მთავარი,სიახლეები

მობილიზაციამ პუტინს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა – ISW

05.11.2022
მობილიზაციამ პუტინს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებების მიუხედავად, მობილიზაციამ რუსეთის პრეზიდენტს მისი მიზნების მისაღწევად სასურველი შედეგები ვერ მოუტანა.

ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მობილიზაციის შედეგად დაგეგმილზე უფრო მეტი რეზერვისტი შეგროვდა, თუმცა ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად წინაპირობებს ქმნის. ეს კი ადასტურებს, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ხარჯზე კრემლმა ვერ შექმნა საკმარისი დამატებითი ძალა უკრაინაში მაქსიმალური მიზნების მისაღწევად.

„პუტინი ცდილობს შეაჩეროს სოციალური დაძაბულობა და ამას მიანიშნებს ისიც, რომ მან რეზერვისტების მობილიზაციასთან ერთად მსჯავრდებულების მობილიზაციაზეც გასცა ნებართვა,“ – წერს ISW და დასძენს, რომ მობილიზაცია მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის ეკონომიკას და შესაძლოა გაამძაფროს სოციალური დაძაბულობა, თუკი კრემლი „სპეციალური ოპერაციის“ მონაწილეებისადმი საკუთარ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.

ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის სარდლობა ცდილობს, ახალმობილიზებული პირადი შემადგენლობა დონეცკის შეტევებისთვის გამოიყენოს, თუმცა დიდი ალბათობით, ამ რესურსით კრემლი სასურველ შედეგებს ვერც ამ რაიონში აღწევს.

„დონეცკის ოლქში რუსეთის შეტევითი ოპერაციების გაძლიერება მიუთითებს, რომ კრემლი უკვე დაშვებულ შეცდომას იმეორებს. პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდამ მოწინავე პოზიციებზე შესაძლოა რუსეთს მცირე ოპერატიული წარმატება მოუტანოს დონეცკის ოლქში, თუმცა ცუდი მომზადება, ლოგისტიკა და მეთაურობა მას მომავალში ძალიან შეუშლის ხელს სერიოზული წინსვლაში”.

ISW ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია დეზერტირების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, უკიდურეს ზომებს მიმართავს და ასე პასუხობს პირადი შემადგენლობის დაბალი მორალური განწყობით გამოწვეულ სერიოზულ პრობლემებს. ინსტიტუტის მონაცემებით, დიდი ალბათობით, მეთაურებს დეზერტირების დახვრეტის ბრძანება აქვთ.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ჯარები განაგრძობენ დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან გასვლას, რათა ხარკოვის მსგავსი უკონტროლო უკანდახევა აიცილონ თავიდან;
  • ირანი სარგებლობს რუსეთის დამოკიდებულებით მის შეიარაღებაზე და მოსკოვს თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელებაში დახმარებას სთხოვს;
  • საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ ხერსონის ოლქიდან მოქალაქეების იძულებით ევაკუაციას;
  • რუსეთისა და საოკუპაციო ხელისუფლებების ჩინოვნიკები ასევე განაგრძობდნენ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: