მთავარი,სიახლეები

მედვედევის აზრით, მოღალატე დივერსანტები ადგილზე, გამოძიების გარეშე უნდა დახვრიტონ

03.11.2022
მედვედევის აზრით, მოღალატე დივერსანტები ადგილზე, გამოძიების გარეშე უნდა დახვრიტონ

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის ახლანდელი მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საჭიროებაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის პერიოდში საკუთარ ქვეყანას ღალატობს, დივერსიებსა და ტერორისტულ აქტებს აწყობს, სხვაგვარი სასჯელი არ შეიძლება არსებობდეს.

„რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ სხვადასხვანაირი ლურჯ-ყვითელი დივერსანტები. ახალგაზრდა უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებმაც ეს-ესაა მიაღწიეს სრულწლოვანებას, მწყობრიდან გამოიყვანეს რამდენიმე სარკინიგზო ობიექტი უფაში ვითომ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას არ ეთანხმებიან.

ჩვენ ეს მახინჯები ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ, განათლების საშუალება მივეცით და სანაცვლოდ – ტერაქტები და დივერსია. ამავე რიგში არიან „ჩვენებიც“, ვინც სამხედრო კომისარიატებს წვავს და სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტს ანადგურებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინელი ტერორისტები ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ტერიტორიაზე ხოცავენ,“ – წერს მედვედევი თავის ტელეგრამარხზე.

უშიშროების საბჭოს მდივანი იხსენებს, როგორ ექცეოდნენ „დიდი სამამულო ომის დროს საბოტაჟის მომწყობებს, რომლებიც ასეთ საქმიანობას ფაშისტების ბრძანებით ეწეოდნენ,“ – მათ არავინ ეფერებოდა.

„ასეთი არამზადებისთვის ერთადერთი განაჩენი არსებობს – დახვრეტა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. პირდაპირ დანაშაულის ადგილზე. იმიტომ, რომ თუ შენ ასეთი დანაშაულის ჩამდენი მოღალატე ხარ, შენ აღარც ასაკი გაქვს, აღარც ეროვნება და აღარც საკუთარი სიცოცხლის დაცვის უფლება.

თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია. ძალიან ჰუმანურია. სხვათა შორის, ბირთვული იარაღის მფლობელი სხვა დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით (აშშ, ჩინეთი და ინდოეთი). თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – აუცილებლობის შემთხვევაში ეს მორატორიუმი შეიძლება შეიცვალოს კიდეც. ეს არჩევანის საკითხია, რა გზებს ავირჩევთ ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და საზოგადოების დასაცავად,“ – აცხადებს მედვედევი.

კრემლისტური მედიის ცნობით, უფის სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ოთხ სტუდენტს, რომლებსაც რკინიგზაზე დივერსიების მოწყობაში ედებათ ბრალი.

სამი დაკავებული 18 წლისაა, ერთი კი 17-ის.

ბრალდების მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის ომისადმი პროტესტის ნიშნად მათ ხუთჯერ სცადეს რკინიგზაზე ელექტროტექნიკური აღჭურვილობის დაზიანება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: