მთავარი,სიახლეები

გაურკვეველია, აპირებს თუ არა რუსეთი ხერსონისთვის ბრძოლას – ISW

04.11.2022 • 932
გაურკვეველია, აპირებს თუ არა რუსეთი ხერსონისთვის ბრძოლას – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, კვლავაც გაურკვეველია, აპირებს თუ არა რუსეთის არმია ქალაქ ხერსონისთვის ბრძოლას.

როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში მიუთითებენ, რუსეთის ძალები ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან გასვლას განაგრძობენ.

ISW-ს მოჰყავს ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლის, კირილ სტრემოუსოვის გუშინდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, „რუსეთის ძალები გადაინაცვლებენ დნეპრის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე რაც შეიძლება სწრაფად“.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სტრემოუსოვის განცხადების საპირისპიროდ, რუსეთის ძალები სათადარიგო პოზიციებს ქმნიან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და დამატებითი ძალებით ამაგრებენ თავდაცვით პოზიციებს ქალაქ ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით.

ინსტიტუტის ცნობით, ხერსონის დასავლეთ ნაწილში რჩებიან ე.წ. ელიტური დანაყოფები – საჰაერო ძალები და საზღვაო ქვეითები.

„მათი გამოყვანა ჩრდილოეთ ხერსონიდან იქნებოდა ცხადი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის ძალები ქალაქისთვის ან ოლქის დასავლეთ ნაწილისთვის ბრძოლას არ აპირებენ,“ – წერს ISW და დასძენს, რომ სტრემოუსოვი ვერ იქნება სანდო წყარო, რადგან ის მუდმივად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს და ორიენტირებულია საოკუპაციო ხელისუფლებაში საკუთარი პოზიციის შენარჩუნებაზე.

ინსტიტუტის ცნობით, უკრაინული და რუსული წყაროები ასევე აქტიურად განიხილავდნენ ცნობებს ხერსონის მიმდებარედ ზოგიერთი რუსული საგუშაგოს დახურვის შესახებ და რუსეთის დროშის ჩამოხსნას ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის შენობიდან – როგორც ქალაქიდან რუსეთის არმიის უკან დახევის ნათელ ნიშნებს.

კრემლისტური მედიის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებამ დროშა ჩამოხსნა, რადგან საოკუპაციო ადმინისტრაცია ყირიმის საზღვართან, ქალაქ ჰენიჩესკში გადავიდა.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში ასევე მიუთითებენ, რომ საერთაშორისო ატომური სააგენტოს განცხადების შემდეგ, რუსები ქმნიან ყველა პირობას, რათა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სასწრაფოდ შეუერთონ რუსულ ენერგოქსელს.

ატომურმა სააგენტომ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ბირთვულ მასალებს არადანიშნულებისამებრ არ იყენებს.

ISWის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის სარდლობამ ნაადრევად ჩართო ახლახან მობილიზებული პირადი შემადგენლობა დონეცკის ოლქის შეტევით ოპერაციებში იმ იმედით, რომ თუნდაც მინიმალურ ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიოს;
  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას კრემანაიასა და სვატოვოს მიმართულებაზე;
  • რუსეთის ძალებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს ბახმუტის, ავდეევკისა და დონეცკის რაიონებში;
  • რუსეთის არმია კვლავაც აწყდება მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის მომარაგების სერიოზულ პრობლემებს;
  • რუსეთის თავდაცვის უწყება მობილიზაციის ოფიციალურად დასრულების შემდეგ ფარულ მობილიზაციაზე გადავიდა;
  • ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლება განაგრძობს ხერსონის ოლქიდან მოქალაქეებს იძულებით ევაკუაციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: