მთავარი,სიახლეები

G20-ის სამიტზე ბაიდენს პუტინთან დერეფანში შეხვედრაც კი არ სურს – Politico

19.10.2022 • 1386
G20-ის სამიტზე ბაიდენს პუტინთან დერეფანში შეხვედრაც კი არ სურს – Politico

ჯო ბაიდენს „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან არათუ პირისპირ, არამედ დერეფანში შეხვედრა და საერთო ფოტოზე გამოჩენაც კი არ სურს. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ახლა სწორედ იმით არიან დაკავებული, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აიცილონ.

ამის შესახებ გამოცემა Politico-ს უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ ტეილორმა უთხრა.

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რას ფიქრობს ბაიდენი პუტინზე.

„როგორც წესი, მკვლელებსა და სამხედრო დამნაშავეებს არ ხვდებიან,“ – ამბობს ტეილორი.

თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ერთხელ შეხვდა – 2021 წელს ჟენევის სამიტზე. კიდევ რამდენჯერმე მათ ტელეფონით ისაუბრეს, იმ დროისთვის ჯერ კიდევ სავარაუდო სამხედრო აგრესიაზე.

CNN-ის კითხვას, შეხვდება თუ არა პუტინს მომავალ თვეში G20-ის სამიტზე ინდონეზიაში, ერთი კვირის წინ ბაიდენმა უპასუხა, რომ მასთან ლაპარაკის მიზეზს ვერ ხედავს.

„ეს დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, რაზე საუბარი ენდომებოდა მას“, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ თუ პუტინი ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის საქმეზე ლაპარაკს მოისურვებს, მაშინ მასთან სასაუბროდ მზად იქნება. – „მაგრამ ის მხეცურად მოიქცა, მხეცურად მოიქცა. ვფიქრობ, მან ომის დანაშაულები ჩაიდინა და, შესაბამისად, ვერ ვხედავ რაიმე რაციონალურ მიზეზს, მას ახლა შევხვდე.“

რუსეთის ფედერაციაში სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა შეერთებული შტატების მოქალაქეს, კალათბურთელ ბრიტნი გრინერს.

G20-ის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება. კრემლმა უკვე დაადასტურა, რომ პუტინმა მიწვევა მიიღო და რომ რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე დასწრებას გეგმავს.

მიწვევა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, თუმცა უცნობია, ის სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში გაემგზავრება, თუ „დიდი ოცეულის“ მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართავს. უკრაინელი პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ზელენსკი სავარაუდოდ, მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის ამ უკანასკნელ ფორმას აირჩევს.

მთავარ ფოტოზე: ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ჟენევაში, 2021 წელი/ფოტო: ალექსანდრ ზემლიანიჩენკო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: