მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არ სძინავს ბავშვს? – ინტერვიუ ბავშვთა ნევროლოგთან

03.11.2022 • 14508
რატომ არ სძინავს ბავშვს? – ინტერვიუ ბავშვთა ნევროლოგთან

ბავშვებს ხშირად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ცხადია, ამ პრობლემას არანაკლებ მწვავედ განიცდიან მათი მშობლებიც. “ხოზრევანიძის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი ირმა ხვიჩია ამბობს, რომ ცუდი ძილი უარყოფითად აისახება ბავშვის იმუნურ სისტემაზე, „ეს შეიძლება გახდეს ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადების გამომწვევი მიზეზიც კი“ – ამბობს ის.

  • ქალბატონო ირმა, რა ასაკშია განსაკუთრებით პრობლემური ძილთან დაკავშირებული სირთულეები?

ძილის დარღვევა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური პრობლემაა, ხშირად მომმართავენ ამ ჩივილებით ბავშვების მშობლები. უფრო მეტად ძილის დარღვევები გვხვდება 2-წლინახევრის – სამი წლის ასაკამდე ბავშვებში; შემდეგ უკვე თინეიჯერობის ასაკში, ანუ 12 წლის ზემოთ იჩენს თავს  ეს პრობლემა და ეს ძირითადად  გაჯეტების აქტიურ გამოყენებას უკავშირდება.

ზოგადად, 2-წლინახევრის, 3 წლის ასაკამდე ბავშვის ღამის ნორმალური ძილი უნდა იყოს 24 საათში 8-13 საათი. თუ ბავშვის ღამის ძილი არის 8 საათზე ნაკლები, ეს უკვე პათოლოგიაა. თუ ბავშვს სძინავს, მაგალითად, წყვეტილი ძილით, ამ ხანმოკლე ძილის ეპიზოდებს მოჰყვება ხანგრძლივი სიფხიზლის ფაზა, შემდეგ კი ისევე ხანმოკლე ძილი და მთლიანობაში ბავშვს არ სძინავს 8 საათი, ეს იმის ნიშანია, რომ მშობელმა უნდა მიმართოს პედიატრს ან/და ნევროლოგს.

Mayoclinic: 3 წლამდე ბავშვებმა უნდა იძინონ 8-დან 13 საათამდე ღამის განმავლობაში და ერთიდან სამ საათამდე – დღისით.

სამი წლიდან ბავშვები მიდიან საბავშვო ბაღში და იქ, ისე თუ ისე, ეჩვევიან რეჟიმს, დღის ძილს, იძინებენ ერთსა და იმავე დროს. ასევე, ბაღებში არის ეს ტენდენცია, რომ ძილამდე ერთი საათით ადრე აქტიურ თამაშებს აღარ ათამაშებენ ბავშვებს და აჩვევენ ძილის რიტუალს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და თავისთავად – დღის განმავლობაში კვებასაც.

  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა მიზეზები შეიძლება უშლიდეს ბავშვის ძილს ხელს?

არსებობს ძილის ბევრნაირი დარღვევა. ჩვილობის ასაკში არსებობს უძილობა, რომელიც დაკავშირებულია ისეთ პედიატრიულ პრობლემასთან, როგორიც არის ნაწლავთა ჭვალი, ე.წ. კოლიკა. ამის გამო ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს ღამით მუცლის ჭვალით. პრობლემას აწესრიგებს პედიატრი, სპეციალური პრეპარატების საშუალებით, დედას კი ვურჩევთ, რომ როცა ბავშვი გაიღვიძებს, აანთოს შუქი, ჩაეხუტოს, მოეფეროს მას, აგრძნობინოს სითბო, რომ ის მარტო არ არის. ბავშვი ცოტა ხანში ისევ ჩაიძინებს.

ღამით გაღვიძება შეიძლება დაკავშირებული იყოს სუნთქვასთან, ამას ჰქვია ძილის აპნოე, როცა ბავშვი აჩერებს სუნთქვას და ცოტა ხანში ისევ აგრძელებს. ეს ძილის სარისკო პრობლემაა, ამ შემთხვევაში აუცილებლად ხდება ნევროლოგთან გადამისამართება, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, რომ დადგინდეს, ხომ არ არის ეს სუნთქვის სიძნელე დაკავშირებული ცხვირ-ხახასთან არსებულ პრობლემებთან, კარდიოლოგთანაც ვაგზავნით ასეთ პაციენტებს – გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების გამოსარიცხად.

ღამის ძილის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევამაც – ამ დროს ირღვევა ზოგადად სუნთქვა, არასწორი სუნთქვა იწვევს აპნოესკენ მიდრეკილებას ან სუნთქვის რითმის დარღვევას და ბავშვიც იღვიძებს.

ძილის აპნოეს შემთხვევაში კეთდება ძალიან თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევა, პოლისომნოგრაფია, რომელიც ტარდება ძილის დროს და გვეხმარება ძილის ხანგრძლივობის და სტრუქტურის შესწავლაში. ის ყველაფერი, რაც ხდება ბავშვის ძილში, პოლისომნოგრაფიულად აღიბეჭდება, ვიდეო რეჟიმში, სადაც ჩანს ბავშვის ძილში სუნთქვის გაჩერების მომენტი და როგორ პასუხობს მას გულსისხლძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა თუ თავის ტვინი.

შემდეგ იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა, ხდება პაციენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან – თავის ტვინიდან თუ მოდის, ბავშვს ნევროლოგი მკურნალობს; თუ კარდიოლოგიურია – კარდიოლოგი, თუ სუნთქვის შეკავებაა ყელ-ყურის პათოლოგიდან გამომდინარე – ოტორინოლარინგოლოგთან ვუშვებთ; ხოლო თუ თანკბილვაა მიზეზი, სტომატოლოგ-ორთოდონტი გვეხმარება თანკბილვის სტრუქტურის მოწესრიგებაში.

  • სხვა რა უშლით ბავშვებს ძილში ხელს, რისი მოგვარებაც მშობლებს შეუძლიათ?

ბავშვის უძილობის მიზეზი შეიძლება გახდეს კვების რეჟიმი. კერძოდ, თუ დღის განმავლობაში ბავშვს არ აქვს მოწესრიგებული კვება, მაგალითად, თუ დღისით ბავშვმა არ მიიღო სათანადო რაოდენობით საკვები, თუ ეს საკვები არის არაკალორიული, თუ არ აქვს საკვები მიღებული დაძინებამდე ერთი საათით ადრე – შეიძლება გაიღვიძოს, იმიტომ, რომ ღამე მოშივდეს და მოუნდეს ჭამა.

ასევე შესაძლებელია ბავშვი ტიროდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძილის წინ მშობელმა კარგად დაანაყრა, აჭამა ზედმეტად დიდი ულუფა და ამის გამო ვერ ისვენებდეს. ზოგადად, ჩვენ დედებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად, ყველა ასაკის ბავშვთან ჩამოყალიბდეს ძილის ჰიგიენა, ეს იგივეა რაც ძილის რეჟიმის დაცვა, ბავშვმა ერთსა და იმავე დროს უნდა დაიძინოს.

ძილის წინ ერთი საათით ადრე:

  • უნდა შეიზღუდოს ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვა, თამაში თუ სიმღერა;
  • უნდა გაითიშოს ეკრანები;
  • არ მისცეთ ბავშვებს ისეთი მატონიზირებელი სასმელები, როგორიცაა ჩაი და კაკაო;

ასეთი სასმელები უნდა გამოირიცხოს, იმიტომ, რომ მათში შემავალი კოფეინი ამცირებს მელატონინის გამომუშავებას. მელატონინი კი ძილის ჰორმონია, რომელიც უნდა გამომუშავდეს ძილის წინ, მისი გამომუშავება საჭიროა, რომ მოგგვაროს ძილი, როგორც ბავშვებს, ისე დიდებს.

  • რა დრო სჭირდება ძილის ჰიგიენის ჩამოყალიბებას?

თუ ყველაფერი სწორად გააკეთა მშობელმა, ერთ კვირაში უნდა იყოს შედეგი. შეიძლება რამდენიმე დღეშიც კი.

  • რა როლი აქვს ბავშვთა უძილობაში ეკრანებს?

არსებობს ღამის შიშები, როცა ბავშვი იღვიძებს ძილში, კივის, დედას სთხოვს შველას, თუმცა დედა ვერ იგებს რას ითხოვს ბავშვი. ეს ხშირი შემთხვევაა. ნევროლოგები ამას ვაკავშირებთ დღის განმავლობაში მიღებულ სტრესთან, უარყოფით ემოციებთან და, ასევე, ეკრანებთან გატარებულ დიდ დროსთან.

ისე ხდება, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად დიდ დროს ატარებენ პლანშეტის თუ მობილურის ეკრანებთან. ასეთ ბავშვებში ხშირია ძილის დარღვევები, უფრო გაღიზიანებულები ხდებიან, ჰიპერაქტიურები, დღის განმავლობაში უფრო ემოციურები და იმპულსურები არიან, უჭირთ ემოციების კონტროლი და შესაბამისად, ღამით ძილის დარღვევებიც აწუხებთ, ეწყებათ ძილის დროს შფოთვა და ა.შ. ან შეიძლება უჭირდეთ ჩაძინება. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთი ბავშვი ღამითაც ეკრანთან რჩება, როცა ლოგინში შეაქვთ მობილური, თამაშობენ ან უყურებენ რაიმეს.

  • რა საშუალებები არსებობს ბავშვების უძილობის საწინააღმდეგოდ?

ბავშვთა ასაკის ძილის დარღვევების სამკურნალო საშუალება ძალიან ბევრია, თუმცა პირველ რიგში პედიატრმა და ნევროლოგმა უნდა დაადგინონ, საიდან მოდის ეს პრობლემა, შემდეგ ანამნეზის შეკრებით გაირკვევა ძილის დარღვევის ხელშემწყობი ფაქტორები და თუ მათი აღკვეთის შემთხვევაშიც გაგრძელდა ძილის დარღვევა, პირველ რიგში ვნიშნავთ მცენარეულ, სედაციურ მედიკამენტებს. ასევე, არსებობს მელატონინის შემცველი პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: