მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციის ძალადობა გადაიღო

10.03.2023 • 1338
მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციის ძალადობა გადაიღო

„პოლიციელებმა პარლამენტთან აქციაზე ვიდეოს გადაღების გამო დამაკავეს. ვიღებდი, როგორ სცემდნენ და აწამებდნენ აქციის მონაწილეებს… მოსამართლემ 2 ათასი ლარით დამაჯარიმა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი მექვაბიშვილი.

ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პოლიციამ დააკავა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“.

7 და 8 მარტს პარლამენტთან აქციების დარბევის დროს პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის მუხლებით სულ 133 პირი დააკავა. დაკავებულები წუხელ გაათავისუფლეს, თუმცა ზოგიერთი მათგანის სასამართლო განხილვა არც კი შემდგარა.

საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძე ამბობს, რომ აქციაზე დაკავებული სამივე პირი, ვისაც თავად იცავდა, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამრღვევად ცნო.

„არ გამიგია, რომელიმე სხვა დაკავებულის მიმართაც შეწყვეტილიყო საქმისწარმოება,“ – ამბობს საიას იურისტი.

„7 მარტს ღამით, როცა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, 01:30 საათზე ვიყავი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან. დავინახე, რომ ქუჩაში წაქცეულ ადამიანს ურტყამდნენ პოლიციელები,“ – გვიყვება გიორგი მექვაბიშვილი. – „ერთი პოლიციელი ხელკეტს ურტყამდა კაცს, მეორე წიხლით სცემდა. რატო სცემთ, რატო? – ჩემი ეს შეკითხვა ვიდეოშიც ისმის, რომლის გადაღებაც მოვასწარი.

პოლიციელებმა მისაყვედურეს, ვიდეოს რატომ იღებო, შენს გარდა ასი ჟურნალისტია აქო. ეს მითხრეს მხოლოდ და მეც დამაკავეს, ტელეფონი გამორთეს, მე წინააღმდეგობას არ ვუწევდი…

სასამართლოში თქვეს, რომ თითქოს მე ქუჩის სავალ ნაწილს არ ვათავისუფლებდი მაშინ, როცა ამის შესახებ იყო საჯარო გაფრთხილება. პოლიციელებს არ ჰქონდათ ჩართული სამხრე კამერები.

სასამართლომდე, რომელიც წუხელ გვიან ღამით შედგა, გამაჩერეს იზოლატორში და მანამდე კიდევ დიღომში, პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციელი ვაჟა ჯანქაიძე დიდხანს ავსებდა ჩემი დაკავების ოქმს. ის ვერ ხვდებოდა, რა ჩაეწერა ოქმში, თითს აყოლებდა ჩანაწერს და სხვას ეკითხებოდა. მერე ვიღაც კაცი შემოვიდა, ხუთი ვარსკვლავი ჰქონდა გაკრული მხარზე და ის კარნახობდა.

პოლიციელები, მგონი, ვერც იმას მიხვდნენ, რომ მე ვიდეოს შენახვა მოვასწარი.

მოსამართლემ საერთოდ არაფერი განმარტა, ისე დამაჯარიმა. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ,“ – ამბობს გიორგი მექვაბიშვილი.

მოქალაქის თქმით, მოსამართლემ ვიდეო ჩანაწერი ნახა, მაგრამ სამართალდამრღვევად მაინც ის მიიჩნია.

საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძის თქმით, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს სასამართლო სხდომაზე არ გაუჟღერებია, რა მიიჩნია სამართალდარღვევად და რატომ, როცა პოლიციელებს ინდივიდუალურად არ გაუფრთხილებიათ გიორგი სავალი ნაწილის გათავისუფლებაზე, ხოლო საჯარო მოწოდების გაუთვალისწინებლობა პირდაპირ აქციის მონაწილის დაკავების საფუძველი ვერ იქნება.

სასამართლოს მსჯელობის საგანია ასევე, რამდენად კანონიერი იყო აუდიოჩანაწერის ჩართვა აქციაზე, რასაც შსს პერიოდულად აკეთებდა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლას სთხოვდა. საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ამის უფლება შსს-ს არ ჰქონდა და ეს იყო უკანონო მოთხოვნა.

„გიორგის გარდა სასამართლომ ასევე 2000 ლარით 44 წლის აქტივისტი იმიტომ დააჯარიმა, რომ პატრულ-ინსპექტორმა თქვა, იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებითო. 22 წლის სტუდენტი კი სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს უწყვეტი ვიდეო მტკიცებულება მივუტანეთ, დაკავებამდე როგორ მშვიდად გამოხატავდა [სტუდენტი] პროტესტს. თუმცა სასამართლომ საბოლოოდ განმარტა, რომ რამდენიმე წამით შეწყდა კადრი და, პოლიციელის ჩვენების მიხედვით, სწორედ მაშინ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგსო,“ – აღნიშნა ილონა დიასამიძემ.
აქციის დარბევის შემდეგ, შსს-ს მაღალჩინოსნების და პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თუმცა ბრალდებული ჯერ არავინაა. სამაგიეროდ, ერთი პირია უკვე დაკავებული სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: