მთავარი,სიახლეები

„საქართველოში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ პერსპექტივა არ გვქონდა“ – 18 წელი გერმანიაში

04.11.2022 • 3907
„საქართველოში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ პერსპექტივა არ გვქონდა“ – 18 წელი გერმანიაში

სოფო თოლორდავა 18 წელია გერმანიაში ცხოვრობს, საქართველო 23 წლისამ დატოვა. თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა და დიპლომის დაცვის დრო ახლოვდებოდა, როცა გერმანიის პატარა ქალაქიდან სამშვილიანმა ოჯახმა შესთავაზა ძიძობა Au-Pair-ის პროგრამით.

სოფოც წავიდა.

„საქართველოში არასდროს მტოვებდა შეგრძნება, რომ დავამთავრებდით სწავლას და არანაირი პერსპექტივა არ გვექნებოდა, არ მტოვებდა შეგრძნება, რომ თავს ვიტყუებდით და ამის საშინელი შიში მქონდა.

თეატრალურ უნივერსიტეტში საკურსო ფილმებისთვის საჭირო ფულს მშობლები გვაძლევდნენ, მრცხვენოდა დედაჩემის. 23 წლის ვიყავი და მინდოდა ჩემი სამსახური მქონოდა, მაშინ არც კაფე-ბარები იყო ასე მრავლად, კანტიკუნტად იყო კაფეები თბილისში, არ იყო სტუდენტური ვაკანსიები. ზენიტით ვიღებდი ფოტოებს, ჩემი ფოტოებით ფულს ვერ გამოვიმუშავებდი. მახსოვს, ერთადერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების გადაღება დამიკვეთა. ეს იყო თბილისში ჩემი პირველი და უკანასკნელი ჰონორარი“, – იხსენებს სოფო და აგრძელებს:

„ტელე-კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თბილისის კინოსტუდია მუზეუმად იყო ქცეული და ვეცნობოდით, როგორ მუშაობდნენ იქ ადრე კინემატოგრაფები. ეს იყო ანალოგიდან ციფრულ ფორმატზე გადასვლის პერიოდი კინოში, ჩვენთან კინოინდუსტრია გაჩერებული იყო თითქმის.

საავტორო ფილმებს იღებდნენ, მაგრამ მდარე ხარისხისას. ყველაფერს თეორიულად ვსწავლობდით და პრაქტიკა არ გვქონა. კი ტარდებოდა ფესტივალები, ჩვენი ფილმებიც გაგვქონდა ამ ფესტივალებზე, ვაწყობდით ფოტოგამოფენებს, გავდიოდით სამსახიობო ოსტატობის არაჩვეულებრივ კურსს, მაგრამ არ გვქონდა პრაქტიკა, ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო საკმარისი.

ეს სრულად გავიაზრე მაშინ, როცა მიუნხენის კინოსკოლიდან ჩამოვიდნენ ტრენერები და ამ სკოლის მუშაობის პროგრამები გაგვაცნეს: გვაჩვენეს ჩვენხელა სტუდენტების ნამუშევრები. მაშინ მივხვდი, რომ დიდი სხვაობა იყო. კრეატიულობით ჩვენ არ ჩამოვუვარდებოდით, მაგრამ ძალიან გვაკლდა ტექნიკური ცოდნა, მონტაჟის, კამერის ფლობის, დრამატურგიის მაღალი კლასი იყო. დიდი უპირატესობა იგრძნობოდა“, – ამბობს სოფო და იხსენებს საქართველოდან უცხო ქვეყანაში წასვლის, სწავლის, ინტეგრაციის ამბებსაც.

სოფო თოლორდავა, ფოტოგრაფი:

„2003 წელს ჩავედი ერთწლიანი პროგრამით სამშვილიან ოჯახში. 8 საათს ბავშვებს ვუვლიდი და სანაცვლოდ, პროგრამის მიხედვით, მათ მშობლებს ენის კურსებზე სიარულის შესაძლებლობა უნდა მოეცათ. გამიმართლა, კარგ ოჯახში მოვხვდი. კოლის დროს [გერმანიის კანცლერი -ავტ.] შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ეს კაცი, ვის ბავშვებსაც ვუვლიდი.

ენის საუკეთესო კურსები მოძებნეს ჩემთვის, სულ მაკვირდებოდნენ, თუ მოვიწყენდი, მაცნობდნენ მეგობრებს, დავდიოდით სამოგზაუროდ, ძალიან მიფრთხილდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო არ იყო მარტივი და ძალიან ვიღლებოდი, ამ ხალხის დამოკიდებულება ამას ანეიტრალებდა. მეც წესიერად ვშრომობდი, არ მეზარებოდა ჩემი საქმის კეთება და ამას აფასებდნენ.

ძალიან რთული იყო მჩქეფარე სტუდენტური ცხოვრებიდან გერმანიის პატარა, უძრავ ქალაქში გადასახლება ბავშვების მომვლელად, მაგრამ ექვს თვეში აღმოვაჩინე, რომ ენას ძალიან სწრაფად ვსწავლობდი ოჯახთან ურთიერთობით და ჩემი მიზანიც ეს იყო: 1 წელიწადში ამ ოჯახისგან ენა კარგად უნდა მესწავლა, რომ გერმანიის კინოსკოლაში გამეგრძელებინა სწავლა.

ვიცოდი, რომ ყველაფერს ნულიდან ვიწყებდი და სხვა ქვეყანაში ინტეგრაცია იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი. სირთულეების გადალახვასა და სტრესთან გამკლავებაში დამეხმარა ჩემი ხასიათიც: ყველაფერი ახალი მაინტერესებდა, არ მეშინოდა სიახლეების და თუნდაც უშედეგო მცდელობების.

მაშინ მხოლოდ მეილებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს მეგობრები. თვეში ერთხელ მეგობარი მწერდა მეილებს, ფოსტით მიგზავნიდა თავის ახალ ტექსტებს და სიმღერებს მიზიარებდა, რაც მოსწონდა. თბილისიდან ჩემი სხხვა უახლოესი მეგობრებიც მიგზავნიდნენ წერილებს და ეს განსაკუთრებით მითბობდა გულს.

მახსოვს, პირველი ხელფასით ყველა ჩემი მეგობრისთვის პატარ-პატარა საფულეები ვიყიდე და ყველა საფულეში 5-5 ევრო ჩავდე, ფოსტით გავგზავნე ეს საფულეები თბილისში. დაიკარგა გზაში, თურმე არ შეიძლებოდა ფოსტით გაგზავნილ საჩუქარში ფულის ჩადება. ძალიან დამწყდა გული.

სოფო თოლორდავა საქართველოში, მეგობრებთან ერთად

ძიძის ერთწლიანი პროგრამა რომ დამთავრდა, ბოხუმში გადავედი საცხოვრებლად. ენის ინტენსიური კურსი უნდა გამევლო, რომელიც უნივერსიტეტისთვის ამზადებდა სტუდენტებს.

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში სრული დამოუკიდებლობის პირველი წელი: არ მქონდა არსად წასასვლელი, სამსახურიც თავად უნდა მეპოვა, ქირაც უნდა გადამეხადა და მესწავლა – თან მემუშავა.

ყველაფერი ჩემს მხრებზე გადმოვიდა. სრული დამოუკიდებლობა ვიგრძენი. ჩემს ცხოვრებაზე პირველად ავიღე სრული პასუხისმგებლობა. არაჩვეულებრივი განცდა იყო. ცოტა საშიში, მაგრამ თან ძალიან სასიამოვნო.

თავიდან, ვინმეს ბავშვებს როცა ვუვლიდი, ან როცა ვინმეს სახლს ვალაგებდი, ან მიმტანად ვმუშაობდი, საკუთარი თავი მეცოდებოდა. დღის პირველ ნახევარში ვმუშაობდი, მეორეში – ვსწავლობდი. მერე დავძლიე საკუთარი თავის სიბრალულის საფეხური.

მქონდა ჩემი ფული, ვიხდიდი სწავლის საფასურს, დაზღვევისა და ქირის ფულს.

ბოხუმის ალტერშტადპარკთან, იგივე ძველი ქალაქის პარკთან იყო ჩვენი საყვარელი სახლი, რომელსაც ექვსი ქართველი გოგო ვქირაობდით. კარლსონის სხვენივით სართული გვქონდა, თითოს თითო ოთახი საერთო დერეფნით.

ყველა სწავლობდა, ყველა მუშაობდა, ყველას თავისი საქმე ჰქონდა, ყველას ჰქონდა მიზანი, რომ ესწავლა და მერე სხვადასხვა ქალაქში ვგეგმავდით ცხოვრებას.

ჰამბურგის უნივერსიტეტში ჩავირიცხე 2006 წელს და მას შემდეგ ამ ქალაქში ვცხოვრობ. მედიაკომუნიკაციის მიმართულებაზე დავიწყე სწავლა, ამ ფაკულტეტს ჰქონდა კინომცოდნეობისა და ხელოვნების ისტორიის განხრაც.

სამი სემესტრი ვსწავლობდი და მივხვდი, რომ ეს იყო მშრალი სამეცნიერო ფაკულტეტი, სწავლა არ იყო მარტივი. ენა ვიცოდი, მაგრამ სამეცნიერო ენა იყო რთული გასაგებადაც და მერე გადმოსაცემადაც.

სიღრმისეულად გვასწავლიდნენ მედიაკომუნიკაციის თეორიებს, რაც არ მაინტერესებდა. კინოსკოლაში ვერ გავაგრძელე გერმანიაში სწავლა, რთული აღმოჩნდა იქ ჩარიცხვა: ჩარიცხვამდე აუცილებელი იყო წარგედგინა აქტუალურ თემებზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მე მხოლოდ თბილისში გადაღებული ფილმები მქონდა და არ მიიღეს, ძველიაო. გერმანიაში ვერ გადავიღებდი ფილმს, რთული სამუშაო გრაფიკი და ენის კურსები ამის დროს და რესურსს არ ტოვებდა.

დეპრესია მქონდა ხშირად, როცა აღმოვაჩინე, რომ არ მოვხვდი იმ ფაკულტეტზე, სადაც მინდოდა.

თუმცა ჰამბურგის უნივერსიტეტში გავიცანი არაჩვეულებრივი დოკუმენტალისტები, მირჩევდნენ, სად შემეძლო გამეგრძელებინა სწავლა და გადამეტანა საბუთები, მათი რჩევით გადავედი საოპერატორო სამონტაჟო-ფაკულტეტზე, მალევე შევქმენი ოჯახი, მეყოლა ნუცა, მერე ილია, ჩემი მეუღლეც ინტეგრაციის პროცესს გადიოდა, არქიტექტორია და აქ რომ დასაქმებულიყო, აქვე სჭირდებოდა კვალიფიკაცია.

ოპერატორად მუშაობა ვერ შევუთავსე პატარა ბავშვების დედობას. ტელევიზიაში მუშაობის თუ ფრილანსერობის დროს ოპერატორს სჭირდება ბევრი დრო და რესურსი დამკვიდრებისთვის, შედეგიანი მუშაობისთვის. დავიწყე ფიქრი, თუ რისი შეთავსება შემეძლო ბავშვებთან ერთად, ისე, რომ კადრზე მემუშავა, რაც მომწონს ის მეკეთებინა, ამით ხელფასიც მქონოდა და ბავშვებთან ყოფნისთვისაც მქონოდა დრო. ფოტოგრაფიაზე შევაჩერე ყურადღება.

აქ ასე არ ხდება, რომ აიღო კამერა და ფოტოგრაფი დაირქვა. ნორმალური პირობებით დასასაქმებლად ყველა საქმეში კვალიფიკაცია გჭირდება. დამყავდა პატარა ნუცა, თან ვმუშაობდი ნახევარ განაკვეთზე და თან ფოტოდიზაინის ორწლიან კურსზე დავიწყე სწავლა. სწავლის დასასრულს ჰამბურგის დიდ ფოტოსტუდიაში გავგზავნე ჩემი პორტფოლიო, ფოტოასისტენტად რომ დავსაქმებულიყავი. ამიყვანეს.

სოფო თოლორდავა

ამ დიდი ფოტოსტუდიიდან კერძო შეკვეთები გამოჩნდა და მივხვდი, რომ ფრილანსერობითაც კარგად გამოვიმუშავებდი, თან დროსაც ისე ვანაწილებდი, როგორც მსურდა. დავაგროვე რეცენზიები, გამდიდრდა ჩემი პორტფოლიო და ახლა კერძო შეკვეთებზე ვმუშაობ. ვიღებ ბავშვებს და დიდი ქარხნებისთვის დანადგარების დეტალებს, ინდუსტრიულ ნაწილებს, ეს ფოტოები მერე დიდ კატალოგებსა და ონლაინმონაცემებში თავსდება. მართალია, ეს არ არის მხატვრული ფოტოგრაფია, მაგრამ ვფიქრობ, ამის დროც დადგება. ჩემთვის მთავარია, რომ მძიმე, ფიზიკური შრომა არ მიწევს და ვმუშაობ იმით, რაც მიყვარს: კამერით.

დროს ისე ვგეგმავ, როგორც მე მსურს. არ მიწევს იმის კეთება, რაც უაზროდ მღლის, არ მავითარებს და მეგობრებს მაკარგვინებს. სოციალური კონტაქტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თვე თუ ისე გადის, რომ 24 საათი მუშაობ, მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს ვერ ნახულობ, ფასი აღარაფერს აქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია „მოვუარო“ ამ ტიპის ურთიერთობებს, სამსახური ამის საშუალებას უნდა მაძლევდეს.

თავიდან ვფიქრობდი, რომ გერმანელები თავშეკავებული და ცივი ხალხია, მაგრამ 18 წელია უკვე აქ ვცხოვრობ და მივხვდი, რომ უბრალოდ ფრთხილები არიან, დიდი დრო სჭირდებათ ნდობის მოსაპოვებლად.

მას შემდეგ, რაც შვილები გამიჩნდა, ოჯახებით დავუმეგობრდით შვილების მეგობრების მშობლებს და ჩემი სამეგობრო წრეც გაიზარდა, კულტურული ზღვარიც გაქრა თითქოს ჩვენ შორის, 18 წელი დიდი დროა, ადამიანად ამ ქვეყანაში ჩამოვყალიბდი. დღემდე მაოცებს ამ ხალხის შრომისუნარიანობა, წესრიგი და ცხოვრების დაგეგმილი წესი, ეს რაღაცაში ძალიან გეხმარება, მაგრამ ხანდახან ნერვებსაც მიშლის და საკუთარი პროტესტით ვცხოვრობ ზოგჯერ.

სხვების მსგავსად არასდროს ვამოწმებ ამინდის პროგნოზს გარეთ გასვლამდე, არც ავტობუსის განრიგს ვუყურებ ზუსტად რა დროს მოვა. რა მოხდა, თუ გაჩერებაზე 20 წუთი მომიწევს ცდა? ხომ შეიძლება ცოტა დრო მქონდეს, შევისვენო და ვიფიქრო რამეზე, თუნდაც ავტობუსის ლოდინში?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: