მთავარი,სიახლეები

რა თქვა მთავარმა ექსპერტმა ოზთურქის საქმეზე სასამართლოში

03.11.2022 • 4444
რა თქვა მთავარმა ექსპერტმა ოზთურქის საქმეზე სასამართლოში

„ოზთურქის საქმეზე“ დღეს, 3 ნოემბერს, სამი მოწმის ჩვენება მოისმინა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს.

„მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი თქვა“, – უთხრა მოსამართლეს მოწმე ლელა დავითაძემ. ის ექიმი – ნარკოლოგია დ მორიგე იყო იმ საღამოს, როცა დაკავებული ოზთურქი ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში შეიყვანეს.

ექიმმა განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენა 1-დან 7 დღემდე შეიძლება შარდის ნიმუშში, თუმცა მათ ეს კვლევა არ ჩაუტარებიათ.

„შეიძლება, რომ სამი-ოთხი დღის შემდეგ შემოწმდეს და მაინც არ გამოჩნდეს?“ – ჰკითხა ექიმს პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„კი, ასეც შეიძლება მოხდეს“, – თქვა მოწმემ და მცირე პაუზის შემდეგ დასძინა: „ვინც ხანგრძლივი მომხმარებელია, 7 დღის განმავლობაში გამოჩნდება, გააჩნია მეტაბოლიზმს, შინაგანი ორგანოების მდგომარეობას“.

გალიფ ოზთურქის დაკავების შემდეგ ადვოკატებმა გაასაჯაროვეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ოზთურქის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა. ადვოკატების თქმით, ოზთურქმა სისხლის ნიმუში ექსპერტიზას დაკავებიდან მე-3 დღეს ჩააბარა.

„თქვენ ხართ მთავარი ექსპერტი, არა?“- ეს მორიგ ექსპერტს, შორენა მუხაშავრიას ჰკითხა მოსამართლემ, როცა ის მოწმისთვის განკუთვნილ ტრიბუნას მიუახლოვდა. შორენა მუხაშავრია ქიმიკოსია, საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის მთავარი ექსპერტი და ის მედიკამენტები გამოიკვლია ლაბორატორიაში, რაც სამართალდამცველებმა ამოიღეს ოზთურქის ბინიდან კოკაინთან ერთად.

„52 საკვლევი ობიექტი იყო, 169 ტაბლეტის შემთხვევაში დადასტურდა, რომ შეიცავდა ფსიქოტროპულ ნივთიერებას,“- თქვა მოწმემ. მას ოზთურქის ბინიდან ამოღებული ნარკოტიკის – კოკაინის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.

რატომ არ ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა შეფუთვაზე, ანუ დარჩა თუ არა იქ ვინმეს თითის ანაბეჭდი? – ამ საკითხზე მსჯელობას დღევანდელს სხდომაზე ყველაზე დიდი დრო დაეთმო. ქიმიკოსმა, რომელმაც მედიკამენტები ლაბორატორიული წესით გამოიკვლია, თქვა, რომ ის გენეტიკური პროფილის ექსპერტიზაზე არ მუშაობს და მედიკამენტები იკვლია ისე, რომ თითის ანაბეჭდის ნიმუშები არ განადგურებულიყო.

ექსპერტი სასამართლოს ჩვენებას აძლევს

„ლაბორატორიაში მარტო ვიყავი… ამ დროს ექსპერტს აცვია ხალათი, ხელთათმანი, ქუდი, პირბადე, გავხსენი პაკეტი, ავიღე ნიმუშისთვის საკმარისი ოდენობა თითოეული შეფუთვიდან და მოვათავსე ბიოლოგიურ პაკეტში,“ – თქვა ექსპერტმა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამაზე რამდენიმე საათი მუშაობდა.

„მაგრამ იგივე შეფუთვა გამოდგება დნმ-ის საკვლევად?“ – ჩაეძია მოწმეს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

„მე არ ვარ დნმ-ის ექსპერტი… მე ვმოქმედებდი მეთოდოლოგიის შესაბამისად,“ – ემოცია დაეტყო ექსპერტსაც, როცა ადვოკატმა არ დაუმალა ეჭვი: გენეტიკური ექსპერტიზა პროკურატურას ამ შეფუთვებზე არ მოუთხოვია და ახლა შესაძლოა ვეღარც ჩატარდეს, რადგან ნიმუში შეიძლება განადგურებული იყოს.

„ჯადოქრები ხომ არ ვართ, სხვანაირად ამოვიღოთ?“ – ადვოკატს მიუბრუნდა ექსპერტი, – „სხვაგვარად ნიმუშის გამოკვლევა ვერ მოხდება,“ – დასძინა პაუზის შემდეგ.

„ამდენი საათის განმავლობაში პირბადე, ან ქუდი არ მოიხადეთ? არ დაგახველათ?“ – არ მოეშვა მოწმეს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

„არა, არ მომიხდია… არ მახსოვს, რა დრო დასჭირდა ამას, მაგრამ მახსოვს, დიდხანს დავრჩი ლაბორატორიაში,“ – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.

ადვოკატმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფურცლებიც ააფრიალა: „ამ საქმეში გამოცალკევება მოხდა საკვლევი ობიექტის, რომ ნიმუშები არ დაზიანებულიყო. სხვადასხვა მეთოდოლოგიით შეიძლება მუშაობდეს ერთი და იგივე სამსახური?“ – იკითხა ადვოკატმა.

„გააჩნია, რა ნივთიერება იქნება ეს,“ – თქვა ექსპერტმა და ადვოკატის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა, რომელი მედიკამენტის, ან ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში აცალკევებენ შეფუთვიდან შიგთავსს.

რატომ არ დაინტერესდა გამოძიება გენეტიკური ექსპერტიზით, რაც ამ შემთხვევაში დაადასტურებდა, იყო თუ არა ოზთურქის თითის ანაბეჭდი ფსიქოტროპული მედიკამენტების შეფუთვაზე.

„ჩატარებულია გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა,“ – მოკლედ გვიპასუხა პროკურორმა ლევან მურვანიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მან მოუცლელობის გამო ჩვენ სხვა კითხვებს ვეღარ უპასუხა.

„ექსპერტიზა ჩაუტარდა მხოლოდ კოკაინის შეფუთვას, სხვა მედიკამენტების შეფუთვას – არა,“ – ამბობს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

დღეს კიდევ ერთი მოწმე „მეტრო ჰოლდინგის“ დაცვის თანამშრომელი, მირზა ბოლქვაძე იყო. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მან შენობა აღწერა, სადაც ოზთურქი დააკავეს და აღნიშნა ისიც, რომ ოზთურქი დუპლექსის ტიპის ბინაში ცხოვრობდა მე-18 სართულზე.

„საიდან იცით, რომ დუპლექსის ტიპის ბინა ერთმანეთს კიბით უკავშირდება, რასაც თქვენ აღნიშნავთ, თქვენ თავად ნახეთ?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

„მეტრო ჰოლდინგის“ დაცვის თანამშრომელი მირზა ბოლქვაძე ჩვენების მიცემის დროს

„არ მინახავს, მაგრამ ყველამ ვიცით ხომ დუპლექსი,“ – გაოცება დაეტყო დაცვის თანამშრომელს, რომლის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თავიდან ბლომდე ჩაკითხვა პროკურორს მას შემდეგ მოუხდა, როცა საგრძნობი გახდა – პროკურორის კითხვებს მოწმე პრაქტიკულად არ პასუხობდა.

„ეთანხმებით, რაც წავიკითხე?“ – იკითხა პროკურორმა.

თანხმობის ნიშნად მოწმემ თავი დაუქნია პროკურორს, თუმცა შემდეგ ადვოკატისთვის მოუხდა პასუხის გაცემა:

„აქ რომ ასე გეზარებათ ლაპარაკი, პოლიციის განყოფილებაში თქვენ ისაუბრეთ? სამი გვერდი ჩაიკითხა ახლა პროკურორმა?“ – ეჭვით გახედა მოწმეს ადვოკატმა.

„5 საათი ვიჯექ განყოფილებაში, ზედმეტი მე რამე არ მითქვამს,“ – მიუგო ადვოკატებს დაცვის თანამშრომელმა.

გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო სხდომას დასწრებია. ბრალდებულმა სასამართლოს აცნობა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის პროცესს ვერ დაესწრება.

„ოზთურქის საქმის“ არსებითი განხილვა ხვალ, 4 ნოემბერს გაგრძელდება.

———————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: