განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩვენ გვაქვს დიდი აცდენა ქაღალდებსა და რეალობას შორის – პროფესორი

02.11.2022 • 2616
ჩვენ გვაქვს დიდი აცდენა ქაღალდებსა და რეალობას შორის – პროფესორი

„პერმანენტულ რეჟიმში ვმუშაობ, არ ვიცი, როდის მაქვს თავისუფალი დღე და დრო. ბევრი ჩემი კოლეგაა ანალოგიურ სიტუაციაში. უკიდურესად გადატვირთულები ვართ“ – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი. „ბათუმელები“ მას უმაღლეს განათლებაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

  • ბატონო ლევან, რა პრობლემები არსებობს საუნივერსიტეტო სისტემაში და თქვენ, როგორც პროფესორს, რაში გიშლით ეს ხელს?

მე ვფიქრობ, უმაღლესი განათლება ვერასდროს იქნება ხარისხიანი, სანამ სასკოლო განათლება არ გახდება ხარისხიანი, რადგან ჩვენი დასაყრდენი არის სკოლა.

ვერაფერს გავხდებით, თუ სკოლიდან არ მოვა აბიტურიენტი, რომელსაც ექნება სათანადო უნარები და თუნდაც წინარე ცოდნა.

  • რა უნარებს გულისხმობთ?

ყველაზე მძიმე, რაც მგონია და რაშიც ვფიქრობ, რომ დათვურ სამსახურს უწევენ სკოლები ბავშვებს, არის ის, რომ ასწავლიან ინფორმაციის დაზუთხვას და გამეორებას ქულის მოსაპოვებლად და არა იმისთვის, რომ თვითონ ბავშვებმა გააცნობიერონ რაღაც.

ასეთ დროს ბავშვებს უვითარდებათ ე.წ. რეპროდუქციული უნარები, მაგრამ სრულიად უუნაროები არიან, როდესაც საქმე ეხება პროდუქციას, შემოქმედებით პროცესებს, კრიტიკულ აზროვნებას, რაღაცის დამოუკიდებლად გაანალიზებას. ძალიან უჭირთ თუნდაც თავიანთი აზრის გამოთქმა.

მე არ მგონია, რომ მათ აზრი არ აქვთ, უბრალოდ პანიკურად ეშინიათ ამ აზრების გამოთქმის, რადგან სკოლაში, სავარაუდოდ, მათგან არავინ ითხოვს ამას 12 წლის განმავლობაში.

არა მხოლოდ უმაღლესში აბრკოლებს ეს სტუდენტების წინსვლას, არამედ აისახება მთელ საზოგადოებაზეც. ვიღებთ ე.წ. ზომბირებულ საზოგადოებას, რომელიც ავტომატურად ასრულებს იმას, რასაც ზემოდან ეუბნებიან. პირდაპირი კორელაციაა ამ ორ ფორმატს შორის.

ცალკე საკითხია სწავლების ფორმატი. ისევ ძალაშია საბჭოთა გამოკითხვის ფორმატი, სადაც ჯერ კიდევ მასწავლებელია ცენტრში, როგორც ერთგვარი მბრძანებელი, რომლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მოსწავლე გადარჩება თუ არა.

შემდეგ კი, უნივერსიტეტში, მე და ჩემს კოლეგებს გვიწევს ძალიან დიდი ძალისხმევის გაღება იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გადავაჩვიოთ ახალგაზრდები. მიეჩვიონ გუნდურ მუშაობას, კი არ გაიმეორონ, არამედ გამოიყენონ ინფორმაცია იმისთვის, რომ შექმნან ახალი ცოდნა, დამოუკიდებლად შეძლონ დაკვირვება.

  • არანაკლები კრიტიკა მომისმენია პროფესორ-მასწავლებლების მიმართაც. როგორ ფიქრობთ, ლექტორებს რა გასაჭირი გაქვთ დღეს?

დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ ისევ ვცხოვრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი გავიდა საბჭოთა რეჟიმის ჩამოქცევიდან, მაინც დიდი კვალი დატოვა განათლების სისტემაზე ამ რეჟიმმა. ბევრი მათგანი, ვინც იმ პერიოდში იყო საგანმანათლებლო სისტემაში, ისევ არის უმაღლესი განათლების წიაღში, მათ კვლავ აბარიათ ახალი თაობის გაზრდა, რაც, პრინციპში, პრობლემაა.

მე არ ვამბობ, რომ ყველა ცუდი იყო აქედან, ან პიროვნულად, ან კომპეტენციების მხრივ, მაგრამ, საქმე ის არის, რომ შეიცვალა პარადიგმა, არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ მეთოდურიც და აქ ვადგებით ყველაზე დიდ პრობლემას, როგორიც არის სწავლების მეთოდები.

როგორც სკოლაში აისახება სწავლების მეთოდები, ასევე აისახება უმაღლესი განათლების შედეგებიც შემდეგ საზოგადოებაზე.

ძალიან ბევრი ლექტორი მარტივად უყურებს სწავლებას, კვლავ ძველ ფორმატში ასწავლიან, არ აქვთ ინტერაქციული სემინარები, დისკუსიის ფორმატი, ან თუ აქვთ – ძალიან მწირე.

ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ ააწყოს კურსი ისე, რომ ახალმა თაობამ, რომელიც იზრდება სრულიად ონლაინფორმატში, შეძლოს ინფორმაციის გათავისება. დღეს სწავლების ძირითადი ფორმატი კვლავ არის ლექცია.

  • როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?

ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ დასავლურ უნივერსიტეტებს, მათ შორის ისეთ მძიმე, კონსერვატიულ უნივერსიტეტებს, როგორიც არის გერმანიაში და იქაც კი, სალექციო კურსი მთელ პროგრამაში შეიძლება იყოს ორი ან სამი. უმრავლესობა არის სასემინარო, რადგან ასეთ ფორმატში სტუდენტი სწავლობს დისკუსიის წარმოებას, ინფორმაციის მოძიებას, გამოყენებას, ანალიზს, თავისი დაკვირვებების გაზიარებასაც, რაც სალექციო ფორმატში ვერ მოხდება, გამორიცხულია.

ჩემს კოლეგებთან მქონია ამაზე საუბარი და გულწრფელად უთქვამთ, რომ ამისთვის მათ დრო არ რჩებათ, რადგან დიდი ძალისხმევა სჭირდება ტექნოლოგიებში გარკვევას, ეს არ არის მხოლოდ სიტყვების გადაწყობა სილაბუსში, პრაქტიკაშიც უნდა შეიცვალოს ყველაფერი. დრო არ ჰყოფნით ამ ყველაფრისთვის.

  • რას გულისხმობენ დროის არქონაში, რით არიან დატვირთული?

ყველაფერს. ჩვენ ვართ უკიდურესად გადატვირთულები. მე მაქვს ფუფუნება, შემიძლია მთელი ჩემი ძალისხმევა დავუთმო საგანმანათლებლო სისტემას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ აკადემიური საქმეები, სტუდენტის ხელმძღვანელობა თუ კვლევა, ვცდილობ, ჩემი ცხოვრება მთლიანად ამ საქმეს შევწირო.

  • თქვენ როგორ ახერხებთ ამას, რის ხარჯზე?

ძალიან მძიმედ, ეს ნიშნავს იმას, რომ პერმანენტულ რეჟიმში ვმუშაობ, არ ვიცი, როდის მაქვს თავისუფალი დღე და დრო. ბევრი ჩემი კოლეგაა ანალოგიურ სიტუაციაში.

კოლეგების ნაწილი ახერხებს, რომ ფოკუსირდეს მთლიანად კვლევაზე და ეს ძალიან კარგია, რაც მე პირადად ძალიან მიჭირს, რადგან სწავლებას და ადმინისტრირებას მიაქვს მთელი დრო და კვლევისკენ რომ ვუბიძგო ჩემს თავს, ვცდილობ ზაფხულში მთელი არდადეგები დავუთმო ამ საქმეს და ესეც არ არის ნორმალური.

სულ რაღაც არის გასაკეთებელი, ამიტომ გვიწევს არჩევანის გაკეთება. ან უნდა უღალატო ადმინისტრაციულ საქმეს, ან არ განაახლო სილაბუსი, არ ჩაიხედო პროგრამაში, არ უპასუხო ვინმეს წერილზე და ასე შემდეგ.

  • რომელი კომპრომისი აზარალებს სასწავლო პროცესს?

ყველა ყველას აზარალებს. მე მგონია, რომ ძალიან დაჩქარებულია პროცესები საქართველოში და ამიტომ არის, რომ არაფრისთვის დრო არ გრჩება.

მე მიწევს გერმანიაში, ავსტრიაში, შვედეთში ჩასვლა და ვადარებ ხოლმე სურათს ერთმანეთს. ბუნებრივია, მხართეძოზე წამოწოლილი არც ერთი პროფესორი არ არის არც ერთ ქვეყანაში, იქაც არის გადაწვის შემთხვევები, მაგრამ იქ პროცესები არის ნელი. არ არის ისეთი ისტერიული ტემპი, როგორიც ჩვენთან.

  • აქ რატომ გვაქვს ისტერიული ფონი, იმიტომ, რომ სპონტანურად ხდება სიახლეების შემოტანა?

ჩვენ ძალიან გვინდა დავეწიოთ ევროპას, რაც გამორიცხული ამბავია. რა თქმა უნდა, უდიდესი მიღწევაა ის, რომ ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა გააგრძელონ ევროპის უნივერსიტეტებში, ისარგებლონ მობილობით და ეს ნამდვილად მიმაჩნია მიღწევად, მაგრამ ევროპაში რაღაც რომ შეცვალო, დიდი დრო გჭირდება ჯერ დაკვირვებისთვის, შემდეგ მუშავდება დადებითი და უარყოფითი მხარეები, რეკომენდაციები და ამის შემდეგ ინერგება სიახლე ნელა და ხარისხიანად.

მაგალითად, ევროპაში სილაბუსი შეიძლება იყოს ერთაბზაციანი, სადაც წერია, რას ისწავლის კურსზე სტუდენტი. თუ წერია „სემინარი“, ისედაც გასაგებია, რაც ხდება. ჩვენთან კი სილაბუსი 15-20 გვერდია. ეს სერიოზული პრობლემაა.

მესმის, რომ აქ განათლების სისტემა გადაწყობის პროცესშია, მაგრამ ქაღალდზე რაღაცის ცვლილება და ლამაზად აწყობა არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ რეალობაშიც შეცვლილია რაღაც. პრობლემაა ის, რომ ჩვენთან ქაღალდებსა და რეალობას შორის აცდენაა და ხარისხის უზრუნველყოფა მთლიანად გადართულია ქაღალდომანიაზე.

  • გაცვლითი პროგრამები პროფესორებს არ ეხმარება მოტივაციაში, კვალიფიკაციის გაზრდაში?

როცა ვთქვი, რომ ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცე, აქ ვიგულისხმე ისიც, რომ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებსაც ლექციაზე შევუშვებთ, მინიმალური განათლება მაინც უნდა ჰქონდეთ მიღებული დასავლეთში, უნდა დაესწრონ სემინარებს ან ერთი სემესტრი მაინც უნდა ისწავლონ დასავლურ უნივერსიტეტებში. ეს გამოცდილება არის საკვანძო, სხვანაირად ვერ ააწყობ სასწავლო პროცესს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

თუ კვლევაში არიან ჩართული, მაშინ ღირს „ერაზმუსით“ წასვლა, სხვა შემთხვევაში კი ნაკლებად ამართლებს. მოტივაციაზე მოქმედებს დაბალი ანაზღაურებაც, რის გამოც ლექტორი იძულებულია ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი, რაც ასევე ნიშნავს უზარმაზარ დატვირთვას, ღამეების თევას და ასე შემდეგ.

  • არ მახსენდება შემთხვევა, რომ ლექტორებს ან მასწავლებლებს როდისმე ხმამაღლა მოეთხოვოთ ხელფასის მომატება ან ღირსეული სამუშაო პირობები. როგორ ფიქრობთ, რატომ?

ალბათ მიიჩნევენ, რომ სხვებთან შედარებით მაინც უკეთეს პირობებში არიან. მეორე ფაქტორი ისაა, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში განსხვავებულია ანაზღაურებაც. კერძო უნივერსიტეტების ნაწილში ძალიან კარგი ხელფასებია. პროფესორსაც და მოწვეულსაც კარგად უხდიან, ამიტომ ამ საკითხში ჩვენ ვერ ვიქნებით ერთსულოვანი.

შემდეგი ფაქტორი, რაც აჩერებს აკადემიურ პერსონალს, ეს არის დროებითი ხელშეკრულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ სამ-ხუთ წელიწადში გვიწევს აკადემიურ კონკურსში მონაწილეობა, რამაც ბოლო პერიოდში რაღაც ტიპის რეპრესიული ხასიათი მიიღო.

როცა ათი წელი ხარ კონკრეტულ უნივერსიტეტში და მთელი შენი ძალისხმევა აქეთკენ არის მიმართული, 2-3-წლიანი ხელშეკრულება ძალიან უხერხულია. 3 წელი არსებითად არის ერთი დოქტორანტის ხელმძღვანელობის ვადა. დოქტორანტი შეიძლება ხუთი წელი დარჩეს და შენ გაგიშვან. ან ეს შეიძლება იყოს ერთი პროექტის ვადა. აი, ასეთ არამდგრად მდგომარეობაში აგდებენ პროფესორებს.

იმის გამო, რომ კონკურსი აქვს წინ, არასდროს არაფერზე ხმას არ ამოიღებს პროფესორი.

დასავლურ ქვეყნებში პროფესორს, ექიმსა და პოლიციელს ხელს ვერ დააკარებს ვერავინ, იქ ძალიან მყარი სისტემები აქვთ ამ მხრივ და ეს კარგია. საქართველოშიც შეგვიძლია ავამუშაოთ ეს, თუმცა არ ვამბობ იმას, რომ უცებ, მთელი ქვეყანა სიკვდილამდე დასაქმებულები უნდა გავხდეთ, მაგრამ რაღაც უფრო მდგრადი კონტრაქტები უნდა არსებობდეს, რომ ადამიანს ჰქონდეს მეტი თავისუფლება, მისთვის სულერთი უნდა იყოს ვინ არის რექტორი, განათლების მინისტრი და ასე შემდეგ.

პროფესორმა უნდა იცოდეს, რომ 15-20 წელი იქნება თავის ადგილზე და თავის საქმეს გააკეთებს, თუ რაღაც საშინელება არ ჩაიდინა.

  • როგორ ფიქრობთ, თუ ობიექტურად გაივლიან უნივერსიტეტები ავტორიზაცია-აკრედიტაციას და შეიცვლება სტუდენტთა დაფინანსების წესი, ეს გაზრდის სწავლების ხარისხს?

მე არ ვარ მომხრე, რომ ერთი ხელის მოსმით დაიხუროს უნივერსიტეტები, მაგრამ ფაქტია, რომ  60 უნივერსიტეტი ძალიან ბევრია ამ ქვეყნისთვის. არ გვაქვს საკმარისი აკადემიური რესურსი. იდეაში, აკრედიტაცია არ არის რაღაც ბუა, ჯანსაღი პროცესია, მაგრამ აკრედიტაციის მინიჭება ხდება სტანდარტის მიხედვით და ასე მწვავედ ვერ ერევა სახელმწიფო ამ რეგულაციებში.

გამოსავალი არის ალბათ იმაში, რომ ტემპი დავაგდოთ და ნელ-ნელა ვიზრუნოთ სისტემის გაუმჯობესებაზე, მეტი ვიზრუნოთ სასკოლო განათლებაზე, რადგან ამის გარეშე უმაღლესი განათლების პრობლემა ვერ მოგვარდება, მასწავლებლობა პოპულარული უნდა გახდეს, რომ ახალი კადრების ჩადინება მოხდეს სისტემაში, ხელფასი უნდა იყოს ღირსეული, რომ რესურსებიც ოპტიმალურად გადაეწყოს სისტემაში. 

არ შეიძლება ყველა უნივერსიტეტს ერთნაირი მისია ჰქონდეს, უნდა დაკონკრეტდეს ეს მიზნები, რადგან დღეს ყველა ერთსა და იმავეს წერს. უნდა ვიცოდეთ, რას აწარმოებს უნივერსიტეტი, აგრონომებს უშვებს, ტურიზმის სექტორს აუმჯობესებს, თუ ვის უშვებს.

დღეს უნივერსიტეტები აწარმოებენ კადრებს, რომელთა სფეროებიც ქვეყანაში არ არის. დასაქმებას და განათლების სისტემას ბმა არ აქვს ერთმანეთთან.

მეორე მხრივ, კოლეჯები აწარმოებენ კადრებს, რომელთა დასაქმების ბაზარი არის, მაგრამ ამ კადრების მწარმოებელი კოლეჯები გვაქვს უხარისხო. ამიტომ მიდის პროფესიონალი ახალგაზრდობა უცხოეთში, სადაც ანაზღაურებაც მაღალია და მათზე მოთხოვნაც მეტია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: