მთავარი,სიახლეები

კრემლმა მობილიზებულებს 6 თვეში $32,4 მილიარდი უნდა გადაუხადოს, ეს მისთვის უკვე პრობლემაა – ISW

03.11.2022 • 1124
კრემლმა მობილიზებულებს 6 თვეში $32,4 მილიარდი უნდა გადაუხადოს, ეს მისთვის უკვე პრობლემაა – ISW

ომი, მობილიზაცია და დასავლური სანქციები – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის ეკონომიკაზე ამ ყველაფრის გავლენის ხანგრძლივი დამაზიანებელი ეფექტი უკვე სახეზეა, ვლადიმერ პუტინის მოწოდებები კი კონკურენტუნარიან რუსულ სამხედრო წარმოებაზე რეალობისგან მოწყვეტილია.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები ეყრდნობიან სააგენტო Reuters-ის ფინანსური ექსპერტების გათვლებს, რომელთა თანახმადაც, მობილიზებულებისთვის გადასახდელი თანხა, სოციალური ბენეფიტების ჩათვლით, კრემლს ექვს თვეში 900 მილიარდი რუბლიდან 3 ტრილიონ რუბლამდე დაუჯდება (დაახლოებით $14,6- $32,4 მილიარდი) და ეს ჯამური თანხა არ ითვალისწინებს სხვა კატეგორიის სამხედრო ძალების – კონტრაქტით დაქირავებული სამხედროების, მოხალისე მებრძოლებისა თუ იმ სამოქალაქო სპეციალისტების გასამრჯელოს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.

ISW-ის ადრინდელი დათვლებით, 400-კაციანი მოხალისეთა ბატალიონი რუსეთს თვეში სულ მცირე $1,2 მილიონი უჯდება.

„კრემლს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს დაპირებული კომპენსაციების გადახდის თვალსაზრისით, რუსეთის საზოგადოებაში კი სოციალური დაძაბულობა იზრდება,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები და მიუთითებენ რუსული ტელეგრამ არხებით გავრცელებულ ვიდეოებზე, რომლებშიც მობილიზებული სამხედროები ფინანსურ საკითხებს აპროტესტებენ.

ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დასავლური სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის მოწოდებები კონკურენტუნარიანი სამხედრო წარმოების შექმნაზე რეალობისგან სრულიად მოწყვეტილია.

ინსტიტუტის აზრით, პუტინის განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტთანაც, რომ ბოლო პერიოდში, რუსეთი აქტიურად ყიდულობს შეიარაღებას ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან.

„სავარაუდოდ, რუსეთი იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდა ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რადგან მნიშვნელოვნად ამოწურა საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებისთვის საჭირო საბრძოლო მასალების საკუთარი მარაგები და მათი მარტივად შევსება აღარ შეუძლია. რუსეთის დამოკიდებულება იზოლირებულ და მკაცრად სანქცირებულ სახელმწიფოებზე ვერ ეთანხმება პუტინის მოთხოვნებს, რომელთა თანახმადაც რუსეთის სამხედრო წარმოება მაღალკონკურენტუნარიანი უნდა იყოს და დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა შეძლოს რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილება,“ – აღნიშნავს ISW.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობის რუსულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • რუსი და ბელარუსი ოფიციალური პირები განაგრძობდნენ საინფორმაციო ოპერაციას, რომ ბელარუსი მზადაა ჩაერთოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, თუმცა ბელარუსის ომში ჩართვა კვლავაც ნაკლებსავარაუდოა;
  • რუსეთის ძალები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებებზე;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდაცვით ოპერაციებს მდინარე დნეპრის გასწვრივ;
  • რუსეთის ჯარებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს ბახმუტისა და დონეცკის სიახლოვეს;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ მობილიზაციას და მოხალისეთა ბატალიონების შექმნის მცდელობას;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავაც იძულებით ასახლებენ ხერსონის ოლქის მოსახლეობას და იძულებით გაჰყავთ უკრაინელი ბავშვები რუსეთში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: