მთავარი,სიახლეები

უგზო-უკვლოდ დაკარგული. სავარაუდოდ, ტყვეობაში – 21 წლის საზღვაო ქვეითის ისტორია

04.11.2022 • 1114
უგზო-უკვლოდ დაკარგული. სავარაუდოდ, ტყვეობაში – 21 წლის საზღვაო ქვეითის ისტორია

„გაუქმებული ანგარიში“ – ასე ჰქვია დენის ხარჩენკოს მისი საცოლის, ეკატერინას მესინჯერში. სოციალურმა ქსელმა დენისის ანგარიში წაშალა, რადგან მისი მფლობელი უკვე თითქმის ნახევარი წელია იქ აღარ შესულა.

დენისი აპრილის შუა რიცხვებიდან ტყვეობაშია, თუმცა ოჯახთან დარეკვა პირველად მხოლოდ ორი თვის წინ მოახერხა.

21 წლის დენის ხარჩენკო 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითია, რომელმაც ღირსების რევოლუციის შემდეგ გადაწყვიტა სამხედრო გამხდარიყო და ოჯახის ტრადიცია გაეგრძელებინა. ხარკოვის საჰაერო ძალების ნაციონალური ინსტიტუტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, დენისი უკვე მარიუპოლში მოწინავე პოზიციებზე მოხვდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი – ტყვეობაში.

დენისის ოჯახში მამის მხრიდან ოთხი თაობა სამხედროები იყვნენ, ამიტომ როდესაც 2015 წელს 15 წლის დენისმა სამხედრო ლიცეუმში გადასვლა გადაწყვიტა, მის ამ არჩევანს ყველაზე მეტად მხარი მამამ და ბაბუამ დაუჭირეს.

„ოცნებობდა, მფრინავი გამხდარიყო,“ – იხსენებს ტატიანა, დენისის დედა Hromadske-სთან, რომელმაც ეს რეპორტაჟი მოამზადა.

2021 წელს დენისი ნიკოლაევში გადაიყვანეს. ის საზენიტო-საარტილერიო ასეულის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახდა.

„თავიდან არასერიოზულად ეკიდებოდნენ, მისი პირადი შემადგენლობაც კი. იქ 40-50 წლის ხალხი იყო, დონბასში ნაბრძოლი. უყურებდნენ დენისს და პატარა ბიჭს ხედავდნენ, მაგრამ ერთ თვეში მოახერხა და მათი პატივისცემა მოიპოვა,“ – ჰყვება დენისის საცოლე ეკატერინა.

დენის ხარჩენკო/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

2022 წელს დენისი უკვე მარიუპოლში შეხვდა. თებერვალში ომი დაიწყო.

24 თებერვლის დილით ტატიანა აფეთქების ხმამ გააღვიძა – ჩერნიგოვში მის სახლთან ახლოს სამხედრო შტაბს რუსებმა დაარტყეს. ტატიანა პატარა შვილთან, დენისის 12 წლის დასთან ერთად, ჩერნიგოვიდან 15 კილომეტრში, სოფელ ივანკოვოში გადავიდა, თუმცა ძალიან მალე, ზუსტად ერთ კვირაში, იქაც რუსები შევიდნენ.

მარტის ბოლოს უკრაინის არმიამ ივანკოვო გაათავისუფლა და გაათავისუფლა ტატიანაც, რომელსაც ოკუპაციის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დეიდა და ნათესავი კაცი მოუკლეს.

ამ ხნის განმავლობაში დედას დენისთან კავშირი არ ჰქონია.

დენისთან დაკავშირებას ვერც ეკატერინა ახერხებდა. მარიუპოლიდან კონტაქტზე იშვიათად გამოდიოდა. ძირითადად შეტყობინებებს სწერდა. ლაპარაკი მხოლოდ ერთხელ მოახერხეს.

„ტელეფონში მესმოდა სროლის ხმა, განგაშის სიგნალი. ომზე არ გვილაპარაკია, ძირითადად ვლაპარაკობდით იმაზე, როგორო წავიდოდით კარპატებში, ლაშქრობაში,“ – იხსენებს ეკატერინა.

როდესაც დენისთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, გოგონა მის ნაცნობებს სწერდა იმის გასაგებად, რომ დენისი ნამდვილად ცოცხალი იყო.

„ცოცხალია. გადავცე რამე?“ – გაიგონა ერთხელ უცხო ხმა ტელეფონში.

„გადაეცით, რომ ძალიან მიყვარს“.

რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ნომრიდან დაურეკეს, – „მთხოვეს, გადმომეცა – „მეც“.

ეკატერინა და დენისი/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

აპრილის დასაწყისში ტატიანას ნაცნობებმა დაურეკეს და შეატყობინეს, რომ დენისი რუსულ არხზე გასულ სიუჟეტში დაინახეს.

„17 აპრილს „როსია 1-ზე“ ახალ ამბებში დავინახე. მილიონჯერ ვუყურე ალბათ ამ სიუჟეტს. ვაკვირდებოდი, როგორ მოჰყავდათ, როგორ დადიოდა, დაჭრილი ხომ არ იყო. მის თითოეულ სიტყვას ვაანალიზებდი. ამბობდა, რომ წყლისა და საკვების პრობლემა იყო, რომ ეს პრობლემა იქ ყველას აწუხებდა. მისი ლაპარაკიდან მივხვდი, რომ დონეცკში იმყოფებოდა,“ – იხსენებს ტატიანა.

კიდევ ერთ ვიდეოს ოჯახმა ინტერნეტში მიაგნო, დენისთან ინტერვიუს, რომელშიც ის ჰყვებოდა, როგორ ჩავარდა ტყვედ მარიუპოლთან ახლოს, ერთ-ერთი ოპერაციის დროს. ვიდეოს ეწერა ადგილმდებარეობაც – დონეცკი.

ამის შემდეგ ოჯახს მის შესახებ აღარაფერი გაუგია. სექტემბრის ერთ დილას კი დენისმა დედას დაურეკა.

„ეგრევე ვიცანი მისი ხმა. მეკითხებოდა, როგორ ხართ მანდ სახლშიო,” – ჰყვება ტატიანა. – „მივხვდი, რაც აინტერესებდა, მათ ხომ იქ ინფორმაციას არ აწვდიდნენ. მე ვუპასუხე – სახლში – უკრაინაში, ყველაფერი კარგადაა“.

რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკა ეკატერინასაც: „მეკითხებოდა, რას ვაკეთებდი, როგორ ვიყავი. ყველაფერი მოვუყევი, ვცდილობდი, მისთვის ძალა მიმეცა.“

თუმცა ქალები ამბობენ, რომ ეს ზარები ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს, რადგან მათ ამ დრომდე არ აქვთ ოფიციალური დადასტურება რუსული მხარისგან, რომ დენისი ნამდვილად ტყვედაა.

სამხედრო ნაწილიდან, სადაც დენისი მსახურობდა, პასუხი ასეთია: „უგზო-უკვლოდ დაკარგული, სავარაუდოდ, ტყვეობაში.“

მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს რუსეთის ტყვეობიდან 215 უკრაინელი დაბრუნდა, ეკატერინა ერთ-ერთ მათგანს, სვიატოსლავ ერმონოვს ელაპარაკა – სწორედ მისგან შეიტყო, რომ დენისი ოლენოვკაში იყო, თუმცა რუსეთში გადაიყვანეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: