გაუმძაფრდებათ ბრძოლის ჟინი“.

მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. თუ კარგად დააკვირდებით, რუსეთს ჯერ არ გამოუყენებია ბოლომდე თავისი შესაძლებლობები… ვგულისხმობ ბელარუსის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას, არ შეუყვანია ის რეზერვები, რომელიც მობილიზებულია, ხუმრობა არ რის 300 ათასი კაცი, ახლა საშემოდგომო გაწვევით დაახლოებით 130 ათასი კაცი დაემატება, მომავალში შესაძლოა კიდევ ერთი მობილიზაცია გამოაცხადოს და მილიონიანი მობილიზება იქნება. ჯერ რუსეთს არ სჭირდება ამ უკიდურესი ზომის გამოყენება.

  • მაგრამ რუსეთისთვის ცხადია ის ძალა, რაც უკრაინისთვის დასავლეთიდან მიწოდებულ აღჭურვილობას აქვს.

უკრაინას არ გააჩნია ეს აღჭურვილობა იმ რაოდენობით, რომ ომი მოიგოს. მე არ ვემხრობი დასავლეთიდან მიწოდებული აღჭურვილობის გაფეტიშებას. უკრაინას უკვე აქვს ხარისხობრივი უპირატესობა რუსეთთან, რაოდენობრივი – არა. უნდა გაიზარდოს საგრძნობლად რაოდენობა ამ ტექნიკის. უკრაინას ხარისხობრივთან ერთად სჭირდება რაოდენობრივი უპირატესობა, ან მინიმუმ თანაფარდობა.

არავითარი ნიშანი არ არის დღეს იმის, რომ რუსეთი აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. თუ ის იქნება მიმწყვდეული ვირთხის მდგომარეობაში, შეიძლება ეს გამოიყენოს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, შედეგი რა იქნება, არ ვიცით, ევროპა როგორ გადაიტანს ამ ზამთარს, ან უკრაინა როგორ გადაიტანს ამ ზამთარს.

  • მიგაჩნიათ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი იზრდება, თუკი პუტინი დაინახავს, რომ მარცხდება? 

რა თქმა უნდა, ასეა. მისი ამოცანა ცხადია, აღარაა ის, რომ კიევი აიღოს და ასე შემდეგ. მისი ამოცანაა, რაც დაიპყრო, ის არ დაკარგოს, განაგრძოს პოლიტიკური ცხოვრება. თუ დაინახავს პუტინი პოლიტიკურად, ან ფიზიკურად სიკვდილ-სიცოცხლის საფრთხეს, მაშინ შეიძლება გამოიყენოს.

ასე იყო მთელი „ცივი ომის“ განმავლობაშიც, სულ ელოდებოდნენ, როდის გამოიყენებდა რომელიმე მხარე ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის გამოყენების „ხიბლი“ კი ის არის, რომ სწორედ მან შეძლო, არ მომხდარიყო დიდი ომი ამ დრომდე, რუსეთ-უკრაინის ომს თუ არ ჩავთვლით. ბირთვულმა შეიარაღებამ შექმნა ერთგვარი პარიტეტი მსოფლიოში, მისი გამოყენება ასე მარტივად არ მოხდება.

  • პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი მიიჩნევს, რომ რუსეთი განიხილავს ორ ვერსიას: „პირველი – საპასუხო კონტრიერიში წამოიწყოს, უკრაინელებს სამხრეთში უკან დაახევინოს და ხარკოვზე თუ არა, მთლიანად დონბასზე მაინც დაამყაროს უპირობო კონტროლი. თუ ამას მიაღწევს, ეს წარმატებაში ჩაეთვლება. მეორე სცენარი – ზელენსკი უნდა გატეხოს. ზელენსკიმ უნდა თქვას – ჯანდაბას, წაიღეთ დონბასი, ჩვენ კი მშვიდობა გვექნება.“ თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს რუსეთს რომელიმე ამ სცენარით მოვლენების განვითარების მოლოდინი?

ეს შეიძლება იყოს საუკეთესო სურვილები რუსეთისთვის. ჩემი აზრით, რუსეთისთვის წარმატება იქნება შეინარჩუნოს ის, რაც მას ახლა აქვს და არა მთლიანად დონბასის აღება და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება ამ ეტაპზე განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან… ამ ეტაპზე რუსებს შეტევის პოტენციალი ამოწურული აქვს.

  • თქვენი დაკვირვებით, რის იმედი აქვს ახლა პუტინს? 

პუტინს იმედი აქვს პოლიტიკური კუთხით, რომ სწორედ ენერგო პრობლემები გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს დასავლეთისა და მოსახლეობის მიდგომასთან. სამხედრო კუთხით კი თვლის, რომ უკრაინამ ამოწურა შეტევითი პოტენციალი და გადავა პოზიციურ დაპირისპირებაში, რაც მისცემს რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას.

  • სააგენტო Reuters-ის ფინანსური ექსპერტების გათვლებით მობილიზებულებისთვის გადასახდელი თანხა, სოციალური ბენეფიტების ჩათვლით, კრემლს 6 თვეში 900 მილიარდი რუბლიდან 3 ტრილიონ რუბლამდე დაუჯდება [დაახლოებით $14,6- $32,4 მილიარდი]. ეს ფინანსური ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის?

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ რუსეთს ომის წარმოების რესურსი უჭირს, განსაკუთრებით ეკონომიკურ მხარეს ვგულისხმობ. მაგალითად, როცა უნდა დაერიგებინათ მობილიზებულისთვის 3 – 3 ათასი დოლარი, მისცეს მხოლოდ 400 – 400 დოლარი, რამაც უკმაყოფილება და გამოსვლები გამოიწვია. ეს მნიშვნელოვანი ტვირთია რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც მძიმე დღეშია.

  • ადიროვი ისტერიულად მოუწოდებს მოქალაქეებს, რუს ჯარისკაცებს თბილი ტანსაცმელი შეუგროვონ. არის ის განწყობა, რომ კადიროვის მოწოდებას გამოეხმაუროს საზოგადოება რუსეთში ?

მე პირადად ვიცი, რომ ახალმობილიზებულს უთხრეს, თავისი ტანსაცმლით გამოცხადებულიყო შეკრების პუნქტში – ნამდვილად აქვთ რუსებს მომარაგების პრობლემა.

ეს ხდება იმიტომ, რომ დიდი მასშტაბის მობილიზაცია ჰქონდათ მოკლე დროში, სამობილიზაციო მარაგები კი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროსაა შექმნილი. მოუვლელობის და კორუფციის შედეგად განადგურებულია ეს მარაგები ფაქტობრივად, არ ჰყოფნით აღჭურვა და მომარაგება. თუმცა, ჩემი აზრით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეძლებს რუსეთი გამონახოს ეს რესურსი: იგივე ჩრდილოეთ კორეაში, ან ირანში შეიძინოს ტანსაცმელი.

რუსეთის რეალობაა ის, რომ მობილიზაციის შედეგად ხალხი მოაგროვეს, მაგრამ ეკონომიკა ვერ გადავიდა სამხედრო რელსებზე, რომ მოამარაგოს დიდი რაოდენობის ჯარი.

  • ამასობაში, რამდენად გაიზარდა უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობა? 

ეს არ არის მცირე ოპერაცია, ან ექსპედიციური კამპანია – ფართომასშტაბიანი ომია და 1000 კილომეტრზეა გადაჭიმული, ტერიტორია დიდია. რა აღჭურვილობასაც იღებს უკრაინა, ეს მას სჭირდება ძირითადად დანაკარგის შესავსებად. მან უნდა შეძლოს დააგროვოს ის შესაძლებლობები, რაც მისცემს ფართომასშტაბიანი დარტყმის შესაძლებლობას: მეტი ტანკები, ჯავშანტექნიკა… შესაბამისი ჯავშნის გარეშე ტრიალ მინდორში ვერ გავა შეტევაზე.

რა შეეხება საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, ეს მთლიანად ქვეყნის და სტრატეგიული დაცვის საშუალებებია, რაც ასევე არაა საკმარისი. ამდენად, უკრაინას სჭირდება თავდაცვითი, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები, შეტევითი საშუალებები.

  • რის მიწოდებაც დაანონსებულია, ეს რამდენად შეცვლის ამ რეალობას? 

რა თქმა უნდა, ეს გაზრდის უკრაინის შესაძლებლობებს, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ისინი ამას მასობრივად არ იღებენ. უკრაინელები ამ აღჭურვილობას იღებენ მცირე რაოდენობით და ნაწილ-ნაწილ, რაც ვერ ქმნის მასირებული დარტყმის შესაძლებლობას. ომის ერთ-ერთი პრიორიტეტია მასირება, რაც გულისხმობს ძალების თავმოყრას კონკრეტულ მიმართულებაზე.

უკრაინელები ამ ეტაპზე ახერხებენ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებით შექმნან ძლიერი რესურსი, შემდეგ კი უწევთ, გადაიტანონ ეს სხვა მიმართულებაზე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ერთდროული მიწოდება.

  • ქამდე ვისმენდით, რომ შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, ასევე პროფესიული გადამზადება და ადაპტირება. ამჯერად რა არის ობიექტური ფაქტორი, რის გამო უკრაინას ისევ არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა? 

მომზადება უკვე გააჩნია უკრაინას, თავისი ინსტრუქტორები ჰყავს, პრობლემაა უფრო რემონტისა და უზრუნველყოფის ბაზების უზრუნველყოფა. სად შეიძლება მომსახურება, როცა ზიანდება ტექნიკა და გამოდის წყობიდან. ამ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გარეშე აზრი არ აქვს აღჭურვილობის მიცემას. ის გამოდის წყობიდან  და იქნება უბრალოდ ჯართი. ასე რომ, ეს სისტემა უნდა შეიქმნას.

აღჭურვილობის მიწოდება ასევე დამოკიდებულია ბიუროკრატიაზე – დიდი წრის გავლაა საჭირო, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.

ფაქტია და მხარდაჭერის სურვილი გაცხადებულია, მომარაგებაც დაწყებულია. რამდენად შეძლებენ უკრაინის კონტრდარტყმისთვის მომარაგებას, არ ვიცი. ეს არის სუბიექტური და ობიექტური მოვლენების ერთობლიობა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ უკრაინამ უნდა შეძლოს რაღაცნაირად ამ მიწოდებული ტექნიკის აკუმულირება, რომ არ გაფანტოს აქეთ-იქეთ და მასირების ეფექტს მიაღწიოს. ეს აუცილებელია წარმატებული დარტყმისთვის.

ამ ეტაპზე უკრაინა ახერხებს წარმატებულ თავდაცვას, წარმოქმნილი სიტუაციის სტატუსკვოს შენარჩუნებას, მაგრამ მას სჭირდება დამატებითი ძალები გადამწყვეტი წარმატების მისაღწევად.

ქედაში 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა ავტოავარიის შედეგად

ქედის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დოლოგანთან, ავტოავარია მოხდა დღეს, 4 ნოემბერს, საღამოს.

ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, ერთი მიკროავტობუსია.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავებული კი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 2 ბავშვია.

„ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროში აზუსტებს.

 

 

უკრაინაში მმართველი პარტიის დეპუტატმა 20 მილიონის საჩუქრები მიიღო, მასზე საქმე აღძრეს

კორუფციასთან ბრძოლის ცენტრმა, უკრაინის მმართველი პარტიის – „ხალხის მსახურის“ დეპუტატს, თითქმის 20 მილიონი გრივნის ღირებულების საჩუქრები აღმოუჩინა. დოკუმენტებით, საჩუქრები მამისგანაა, რომელსაც ოფიციალურად შესაბამისი შემოსავალი არ აქვს.

როგორც უკრაინული მედია წერს, სასამართლომ გენერალურ პროკურატურას უკვე დაავალა, აღძრას საქმე რადის დეპუტატის, ირინა ალლახვედრიევას წინააღმდეგ, ხოლო ფაქტების მოკვლევა ანტიკორუფციულ სამსახურებს დაევალოთ.

უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი იძულებული იქნება, მას დაემორჩილოს.

კორუფციასთან ბრძოლის ცენტრმა გამოარკვია, რომ დეპუტატმა ირინა ალლახვერდიევამ საჩუქრად მიიღო: თითქმის 20 მილიონი გრივნა და 310 ათასი გრივნის ღირებულების თეთრი ბრილიანტებით მორთული შვეიცარიული საათი.

„საჩუქარი მამისგანაა, თუმცა ღია წყაროებით დასტურდება, რომ მისი ოფიციალური შემოსავლები მას ამგვარი საჩუქრების გაკეთების საშუალებას არ აძლევს,“ – აღნიშნავენ ცენტრში.

თავად დეპუტატმა 4 სექტემბერს საკუთარ დეკლარაციაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, მან ჩაამატა, რომ მამისგან, ვალერი სურინისგან საჩუქრად მიიღო 5.37 მილიონი გრივნა და მაჯის საათი Defy Midnight, რომელსაც შვეიცარიული კომპანია Zenith აწარმოებს.

განათლებით ფინანსისტ-ეკონომისტი, 44 წლის ირინა ალლახვერდიევა, რომელიც ნიკოლაევიდანაა, უმაღლესი რადაში 2019 წლის 21 ივლისს შევიდა. ის პარტია „ხალხის მსახურის“ სიაში 116-ე ადგილზე იყო.

2019 წელს შევსებულ მის დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ ჰყავდა ვაჟი, ფლობდა 63 კვადრატული ბინის 50%-ს ნიკოლაევში, 30 კვადრატულ მშენებარე ბინას საქართველოში, 77 300 მ2-ის მიწას, Frederique Constant-ის 145 800 გრივნის ღირებულების საათს და 500 000-იან ავტომანქანა Lexus-ს.

პრიგოჟინსა და „ვაგნერს“ ბრიტანულ სასამართლოში უჩივიან

ბრიტანული იურიდიული კომპანია McCue Jury & Partners-ი ევგენი პრიგოჟინსა და მის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის. იურისტების განცხადებით, სარჩელი „ვაგნერის“ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელების სახელით მომზადდა და ის „ვაგნერის“ მიერ ჩადენილი ტერორისტული ქმედებების დამადასტურებელ ფაქტებზეა დაფუძნებული.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც სასამართლოში შედის სარჩელი კერძო სამხედრო კომპანიის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის მიმართავს ტერორიზმს, შეკრულია სახელმწიფოსთან და აწარმოებს უკანონო ომს,“ – ნათქვამია იურიდიული კომპანიის განცხადებაში.

იურისტები მიიჩნევენ, რომ ამ სარჩელმა ასევე შესაძლოა შეცვალოს აზრი იმასთან დაკავშირებით, როგორ იყენებენ სახელმწიფოები კერძო ორგანიზაციებს, რათა საერთაშორისო დანაშაულზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ.

McCue Jury & Partners-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოების დატერორების მიზნით „ვაგნერელები“ აწამებენ, კლავენ და აუპატიურებენ უკრაინელ მოქალაქეებს.

Hromadske-მ კომენტარი ამ საქმის პერსპექტივებზე უფლებადამცველს, „სამოქალაქო თავისუფლების ცენტრის“ ექსპერტს, ვოლოდიმირ იავორსკის სთხოვა.

ექსპერტის შეფასებით, მსოფლიო პრაქტიკაში ასეთი პრეცედენტი არასდროს ყოფილა, ამიტომაც რთულია პროგნოზი, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ეს საქმე.

„სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრიტანეთის სასამართლოში სარჩელს ვერ შეიტან, რადგან სახელმწიფოსაც და მის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებსაც დიპლომატიური იმუნიტეტი აქვთ, რაც არ აქვს კერძო სამხედრო კომპანიას, ამიტომაც შესაძლოა მასთან სასამართლოში დავა. თუმცა ჯერ ალბათ იქნება ცალკე განხილვა იმაზე, მიიღებს თუ არა ბრიტანული სასამართლო ამ საქმეს წარმოებაში,“ – განმარტავს იავორსკი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს სასამართლო მიიღებს და საბოლოოდ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, რომელთა შესახებაც ჯერჯერობით ინფორმაცია უცნობია, ეს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მყოფ დაზარალებულებს შეიძლება შეეხოთ.

უკრაინა ხერსონს პირდაპირი შტურმით არ აიღებს – ექსპერტი

დაახლოებით ორი კვირაა, უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებას იძულებით გაჰყავს მოქალაქეები ოლქის დასავლეთ ნაწილიდან. პარალელურად, რუსეთის არმია სამხედრო სიმაგრეებს აგებს როგორც შიგნით, ქალაქში, ისე მის შესასვლელებთან.

რა ხდება უკრაინის სამხრეთში – Настоящее Время-სთან ხერსონში შექმნილ ვითარებასა და კონტრშეტევის პერსპექტივებზე სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა და ხერსონის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სობოლევსკიმ ისაუბრეს.

სობოლევსკი ადასტურებს, რომ ხერსონში ბევრი ადმინისტრაციული შენობიდან რუსეთის დროშები ჩამოხსნეს, ქალაქის გარშემო კი თავდაცვითი სიმაგრეების მთელი ჯაჭვი შეიქმნა.

„კოლაბორაციონისტებისგან ხერსონში თითქმის აღარავინ დარჩა, მათი ნაწილი სკადოვსკში, ნაწილი კი ჰენიჩესკშია გადასული. ოჯახის წევრებიც გაიყვანეს: ფაქტობრივად უკვე ოლქის ფარგლებს გარეთ არიან“,  – ამბობს სობოლევსკი.

იური სობოლევსკი

მისი ინფორმაციით, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, ისევე როგორც ხერსონში, ცხადად შეიმჩნევა თავდაცვისთვის მზადება, ხერსონის მცხოვრებლებს კი, გარდა იმისა, რომ იძულებით ასახლებენ ოლქის დასავლეთ ნაწილიდან, უქმნიან ისეთ პირობებს, რომ იქაურობა თავისითაც დატოვონ – ისედაც მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე იხურება საავადმყოფოები, მაღაზიები, აფთიაქები, არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ადგილობრივებს საოკუპაციო ხელისუფლება უკრაინელთა კონტრშეტევითა და კახოვკის ჰესზე შესაძლო კატასტროფითაც აშინებს.

„ხალხი ძირითადად ყირიმის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. უკვე ყირიმშივე აიძულებენ მათ, რუსეთის პასპორტები აიღონ, რადგან ამის გარეშე არც ცხოვრების უფლება ექნებათ და არც ფულადი დახმარება. ერთი სიტყვით, ყველაფერთან ერთად, იძულებითი პასპორტიზაციაც მიდის,“ – ამბობს სობოლევსკი.

იმ ფაქტს, რომ რუსები თავდაცვის რამდენიმე ხაზს ქმნიან დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონის გარშემო, სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვიც ადასტურებს.

„რუსები დნეპრის მარჯვენა სანაპიროს უბრძოლველად არ დათმობენ. თავდაცვის რამდენიმე ხაზს ქმნიან ხერსონის გარშემო და ხერსონსაც ქალაქის ბრძოლებისთვის ამზადებენ. შესაბამისად, იმის იმედი, რომ „კეთილი ნების ნიშნად“ ისინი იქიდან ასე უბრალოდ გავლენ, არ უნდა გვქონდეს,“ – ფიქრობს ჟდანოვი.

ოლეგ ჟდანოვი

თუმცა ექსპერტი ვარაუდობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის პირდაპირ შტურმით აღებას არ დაიწყებენ, რადგან მოწინააღმდეგის იქიდან გასადევნად, უკრაინას სხვა გზებიც აქვს.

„ჩვენ ვნახეთ, როგორი იყო ქუჩის ბრძოლები მარიუპოლში და რა დარჩა ქალაქისგან, ვნახეთ ქუჩის ბრძოლები სევეროდონეცკში და ისიც, რა დარჩა ამ ქალაქისგან, ამიტომაც მგონია, რომ უკრაინის არმია პირდაპირ შტურმს არ დაიწყებს.“

ოლეგ ჟდანოვის აზრით, ხერსონისთვის ბრძოლაში ახლა მთავარი ორივე მხარისთვის რეზერვების შევსება იქნება.

რუსეთი მთელ თავის რეზერვს ახლა მარჯვენა სანაპიროსკენ ეწევა – პირად შემადგენლობასაც და ტექნიკასაც. შესაბამისად, სხვა მიმართულებებზე რუსეთს ძირითადად ახალმობილიზებული შემადგენლობა რჩება. თუმცა, ოლეგ ჟდანოვის აზრით, კრემლი ამ რისკზე მიდის, რადგან ხერსონის შენარჩუნება მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

ექსპერტის ინფორმაციით, ხერსონში ახლა რუსეთს დაახლოებით 40 ათასი სამხედრო ჰყავს, დაახლოებით ამდენივე ეყოლება უკრაინას კონტრშეტევისთვის.

ჟდანოვის აზრით, თავდაცვითი სიმაგრეები რუსებს ხერსონთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოადგებათ, თუ უკრაინა პირდაპირ შტურმს დაიწყებს, თუმცა თუ უკრაინა ომის წარმოების თანამედროვე მეთოდებს მიანიჭებს უპირატესობას, შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელშიც რამდენიმე გასროლაც კი საკმარისი იქნება, რათა რუსეთის არმიამ საკუთარი პოზიციები თვითონვე მიატოვოს, რადგან თავდაცვის არანაირი საშუალება აღარ დარჩება.

შავ ზღვაში ომის გამო 700-ზე მეტი დელფინი დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შავ ზღვაში, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის სანაპიროებზე, 700-ზე მეტი დელფინი დაიღუპა – ამის შესახებ ნათქვამია ACCOBAMS-ის [შეთანხმება შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვაზე] შეთანხმების ანგარიშში.

ACCOBAMS-მა დააფიქსირა დელფინების სიკვდილიანობის „უჩვეულო ზრდა“ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შავი ზღვის მთელ აუზს უზარმაზარი საფრთხის წინაშე აყენებს. სამხედრო მოქმედებებმა საზღვაო და სანაპირო რაიონებში შეიძლება გავლენა იქონიოს ვეშაპისებრებზე“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშის თანახმად, სამხედროების მიერ მაღალი სიხშირის სარადარო აღჭურვილობის გამოყენება დელფინებს „აბრმავებს“, ისინი ორიენტაციას კარგავენ სივრცეში, რაც ართულებს საკვების მოპოვებას და დელფინები კიდევ უფრო ხშირად ხვდებიან ბადეებში.

კიდევ უფრო მწვავეა უკრაინელი მეცნიერების შეფასება.

ეროვნული ბუნებრივი პარკის, ტუზლივსკი ლიმანის წარმომადგენელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივან რუსევი განმარტავს, რომ დელფინების დახოცვა გამოწვეულია სონარული მოწყობილობებით შავი ზღვის გარემოს ძლიერი დატვირთვით.

„ჰიდროლოკატორების (სონარების) გამოყენების გამო იქმნება ძლიერი ხმები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ცხოველების ჯანმრთელობაზე. დელფინები ხვდებიან გემების სანავიგაციო მოწყობილობების დასხივების ზონაში, რასაც გამოჰყავს მწყობრიდან მათი ნავიგაციისა და ექოლოკაციის ორგანოები, ისინი იღებენ ძლიერ აკუსტიკურ დაზიანებას“ – წერს მეცნიერი.

იზმირში 4,9-ბალიანმა მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია – მედია

4 ნოემბერს, პარასკევს, დასავლეთ თურქეთში, იზმირის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა სახლებიდან გაქცევის დროს და ჩამოინგრა მეჩეთის მინარეთი.

გამთენიისას, 3:29 საათზე, მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 4,9 მაგნიტუდა იყო, მიწისძვრას რამდენიმე ბიძგიც მოჰყვა და იგრძნობოდა მიმდებარე რაიონებში.

მსხვერპლის და სხვა ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მედიის ცნობით, 31-მა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს პანიკის გამო, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა მიწისძვრის დროს სახლების ფანჯრებიდან გადმოხტომის დროს.

ოფიციალური პირების ცნობით, მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 20 საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა ბზარები.

იზმირი მიწისძვრისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონია თურქეთში. ორი წლის წინ, 2020 წლის 30 ოქტომბერს, მიწისძვრამ იზმირში 117 ადამიანი იმსხვერპლა.

____________

ფოტო: haber

გომისმთასა და ბახმაროში მისასვლელი გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე კი, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„ამასთანავე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,  ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.“ – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დღეს, 4 ნოემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.

 

მთავარი ფოტო: გზების დეპარტამენტი

„საქართველოში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ პერსპექტივა არ გვქონდა“ – 18 წელი გერმანიაში

სოფო თოლორდავა 18 წელია გერმანიაში ცხოვრობს, საქართველო 23 წლისამ დატოვა. თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა და დიპლომის დაცვის დრო ახლოვდებოდა, როცა გერმანიის პატარა ქალაქიდან სამშვილიანმა ოჯახმა შესთავაზა ძიძობა Au-Pair-ის პროგრამით.

სოფოც წავიდა.

„საქართველოში არასდროს მტოვებდა შეგრძნება, რომ დავამთავრებდით სწავლას და არანაირი პერსპექტივა არ გვექნებოდა, არ მტოვებდა შეგრძნება, რომ თავს ვიტყუებდით და ამის საშინელი შიში მქონდა.

თეატრალურ უნივერსიტეტში საკურსო ფილმებისთვის საჭირო ფულს მშობლები გვაძლევდნენ, მრცხვენოდა დედაჩემის. 23 წლის ვიყავი და მინდოდა ჩემი სამსახური მქონოდა, მაშინ არც კაფე-ბარები იყო ასე მრავლად, კანტიკუნტად იყო კაფეები თბილისში, არ იყო სტუდენტური ვაკანსიები. ზენიტით ვიღებდი ფოტოებს, ჩემი ფოტოებით ფულს ვერ გამოვიმუშავებდი. მახსოვს, ერთადერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების გადაღება დამიკვეთა. ეს იყო თბილისში ჩემი პირველი და უკანასკნელი ჰონორარი“, – იხსენებს სოფო და აგრძელებს:

„ტელე-კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თბილისის კინოსტუდია მუზეუმად იყო ქცეული და ვეცნობოდით, როგორ მუშაობდნენ იქ ადრე კინემატოგრაფები. ეს იყო ანალოგიდან ციფრულ ფორმატზე გადასვლის პერიოდი კინოში, ჩვენთან კინოინდუსტრია გაჩერებული იყო თითქმის.

საავტორო ფილმებს იღებდნენ, მაგრამ მდარე ხარისხისას. ყველაფერს თეორიულად ვსწავლობდით და პრაქტიკა არ გვქონა. კი ტარდებოდა ფესტივალები, ჩვენი ფილმებიც გაგვქონდა ამ ფესტივალებზე, ვაწყობდით ფოტოგამოფენებს, გავდიოდით სამსახიობო ოსტატობის არაჩვეულებრივ კურსს, მაგრამ არ გვქონდა პრაქტიკა, ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო საკმარისი.

ეს სრულად გავიაზრე მაშინ, როცა მიუნხენის კინოსკოლიდან ჩამოვიდნენ ტრენერები და ამ სკოლის მუშაობის პროგრამები გაგვაცნეს: გვაჩვენეს ჩვენხელა სტუდენტების ნამუშევრები. მაშინ მივხვდი, რომ დიდი სხვაობა იყო. კრეატიულობით ჩვენ არ ჩამოვუვარდებოდით, მაგრამ ძალიან გვაკლდა ტექნიკური ცოდნა, მონტაჟის, კამერის ფლობის, დრამატურგიის მაღალი კლასი იყო. დიდი უპირატესობა იგრძნობოდა“, – ამბობს სოფო და იხსენებს საქართველოდან უცხო ქვეყანაში წასვლის, სწავლის, ინტეგრაციის ამბებსაც.

სოფო თოლორდავა, ფოტოგრაფი:

„2003 წელს ჩავედი ერთწლიანი პროგრამით სამშვილიან ოჯახში. 8 საათს ბავშვებს ვუვლიდი და სანაცვლოდ, პროგრამის მიხედვით, მათ მშობლებს ენის კურსებზე სიარულის შესაძლებლობა უნდა მოეცათ. გამიმართლა, კარგ ოჯახში მოვხვდი. კოლის დროს [გერმანიის კანცლერი -ავტ.] შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ეს კაცი, ვის ბავშვებსაც ვუვლიდი.

ენის საუკეთესო კურსები მოძებნეს ჩემთვის, სულ მაკვირდებოდნენ, თუ მოვიწყენდი, მაცნობდნენ მეგობრებს, დავდიოდით სამოგზაუროდ, ძალიან მიფრთხილდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო არ იყო მარტივი და ძალიან ვიღლებოდი, ამ ხალხის დამოკიდებულება ამას ანეიტრალებდა. მეც წესიერად ვშრომობდი, არ მეზარებოდა ჩემი საქმის კეთება და ამას აფასებდნენ.

ძალიან რთული იყო მჩქეფარე სტუდენტური ცხოვრებიდან გერმანიის პატარა, უძრავ ქალაქში გადასახლება ბავშვების მომვლელად, მაგრამ ექვს თვეში აღმოვაჩინე, რომ ენას ძალიან სწრაფად ვსწავლობდი ოჯახთან ურთიერთობით და ჩემი მიზანიც ეს იყო: 1 წელიწადში ამ ოჯახისგან ენა კარგად უნდა მესწავლა, რომ გერმანიის კინოსკოლაში გამეგრძელებინა სწავლა.

ვიცოდი, რომ ყველაფერს ნულიდან ვიწყებდი და სხვა ქვეყანაში ინტეგრაცია იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი. სირთულეების გადალახვასა და სტრესთან გამკლავებაში დამეხმარა ჩემი ხასიათიც: ყველაფერი ახალი მაინტერესებდა, არ მეშინოდა სიახლეების და თუნდაც უშედეგო მცდელობების.

მაშინ მხოლოდ მეილებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს მეგობრები. თვეში ერთხელ მეგობარი მწერდა მეილებს, ფოსტით მიგზავნიდა თავის ახალ ტექსტებს და სიმღერებს მიზიარებდა, რაც მოსწონდა. თბილისიდან ჩემი სხხვა უახლოესი მეგობრებიც მიგზავნიდნენ წერილებს და ეს განსაკუთრებით მითბობდა გულს.

მახსოვს, პირველი ხელფასით ყველა ჩემი მეგობრისთვის პატარ-პატარა საფულეები ვიყიდე და ყველა საფულეში 5-5 ევრო ჩავდე, ფოსტით გავგზავნე ეს საფულეები თბილისში. დაიკარგა გზაში, თურმე არ შეიძლებოდა ფოსტით გაგზავნილ საჩუქარში ფულის ჩადება. ძალიან დამწყდა გული.

სოფო თოლორდავა საქართველოში, მეგობრებთან ერთად

ძიძის ერთწლიანი პროგრამა რომ დამთავრდა, ბოხუმში გადავედი საცხოვრებლად. ენის ინტენსიური კურსი უნდა გამევლო, რომელიც უნივერსიტეტისთვის ამზადებდა სტუდენტებს.

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში სრული დამოუკიდებლობის პირველი წელი: არ მქონდა არსად წასასვლელი, სამსახურიც თავად უნდა მეპოვა, ქირაც უნდა გადამეხადა და მესწავლა – თან მემუშავა.

ყველაფერი ჩემს მხრებზე გადმოვიდა. სრული დამოუკიდებლობა ვიგრძენი. ჩემს ცხოვრებაზე პირველად ავიღე სრული პასუხისმგებლობა. არაჩვეულებრივი განცდა იყო. ცოტა საშიში, მაგრამ თან ძალიან სასიამოვნო.

თავიდან, ვინმეს ბავშვებს როცა ვუვლიდი, ან როცა ვინმეს სახლს ვალაგებდი, ან მიმტანად ვმუშაობდი, საკუთარი თავი მეცოდებოდა. დღის პირველ ნახევარში ვმუშაობდი, მეორეში – ვსწავლობდი. მერე დავძლიე საკუთარი თავის სიბრალულის საფეხური.

მქონდა ჩემი ფული, ვიხდიდი სწავლის საფასურს, დაზღვევისა და ქირის ფულს.

ბოხუმის ალტერშტადპარკთან, იგივე ძველი ქალაქის პარკთან იყო ჩვენი საყვარელი სახლი, რომელსაც ექვსი ქართველი გოგო ვქირაობდით. კარლსონის სხვენივით სართული გვქონდა, თითოს თითო ოთახი საერთო დერეფნით.

ყველა სწავლობდა, ყველა მუშაობდა, ყველას თავისი საქმე ჰქონდა, ყველას ჰქონდა მიზანი, რომ ესწავლა და მერე სხვადასხვა ქალაქში ვგეგმავდით ცხოვრებას.

ჰამბურგის უნივერსიტეტში ჩავირიცხე 2006 წელს და მას შემდეგ ამ ქალაქში ვცხოვრობ. მედიაკომუნიკაციის მიმართულებაზე დავიწყე სწავლა, ამ ფაკულტეტს ჰქონდა კინომცოდნეობისა და ხელოვნების ისტორიის განხრაც.

სამი სემესტრი ვსწავლობდი და მივხვდი, რომ ეს იყო მშრალი სამეცნიერო ფაკულტეტი, სწავლა არ იყო მარტივი. ენა ვიცოდი, მაგრამ სამეცნიერო ენა იყო რთული გასაგებადაც და მერე გადმოსაცემადაც.

სიღრმისეულად გვასწავლიდნენ მედიაკომუნიკაციის თეორიებს, რაც არ მაინტერესებდა. კინოსკოლაში ვერ გავაგრძელე გერმანიაში სწავლა, რთული აღმოჩნდა იქ ჩარიცხვა: ჩარიცხვამდე აუცილებელი იყო წარგედგინა აქტუალურ თემებზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მე მხოლოდ თბილისში გადაღებული ფილმები მქონდა და არ მიიღეს, ძველიაო. გერმანიაში ვერ გადავიღებდი ფილმს, რთული სამუშაო გრაფიკი და ენის კურსები ამის დროს და რესურსს არ ტოვებდა.

დეპრესია მქონდა ხშირად, როცა აღმოვაჩინე, რომ არ მოვხვდი იმ ფაკულტეტზე, სადაც მინდოდა.

თუმცა ჰამბურგის უნივერსიტეტში გავიცანი არაჩვეულებრივი დოკუმენტალისტები, მირჩევდნენ, სად შემეძლო გამეგრძელებინა სწავლა და გადამეტანა საბუთები, მათი რჩევით გადავედი საოპერატორო სამონტაჟო-ფაკულტეტზე, მალევე შევქმენი ოჯახი, მეყოლა ნუცა, მერე ილია, ჩემი მეუღლეც ინტეგრაციის პროცესს გადიოდა, არქიტექტორია და აქ რომ დასაქმებულიყო, აქვე სჭირდებოდა კვალიფიკაცია.

ოპერატორად მუშაობა ვერ შევუთავსე პატარა ბავშვების დედობას. ტელევიზიაში მუშაობის თუ ფრილანსერობის დროს ოპერატორს სჭირდება ბევრი დრო და რესურსი დამკვიდრებისთვის, შედეგიანი მუშაობისთვის. დავიწყე ფიქრი, თუ რისი შეთავსება შემეძლო ბავშვებთან ერთად, ისე, რომ კადრზე მემუშავა, რაც მომწონს ის მეკეთებინა, ამით ხელფასიც მქონოდა და ბავშვებთან ყოფნისთვისაც მქონოდა დრო. ფოტოგრაფიაზე შევაჩერე ყურადღება.

აქ ასე არ ხდება, რომ აიღო კამერა და ფოტოგრაფი დაირქვა. ნორმალური პირობებით დასასაქმებლად ყველა საქმეში კვალიფიკაცია გჭირდება. დამყავდა პატარა ნუცა, თან ვმუშაობდი ნახევარ განაკვეთზე და თან ფოტოდიზაინის ორწლიან კურსზე დავიწყე სწავლა. სწავლის დასასრულს ჰამბურგის დიდ ფოტოსტუდიაში გავგზავნე ჩემი პორტფოლიო, ფოტოასისტენტად რომ დავსაქმებულიყავი. ამიყვანეს.

სოფო თოლორდავა

ამ დიდი ფოტოსტუდიიდან კერძო შეკვეთები გამოჩნდა და მივხვდი, რომ ფრილანსერობითაც კარგად გამოვიმუშავებდი, თან დროსაც ისე ვანაწილებდი, როგორც მსურდა. დავაგროვე რეცენზიები, გამდიდრდა ჩემი პორტფოლიო და ახლა კერძო შეკვეთებზე ვმუშაობ. ვიღებ ბავშვებს და დიდი ქარხნებისთვის დანადგარების დეტალებს, ინდუსტრიულ ნაწილებს, ეს ფოტოები მერე დიდ კატალოგებსა და ონლაინმონაცემებში თავსდება. მართალია, ეს არ არის მხატვრული ფოტოგრაფია, მაგრამ ვფიქრობ, ამის დროც დადგება. ჩემთვის მთავარია, რომ მძიმე, ფიზიკური შრომა არ მიწევს და ვმუშაობ იმით, რაც მიყვარს: კამერით.

დროს ისე ვგეგმავ, როგორც მე მსურს. არ მიწევს იმის კეთება, რაც უაზროდ მღლის, არ მავითარებს და მეგობრებს მაკარგვინებს. სოციალური კონტაქტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თვე თუ ისე გადის, რომ 24 საათი მუშაობ, მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს ვერ ნახულობ, ფასი აღარაფერს აქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია „მოვუარო“ ამ ტიპის ურთიერთობებს, სამსახური ამის საშუალებას უნდა მაძლევდეს.

თავიდან ვფიქრობდი, რომ გერმანელები თავშეკავებული და ცივი ხალხია, მაგრამ 18 წელია უკვე აქ ვცხოვრობ და მივხვდი, რომ უბრალოდ ფრთხილები არიან, დიდი დრო სჭირდებათ ნდობის მოსაპოვებლად.

მას შემდეგ, რაც შვილები გამიჩნდა, ოჯახებით დავუმეგობრდით შვილების მეგობრების მშობლებს და ჩემი სამეგობრო წრეც გაიზარდა, კულტურული ზღვარიც გაქრა თითქოს ჩვენ შორის, 18 წელი დიდი დროა, ადამიანად ამ ქვეყანაში ჩამოვყალიბდი. დღემდე მაოცებს ამ ხალხის შრომისუნარიანობა, წესრიგი და ცხოვრების დაგეგმილი წესი, ეს რაღაცაში ძალიან გეხმარება, მაგრამ ხანდახან ნერვებსაც მიშლის და საკუთარი პროტესტით ვცხოვრობ ზოგჯერ.

სხვების მსგავსად არასდროს ვამოწმებ ამინდის პროგნოზს გარეთ გასვლამდე, არც ავტობუსის განრიგს ვუყურებ ზუსტად რა დროს მოვა. რა მოხდა, თუ გაჩერებაზე 20 წუთი მომიწევს ცდა? ხომ შეიძლება ცოტა დრო მქონდეს, შევისვენო და ვიფიქრო რამეზე, თუნდაც ავტობუსის ლოდინში?

ხვალ ბათუმში შედარებით გამოიდარებს – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში – თოვა; დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: -3 – +2 გრადუსი 

ზღვაზე ტალღის სიმაღლე 7-12დმ [2-3ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთელ აჭარაში 6-7 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, 4.11.2022

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 74 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 2 750 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 5 580 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 1 772 ერთეული [+17]
  • MLRS – 391 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 201 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 277 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 258 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 450 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 397 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 174 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 155 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 330 თვითმფრინავი
  • 168 ვერტმფრენი
  • 2 426 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 384 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 322 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 882 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 551 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 027 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უგზო-უკვლოდ დაკარგული. სავარაუდოდ, ტყვეობაში – 21 წლის საზღვაო ქვეითის ისტორია

უგზო-უკვლოდ დაკარგული. სავარაუდოდ, ტყვეობაში – 21 წლის საზღვაო ქვეითის ისტორია

„გაუქმებული ანგარიში“ – ასე ჰქვია დენის ხარჩენკოს მისი საცოლის, ეკატერინას მესინჯერში. სოციალურმა ქსელმა დენისის ანგარიში წაშალა, რადგან მისი მფლობელი უკვე თითქმის ნახევარი წელია იქ აღარ შესულა.

დენისი აპრილის შუა რიცხვებიდან ტყვეობაშია, თუმცა ოჯახთან დარეკვა პირველად მხოლოდ ორი თვის წინ მოახერხა.

21 წლის დენის ხარჩენკო 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითია, რომელმაც ღირსების რევოლუციის შემდეგ გადაწყვიტა სამხედრო გამხდარიყო და ოჯახის ტრადიცია გაეგრძელებინა. ხარკოვის საჰაერო ძალების ნაციონალური ინსტიტუტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, დენისი უკვე მარიუპოლში მოწინავე პოზიციებზე მოხვდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი – ტყვეობაში.

დენისის ოჯახში მამის მხრიდან ოთხი თაობა სამხედროები იყვნენ, ამიტომ როდესაც 2015 წელს 15 წლის დენისმა სამხედრო ლიცეუმში გადასვლა გადაწყვიტა, მის ამ არჩევანს ყველაზე მეტად მხარი მამამ და ბაბუამ დაუჭირეს.

„ოცნებობდა, მფრინავი გამხდარიყო,“ – იხსენებს ტატიანა, დენისის დედა Hromadske-სთან, რომელმაც ეს რეპორტაჟი მოამზადა.

2021 წელს დენისი ნიკოლაევში გადაიყვანეს. ის საზენიტო-საარტილერიო ასეულის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახდა.

„თავიდან არასერიოზულად ეკიდებოდნენ, მისი პირადი შემადგენლობაც კი. იქ 40-50 წლის ხალხი იყო, დონბასში ნაბრძოლი. უყურებდნენ დენისს და პატარა ბიჭს ხედავდნენ, მაგრამ ერთ თვეში მოახერხა და მათი პატივისცემა მოიპოვა,“ – ჰყვება დენისის საცოლე ეკატერინა.

დენის ხარჩენკო/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

2022 წელს დენისი უკვე მარიუპოლში შეხვდა. თებერვალში ომი დაიწყო.

24 თებერვლის დილით ტატიანა აფეთქების ხმამ გააღვიძა – ჩერნიგოვში მის სახლთან ახლოს სამხედრო შტაბს რუსებმა დაარტყეს. ტატიანა პატარა შვილთან, დენისის 12 წლის დასთან ერთად, ჩერნიგოვიდან 15 კილომეტრში, სოფელ ივანკოვოში გადავიდა, თუმცა ძალიან მალე, ზუსტად ერთ კვირაში, იქაც რუსები შევიდნენ.

მარტის ბოლოს უკრაინის არმიამ ივანკოვო გაათავისუფლა და გაათავისუფლა ტატიანაც, რომელსაც ოკუპაციის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დეიდა და ნათესავი კაცი მოუკლეს.

ამ ხნის განმავლობაში დედას დენისთან კავშირი არ ჰქონია.

დენისთან დაკავშირებას ვერც ეკატერინა ახერხებდა. მარიუპოლიდან კონტაქტზე იშვიათად გამოდიოდა. ძირითადად შეტყობინებებს სწერდა. ლაპარაკი მხოლოდ ერთხელ მოახერხეს.

„ტელეფონში მესმოდა სროლის ხმა, განგაშის სიგნალი. ომზე არ გვილაპარაკია, ძირითადად ვლაპარაკობდით იმაზე, როგორო წავიდოდით კარპატებში, ლაშქრობაში,“ – იხსენებს ეკატერინა.

როდესაც დენისთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, გოგონა მის ნაცნობებს სწერდა იმის გასაგებად, რომ დენისი ნამდვილად ცოცხალი იყო.

„ცოცხალია. გადავცე რამე?“ – გაიგონა ერთხელ უცხო ხმა ტელეფონში.

„გადაეცით, რომ ძალიან მიყვარს“.

რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ნომრიდან დაურეკეს, – „მთხოვეს, გადმომეცა – „მეც“.

ეკატერინა და დენისი/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

აპრილის დასაწყისში ტატიანას ნაცნობებმა დაურეკეს და შეატყობინეს, რომ დენისი რუსულ არხზე გასულ სიუჟეტში დაინახეს.

„17 აპრილს „როსია 1-ზე“ ახალ ამბებში დავინახე. მილიონჯერ ვუყურე ალბათ ამ სიუჟეტს. ვაკვირდებოდი, როგორ მოჰყავდათ, როგორ დადიოდა, დაჭრილი ხომ არ იყო. მის თითოეულ სიტყვას ვაანალიზებდი. ამბობდა, რომ წყლისა და საკვების პრობლემა იყო, რომ ეს პრობლემა იქ ყველას აწუხებდა. მისი ლაპარაკიდან მივხვდი, რომ დონეცკში იმყოფებოდა,“ – იხსენებს ტატიანა.

კიდევ ერთ ვიდეოს ოჯახმა ინტერნეტში მიაგნო, დენისთან ინტერვიუს, რომელშიც ის ჰყვებოდა, როგორ ჩავარდა ტყვედ მარიუპოლთან ახლოს, ერთ-ერთი ოპერაციის დროს. ვიდეოს ეწერა ადგილმდებარეობაც – დონეცკი.

ამის შემდეგ ოჯახს მის შესახებ აღარაფერი გაუგია. სექტემბრის ერთ დილას კი დენისმა დედას დაურეკა.

„ეგრევე ვიცანი მისი ხმა. მეკითხებოდა, როგორ ხართ მანდ სახლშიო,” – ჰყვება ტატიანა. – „მივხვდი, რაც აინტერესებდა, მათ ხომ იქ ინფორმაციას არ აწვდიდნენ. მე ვუპასუხე – სახლში – უკრაინაში, ყველაფერი კარგადაა“.

რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკა ეკატერინასაც: „მეკითხებოდა, რას ვაკეთებდი, როგორ ვიყავი. ყველაფერი მოვუყევი, ვცდილობდი, მისთვის ძალა მიმეცა.“

თუმცა ქალები ამბობენ, რომ ეს ზარები ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს, რადგან მათ ამ დრომდე არ აქვთ ოფიციალური დადასტურება რუსული მხარისგან, რომ დენისი ნამდვილად ტყვედაა.

სამხედრო ნაწილიდან, სადაც დენისი მსახურობდა, პასუხი ასეთია: „უგზო-უკვლოდ დაკარგული, სავარაუდოდ, ტყვეობაში.“

მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს რუსეთის ტყვეობიდან 215 უკრაინელი დაბრუნდა, ეკატერინა ერთ-ერთ მათგანს, სვიატოსლავ ერმონოვს ელაპარაკა – სწორედ მისგან შეიტყო, რომ დენისი ოლენოვკაში იყო, თუმცა რუსეთში გადაიყვანეს.

რომელ უბნებში შეწყდება დღეს წყალი ბათუმში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით დღეს, 4 ნოემბერს, საღამოს 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ბათუმის რიგ ქუჩებს.

„ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, 10:20 სთ-დან 20:00 სთ-მდე, წყლის მოწოდება შეეზღუდებათ ჰელიმიშზე, აღმაშენებლზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ხახული ქუჩასა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს,“- ნათქვამია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.

ასევე, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, 20:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის, ანგისის და თამარის დასახლებებში მცხოვრებ აბონენტებს.

გაურკვეველია, აპირებს თუ არა რუსეთი ხერსონისთვის ბრძოლას – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, კვლავაც გაურკვეველია, აპირებს თუ არა რუსეთის არმია ქალაქ ხერსონისთვის ბრძოლას.

როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში მიუთითებენ, რუსეთის ძალები ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან გასვლას განაგრძობენ.

ISW-ს მოჰყავს ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლის, კირილ სტრემოუსოვის გუშინდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, „რუსეთის ძალები გადაინაცვლებენ დნეპრის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე რაც შეიძლება სწრაფად“.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სტრემოუსოვის განცხადების საპირისპიროდ, რუსეთის ძალები სათადარიგო პოზიციებს ქმნიან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და დამატებითი ძალებით ამაგრებენ თავდაცვით პოზიციებს ქალაქ ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით.

ინსტიტუტის ცნობით, ხერსონის დასავლეთ ნაწილში რჩებიან ე.წ. ელიტური დანაყოფები – საჰაერო ძალები და საზღვაო ქვეითები.

„მათი გამოყვანა ჩრდილოეთ ხერსონიდან იქნებოდა ცხადი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის ძალები ქალაქისთვის ან ოლქის დასავლეთ ნაწილისთვის ბრძოლას არ აპირებენ,“ – წერს ISW და დასძენს, რომ სტრემოუსოვი ვერ იქნება სანდო წყარო, რადგან ის მუდმივად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს და ორიენტირებულია საოკუპაციო ხელისუფლებაში საკუთარი პოზიციის შენარჩუნებაზე.

ინსტიტუტის ცნობით, უკრაინული და რუსული წყაროები ასევე აქტიურად განიხილავდნენ ცნობებს ხერსონის მიმდებარედ ზოგიერთი რუსული საგუშაგოს დახურვის შესახებ და რუსეთის დროშის ჩამოხსნას ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის შენობიდან – როგორც ქალაქიდან რუსეთის არმიის უკან დახევის ნათელ ნიშნებს.

კრემლისტური მედიის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებამ დროშა ჩამოხსნა, რადგან საოკუპაციო ადმინისტრაცია ყირიმის საზღვართან, ქალაქ ჰენიჩესკში გადავიდა.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში ასევე მიუთითებენ, რომ საერთაშორისო ატომური სააგენტოს განცხადების შემდეგ, რუსები ქმნიან ყველა პირობას, რათა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სასწრაფოდ შეუერთონ რუსულ ენერგოქსელს.

ატომურმა სააგენტომ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ბირთვულ მასალებს არადანიშნულებისამებრ არ იყენებს.

ISWის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის სარდლობამ ნაადრევად ჩართო ახლახან მობილიზებული პირადი შემადგენლობა დონეცკის ოლქის შეტევით ოპერაციებში იმ იმედით, რომ თუნდაც მინიმალურ ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიოს;
  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას კრემანაიასა და სვატოვოს მიმართულებაზე;
  • რუსეთის ძალებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს ბახმუტის, ავდეევკისა და დონეცკის რაიონებში;
  • რუსეთის არმია კვლავაც აწყდება მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის მომარაგების სერიოზულ პრობლემებს;
  • რუსეთის თავდაცვის უწყება მობილიზაციის ოფიციალურად დასრულების შემდეგ ფარულ მობილიზაციაზე გადავიდა;
  • ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლება განაგრძობს ხერსონის ოლქიდან მოქალაქეებს იძულებით ევაკუაციას.

რატომ არ სძინავს ბავშვს? – ინტერვიუ ბავშვთა ნევროლოგთან

ბავშვებს ხშირად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ცხადია, ამ პრობლემას არანაკლებ მწვავედ განიცდიან მათი მშობლებიც. “ხოზრევანიძის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი ირმა ხვიჩია ამბობს, რომ ცუდი ძილი უარყოფითად აისახება ბავშვის იმუნურ სისტემაზე, „ეს შეიძლება გახდეს ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადების გამომწვევი მიზეზიც კი“ – ამბობს ის.

  • ქალბატონო ირმა, რა ასაკშია განსაკუთრებით პრობლემური ძილთან დაკავშირებული სირთულეები?

ძილის დარღვევა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური პრობლემაა, ხშირად მომმართავენ ამ ჩივილებით ბავშვების მშობლები. უფრო მეტად ძილის დარღვევები გვხვდება 2-წლინახევრის – სამი წლის ასაკამდე ბავშვებში; შემდეგ უკვე თინეიჯერობის ასაკში, ანუ 12 წლის ზემოთ იჩენს თავს  ეს პრობლემა და ეს ძირითადად  გაჯეტების აქტიურ გამოყენებას უკავშირდება.

ზოგადად, 2-წლინახევრის, 3 წლის ასაკამდე ბავშვის ღამის ნორმალური ძილი უნდა იყოს 24 საათში 8-13 საათი. თუ ბავშვის ღამის ძილი არის 8 საათზე ნაკლები, ეს უკვე პათოლოგიაა. თუ ბავშვს სძინავს, მაგალითად, წყვეტილი ძილით, ამ ხანმოკლე ძილის ეპიზოდებს მოჰყვება ხანგრძლივი სიფხიზლის ფაზა, შემდეგ კი ისევე ხანმოკლე ძილი და მთლიანობაში ბავშვს არ სძინავს 8 საათი, ეს იმის ნიშანია, რომ მშობელმა უნდა მიმართოს პედიატრს ან/და ნევროლოგს.

Mayoclinic: 3 წლამდე ბავშვებმა უნდა იძინონ 8-დან 13 საათამდე ღამის განმავლობაში და ერთიდან სამ საათამდე – დღისით.

სამი წლიდან ბავშვები მიდიან საბავშვო ბაღში და იქ, ისე თუ ისე, ეჩვევიან რეჟიმს, დღის ძილს, იძინებენ ერთსა და იმავე დროს. ასევე, ბაღებში არის ეს ტენდენცია, რომ ძილამდე ერთი საათით ადრე აქტიურ თამაშებს აღარ ათამაშებენ ბავშვებს და აჩვევენ ძილის რიტუალს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და თავისთავად – დღის განმავლობაში კვებასაც.

  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა მიზეზები შეიძლება უშლიდეს ბავშვის ძილს ხელს?

არსებობს ძილის ბევრნაირი დარღვევა. ჩვილობის ასაკში არსებობს უძილობა, რომელიც დაკავშირებულია ისეთ პედიატრიულ პრობლემასთან, როგორიც არის ნაწლავთა ჭვალი, ე.წ. კოლიკა. ამის გამო ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს ღამით მუცლის ჭვალით. პრობლემას აწესრიგებს პედიატრი, სპეციალური პრეპარატების საშუალებით, დედას კი ვურჩევთ, რომ როცა ბავშვი გაიღვიძებს, აანთოს შუქი, ჩაეხუტოს, მოეფეროს მას, აგრძნობინოს სითბო, რომ ის მარტო არ არის. ბავშვი ცოტა ხანში ისევ ჩაიძინებს.

ღამით გაღვიძება შეიძლება დაკავშირებული იყოს სუნთქვასთან, ამას ჰქვია ძილის აპნოე, როცა ბავშვი აჩერებს სუნთქვას და ცოტა ხანში ისევ აგრძელებს. ეს ძილის სარისკო პრობლემაა, ამ შემთხვევაში აუცილებლად ხდება ნევროლოგთან გადამისამართება, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, რომ დადგინდეს, ხომ არ არის ეს სუნთქვის სიძნელე დაკავშირებული ცხვირ-ხახასთან არსებულ პრობლემებთან, კარდიოლოგთანაც ვაგზავნით ასეთ პაციენტებს – გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების გამოსარიცხად.

ღამის ძილის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევამაც – ამ დროს ირღვევა ზოგადად სუნთქვა, არასწორი სუნთქვა იწვევს აპნოესკენ მიდრეკილებას ან სუნთქვის რითმის დარღვევას და ბავშვიც იღვიძებს.

ძილის აპნოეს შემთხვევაში კეთდება ძალიან თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევა, პოლისომნოგრაფია, რომელიც ტარდება ძილის დროს და გვეხმარება ძილის ხანგრძლივობის და სტრუქტურის შესწავლაში. ის ყველაფერი, რაც ხდება ბავშვის ძილში, პოლისომნოგრაფიულად აღიბეჭდება, ვიდეო რეჟიმში, სადაც ჩანს ბავშვის ძილში სუნთქვის გაჩერების მომენტი და როგორ პასუხობს მას გულსისხლძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა თუ თავის ტვინი.

შემდეგ იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა, ხდება პაციენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან – თავის ტვინიდან თუ მოდის, ბავშვს ნევროლოგი მკურნალობს; თუ კარდიოლოგიურია – კარდიოლოგი, თუ სუნთქვის შეკავებაა ყელ-ყურის პათოლოგიდან გამომდინარე – ოტორინოლარინგოლოგთან ვუშვებთ; ხოლო თუ თანკბილვაა მიზეზი, სტომატოლოგ-ორთოდონტი გვეხმარება თანკბილვის სტრუქტურის მოწესრიგებაში.

  • სხვა რა უშლით ბავშვებს ძილში ხელს, რისი მოგვარებაც მშობლებს შეუძლიათ?

ბავშვის უძილობის მიზეზი შეიძლება გახდეს კვების რეჟიმი. კერძოდ, თუ დღის განმავლობაში ბავშვს არ აქვს მოწესრიგებული კვება, მაგალითად, თუ დღისით ბავშვმა არ მიიღო სათანადო რაოდენობით საკვები, თუ ეს საკვები არის არაკალორიული, თუ არ აქვს საკვები მიღებული დაძინებამდე ერთი საათით ადრე – შეიძლება გაიღვიძოს, იმიტომ, რომ ღამე მოშივდეს და მოუნდეს ჭამა.

ასევე შესაძლებელია ბავშვი ტიროდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძილის წინ მშობელმა კარგად დაანაყრა, აჭამა ზედმეტად დიდი ულუფა და ამის გამო ვერ ისვენებდეს. ზოგადად, ჩვენ დედებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად, ყველა ასაკის ბავშვთან ჩამოყალიბდეს ძილის ჰიგიენა, ეს იგივეა რაც ძილის რეჟიმის დაცვა, ბავშვმა ერთსა და იმავე დროს უნდა დაიძინოს.

ძილის წინ ერთი საათით ადრე:

  • უნდა შეიზღუდოს ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვა, თამაში თუ სიმღერა;
  • უნდა გაითიშოს ეკრანები;
  • არ მისცეთ ბავშვებს ისეთი მატონიზირებელი სასმელები, როგორიცაა ჩაი და კაკაო;

ასეთი სასმელები უნდა გამოირიცხოს, იმიტომ, რომ მათში შემავალი კოფეინი ამცირებს მელატონინის გამომუშავებას. მელატონინი კი ძილის ჰორმონია, რომელიც უნდა გამომუშავდეს ძილის წინ, მისი გამომუშავება საჭიროა, რომ მოგგვაროს ძილი, როგორც ბავშვებს, ისე დიდებს.

  • რა დრო სჭირდება ძილის ჰიგიენის ჩამოყალიბებას?

თუ ყველაფერი სწორად გააკეთა მშობელმა, ერთ კვირაში უნდა იყოს შედეგი. შეიძლება რამდენიმე დღეშიც კი.

  • რა როლი აქვს ბავშვთა უძილობაში ეკრანებს?

არსებობს ღამის შიშები, როცა ბავშვი იღვიძებს ძილში, კივის, დედას სთხოვს შველას, თუმცა დედა ვერ იგებს რას ითხოვს ბავშვი. ეს ხშირი შემთხვევაა. ნევროლოგები ამას ვაკავშირებთ დღის განმავლობაში მიღებულ სტრესთან, უარყოფით ემოციებთან და, ასევე, ეკრანებთან გატარებულ დიდ დროსთან.

ისე ხდება, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად დიდ დროს ატარებენ პლანშეტის თუ მობილურის ეკრანებთან. ასეთ ბავშვებში ხშირია ძილის დარღვევები, უფრო გაღიზიანებულები ხდებიან, ჰიპერაქტიურები, დღის განმავლობაში უფრო ემოციურები და იმპულსურები არიან, უჭირთ ემოციების კონტროლი და შესაბამისად, ღამით ძილის დარღვევებიც აწუხებთ, ეწყებათ ძილის დროს შფოთვა და ა.შ. ან შეიძლება უჭირდეთ ჩაძინება. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთი ბავშვი ღამითაც ეკრანთან რჩება, როცა ლოგინში შეაქვთ მობილური, თამაშობენ ან უყურებენ რაიმეს.

  • რა საშუალებები არსებობს ბავშვების უძილობის საწინააღმდეგოდ?

ბავშვთა ასაკის ძილის დარღვევების სამკურნალო საშუალება ძალიან ბევრია, თუმცა პირველ რიგში პედიატრმა და ნევროლოგმა უნდა დაადგინონ, საიდან მოდის ეს პრობლემა, შემდეგ ანამნეზის შეკრებით გაირკვევა ძილის დარღვევის ხელშემწყობი ფაქტორები და თუ მათი აღკვეთის შემთხვევაშიც გაგრძელდა ძილის დარღვევა, პირველ რიგში ვნიშნავთ მცენარეულ, სედაციურ მედიკამენტებს. ასევე, არსებობს მელატონინის შემცველი პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

რა თქვა მთავარმა ექსპერტმა ოზთურქის საქმეზე სასამართლოში

„ოზთურქის საქმეზე“ დღეს, 3 ნოემბერს, სამი მოწმის ჩვენება მოისმინა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს.

„მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი თქვა“, – უთხრა მოსამართლეს მოწმე ლელა დავითაძემ. ის ექიმი – ნარკოლოგია დ მორიგე იყო იმ საღამოს, როცა დაკავებული ოზთურქი ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში შეიყვანეს.

ექიმმა განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენა 1-დან 7 დღემდე შეიძლება შარდის ნიმუშში, თუმცა მათ ეს კვლევა არ ჩაუტარებიათ.

„შეიძლება, რომ სამი-ოთხი დღის შემდეგ შემოწმდეს და მაინც არ გამოჩნდეს?“ – ჰკითხა ექიმს პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„კი, ასეც შეიძლება მოხდეს“, – თქვა მოწმემ და მცირე პაუზის შემდეგ დასძინა: „ვინც ხანგრძლივი მომხმარებელია, 7 დღის განმავლობაში გამოჩნდება, გააჩნია მეტაბოლიზმს, შინაგანი ორგანოების მდგომარეობას“.

გალიფ ოზთურქის დაკავების შემდეგ ადვოკატებმა გაასაჯაროვეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ოზთურქის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა. ადვოკატების თქმით, ოზთურქმა სისხლის ნიმუში ექსპერტიზას დაკავებიდან მე-3 დღეს ჩააბარა.

„თქვენ ხართ მთავარი ექსპერტი, არა?“- ეს მორიგ ექსპერტს, შორენა მუხაშავრიას ჰკითხა მოსამართლემ, როცა ის მოწმისთვის განკუთვნილ ტრიბუნას მიუახლოვდა. შორენა მუხაშავრია ქიმიკოსია, საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის მთავარი ექსპერტი და ის მედიკამენტები გამოიკვლია ლაბორატორიაში, რაც სამართალდამცველებმა ამოიღეს ოზთურქის ბინიდან კოკაინთან ერთად.

„52 საკვლევი ობიექტი იყო, 169 ტაბლეტის შემთხვევაში დადასტურდა, რომ შეიცავდა ფსიქოტროპულ ნივთიერებას,“- თქვა მოწმემ. მას ოზთურქის ბინიდან ამოღებული ნარკოტიკის – კოკაინის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.

რატომ არ ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა შეფუთვაზე, ანუ დარჩა თუ არა იქ ვინმეს თითის ანაბეჭდი? – ამ საკითხზე მსჯელობას დღევანდელს სხდომაზე ყველაზე დიდი დრო დაეთმო. ქიმიკოსმა, რომელმაც მედიკამენტები ლაბორატორიული წესით გამოიკვლია, თქვა, რომ ის გენეტიკური პროფილის ექსპერტიზაზე არ მუშაობს და მედიკამენტები იკვლია ისე, რომ თითის ანაბეჭდის ნიმუშები არ განადგურებულიყო.

ექსპერტი სასამართლოს ჩვენებას აძლევს

„ლაბორატორიაში მარტო ვიყავი… ამ დროს ექსპერტს აცვია ხალათი, ხელთათმანი, ქუდი, პირბადე, გავხსენი პაკეტი, ავიღე ნიმუშისთვის საკმარისი ოდენობა თითოეული შეფუთვიდან და მოვათავსე ბიოლოგიურ პაკეტში,“ – თქვა ექსპერტმა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამაზე რამდენიმე საათი მუშაობდა.

„მაგრამ იგივე შეფუთვა გამოდგება დნმ-ის საკვლევად?“ – ჩაეძია მოწმეს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

„მე არ ვარ დნმ-ის ექსპერტი… მე ვმოქმედებდი მეთოდოლოგიის შესაბამისად,“ – ემოცია დაეტყო ექსპერტსაც, როცა ადვოკატმა არ დაუმალა ეჭვი: გენეტიკური ექსპერტიზა პროკურატურას ამ შეფუთვებზე არ მოუთხოვია და ახლა შესაძლოა ვეღარც ჩატარდეს, რადგან ნიმუში შეიძლება განადგურებული იყოს.

„ჯადოქრები ხომ არ ვართ, სხვანაირად ამოვიღოთ?“ – ადვოკატს მიუბრუნდა ექსპერტი, – „სხვაგვარად ნიმუშის გამოკვლევა ვერ მოხდება,“ – დასძინა პაუზის შემდეგ.

„ამდენი საათის განმავლობაში პირბადე, ან ქუდი არ მოიხადეთ? არ დაგახველათ?“ – არ მოეშვა მოწმეს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

„არა, არ მომიხდია… არ მახსოვს, რა დრო დასჭირდა ამას, მაგრამ მახსოვს, დიდხანს დავრჩი ლაბორატორიაში,“ – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.

ადვოკატმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფურცლებიც ააფრიალა: „ამ საქმეში გამოცალკევება მოხდა საკვლევი ობიექტის, რომ ნიმუშები არ დაზიანებულიყო. სხვადასხვა მეთოდოლოგიით შეიძლება მუშაობდეს ერთი და იგივე სამსახური?“ – იკითხა ადვოკატმა.

„გააჩნია, რა ნივთიერება იქნება ეს,“ – თქვა ექსპერტმა და ადვოკატის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა, რომელი მედიკამენტის, ან ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში აცალკევებენ შეფუთვიდან შიგთავსს.

რატომ არ დაინტერესდა გამოძიება გენეტიკური ექსპერტიზით, რაც ამ შემთხვევაში დაადასტურებდა, იყო თუ არა ოზთურქის თითის ანაბეჭდი ფსიქოტროპული მედიკამენტების შეფუთვაზე.

„ჩატარებულია გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა,“ – მოკლედ გვიპასუხა პროკურორმა ლევან მურვანიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მან მოუცლელობის გამო ჩვენ სხვა კითხვებს ვეღარ უპასუხა.

„ექსპერტიზა ჩაუტარდა მხოლოდ კოკაინის შეფუთვას, სხვა მედიკამენტების შეფუთვას – არა,“ – ამბობს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

დღეს კიდევ ერთი მოწმე „მეტრო ჰოლდინგის“ დაცვის თანამშრომელი, მირზა ბოლქვაძე იყო. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მან შენობა აღწერა, სადაც ოზთურქი დააკავეს და აღნიშნა ისიც, რომ ოზთურქი დუპლექსის ტიპის ბინაში ცხოვრობდა მე-18 სართულზე.

„საიდან იცით, რომ დუპლექსის ტიპის ბინა ერთმანეთს კიბით უკავშირდება, რასაც თქვენ აღნიშნავთ, თქვენ თავად ნახეთ?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

„მეტრო ჰოლდინგის“ დაცვის თანამშრომელი მირზა ბოლქვაძე ჩვენების მიცემის დროს

„არ მინახავს, მაგრამ ყველამ ვიცით ხომ დუპლექსი,“ – გაოცება დაეტყო დაცვის თანამშრომელს, რომლის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თავიდან ბლომდე ჩაკითხვა პროკურორს მას შემდეგ მოუხდა, როცა საგრძნობი გახდა – პროკურორის კითხვებს მოწმე პრაქტიკულად არ პასუხობდა.

„ეთანხმებით, რაც წავიკითხე?“ – იკითხა პროკურორმა.

თანხმობის ნიშნად მოწმემ თავი დაუქნია პროკურორს, თუმცა შემდეგ ადვოკატისთვის მოუხდა პასუხის გაცემა:

„აქ რომ ასე გეზარებათ ლაპარაკი, პოლიციის განყოფილებაში თქვენ ისაუბრეთ? სამი გვერდი ჩაიკითხა ახლა პროკურორმა?“ – ეჭვით გახედა მოწმეს ადვოკატმა.

„5 საათი ვიჯექ განყოფილებაში, ზედმეტი მე რამე არ მითქვამს,“ – მიუგო ადვოკატებს დაცვის თანამშრომელმა.

გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო სხდომას დასწრებია. ბრალდებულმა სასამართლოს აცნობა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის პროცესს ვერ დაესწრება.

„ოზთურქის საქმის“ არსებითი განხილვა ხვალ, 4 ნოემბერს გაგრძელდება.

———————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ იქ პუტინი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის, „დიდი ოცეულის“ სამიტში, რომელიც ნოემბერში გაიმართება ინდონეზიაში, თუ იქ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება.

ამის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს, განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას სამიტში, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას,“ – ციტირებს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ზელენსკის განცხადებას.

გამოცემისვე ცნობით, ზელენსკიმ ამავე დროს დასძინა, რომ უკრაინა მოახლოებული სამიტისთვის ემზადება.

„დიდი ოცეულის“ სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება ბალიზე, ინდონეზიაში. ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ სამიტზე მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუმცა პუტინის მონაწილეობა სამიტში ჯერ არ დადასტურებულა.

ამერიკული მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან არათუ პირისპირ, არამედ დერეფანში შეხვედრა და საერთო ფოტოზე გამოჩენაც კი არ სურს.

რაც შეეხება კრემლის პოზიციას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ მოსკოვი უარს არ იტყოდა G20-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრაზე.

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 ქვეყანაში დარჩა.

„ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ ივლისში მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე. ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, 2 ნოემბერს მოგვაწოდა.

რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში:

რუსეთის 2 585-მა მოქალაქემ საქართველოში ჯამში 2 964 ბინა შეიძინა, საერთო ფართობით – 189 084 კვ.მეტრი.

ამავე პერიოდში რუსეთის 252-მა მოქალაქემ საქართველოში მიწის 249 ნაკვეთიც შეიძინა, რაც ჯამში 37.9 ჰექტარია [აქედან რუსეთის 53 მოქალაქეს  მიწის 61 ნაკვეთი შენობა-ნაგებობების გარეშე აქვს შეძენილი, 199-მა მოქალაქემ კი  მიწის 188 ნაკვეთი შენობა-ნაგებობებიანად შეიძინა].

როგორც საჯარო რეესტრში გვითხრეს, აღნიშნული მონაცემები დამუშავებულია რუსეთის მოქალაქეების პასპორტის მონაცემების მიხედვით.

რუსეთის მოქალაქეების მონაცემები/რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ასე გამოიყურება:

  • იურიდიული პირი – 711
  • ინდმეწარმე – 9 789
  • ბინის შემძენი მოქალაქე – 2 585
  • მიწის შემძენი მოქალაქე – 252
  • შეძენილი ბინების ფართობი – 189 084 კვ.მ
  • შეძენილი მიწის ფართობი – 37.9 ჰა

„ბათუმელებმა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან ასევე გამოითხოვა ინფორმაცია, საქართველოში უცხოელების დასაქმების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოში დასაქმდა 1 493 უცხოელი. აქედან 977 დასაქმებული რუსეთის მოქალაქეა.

რას ჰყვება აზოვის „დოცენტი“ ტყვეობაზე: პოლკი რუსებისთვის იგივეა, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის

„მოემზადეთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება“ – ეს სიტყვები ვლადისლავ დუტჩაკმა, მეტსახელად „დოცენტმა“, 24 თებერვალს ბევრჯერ მოისმინა – „აზოვის“ ბაზაზეც, მარიუპოლისკენ გზაშიც და „აზოვსტალშიც“.

იმ დილის შემდეგ მისი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა – ჯერ იყო სასტიკი ბრძოლები მარიუპოლისთვის, შემდეგ „აზოვსტალის“ დაცვა და ბოლოს რუსეთის ტყვეობა.

ახლა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ ფოტოები „დოცენტს“ ტკივილს აყენებს:

„ქალაქი, რომელიც აღარ არის. მე მომწონდა მარიუპოლი, ჩემი ოჯახის იქ გადაყვანა მინდოდა, ვიდრე ვმსახურობდი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეგობარი დავკარგე,“ – ეუბნება ვლადისლავი Hromadske-ს, რომელმაც ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

„უნდა ემსახურო სამშობლოს ისე, როგორც უკეთ შეგიძლია“

„აზოვში“ ვლადისლავი პირველად 2017 წელს მოხვდა – უკრაინის სამხედრო ისტორიაზე ლექციების წასაკითხად მიიწვიეს. ერთი განათლებით ვლადისლავი ისტორიკოსია, მეორით – ეკონომისტ-მენეჯერი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატია და პოლიტოლოგიასა და ფილოსოფიას დნეპრისა და ზაპოროჟიეს უნივერსიტეტებში ასწავლიდა.

შეთავაზებას მაშინვე დათანხმდა.

„ეს ლეგენდარული დანაყოფია, რომელიც თავიდანვე იმ ადამიანებს აერთიანებდა, რომლებიც ჩემს შეხედულებებს იზიარებენ. მანამდეც ძალიან მინდოდა „აზოვში“, თუმცა ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს. მერე გავიაზრე: იქნებ ასეც შეიძლება ემსახურო სამშობლოს, როგორც შეგიძლია, როგორც უკეთ გამოგდის?

ასე გახდა „დოცენტი“ „აზოველების“ მასწავლებელი.

აზოვი“ იგივე იყო რუსებისთვის, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის

როდესაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ვლადისლავს კონტრაქტის მეორე წელი ეწურებოდა. 24 თებერვალს სხვა თანამებრძოლებთან ერთად ისიც განგაშის სიგნალმა გამოაღვიძა მარიუპოლთან ახლოს, იურევკაში, „აზოვის“ ბაზაზე.

„ზუსტად ასეთ ომს ველოდებოდით თუ არა? არა, მაგრამ „აზოვი“ მზად იყო ნებისმიერი გამოწვევისთვის, ბიჭები მუდმივად ემზადებოდნენ. ჩვენთვის გასაკვირი ის იყო, რომ მოწინააღმდეგემ თავიდანვე ჩვენს ბაზებს არ დაარტყა.

ბევრჯერ გვითქვამს ერთმანეთისთვის: როდესაც ომი დაიწყება, ისინი პირველ რიგში ჩვენს ბაზებს დაარტყამენ და ჩვენ ამ ომს ალბათ ვეღარც კი გავიგებთ. რუსებისთვის ხომ „აზოვი“ იგივე იყო, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი.“

ვლადისლავ დუტჩაკი/ფოტო: Hromadske.ua

მოგვიანებით, როდესაც უკვე ტყვეობაში მყოფს რუსები დაჰკითხავენ და შეეკითხებიან, რა იგრძნო, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ის მოკლედ უპასუხებს: „გაოცება“.

„მახსოვს, მივდიოდით მარიუპოლისკენ და ჩვენ უკან აღარავინ მოდიოდა, საპირისპირო მხრიდან კი, ბერდიანსკთან, გვხვდებოდა მარიუპოლიდან წამოსულთა კოლონები,“ – იხსენებს 24 თებერვლის დილას ვლადისლავი, რომელიც ომამდე „აზოველების“ გარდა მარიუპოლის მცხოვრებლებთანაც მუშაობდა, სკოლებში ისტორიას ასწავლიდა.

ომის დროს „დოცენტი“ ერთ-ერთი იყო, ვისაც ადგილობრივებისთვის წყალი, პროდუქტები და მედიკამენტები მიჰქონდა. მარტის შუა რიცხვებამდე ვლადისლავი ქალაქში გადიოდა და იქაურებს ეხმარებოდა, შემდეგ კი „აზოვსტალის“ დამცველებს შეუერთდა. „კალინამ“ დავალება მისცა – საინფორმაციო ბიულეტენი მოემზადებინა.

ბიულეტენი ყოველდღე მზადდებოდა და ეწოდებოდა ასე – „მარიუპოლის დაცვის შტაბი იუწყება“. მასში შედიოდა ინფორმაცია გასულ დღე-ღამეში მომხდარი ამბების შესახებ: რა დანაკარგი ჰქონდა მოწინააღმდეგეს, სად იყო ბრძოლები ქალაქში, რამდენი რუსული ტექნიკა დაწვეს და მთელი უკრაინის ამბების მოკლე დაიჯესტი.

„ვიდრე პრინტერი და გენერატორი მუშაობდა, ყოველდღე ვბეჭდავდით, დღეში 40-50 ეგზემპლარს. ჩვენ ამ საინფორმაციო ფურცელს მეთაურებს ვაძლევდით, მეთაურები კი შემდეგ პოზიციებზე მებრძოლებს ურიგებდნენ და ბომბსაფარში მოქალაქეებისთვისაც ჩაჰქონდათ.“

„რუსი ოფიცრის სიტყვა მოგვცეს“

მაისის დასაწყისში „აზოვსტალიდან“ მოქალაქეებისა და მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია დაიწყო, შემდეგ  – დანებების ბრძანება მივიდა.

„ყველას შესანიშნავად გვესმოდა, რომ ტყვეობა „აზოველისთვის“ არ იყო ვარიანტი,“ – ვლადისლავი იხსენებს, რომ რუსულ საიტებზე იმ დროს უკვე იდო მათი ფოტოები და ყველამ იცოდა, რა ელოდათ „აზოველებს“ რუსეთის ტყვეობაში – მათ ეძებდნენ, ნაცისტ დამნაშავეებად აცხადებდნენ და, სავარაუდოდ, ტრიბუნალსაც უმზადებდნენ.

ამ ფოტოებს შორის „დოცენტის“ ფოტოც იყო.

ვლადისლავ დუტჩაკი/ფოტო: Hromadske.ua

„რუსი ოფიცრის სიტყვა მოგვცეს. ლაპარაკი იყო ღირსეულ ტყვეობაზეა. დაე, იმის სინდისზე იყოს, ვინც ეს პირობა მოგვცა. ვიდრე ჩვენი მებრძოლები ტყვეობაში რჩებიან, ყველაფრის მოყოლა არ გამოვა, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენს სამხედრო ტყვეებს, როგორც სამხედრო ტყვეებს, ისე არ ექცევიან“.

გარანტიები „აზოვსტალიდან“ გამოსვლისთანავე დაირღვა.

ვლადისლავმა ტყვეობა ოლენოვკაში გაატარა. ჰყვება, რომ „აზოვსტალის“ ჯოჯოხეთთან შედარებით იქაურობა თავიდან ასე თუ ისე ნორმალური ჩანდა, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი მხოლოდ გაუარესდა.

„აზოველები“ მარიუპოლის დამცველებისგან ცალკე ჰყავდათ. მართალია, ცუდად კვებავდნენ, მაგრამ ვლადისლავის თქმით, შიმშილით მაინც არავინ მოკვდებოდა. და მაინც, ვლადისლავიც, სხვა ტყვეების მსგავსად, თითქმის ანორექსიული წონით დაბრუნდა ტყვეობიდან – ომამდე 106 კილოგრამი იყო, „აზოვსტალიდან“ გამოსვლისას – 86, ტყვეობის შემდეგ კი – 74.

დაკითხვები პროპაგანდისტული არხებისთვის

მაისის ბოლოს სოციალურ ქსელებში „დოცენტის“ „დაკითხვის“ ვიდეო გამოქვეყნდა. ხმა კადრს მიღმა მას ეკითხება, ის ურეცხავდა თუ არა „აზოველებს“ ტვინებს, რაზეც ვლადისლავი მშვიდად პასუხობს, – „არა“ და უხსნის, რომ ლექციებს კითხულობდა მსოფლიოსა და უკრაინის ისტორიაზე.

„დოცენტს“ ეკითხებიან იმასაც, ვინ არიან მისთვის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები.

„უკრაინელები. ცხადია, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც მცდარი შეხედულებები აქვთ, მაგრამ ისინი ისეთივე უკრაინელები არიან, როგორც ჩვენ. ადრე თუ გვიან ჩვენ მათთან საერთო ენას ვიპოვით. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით, ვიმედოვნებ, რომ ამას ჩვენი შვილები გააკეთებენ,“ – ამბობს ვიდეოში „დოცენტი“.

ვლადისლავი იხსენებს, რომ ელენოვკაში შეყვანის პირველი დღეებიდანვე, რუსებმა კოლონიის მხრიდან უკრაინელთა პოზიციებისკენ სროლა დაიწყეს.

„როგორც კი შევედით კოლონიაში – ეგრევე „გრადები“ მოიტანეს და სროლა დაიწყეს. ამას ჩვენც ვუყურებდით. უკრაინელები თავიდან არ პასუხობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ კოლონიაში ჩვენ ვიმყოფებოდით, თუმცა შემდეგ უკვე ისეთი სისტემები გაუჩნდათ, რომ ძალიან ზუსტად შეეძლოთ რუსების პოზიციებისთვის დაერტყათ. ერთხელ ჩვენებმა ისე მაგრად შეუტიეს, რომ ძალიან გაბრაზდნენ რუსებიც და სეპარატისტებიც. შემოცვივდნენ კოლონიაში და ჩვენგან ითხოვდნენ, ვიდეო ჩაგვეწერა და გვეთხოვა უკრაინელებისთვის, რომ კოლონიის მიმართულებით არ ესროლათ“.

კიდევ ერთი ვიდეოს ჩაწერა ტყვეებს რუსებმა უკვე 29 ივლისს, ოლენოვკაში მომხდარი აფეთქების შემდეგ უბრძანეს. მათ უნდა ეთქვათ, რომ კოლონიას უკრაინელმა სამხედროებმა ესროლეს და ტყვეებიც ამის გამო დაიღუპნენ.

„ამას ვერ ვიტყოდით, არ იქნებოდა სიმართლე, ამიტომ ჩავწერეთ მიმართვა, რომელშიც ვთქვით, რომ მორიგი საარტილერიო დუელის დროს ჩვენი თანამებრძოლები დაიღუპნენ, რომ რუსები მუდმივად უხსნიდნენ ცეცხლს უკრაინელთა პოზიციებს და რომ უკრაინელებიც პასუხობდნენ, მაგრამ მათი მხრიდან ნასროლი ჭურვი ოლენოვკაში არ ჩამოვარდნილა“.

„ახლა რას გააკეთებ?“

21 სექტემბერს „დოცენტი“ და სხვები ოლენოვკიდან გამოიყვანეს.

„ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების როლი. ჩვენ წითელი ჯვარი არც კოლონიაში მისვლისას გვინახავს და არც გაცვლისას. როდესაც ადამიანი სამხედრო ტყვეთა ბანაკიდან გამოჰყავთ და გაცვლის ადგილას მიჰყავთ, იქ აუცილებლად უნდა იყოს მესამე მხარე, რომ რაიმე ექსცესი არ მოხდეს.“

ოლენოვკიდან „დოცენტი“ თვითმფრინავით ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ ბელარუსში – იქ უკვე ცხადი გახდა, რომ ცვლიდნენ.

„წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც მიდიხარ და ხელები ზურგს უკან აღარ უნდა გეწყოს; როდესაც თავაწეულს შეგიძლია იარო; როდესაც უყურებ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხარ და შენთვის ზიანის მოყენება არ სურთ – ეს ნიშნავს, რომ შენს ოჯახში დაბრუნდი.

მეც და სხვებსაც რუსები შეფარვით გვეკითხებოდნენ – ახლა რას გააკეთებთ? ჩემი პასუხი კი იყო – ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, მე საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, მე კონტრაქტი მაქვს,“ – იხსენებს „დოცენტი“. – „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ვიდრე ომია, სამშობლოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა. ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რისი კვალიფიკაცია და ძალა გვაქვს. გარწმუნებთ – „აზოველები“ ასეც მოიქცევიან“.

რუსეთმა 2-ჯერ მეტი ავიაცია დაკარგა უკრაინაში, ვიდრე ავღანეთში – ზალუჟნი მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, სოციალური ქსელებით ავრცელებს რუსეთის ავიაციის დანაკარგების შესახებ მონაცემებს და დასძენს, რომ „ეს ომი რუსეთს გაანადგურებს“.

ზალუჟნის განცხადებით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის დამცველებმა ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, ათწლიანი ომის განმავლობაში.

„სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, ომის 10 წლის განმავლობაში. 278 რუსული თვითმფრინავი განადგურებულია უკრაინაში, ავღანეთში – კი 118 საბჭოთა თვითმფრინავი“, – წერს ვალერი ზალუჟნი პირად სოციალურ ქსელებში.

ზალუჟნი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომი რუსეთისთვის ისევე სამარცხვინოა, როგორც ომი ავღანეთში.

____

დანაკარგები

კრემლმა მობილიზებულებს 6 თვეში $32,4 მილიარდი უნდა გადაუხადოს, ეს მისთვის უკვე პრობლემაა – ISW

აირჩიე სილქფესტის პაკეტები და ჩაირთე სასურველი პირობა მთელი თვით

სილქფესტი 4 ნოემბერს მომხმარებელს თავაზობს რამდენიმე პაკეტს, სხვადასხვა პირობით:

  • ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 23 ₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო და 10 000 MB – 20₾
  • 1 000 ადგილობრივი წუთი – 12₾
  • 15 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 12₾

სასაუბრო, ინტერნეტ და შერეული კომბინაციის პაკეტების შეძენა შესაძლებელია: კოდით *202#, აპლიკაციით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან.  

ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ ჩაირთონ ერთი ან რამდენიმე პირობა და ასევე, გაუაქტიურონ   სილქნეტის ქსელის ნებისმიერი სხვა ნომერს სილქფესტის შეთავაზება.

მედვედევის აზრით, მოღალატე დივერსანტები ადგილზე, გამოძიების გარეშე უნდა დახვრიტონ

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის ახლანდელი მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საჭიროებაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის პერიოდში საკუთარ ქვეყანას ღალატობს, დივერსიებსა და ტერორისტულ აქტებს აწყობს, სხვაგვარი სასჯელი არ შეიძლება არსებობდეს.

„რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ სხვადასხვანაირი ლურჯ-ყვითელი დივერსანტები. ახალგაზრდა უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებმაც ეს-ესაა მიაღწიეს სრულწლოვანებას, მწყობრიდან გამოიყვანეს რამდენიმე სარკინიგზო ობიექტი უფაში ვითომ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას არ ეთანხმებიან.

ჩვენ ეს მახინჯები ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ, განათლების საშუალება მივეცით და სანაცვლოდ – ტერაქტები და დივერსია. ამავე რიგში არიან „ჩვენებიც“, ვინც სამხედრო კომისარიატებს წვავს და სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტს ანადგურებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინელი ტერორისტები ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ტერიტორიაზე ხოცავენ,“ – წერს მედვედევი თავის ტელეგრამარხზე.

უშიშროების საბჭოს მდივანი იხსენებს, როგორ ექცეოდნენ „დიდი სამამულო ომის დროს საბოტაჟის მომწყობებს, რომლებიც ასეთ საქმიანობას ფაშისტების ბრძანებით ეწეოდნენ,“ – მათ არავინ ეფერებოდა.

„ასეთი არამზადებისთვის ერთადერთი განაჩენი არსებობს – დახვრეტა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. პირდაპირ დანაშაულის ადგილზე. იმიტომ, რომ თუ შენ ასეთი დანაშაულის ჩამდენი მოღალატე ხარ, შენ აღარც ასაკი გაქვს, აღარც ეროვნება და აღარც საკუთარი სიცოცხლის დაცვის უფლება.

თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია. ძალიან ჰუმანურია. სხვათა შორის, ბირთვული იარაღის მფლობელი სხვა დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით (აშშ, ჩინეთი და ინდოეთი). თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – აუცილებლობის შემთხვევაში ეს მორატორიუმი შეიძლება შეიცვალოს კიდეც. ეს არჩევანის საკითხია, რა გზებს ავირჩევთ ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და საზოგადოების დასაცავად,“ – აცხადებს მედვედევი.

კრემლისტური მედიის ცნობით, უფის სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ოთხ სტუდენტს, რომლებსაც რკინიგზაზე დივერსიების მოწყობაში ედებათ ბრალი.

სამი დაკავებული 18 წლისაა, ერთი კი 17-ის.

ბრალდების მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის ომისადმი პროტესტის ნიშნად მათ ხუთჯერ სცადეს რკინიგზაზე ელექტროტექნიკური აღჭურვილობის დაზიანება.

ქობულეთში, ხინოწმინდაში VIII-IX საუკუნის ძეგლს პემზის ბლოკი დააშენეს – ფოტო

ქობულეთში, ხინოწმინდაში, VIII-IX საუკუნეებით დათარიღებულ ნაეკლესიარს პემზის ბლოკი დააშენეს.

ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია.

ფოტოები, რომლებზეც ჩანს უძველეს ნაშთებზე დაშენება, თავად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაავრცელა.

„ხინოწმინდაში იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძრის აღდგენით სამუშაოებს სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე გაეცნო და შეაფასა. სამუშაოები ვადების დაცვით ხორციელდება და დაგეგმილთან ზუსტ თანხვედრაშია.

ხინოწმინდის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულიად 2023 წლის ბოლოს დასრულდება, მისი აღდგენისთვის 750 000 ლარი დაიხარჯება,“ – ეს არის ინფორმაცია, რომელიც ფოტოებთან ერთად სააგენტომ გაავრცელა.

ქობულეთში, ხინოწმინდაში VIII-IX საუკუნის ძეგლს პემზის ბლოკი დააშენეს

ნაეკლესიარის რეაბილიტაციის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. ხოლო ტენდერი „ხინოს მამათა მონასტრის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე (აღდგენა)“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. პირობის მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

„ბათუმელები“ ხინოწმინდის ნაეკლესიარის რეაბილიტაციის პროექტზე მიმდინარე წლის მაისში წერდა. სპეციალისტები აკრიტიკებდნენ სააგენტოს პროექტს და ამბობდნენ, რომ ეს ძეგლს გაანადგურებდა, რადგან მიმდინარეობდა არა რეაბილიტაცია, არამედ სრულიად ახალი ეკლესიის მშენებლობა.

ასე გამოიყურება მე-8-მე-9 საუკუნეებით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი მას შემდეგ, რაც მას პემზის ბლოკი დააშენეს

  ამავე თემაზე:

ხინოწმინდაში ძეგლზე ეკლესიას ააშენებენ, აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში ისევ იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ნოემბრის 21 საათიდან 4 ნოემბრის 21 საათამდე მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ღამით – ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა.

აჭარის მაღალ მთაში თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: -3 -+2 გრადუსი 

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა, 4-5 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთელ აჭარაში 5-6 ნოემბერს საღამოს და ღამით მოსალოდნელია ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

ფინანსურ დავებზე ისევ ლავასოღლის უკავშირდებოდნენ – შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა, კიდევ ორს კი, დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ფინანსური დავების მოგვარებას სთხოვდნენ, მათ შორის, მინდია ლავასოღლის.

„…აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში, ასევე, „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ , მათ შორის, მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად ,,ბაბუს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ – ჯ. ბ. (მეტსახელად „ბონჩო“), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერძოდ, ჯ.ბ. აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს გ.გ.-ს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის – 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს. ორი პირი, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, საზღვარგარეთ იმყოფება.

ეს დანაშაული 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა შსს ადასტურებს, რომ ფინანსური დავების მოგვარებისთვის ადამიანები „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებიან – 2022 წლის ივლისში 7 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით.

უკრაინაში უკვე 1 402 რუსი ოფიცერი დაიღუპა – OSINT

პირველი ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის არმიის მაღალი რანგის 1 402 სამხედრო დაიღუპა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი OSINT-ის მკვლევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინაში უკვე მოხდა 1 402 რუსი ოფიცრის დენაციფიკაცია (5,7 ადამიანი დღეში). ამასთან, საერთო რაოდენობაში უფროსი ოფიცრების წილი 26%-ია,“ – წერს სტრატკომი.

კონკრეტულად – უკრაინასთან რუსეთის ომში დაიღუპა:

  • 2 გენერალ-ლეიტენანტი
  • 8 გენერალ-მაიორი
  • 44 პოლკოვნიკი
  • 98 პოდპოლკოვნიკი
  • 193 მაიორი
  • 279 კაპიტანი
  • 471 უფროსი ლეიტენანტი
  • 235 ლეიტენანტი
  • 72 სხვა რანგის სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი 73 270 სამხედროა, მათ შორის, 800 გასულ დღე-ღამეში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 74 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730]
  • ტანკი – 2 734 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 5 552 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 1 755 ერთეული [+22]
  • MLRS – 390 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 198 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 277 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 258 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 442 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 397 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 162 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 155 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 330 თვითმფრინავი
  • 168 ვერტმფრენი
  • 2 422 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 384 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 882 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 547 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 986 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კრემლმა მობილიზებულებს 6 თვეში $32,4 მილიარდი უნდა გადაუხადოს, ეს მისთვის უკვე პრობლემაა – ISW

რუსეთს ტანკები უკვე ბელარუსის მარაგებიდან გამოჰყავს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, საკუთარი შეიარაღების ნაკლებობის გამო რუსეთმა ბოლო კვირებში სულ მცირე 100 ტანკისა და დამატებითი ჯავშანმანქანებისთვის ბელარუსის სამხედრო მარაგებს მიმართა.

„ოქტომბრის შუა რიცხვებში, უკრაინელთა კონტრშეტევების ფონზე, რუსეთის ჯავშანტექნიკის დანაკარგი დღეში 40 ერთეულამდე გაიზარდა, რაც ერთი ბატალიონის საბრძოლო აღჭურვილობის ეკვივალენტურია,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 3 ნოემბრის რელიზში.

უწყება დასძენს, რომ უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, ძალიან იმედგაცრუებულები იქნებიან, რადგან იძულებულნი არიან იბრძოლონ ქვეითი ჯარისთვის განკუთვნილი ძველი საბრძოლო მანქანებით, რომლებსაც ისინი თავად „კონსერვის ქილებს“ უწოდებენ.

„ჯავშანმანქანები და არტილერია ცენტრალურ ადგილს იკავებს რუსეთის ომის წარმოებაში. ახლა მისი ძალები უკრაინაში სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან, როგორც საარტილერიო საბრძოლო მასალების ნაკლებობის გამო, ისე იმის გამო, რომ დაზიანებული ჯავშანმანქანების სათადარიგოებით ჩანაცვლება უჭირთ,“ –  მიუთითებს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყების ყურადღების ცენტრში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ და მისი მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის ამბიციები იყო.

კრემლმა მობილიზებულებს 6 თვეში $32,4 მილიარდი უნდა გადაუხადოს, ეს მისთვის უკვე პრობლემაა – ISW

ომი, მობილიზაცია და დასავლური სანქციები – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის ეკონომიკაზე ამ ყველაფრის გავლენის ხანგრძლივი დამაზიანებელი ეფექტი უკვე სახეზეა, ვლადიმერ პუტინის მოწოდებები კი კონკურენტუნარიან რუსულ სამხედრო წარმოებაზე რეალობისგან მოწყვეტილია.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები ეყრდნობიან სააგენტო Reuters-ის ფინანსური ექსპერტების გათვლებს, რომელთა თანახმადაც, მობილიზებულებისთვის გადასახდელი თანხა, სოციალური ბენეფიტების ჩათვლით, კრემლს ექვს თვეში 900 მილიარდი რუბლიდან 3 ტრილიონ რუბლამდე დაუჯდება (დაახლოებით $14,6- $32,4 მილიარდი) და ეს ჯამური თანხა არ ითვალისწინებს სხვა კატეგორიის სამხედრო ძალების – კონტრაქტით დაქირავებული სამხედროების, მოხალისე მებრძოლებისა თუ იმ სამოქალაქო სპეციალისტების გასამრჯელოს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.

ISW-ის ადრინდელი დათვლებით, 400-კაციანი მოხალისეთა ბატალიონი რუსეთს თვეში სულ მცირე $1,2 მილიონი უჯდება.

„კრემლს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს დაპირებული კომპენსაციების გადახდის თვალსაზრისით, რუსეთის საზოგადოებაში კი სოციალური დაძაბულობა იზრდება,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები და მიუთითებენ რუსული ტელეგრამ არხებით გავრცელებულ ვიდეოებზე, რომლებშიც მობილიზებული სამხედროები ფინანსურ საკითხებს აპროტესტებენ.

ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დასავლური სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის მოწოდებები კონკურენტუნარიანი სამხედრო წარმოების შექმნაზე რეალობისგან სრულიად მოწყვეტილია.

ინსტიტუტის აზრით, პუტინის განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტთანაც, რომ ბოლო პერიოდში, რუსეთი აქტიურად ყიდულობს შეიარაღებას ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან.

„სავარაუდოდ, რუსეთი იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდა ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რადგან მნიშვნელოვნად ამოწურა საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებისთვის საჭირო საბრძოლო მასალების საკუთარი მარაგები და მათი მარტივად შევსება აღარ შეუძლია. რუსეთის დამოკიდებულება იზოლირებულ და მკაცრად სანქცირებულ სახელმწიფოებზე ვერ ეთანხმება პუტინის მოთხოვნებს, რომელთა თანახმადაც რუსეთის სამხედრო წარმოება მაღალკონკურენტუნარიანი უნდა იყოს და დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა შეძლოს რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილება,“ – აღნიშნავს ISW.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობის რუსულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • რუსი და ბელარუსი ოფიციალური პირები განაგრძობდნენ საინფორმაციო ოპერაციას, რომ ბელარუსი მზადაა ჩაერთოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, თუმცა ბელარუსის ომში ჩართვა კვლავაც ნაკლებსავარაუდოა;
  • რუსეთის ძალები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებებზე;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდაცვით ოპერაციებს მდინარე დნეპრის გასწვრივ;
  • რუსეთის ჯარებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს ბახმუტისა და დონეცკის სიახლოვეს;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ მობილიზაციას და მოხალისეთა ბატალიონების შექმნის მცდელობას;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავაც იძულებით ასახლებენ ხერსონის ოლქის მოსახლეობას და იძულებით გაჰყავთ უკრაინელი ბავშვები რუსეთში.

ჩვენ გვაქვს დიდი აცდენა ქაღალდებსა და რეალობას შორის – პროფესორი

„პერმანენტულ რეჟიმში ვმუშაობ, არ ვიცი, როდის მაქვს თავისუფალი დღე და დრო. ბევრი ჩემი კოლეგაა ანალოგიურ სიტუაციაში. უკიდურესად გადატვირთულები ვართ“ – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი. „ბათუმელები“ მას უმაღლეს განათლებაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

  • ბატონო ლევან, რა პრობლემები არსებობს საუნივერსიტეტო სისტემაში და თქვენ, როგორც პროფესორს, რაში გიშლით ეს ხელს?

მე ვფიქრობ, უმაღლესი განათლება ვერასდროს იქნება ხარისხიანი, სანამ სასკოლო განათლება არ გახდება ხარისხიანი, რადგან ჩვენი დასაყრდენი არის სკოლა.

ვერაფერს გავხდებით, თუ სკოლიდან არ მოვა აბიტურიენტი, რომელსაც ექნება სათანადო უნარები და თუნდაც წინარე ცოდნა.

  • რა უნარებს გულისხმობთ?

ყველაზე მძიმე, რაც მგონია და რაშიც ვფიქრობ, რომ დათვურ სამსახურს უწევენ სკოლები ბავშვებს, არის ის, რომ ასწავლიან ინფორმაციის დაზუთხვას და გამეორებას ქულის მოსაპოვებლად და არა იმისთვის, რომ თვითონ ბავშვებმა გააცნობიერონ რაღაც.

ასეთ დროს ბავშვებს უვითარდებათ ე.წ. რეპროდუქციული უნარები, მაგრამ სრულიად უუნაროები არიან, როდესაც საქმე ეხება პროდუქციას, შემოქმედებით პროცესებს, კრიტიკულ აზროვნებას, რაღაცის დამოუკიდებლად გაანალიზებას. ძალიან უჭირთ თუნდაც თავიანთი აზრის გამოთქმა.

მე არ მგონია, რომ მათ აზრი არ აქვთ, უბრალოდ პანიკურად ეშინიათ ამ აზრების გამოთქმის, რადგან სკოლაში, სავარაუდოდ, მათგან არავინ ითხოვს ამას 12 წლის განმავლობაში.

არა მხოლოდ უმაღლესში აბრკოლებს ეს სტუდენტების წინსვლას, არამედ აისახება მთელ საზოგადოებაზეც. ვიღებთ ე.წ. ზომბირებულ საზოგადოებას, რომელიც ავტომატურად ასრულებს იმას, რასაც ზემოდან ეუბნებიან. პირდაპირი კორელაციაა ამ ორ ფორმატს შორის.

ცალკე საკითხია სწავლების ფორმატი. ისევ ძალაშია საბჭოთა გამოკითხვის ფორმატი, სადაც ჯერ კიდევ მასწავლებელია ცენტრში, როგორც ერთგვარი მბრძანებელი, რომლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მოსწავლე გადარჩება თუ არა.

შემდეგ კი, უნივერსიტეტში, მე და ჩემს კოლეგებს გვიწევს ძალიან დიდი ძალისხმევის გაღება იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გადავაჩვიოთ ახალგაზრდები. მიეჩვიონ გუნდურ მუშაობას, კი არ გაიმეორონ, არამედ გამოიყენონ ინფორმაცია იმისთვის, რომ შექმნან ახალი ცოდნა, დამოუკიდებლად შეძლონ დაკვირვება.

  • არანაკლები კრიტიკა მომისმენია პროფესორ-მასწავლებლების მიმართაც. როგორ ფიქრობთ, ლექტორებს რა გასაჭირი გაქვთ დღეს?

დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ ისევ ვცხოვრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი გავიდა საბჭოთა რეჟიმის ჩამოქცევიდან, მაინც დიდი კვალი დატოვა განათლების სისტემაზე ამ რეჟიმმა. ბევრი მათგანი, ვინც იმ პერიოდში იყო საგანმანათლებლო სისტემაში, ისევ არის უმაღლესი განათლების წიაღში, მათ კვლავ აბარიათ ახალი თაობის გაზრდა, რაც, პრინციპში, პრობლემაა.

მე არ ვამბობ, რომ ყველა ცუდი იყო აქედან, ან პიროვნულად, ან კომპეტენციების მხრივ, მაგრამ, საქმე ის არის, რომ შეიცვალა პარადიგმა, არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ მეთოდურიც და აქ ვადგებით ყველაზე დიდ პრობლემას, როგორიც არის სწავლების მეთოდები.

როგორც სკოლაში აისახება სწავლების მეთოდები, ასევე აისახება უმაღლესი განათლების შედეგებიც შემდეგ საზოგადოებაზე.

ძალიან ბევრი ლექტორი მარტივად უყურებს სწავლებას, კვლავ ძველ ფორმატში ასწავლიან, არ აქვთ ინტერაქციული სემინარები, დისკუსიის ფორმატი, ან თუ აქვთ – ძალიან მწირე.

ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ ააწყოს კურსი ისე, რომ ახალმა თაობამ, რომელიც იზრდება სრულიად ონლაინფორმატში, შეძლოს ინფორმაციის გათავისება. დღეს სწავლების ძირითადი ფორმატი კვლავ არის ლექცია.

  • როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?

ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ დასავლურ უნივერსიტეტებს, მათ შორის ისეთ მძიმე, კონსერვატიულ უნივერსიტეტებს, როგორიც არის გერმანიაში და იქაც კი, სალექციო კურსი მთელ პროგრამაში შეიძლება იყოს ორი ან სამი. უმრავლესობა არის სასემინარო, რადგან ასეთ ფორმატში სტუდენტი სწავლობს დისკუსიის წარმოებას, ინფორმაციის მოძიებას, გამოყენებას, ანალიზს, თავისი დაკვირვებების გაზიარებასაც, რაც სალექციო ფორმატში ვერ მოხდება, გამორიცხულია.

ჩემს კოლეგებთან მქონია ამაზე საუბარი და გულწრფელად უთქვამთ, რომ ამისთვის მათ დრო არ რჩებათ, რადგან დიდი ძალისხმევა სჭირდება ტექნოლოგიებში გარკვევას, ეს არ არის მხოლოდ სიტყვების გადაწყობა სილაბუსში, პრაქტიკაშიც უნდა შეიცვალოს ყველაფერი. დრო არ ჰყოფნით ამ ყველაფრისთვის.

  • რას გულისხმობენ დროის არქონაში, რით არიან დატვირთული?

ყველაფერს. ჩვენ ვართ უკიდურესად გადატვირთულები. მე მაქვს ფუფუნება, შემიძლია მთელი ჩემი ძალისხმევა დავუთმო საგანმანათლებლო სისტემას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ აკადემიური საქმეები, სტუდენტის ხელმძღვანელობა თუ კვლევა, ვცდილობ, ჩემი ცხოვრება მთლიანად ამ საქმეს შევწირო.

  • თქვენ როგორ ახერხებთ ამას, რის ხარჯზე?

ძალიან მძიმედ, ეს ნიშნავს იმას, რომ პერმანენტულ რეჟიმში ვმუშაობ, არ ვიცი, როდის მაქვს თავისუფალი დღე და დრო. ბევრი ჩემი კოლეგაა ანალოგიურ სიტუაციაში.

კოლეგების ნაწილი ახერხებს, რომ ფოკუსირდეს მთლიანად კვლევაზე და ეს ძალიან კარგია, რაც მე პირადად ძალიან მიჭირს, რადგან სწავლებას და ადმინისტრირებას მიაქვს მთელი დრო და კვლევისკენ რომ ვუბიძგო ჩემს თავს, ვცდილობ ზაფხულში მთელი არდადეგები დავუთმო ამ საქმეს და ესეც არ არის ნორმალური.

სულ რაღაც არის გასაკეთებელი, ამიტომ გვიწევს არჩევანის გაკეთება. ან უნდა უღალატო ადმინისტრაციულ საქმეს, ან არ განაახლო სილაბუსი, არ ჩაიხედო პროგრამაში, არ უპასუხო ვინმეს წერილზე და ასე შემდეგ.

  • რომელი კომპრომისი აზარალებს სასწავლო პროცესს?

ყველა ყველას აზარალებს. მე მგონია, რომ ძალიან დაჩქარებულია პროცესები საქართველოში და ამიტომ არის, რომ არაფრისთვის დრო არ გრჩება.

მე მიწევს გერმანიაში, ავსტრიაში, შვედეთში ჩასვლა და ვადარებ ხოლმე სურათს ერთმანეთს. ბუნებრივია, მხართეძოზე წამოწოლილი არც ერთი პროფესორი არ არის არც ერთ ქვეყანაში, იქაც არის გადაწვის შემთხვევები, მაგრამ იქ პროცესები არის ნელი. არ არის ისეთი ისტერიული ტემპი, როგორიც ჩვენთან.

  • აქ რატომ გვაქვს ისტერიული ფონი, იმიტომ, რომ სპონტანურად ხდება სიახლეების შემოტანა?

ჩვენ ძალიან გვინდა დავეწიოთ ევროპას, რაც გამორიცხული ამბავია. რა თქმა უნდა, უდიდესი მიღწევაა ის, რომ ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა გააგრძელონ ევროპის უნივერსიტეტებში, ისარგებლონ მობილობით და ეს ნამდვილად მიმაჩნია მიღწევად, მაგრამ ევროპაში რაღაც რომ შეცვალო, დიდი დრო გჭირდება ჯერ დაკვირვებისთვის, შემდეგ მუშავდება დადებითი და უარყოფითი მხარეები, რეკომენდაციები და ამის შემდეგ ინერგება სიახლე ნელა და ხარისხიანად.

მაგალითად, ევროპაში სილაბუსი შეიძლება იყოს ერთაბზაციანი, სადაც წერია, რას ისწავლის კურსზე სტუდენტი. თუ წერია „სემინარი“, ისედაც გასაგებია, რაც ხდება. ჩვენთან კი სილაბუსი 15-20 გვერდია. ეს სერიოზული პრობლემაა.

მესმის, რომ აქ განათლების სისტემა გადაწყობის პროცესშია, მაგრამ ქაღალდზე რაღაცის ცვლილება და ლამაზად აწყობა არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ რეალობაშიც შეცვლილია რაღაც. პრობლემაა ის, რომ ჩვენთან ქაღალდებსა და რეალობას შორის აცდენაა და ხარისხის უზრუნველყოფა მთლიანად გადართულია ქაღალდომანიაზე.

  • გაცვლითი პროგრამები პროფესორებს არ ეხმარება მოტივაციაში, კვალიფიკაციის გაზრდაში?

როცა ვთქვი, რომ ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცე, აქ ვიგულისხმე ისიც, რომ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებსაც ლექციაზე შევუშვებთ, მინიმალური განათლება მაინც უნდა ჰქონდეთ მიღებული დასავლეთში, უნდა დაესწრონ სემინარებს ან ერთი სემესტრი მაინც უნდა ისწავლონ დასავლურ უნივერსიტეტებში. ეს გამოცდილება არის საკვანძო, სხვანაირად ვერ ააწყობ სასწავლო პროცესს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

თუ კვლევაში არიან ჩართული, მაშინ ღირს „ერაზმუსით“ წასვლა, სხვა შემთხვევაში კი ნაკლებად ამართლებს. მოტივაციაზე მოქმედებს დაბალი ანაზღაურებაც, რის გამოც ლექტორი იძულებულია ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი, რაც ასევე ნიშნავს უზარმაზარ დატვირთვას, ღამეების თევას და ასე შემდეგ.

  • არ მახსენდება შემთხვევა, რომ ლექტორებს ან მასწავლებლებს როდისმე ხმამაღლა მოეთხოვოთ ხელფასის მომატება ან ღირსეული სამუშაო პირობები. როგორ ფიქრობთ, რატომ?

ალბათ მიიჩნევენ, რომ სხვებთან შედარებით მაინც უკეთეს პირობებში არიან. მეორე ფაქტორი ისაა, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში განსხვავებულია ანაზღაურებაც. კერძო უნივერსიტეტების ნაწილში ძალიან კარგი ხელფასებია. პროფესორსაც და მოწვეულსაც კარგად უხდიან, ამიტომ ამ საკითხში ჩვენ ვერ ვიქნებით ერთსულოვანი.

შემდეგი ფაქტორი, რაც აჩერებს აკადემიურ პერსონალს, ეს არის დროებითი ხელშეკრულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ სამ-ხუთ წელიწადში გვიწევს აკადემიურ კონკურსში მონაწილეობა, რამაც ბოლო პერიოდში რაღაც ტიპის რეპრესიული ხასიათი მიიღო.

როცა ათი წელი ხარ კონკრეტულ უნივერსიტეტში და მთელი შენი ძალისხმევა აქეთკენ არის მიმართული, 2-3-წლიანი ხელშეკრულება ძალიან უხერხულია. 3 წელი არსებითად არის ერთი დოქტორანტის ხელმძღვანელობის ვადა. დოქტორანტი შეიძლება ხუთი წელი დარჩეს და შენ გაგიშვან. ან ეს შეიძლება იყოს ერთი პროექტის ვადა. აი, ასეთ არამდგრად მდგომარეობაში აგდებენ პროფესორებს.

იმის გამო, რომ კონკურსი აქვს წინ, არასდროს არაფერზე ხმას არ ამოიღებს პროფესორი.

დასავლურ ქვეყნებში პროფესორს, ექიმსა და პოლიციელს ხელს ვერ დააკარებს ვერავინ, იქ ძალიან მყარი სისტემები აქვთ ამ მხრივ და ეს კარგია. საქართველოშიც შეგვიძლია ავამუშაოთ ეს, თუმცა არ ვამბობ იმას, რომ უცებ, მთელი ქვეყანა სიკვდილამდე დასაქმებულები უნდა გავხდეთ, მაგრამ რაღაც უფრო მდგრადი კონტრაქტები უნდა არსებობდეს, რომ ადამიანს ჰქონდეს მეტი თავისუფლება, მისთვის სულერთი უნდა იყოს ვინ არის რექტორი, განათლების მინისტრი და ასე შემდეგ.

პროფესორმა უნდა იცოდეს, რომ 15-20 წელი იქნება თავის ადგილზე და თავის საქმეს გააკეთებს, თუ რაღაც საშინელება არ ჩაიდინა.

  • როგორ ფიქრობთ, თუ ობიექტურად გაივლიან უნივერსიტეტები ავტორიზაცია-აკრედიტაციას და შეიცვლება სტუდენტთა დაფინანსების წესი, ეს გაზრდის სწავლების ხარისხს?

მე არ ვარ მომხრე, რომ ერთი ხელის მოსმით დაიხუროს უნივერსიტეტები, მაგრამ ფაქტია, რომ  60 უნივერსიტეტი ძალიან ბევრია ამ ქვეყნისთვის. არ გვაქვს საკმარისი აკადემიური რესურსი. იდეაში, აკრედიტაცია არ არის რაღაც ბუა, ჯანსაღი პროცესია, მაგრამ აკრედიტაციის მინიჭება ხდება სტანდარტის მიხედვით და ასე მწვავედ ვერ ერევა სახელმწიფო ამ რეგულაციებში.

გამოსავალი არის ალბათ იმაში, რომ ტემპი დავაგდოთ და ნელ-ნელა ვიზრუნოთ სისტემის გაუმჯობესებაზე, მეტი ვიზრუნოთ სასკოლო განათლებაზე, რადგან ამის გარეშე უმაღლესი განათლების პრობლემა ვერ მოგვარდება, მასწავლებლობა პოპულარული უნდა გახდეს, რომ ახალი კადრების ჩადინება მოხდეს სისტემაში, ხელფასი უნდა იყოს ღირსეული, რომ რესურსებიც ოპტიმალურად გადაეწყოს სისტემაში. 

არ შეიძლება ყველა უნივერსიტეტს ერთნაირი მისია ჰქონდეს, უნდა დაკონკრეტდეს ეს მიზნები, რადგან დღეს ყველა ერთსა და იმავეს წერს. უნდა ვიცოდეთ, რას აწარმოებს უნივერსიტეტი, აგრონომებს უშვებს, ტურიზმის სექტორს აუმჯობესებს, თუ ვის უშვებს.

დღეს უნივერსიტეტები აწარმოებენ კადრებს, რომელთა სფეროებიც ქვეყანაში არ არის. დასაქმებას და განათლების სისტემას ბმა არ აქვს ერთმანეთთან.

მეორე მხრივ, კოლეჯები აწარმოებენ კადრებს, რომელთა დასაქმების ბაზარი არის, მაგრამ ამ კადრების მწარმოებელი კოლეჯები გვაქვს უხარისხო. ამიტომ მიდის პროფესიონალი ახალგაზრდობა უცხოეთში, სადაც ანაზღაურებაც მაღალია და მათზე მოთხოვნაც მეტია.

Exit mobile version