ნეტგაზეთი • RU

პრიგოჟინსა და „ვაგნერს“ ბრიტანულ სასამართლოში უჩივიან

ბრიტანული იურიდიული კომპანია McCue Jury & Partners-ი ევგენი პრიგოჟინსა და მის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის. იურისტების განცხადებით, სარჩელი „ვაგნერის“ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელების სახელით მომზადდა და ის „ვაგნერის“ მიერ ჩადენილი ტერორისტული ქმედებების დამადასტურებელ ფაქტებზეა დაფუძნებული.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც სასამართლოში შედის სარჩელი კერძო სამხედრო კომპანიის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის მიმართავს ტერორიზმს, შეკრულია სახელმწიფოსთან და აწარმოებს უკანონო ომს,“ – ნათქვამია იურიდიული კომპანიის განცხადებაში.

იურისტები მიიჩნევენ, რომ ამ სარჩელმა ასევე შესაძლოა შეცვალოს აზრი იმასთან დაკავშირებით, როგორ იყენებენ სახელმწიფოები კერძო ორგანიზაციებს, რათა საერთაშორისო დანაშაულზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ.

McCue Jury & Partners-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოების დატერორების მიზნით „ვაგნერელები“ აწამებენ, კლავენ და აუპატიურებენ უკრაინელ მოქალაქეებს.

Hromadske-მ კომენტარი ამ საქმის პერსპექტივებზე უფლებადამცველს, „სამოქალაქო თავისუფლების ცენტრის“ ექსპერტს, ვოლოდიმირ იავორსკის სთხოვა.

ექსპერტის შეფასებით, მსოფლიო პრაქტიკაში ასეთი პრეცედენტი არასდროს ყოფილა, ამიტომაც რთულია პროგნოზი, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ეს საქმე.

„სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრიტანეთის სასამართლოში სარჩელს ვერ შეიტან, რადგან სახელმწიფოსაც და მის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებსაც დიპლომატიური იმუნიტეტი აქვთ, რაც არ აქვს კერძო სამხედრო კომპანიას, ამიტომაც შესაძლოა მასთან სასამართლოში დავა. თუმცა ჯერ ალბათ იქნება ცალკე განხილვა იმაზე, მიიღებს თუ არა ბრიტანული სასამართლო ამ საქმეს წარმოებაში,“ – განმარტავს იავორსკი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს სასამართლო მიიღებს და საბოლოოდ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, რომელთა შესახებაც ჯერჯერობით ინფორმაცია უცნობია, ეს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მყოფ დაზარალებულებს შეიძლება შეეხოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.