მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება აზოვის „დოცენტი“ ტყვეობაზე: პოლკი რუსებისთვის იგივეა, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის

03.11.2022 • 1382
რას ჰყვება აზოვის „დოცენტი“ ტყვეობაზე: პოლკი რუსებისთვის იგივეა, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის

„მოემზადეთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება“ – ეს სიტყვები ვლადისლავ დუტჩაკმა, მეტსახელად „დოცენტმა“, 24 თებერვალს ბევრჯერ მოისმინა – „აზოვის“ ბაზაზეც, მარიუპოლისკენ გზაშიც და „აზოვსტალშიც“.

იმ დილის შემდეგ მისი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა – ჯერ იყო სასტიკი ბრძოლები მარიუპოლისთვის, შემდეგ „აზოვსტალის“ დაცვა და ბოლოს რუსეთის ტყვეობა.

ახლა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ ფოტოები „დოცენტს“ ტკივილს აყენებს:

„ქალაქი, რომელიც აღარ არის. მე მომწონდა მარიუპოლი, ჩემი ოჯახის იქ გადაყვანა მინდოდა, ვიდრე ვმსახურობდი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეგობარი დავკარგე,“ – ეუბნება ვლადისლავი Hromadske-ს, რომელმაც ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

„უნდა ემსახურო სამშობლოს ისე, როგორც უკეთ შეგიძლია“

„აზოვში“ ვლადისლავი პირველად 2017 წელს მოხვდა – უკრაინის სამხედრო ისტორიაზე ლექციების წასაკითხად მიიწვიეს. ერთი განათლებით ვლადისლავი ისტორიკოსია, მეორით – ეკონომისტ-მენეჯერი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატია და პოლიტოლოგიასა და ფილოსოფიას დნეპრისა და ზაპოროჟიეს უნივერსიტეტებში ასწავლიდა.

შეთავაზებას მაშინვე დათანხმდა.

„ეს ლეგენდარული დანაყოფია, რომელიც თავიდანვე იმ ადამიანებს აერთიანებდა, რომლებიც ჩემს შეხედულებებს იზიარებენ. მანამდეც ძალიან მინდოდა „აზოვში“, თუმცა ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს. მერე გავიაზრე: იქნებ ასეც შეიძლება ემსახურო სამშობლოს, როგორც შეგიძლია, როგორც უკეთ გამოგდის?

ასე გახდა „დოცენტი“ „აზოველების“ მასწავლებელი.

აზოვი“ იგივე იყო რუსებისთვის, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის

როდესაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ვლადისლავს კონტრაქტის მეორე წელი ეწურებოდა. 24 თებერვალს სხვა თანამებრძოლებთან ერთად ისიც განგაშის სიგნალმა გამოაღვიძა მარიუპოლთან ახლოს, იურევკაში, „აზოვის“ ბაზაზე.

„ზუსტად ასეთ ომს ველოდებოდით თუ არა? არა, მაგრამ „აზოვი“ მზად იყო ნებისმიერი გამოწვევისთვის, ბიჭები მუდმივად ემზადებოდნენ. ჩვენთვის გასაკვირი ის იყო, რომ მოწინააღმდეგემ თავიდანვე ჩვენს ბაზებს არ დაარტყა.

ბევრჯერ გვითქვამს ერთმანეთისთვის: როდესაც ომი დაიწყება, ისინი პირველ რიგში ჩვენს ბაზებს დაარტყამენ და ჩვენ ამ ომს ალბათ ვეღარც კი გავიგებთ. რუსებისთვის ხომ „აზოვი“ იგივე იყო, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი.“

ვლადისლავ დუტჩაკი/ფოტო: Hromadske.ua

მოგვიანებით, როდესაც უკვე ტყვეობაში მყოფს რუსები დაჰკითხავენ და შეეკითხებიან, რა იგრძნო, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ის მოკლედ უპასუხებს: „გაოცება“.

„მახსოვს, მივდიოდით მარიუპოლისკენ და ჩვენ უკან აღარავინ მოდიოდა, საპირისპირო მხრიდან კი, ბერდიანსკთან, გვხვდებოდა მარიუპოლიდან წამოსულთა კოლონები,“ – იხსენებს 24 თებერვლის დილას ვლადისლავი, რომელიც ომამდე „აზოველების“ გარდა მარიუპოლის მცხოვრებლებთანაც მუშაობდა, სკოლებში ისტორიას ასწავლიდა.

ომის დროს „დოცენტი“ ერთ-ერთი იყო, ვისაც ადგილობრივებისთვის წყალი, პროდუქტები და მედიკამენტები მიჰქონდა. მარტის შუა რიცხვებამდე ვლადისლავი ქალაქში გადიოდა და იქაურებს ეხმარებოდა, შემდეგ კი „აზოვსტალის“ დამცველებს შეუერთდა. „კალინამ“ დავალება მისცა – საინფორმაციო ბიულეტენი მოემზადებინა.

ბიულეტენი ყოველდღე მზადდებოდა და ეწოდებოდა ასე – „მარიუპოლის დაცვის შტაბი იუწყება“. მასში შედიოდა ინფორმაცია გასულ დღე-ღამეში მომხდარი ამბების შესახებ: რა დანაკარგი ჰქონდა მოწინააღმდეგეს, სად იყო ბრძოლები ქალაქში, რამდენი რუსული ტექნიკა დაწვეს და მთელი უკრაინის ამბების მოკლე დაიჯესტი.

„ვიდრე პრინტერი და გენერატორი მუშაობდა, ყოველდღე ვბეჭდავდით, დღეში 40-50 ეგზემპლარს. ჩვენ ამ საინფორმაციო ფურცელს მეთაურებს ვაძლევდით, მეთაურები კი შემდეგ პოზიციებზე მებრძოლებს ურიგებდნენ და ბომბსაფარში მოქალაქეებისთვისაც ჩაჰქონდათ.“

„რუსი ოფიცრის სიტყვა მოგვცეს“

მაისის დასაწყისში „აზოვსტალიდან“ მოქალაქეებისა და მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია დაიწყო, შემდეგ  – დანებების ბრძანება მივიდა.

„ყველას შესანიშნავად გვესმოდა, რომ ტყვეობა „აზოველისთვის“ არ იყო ვარიანტი,“ – ვლადისლავი იხსენებს, რომ რუსულ საიტებზე იმ დროს უკვე იდო მათი ფოტოები და ყველამ იცოდა, რა ელოდათ „აზოველებს“ რუსეთის ტყვეობაში – მათ ეძებდნენ, ნაცისტ დამნაშავეებად აცხადებდნენ და, სავარაუდოდ, ტრიბუნალსაც უმზადებდნენ.

ამ ფოტოებს შორის „დოცენტის“ ფოტოც იყო.

ვლადისლავ დუტჩაკი/ფოტო: Hromadske.ua

„რუსი ოფიცრის სიტყვა მოგვცეს. ლაპარაკი იყო ღირსეულ ტყვეობაზეა. დაე, იმის სინდისზე იყოს, ვინც ეს პირობა მოგვცა. ვიდრე ჩვენი მებრძოლები ტყვეობაში რჩებიან, ყველაფრის მოყოლა არ გამოვა, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენს სამხედრო ტყვეებს, როგორც სამხედრო ტყვეებს, ისე არ ექცევიან“.

გარანტიები „აზოვსტალიდან“ გამოსვლისთანავე დაირღვა.

ვლადისლავმა ტყვეობა ოლენოვკაში გაატარა. ჰყვება, რომ „აზოვსტალის“ ჯოჯოხეთთან შედარებით იქაურობა თავიდან ასე თუ ისე ნორმალური ჩანდა, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი მხოლოდ გაუარესდა.

„აზოველები“ მარიუპოლის დამცველებისგან ცალკე ჰყავდათ. მართალია, ცუდად კვებავდნენ, მაგრამ ვლადისლავის თქმით, შიმშილით მაინც არავინ მოკვდებოდა. და მაინც, ვლადისლავიც, სხვა ტყვეების მსგავსად, თითქმის ანორექსიული წონით დაბრუნდა ტყვეობიდან – ომამდე 106 კილოგრამი იყო, „აზოვსტალიდან“ გამოსვლისას – 86, ტყვეობის შემდეგ კი – 74.

დაკითხვები პროპაგანდისტული არხებისთვის

მაისის ბოლოს სოციალურ ქსელებში „დოცენტის“ „დაკითხვის“ ვიდეო გამოქვეყნდა. ხმა კადრს მიღმა მას ეკითხება, ის ურეცხავდა თუ არა „აზოველებს“ ტვინებს, რაზეც ვლადისლავი მშვიდად პასუხობს, – „არა“ და უხსნის, რომ ლექციებს კითხულობდა მსოფლიოსა და უკრაინის ისტორიაზე.

„დოცენტს“ ეკითხებიან იმასაც, ვინ არიან მისთვის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები.

„უკრაინელები. ცხადია, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც მცდარი შეხედულებები აქვთ, მაგრამ ისინი ისეთივე უკრაინელები არიან, როგორც ჩვენ. ადრე თუ გვიან ჩვენ მათთან საერთო ენას ვიპოვით. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით, ვიმედოვნებ, რომ ამას ჩვენი შვილები გააკეთებენ,“ – ამბობს ვიდეოში „დოცენტი“.

ვლადისლავი იხსენებს, რომ ელენოვკაში შეყვანის პირველი დღეებიდანვე, რუსებმა კოლონიის მხრიდან უკრაინელთა პოზიციებისკენ სროლა დაიწყეს.

„როგორც კი შევედით კოლონიაში – ეგრევე „გრადები“ მოიტანეს და სროლა დაიწყეს. ამას ჩვენც ვუყურებდით. უკრაინელები თავიდან არ პასუხობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ კოლონიაში ჩვენ ვიმყოფებოდით, თუმცა შემდეგ უკვე ისეთი სისტემები გაუჩნდათ, რომ ძალიან ზუსტად შეეძლოთ რუსების პოზიციებისთვის დაერტყათ. ერთხელ ჩვენებმა ისე მაგრად შეუტიეს, რომ ძალიან გაბრაზდნენ რუსებიც და სეპარატისტებიც. შემოცვივდნენ კოლონიაში და ჩვენგან ითხოვდნენ, ვიდეო ჩაგვეწერა და გვეთხოვა უკრაინელებისთვის, რომ კოლონიის მიმართულებით არ ესროლათ“.

კიდევ ერთი ვიდეოს ჩაწერა ტყვეებს რუსებმა უკვე 29 ივლისს, ოლენოვკაში მომხდარი აფეთქების შემდეგ უბრძანეს. მათ უნდა ეთქვათ, რომ კოლონიას უკრაინელმა სამხედროებმა ესროლეს და ტყვეებიც ამის გამო დაიღუპნენ.

„ამას ვერ ვიტყოდით, არ იქნებოდა სიმართლე, ამიტომ ჩავწერეთ მიმართვა, რომელშიც ვთქვით, რომ მორიგი საარტილერიო დუელის დროს ჩვენი თანამებრძოლები დაიღუპნენ, რომ რუსები მუდმივად უხსნიდნენ ცეცხლს უკრაინელთა პოზიციებს და რომ უკრაინელებიც პასუხობდნენ, მაგრამ მათი მხრიდან ნასროლი ჭურვი ოლენოვკაში არ ჩამოვარდნილა“.

„ახლა რას გააკეთებ?“

21 სექტემბერს „დოცენტი“ და სხვები ოლენოვკიდან გამოიყვანეს.

„ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების როლი. ჩვენ წითელი ჯვარი არც კოლონიაში მისვლისას გვინახავს და არც გაცვლისას. როდესაც ადამიანი სამხედრო ტყვეთა ბანაკიდან გამოჰყავთ და გაცვლის ადგილას მიჰყავთ, იქ აუცილებლად უნდა იყოს მესამე მხარე, რომ რაიმე ექსცესი არ მოხდეს.“

ოლენოვკიდან „დოცენტი“ თვითმფრინავით ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ ბელარუსში – იქ უკვე ცხადი გახდა, რომ ცვლიდნენ.

„წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც მიდიხარ და ხელები ზურგს უკან აღარ უნდა გეწყოს; როდესაც თავაწეულს შეგიძლია იარო; როდესაც უყურებ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხარ და შენთვის ზიანის მოყენება არ სურთ – ეს ნიშნავს, რომ შენს ოჯახში დაბრუნდი.

მეც და სხვებსაც რუსები შეფარვით გვეკითხებოდნენ – ახლა რას გააკეთებთ? ჩემი პასუხი კი იყო – ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, მე საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, მე კონტრაქტი მაქვს,“ – იხსენებს „დოცენტი“. – „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ვიდრე ომია, სამშობლოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა. ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რისი კვალიფიკაცია და ძალა გვაქვს. გარწმუნებთ – „აზოველები“ ასეც მოიქცევიან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: