მთავარი,სიახლეები

უკრაინაში მმართველი პარტიის დეპუტატმა 20 მილიონის საჩუქრები მიიღო, მასზე საქმე აღძრეს

04.11.2022 • 1445
უკრაინაში მმართველი პარტიის დეპუტატმა 20 მილიონის საჩუქრები მიიღო, მასზე საქმე აღძრეს

კორუფციასთან ბრძოლის ცენტრმა, უკრაინის მმართველი პარტიის – „ხალხის მსახურის“ დეპუტატს, თითქმის 20 მილიონი გრივნის ღირებულების საჩუქრები აღმოუჩინა. დოკუმენტებით, საჩუქრები მამისგანაა, რომელსაც ოფიციალურად შესაბამისი შემოსავალი არ აქვს.

როგორც უკრაინული მედია წერს, სასამართლომ გენერალურ პროკურატურას უკვე დაავალა, აღძრას საქმე რადის დეპუტატის, ირინა ალლახვედრიევას წინააღმდეგ, ხოლო ფაქტების მოკვლევა ანტიკორუფციულ სამსახურებს დაევალოთ.

უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი იძულებული იქნება, მას დაემორჩილოს.

კორუფციასთან ბრძოლის ცენტრმა გამოარკვია, რომ დეპუტატმა ირინა ალლახვერდიევამ საჩუქრად მიიღო: თითქმის 20 მილიონი გრივნა და 310 ათასი გრივნის ღირებულების თეთრი ბრილიანტებით მორთული შვეიცარიული საათი.

„საჩუქარი მამისგანაა, თუმცა ღია წყაროებით დასტურდება, რომ მისი ოფიციალური შემოსავლები მას ამგვარი საჩუქრების გაკეთების საშუალებას არ აძლევს,“ – აღნიშნავენ ცენტრში.

თავად დეპუტატმა 4 სექტემბერს საკუთარ დეკლარაციაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, მან ჩაამატა, რომ მამისგან, ვალერი სურინისგან საჩუქრად მიიღო 5.37 მილიონი გრივნა და მაჯის საათი Defy Midnight, რომელსაც შვეიცარიული კომპანია Zenith აწარმოებს.

განათლებით ფინანსისტ-ეკონომისტი, 44 წლის ირინა ალლახვერდიევა, რომელიც ნიკოლაევიდანაა, უმაღლესი რადაში 2019 წლის 21 ივლისს შევიდა. ის პარტია „ხალხის მსახურის“ სიაში 116-ე ადგილზე იყო.

2019 წელს შევსებულ მის დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ ჰყავდა ვაჟი, ფლობდა 63 კვადრატული ბინის 50%-ს ნიკოლაევში, 30 კვადრატულ მშენებარე ბინას საქართველოში, 77 300 მ2-ის მიწას, Frederique Constant-ის 145 800 გრივნის ღირებულების საათს და 500 000-იან ავტომანქანა Lexus-ს.

გადაბეჭდვის წესი