ნეტგაზეთი • RU

უკრაინა ხერსონს პირდაპირი შტურმით არ აიღებს – ექსპერტი

დაახლოებით ორი კვირაა, უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებას იძულებით გაჰყავს მოქალაქეები ოლქის დასავლეთ ნაწილიდან. პარალელურად, რუსეთის არმია სამხედრო სიმაგრეებს აგებს როგორც შიგნით, ქალაქში, ისე მის შესასვლელებთან.

რა ხდება უკრაინის სამხრეთში – Настоящее Время-სთან ხერსონში შექმნილ ვითარებასა და კონტრშეტევის პერსპექტივებზე სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა და ხერსონის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სობოლევსკიმ ისაუბრეს.

სობოლევსკი ადასტურებს, რომ ხერსონში ბევრი ადმინისტრაციული შენობიდან რუსეთის დროშები ჩამოხსნეს, ქალაქის გარშემო კი თავდაცვითი სიმაგრეების მთელი ჯაჭვი შეიქმნა.

„კოლაბორაციონისტებისგან ხერსონში თითქმის აღარავინ დარჩა, მათი ნაწილი სკადოვსკში, ნაწილი კი ჰენიჩესკშია გადასული. ოჯახის წევრებიც გაიყვანეს: ფაქტობრივად უკვე ოლქის ფარგლებს გარეთ არიან“,  – ამბობს სობოლევსკი.

იური სობოლევსკი

მისი ინფორმაციით, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, ისევე როგორც ხერსონში, ცხადად შეიმჩნევა თავდაცვისთვის მზადება, ხერსონის მცხოვრებლებს კი, გარდა იმისა, რომ იძულებით ასახლებენ ოლქის დასავლეთ ნაწილიდან, უქმნიან ისეთ პირობებს, რომ იქაურობა თავისითაც დატოვონ – ისედაც მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე იხურება საავადმყოფოები, მაღაზიები, აფთიაქები, არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ადგილობრივებს საოკუპაციო ხელისუფლება უკრაინელთა კონტრშეტევითა და კახოვკის ჰესზე შესაძლო კატასტროფითაც აშინებს.

„ხალხი ძირითადად ყირიმის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. უკვე ყირიმშივე აიძულებენ მათ, რუსეთის პასპორტები აიღონ, რადგან ამის გარეშე არც ცხოვრების უფლება ექნებათ და არც ფულადი დახმარება. ერთი სიტყვით, ყველაფერთან ერთად, იძულებითი პასპორტიზაციაც მიდის,“ – ამბობს სობოლევსკი.

იმ ფაქტს, რომ რუსები თავდაცვის რამდენიმე ხაზს ქმნიან დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონის გარშემო, სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვიც ადასტურებს.

„რუსები დნეპრის მარჯვენა სანაპიროს უბრძოლველად არ დათმობენ. თავდაცვის რამდენიმე ხაზს ქმნიან ხერსონის გარშემო და ხერსონსაც ქალაქის ბრძოლებისთვის ამზადებენ. შესაბამისად, იმის იმედი, რომ „კეთილი ნების ნიშნად“ ისინი იქიდან ასე უბრალოდ გავლენ, არ უნდა გვქონდეს,“ – ფიქრობს ჟდანოვი.

ოლეგ ჟდანოვი

თუმცა ექსპერტი ვარაუდობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის პირდაპირ შტურმით აღებას არ დაიწყებენ, რადგან მოწინააღმდეგის იქიდან გასადევნად, უკრაინას სხვა გზებიც აქვს.

„ჩვენ ვნახეთ, როგორი იყო ქუჩის ბრძოლები მარიუპოლში და რა დარჩა ქალაქისგან, ვნახეთ ქუჩის ბრძოლები სევეროდონეცკში და ისიც, რა დარჩა ამ ქალაქისგან, ამიტომაც მგონია, რომ უკრაინის არმია პირდაპირ შტურმს არ დაიწყებს.“

ოლეგ ჟდანოვის აზრით, ხერსონისთვის ბრძოლაში ახლა მთავარი ორივე მხარისთვის რეზერვების შევსება იქნება.

რუსეთი მთელ თავის რეზერვს ახლა მარჯვენა სანაპიროსკენ ეწევა – პირად შემადგენლობასაც და ტექნიკასაც. შესაბამისად, სხვა მიმართულებებზე რუსეთს ძირითადად ახალმობილიზებული შემადგენლობა რჩება. თუმცა, ოლეგ ჟდანოვის აზრით, კრემლი ამ რისკზე მიდის, რადგან ხერსონის შენარჩუნება მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

ექსპერტის ინფორმაციით, ხერსონში ახლა რუსეთს დაახლოებით 40 ათასი სამხედრო ჰყავს, დაახლოებით ამდენივე ეყოლება უკრაინას კონტრშეტევისთვის.

ჟდანოვის აზრით, თავდაცვითი სიმაგრეები რუსებს ხერსონთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოადგებათ, თუ უკრაინა პირდაპირ შტურმს დაიწყებს, თუმცა თუ უკრაინა ომის წარმოების თანამედროვე მეთოდებს მიანიჭებს უპირატესობას, შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელშიც რამდენიმე გასროლაც კი საკმარისი იქნება, რათა რუსეთის არმიამ საკუთარი პოზიციები თვითონვე მიატოვოს, რადგან თავდაცვის არანაირი საშუალება აღარ დარჩება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.