მთავარი,სიახლეები

სანამ ტაბლოზე არ გამოჩნდება, რომ კანონი ჩავარდა, „ოცნებას“ არ ვენდობი – პოლიტოლოგი

09.03.2023 • 1086
სანამ ტაბლოზე არ გამოჩნდება, რომ კანონი ჩავარდა, „ოცნებას“ არ ვენდობი – პოლიტოლოგი

„არ ვენდობი „ოცნებას“, სანამ არ ვნახავ ტაბლოზე, რომ კანონი ჩავარდა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე.

„ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუოს საზოგადოება და არ შეასრულოს დანაპირები „გავლენის აგენტების“ კანონის გაწვევის შესახებ.

„კარგია, როცა თქვე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და გაიწვევენ კანონს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღეს საზოგადოების ზეწოლის შედეგად.

ეს პარტია სერიული ტყუილებით ცდილობდა ხალხისთვის ევროპული მომავლის წართმევას და საქართველოს მოქალაქეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და არც არასდროს მისცემენ.

პრინციპში, ეს არის ამ პოლიტიკური ავანტიურის პოლიტიკური კრახი“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

მისი აზრით, ამ განცხადებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ არ მოადუნოს ყურადღება და სამოქალაქო წინააღმდეგობა, სამოქალაქო პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ შედეგი რეალურად არ დადგება.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ კანონის გაწვევის პირობას დებს, პარალელურად არ წყვეტს იმაზე საუბარს, რომ ისინი „საზოგადოებას აუხსნიან“, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული.

ლევან ცუცქირიძეს ვკითხეთ, რატომ ინარჩუნებს „ოცნება“ ამ ნარატივს, რა მიზანი აქვს და რას შეიძლება გეგმავდნენ.

„მე ვფიქრობ, ვერაფრის ახსნას ისინი ვერ შეძლებენ, რადგან ამ პარტიას არ აქვს რესურსი, ხალხს რაიმე აუხსნას. „ოცნება“ საზოგადოებას კვებავდა ტყუილებით, განსაკუთრებით ამ საკითხთან დაკავშირებით. რადგან ახლა ვერ იმუშავა ამ ტყუილებმა, ვერც მომავალში იმუშავებს.

რა უნდა ქნან, მივლენ რომელიმე უბანში და მოჰყვებიან, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები არიან უცხოეთის აგენტები? საერთოდ სად გამომსვლელები არიან და ვისთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვს ამ ხალხს. ამ ავანტიურისტებს მთელმა ქვეყანამ უთხრა არა“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

„უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ კანონის მხარდაჭერისთვის საზოგადოება უმრავლესობის წევრებს მოღალატეებს ეძახის. ფიქრობთ, რომ შეძლებს „ოცნება“ მოღალატის იმიჯის მოშორებას და დაზიანებული რეპუტაციის გამოსწორებას არჩევნებამდე? – ვკითხეთ ლევან ცუცქირიძეს.

„არა მგონია. იმ მიცემულ ხმებს ვერ წაშლიან, რადგან ასეთი თავხედური მცდელობა – წაერთმიათ ქვეყნისთვის მომავალი, მე არ მახსენდება მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, მე არ დამავიწყდება და არა მგონია, სხვა ადამიანებსაც დაავიწყდეთ“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს კანონის ჩაგდების პროცესი და არა მხოლოდ ეს პროცესი.

„ახლა მაინც ყველამ კარგად დაინახა, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ძალიან მკაცრი სამოქალაქო ზედამხედველობა, განსაკუთრებით – მატყუარა ავანტიურისტების ჯგუფს.

ამიტომ, ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე აუცილებელია ჩვენი ყურადღება და ჩართულობა.

შეიძლება რომელიმე პარტიამ რაღაც შეცდომა დაუშვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამოქალაქო შეგნება, რომ ამ ქვეყანაში არ უნდათ თავისუფლება და შეიძლება ასეთი ტყუილებით, რაღაც კონსპირაციებით და ასეთი აბსურდული იდეებით კვებო და მართო ეს ხალხი. ეს ასე არ არის, აქ სხვა ხალხია, რომელიც ყოველთვის დაიცავს თავისუფლებას.

ამის ილუზია ყოველთვის აქვთ ხოლმე პარტიებს და სამწუხაროა, რადგან ქვეყანას აზიანებს და ამ პარტიებსაც.

სინამდვილეში, ამ ქვეყანას ძალიან ძლიერი, ჯანსაღი ქსოვილი აქვს და აი, ეს გამოჩნდა ამ დღეებში.

აქციაზე ისეთი ადამიანები გამოდიოდნენ, ისეთი ადამიანები საუბრობდნენ, არცერთს არ სჭირდება რომელიმე პარტიის მითითება, როგორ უნდა მოიქცნენ. მოქალაქემ ყოველთვის იცის, როგორ უნდა მოიქცეს და ამ მოქალაქეობის დემონსტრაციაა ეს რამდენიმე დღეც“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

მისი თქმით, არც კი უსურვებს „ოცნებას“ იმავე ქმედების გამეორებას, როცა პროპორციული არჩევნების დაპირების შემდეგ, კანონპროექტი ჩააგდო და ათასობით მოქალაქე მოატყუა.

„არც კი ვუსურვებ რაიმე მსგავსი გაივლონ თავში, იმიტომ, რომ ხალხში ბრაზის დონე ისედაც ძალიან მაღალია და ამას ვერავინ გააჩერებს, ვერცერთი პოლიციელი, ვერცერთი რობოკოპი, ვერავინ.

არავის ვუსურვებ, რომ ახლა, ამ ბრაზთან სცადოს ასეთი ვერაგული რამ. ეს ბრაზი არ გაქრება ერთ დღეში ან ერთ-ორ კვირაში, პირიქით, ეს ადამიანები უყურებენ, ელოდებიან, შეაფასებენ ვითარებას და შემდეგ იმოქმედებენ,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: